Skip to main content

ჯვარცხმის გლეხობის მოთხოვნები

გურიის ამბები 

    დაბა ხიდისთავიდან ქვეითად გავუდექით სოფ. ჯვარცხმას, რომელიც წარმოადგენს ჯვარცმის საზოგადოების შუა-გულს. ხიდისთაველი მასპინძლები მოგვყვნენ ჯვარცმამდის და შინაურულად, გულ-ახდილად გვესაუბრებოდნენ გზაში. საზოგადოდ გურულები კარგად მოეწყვნენ კრიმ-გირეის და სისწორით დააფასეს იმისი უბრალო მარტივი ქცევა. ჯვარცმამდის სამი ვერსი გვქონდა გასავლელი ოღრო-ჩოღრო ადგილები და ერთ საათს მოვუნდით. შორიდან დავინახეთ ჯვარცმის კანცელარიასთან თავ-მოყრილი ხალხი სულ ათასამდე კაცი, ქალი და ბავშვი იქნებოდა. ავედით „კანცელარიის“ ბალკონზე. კრიმ-გირეიმ მიმართა სალამით ხალხს და სთხოვა დეპუტატები აერჩიათ სალაპარაკოდ. გამოვიდა 16 კაცი. როგორც მოსალოდნელი იყო, აქაც ის მოთხოვნილება გამოაცხადეს გურულებმა, რაც სხვა ადგილებში. 
    ხიდისთაველ დეპუტატის თქმისა არ იყოს, ყველა გურულს სამი უპირველესი მოთხოვნილება აქვს - მიწა, პური და თავისუფლება. აქაც დამშეული, უმიწაწყლოდ მეტად შევიწროებული ხალხია, აქაც მძლავრად და თავხედურად გაჰქონდა ლაწა-ლუწი ტავისუფლების შემბღალავ პოლიციის მათრახს. როცა მცხოვრებნი პოლიციის თვითნებობაზე ლაპარაკობენ, სახე ენთებათ, თვალები ნაპერწკლებს ჰყრიან, თქვენ თვალ-წინ წარმოგიდგებათ ის საზიზღარი ადამიანის ღირსების მჩაგრავი ძალა, რომელიც არაფერს საშუალებას არ ზოგავდა მათრახის ბატონობის გასავრცელებლად. აქაც მემამულეების ადგილებში გლეხთა გაფიცვის დროს, გლეხების წინააღმდეგ ამხედრდა ადმინისტრაცია. ჩამოვიდა მაზრის უფროსი და მეხათ დაეცა თავს გლეხების მიერ მასთან მოსალაპარაკებლად არჩეულ დეპუტატებს.
    გამოვიდა კრიმ-გირეისთან ამბის სათხრობად ერთი კაცი, რომელმაც თავის ზურგზე გამოსცადა პოლიციის ცხარე არგუმენტები.. შეგვკრიბა პოლიციამაო, - სთქვა ამ ხანში-შესულმა კაცმა, ავირჩიეთ 15 დეპუტატი და როცა წარვუდეგით, თავს დაგვეცა. ბევრი სიტყვით გაგვლანძღა, ბევრი ხელით გაგვლანძღა მაზრის უფროსმა, შემდეგ ჩოხატაურში დაგვიბარა და იქ რომ გამოვცხადდით, საპოლიციო დარაჯებს უბძანა, გაამათრახეთ ეს ხალხიო. ჩოხატაურის მთელი ბაზარი უყურებდა ჩვენ აწიკოებას. ბოქაულის ცოლმა ვერ მოითმინა და გამოგვესარჩლა, ჩადგა ჩვენსა და მაზრის უფროსს შუა. მაგრამ ვერაფერი გააწყო, ვერ დაგვიფარა ამ ღვთისნიერმა მანდილოსანმა. მემამულეებმა დააპირეს შეემცირებიათ ადგილების საყანული, მაგრამ მაზრის უფროსი წინააღუდგა მემამულეებს, მოელაპარაკა და ჩააგონა, რომ არ დასთანხმებულიყვნენ, „უნდა მოკაკვოთ გლეხები, არაფერი არ უნდა დაუთმოთ, თორემ მერე უფრო გათამამდებიან და თავზე დაგვაჯდებიანო“. ეს რომ სთქვა ხალხის არჩეულმა დეპუტატმა, უთხრა კრიმ-გირეის: ერთი ამ მემამულეთაგანი ეხლა აქ კრებაზეა და შეგიძლიანთ ჰკითხოთ, მართალს მოგახსენებთ თუ არაო. კრიმ-გირეიმ მიმართა მემამულეს, რომელმაც დაამოწმა დეპუტატის ნათქვამი.
