ოზურგეთში ძეგლები გასაბჭოებამდე არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, არანაირი ცნობა არ მოიპოვება ამის შესახებ. ქალაქში ძეგლების აღმართვა პირველად სწორედ საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო. ძეგლების ფუნქცია იდეოლოგიური იყო. 1918 წლიდან რუსეთში ხორციელდებოდა მონუმენტური პროპაგანდის ლენინის გეგმა, რომელიც გულისხმობდა ბოლშევიკური იდეების გავრცელებას და რევოლუციის პროპაგანდას მონუმენტური ხელოვნების მეშვეობით. გეგმის თანახმად ხსნიდნენ მეფეებისა და მათი მსახურების ძეგლებს და მათ ნაცვლად ცნობილი რევოლუციონერი მოღვაწეების და მოვლენების მონუმენტებს დგამდნენ. შესაბამისად, ოზურგეთშიც ძეგლების დანიშნულება საქალაქო სივრცეში საბჭოთა იდეოლოგიის ვიზუალიზაცია იყო. უკვე მახარაძედ ქცეულ ოზურგეთში პირველი ძეგლები 1930-იან წლებში გაჩნდა. ეს ძეგლები ახალი იდეოლოგიის სამი ცენტრალური ფიგურის ლენინის, სტალინის და მახარაძისა იყო. (მახარაძის დაყენება ლენინის და სტალინის გვერდით მისი მშობლიური მხარის ქალაქში გასაკვირი არ უნდა იყოს). მათი ძეგლები ქალაქის ბაღებში იდგა. სტალინის ძეგლი, 1937 წ. მახარ...