გურიის მოძრაობის შესახებ „ნოვოე ვრემიაში“ იყო მოყვანილი იმავე საქმის შესახებ ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო, აზრი, ამოღებული სხვა გაზეთებიდან. „რაზსვეტი“ ამბობს, რომ „გურიის ამბებს არავითარი კავშირი არა აქვს რუსეთის საზოგადო მოძრაობასთან. ამ ამბების მიზეზებიც ადგილობრივია, თვით მოძრაობასაც აქვს ეკონომიური ხასიათი და მიზნები“ „ სანკტპეტერბურგის უწყება“, პირიქით, ამტკიცებს, რომ „გურიის მოძრაობას ქართველობისა არაფერი ეტყობა, ის ამბები მხოლოდ რუსეთში დაწყებულ მოძრაობის შედეგია. სოციალისტების წრეები არსებობდა ყველგან და ყოველთვის და მათ თავიანთი მომხრეებიც ჰყოლიათ; ქართველების სოციალისტური წრეებიც საზოგადო მოძრაობის პირდაპირი შედეგია.“ ვინც არ იცნობს გურიას, მისთვის ეს ორი აზრი უთუოდ შეუთანხმებელი იქმნება, თუმცა ნამდვილად ორივე გამოხატავს გურიის მოძრაობის სხვადასხვა ხანას და ორივე ახასიათებს სისწორით იმავე მოვლენას. მეც გურიაში ვარ დაბადებული, დედით გურული ვარ...