გურიის ამბები
სოფ. ნანეიშვილისოული.
ნანეიშვილისოულის საზოგადოება გურიის, ანუ უკეთ რომ ვთქვათ ოზურგეთის
მაზრის განაპირა კუთხეა და ქუთაისის მაზრისაგან პატარა მდინარე ხეისწყალა
ყოფს. ყოველი მხრიდან მთებით შემოზღუდულია ეს პატარა ადგილი. ნიადაგი
უნაყოფო არის; უმეთეს ნაწილათ უსწორ-მასწორო. ყურადღების ღრსია სკოლის
შვენიერი შენობა. ჯერ არსად არ გვინახავს გურიაში ასეთი სრული და ნათელი
სკოლის ოთახები. ეს შენობა სოფელს 8000 მანეთათ დაჯდომია. ხალხი, როგორც
ყველგან გურიაში, ისე აქაც უკიდურეს სიღარიბეშია ჩავარდნილი.
სამინისტრო
სკოლის წინ ორი ათასამდე ქალსა და კაცს მოეყარათ თავი. ასე, ნაშუადღევის
პირველი საათი იქნებოდა, კრება დაიწყო. კრიმ-გირეის თარჯიმანმა წაუკითხა
ხალხს მოწოდება „მოგესალმებით, გურიის შვილნო...“ რის შემდეგ ამოირჩიეს 12
დეპუტატი. დეპუტატები გაბედულათ და მჭერმეტყველურათ ასრულებდნენ თავისს
დანიშნულებას.
I
ხალხის წარ. ისეთი ბედნიერი წამი ჯერ არ გამოგვიცდია, რომ ჩვენს ძმებთან
ასე თავისუფლათ და გულახდილათ ლაპარაკი შეგვძლებოდეს. გვახსოვს მხოლოთ ის,
რა მწარე საჩუქარს მივიღებდით ხოლმე ასეთი ყრილობისათვის სხვა დროს და თუ
ახლაც ძველი წესი დაცული იქნება, მაშინ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ.
ამაზე
გირეიმ ისეთივე პასუხი მისცა, როგორც სხვაგან ე.ი. ჩემს აქ ყოფნის დროს
თქვენ არაფერი შეგეხებათ, მაგრამ თუ ჩემს წასვლის შემდეგ ვინმე დაიჩაგროს
ამისათვის, მაცნობეთ და დახმარებას აღმოუჩენო.
ხალხ.
წარ. ახლა მოგიყობით. ჩვენს საზოგადოებაში 500 კომლამდე გლეხი კაცი
ცხოვრობს. ჩვენი უმთავრესი გასაჭირი-კი მიწის უქონლობა არის. მთელი ის
კარგი მამულები, რომელსაც თქვენ ხედავთ დაბლობში, ერისთავების საკუთრებას
შეადგენს. გლეხებს აი ის ხრიოკი ფეროები ეკუთვნის. ერთი სიტყვით ყველა
კარგი მიწა მემამულეს ხელშია. გლეხის ქცევაზე ათი ფუთი სიმინდი არ მოდის და
რა უნდა გაუკეთოს ორმა სამმა ქცევა ასეთმა მამულმა? იშვიათია ისეთი გლეხი,
რომელსაც შვიდ სულზე ნაკლები სარჩენი ყავდეს. მეტი კი ბევრს. ახლა არ
იკითხავთ, როგორ გაუძღვეს ამ ოჯახს? მებატონეს ყავს მოურავი; თითონ ხომ არ
დაჯდება მამულში? ეს მოურავი ჯერ თავის სასარგებლოთ ატყავებს ხალხს და
ქცევაზე მანათ-ნახევარს და ან ორ მანეთამდე ახდიებს. არ მისცემ და ადგილზე
ხელი უნდა აიღო. შემდეგ მებატონე დაგიდებს ისეთ პირობას, რომლის შემდეგაც
მუშა კაცი ხელ-ცარიელი რჩება. ჩვენი მუშა, ჩვენი კაკალი, ჩვენი ხარები და
მოსავლის ნახევარი ბატონს უნდა მიართვა, ამ ორი მანეთის გარდა, რომელიც
მოურავს მიეცი. კიდევ კარგი დროზე თუ გაგირიგა, თვარა ხანდისხან იმდენს
გაცდიებს, რომ შენი საკუთარი ქონება დაგეკარგება და სულ ხელ-ცარიელი
დარჩები. ჩალაც, ლობიოც, სიმინდიც შინ უნდა მიუტანო. მე ერთხელ ჩალა არ
ამაზვინინა ხეზე „გახმება ხეიო“ და შინიდან მივუტანე საზვინე ხეი ზურგით.
