გურიის ამბები
ნიგოითის კრებაზე წინ წამოდგა ერთი დეპუტატთაგანი, 70 წლის, მხნე შესახედაობის მოხუცებული კაცი და შემდეგის სიტყვებით მიმართა კრიმ-გირეის. „მე კარგად მახვოს ბატონ-ყმობა. 8 წლის ვიყავი, როცა ბატონმა წაართვა ჩემი თავი მშობლებს და მიმსახურებდა. მაშინ ხომ სამართალი ბატონის ხელში იყო. ბატონი მამა ჩემს ყოველ წელს ახდევინებდა ერთ ძროხას, 4 საწყავ ღვინოს (საწყავი - 2 ფუთია), 12 ქათამს, ბატონის ეგრედ წოდებულ ქორისა და მიმინოს ქათმებს. უნდა ეხადა აგრეთვე „სალიანის“ (ეს სიტყვა ვერ ახსნა დეპუტატმა) ფული 20 კაპ. წელიწადში. თვითეულ მუშა კაცს, რომელიც ოჯახში დარჩებოდა, უნდა მიეცა ბატონისათვის წელიწადში 10 ფუთი ღომი. კომლზე აგრეთვე 10-მანათიანი ღორი უნდა მიეცათ ბატონისათვის გლეხებს. გლეხები მსახურიშვილებად და უბრალო გლეხებად განიყოფებოდნენ. მსახურიშვილობა უფრო საპატიო იყო. მოსამსახურეები, შინა-ყმანი ბატონს მსახურიშვილ გლეხთა ოჯახებიდან მოჰყავდა. გლეხებს უნდა ეხადათ აგრედვე „საციხო ღომი“, ბატონის ციხის საჭიროებისათვის, კომლზე 1 ფუთი. ბატონი თავის ცხენებს ჩაუყენებდა ხოლმე გლეხებს ოჯახში, თითო-თითოს, თავის მეჯინიბით, რომელნიც გლეხებს 2-3 თვეს უნდა ერჩინათ. გლეხს, რომელსაც ბატონი დამნაშავედ სცნობდა, ხელ-ფეხზე ჯორკოს (ბორკილს) უკეთებდნენ და ამწყვდევდნენ სატუსაღოში. დამნაშავის მშობლებს ჯარიმას ადებდნენ და ბოქაულს უგზავნიდნენ დასარბევად. პირუტყვული ცხოვრება იყო ჩვენი ცხოვრება. მიწა თუ საკუთარი არ ჰქონდა გლეხს, სხვის ადგილში უნდა ემუშავნა და ისე დაეკმაყოფილებია ბატონი. პირველად, ტყეს რომ გასჭრიდა გლეხი ადგილით უფასოთ სარგებლობდა. შემდეგ მებატონეებმა ათის თავი მოსთხოვეს გლეხებს ახალ გაკაფულს ადგილების მოსავლისას. ამის მიზეზით გურულებმა ბუნტი მოახდინეს 1866 წ. ნიგოითში. ბატონ-ყმობა გურიაში 1868 წელს მოისპო. „უსტავნოი გრამოტებში“ მებატონემ საუკეთესო ადგილები თავისთვის ჩააწერინა. ხალხმა პროტესტი გამოუცხადა ადამინისტრაციას ამ უსამართლობის გამო. მამა-ჩემს ხელმძღვანელობა დასწამეს, დაიჭირეს, გაამათრახეს და მერე სადღაც გადაკარგეს. ჩვენ აღარ მოგვსვლია იმისი ამბავი. ზოგს ისეთი ნადელები ერგო, რომ დასამუშავებლად არ ღირდა. იძულებული გახდა სხვის ადგილები აეღო იჯარით და ბატონი იმ ადგილების მოსავლიდან დაეკმაყოფილებია. თან-და-თან მებატონეებმა ადგილების გადასახადს - საყანულს - მოუმატეს. 1901 წელს ჩვენი მემამულეები გაიფიცნენ, შეთანხმდნენ და გამოგვიცხადეს, ამა და ამ პირობით თუ არ იმუშავებთ, ჩვენ ადგილებში არ შეგიშვებთო. უნდა მიგვეცა მათთვის კარგი ადგილის მოსავლის ნახევარი და უვარგისის 1/3. მიწის შეღობვა და თესლი ჩვენი უნდა ყოფილიყო, აგრედვე მოურავის ქრთამებიც. სასიმინდეც ჩვენ უნდა გაგვეკეთებია. მოსავლის გაყოფის დროს ჯერ ბატონისათვის უნდა მიგვეტანა იმისი კერძი, ამ დროს ჩვენი ყანაში ლპებოდა, პირუტყვი სჭამდა ან არა და ჩვენი დაუძნებელი მტერი - რიონი (ნიგოითი მდ. რიონის ახლოსაა) ადიდდებოდა და წალეკავდა მთელ ჩვენ მოსავალს. მეტად შეგვავიწროვეს მემამულეებმა. მოთმინება დავკარგეთ და ჩვენის მხრით გაფიცვა მოვახდინეთ და ჩვენი პირობები წარვუდგინეთ მემამულეებს. პასუხად მემამულეებმა ჩვენი საქონელი დააჭერინეს საძოვარზე, რაიცა წინად არ მოუხდენიათ, უფასოდ იყო ჩვეულებისამებრ საძოვარი ადგილები.მოურავები დაფაცურდნენ, დაგვაბეზღეს ბატონებთან, გლეხები ადგილის წართმევას გიპირობენო. მემამულეებმა პოლიციას მიმართეს და მიუთითეს, ესა და ეს კაცები აბუნტებენ ხალხსაო. დააჭირვინეს ჩვენი მეზობლები, რომლებიც დაჭერილ საქონლის გამოსახსნელად წავიდნენ, და აგრედვე სხვებიც, და ლანჩხუთის სატუსაღოში ჩასვეს. ჩვენ მთელი საზოგადოებით ჩავედით ლანჩხუთს და მოვითხოვეთ დაეხსნათ ჩვენი ამხანაგები. ჩვენ მიერ ამორჩეულებმა სთხოვეს მემამულეებს დაჭერილი საქონელი დაებრუნებიათ. პასუხის მაგიერ მემამულეებმა დააჭირვინეს ჩვენი წარმომადგენელი 5 კაცი. ბოქაულად მაშინ იქ ქელბაქიანი იყო.
ჰკითხეთ თვით ქელბაქიანს ჩვენის დასწრებით და დარწმუნდებით, რომ ნამდვილ ჭეშმარიტებას მოგახსენებთ. ამაზე კრიმ-გირეიმ უპასუხა, ქელბაქიანი ოზურგეთშია; თუ შეიძლება, თქვენი წარმომადგენლები გამოგზავნეთ იქა და ერთად მოვილაპარაკებთ ქელბაქიანთანაო. ნიგოითელებმა ამაზე უარი უთხრეს კრიმ-გირეის. პოლიცია უეჭველად დაიჭერს ჩვენს გაგზავნილ დეპუტატებს; მეტად გულ-გატეხილნი ვართ მთავრობისაგან. ეხლაც, თქვენ რომ ასე თავისუფლად გელაპარაკებით, არ ვიცით რა მოგველის ამისთვის მთავრობისაგან.
ჩვენ ამხანაგების განთავისუფლება ვსთხოვეთ ბოქაულს ქებაქიანს. უკანასკნელმა შემოგვითვალა, თქვენ წადით და გავანთავისუფლებო. დილიდან საღამომდის ვიცადეთ. საღამოს გამოუშვეს ჩვენი ამხანაგები, რომელნიც 2 დღე და ღამე იყვნენ დამწყვდეულნი სრულებით უდანაშაულოდ.