    კრება გაფაციცებით თვალ-ყურს ადევნებდა დეპუტატების ლაპარაკს. ქალებიც მრავლად იყვნენ კრებაზე და ცხადად ეტყობოდათ, რომ ხალხთან ერთად, ერთის გრძNობით უცემდათ გული. ადგილის სივიწროეზე რომ დაიწყეს ლაპარაკი დეპუტატებმა, აქაც თავი იჩინა გურიის საერთო ჭირ-ვარამმა. ორი ქცევა ადგილი აქვს საშუალო რიცხვით ჯვარცმელ მოსახლეს და იძულებული იყო მემამულეების ადგილებში ემუშავნათ. რასაკვირველია, გამწარებულ მდგომარეობაში ჩავარდა გლეხობა. მოურავები, ხალხის დაუძინებელი მტრები, ეს მუქთა მჭამელა შუამავლები ყველაზე უფრო აწუხებდნენ და სტანჯავდნენ ხალხს. იჯარა ცალკე იყო და მოურავის გადასახადი ქრთამიც ცალკე. საზოგადოდ აქ 15-25 ფუთი სიმინდი მოდის ქცევაზე, და იჯარა - მოსავლის ნახევარია. თუ გლეხი მოურავს ქრთამს არ მისცემდა, იგი დროზე არ მივიდოდა ყანაში შეგროვილ მოსავლის გასაყოფად. სიმინდი დიდ-ხანს ეყარა ყანაში, სჭამდა პირუტყვი და ლპებოდა. ამისთანა გაჭირვებულმა მდგომარეობამ გამოიწვია გლეხთა გაფიცვა, რომლის დროსაც არა მარტო მაზრის უფროსი, გუბერნატორიც მრისხანედ თავს დაესხა გლეხებს, ჩამოიარა სოფლები, სადაც ყაზახების ეკზეკუცია იყო ჩაყენებული, მუშტებს უღერებდა და ემუქრებოდა ხალხს - როგორ თუ გაბედეთ და მემამულეებს ეწინააღმდეგებით, ჯარს დაგასევთ და ძირიან-ფესვიანად აღმოგვფხვრითო.
    შემდეგ მღვდლებზე გადავიდნენ დეპუტატები და საზოგადოდ, როგორც ყველგან, მწარედ ჰკიცხავდნენ ანგარებას და ურცხვ ქცევას, სარწმუნოებით ვაჭრობას. მაგალითები მოიყვანეს, როცა მღვდლები სთხოვდნენ საქორწინო ქალ-ვაჟთ წინ-და-წინ გადაჭრილ ფასს და სანამ არ მისცემდნენ, ჯვარს არ სწერდნენ. მეზობლები ფულს უგროვებდნენ ღარიბ ქალ-ვაჟს და მადა-აშლილ მღვდლებს აძლევდნენ ამ საცოდაობით ამონაწურ ფულს. მოგვაშორეთ მღვდლები თავიდაბ, თხოულობდა ხალხი, არ გვინდა ისინი არც სკოლებში ხალხის განათლებაში, არც საღვთო სჯულის სწავლებაში. ვისაც სურს და ენდობა თავის ხარჯით შეინახოს მღვდლები: მასწავლებლობა მხოლოდ იმას შეუძლიან, ვინც ხალხის ნდობითაა მოსილი. ჩვენ დღეს ქრისტიანი მღვდლები არა გვყვანან - დაასრულეს სიტყვა დეპუტატებმა, - მათ გარყვნეს ხალხი და სარწმუნოება.