მთავრ წარ. ყველა მემამულეს ასეთი მცარცველი მოურავი ყავს?
ხალხ.
წარ. ყველა ერთია, ბ-ნო, მცარცველი და სისხლის მსმელი. ახლა ქვევით: თითო
ძროხა ან თხაი ჩვენშიაც ყავს ვისმეს. ვსთქვათ, საქონელი ჩევიდა ამ
ნაჩალევში, სადაც მე ყანა მქონდა, მოურავი მაშინვე დააჭერინებს და ეგრეთ
წოდებულ „ნაბაწრს“ ხუთ შაურს სულზე გადაგვახდიებს. პირიც რომ არაფრისთვის
მოეკრას, ბაწარის დაბმა თუ მოასწრო „ნაბაწრი“ მაინც მიაქვს. თქვენ
განათლებული კაცი ბრძანდებით და გკითხავთ: ამაზე უფრო გამწარებული ცხოვრება
კიდევ შეიძლება? განა ამას სიკვდილი არ ჯობია? თუ მემამულე კარგი თვალით
გიყურებს, მაშინ კიდევ კარგი, მაგრამ თუ აგითვალწუნა, სადღა მიდიხარ?
მამულები ეკლესიასაც და მონასტრებსაც ბევრი აქვს. ყველგან ჩვენი
მცარცველები არიან ჩამსხდარნი. ოცი ვერსის სიშორეზე მივდივართ ადგილის
საყანეთ ასაღებათ. ამის შემდეგ განა კიდევ დამტკიცება უნდა ჩვენს
გაჭირვებას? აი თუ გსურთ, მოგითხრობთ ერთ ამბავს: გაბილაი კიკვაძე ვარლამ
ერისთავის დროებით ვალდებული გლეხი იყო. რაცხა ერთი ქცევა მამული ქონდა
იმისი. ერისთავმა შეუთვალა ან აიბარგე მაქედან, ან 150 მანეთი გადაიხადე და
თავი გამოიყიდეო. 150 მანეთი ადვილი სათქმელია, მარა გლეხს სად შეუძლია
იმისი გადარჩენა? მივედით და ვთხოვეთ ბ-ნ ერისთავს არ ჩაედინა ასეთი საქმე,
მარა ახლოც არ გეიკარა ჩვენი თხოვნა, რაღას იზამდა საწყალი კიკვაძე,
გაყიდა რაც რამ ებადა, შვიდი თუმანი კიდევ ისესხა და მიართვა ერისთავს.
იმან დაუწერა ფულის მიღების კვიტანცია, ნამდვილ ნასყიდობის საბუთს მერე
მოგცემ, ახლა არ მცალიაო. მივედით ერთხელ, მივედით მეორეჯერ, მესამეჯერ,
თქვენც არ მომიკვდეთ. დრო არა მაქვს, დრო არა მაქვსო. ასე გავიდა ორი
წელიწადი. ამ ხანებში მას ნაჩალნიკი დადიშქელიანი ეწვია. შევჩივლეთ იმას,
იმან მიროვოი პოსრედნიკთან მიგვასწავლა. მიროვოი პოსრედნიკს მივადექით,
იმან ვარლამ ერისთავთან გაგვისტუმრა და ამასობაში გაბილა კიკვაძე ქე მოკდა.
დარჩენ საწყალი უპატრონო ობლები, გაყიდეს ყველაფერი უსაჭიროესი რაც
ებადათ, რომ რამე ნაირათ ვალის ნამთავნი გაესტუმრებიათ. ახლა ცოლი იმისი
ვიღაცას მოსამსახურეთ უდგას, შვილებიც მოჯამაგირეთ არიან და გაბილა
კიკვაძის ოჯახი აღარ არსებობს. ასეთი არის ჩვენში სამართალი.
მთავრობის
კაცები ყოველთვინ მემამულის და მჩაგვრელების მხარეს არიან, ჩვენ შემწე
არავინ აღარ გვყავს. ამიტომ მოვითხოვთ, რომ გლეხებს და მემამულეებს შორის
ატეხილი უთანხმოება გლეხთაგან არჩეულმა კომიტეტმა მოაწესრიგოს. მე ის
მოგახსენეთ, რაც საკუთარი ჩემი თვალით მინახავს. ჩვენს ყოფაში ცხოვრებას
სიკვდილი სჯობია. ბატონ-ყმობა ამასთან შედარებით ბედნიერება იყო.
