გურიის ამბები
კრიმ-გირეი: გახსოვდეთ, რომ მე აქ მოვედი არა ჩემს საქმეზე, არამედ თქვენი გაჭირვების გასაგებად და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მიერ გამოთქმული სიმართლე ჩემთის მწარე იქნება, მაინც გთხოვთ, პირდაპირ და გულწრფელად ისაუბროთ ყველაფერზე რაც ეხება თქვენს ცხოვრებას, თქვენს გასაჭირს
დეპუტატი: კარგი, ჩვენ ღიად და გულწრფელად ვიტყვით იმის შესახებ, რაც გვატნჯავს, რასაც სამართლიანად ვითხოვთ, მაგრამ ვინ უზრუნველყოფს, რომ ჩვენი თავისუფალი სიტყვა ჩვენვე არ მოგვიბრუნდება პოლიციის სისასტიკის სახით? ჩვენ ეს არაერთხელ გამოვცადეთ!
კრიმ-გირეი: მე ვერ ვიქნები თქვენი ხელშეუხებლობის გარანტი როცა მე აქ არ ვიქნები. შესაძლოა, რომ ვინმეს მართლაც შეხვდეს უსიამოვნება და ასეთ შემთხვევაში გთხოთ, დაუყოვნებლივ მაცნობოთ მე და მე გიშუამდგომლებთ, აქვე, თქვენი ხელშეუხებლობის დაცვის მიზნით მე არ გეკითხებით ჩემთან მოსაუბრეების სახელებს და გვარებს.
დეპუტატი: კარგი, ვინ უზრუნველყოფს, რომ ყველაფერი, რასაც ვიტყვით, დამახინჯების გარეშე შევა ოქმში? ჩვენ არ გვაქვს მისი შემოწმების შესაძლებლობა.
კრიმ-გირეი: მე მყავს ისეთი თარჯიმანი, რომელსაც ვენდობი. თუ ის რამეში შეცდება, მათ შეუძლიათ დახმარება (მიუთითებს კორესპონდენტებზე).
დეპუტატი: თქვენ მოხვედით გურიაში იმიტომ, რომ თითქოს აქ რაღაც განსაკუთრებული ხდება, რაღაც ისეთი, რაც თითქოს მთელ რუსეთში არსად გაგონილა. თქვენ ამაში სცდებით.
კრიმ-გირეი: მე აქ მოვედი იმ მიზეზების გამოსარკვევად, რამაც გამოიწვია შეტაკებები ხალხს და ხელისუფლებას შორის და არა თქვენს შორის დამნაშავეების გამოსავლენად.
დეპუტატი: მაშ მოისმინეთ რასაც ვიტყვით. ჩვენი მოთხოვნები გამოიხატება სამ სიტყვაში: ჩვენ გვინდა პური, სამართლიანობა და თავისუფლება. ჩვენ არ გვაქვს არც პირველი, არც მეორე, არც მესამე. თავიდან ვთქვათ პურის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვითხოვთ მზა, გამომცხვარ პურს. სრულებითაც არა! ჩვენ ვითხოვთ რომ ჩვენი შრომის ნაყოფით ვისარგებლოთ ჩვენ და არავინ ის არ წაგვართვას. შეხედეთ ამ ხალხს: აქ თქვენს წინაშე დგას მშრომელი, მუშა ხალხი და ამის გაგება ერთი შეხედვითაც არაა რთული, ისინი ჩონჩხივით მშრალები და მზისგან გაყვითლებულები არიან. ნუთუ მათ არ აქვთ უფლება მოითხოვონ რომ საკუთარი შრომის ნაყოფი, საკუთარი ოფლით და სისხლით მოპოვებული პურის ნაჭერი თვითონვე მოიხმარონ და არ მისცენ ვიღაც პარაზიტს? დიახ, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, ჩვენ ეს ვიცით. მიზეზი, რის გამოც ჩვენი შრომის ნაყოფს სხვები, უსაქმურები ჭამენ, იმაში მდგომარეობს, რომ მშრომელი, მიწათმოქმედი ხალხი - მიწის გარეშეა. მათ მიერ დამუშავებული და მათი ოფლით მორწყული მიწა სხვისი საკუთრებაა. გლეხი იძულებულია დათანხმდეს იმ პირობებზე რომელსაც მას მემამულე სთავაზობს და ეს მას აგდებს გამოუვალ მდგომარეობაში, საიდანაც ახლა ის საკუთარი ძილებით ცდილობს გათავისუფლებას. რაღა დარჩენია უბედურ მიწისმოქმედს? მას არ აქვს არც საკუთარი მიწა, არც სასამართლო, რომელიც დაიცავდა მას მემამულის სისასტიკისგან. ირგვლივ ჩვენ მხოლოდ უსამართლობას ვაწყდებით. სასამართლო და პოლიცია მემამულის ხელში არსებული იარაღია, რომლითაც იგი უკვე დიდი ხანია სარგებლობს ჩვენს შესავიწროვებლად. დიახ, პოლიცია და მემამულეები ხელ-და-ხელ გვებრძვიან ჩვენ - მიწათმოქმედებს.