    შემდეგ დეპუტატებმა მკაფიოდ, ადვილ-გასაგებად და საბუთიანად მოითხოვეს არა პირდაპირ გადასახადების გაუქმება, კრების, სიტყვის, აზრის, გაფიცვის თავისუფლება, პიროვნების და ბინის ხელ-შეუხებლობა; მოითხოვეს ხალხის არჩეულ პირთაგან დამფუძნებელი კრების მოწვევა; ხალხის ამორჩეული კაცები უნდა ჰმართავდნენ ქვეყანას და ჰნიშნავდნენ მოხელეებსაო (მემამულეები და ხაზინა დიდ ღალას იღებენ და სოფლად ჩვენმა ამორჩეულებმა უნდა დააწესონ ადგილ-მამულის, ტყეებისა და საძოვარ ადგილების ბაჟი); მოითხოვეს მუდმივ ჯარის გაუქმება, რადგან ხალხი არავის არაფერს ერჩის და არ უნდა მუდმივი ჯარიო. თუ ვინმე თავს დაგვესხა, მაშინ ჩვენ თავად შეგვიძლიან გავსცეთ პასუხიო. ყველა წოდება უნდა სწორი იყოს კანონის წინაშე, სწავლა-განათლება უნდა იყოს სავალდებულო, საყოველთაო და უფასო. ქართულ ელნაზე უნდა ასწავლონ ყველა საგნები საშუალო დაბალ სკოლაში და ქართული ენა როგორც საგანი უნდა ასწავლონ უნივერსიტეტში. თუ კაცს თავისი სამშობლო ენა არ უყვარს, და არცა აქვს, სხვებსაც ვერ შეიყვარებსო. რუსეთში 146 სხვა-და-სხვა ერი ცხოვრობსო, უთხრა ამაზე დეპუტატს კრიმ-გირეიმ, და ყველამ რომ თავისი ენა მოითხოვოს სასწავლებლებში? - ყველა დაკმაყოფილებული უნდა იქმნასო, უპასუხეს გურულებმა. რუსული ენა მხოლოდ სავალდებული საგნად უნდა შემოღებულ იქნას სასწავლებლებშიო. შემდეგ დეპუტატებმა მოითხოვეს შემოსავალზე გადასახადის დაწესება იმ წესით, რომ ვისაც 500 მან. ნაკლები შემოსავალი აქვს, არაფერი გარდახდეს. მოითხოვეს პოლიტიკურ დამნაშავეთა განთავისუფლება და დაბრუნება, ჯარის წაყვანა ნატანებიდან, რადგან ხალხი შფოთავს, მუშაობას გული ვერ დაუდვა ამ ჯარის მოლოდინშიო.
    კრებამ კერძო საჩივრით მიმართა კრიმ-გირეის, თავ. ვარლამ ერისთავს უჩიოდა, სამის საზოგადოების სახელით (ამაღლება, ნანეიშვილი და ჯვარცმა): პირობით შეკვრა რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს საინტენდანტოს პროვიანტის მიტანის შესახებ, არ შეასრულა პირობა და სამ საზოგადოებებს 18 ათასი მანეთი გადაახდევინეს. ჩვენთვის არაფერი უთქვამს თავ. ერისთავს, მამასახლისებთან დააწყო საქმე და შემდეგ კი ჩვენ გვატყავდით, ვალში ჩავვარდით და დღემდისაც გვახდევიებენო. კრებამ გამოაცხადა აგრეთვე, რომ მთავრობის მიერ დაყენებულმა მამასახლისმა საზოგადოების ფული გაფლანგა, ანგარიში არ წარმოადგინა და გაიპარა. საკვები თანხა, რომელსაც უკვე 9 წელია, რასაც აგროვებს სოფელი, ვინ იცის ვის ხელშია; შარშან, დიდ შიმშილობის დროს, სოფელმა მოითხოვა ეს თავისი ფული და არაფერი პასუხი არ მიიღო. სოფელმა გამოაცხადა აგრეთვე, უნდა გაგვანთავისუფლოთ მღვდლების სასარგებლოდ გადასახადისაგან (დრამა). როცა ზოგიერთმა მღვდელმა თვითონ განაცხადა სურვილი არ აეღოთ გლეხებისაგან დრამა, მაზრის უფროსმა ძალა დაატანა და გადაახდევინა. უკანასკნელ პირუტყვს ჰყავს მფარველი, - სთქვეს დეპუტატებმა, - ჩვენ კი არავინ გვყავს. ამიტომ ჩვენ თვითონ მოვაწყობთ ჩვენ საქმეს. სანამ ჩვენი მოთხოვნილება დაკმაყოფილებული არ იქნება, არ დავცხრებითო.