II
ხალხის წარ. როდესაც ჩვენ მოგვეცა ასეთი ბედნიერი შემთხვევა სახალხოთ
ვაღიაროთ ჩვენი გასაჭირი, მე მივაქცევ ყურადღებას შემდეგ გარემოებას:
ჩვენში სამი სიის გლეხებია: მესაკუთრე, დროებით ვალდებული და სახაზინო.
ჩვენ, მუშა ხალხს, ქვეყნის მარჩენალს და ყოველგვარი სიმდიდრის შემქმნელს;
ჩვენ, გლეხ-კაცებს, რომლის ზურგზეც შემსხდარან ამდენი მუქთა ხორები, რატომ
არ უნდა გვქონოდა საკუთრების უფლება იმ მიწაზე, რომელსაც უხსოვარი დროიდან
ჩვენი წინაპრები ამუშავებდნენ? მიწა გლეხის საკუთრება რატომ არ უნდა
ყოფილიყო? ნუ თუ ღმერთმა იმიტომ გააჩინა მიწა, რომ ის მარტო ბატონებს
მიესაკუთრებია? ასეთი უსამართლობა გაგონილა? ჩვენ ახლა მესაკუთრეები ვართ,
მარა ის ჩვენი მიწები მამა-სისხლათ ავალებული ფულით გვაქვს შეძენილი. ახლა
დავინახეთ, თუ რა უსამართლოთ წაურთმევიათ ჩვენთვის ის ფულები, როგორ
ეშმაკურათ მოუყიდიათ ჩვენთვის ჩვენივ საკუთრება და ამიტომ მოვითხოვთ, რომ
ასე ქურდულათ და უსინდისოთ წართმეული ფულები უკანვე დაგვიბრუნონ. ამას
მოითხოვს სამართალი და პატიოსნება.
დროებით
ვალდებულნი ხომ ჯერაც ყმები არიან? იმათ არ გადაუხდიათ ფული იმაში, რაც
მათი საკუთრება არის და აღარც გადაიხდიან. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ისინი
განთავისუფლებულ იქნან თავისი ნადელებით და ამაში ერთი გროშიც არ
მოეთხოვოთ.
სახაზინო
გლეხებიც გაჭირვებასა და მონობაში არიან. იმათ არა აქვთ უფლება თავისი
ნადელებით სურვილისამებრ ისარგებლონ. არ შეუძლიათ იმის გაყიდვა, არც
დაგირავება, არც გადაცვლა. გლეხის გასაჭირი ვინ იცის რას მოითხოვს! ამიტომ
ჩვენ მოვითხოვთ, რომ სახაზინო გლეხებსაც კერძო საკუთრებათ დაურიგდეს ის
მამულები, რომლებსაც ისინი უფლობენ და ამუშავებენ.
მთავრ.
წარ. არ გეშინიათ, რომ როდესაც სახელმწიფო ნადელების გაყიდვის ნება
გექნებათ, მევახშეების ხელში გადავა თქვენი მამული? ეს ასე მოხთა მაგალ.
რუსეთში
ხალხ.
წარ. მაგისათვის ნუ შეწუხდებით, ჩვენ მოვუართ ჩვენს მამულებს და
მევახშეებს არ ჩაუგდებთ ხელში. ამას გარდა გლეხობა ყველას დაჯაბნებული
ყავს: გზის კეთება, ყარაულობა, მუქთა ხორა ჩინოვნიკების უკან დევნა და
სამსახური, მარტო გლეხს აწევს კისერზე. რატომ მერე? იმიტომ რომ ითმინა,
ითმინა და ქი შეაჯდენ ზურგზე.
მთავრ. წარ. კანონის ძალით გზები ყველა წოდებამ უნდა აკეთოს.
ხალხ.წარ.
რას ბძანებთ! სათ გაგონილა ჩვენში ამისთანა კანონი?! თუ კაი კანონი რამეა,
იმას ქე მალავენ, ხალხმა არ გაიგოსო. უთხარი ერთი ჩვენ აზნაურს: გზის
კეთებაზე მომეხმარეო და ნახავ რას გეტყვის. კანონით კი თურმე, გზაი ყველამ
უნდა აკეთოს.
