გურიის ამბები ნიგოითის კრებაზე წინ წამოდგა ერთი დეპუტატთაგანი, 70 წლის, მხნე შესახედაობის მოხუცებული კაცი და შემდეგის სიტყვებით მიმართა კრიმ-გირეის. „მე კარგად მახვოს ბატონ-ყმობა. 8 წლის ვიყავი, როცა ბატონმა წაართვა ჩემი თავი მშობლებს და მიმსახურებდა. მაშინ ხომ სამართალი ბატონის ხელში იყო. ბატონი მამა ჩემს ყოველ წელს ახდევინებდა ერთ ძროხას, 4 საწყავ ღვინოს (საწყავი - 2 ფუთია), 12 ქათამს, ბატონის ეგრედ წოდებულ ქორისა და მიმინოს ქათმებს. უნდა ეხადა აგრეთვე „სალიანის“ (ეს სიტყვა ვერ ახსნა დეპუტატმა) ფული 20 კაპ. წელიწადში. თვითეულ მუშა კაცს, რომელიც ოჯახში დარჩებოდა, უნდა მიეცა ბატონისათვის წელიწადში 10 ფუთი ღომი. კომლზე აგრეთვე 10-მანათიანი ღორი უნდა მიეცათ ბატონისათვის გლეხებს. გლეხები მსახურიშვილებად და უბრალო გლეხებად განიყოფებოდნენ. მსახურიშვილობა უფრო საპატიო იყო. მოსამსახურეები, შინა-ყმანი ბატონს მსახურიშვილ გლეხთა ოჯახებიდან მოჰყავდა. გლეხებს უნდა ეხადათ აგრედვე „საციხო ღომი“, ბატონის ციხის საჭიროებისათვის, კომლზე 1 ფუთი. ბატონი თავის ცხენებს ჩაუყენებდა ხოლ...