    კრება რომ დასრულდა, ხალხმა აჩვენა კრიმ-გირეის ეგრედ წოდებული ხელ-ფეხიანი მუხა, რომელზედაც ძველ დროში მებატონეები დასჯილ ყმების ხელ-ფეხს ჩამოაკიდვინებდნენ ხოლმე.
ი. ნაკაშიძე

მოგზაური, N9, 13 მარტი

გურიის ამბები

 ჯვარცხმის საზ. ჯვარცხმის საზოგადოება მომწყვდეულია ერკეთის, ბასილეთის, ამაღლების და ფარცხმის საზოგადოებებს შუა. ადგილ მდებარეობა უმეტესათ ვაკე, სწორე აქვს. ნიადაგი მწირი, უნაყოფო. ხიდისთავიდან ჩოხატაურში მიმავალი გზა ზე შუაზე გადაჭრის ჯვარცხმის საზოგადოებას.
    აი, ამ გზის პირათ, იქ სადაც „ხელ-ფეხიანი“ მუხა დაყუდებულა, ორი შენობა დგას: ერთი უფრო მოზრდილი და შეღებილი - ორ-კლასიანი სკოლის შენობა გახლავს, მეორე უფრო პატარა და ბნელი - სასოფლო სასამართლო.
    იქვე გზის პირას დაყუდებულ უზარმაზარ მუხას დღესაც „ხელ-ფეხიან“ მუხას ეძახიან. როგორც ერთმა მოხუცმა აგვიხსნა, ეს სახელი თურმე აი როგორ წარმოდგა: ბატონყმობის დროს, როდესაც მოსამართლე მებატონე იყო და გლეხი კაცი ანუ ყმა - უბრალო პირუტყვს ეთანასწორებოდა თავისი უფლებებით, უბრალო დანაშაულობა საკმარისი იყო „მართლ მსაჯულ“ მებატონეს ყმისათვის ფეხი ან ხელი მოეჭრა. ეს სხვების გასაფრთხილებელი ზომა იყო და რომ მეტს ხალხს ენახა მოჭრილი ხელი ან ფეხი, თურმე, აი ამ მუხის ტოტზე კიდებდნენ. აქედან წარმოდგა სახელი „ხელფეხიანი“.
    ამ მუხის ქვეშ პატარა მოედანზე ათასამდე ქალსა და კაცს მოეყარა თავი. ყველა მხიარული და სახე-ნათელი მოჩანდა. დღეს უნდა მთავრობის წარმოგზავნილ კაცთან მოელაპარაკნათ. ჯერ რამოდენიმე პირმა განუმარტა ხალხს მთავრობის მიზანი და ხალხის საჭიროება, რა უნდა მოეთხოვათ ცხოვრების გასაუმჯობესებლათ. მალე კრიმ-გირეიც მოვიდა და ჩვეულებისამებრ ხალხს მიესალამა. საზოგადოებამაც თავაზიანათ უპასუხა. შემდეგ წაკითხულ იქნა გირეის მოწოდება, რასაც ხალხი გულ-გრილათ მიეგება. 