ეს
სულ იმის ბრალია, რომ ერთისთვის თავადი დაურქმევიათ, მეორისათვის -
აზნაური, მესამისათვის - სასულიერო წოდება; ესენი უნდა იჯდენ უსაქმოთ და
გლეხ-კაცები იმსახურონ. უწინ ჭკუა დაბნელებული გვქონდა და ავს კარგიდგან
ვერ ვარჩევდით. თავ-წაღუნული ვემსახურებოდით ამ უსაქმო ხალხს და ჩვენი
ოფლით ვარჩენდით. ახლა გონება ცოტა გაგვინათლდა, უსამართლობა დავინახეთ. ეს
წოდებები რომ არის, უნდა მოისპოს, უეჭველათ უნდა მოისპოს. არ უნდა იყოს
ქვეყანაზე არც თავადი, არც აზნაური, არც გლეხი. უნდა იყოს მარტო თავისუფალი
ადამიანი, და საზოგადო საქმის გაკეთებაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
კანონის, სამართლის წინაშე ყველა კაცი თუ ქალი თანასწორი უნდა იყოს; ამას
მოვითხოვთ ჩვენ გლეხები, რომლებმაც ამდენი გასაჭირი და უსამართლობა
ვითმინეთ.
III
ხალხის წარ. რაც ჩემმა ამხანაგმა სთქვა, ყველაფერი ჭეშმარიტია, მარა ჩვენი
გასაჭირი მარტო ამით არ თავდება. მე ახლა გადასახადებზე მოგიყვებით: ჩვენ
ისე ბევრი გადასახადები გვაწევს კისრათ, რომ იმას ჩვენი ქონების პატრონი კი
არა, ნამდვილი მემამულეც ვერ აიტანს. ჩვენ ვინახავთ სკოლას, რაშიაც
გვეხარჯება წლიურათ 1200 მანეთი, სოფლის მწერალს, იასაულს და ყარაულს 800
მან, ჩინოვნიკების ცხენების შენახვა 500 მან., ოზურგეთის სამეურნეო სკოლა
300 მან, მაღაზიის ფული 90 მან. და ამას დაუმატეთ სახაზინო და საეკლესიო
გადასახადები. ერთი მითხარით, როგორ გაუძლოთ ამას? რამდენი უსამართლობა
ხდება ამ ფულების აკრეფის დროს, ეს ყველას გაეგონება. ჩვენ ვეღარ ვზიდავთ
ამ გადასახადებს. ის უსამართლოთ არის განაწილებული. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის
პირები, რომელთა შემოსავალიც 500 მანეთს ჭარბობს იხდიდენ გადასახადს, ხოლო
ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვს - განთავისუფლდეს სრულიად გადასახადისაგან.
ახლა კი იგენს ხდიან სულს, ვისაც ლუკმა ჭადი ენატრება და მდიდრებს არაფერს
არ ახდევინებენ. ეს გადასახადი შემოსავლის დაგვარად გლეხთაგან ამორჩეულმა
პირებმა უნდა გაანაწილონ, თვარა მდიდრები მდიდრების სასარგებლოთ მოაწყობენ
კიდევ საქმეს.
მეოთხე
წარმომად. ამ გადასახადებს გარდა რომელიც ჩემმა ამხანაგმა ჩამოთვალა, ჩვენ
კიდევ გვაქვს სხვა გადასახადები, რომლებსაც კაცი ადვილათ ვერ დაინახავს.
ეს ფარული ანუ არა პირდაპირი გადასახადია. ღარიბისათვის საჭირო ნივთი თუ
კია რამე, ყველაზე არის თურმე ასეთი გადასახადი დაწესებული მაგალ. ნავთზე,
შაქარზე, ჩაიზე, თუთუნზე, სპიჩკაზე და სხ. ასეთი ფარული გადასახადი რომ არ
ედვას, ნავთი ჩვენში ეღირებოდა გირვანქა კაპეიკათ, შაქარი, გირვანქა 6
კაპეიკათ, სპიჩკა - კოლოფი ნახევარ კაპეიკათ და სხ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს
ფარული გადასახადი უთუოთ მოისპოს და ხალხს შეეძლოს ხელ-მისაწვდომ ფასათ
საჭირო საქონლის ყიდვა.
მეხუთე
წარმომადგენელმა მშვენივრათ დაასურათა მღვდლების საქციელი და წარმოადგინა
ხალხის სახელით მოთხოვნილება ეკლესიის სახელმწიფოდან ჩამოშორების შესახებ.