კრიმ-გირეი: მე მინდა ვიცოდე, პოლიცია თვითნებურად ერევა თქვენს საქმეში მემამულეებთან თუ მემამულეები მიმართავენ მას?
დეპუტატი: ხშირად ერევა თვითნებურად, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სტრაჟნიკებს მემამულის თხოვნით გვიგზავნიან, რათა მოსავლის ნაწილი ძალით წაგვართვან. თუ ვინმე შეწინააღმდეგებას გაბედავს, მათთვის მზადაა მათრახები, ციხე, ხშირად ციმბირში გაგზავნაც. ნუთუ კიდევ დამტკიცება სჭირდება, რომ პოლიცია მემამულეებს ეკუთვნით?
კრიმ-გირეი: კი მაგრამ სოფლელების მიერ არჩეული მამასახლისი არ იცავს გლეხის ინტერესს?
დეპუტატი: მე თითონ ვიყავი მამასახლისი რამდენიმე წლის განმავლობაში და ვიცი, როგორ მართავს მამასახლისებს მთავრობა. განა მამასახლისს შეუძლია არ დაემორჩილოს ბოქაულის და მაზრის უფროსის ბრძანებას? ის ყველაფერში დამჯერი მონაა ამ მბრძანებლებისა, ეს უკანასკნელნი კი - ხალხის მტრები. დაუმორჩილებლობისთვის, გლეხის ინტერესის დაცვისთვის მამსასახლის ელის მკაცი სასჯელი.
კრიმ-გირეი: იყო შემთხვევები, როდესაც მამასახლისი შეეწირა ხალხის ინტერესს?
დეპუტატი: იყო და ძალიან ხშირად. მაგალითად შეგვიძლია მივუთითოთ ხარაიშვილი, ხომერიკი, ბოლქვაძე და სხვები. მაგრამ ეს ყველასთვის ცნობილია და სწორედ ამიტომ დავსვით ჩვენ ეს საკითხი. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მიწა უნდა ეკუთვნოდეს მიწათმოქმედ გლეხს და არა მუქთამჭამელს. ჩვენი შრომის ნაყოფი ჩვენს ბეღელში უნდა გროვდებოდეს. სახნავი მიწის მცირე ნაჭრის გარდა ჩვენ არც ტყვე გვაქვს, არც საძოვარი. საზაფხულო საძოვრები ეკუთვნის ხაზინას, ხოლო ზამთრის - კერძო პირებს და ერთიც და მეორეც თავის დროზე ტყავს გვაძრობს. საზაფხულოსაძოვრებით ჩვენ მხოლოდ წელიწადში ნახევარი თვის განმავლობაში ვსარგებლობთ და ამ მცირე დროში ხაზინა ჩვენგან იღებს ღალას 500 რუბლს. იგივე ეხება ტყეს. იქ ხეები ლპება, ჩვენ კი შეშას ვყიდულობთ. ერთი პატარა ტოტისთვის გვაჯარიმებენ. მაგრამ განა ტყე ვინმე შრომის შედეგია? საძოვრები ვინმემ შეკრიბა და ოფლით მორწყო? და აი, საერთოდ უშრომელად მისით სარგებლობენ ხაზინა და მემამულეები და ჩვენ, მშრომლებს, გვიწევს ჩვენივე ნაშრომის მათთვის გადაცემა. ჩვენ მოვითხოვთ ასეთი წყობის გაუქმებას. საკმარისია ისიც, რაც აქამდე ვითმინეთ!
