Skip to main content

სამსონ ფირცხალავა გურიის რესპუბლიკის შესახებ

სამსონ ფირცხალავას წერილი (ფსევდონომით „სიტყვა“) მოკლედ აჯამებს 1902-1904 წლებში გურიის გლეხთა მოძრაობას. წერილი გამოქვეყნდა ცნობის ფურცელში N2753, 1905 წლის 24 თებერვალს

გურიის ამბები*

საზოგადო ცნობები

    დღევანდელი მოძრაობა გურიაში დაიბადა პირ-და-პირ ეკონომიურ ნიადაგზე, რასაც ნათლად გვიმტკიცებს მოძრაობის მოკლე ისტორიული განხილვა: მიწის სიცოტავე, დიდი იჯარის ფასი, მძიმე გადასახადები, დრამის ფული - აი რაზე აღორძინდა უკმაყოფილება. მოძრაობა დაიწყო მოუსავლობის დროს და უპირველესად იმ ადგილებში, სადაც ხალხი ყველაზე უფრო გაჭირვებული იყო. მეტად მოუსავლიანი იყო 1901-1902 წლები. ქცევა ძლივს იძლევოდა 10-15 ფუთ სიმინდს, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი ქცევა იძლევა 40-60 ფუთს. მოუსავლობას სრულიად არ მიაქციეს ყურადღება და გლეხებისაგან თხოულობდნენ წინანდელ ღალას. გლეხი იძულებული იყო საკუთარის ადგილის შემოსავლისაგან ან ფულით დაეკმაყოფილებინა მემამულე და ვინც არ გადაიხადა ღალა, იმას დაუყოვნებლიც დავა აუტეხეს სასამართლოში საზოგადოდ გურიაში იჯარა მეტად შემავიწროვებელია გლეხისათვის.
    არსებობდა ორ-ნაირი სისტემა იჯარისა: ზოგიერთ ადგილებში მიწა იცემოდა 12-25 ფუთ სიმინდამდე საღალოთ, იმისდა მიხედვით, თუ სად როგორი მოსავალია; მოსავლიან წლებში შეიძლება რამე კიდევ დარჩენოდა გლეხს, მაგრამ მოუსავლიან წელს იგი მთლად ხელ-ცარიელი რჩებოდა და ხშირად თავისასაც ადებდა. მეორე სისტემა იყო შეფასების სისტემა, ე.ი. მემამულის მოურავები ჩამოუვლიან ყანებს და რასაც დაადგენენ, გლეხმა ის უნდა გადაიხადოს. ამავე დროს საჭირო იყო მოურავის მოქრთამვა, თორემ ისე გლეხს ორი წილი გადახდებოდა; გარდა იჯარის ფასისა, არსებობდა გადასახადი საძოვარ ადგილებისათვის, და ეგრედ წოდებული „სალეჟრობო“. „სალეჟრობო“ პირველად დაწესდა ახალ, უყ მიწაზე, მაგრამ მერე დარჩა ყველა მიწაზე. ამისათვის იხდიდა ცალკე გადასახადს ყოველ ქცევაზე. მერე კი „სალეჟრობო“ სრულიად უსამართლო შეიქმნა, რადგან ყველა ადგილები გაიკაფა.
    მოძრაობა დაიწყო ერთსა და იმავე დროს 1902 წ.: ს. ხიდისთავსა, ნიგოითსა, ჩოჩხათსა და გურიანთის სოფლებში. ხიდისთავში ყველაზე უფრო გაჭირვებულია გლეხობა მიწის სივიწროვით. სოფლელები ისე მჭიდროდ არიან დასახლებულნი, რომ ხიდისთავი ქალაქს მოაგონებს კაცს, ერთ ქცევაზე 4 მოსახლე სახლობს. აქ აცევა ადგილი 600-800 მანეთამდე ღირს. მამაკაცები თითქმის ყველანი გარედ არიან გასულნი საშოვარზე. ვინც სახლში რჩება, ის თავს უმთავრესად იმით ირჩენს, რომ სხვა-და-სხვა ხელობას მისდევს. საიჯარო მიწებიც ძლიერ ცოტაა ხიდისთავის მიდამოებში და გლეხები იძულებულნი არიან, შორს წავიდნენ მიწის ასაღებად 10-20 ვერსტამდე. გლეხებს არა ჰყოფნით მოსავალი და ყიდულობენ სიმინდს. მაგრამ უბედურება ისაა, რომ პირდაპირ მწარმოებლებისაგან ვერ ყიდულობენ სიმინდს და სხვა-და-სხვა ჩარჩებს უვარდებიან ხელში.