„მღვდელი იმან შეინახოს ვისაც ამის სურვილი აქვს და ვინც იმის ლოცვა
კურთხევას საჭიროებსო“.
მეექვსე
წარმომადგ. თქვენ მოგვმართეთ „ბევრი ტანჯვა და გაჭირვება მოგითმენიათ,
გურულებო, და ახლაც მოითმინეთ ცოტაო“. კარგია მოთმენა, მარა ჩვენ მოთმინება
დავკარგეთ. ჩვენ ჩვენი მთავრობისაგან არავითარ სიკეთეს არ მოველით. განა
თქვენ ჩვენზე უკეთ არ მოგეხსენებათ, რომ ის ერთი დიდებული პირი, რომელიც
მარტო თავისი ნების და სურვილისამებრ განაგებს მთელ სახელმწიფოს, ჩვენსკენ
არ იხედება? ის ხელი ხელ ჩაკიდებულია ჩვენს მტრებთან, ის სცემს კანონებს და
ჩვენს გასაჭირს არ კითხულობს. თქვენც კარგ-კარგ სიტყვებს გვეუბნებით, მარა
არა გვაქვს იმედი. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილება
არსებული წეს წყობილების დანგრევას ნიშნავს. დიახ, ვიცით ეს და გამარჯვების
იმედიც გვაქვს. ჩვენს გულში შიში არ არის, რადგან ჩვენი სურვილი და
მოთხოვნილება სამართლიანია. აი შეხედეთ ამ სახლს. ის მუშის გაკეთებულია.
ჯერ მან სახლს საძირკველი დაუდო და შემდეგ კედლები აიყვანა. თუ საძირკველს
გამოაცლით სახლი წაიქცევა. წაქცევის დროს ბევრი ფიცარი დაიმტვრევა, ბევრიც
გადარჩება, ეს საძირკველი მუშა ხალხის არის. მთელი სახელმწიფო მის ზურგზეა
აშენებული და თავისი სიმძიმით ზევიდან აწევს, მაგრამ მაშინ, როცა მუშის
დაჟანგებული მკლავი გაინძრევა, მშვიდობით ყველაფერი, მის ზურგზე აშენებული
სასახლე წაიქცევა და საფლავში ჩავა მთელი თავისი ჯაშუშებითა და
ჟანდარმებით. ეს რამდენი საუკუნეა შენობა დგას და ის დიდებული პირი
ქვეყანას მართავს, მარა მას ხალხისათვის ყურადღება არ მიუქცევია და ახლა
ჩვენ პასუხს ვთხოვთ მას, პასუხს საშვილიშვილოს; არ იფიქროს ვინმემ, რომ
ჩვენი მოტყუება ან ქრთამით მოყიდვა შეიძლებოდეს, არასოდეს. ჩვენი კანონიერი
მოთხოვნილება სისრულეში უნდა მოვიდეს და ამის იმედი გვაქვს.
დანარჩენმა
დეპუტატებმა ილაპარაკეს სხვა მუხლებზე: მოითხოვეს: უფასო სავალდებულო
სწავლა 16 წლამდე ორივე სქესისათვის. სიტყვის, კრების, ბეჭდვის, გაფიცვის
და კავშირის თავისუფლება. პიროვნების და ბინის ხელ-შეუხებლობა, სალდათობის
მოსპობა, ომის შეწყვეტა, სახალხო დამფუძნებელი კრების მოწვევა.