გავიდა რამდენიმე ხანი. მოუსავლობა იყო ჩვენში. ისეთ გაჭირვებაში ჩავარდით, რომ იძულებული გავხდით მღვდლებისათვის მიგვემართა და გვეთხოვნა ეპატიებიათ ჩვენთვის დრამის ფული. რამდენიმემ მათგანმა დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა. სხვებმა კი მთავრობას აცნობეს, გლეხები დრამის ფულის მოსპობას თხოულობენო. მოვიდა მაზრის უფროსის თანაშემწე წერეთელი. დაგვიბარეს მთელი საზოგადოება. წერეთელმა გამოგვიცხადა, მითხრეს ნიგოითი გაგიჟდაო. მე კი არ მჯერა, რომ ეს ასე იყოსო. ვსთხოვეთ ჩვენი გაჭირვების ამბავი მოესმინა. ამოვირჩიეთ მხნე კაცები და დავავალეთ მოეხსენებიათ ჩვენი შევიწროება მემამულეებისა და მღვდლებისაგან. ვითხოვეთ ჯამაგირით დაკმაყოფილებულიყვნენ მღვდლები და „დრამის“ ფულზე ხელი აეღოთ. განა არ ეყოფოდათ ის გადასახადი, რომელსაც სხვა-და-სხვა საეკკლესიო წესის შესრულებისათვის გვახდევინებდნენ? სუმთლად გაგვატყავა მღვდლებმა.
კრიმ-გირეიმ გამოუცხადა კრებას, სინოდმა საეკკლესიო წესების ნიხრი დაურიგა სამღვდელოებას, ეს ნიხრი ბლაღოჩინებსა აქვთ და მღვდლებს უფლება არა აქვთ, იქ აღნიშნულ ფასებზე მეტი გადაახდევინონ ხალხსაო.
წერეთელმა ჩასწერა ყველა ჩვენ მიერ ამორჩეულ დეპუუტატის სახელი და გვარი. სულ ოცდაოთხი კაცი იყო. ჩვენ უკანასკნელი სიტყვა გამოუცხადეთ წერთელს: ცოლშვილი შიმშილით გვიწყდება; დრამა-ფულს ვერ გადვიხდით და მემამულეების მამულში ვერ ჩავალთო. მთავრობის კაცმა წერეთელმა, რმოლისგან შველას ველოდით, ყვირილი და ლანძღვა დაგვიწყო: ნადირები, მხეცები, ვირები დაგვიძახა; თუ არ დააკმაყოფილებთ მღვდლებს და მებატონეებს, ისე დაგწურავთ, როგორც თქვენ კეჟერა ფხალის დაწურვა იცითო. თქვენ, ალბათ, გაგიგონიათ რომ საფრანგეთში რესპუბლიკაა და აქაც ამ რესპუბლიკის შემოღება გინდათო? მაშინ ჩვენ სრულებით არ ვიცოდით რა იყო ეს სიტყვა, სასმელი იყო, თუ საჭმელი. ის კი ვიცოდით, რომ ხალხი ყველგან გაჭირვებულია. წერეთლის სიტყვებმა გამოგვაფხიზლა და შეუდექით მერე საფრანგეთის რესპუბლიკის გამოკვლევას, ბოლოს შემოგვძახა წერეთელმა: „თქვენი ქვეყანა ცხელია, თავში ცეცხლი გაგიჩინათ და ცივ ქვეყანაში უნდა გიკრათ თავიო“. არ შემიძლია სიტყვით გადმოგცეთ, ბატონო, - უთხრა დეპუტატმა კრიმ-გირეის, - რაც იმან დილიდან საღამომდის ჩვენზე მუქარა და ლანძღვა დახარჯა. ორი კვირის შემდეგ გუბერნატორი ჩამობრძანდა სალდათებით და კაზაკებით. მოგვიყარეს მთელ საზოგადოებას თავი და გამოგვიცხადეს კაცები ამოგვერჩია მოსალაპარაკებლად. ავირჩიეთ ხუთი კაცი. თვითეულმა მათგანმა დაიწყო ლაპარაკი და აუხსნა მღვდლებისა და მემამულეების წყალობით ჩვენ კარზე მომდგარი გაჭირვება. გუბერნატორმა გამოუცხადა ჩვენ ამორჩეულ დეპუტატებს: თქვენ აგიბუნტებიათ ხალხი და თქვენვე უნდა დააწყნაროთ, თუ არ დაემორჩილებით მემამულეებსა და მღვდლებს, ყველას ცივ ქვეყანაში გადაგასახლებთო.
ათი დღის შემდეგ ისევ მოვიდა გუბერნატორი, დააჭირვინა ეს ჩვენი ამორჩეული ხუთი კაცი, აგრეთვე ის ხუთი კაცი, რომლებიც ჩვენი საქონლის თაობაზე იყვნენ წინად დამწყვდეულნი და კიდევ თორმეტი კაცი იმათგანი, რომელთაც წერეთელთან ჰქონდათ მოლაპარაკება - სულ ოცდაორი კაცი. მათ შორის ზოგი გადაასახლეს და ზოგიც ციხეებში დაამწყვდიეს. გუბერნატორს ყრილობა არ მოუხდენია, არაფერი უკითხავს ჩვენთვის: უკვე სია ჰქონდა შედგენილი და ყველა იმ სიაში შეტანილი კაცები დაიჭირა, შემოუსია კაზაკები, გაამათრახებია, შემდეგ ვაგონში ჩაყარა და გააგზავნა ქუთაისში
ამ წერილის დასასრული ხვალ
ი. ნაკაშიძე
დეპუტატთა წრიდან გამოვიდა ერთი გლეხი და უამბო კრიმ-გირეის, სხვათა შორის, მეც ვიყავი დაჭერილი და ვერ წარმოიდგენთ, რა გამწარება გამოვიარე, სანამ ქუთაისს მივიდოდით; როგორც პირუტყვებს; ისე გვცემდნენო. ქუთაისში ერთ წყებათ სალდათები შემოგვერტყნენ და მეორე წყებათ კაზაკები და ისე წაგვიყვანეს ქუჩა-ქუჩა. ერთ ადგილას წუმპო შეგვხვდა წელამდის საფლობი ადგილი: მე და ჩემ ამხანაგებს გვინდოდა გვერდი გვექნა და შეგვეცილებია ფეხი ამ ადგილისათვის; კაზაკებმა მათრახები გვიცხუნეს და პირდაპირ ამ წუმპეში შეგვრეკეს. ციხეში ოთხი თვე ვიყავი დამწყვდეული. ჩვენს ამბავს არავინ არ კითხულობდა. ზოგიერთი ჩვენგანი ჟანდარმებს გადასცეს და გადაასახლეს.
- ნუ თუ პროკურორს არ უცხადებდით საჩივარს, როცა მოდიოდა სატუსაღოში? - ჰკითხა დეპუტატს კრიმ-გირეიმ.
- როგორ არა, მხოლოდ იმას ჩვენი საჩივარი უსათუოდ ჩქარა ავიწყდებოდა; ხანდისხან იმას გვკითავდა, პური და ტანისამოსი ხომ არ გაკლიათო. სახელმწიფო საცვლებს არ გვაძლევდნენ, სახლიდან წამოღებულიც შემოგვაცვდა, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. გუბერნატორიც გვეწვია ციხეში და ვკითხეთ, რომ რა მიზეზი იყო ასე უბრალოდ და უკანონოდ რომ დაგვიჭირა. გუბერნატორმა არავითარი ყურადღება არ მოგვაქცია.