    ნიგოითში გლეხს ორი ქცევა თუ აქვს, მეტი არა. ადგილების მეტი ნაწილი ეკუთვნის მემამულეებს, რომელთაც თავისი მამულები 1895 წ. დააგირავეს სახელმწიფო ბანკში, სულ 1200 დესეტინა (230 000 მან.), და ამდენივე ქუთაისის საადგილმამულო ბანკში. ამ გარემოებამ გამოიწვია, რასაკვირველია, იჯარის ფასის მომატება: გლეხს უნდა მიეცა საზრდო მემამულესათვის და გაესტუმრებინა ბანკის ვალიც. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნიგოითელი გლეხები ძლიერ ჰყავდათ დაბეჩავებული (დალახვრული) მემამულეებს და გლეხებმა უკანასკნელ დრომდის ვერ მოახერხეს დროებით ვალდებულობისაგან განთავისუფლება.
    გურიანთელ გლეხების მდგომარეობა უარესდებოდა კიდევ იმით, რომ აქ მემამულეების რიცხვი დიდი იყო და გლეხები უფრო იჩაგრებოდნენ. მემამულენი ატყუებდნენ გლეხებს მიწის მიზომის დროს, ატყუებდნენ საწყაოში საიჯარო სიმინდის მიღების დროს. გარდა ამისა მემამულე წინდაწინვე გაჰყიდიდა საიჯარო სიმინდს და გლეხი იძულებული იყო ვაჭრისთვის ჩაეტანა სიმინდი 20-25 ვერსტზე. გურიანთაში მომხდარა ამისთანა ამბავი: მიწა ყანიანად წაიღო წყალმა და მემამულემ პოლიციის შემწეობით მაინც წაიღო საიჯარო ფასი....
    ამას ზედ დაერთო უკმაყოფილება მღვდლების წინააღმდეგ, რომელნიც სრულებით არ შედიოდნენ გლეხების მდგომარეობაში და კიდევ მეტს თხოულობდნენ, ვიდრე წინად. გარდა სადრამო ფულისა გლეხს უნდა გადაეხადა ახლა სამარხი - 15 მან., ჯვარსაწერი - 15 მან. ნათვლა ზიარება და სხ. მღვდელმოქმედება - 5 მანეთამდე.
    სახელმწიფო გადასახადებმა მოიმატა; განსაკუთრებით მძიმედ დააწვა გლეხს კისერზე სააქციზო გადასახადი: გურიაში იზაბელას ღვინო მოდის მხოლოდ, რომელიც მალე ფუჭდება და ამიტომ გურულები ამ ღვინიდან არაყს ხდიან. ბოლო დროს სააქციზო გადასახადი ისე გადიდდა, რომ გლეხისთვის ყოვლად შეუძლებელი გახდა არაყის გამოხდა.
     როგორც ზევით ვთქვით, გურიის გლეხთა დიდი ნაწილი გარედ მიდის სამუშაოდ, უფრო ბათუმს. 1902 წელს ბათუმში გაფიცვა მოხდა და მრავალი მუშა გაიგზავნა სოფლებში. ამან კიდევ უფრო გააძვირა ცხოვრება და გააძლიერა უკმაყოფილება.
     ამ ნიადაგზე აღმოცენდა მოძრაობა. რასაკვირველია, შეუძლებელი იყო დღევანდელი მოძრაობა გურიაში, რომ ხალხი არ იყოს გონიერი, ცოცხალი ბუნების და შედარებით დაწინაურებული განათლების მხრივ. 1902 წლის მაისში მაჭუტაძის მოურავმა სოფ. ნიგოითში დაუჭირა გლეხებს საქონელი და მოსთხოვა საბალახო ფული. გლეხებმა უარი უთხრეს და საქონელიც გააშვებინეს. მემამულემ მიჰმართა პოლიციას , რომელმაც დაიჭირა რამდენიმე კაცი, როგორც მეთაურნი „ამბოხებისა“. ამ ამბავმა ძლიერ შეძრწუნა სოფლელები, რომელთაც დაინახეს პოლიციის მოქმედებაში მემამულის დაცვა და მათი აბუჩად აგდება.