„ეს
მოთხოვნილებანი ცხოვრების ნაყოფია, იმისგან წამოყენებული და იმისი უარყოფა
ყოვლად შეუძლებელია. აქ უსამართლო არაფერი ურევია და სიმართლის გზაზე ჩვენ
ვერ შეგვაშინებს არამცთუ ალიხანოვის არმია, ვერ ათი სხვა მაგისთანა. ჩვენს
ცხოვრებას სიკვდილი სჯობია“
ნ კ-ძე
გურიის ამბები
5 მარტს მივაღწიეთ სოფ. ნანეიშვილისეულს, სადაც დაესწრო სასოფლო ყრილობაზე ორი ათასამდე ქალი, კაცი და ბავშვი. თავ-მოყრილი ხალხი სასოფლო სკოლის ფართო, ლამაზ შენობის წინ იდგა მინდორზე. საზოგადოდ სასკოლო შენობები გურიაში სიფაქიზითა და სივრცით სჯობნიან საქართველოში ჩემ მიერ ნახულ ყველა სასოფლო სკოლას. ეს გარემოება ნთლად ამტკიცებს, რომ სიღარიბის მიუხედავად, გურულები უკანასკნელ გროშებს არა ჰზოგავდნენ თავიანთ სკოლებისათვის. მერე იმ დროს, როცა სასკოლო პროგრამმა და სწავლება მეტად ცალ-მხრივია, უნიადაგო და პოლიტიკურ მოსაზრებით და არა ხალხის სარგებლობის სურვილით გამსჭვალული. სამოსწავლო მთავრობის განკარგულებით სწავლება რუსულ ენაზე სწარმოებს. ბევრჯელ აღნიშნულა ჩვენში ამ სისტემის უვარგისობა, უსაფუძვლობა, მავნებლობა, გურულების ჰგრძნობენ ამას, რასაკვირველია. მაგრამ იმდენად სწყურიანთ სწავლა-განათლება რომ უკანასკნელ გროშსაც არა ჰზოგავენ ამ გადამახინჯებულ სკოლების ასაშენებლად და შიგ ბავშვების მისაბარებლად, რადგან მეტი გზა არა აქვთ.
კრებამ აირჩია 12 დეპუტატი, რომელნიც ამოვიდნენ სკოლის ფართო აივანზე და მოემზადნენ თავიანთ გულის პასუხის გამოსათქმელად. თავ-მოყრილი ხალხი გაფაციცებით თვალ-ყურს ადევდნებდა მათ. კრიმ-გირეიმ გამოაცხადა, თუ თქვენ შორის თქვენთვის არა-სასურველი პირები არიან, სთქვით და ვსთხოვ მოშორდნენ კრებასაო. გლეხებმა უპასუხეს, პოლიციის მოხელეები და მღვდლები არ გვინდა დაესწრონ ამ კრებას და ვსთხოვთ თავის ნებით წავიდნენ აქედან, სახელდობრ კი არცერთზე არ მიგითითებთო. დეპუტატებმა პირველად თავიანთ ძირითად გაჭირვებაზე დაიწყეს ლაპარაკი - ადგილის ვიწროობასა და მიწის უქონლობაზე. აქ შედაებით დიდია დროებით ვალდებულთა რიცხვი, 60-80 კომლი, რაიცა გაჭირვებულ მდგომარეობას ნიშნავს, სხვა სოფლებში არ ყოფილა ამდენი. ღალა-საყანული აქ მოსავლის ნახევარია. აქაც, როგორც ყველგან გურიაში, გლეხებმა ჯერ ქრთამით უნდა მოუქონონ თავი ბატონის მოურავს, სანამ თვით ბატონამდე მიაღწევდნენ. საზოგადოდ, ბატონი და მოურავი, ეს ორი სიტყვა განუშორებლად ესმის ჩვენ ყურს ყველა კრებაზე. აქაურ კრებას ჰკითხა კრიმ-გირეიმ, ნუ თუ ასეთი მძარცველები არიან გურიაში მოურავებიო. ერთი მეორეზე უფრო მძარცველები არიანო, უპასუხეს დეპუტატებმა: ნამდვილად გაგვატყავეს ქრთამით, იჭერენ ჩვენ საქონელს, გვახდევინებენ ნაბაწრს, ე.