სულ ოცდაორი კაცი ვიყავით. ჩვენ შორის ერთი გადაასახლეს, ერთი ჩვენი ამხანაგი მხოლოდ იმ დროს გაანთავისუფლეს, როცა იგი ავადმყოფობის გამო თითქმის ცოცხალ-მკვდარი იყო: დღეები დათვლილი ჰქონდა. შინ რომ დაბრუნდა, ერთი კვირა აღარ უცოცხლია და გარდაიცვალა. დანარჩენები ოთხ თვეს ვიყავით ციხეში. შემდეგ კიდევ სამი კაცი გადაასახლეს რუსეთში ჩვენი სოფლიდან. ოჯახებში ჯარი ჩაგვიყენეს; გამოგვყარეს ჩვენი სახლიდან. დაგვავალეს გვეძლია მათთვის ნავთი, შეშა, ფურნე და საბალახო. ჯარი სამთვენახევარი იდგა სოფელში. სულ ორას სამოცდა თუთხმეტი მანეთი დაგვედვა ვალი ამ ჯარის მიზეზით. მალე ისევე ჩამობრძანდა გუბერნატორი და გვითხრა, მიეცით თუ არა დრამის ფული მღვდლებს და მემამულეებს თუ შეუთანხმდითო. ჩვენ ვუთხარით, რომ მღვდლებმა დაგვითმეს დრამის ფული. გუბერნატორმა მღვდლები დაიბარა თავისთან მოსალაპარაკებლად. არ ვიცით, რა უთხრეს ჩვენმა სულიერმა მამებმა გუბერნატორს, ის კი კარგად ვიცით, რომ სანამ გუბერნატორთან მივიდოდნენ, გვითმობდნენ დრამის ფულს, მერე კი, იქიდან რომ გამოვიდნენ, უარი გვითხრეს. ალბათ, გუბერნატორმა ჩააგონა ამ ნაირი მოქმედება. ერთმა აქაურმა მემამულემ, ივანე მაჭუტაძემ, სიტყვა მოგვცა, რომ ძველის, ჩვენთვის ხელსაყრელ პირობით დაგვითმობდა ადგილებს, გუბერნატორმა პირდაპირ გამოუცხადა მაჭუტაძეს: არ შეიძლება ამ პირობით ადგილის გაცემაო. აგრეთვე მღვდლებსაც უთხრა: დრამა ფული ძალად გადაახდევინეთ ხალხსაო. ჩვენ შემდეგი სიტყვებით მოგვმართა გუბერნატორმა: - „კარგად ვიცით, რომ თქვენში მავნე კაცები ბუდობენ; მოგვეცით ისინი და ყველანი თავისუფალნი იქნებით. ამ ჩემ მოთხოვნილებას თუ არ ამისრულებთ, ისეთ ეგზეკუციას ჩაგიყენებთ, რომ ძირიან-ბუდიანად აგაწიოკებთო“. მოგვთხოვა ხუთი კაცი. - „ამ კაცებმა უნდა მიგვაგნებიოს ის პირები, რომლებმაც ამ გზზე დაგაყენათ და გადაგრიათო“. ბოლოს გამოგვიცხადა: „ხუთი წუთი დრო მომიცია თქვეთვის მოსაფიქრებლად: - თუ ამ ხუთ წუთში არ ამოირჩევთ კაცებს, ეგზეკუციას ჩაგიყენებთო“. რა მოლაპარაკება შეიძლებოდა ხუთ წუთში? ბოლოს გამოვუცხადეთ გუბერნატორს, რომ ჩვენ მავნე კაცი არავინ არ გვყავს და არავის გაცემა არ შეგვიძლიანო. მაშინ გამოვიდა ბოქაული, წაიკითხა სახელის და გვარის სია და უბრძანა სტრაჟნიკებს, ესა და ეს კაცები დაიჭირეთ და გამოიყვანეთ, რადგან თვით ხალხმა არ წარმოადგინაო. დაიჭირეს ხუთი კაცი და მეექვსეც ჩაიგდეს ხელში მხოლოდ იმიტომ, რომ მან წამოიძახა, „რა დანაშაული გვაქვს, რაზედ გვაწვალებთო“. ეს ექვსი კაცი ოზურგეთის სატუსაღოში გაგზავნეს, სადაც ერთ თვეს ამყოფეს; ორი დღის შემდეგ მტრებსავით დაგვესივნენ მთავრობის მოხელენი, აგვიწერეს და წაგვართვეს დრამის ფულში მთელი ჩვენი საცხოვრებელი. გვართმევდნენ კარდლებს, როცა შიგ ღომი იხარშებოდა, ბეჭდები წაგლიჯეს თითებიდან ჩვენ ქალებს, წაგვართვეს ლეიბები, საბნები, - სუმთლად აგვაწიოკეს. ორი დღე ითარეშა პრისტავმა გუბერნატორის წასვლის შემდეგ. ჩვენდა დასარბევად ეახლა მამასახლისი, თორმეტი სტრაჟნიკი და ორმოცი სალდათი. ყველა ეს 1902 წელს მოხდა. ჩვენი დამრბევი იყო პრისტავი ქელბაქიანი. ოჯახს რომ მიესეოდნენ, სახლის პატრონს არაფერს არ ჰკითხავდნენ: პირდაპირ ზანდუკებთან მიდიოდნენ სტრაჟნიკები, აღებდნენ და მიჰქონდათ იქიდან ყველაფერი. ოც-ორმოც მანეთად ღირებული ნივთები ერთ-ორ მანათის ვალში აგვიწერეს. ნასესხები ფულით დავიხსენით ჩვენგან წართმეული ნივთები და კისრამდე ვალში ჩავეფალით. მრთელი ჩვენი საზოგადოება დაარბია ამნაირად პოლიციამ. დაგვიყენეს მთავრობის მიერ დანიშნული მამასახლისი, რომელსაც 400 მან. ჯამაგირი დაუნიშნეს. მამასახლისმა ფული შეგვიჭამა, ლოთობდა. ერთხელ სიმთვრალეში ქუჩაში გამოვარდა, დაიწყო რევოლვერის სროლა და კინაღამ დასწყვიტა ხალხი. ყვიროდა, „მთავრობის დანიშნული ვარ და რაც მინდა, იმას გიზამთო“. დაითხოვეს ეს ვაჟბატონი, სხვა დაგვიყენეს, რომელიც კიდევ უარესად იქცეოდა. დიდი სიმძლავრე გამოიჩინა. ესეც ყვიროდა, მთავრობის კაცი ვარო; ქურდულად სჭამდა ჩვენში აკრეფილ გადასახადს, ბანქოს თამაშობდა და ლოთობდა. როცა დაგვიყენა, მთავრობამ გამოგვიცხადა, „ეს თქვენი ახალი მამასახლისია და გვარად თუთბერიძეაო და როცა დაითხოვა, ჩვენვე გვკითხა, ვინ იყო და სადაურიო?“ 1904 წელს გამოგვიგზავნეს ახალი მამასახლისი კეკელია, რომელსაც, ალბად, პოლიციის ჩაგონებით ვიღაცამ დაარტყა. კეკელია ისე გაიპარა, რომ ჩვენ არ შეგვიტყვია. მოვიდა შემდეგ ლანჩხუთის ბოქაული ქავთარაძე. შეგვყარა და შემოგვძახა, „არა გამარჯობა თქვენი, როცა თქვენ სისხლს დავაქცევ, ჩემი დღესასწაული მაშინ იქნებაო“. გაგვლანძღა, უშვერი სიტყვებით გაგვათრია და გაგვაგდო.
1903 წელს, ივნისის გასულს, როცა ყანები უკვე დამუშავებული გვქონდა, მაზრის უფროსი ჯაფარიძე გვეწვია, შეგვყარა ერთად და გვკითხა, რატომ არ მუშაობთ მემამულე მაჭუტაძეების ადგილებშიო. არ არის ჩვენთვის სასარგებლო და იმიტომ არ ვმუშაობთო, - ვუპასუხეთ. ჩვენი კრების ახლოს ერთი პალტოიანი ვაჭარი კაცი იდგა ჩუმად. არ ვიცით, რატომ არ მოეწონა ეს კაცი ჯაფარიძეს, ალბათ, პალტო რომ ეცვა ბუნტის თავი ეგონა. უბრძანა სტრაჟნიკს დაჰკარ მათრახი და გააგდეო. სტრაჟნიკმა, რასაკვირველია, იფრინა და ასი საჟენის სიშორეზე სდია მათრახისა და თოფის კონდახის ცემით. მერე ჩვენ დაგვერია ჯაფარიძე და ორი ჩვენი ამხანაგი გაამათრახა. შემოგვიყვირა, - თუ არ ჩახვალთ მაჭუტაძის ყანებში, მრთელ საზოგადოებას გაგამათრახებთ და გადაგასახლებთო. იმდენი ძალა დაგვატანა, რომ გვამუშავა მაჭუტაძის ადგილებში, ისე დაგვიანებული დრო იყო, რომ ვერც ჩვენი და ვერც მემამულეს ადგილები რიგიანად ვერ დავამუშავეთ. შემდეგ 1904 წ. ჩვენი პირობები გამოუცხადეთ მემამულეებს. ამდენი წვალება გადავიტანეთ და ეხლა ვითხოვთ მოგვეცეს გაფიცვის თავისუფლება, რადგან ჩვენ ადამიანები და არა პირუტყვები ვართო.