როცა ჩვენ პურს ვითხოვდით, ქვას გვაძლევდნენ, პოლიცია დახმარების ნაცვლად მათრახებით გვიმასპინძლდებოდა. ბოლოს ჩვენ დავკარგეთ მთავრობის ყველანაირი ნდობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მშრომელი ხალხი მისგან არაფერს სასიკეთოს არ უნდა ელოდოს, ამიტომ ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოების მიერ არჩეული გლეხთა კომიტეტების შექმნა მემამულეებთან და ხაზინასთან მოსალაპარაკებლად. ამ კომიტეტებმა უნდა მოაწესრიგონ მიწის საქმე. ამას მხოლოდ ჩვენ, ბასილეთის გლეხები, კი არ ვითხოვთ, ამას ითხოვენ მთელი რუსეთის გლეხები და მუშები. ახლა ავიღოთ სახაზინო მიწები. ხაზინა ფლობს არამხოლოდ ტყეს, არამედ მის ხელშია ბევრი სახნავი მიწა, ამ მიწისთვის ითხოვენ მაღალ გადასახადებს. ბევრი გლეხი ცხოვრობს ხაზინის მიწაზე და ამიტომ იწოდებიან სახაზინო გლეხებად. ისინი მუშაობენ ამ მიწაზე, იხდიან სხვადასხვა გადასახადებს ხაზინის სასარგებლოდ და თუ დასჭირდებათ მისი დაგირავება ან გაყიდვა - ამის უფლება არ აქვთ. ამიტომ ჩვენ, ბასილეთის საზოგადოება, სხვებთან ერთად ვითხოვთ რომ სახაზინო მიწების ნაკვეთები, რომლითაც სარგებლობდნენ ხაზინის გლეხები, აღიარებულ იქნეს მათ საკუთრებად. გარდა ამისა, რამდენიმე გლეხმა უკვე რამდენჯერმე იყიდა მიწის ერთი და იგივე ნაკვეთი. მიწის დამუშავების დროს მოდის რომელიმე დიდგვაროვანი და სადავოდ ხდის მას: ამბობს, ეს ჩემია. ყველაფერი ეს და ბევრი სხვა გლეხის ცხოვებას აუტანელს ხდის. ამას დაამატეთ ასევე ათასი სახეობა სხვადასხვა, სასოფლო თუ მიწის, გადასახდელისა. და განა შეუძლია ყველაფერწართმეულ გლეხს მუდმივად იხადოს უსაზღვრო გადასახადები, რომლითაც ჩვენი გაუმაძღარი მმრთველები სუქდებიან? არ, ბატონო, ის ვერ გადაიტანს ამას. თქვით, რა შემოსავალმა შეიძლება დააკმაყოფილოს შვიდსულინი ოჯახი?
კრიმ-გირეი: ეს რათქმა უნდა დამოკიდებულია ცხოვრებაზე
დეპუტატი: ჩვენ არ ვსაუბრობთ კარგ, ან მაძღარ ცხოვრებაზე, თუმცა კი მშიერი ვართ.
კრიმ-გირეი: ვფიქრობ, 500 რუბლი საკმარისი იქნება,
დეპუტატი: მაშინ ვითხოვთ, თუ კი 500 რუბლი ასე თუ ისე საკმარისია ოჯახის შესანახად, ვისაც ყოველწლიური შემოსავალი 500 რუბლზე ნაკლები აქვს, გათავისუფლდეს ყველა გადასახადის და მოვალეობისგან. 500 რუბლზე მეტი შემოსავლის მქონენი ვალდებული უნდა იყვნენ გადასახადი გადაიხადონ შემოსავლის მიხედვით, ანუ ვინც მეტ შემოსავალს იღებს, მეტს იხდის. ეს უფრო სამართლიანია. ახლანდელ დროში მოვალეობებს ასრულებს მხოლოდ ის, ვისაც მცირე შემოსავალი აქვს და მუდამ შრომობს, ისინი კი ვისი ჯიბეებიც გასქელებულია, ვისმა ხელებმაც არ იციან შრომა - ისინი არაფერს იხდიან.