     ამავე დროს ზემო დასახელებულის სოფლების გლეხებმა წარუდგინეს მემამულეებს ახალი, გლეხებისათვის შეღავათიანი, საიჯარო პირობები. მემამულეებმა მიჰმართეს პოლიციას, რომელმაც ხელახლა დაატუსაღა ახალი „მეამბოხენი“. ქუთაისიდან ჩამოვიდა გუბერნატორი საქმის გამოსაძიებლად, რომელსაც ჩოჩხათის საზოგადოებამ წარუდგინა შემდეგი მოთხოვნილებები: 1) მოისპოს არსებული წესი ღალისა, გაიცეს უფრო შეღავათიანის პირობებით, 2) მოისპოს საბალახოზე გადასახადი, 3) მოისპოს არაყზე აქციზი, 4) სასოფლო გზების კეთება და ეკკლესიების დარაჯობა სავალდებულო იყოს ყველა წოდებისათვის, 5) მიწის გამიჯვნის გადასახადები გადახდეს ყველა წოდებას, 6) მოისპოს დრამა-ფული. ამგვარი მოთხოვნილებები წარუდგინეს გლეხებმა სხვაგანაც. მაგრამ გლეხების თხოვნა არავინ განიხილა და ამის მაგიერ დატუსაღებულ იქნენ მათი წარმომადგენელნი
    ამის შემდეგ უფრო და უფრო გაძლიერდა რეპრესიული ზომები გლეხების წინააღმდეგ, ჩაუყენეს ეგზეკუცია. არავინ არ ფიქრობდა მათის ინტერესების და მშვიდობიანად, სამართლიანად საქმის გაკეთებას. გლეხებსა და მემამულეთა შორის უთახმოება უფრო გამწვავდა, რასაც ხელს უწყობდა პოლიცია. 1903 წელს მთელის გურიის გლეხობა გაიფიცა და არავინ არ აიღო იჯარით თავად-აზნაურობის მიწები. ამის შედეგი იყო უფრო მეტი გაჭირვება და შევიწროვება.
    ამ მოძრაობის დროს გლეხებისათვის სრულიად მოისპო სასამართლო, არც ერთი მათი საქმე, არც ერთი შეტაკება მემამულეებთან არ გადაეცა სასამართლოს: ყველაფერს სწყვეტდა და არჩევდა მარტო ადმინისტრაცია. გლეხები უკმაყოფილონი იყვნენ სასამართლოსი, რომელიც სწარმოებდა გაუგებარ ენაზე და უცხო კაცების მიერ, მაგრამ ასეთი სასამართლოც-კი მოისპო მათთვის.
    აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 1902 წელს ადმინისტრაციის განკარგულებით დაიხურა ყველა ბიბლიოთეკა (12), რადგან წიგნებს და გაზეთებს აბრალებდნენ მოძრაობის აღორძინებას და განვითარებას....
    ამგვარად გაიზარდა და გაფართოვდა მოძრაობა, რომელიც პირველად შეიცავდა უბრალო ეკონომიურ მოთხოვნილებებს. მოძრაობის დროს გლეხობას თან და თან დაეკარგა პოლიციის და სასამართლოს პატივისცემა და ნდობა, უარჰყო ერთიც და მეორეც, როგორც გამოუსადეგარი, დაიარსა თავისი სამართალი და გამგებლობა. ამასთანავე წინ წამოაყენა უფრო ფართო ეკონომიური მოთხოვნილებები

აი, მოკლედ და გაკვრით ის გზა, რომელიც გაიარა გურიის მოძრაობამ.
სიტყვა
ოზურგეთი, 20 თებერვალი
 

    *გურიის ამბებისა და იქაურ მოძრაობის ვრცლად და დაწვრილებით შესასწავლად და საზოგადოებისათვის გასაცნობად, ჩვენმა რედაქციამ გურიაში გაჰგზავნა ორი თავისი თანამშრომელი. დღეს იბეჭდება ერთ თანამშრომლის პირველი წერილი. რედ.

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...