ამ სიტყვებით დაასრულა ხალხის წარმომადგენელმა ნიგოითლების თავგადასავალი გულის ამღვრევი მოთხრობა. შემდეგ დეპუტატებმა გამოუცხადეს კრიმ-გირეის დასაბუთებული მოთხოვნილებანი გურიის ყველა საზოგადოებათა
ი. ნაკაშიძე
გურიის ამბები
ნიგოითი.
7 მარტი. საზოგადო აზრია, რომ გურიის დრევანდელი მოძრაობა აგრარულ
ნიადაგზე აღმოცენდა, რომ დღევანდელი პოლიტიკური სახე მან მხოლოთ მაშინ
მიიღო, როცა მემამულეებთან ბრძოლის დროს ადმინისტრაციამ (მთავრობამ) ხალხს
ზურგი შეაქცია და აშკარად მიემხრო მემამულეებს. ეს ძირითადი კითხვა, ანუ
აგრარიული კითხვა, ისე არსად არ გამწვავებულა, როგორც ნიგოითში. მიზეზი
ამისა უპირველესათ ის გახლავს, რომ თითქმის მთელი სავარგისი მამული ამ
საზოგადოებისა ოთხსა თუ ხუთ მოსახლე მაჭუტაძეებს ეკუთვნის, ხოლო
გლეხ-კაცობა უკიდურეს სიღარიბეშია ჩავარდნილი მიწის სივიწროვისა და სხვა
მისგან დამოკიდებული მიზეზებისა გამო. თავისთავათ ცხადია, რომ უზომო
გასაჭირი ხალხს მოთმინებიდან გამოიყვანდა და თავისს გასაჭირზე ხმას
ამოაღებინებდა, მაგრამ ამასთან ისიც ცხადია, რომ შეგნებულ ხალხს თავის
სამართლიანი მოთხოვნილებისათვის ადმინისტრაციის თვითნებობა გადაეღობებოდა
წინ და გასთელავდა. ქვევით მოთხრობილი ამბებიდან ცხადათ დაინახავთ თუ რა
შავი დღე გამოუვლია ნიგოითელ გლეხს ცხოვრების უკუღმართობასთან ბრძოლაში,
რამდენი ტანჯვა, წვალება და უსამართლობა აუტანია, რამდენი დაცინვა და
გამათრახება მოუთმენია. დღეს-კი სახე-ნათელი და სულით ამაღლებული ეგებება
ის ახალ ცხოვრებას, რომლის შექმნაში მასაც მიუძღვის მცირეოდენი ღვაწლი და
სამსახური.
სულ
ნიგოითის საზოგადოებაში 450 კომლი მცხოვრებია. შვიდ მარტს ღრუბლიანი და
ქარიანი დღე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, აურაცხელი ქალი და კაცი მოაწყდა
კრებისათვის დანიშნულ ალაგს. დიდი მწვანე ეზო ხალხით გაიჭედა. როგორც
ყველგან სხვაგან, ისე აქაც კრიმ-გირეიმ ნება მისცა ხალხს ჯერ თავისთვის
მოელაპარაკნა და თავისი მოთხოვნილებები გაერკვია. დაიწყეს თუ არა ლაპარაკი
საერთო გასაჭირზე, გამოჩნდა კრებისაკენ მომავალი აფიცერი და ჟანდარმი.
ხალხში ჩოჩქოლი შეიქმნა. დაუპატიჟებელი სტუმრები მიხვდნენ, რომ აქ მათ
ადგილი არ ჰქონდათ და სადგურის უფროსთან ერთათ კრებას მოშორდნენ.
ნაშვადღევის
პირველი საათი იქნებოდა, რომ კრიმ-გირეი მოვიდა თავისი მხლებლებით.
თარჯიმანმა მოსვლისთანავე დაიწყო „მანიფესტის“ კითხვა, რომლის არა ქართული
კილო გურულების სალაპარაკო საგანს შეადგენს. ხალხი უმეტესს ნაწილათ კითხვის
სასაცილო კილოს აქცევდა ყურადღებას, ვიდრე მანიფესტის შინაარსს. ყრილობამ
არ ისურვა ერთათ ლაპარაკი, ამოირჩია 17 დეპუტატი, (ამათგან 4 ქალი) და
შეუდგნენ ლაპარაკს.
ხალხ.
წარმომადგენელი. მე ეხლა 70 წლის კაცი გახლავარ, დაიწყო ერთმა თეთრ-წვერა
დეპუტატმა დინჯათ და დაბალი ხმით. მშვენივრათ მახსოვს, თუ როგორ წაართვა
ჩემი თავი მამა ჩემს ჩვენმა უღმერთო ბატონმა. მაშინ მე რვა წლის ბავშვი
ვიქნებოდი. მომიტაცეს საკუთარი ოჯახიდან და წამიყვანეს ბატონის სახლში
მოსამსახურეთ. ჩემი სამსახური ჩემს მამას სულაც არ ანთავისუფლებდა მძიმე
გადასახადებისაგან, რომელიც თითოეული გლეხის მოვალეობას შეადგენდა. მაშინ
ორი გვარის გლეხები იყვნენ: მსახურიშვილები და ისე გლეხები. როგორც ყველა
მსახურიშვილს, ისე მამაჩემსაც ახდევინებდნენ: ერთ ძროხას, 12 ქათამს, ოთხ
ფუთ ღომს, ოთხ საწყავ (8 ფუთ) ღვინოს, ერთ ქორის ქათამს, ერთ მიმინოის
ქათამს, გარდა ამისა „სალიანის“ გადასახადს 20 კაპ. და სხ. უბრალო გლეხებს
შინ, საკუთარ სახლში მუშაობის ნებას აძლევდნენ, მარა თითო მუშა ხელს უნდა
წარედგინა ბატონისათვის 10 ფუთი ღომი, ერთი ღორი დაახლოებით ათ მანეთათ
ღირებული და სხვა ის გადასახადები, რასაც მსახურიშვილებს. ახდევინებდნენ
აგრეთვე თითო ფუთ ღომს, რომელსაც „ციხის“ ღომი ერქვა. თითოეულ მოსახლეს
ყოველივე გადასახადს გარეშე უნდა ერჩინა თავისს სახლში ორი თვის ვადით
ბატონის 2 ცხენი და ერთი მეჯინიბე.
გარდა
ამისა, სამართალი ბატონის ხელში იყო და როგორც მოეხალისებოდა ისე
ხმარობდა. ცხადია ის მოსამართლე, რომელიც თავისი მოქმედების ანგარიშს
არავის არ აძლევდა, თავისსავე სასარგებლოდ მოიხმარდა მას. უბრალო
დანაშაულობისთვის ჩაგადგმევინებდნენ ფეხს განგებ ამისათვის ამოჭრილ ჯიკვში,
მერმე ზევიდან ფიცარს დააჭედდენ და ვიყავით ასე დაბმული. სასჯელის ვადა,
რასაკვირველია, ბატონის ნებაზე იყო. ამ ხანებში მოაწია ხმამ: „ბატონყმობა
ისპობაო“ და შეგვექნა სიხარული. განა არ გვქონია სასიხარულო რამ? ჩვენ
გვანთავისუფლებდნენ იმ ჯოჯოხეთიდან, რომელსაც „ყმობა“ ჰქვიოდა და რატომ არ
უნდა გაგვხარებოდა. განვთავისუფლდით...ბატონ-ყმობა მოისპო, მაგრამ ვაი ასეთ
განთავისუფლებას. ბატონებმა შეგვიდგინეს „უსტავნი გრამოტა“ და რაც კარგი,
სავარგისი ადგილები იყო, ყველა თავისთვის გადადეს. უვარგისი და უნაყოფო
გლეხებს მოუჭრეს იმ პირობით, რომ შემდეგში გამოეყიდათ ბატონისაგან და
მესაკუთრენი გამხდარიყვნენ.
ხალხმა
მოინდომა დაკარგული მამულის უკანვე დაბრუნება და შეფიცეს ერთმანეთს.