ჩვენს შორის ბევრია ე.წ. დროებით ვალდებული გლეხი. ისინი იგივე ყმები არიან. ვისგან და რატომ უნდა გამოიყიდონ მათ თავი? რატომ არიან ისინი ვალდებული, გამოიყიდონ მიწის ის ნაკვეთი, რომელსაც უხსოვარი დროიდან ამუშავებენ? ეს აშკარა უსამართლობაა და ჩვენ ვითხოვთ რომ ყველა არათავისუფალი გლეხი გათავისუფლდეს მისი მიწით ყველა დამატებითი გადასახადის გარეშე. ამის გარდა, გლეხებისთვის ასე უსამართლოდ გამორთმეული გამოსასყიდი თანხა მათვე უნდა დაუბრუნდეთ. ღარიბმა გლეხმა რატომ უნდა გამოისყიდოს მიწა, რომელსაც ის თავიდანვე ჩვენ ასევე ვითხოვთ სახაზინო, საეკლესიო და სამონასტრო მიწების გადაცემას გლეხობისთვის.
კრიმ-გირეი: სახაზინო მიწების დარიგება გლეხებისთვის კავკასიის ზოგიერთ გუბერნიაში უკვე დაწყებულია, საჭიროა მხოლოდ დაჩქარება.
დეპუტატი: ახლა ვთქვათ გადასახადების შესახებ. ჩვენ არ გვაწევს მხოლოდ ის უზომო გადასახადები, რომლებსაც პირდაპირ ვიხდით. ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე აუცილებელი საშინაო ნივთები სპეციალურ გადასახადს ექვემდებარება. ავიღოთ მაგალითად ნავთი, რომელიც ყველა ოჯახისთვის პირველადი საჭიროებაა. აქ, ბაქოში, მოპოვებული ნავთი გადის სადღაც შორს, ინგლისში, სადაც ის უფრო იაფი ღირს, ვიდრე აქ, ჩვენს ეზოში. და იმიტომ რომ ის იბეგრება არაპირდაპირი გადასახადით. ჩვენთვის ნავთის ყიდვა აუცილებელია და შესაბამისად გვიწევს ამ გადასახადის გადახდაც. იგივე ეხება შაქარს. ჩვენგან საზღვარგარეთ გაგზავნილი შაქარი იქ უფრო იაფად იყიდება, ვიდრე ჩვენთან. შემდეგ ავიღოთ სააქციზო გადასახადი სპირტიან სასმელზე. ჩვენი ყურძენი „ადესა“ ღვინოდ არ ვარგა. რამდენადაც ჩვენთან სხვა სახეობები არ მოდის, იძულებული ვართ მისგან გამოვხადოთ არაყი. აქ მთავრობამ ქსელი გაგვიბა: დაიწყო სააქციზო გადასახადის გაძვირება და მიიყვანა იმ ზომამდე, რომ წამგებიანი გახადა ეს საქმიანობაც. ნუთუ ამას სამართლიანობას უწოდებთ? ეს ხომ ჩვენ მიერ დამუშავებული მიწის, ჩვენი შრომის ნაყოფია! ჩვენ ვითხოვთ ამ გადასახადების, ყველა ფარული, ირიბი გადასახადის გაუქმებას...
კრიმ-გირეი: მე შესაძლებელი მგონია შუამდგომლობა არაყზე აქციზის დროებით გაუქმებაზე და არა მხოლოდ გურიისთვის
დეპუტატი: მხოლოდ ჩვენთვის ჩვენ არაფერს ვითხოვთ, ჩვენს მსგავსად იგივე სჭირდება რუსეთის ას მილიონ მოსახლეობას. გარდა ამისა, ჩვენი საზოგადოებიდან იღებენ ყოველწლიურ რაღაც „მაღაზიის“ თანხას 200 რუბლს წელიწადში. მაგალითად გასულ წელს, როდესაც ფუთი სიმინდი ნახევარი რუბლი ღირდა, ჩვენ ვითხოვდით დახმარებას, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. სად წავიდა ეს ფული? მთავრობის ჯიბეებში! ჩვენ ვითხოვთ ამ გადასახადის გაუქმებას და აკრეფილი თანხის უკან დაბრუნებას.
ახლა გადავიდეთ სამღვდელოებაზე: ბერებსა და მღვდლებზე, ისინი არანაკლებ ჩაგრავენ ხალხს. მათი ხელობაა თვალთმაქცობა, მორჩილება და მონობა, გირჩევენ ცისადმი მიმართვას, თითონ კი მიძვრებიან ჩვენი ჯიბეებისკენ! ანაზღაურების გარეშე ერთს არ ილოცებენ და მათი მუდმივი საგალობელია ფული, ფული, ფული. ჩვენ უარს ვამობთ სამღვდელოების შესანახ ყველანაირ ხარჯზე და ვითხოვთ ეკლესიის გამოყოფას სახელმწიფოსგან, ანუ დაე სამღვდელოება შეინახოს მან, ვისაც სჭირდება მისი ლოცვა-კურთხევა.
