გურიის ამბები
3 მარტს მივაღწიეთ სურების ხეობას, გურიის მთა-გორიან კუთხეს. თვალს ავლებ მთების თვალ-უწვდენელ ფერდობებს და გიკვირს, რანაირად უნდა იცხოვროს აქ კაცმა, რა სარჩო-საბადებელი უნდა გამოსწუროს ამ ხრიოკ ადგილებს, სადაც ადამიანი ფეხს ვერ დაიმაგრებს მიწაში თესლის ჩასაგდებად. მართლაც გამწარებულია სურებლების ყოფა-ცხოვრება. ბუნებასთან მუდმივმა სასტიკმა ბრძოლამ უდროოდ დააბერა სურებლები. ზურგი მოგვწყვიტა მთებში ტვირთის ზიდვამო, შემომჩივლეს აქაურმა გლეხებმა. ვერც ხარი და ვერც ცხენი ამ ფერდობზე ფეხს ვერ დაიმაგრებს. ხელით უნდა ვიმუშაოთ, წელებზე ფეხი უნდა დავიდგათ, რომ ორიოდე მუჭა სიმინდი მოვიყვანოთ ჩვენი ცოლ-შვილის გამოსაკვებადაო. წვიმა არ მოვა ისე, რომ ჩვენი მოსავალი ნაწილ-ნაწილად არ ჩამორეცხოს, არ გაავერანოს ეს ჩვენი ისედაც ხრიოკი მთის ფერდობები. მართლაც გული სევდით გევსებათ, როცა ფიქრობთ იმაზე, რა გაჭირვებით უნდა დაახწიოს აქ ადამიანმა თავი შიმშილს, რანაირად ყოველ წამს ყალხზე უნდა იყოს შემდგარი მთელი იმისი არსება ბუნების მოულოდნელ მოვლენა-ცვლილებათა შემხედვარე. ქალაქელი კაცი, მყუდრო სამსახურში მყოფი, ვერც-კი წარმოიდგენს ამ ხალხის უკიდურეს გაჭივრებას. ქალაქელი კაცის ჯამაგირს ბუნება, ვერაფერი გრიგალ-ქარიშხალი ვერაფერს ავნებს, ვერას გზით ვერ ჩამორეცხავს ვერც ერთი აზვირთებული ღვარი იმ ჯამაგირს, რომელიც მაგალითად, გამუდმებით, თვითეული თვის ოცს ეძლევა მოხელეებს. სურებლები-კი ამ მხრივ ბუნების ანაბარა არიან მიტოვებულნი და ამავე დროს ამ გამწარებულ ხალხს აწვალებენ და ატყავებენ ისინი, რომელთაც ბუნების კლანჭებს დაახწიეს თავი და მყუდრო შემოსავლის წყაროსთან მოაწყვეს თავისი კერა.
გარედ ჩვენ ვერსად ვერ მივდივართ საშოვარზე, მითხრეს სურებლებმა; აქაურ სუფთა, წმინდა ჰაერს შეჩვეული ჩვენებური კაცი სხვა ადგილას რომ წავა, იხაშმება, სნეულდება, ვერ სძლებს იქ. ძალა-უნებურად აქ უნდა დავრჩეთ ყველანი და გამწარებული ჩვენი ხვედრი ავიტანოთ. ხელობის მცოდნე კაცები მეტად მცირეა სურებში. ვაზი ამ მთიან ადგილებში სისტად ხეირობს, ასე რომ სიმინდი ერთად-ერთი წყაროა სურებელთა სარჩენი და იგიც მცირე, საჭაპან-წყვეტო.
კრებასთან ლაპარაკი რომ დაიწყო კრიმ-გირეიმ, აქაც იკითხა, თუ ვინმე არა სანდო პირნი არიან თქვენ შორის, მითხარით და დავითხოვო. კრებამ დაუსახელა რამდენიმე კაცი და ამასთანავე განუცხადა, თუ უნდათ დარჩნენ კრებაზე ეს კაცები. ჩვენ მხოლოდ გვსურდა მათდამი ჩვენი უნდობლობა გამოგვეცხადებია, ისე-კი ჩვენ არავისი არ გვეშინია, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენო.