ი. თუ ბატონის ადგილში შესული საქონელი არაფერ ვნებას არ მოუტანდა, მაინც იჭირავდნენ, აბამდნენ და არ ნთავისუფლებდნენ, სანამ საქონლის პატრონს თითო სულზე 25 კაპ. არ გადაახდეინებდნენ. მოურავზე არის დამოკიდებული გლეხს და ბატონს შორის საქმის მოწყობა, რადგან ბატონი უმოურავოდ არაფერს გადასწყვეტს, მოურავის თვალით უყურებს იჯარის აღების მსურველ გლეხს. დეპუტატმა მოუთხრო კრიმ-გირეის ერთ ადგილობრივ დროებით ვალდებულ გლეხის, გაბილა კიკვაძის, თავგადასავალი. კიკვაძეს თავისი პაწია ნადელის გამოსყიდვა უნდოდა თავ. ვარლამ ერისთავისაგან, რომელმაც 150 მან. მოსთხოვა. კიკვაძემ ბევრი იცოდვილა თავდასახსნელ ფულის საშოვარად, გაჰყიდა რაც ჰქონდა, ძლივს ძლივობით შეაგროვა თავ-დახსნისათვის საჭირო ფული და მიართვა ბატონს, რომელმაც „იმისთანა კვიტანცია მისცა, როდესაც მევიცალო, მაშინ შეგისრულო საქმეო.“ კიკვაძემ ორი-სამი წელიწადი სდია ბატონსო, - სთქვა დეპუტატმა, - და ვერაფრის გზით ვერ ჩაიგდო ხელში მოცლილ დროზე: ხან სადილს მიირთემვდა ბატონი, ხან სტუმრებს უმასპინძლდებოდაო. ერთხელ, როცა ბატონს მაზრის უფროსი ეწვია, გლეხმა უკანასკნელს განუმარტა თავისი საქმე და დახმარება სთხოვა. მაზრის უფროსმა სთქვა, ეს მომრიგებელ შუაკაცის საქმეა და მე არ მეხებაო. მეტი გზა არა ჰქონდა საბრალო გლეხს, სასამართლოსათვის უნდა მიემართნა. აქ, რასაკვირველია, ახალი ხარჯი დასჭირდა და ახალი ტანჯვა. ბოლოს მანირად გაწვალებული გლეხი გადაიცვალა. დღეს ამ გლეხის კერა გაცივებულია, მთელი მისი უპატრონოდ დარჩენილი ოჯახი გაიფანტა ვალის გასასტუმრებელ ფულის საშოვარადაო. ამნაირად დაასრულა სამწუხარო, გულის მომწყვლელი ამბავი კრებისგან არჩეულმა წარმომადგენელმა.
ნუ თუ ჩვენ, მშრომელი ხალხი, მთელი ქვეყნის მარჩენალი, ჩვენი პაწია ადგილის მესაკუთრენიც არ უნდა ვიყოთო? დაიწყო მეორე წარმომადგენელმა. ამ სიტყვებში ნათლად გამოითქვა სამართლიანი მწარე საყვედური უფლება-ახდილ მშრომელ ხალხისა. „დღეს შევიგნეთ, რომ ეს ჩვენი წილხდომილი მამულები, - განაგრძო გლეხმა, ნაწვავ-ნადაგი, კაპეიკობით შეძენილ ფულით დახსნილი, თვალთმაქცურადაა ჩვენთვის მოყიდული. მოგვყიდეს ის, რაც სამართლიანად ჩვენ გვეკუთვნოდა. მიწა მიწის მუშაკის საკუთრება უნდა იყოს, უნდა დაგვიბრუნდეს ფული, იმ მიწაში მიცემული, რომელიც ჩვენის ოფლით და სისხლითაა გაპოხიერებული. უნდა არჩეულ იქნას ხალხის მიერ წარმომადგენელნი, რომელნიც დააწესებენ საიჯარო ადგილების ფასს. უნდა გაუქმებულ იქნას „ეს საზიზღარი ნაშთი ბატონ-ყმობისა - დროებით ვალდებული, საეკკლესიო და სახაზინო გლეხობა - და ყველას საკუთრებად მიენიჭოს თავიანთი ნაწვავ-ნადაგი მიწაიო“. ამაზე კრიმ-გირეიმ უპასუხა, დღეს სახაზინო, საბატონო და საეკლესიო გლეხს თავის ნადელის გაყიდვის ნება არა აქვს. რომ მიეცეს საკუთრებად ეს მიწები, იქნება ვერ დაიმაგროს და გაჭირვების დროს ჩარჩებს ჩაუვარდეს ხელში, დაჰკარგოს თავის მიწა-წყალიო. „ამფერი აბდალი (სულელი) ხალხი ჩვენ არ გახლავართ, - უპასუხეს გლეხებმა. დღემდის თუ ჩვენ სხვებს ვარჩენთ, ნუ გეშინიანთ, იმდენი გაგება გვაქვს, თუ როგორ უნდა არჩინოს გლეხმა თავისი თავი და ოჯახიო“.