ჩვენ ასევე ვითხოვთ, რომ სამღვდელოებას ჩამოერთვას სკოლის გახსნის უფლება. ბავშვების აღზრდაში სამღვდელოებამ არავითარი მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რადგან ისინი მათი გარყვნილი აზრებით აბნელებენ ბავშვების ფხიზელ გონებას. ღმერთს სურს, ჩვენ სულით და სხეულით სპეტაკი ვიყოთ, ჩვენი სინდისის სისპეტაკე - ჩვენი საქმეა და ამიტომ ადამიანის სინდისი თავისუფალი უნდა იყოს.
ჩვენთვის აუცილებელია განათლება, აუცილებელია წიგნების, გაზეთების, კითხვა. ამას ახლა ჩვენში ყველა აცნობიერებს. ის ისევე აუცილებელია, როგორც ჰაერი, წყალი და პური. გაუნათლებელი ადამიანი ცხოვრებაში გამუსადეგარია. ჩვენთვის კი ის ხელმიუწვდომელია, რადგან არსებული ხელიუფლება ყველა ძალით ცდილობს ჩვენს სიბნელეში ჩატოვებას. თუ არა მსგავსი მოსაზრებით, რითი ხელმძღვანელობდა ის, როდესაც უარი გვითხრა ჩვენ თხოვნაზე, ჩვენივე ხარჯით გაგვეხსნა აქ საქალაქო სკოლა? ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენთან განათლების საქმე საჭირო სიმაღლეზე იდგეს, ესე იგი 16 წლამდე ასაკის ბავშვების განათლება იყოს უფასო, სავალდებულო და საყოველთაო, მიუხედავად სქესის, კლასის და ეროვნებისა. გარდა ამისა, საშუალო და უმაღლესი განათლების მიღება ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
გარდა ყველაფერ ამისა, ჩვენ, გლეხებს და მუშებს არ გვაქვს შეკრების უფლება და ჩვენს გასაჭირზე მსჯელობის უფლება. ასეთი შეკრებები აკრძალულია. რატომ არ უნდა გვქონდეს ჩვენს გაჭირვებაზე საუბრის უფლება? დღევანდელი დღე გამონაკლისია. ჩვეულებრივ, ჩვენს შორის ათსაც არ აძლევენ ერთად შეკრების უფლებას. ჩვენ ვითხოვთ შეკრების თავისუფლებას. თუ ჩვენ ერთად შევიკრიბებით, თავს დაგვესხმებიან სტრაჟნიკები და კაზაკები ქვებით და მათრახებით. ჩვენ გვსჯიან სამარცხვინო ფიზიკური სასჯელებით, იკდლებენ ჩვენს საცხოვრებელს და რასაც უნდათ იმას სჩადიან. ჩვენ ვითხოვთ ასეთი წესრიგის გაუქმებას, ჩვენ ვითხოვთ, რომ პიროვნება და საცხოვრებელი იყოს ხელშეუხებელი.
კრძალავენ არა მხოლოდ საუბარს, არამედ ჩვენი ცხოვრების გაზეთებში გაშუქებას. პრესაში ჩვენს შესახებ სიტყვას ვერ ნახავთ. ამბობენ, რომ მას არ აქვს ამ საკითხთან შეხების უფლება. რატომ არ შეიძლება პრესაში სწორი მონაცემების გამოქვეყნება? ჩვენ ვითხოვთ, რომ პრესას ჰქონდეს ჩვენი ცხოვრების სინამდვილეის აღწერის თავისუფლება.