ნაბატონარებმა მაშინვე პოლიციას მიმართეს და როგორც დღეს, მაშინაც ბევრი
ხალხი დაიჩაგრა. მამა ჩემი დაიჭირეს და სადღაც გადაკარგეს. მას შემდეგ
იმისი კვალი დაიკარგა და დღესაც არ ვიცით სად განუტევა საბრალომ
მრავალ-ტანჯული სული. რაკი მიზანს ვერ მივახწიეთ და ჩვენი ძველი საკუთრება
ვერ დავიბრუნეთ, იძულებული გავხდით სხვის ე.ი. მებატონის მამულში გვემუშავა
და სიტყვიერათ თავისუფალნი საქმით ისევ მებატონის ხელში დავრჩით.
ვმუშაობდით სამესამედოთ, მარა ამ ორი მესამედიდან ჩვენ ბევრი არაფერი
გვრჩებოდა, რადგანაც სანადელო მიწის ქცევიდან უნდა გვეძლია 12 ფუთზე მეტი
სიმინდი და ჩვენი ნადელი ქცევაზე ამდენ მოსავალს არც კი მოგვცემდა, ერთობ
გაჭირვებულ დღეში ჩავვარდით და იძულებული შევიქენით როგორმე ნადელები
გამოგვეყიდა და მესაკუთრენი გავმხდარიყავით. ამით გვინდოდა სანადელო
გადასახადს ავსცდენოდით და სხვა ნამუშიერი მაინც შეგვრჩენოდა, მარა რით
უნდა გამოგვეყიდა ნადელი? გავყიდეთ ყველაფერი რაც გვებადა და ზოგიერთმა
ჩვენგანმა გამოვიყიდეთ ნადელები; გავხდით იმის მესაკუთრე, რაც ჩვენ
გვეკუთვნოდა, რაც ჩვენს მამა-პაპას თავისი ოფლით დაუსველებია. განა ეს
უსამართლობა არ არის, რომ ჩვენი საკუთარი მიწა ფულით გვაყიდვიეს? ასე
გაგვანთავისუფლეს ჩვენ და რაღა ლაპარაკი უნდა, რომ ჩვენი სიხარული ისევ
მწუხარებათ შეიცვლებოდა. მივხვდით დღეს ამ უსამართლობას და მოვითხოვთ, რომ
ასე ძალადობით წართმეული ფული უკანვე დაუბრუნდეს ხალხს; დაუბრუნდეს ყველას
ის ფული, რომლითაც მან თავისი საკუთრება გამოიყიდა. მაშინდელი ნასესხები
ფულები დღესაც გადაუხდელი გვაქვს. უთუოთ უნდა დაუბრუნდეს გლეხ-კაცებს
უსამართლოთ გადახდილი ფულები.
ახლა
აი რას მოგახსენებთ: ყველა გლეხს არ ჰქონია იმის შეძლება თავი გამოეყიდა
და ბევრი დღესაც დროებით ვალდებულია, დღესაც იხდის სანადელოს, თუმცა უზომო
ნადელით ათასჯერ გამოყიდული ექნება ის ერთი ნაწეკვი უვარგისი მიწა, რომელიც
მას განთავისუფლების დროს სამოწყალოთ მიუზმოეს. უსამართლობა რაც ვითმინეთ
ისიც გვეყოფა, ახლა მოვითხოვთ, რომ დროებით ვალდებულნი განთავისუფლდნენ
ბატონის ვალდებულობისგან, მას არაფერი არა აქვს გამოსასყიდი.
ამასვე
ვიტყვით სახელმწიფო გლეხებზე. აქვთ საწყლებს რაღაც ნაგლეჯი უვარგისი
მიწები, მარა რა ქონებაა ეს, თუ თავის დროზე ვერ მოიხმარს? მას არ შეუძლია
იმის არც გაყიდვა, არც დაგირავება და არც არაფერი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ
სახელმწიფო გლეხებს თავისი ნადელები კერძო საკუთრებათ გადაეცეს. რომ ნება
მიეცეს უნდა გაყიდოს, უნდა გააჩუქოს, უნდა დააგირაოს თავისი სურვილისამებრ.
მიწა იმას უნდა ეკუთვნოდეს ვინც მას ამუშავებს, ჩვენში კი ისინი
დაპატრონებიან, ვისაც ხელი არ გაუნძრევია.
მეორე
წარმომადგენელი. ჩემმა ამხანაგმა ის ისტორია გადმოგცათ, რაც ძველათ
გამოუცდია გლეხ-კაცობას; ახლანდელ გასაჭირზე მას, არაფერი უთქვამს. მიწის
სივიწროემ და სიმცირემ ჩვენ გვაიძულა მემამულეებისთვის მიგვემართა და იმათი
მიწით გვესარგებლა. მაშ სად წავსულიყავით? სიტყვით ვიყავით თავისუფალი
თვარა საქმით, ისევ ძველს ბატონებს ვემსახურებოდით. მემამულეები მიხვდნენ,
რომ ჩვენ იმათ გარეშე საშველი არ გვქონდა, რომ ძალა-უნებურათ მის მიწებზე
უნდა გვემუშავნა.
1901 წელს შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს: გლეხებს მამულს იაფათ ვაძლევთ, ჩვენ ეს ხელს არ მოგვცემს და უნდა გადასახადი მოვუმატოთო.
დაადგინეს
რიგიან მიწაზე გადასახადი მოსავლის ნახევარი, ხოლო უვარგისზე მესამედი.
გარდა პირდაპირ მოსავლის ნახევარისა ვაძლევდით ათ შაურს ან მანათს
„სალეჟრობოს“ ქცევაზე; ვიღებდით თხრილებს ადგილის გასაშრობათ, გაგვყავდა
ღობეები, ვუშენებდით სასიმინდეს, ვუმასპინძლდებოდით ხშირ-ხშირათ. გარდა
ამისა ჭირნახული ჯერ რასაკვირველია მისთვის უნდა მიგვერთმია და ჩვენი
საკუთარი ღვთის ანაბარა დაგვეყარა. ხშირია ისეთი მაგალითი, როცა რომ
ბატონის სიმინდის წიდვის დროს ჩვენი წილი საქონელს გაეოხრებიოს ან წყალს
წაელეკოს. ერთი სიტყვით ვინ მოთვლის რამდენი სხვა, ვალდებულობა გვქონდა
ჩვენს მემამულესთან და მხოლოთ ცოლ შვილის სიშიშვლე და სიმშილი გვაიძულებდა
ასეთ უსამართლო პირობებში მუშაობისთვის ხელი მიგვეყო. პირველ წელიწადს ჩვენ
დავყევით მემამულეების გადაწყვეტილებას და ყანები ვიმუშავეთ. მაგრამ
გარემოება მაინც თავისას შვრებოდა და ჩვენ რასაკვირველია მუდამ ასეთ
უღმერთო პირობებში ვეღარ განვაგრძობდით მემამულეების მიწაზე მუშაობას.
ჩვენც ისეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავვარდით, რომ უთუოდ ხელი უნდა
აგვეღო სხვის მამულში მუშაობაზე და ასეც მოვიქეცით. გლეხებმაც შევთქვით
პირი, რომ თუ მემამულეები უკეთეს პირობებს არ შემოიღებენ იმათ მამულში აღარ
ვიმუშავებთო.
მესამე
წარმომადგენელი. ჩვენ გვგონია მთავრობა იმიზა გვყავდა, რომ უსამართლოთ
დასჯილს და საწყალს მიეხმაროსო; გვეგონა მემამულეების თვითნებობისგან ის
დაგვიფარავსო, მარა ვაი ამისთანა იმედს! ჩვენი მოლოდინი სასტიკათ გაცრუვდა,
ჩვენ ცხადათ, თვალსაჩინოდ დავინახეთ, რომ მთავრობა, პოლიცია ნაბატონარებს
ემხრობა. მემამულეებმა გაიგეს თუ არა გლეხები ჩვენ წინააღმდეგ გაფიცულან და
ჩვენს მიწებზე აღარ მუშაობენო, გადაწყვიტეს ჩვენი ყოველი მხრით
შევიწროება. საბალახოში უწინ არაფერს ვიხდიდით, ასეთი ცვეულება გვქონდა.