    საზოგადოებამ ამოირჩია თექვსმეტი დეპუტატი და მათ მიანდო ლაპარაკი. საზოგადოთ აქაც იგივე მოთხოვნილებანი წარადგინეს, რაც ყველგან სხვაგან. მთავარი მუხლები ერთი და იგივეა. დაიწყეს მიწის სივიწროიდან. ერთმა დეპუტატმა, მამასახლისათ, ნამყოფმა თქვა: „როდესაც ნახევარი მოსავლის ძლევა გლეხისთვის საზარალო დარჩა და მემამულეებმა კი არა დაუკლეს რა, მაშინ იძულებული გავხდით მემამულის მიწაზე მუშაობა აგვეკვეთა. ბატონებმა მიმართეს მთავრობას. მთავრობამ შეკრიბა ხალხი და 15 დეპუტატი ამოარჩევია. როდესაც დეპუტატებმა თავისი სატკივარი გაამხილეს, ისინი გალანძღეს, მათრახით გვცემეს და ციმბირში გაგზავნასაც კი შეგვპირდნენ, მაშინ როდესაც ჯაფარიძე უბრძანებდა სტრაჟებს: „დაკარით, დაკარითო“, პრისტავი კვიტაშვილის ცოლი შეეხვეწა: „ნუ ცემთ, ცოდვა არიანო“, მაგრამ გრძნობიდან გამოსულ კაცს რაღას შეასმენდა“.
    ბ-ნ კრიმ-გირეის ძლიერ ეუცხოვა ეს მოვლენა „ქალის თხოვნა როგორ დატოვეს უყურადღებოთო“ და მართლა ხალხის გამათრახება ნება დართულია, მარა მანდილოსანის თხოვნა? აქ საქმე უთუოთ „პრინციპზეა“ და ხასიათის სიმტკიცე უბრალო საქმე როდია.
    შემდეგი მოთხოვნილება საზოგადო ხასიათისა იყო, როგორც მოგახსენეთ, სახელდობ:
    1. მესაკუთრე გლეხებისათვის უსამართლოთ წართმეული ფულების დაბრუნება
    2. დროებით ვალდებულთა განთავისუფლება უფასოთ, თავის ნადელიანათ
    3. სახაზინო გლეხების ნადელების საკუთრებათ გადაცემა
    4. საეკლესიო, სამონასტრო და საუფლისწულო მამულების ჩამორთმევა
    5. გადასახადების შემოსავლის კვალობაზე გაწერა, 500 მანეთზე ნაკლები შემოსავლიანი ოჯახების განთავისუფლება
    6. ფარული გადასახადების და ბაჟების მოსპობა
    7. ეკლესიის გაშორება სახელმწიფოსაგან
    8. სავალდებულო უფასო სწავლა 16 წლამდე
    9. სიტყვის, ბეჭდვის, კრების და გაფიცვის თავისუფლება
    10. პიროვნების და ოჯახის ხელ-შეუხებლობა
    11. პასპორტების მოწმობა
    12. მუდმივი ჯარის მოსპობა
    13. ნაფიცი მოსამართლეები და სახელმწიფო მოხელეთა პასუხის გება
    14. ადმინისტრაციული წესით გადასახლებულთა დაბრუნება
    15. დამფუძნებელი კრების მოწვევა
    ყველა ეს მუხლები ჯეროვანი მჭერმეტყველებით გადაცეს დეპუტატებმა თარჯიმანს. 
    მოლაპარაკების დასასრულ სულთან კრიმ-გირეის წარუდგა აზ. ლადიკო ბერიძე და მოახსენა რომ კერძოთ მე, როგორც მამულის პატრონს, მინდოდა გლეხთა მოთხოვნილება დამეკმაყოფილებია, მარა მთავრობამ ძალა დამატანა და უარი მათქმიაო.
    ბოლოს ხალხს გამოუცხადეს: კერძო საჩივრები ვისაც გაქვთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და პირადათ მოახსენოთო, მარა მსურველი არავინ გამოჩნდა. 
    ამგვარივე მოთხოვნილებები წარადგინა ერკეთის საზოგადოებამაც 1 მარტს. ყრილობას 2000 კაცი და ქალი დაესწრო. ხალხის აღფრთოვანება და სულიერი განახლება ყველგან ერთგვარია. ყველას სახეზე თავ-განწირვის სურვილს ამოიკითხავ. ეს ხალხი სრულად აღარ გავს იმას, რაც ერთი წლის უკან მინახავს. წვერ-თეთრა მოხუცი და ულვაშ-ამწვანებული ჭაბუკის გული თითქმის ერთნაირი მოუთმენლობით ძგერს. ცხოვრება იცვლება. გარდამავალი ხანაა.

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...