ჩვენთვის აკრძალულია გაფიცვები. ჩვენ ერთმანეთში მოვილაპარაკეთ: „არ ვიმუშაოთ ძველი პირობებით სხვის საკუთრებაში“ მაგრამ ჩაერია პოლიცია და მიმართა ძალადობას, რათა წინააღმდეგობა ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებისადმი ჩვენი სწრაფვისათვის. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ გაფიცვის თავისუფლებას. აქ, ამ საზოგადოებაში, ჩვენი ამხანაგების ბევრი სისხლი დაიღვარა ხალხის ინტერესებისთვის. კიდევ უფრო ბევრი ციხეებში იღუპება, სხვები გასახლებული არიან. პოლიციის ასეთი ქმედება მის მიმართ ჩვენს სრულ ზიზღს იწვევს. ჩვენ ვითხოვთ პატიმრობასა და გადასახლებაში მყოფი ყველა ამხანაგის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ჩვენს ხალხს მძიმე ტვირთად აწევს სამხედრო ვალდებულება. ოჯახს ართმევენ ახალგაზრდა, ჯანმრთელ ახალგაზრდებს და კეტავენ ყაზარმებში 4 წლით. სახლში რჩებიან მხოლოდ ქალები, მოხუცები და ბავშვები. ამგვარად ოჯახი კარგავდ მუშახელს და ამის ზემოდან ყაზარმაში მყოფი ჯარისკაცის შენახვა იმავე ოჯახს აწვება არასაჭირო ტვირთად. ჯარისკაცის, სანამ ის სამხედრო ვალდებულებას იხდის, შეახვა ოჯახს წელიწადში 60-120 რუბლი უჯდება. საიდან უნდა იშოვოს ეს ისედაც უქონელმა ხალხმა? ოჯახი სესხულობს ფულს მევახშეებისგან და კიდევ უფრო მეტად ვალიანდება. მაგრამ ეს კიდევ ყველაზე მთავარი არაა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჯარი არსებობს ჩვენს დასაცავად, ვფიქრობდით, რომ ჩვენი შვილები, რომლებსაც ჩვენი სახსრებით ვინახავთ, გაგზავნილ იქნებიან მტრების წინააღმდეგ, თუკი ასეთები გამოჩნდებიან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ჩვენს ვაჟებს ვგზავნით ჩვენთანვე საომრად. ჩვენმა ვაჟებმა და ძმებმა ხალხისვე სისხლი უნდა დაღვარონ როგორც ეს მოხდა პეტერბურგის ქუჩებში და სხვაგან! ჩვენ ეს დაუშვებლად მიგვაჩნია და ვითხოვთ მუდმივი ჯარის გაუქმებას, და თუ საჭირო იქნება მტრისგან თავდაცვა, ჩვენ მზად ვართ გამოვიდეთ მის წინააღმდეგ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.
ჩვენ ვითხოვთ წოდებების გაუქმებას და კანონის წინაშე ყველა მოქალაქის გათანაბრებას. უნდა არსებობდნენ მხოლოდ მოქალაქეები და არა ცალკე წოდებები.
ჩვენ არ გვაქვს მართლმსაჯულება. ჩვენ ამის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და ისევ ამას ვუბრუნდებით. არსებული სასამართლო დაფუძნებულია ტყუილზე. ვისაც მოსამართლების მოქრთამვის შესაძლებლობა აქვს, ის ყველგან გამართლებული გამოდის. თითქოს ცოტა იყოს, რომ სასამართლო მოსყიდვითია, მისგან საქმის დასრულებასაც ვერ ეღირსები! სრულიად მარტივი საქმე რამდენიმე წელიწადს იწელება. ჩინოვნიკები ადანაშაულებენ ღარიბებს, მაგრამ ქრთამს იღებენ ორივე მხრიდან. ამის გათვალიწინებით ჩვენ ვითხოვთ შემოღებულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელსაც აირჩევს ხალხი საყოველთაო, თანასწორი, ფარული კენჭისყრით. ყველა მოსამართლე და საერთოდ ყველა სხვა ჩინოვნიკი საკუთარ ქმედებით პასუხს უნდა აგებდეს ხალხის წინაშე.
ახლა ვიკითხოთ, ვის შეუძლია ჩვენი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება? განა ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირად გვავიწროვებს და რომელმაც უკვე დიდი ხანია დაკარგა ჩვენი ნდობა? რათქმა უნდა არა! ის ჩვენ ვერ გვიხელმძღვანელებს. ჩვენ ჩვენით უნდა მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ხალხისგან არჩეული დეპუტატებისგან შემდგარი დამფუძნებელი კრების მოწვევას. ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა და სქესისა უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს მონაწილება წარმომადგენლების არჩევაში.
მოუსმინა რა სიტყვას, კრიმ-გირეიმ მადლობა გადაუხადა მართალი სიტყვისთვის და გაემგზავრა ხიდისთავიდან.
Comments
Post a Comment