გავუშვით თუ არა საქონელი, ნაბატონარის მოურავებმა დაიჭირეს და
დაამწყვდიეს. ამით იმის თქმა უნდოდათ, რომ რაკი ჩვენს მამულში აღარ
მუშაობთ, ბარემ ნუღარც ჩვენი საბალახოებით სარგებლობთო. ამ ამბავმა ხალხი
ძლიერ ააღელვა. მთელმა საზოგადოებმ მოიყარა თავი და მოითხოვა დატყვევებული
საქონლის გამოშვება. საქონელი გამოუშვეს, მარა ჯაშუშების წყალობით
ამოარჩიეს საზოგადოებაში რამდენიმე კაცი და დაიჭირეს, ვითომდა ესენი არიან
გლეხების მეთაური, რომლებსაც უნდათ ნაბატონარებს მამული ჩამოართვან და
თითონ დაირიგონო. ეს საზიზღარი საქციელი ჩვენ ვეღარ მოვითმინეთ: ავდექით
მთელი ნიგოითის საზოგადოება და ლანჩხუთს ჩავედით, რომ პოლიციისაგან
მოგვეთხოვა დატყვევებული ამხანაგების გამოშვება. დილიდან საღამომდე იქ
ვიტრიალეთ; ბოლოს პოლიციამ გაანთავისუფლა დაჭერილი ამხანაგები და ჩვენც შინ
დავბრუნდით. ეს ამბავი 1902 წლის ივნისში მოხდა. ცხრაას პირველში ხომ
მემამულეები გაიფიცენ, ცხრაას ორში ჩვენ შევტქვით პირი და გასაკვირალია: თუ
იმათი გაფიცვა არ იყო დანაშაულობა, ჩვენ გაფიცვას რაიზა ჩაარჭვეს ასე
კბილები? მემამულეებს გასაჭირი კი არ ალაპარაკებდა, იგენს საქეიფო ფულები
აკლდა; ჩვენ კი უზომო გასაჭირმა და ცოლ-შვილის, ოჯახის აუტანელმა
მდგომაეობამ აგვაღებია მუშაობაზე ხელი. მთავრობამ კი ჩვენი საქციელი
დანაშაულობათ ჩათვალა, თავადების მოიწონა და მხარი მისცა.
ეს
დრო ჩვენთვის ძლიერ მძიმე დრო იყო. სამი წლის მოუსავლობისგან ხალხს სული
ხდებოდა კისერში და რამე ნაირათ თავი უნდა გადაერჩინა. მიმართეს მღვდლებს
თხოვნით: შეხედეთ ჩვენს გაჭირვებას და წელს დრამა ფული გვაპატივეო. ზოგმა
შეისმინა ჩვენი თხოვნა და ნებას დაგვყვა, ზოგმა მტავრობისაკენ მოკურცხლა და
მოახსენა: გვიშველეთ „ბუნტია“ გლეხები დრამას სპობენო. ამაზე ინება
ჩამობრძანება მაშნდელმა მაზრის ნაჩალნიკმა წერეთელმა. შეყარა საზოგადოება
და გამოუცხადა: „ხალხო, მე შევიტყვე ნიგოითის საზოგადოება გადარეულა და
მითხარით, მართალია თუ არაო.“ ჩვენ ვუპასუხეთ ყველაფერს მოგახსენებთ-თქო.
მართლაც მოვილაპარაკეთ, ავირჩიეთ დეპუტატები და მივანდვეთ ყველაფერი
მოეხსენებია წერეთლისათვის. დეპუტატებმაც ყველაფერი დაწვრილებით გადასცეს
ჩვენი გასაჭირის, მღვდლების და მემამულეების შესახებ. წერეთელმა აწერა
თურმე იმათი სახელი და გვარი ვინც ელაპარაკებოდა. ბოლოს შეგვეკითხა: თქვენი
უკანასკნელი სიტყვა რა არისო და ჩვენც გადაჭრით ვუპასუხეთ, რომ წელს არც
დრამის გადახდა და არც მემამულეების მიწებზე მუშაობა არ შეგვიძლიათ-თქვა.
ამ სიტყვებმა სწორეთ გააცოფა წერეთელი, აღარ იცოდა რა ექნა. ჩვენ
სამართლიან საქმეს ვედექით გვეგონა და იმან „ბუნტოვჩიკები“ და ვინ იცის რა
არ გვიწოდა. ისეთი საზიზღარი სიტყვებით ილანძღებოდა, რომ იმას განათლებული
კაცი კი არა, უბრალო ბიჭი არ იკადრებს. „აი, ტქვენ მხეცებო, ვირებო,
დათვებო და ვინ იცის კიდევ რა საზიზღრობა არ ამოუვიდა პირიდან. ჩვენ კი
ჩვენ თავს კაცებათ ვსთვლიდით და დღესაც კაცები გვგონია. ბოლოს დაგვემუქრა:
თუ ჩემი ბრძანება არ აგისრულებიათ, კეჟერა ფხალივით დაგწურავთო. თქვენ
გინდათ აქ საფრანგეთის რესპუბლიკა დაიარსოთო და კიდო რა. ჩვენ არც კი
ვიცოდით მაშინ რესპუბლიკა სასმელი იყო თუ საჭმელი, მარა ერთი ცხადათ ჩანდა,
რომ რესპუბლიკა თუ იქნებოდა ჩვენშიმაშინ შეიძლებოდა ამ ჩვენი ცხოვრების
გაუმჯობესება. ამ სიტყვამ დაგვაფიქრა, რადგანაც ჩვენ ყველგან ჩვენსავით
გაჭირვებული ხალხი ცხოვრობდა გვეგონა. დასასრულ წერეთელი მოგვიბრუნდა და
გვითხრა: ეს ქვეყანა ცხელია და თქვენც თავში სიცხე გაქვთ, ამიტომ ცივი
ქვეყნებისაკენ მიბრძანება მოგიხდებათო. ერთი სიტყვით რაც წერეთელმა ილანძღა
ამის თქმა დიდ დროსაც წაგვართმევს და სირცხვილიც არის ხალხში იმის
ლაპარაკი.
გავიდა
ხუთმეტი დღე და ჩამოვიდა ქუთაისის გუბერნატორი, თან ჩამოიყვანა სალდათები
და კაზაკები. მოუყარა საზოგადოებას თავი და შეჰკითხა „პასუხი მომეცით
იმისი, რასაც მაზრის უფროსი გეტყვით“. რადგანაც მთელ საზოგადოებას ერთათ
ლაპარაკი არ შეეძლო ავირჩიეთ ხუთი დეპუტატი და დავავალეთ ჩვენი გასაჭირის
მოხსენება.ამორჩეულმა პირებმა სინდისიანათ შეასრულეს მონდობილობა და ჩვენი
გასაჭირი ყველაფერი დაუკაკლეს გუბერნატორს. გუბერნატორმა დაუძახა ახლოს
ჩვენ დეპუტატებს და გამოუცხადა: „როგორც თქვენი ლაპარაკიდანა ჩანს ეს
საზოგადოება თქვენ აგირევიათ და თქვენვე უნდა დაამშვიდოთ, თორემ ცივი
ქვეყანა ხომ გაგიგონიათ“. დავალა საზოგადოების დამშვიდება ხალხისაგან
ამორჩეულ დეპუტატებს, როგორც ამ საქმეში დანაშაულ პირებს და თითონ ქე
წავიდა შინ. რა უნდა ექნა, რა უნდა დაემშვიდებია საწყალ დეპუტატებს? ასეთი
იყო ჩვენი მთავრობის სამართალი!
გავიდა
ამის შემდეგ ათიოდე დღე და გუბერნატორი კვლავ გვესტუმრა. ჯაშუშებისა და
პოლიციისაგან შედგენილი სიით დაატუსაღა ოცდა ორი კაცი, მათ შორის ხუთი
უკანასკნელი დეპუტატი, რომლებმაც ვერ შეძლეს გუბერნატორის დავალების
სისრულეში მოყვანა; გაამათრახა ყველანი და ქუთაისისაკენ გაისტუმრა.
