ქალაქ ოზურგეთში ძველი ნაგებობის, სავარაუდოდ აბანოს ნაშთები აღმოაჩინეს 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს. მაგრამ აბანოების ამ ადგილას არსებობის შესახებ მანამდეც ცნობილი იყო. 1812-14 წლებში ქალაქის ცენტრში, დაახლოებით დღევანდელი მუზეუმის ტერიტორიაზე მამია V გურიელმა გურიელთა ნასახლარზე, ძველი გალავნის შიგნით ახალი სასახლე ააგო . მანამდე მამია V გურიელი სოფელ უჩხუბში ( დვაბზუს საზოგადოება ) ცხოვრობდა. მანვე, სავარაუდოდ, სასახლის მახლობლად ააშენა ან განაახლა უკვე არსებული აბანო. აბანო ჯერჯერობით ზუსტად დათარიღებული არ არის. არქეოლოგებმა ის სავარაუდოდ XVII საუკუნის დასაწყისს მიაკუთვნეს, თუმცა აბანოს შენობის სტრუქტურა (ანფილადური განლაგება) არ ჰგავს საქართველოში არსებულ სხვა, XVII საუკუნის აბანოებს და ჰგავს გვიანი ანტიკური პერიოდისა (I-II სს) და ადრეფეოდალური ხანის (V-VI სს) აბანოებს. ამიტომ აბანოების ნაშთებს დამატებითი შესწავლა სჭირდება. ამ ნანგრევების ახალმა დათარიღებამ, შესაძლოა, გადაწეროს ოზურგეთის ისტორია. გურიელის სიკვდილისა და გურიის რუსე...