შემდეგ წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ გზების კეთებაში და ეკკლესიის ყარაულობაში მემამულეებმა და თავად-აზნაურებმაც მიიღონ მონაწილეობაო. კანონს ვინ ეძებს, უპასუხეს დეპუტატებმა, რომ გაგვებედნა ამის თქმა მემამულეებისათვის, სულ კბილებს ჩაგვილეწდნენ. კრებამ მოითხოვა წოდებრივ უპირატესობათა გაუქმება, რათა ყველანი სწორ იქმნას კანონის წინაშე, მოითხოვა ცხენების ბეგარის გაუქმება, რათა მოხელეები, რომელნიც ისედაც ხალხის ზურგზე „ჯილარიან“, ზედმეტად კიდევ ხალხის ცხენებით არ სარგებლობდნენ. მოითხოვეს ყველა არა პირდაპირ გადასახადის გაუქმება და მშვენივრად ახსნეს გლეხებმა, რომ თვითონ სიტყვა „არა-პირდაპირი“ ნიშნავს სიმრუდეს, როცა ხალხს სძარცვავენ მოხერხებით, სხვადასხვა უსაჭიროეს ნივთებზე დაწესებულ ბაჟით, რომელსაც მექარხნე-მწარმოებელი იხდის და შემდეგ ნაწარმოების მყიდველ ხალხს დაადებს, რასაკვირველია. შემოსავლის გადასახადი უნდა იქმნას დაწესებული მხოლოდ იმათზე, რომელთაც 500 მანეთზე მეტი შემოსდით წელიწადში. ეს გადასახადი უნდა დააწესონ ხალხის მიერ ამორჩეულმა წარმომადგენლებმა. კრებამ მოითხოვა აგრეთვე ბინის, პიროვნების ხელ-შეუხებლობა, კავშირის, სიტყვის, აზრის თავისუფლება და სახელმწიფოსა და ეკკლესიის განცალკევება. მღვდლებზე რომ დაიწყეს ლაპარაკი დეპუტატებმა, აქაც თავი იჩინა „ქრისტეს მცნების“ მქადაგებელთა სამარცხვინო მოღვაწეობამ. გლეხთა თვითეული სიტყვა მოწმობდა, რამდენად გამწარებული არიან ისინი სამღვდელოებისაგან. დაამდაბლე, მოკაკვე უფროსთა წინაშე სხეული შენი, - გვასწავლიან მღვდლები - და სამაგიეროდ შენი სული ზეცისაკენ გაფრინდებაო. რა სიკეთე უნდა ასწავლონ ამისთანა მოძღვრებმა ჩვენ შვილებს, რა ხელმძღვანელობა უნდა გაუწიონ ჩვენ სკოლებს. ცოცხალნიც მღვდლების ხელში ვართ და მკვდრებიც იმათ უვარდებით ხელში. როდის-ღა უნდა მოვრჩეთ ამ მონობას? ჩვენ ვითხოვთ რწმენის სრულ თავისუფლებას, ყველამ თავის საკუთარ სინიდისის დაგვარად თავისუფლად უნდა აღიაროს ღმერთი და სჯული, მღვდლები იმათ შეინახონ, ვისთვისაც ისინი საჭირონი არიანო. როცა მღვდლების სამწუხარო ფსიხოლოგია სავსებით გამოხატეს დეპუტატებმა, მათ წრიდან გამოვიდა ერთი ვაჟკაცურ შესახედაობის ახალგაზდა კაცი და მშვენიერის, ნამდვილ ორატორულის სიტყვით მიმართა კრიმ-გირეის: „თქვენ გამოგვიცხადეთ, იქონიეთ მოთმინება და მთავრობა მალე დაგეხმარებათო. მაგრამ გულწრფელად უნდა გიტხრათ რომ იმედი ჩვენ კარგა ხანია დაკარგული გვაქვს. მთავრობა, როგორც ჩვენ გვესმის, თავის საკუთარ წრეს ემსახურება და მეგობრობს. ისინი ყველანი მჭიდროდ არიან ხელი-ხელ ჩაჭიდულნი, ჩვენ არ გვიშვენებ თავის წრეში. ჩვენი დარდიც არა აქვთ. მაგრამ ჩვენ მაინც გულს არ ვიტეხთ, იმედი არ გვეკარგება, ხალხს შეგნებული აქვს ეს თავისი ღირსება და ეს შეგნება უდიდესი ძალაა. ჩვენ არაფრის არ გვეშინიან, არავის მოწყალებას არ ვსთხოვთ და ჩვენს მიზანს ჩვენვე მივაღწევთ.
გლეხის თავისუფალმა, ვაჟკაცურმა სიტყვამ თითქო ფრთები შეასხა მთელ კრებას, ყველა აღტაცებით უსმენდა და ვაშას უძახოდა.
ი. ნაკაშიძე
Comments
Post a Comment