მეოთხე
წარ. რადგანაც მე თითონ გეახელით იმ ტყვეებში, რომლებზედაც აქ არის
ლაპარაკი და ცხადათ მახსოვს ყველაფერი, ამიტომ იმის შესახებ მე მოგახსენებ.
როგორ არ დამამახსოვრდებოდა, როცა რომ თითო სიტყვას მათრახებით
გვაბეჭდავდნენ ზურგზე. როდესაც სალდათებს ან სტრაჟნიკებს მოეხალისებოდათ
თავისი საყვარელი საქმე, უიარაღო, დატყვევებული კაცის ცემა, ყოველთვინ
ჯეროვანათ ისრულებდენ სურვილს. ჩაგვიყვანეს მაგალითად ქუთაისში,
შემოგვახვიეს ჯერ სალდათები, მერმე კაზაკები და სტრაჟები და გაგვიყენეს
ციხისკენ. ჩვენ იძულებული ივყავით შუაგულ ქუჩაზე გვევლო და კიდევაც
მივდიოდით. უცებ მივადექით ერთ დიდ წუმპეს. თუ პირდაპირ წავედით, წელამდე
ტალახში უნდა ჩავიჭრეთ და გავცივდეთ. გადავადგით თუ არა ერთი ბიჯი, მაშინვე
მათრახები და თოფის კონდახები დაგვიშინეს აქეთ-იქიდან. ოთხი თვე ვიჯექით
ციხეში და კაცი ჩვენსას არაფერს კითხულობდა.
მთავრ. წარ,. განა პროკურორი, ან პროკურორის თანაშემწე არ შემოდიოდნენ ციხეში?
ხალხ.
წარ. როგორ არა, შემოდიოდნენ და გადიოდნენ, ჩვენსას კი არაფერს
კითხულობდნენ, არც საჭმელი, არც სასმელი, არც საცვლები ჩვენთვის არ
მოიპოვებოდა. არც ჩვენს მოკეთეებს შემოატანიეს, არც თითონ მოგვცეს რაც
კანონის ძალით გვერგებოდა. ერთი ჩვენგანი გადაასახლეს; ერთი კი
ცოცხალ-მკვდარი გამოუშვეს და შინ ჩამოვიდა თუ არა განუტევა უსამართლოთ
დატანჯული სული.
მთავრ. წარ. აბა გვითხარით გადასახლებულთა სახელი, გვარი და წლოვანება, ამასთანავე სოფლის სახელიც.
ხალხ.
წარ. გადასახლებულნი არიან ანტონ ფირცხალაიშვილი, დაახლოებით 40 წლისა,
მათე გორგილაძე 40 წლისა; გიორგი ფილია 35 წლისა და სოლომონ ჟოჟიკაიშვილი
25 წლისა. რადგანაც ყველა ეს პირები უსამართლოთ დასჯილნი არიან, ამისათვის
მოვითხოვთ მათ განთავისუფლებას.
ახლა
ისევ უწინდელ ამბავს დავუბრუნდეთ. იმ კაცების დაჭირვიდან გავიდა რამდენიმე
დღე და ეგზეკუცია ჩამოგვიყენეს. ჩვენ უნდა გვეძლია ჯარისათვის ბინა, შეშა,
ნავთი, ფურნე, აფიცრების ცხენებისთვის ბალახის ფასი და სხვა რამ მრავალი.
ჯარი დაახლოებით სამ თვე ნახევარს იდგა და ადვილი გასაგებია, რამდენ
გასაჭირს გამოვცდიდით ამ ხნის განმავლობაში. მერე რისთვის ამდენი
სისასტიკე? რით დავიმსახურეთ ყოველივე ეს? იმით რომ ათასგვარი
გადასახადებისგან გაღარიბებულმა ხალხმა ვეღარ შეძლო მეტის გადახდა. იმით
რომ მემამულეთაგან უზომოთ შევიწროებულმა ხალხმა უარი სთქვა იმათ მამულში
მუშაობაზე. აი ჩვენი დანაშაული!
გავიდა კიდევ ოციოდე დღე და ახალი ბედნიერება გვეწია. გუბერნატორი ისევ ჩამობრძანდა და პასუხი მოგვთხოვა „დააკმაყოფილეთ
ჩემი ბძანება თუ არაო“. ჩვენ მღვდლებთან მოლაპარაკებული ვიყავით, რომ ფული
(დრამა) მიღებულათ გამოეცხადებიათ. გუბერნატორმა დაიბარა მღვდლები და
ჩვენთან რომ მოვიდნენ გვითხრეს: „დრამა ფულის პატიების ნება ჩვენ არა
გვაქვსო“. აგრეთვე ერთ მემამულეს უნდოდა ჩვენი მოთხოვნილების
დაკმაყოფილება, მაგრამ არც იმას მისცა გუბერნატორმა ნება. ეს ჩვენი ყურით
გავიგონეთ. „თუ მაჭუტაძეს არ უნდა გლეხებისაგან ფულის აღება, ჩვენ ავიღებთ
ხაზინისთვისო“. ასევე უთხრეს თურმე მღვდლებსაც. ბოლოს გამოგვიცხადა: მე
ვიცი, რომ თქვენში მავნე პირები ბუდობენ, მოგვეცით ისინი და თქვენ
თავისუფალი იქნებითო. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ ისეთ სალდათებს
გამოგიგზავნით, რომლებიც აღარაფერს არ დაზოგავენ. აგიოხრებენ ოჯახს, არ
დაზოგვენ თქვენ ცოლ-შვილს, სახლ-კარს და პატიოსნებასო. უმჯობესია მოგვეცი
ხუთი კაცი, რომლებსაც მავნე კაცების დასახლება შეეძლოთო“. მოგვცა
მოსაფიქრებლათ და კაცების ამოსარჩევათ სულ ხუთი წუთი დრო. „ამ ვადაში ან
ოჯახის დაღუპვა არჩიეთ ან „მავნე“ კაცების დასახელებაო“. ჯერ თავისთავათ
ხუთი წუთი რაა და მერმე აღარც ის დაგვაცალა. ამოიკითხეს სიაში ხუთი კაცი და
დააპატიმრეს. ამ დროს ერთ ვიღაცას წამოცდა: „ეს უსამართლობა არისო“ და
ისიც იმ ხუთ კაცს მიაყოლეს. ექვსივე კი ქუთაისის ციხეში ჩაამწყვდიეს.
ამის შემდეგ გაესიენ სოფელს და თუ კი რამ გვებადა წაგვართვეს დრამა ფულის
ანგარიშში. პრისტავი ქელბაქიანი, ორმოციოდე სალდათი, თორმეტი სტრაჟნიკი და
მამასახლისი ერთათ დადიოდნენ სოფლის ასაოხრებლათ. მასპინძელს აღარაფერს არ
კითხავდენ, თითონ შეცვივოდნენ სახლებში, აღებდნენ შკაფებს და ზანდუკებს და
თუ რამე სავარგისი გამოჩნდებოდა, ყველაფერი მიჰქონდათ. ამავე წელს
დაგვინიშნეს მთავრობის მამასახლისი. „ეს სანდო, პატიოსანი კაციაო“,
გვიცხადებდენ ყრილობაზე. ახლა მოისპობა ქრთამები და ის უსამართლობანი,
რომლებსაც თქვენ მიერ ამორჩეული მამასახლისები შვებიანო. დაუნიშნეს ჩვენდა
დაუკითხავათ 400 მანეთი ჯამაგირი, რაც წინდაწინ მოხიკეს სოფელში. ჩვენც
ვიფიქრეთ: თუ პატიოსნებას დაიცავს, ჯამაგირს ვინ ჩივაო, მაგრამ ვაი
ამისთანა პატიოსნებას! სულ ყველამ კბილი გაკრა საზოგადოების ფულებს და
უსინდისობაც მრავალი ჩაიდინეს. მოვიდოდა ერთი, შეჭამდა საზოგადოების ფულს
და გაიბარგებოდა. მოვიდოდა მეორე, ისიც ისე. მესამე მამასახლისი კეკელია
ჩვენ არც კი შეგვიტყვია როდის მოვიდა და როდის წავიდა. ჩვენ დარწმუნებული
ვართ, რომ ის თითონ პოლიციამ გაალახვია და გააგდო რითაც ჩვენი სახელის
გატეხვა უნდოდათ. შეყარა პრისტავმა ქავთარაძემ ყრილობა და შესანიშნავი
სიტყვებით მიმართა ხალხს: „არა გამარჯვება თქვენიო! მე დიდათ მოხარული
ვიქნები იმ დროის, როდესაც ბძანებას მივიღებ, თქვენი სისხლით შევღებო
აქაურობაო.“
მთავრ. წარ. სად არის ახლა ის ქავთარაძე?
ხალხ.
წარ. ახლა აქ აღარ არის, სადღაც გაიპარა. უთუოთ გულნატკენი იქნება, რომ
ნატვრა აღარ აუსრულდა და ჩვენი სისხლით ვერ შეღება აქაურობა.
1903
წელს ჩვენ არარ ჩავსულვართ სხვის მამულში. მოვხანით ცოტ-ცოტა საკუთარი რაც
გაგვაჩნდა და ჩავთესეთ სიმინდი. რაც ჩვენ დამშეულ ოჯახს ნახევრად
გააძღებდა იმდენი ქე გვქონდა ნამუშევარი და სხვის მამულში მუშაობას აღარ
ვფიქრობდით. მაგრამ დახეთ ბედს: ერთათ მოგვადგა ივანობის თვეც და ივანე
ჯაფარიძეც. ჩვენი ნაჩალიკი ჯაფარიძე მოვიდა, ყრილობას დაუძახა და გვითხრა:
„როგორ გაბედეთ და მაჭუტაძის მამულში არ იმუშავეთო!“ ჩვენ უთხარით: ეს არ
იყო ჩვენთვის სასარგებლო და იმიტომ დავეხსენითო. მგონი არაფერია აქ
უსამართლოთ ნათქვამი, მარა ჩვენი ნაჩალნიკი ჯაფარიძე სხვა ხასიათის კაცი
იყო. დაუძახა ერთი ჩვენგანი გაემათრახებია; შემდეგ თოფის კონდახით ცემა
უბძანა და ქვეშევრდომმა ღირსეულათ შეასრულა უფროსის ბძანება. ამას გარდა
ბ-ნმა ჯაფარიძემ ორი კიდევ სხვა გაამათრახებია ასე უბრალოთ და უდანაშაულოთ:
ბოლოს გვითხრა, თუ არ ჩასულხართ მაჭუტაძის მამულში და არ გიმუშავნიათ, ვაი
თქვენს დღეს, აქ ქვას ქვაზე არ დავაყენებ, ყველას ციმბირისკენ გიკრავ თავს
და თქვენს ნასახლევზე მარტო მტვერს დავტოვებო. რაღა გვექნა, იძულებული
ვიყავით, მაჭუტაძის მამულიც მოგვეხნა. ახლა ძველიც წაგვირჩა და ახალსაც
ვეღარ მოვუარეთ, განა რაღა დროს თესვაა ივანობის თვეში. აი ამიტომ ხსენებულ
წელს თითქმის უჭირნახულოთ დავრჩით.
1904 წელს მემამულეები დაგვყვნენ ჩვენს მოთხოვნილებებზე და ჩვენც ვიმუშავეთ.“
თითქმის
საღამომ მოაწია და დეპუტატებმა ითხოვეს კრების მეორე დღისათვის გადადება.
ჯერ მარტო ერთი კითხვა იყო განხილული, მაგრამ ბ-ნმა კრიმ-გირეიმ გათავება
ამჯობინა. ამიტომ შემდეგ მუხლებზე სულ მოკლე ლაპარაკი იყო. გამოვლილ ათ
საზოგადოებაში კომისიამ მშვენივრათ შეისწავლა გურულების მოთხოვნილება და
დაიწყებდა დეპუტატი წინადადებას თუ არა, თარჯიმანი გამოართმევდა და თითონ
დაასრულებდა.
„ჩვენი
გასაჭირი ასე ადვილათ არ ითქმება. ბევრი ვითმინეთ, ბევრი მწარე დღე
გამოვიარეთ და ამით ბევრი გამოცდილება შევიძნეთ. ჩვენ გაგვიტყდა გული
მთავრობაზე; იმისი აღარაფერი გვჯერა. ახლა თუ თქვენ გელაპარაკებით აქ ეს
არა იმიტომ რომ მოველოდეთ რაიმე სიკეთეს. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ჩვენი
თავის დახსნა ჩვენი საქმეა, სხვა ჩვენზე არავინ არ იზრუნებს. როგორც
მოგახსენეთ, ჩვენი გასაჭირი უმთავრესათ მიწის სივიწროვისაგან არის
გამოწვეული. მარა მარტო ეს ხომ არ გვტანჯავს. ახლა მოგიყვებით
გადასახადების შესახებ" აქ ჩამოთვალეს სხვა და სხვა გვარი გადასახადები და
დასასრულ მოითხოვეს, რომ ის ოჯახები, რომელთაც შემოსავალი ხუთას მანეთზე
ნაკლები აქვთ სრულიად არავითარ გადასახადს არ უნდა იხიდენო. გადასახადი
შემოსავლის და კვალობაზე უნდა იყოს: ვისაც ბევრი შემოსავალი აქვს, იმას
გადასახადიც მეტი უნდა ჰქონდესო. დღეს გადასახადს მხოლოთ ღარიბი იხდის და
მდიდარი თურმე თავისუფალია გადასახადებისაგანო.
ამის შემდეგ ილაპარაკეს არაპირდაპირ გადასახადებზე და მოითხოვეს ყოველგვარი არა პირდაპირი გადასახადის მოსპობა.
მოითხოვეს: კრებების, სიტყვის, ბეჭდვის, კავშირის, გაფიცვის და რწმენის თავისუფლება.
მოითხოვეს
პიროვნების და ბინის ხელ-შეუხებლობა. ნიგოითელებმა მშვენიერათ იციან რას
ნიშნავს პიროვნების და ბინის ხელის შეხება, იციან რადგანაც თავის თავზე
გამოუცდიათ არამცთუ ხელის, მათრახების და თოფის კონდახების შეხებაც.
მოითხოვეს ნაფიცი მსაჯულები, ხალხის მიერ ამორჩეული და დამნაშავე მოხელის პასუხის მგებლობა
მოითხოვეს წოდებათა სრული მოსპობა და ყველა ადამიანის მოქალაქეთ აღიარება თანასწორი უფლებით კანონის წინაშე.
მოითხოვეს პასპორტების მოსპობა და ენის თანასწორობა.
მოითხოვეს უფასო სავალდებულო სწავლა 16 წლამდე, ყველა ბავშვებისათვის ეროვნების და სქესის განურჩევლად.
მოითხოვეს
ეკლესიის განცალკევება სახელმწიფოსგან და სამღვდელოების სკოლების დაკეტვა.
აგრეთვე სამღვდელოების გაძევება სამინისტრო სკოლებიდან.
მოითხოვეს მუდმივი ჯარის მოსპობა და მის მაგიერ სახალხო მილიციის შემოღება.
დასასრულ
მოითხოვეს დამფუძნებელი კრების მიწვევა და რუსეთში სახალხო მართველობის
შემოღება. ხალხმა უნდა ამოირჩიოს თავისი წარმომადგენლები და იმათ მიანდოს
თავისი საქმეების და ხალხის ინტერესების დაცვაო.
„ახლანდელმა
მთავრობამ ბევრჯერ დაგვიმტკიცა თავისი გულშემატკივრობა“ და ახლაც აღარ
უღალატა ძველ წესს. როცა ჩვენ ჩვენს გასაჭირზე ავლაპარაკდით, მან ალიხანოვი
მოგვაყენა ყაზახ-რუსებით და ზარბაზნებით. ჩვენ ზიზღს ვუცხადებთ ყაზახ
რუსების საქციელს და სალამს ვუძღვნით სალდათებს, რომლებიც გულში კიდევ არის
ადამიანური გრძნობაო.
ნ. კ-ძე
Comments
Post a Comment