„მე კარგად მახსოვს ბატონ-ყმობა“, დაიწყო ერთმა ხანში შესულმა გლეხმა: „როცა გამოგვიცხადეს, ბატონი და ყმა იყრებაო, მხიარულება გვეუფლა, ვიფიქრეთ, რომ ახლა გვეშველა სწორედ და გადავაგდებთ კისრიდან ჩვენ დამღუპველ მძიმე უღელსაო. მაგრამ ჩვენი მხიარულება ფუჭი გამოდგა: „უსტავნოი გრამოტებით“ მარტო სამოსახლო ადგილები, და პატარა საყანეები მოგვცეს, საუკეთესო ადგილები კი ჩამოგვიჭრეს მემამულეების სასარგებლოდ. მერე ჩვენსა და მეპატრონეს შორის ჩვენი „სულის ამომშპობი“ მოურავი ჩადგა და სულ გაგვატყავა. რამდენი დროც გადიოდა, იმდენი მოგვიმატეს და მოგვიმატეს მემამულეებმა გადასახადი. ვინც თავი დაიხსნა მებატონისაგან, დიდ ვალში ჩავარდა, რადგან ნასესხები ფულით გაინთავისუფლა თავი. ბოლოს ისე მოხდა, რომ ვალით დატვირთული ჩვენი ადგილები ისევ ჩაიგდეს ხელში მემამულეებმა. ეხლა, პაწია ანბანი რომ ვისწავლეთ, ჩვენით მივხვდით, რომ ჩვენი ნაოფლარი და ნაწვავ-ნადაგი მიწის შესყიდვა დიდი ცოდვა და უსამართლობა იყო და მოვითხოვთ ეს ფული ისევ ჩვენ დაგვიბრუნდეს. დახედეთ ამ ჩვენ ხრიოკ მთებს. კალათით თესლი არ აიტანება ამ ფერდობებზე. ჯიბით უნდა ავიტანოთ, ფეხს ძლივს ვიმაგრებთ ამ ფრიალოზე და ისე ვთესავთ სიმინდს. მოსავლის ნახევარი მემამულეს მიჰქონდა, მოურავს ცალკე ქრთამები დასჭირდა. იმდენად გავწმარდით, რომ ბოლოს მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ მემამულეთა ადგილებში მუშაობაზე ხელი აგვეღო. ეს ჩვენი თანხმობა და ძმური გადაწყვეტილება პოლიციამ აჯანყებად ჩასთვალა და მათრახებით შემოგვესია. გაამრავლა ჩვენ შორის თავისი ჯაშუშები, ააწიოკა და დაღუპა მრავალი ხალხი. გუბერნატორიც ჩვენ შემოგვესია მაზრის უფროსითა და პრისტავებით.60-80 წლის მოხუცებულნიც არ დზოგეს და გაგვიმათრახეს. რამდენი ჩვენი მეზობელი ეხლა ციხეში ზის და ნელ-ნელა იღუპება. ვინ უნდა არჩინოს ულუკმაპუროდ დარჩენილი მათი ცოლ-შვილი?“
კრებამ მოითხოვა, რათა არჩეულ იქმნან ხალხის მიერ სანდო პირები, რომელნიც განაწეს-რიგებენ ყველა ადგილებზე ბაჟსა და გადასახადს. მოითხოვა სანადელო, საეკკლესიო და სახელმწიფო გლეხების განთავისუფლება თავ-თავიანთ მიწების მისაკუთრებით. „ტყე მემამულეებს და მთვრობას ეკუთვნისო“, გამოგვიცხადა მთავრობამ: უთხრა კრიმ-გირეის ერთმა დეპუტატთაგანმა, - მემამულეებმა და ხაზინამ შეაკავშირეს ღონე, მოგვერივნენ და ჩაიგდეს ხელში ყველა ტყეები. უბრალო ფიჩხის აკრეფის ნებასაც არ გვაძლევენ. წაქცეული ხეები უსარგებლოდ ლპება და იღუპება. ცვენ კი ხელი რომ მივაკაროთ „ობიეზდჩიკები“ თოფებით დაგვესევიან. ერთი ამისთანა სამწუხარო შემთხვევაც მოხდა. შუაღამეზე გამოჰქონდა ერთ საწყალ ჩვენ მეზობელ გლეხს ყავარი ტყიდან. გროში არ ებადა საცოდავს და უბაჟოდ მოჰქონდა ეს მისთვის საჭირო მასალა. გზაში „ობიეზდჩიკი“, ტყის მცველი დახვდა, თოფი დაუშინა და მოკლა. გვეგონა მთავრობა დასჯიდა, დაჰკარგავდა ამ ტყის მცველს. მაგრამ მკვლელობის შემდეგ დავინახეთ, რომ იგი ძალიან მხიარულად მოდიოდა და „მოიკრიმანჭულებდა“ (სიმღერას ამბობდა). ეს კაცი მალე კიდევაც დააწინაურა მთავრობამ - ტყის მცველების უფროსობა მისცა.
ტყე, რომლიდან ჩვენ დიდი ბაჟით გამოგვაქვს მასალა, სქელია. არ შეიძლება, რომ ჩვენ მიერ მოჭრილმა ხემ მეზობლად მდგარი ხეები არ დააშავოს და არ დაამტვრიოს. ამ დამტვრეული ხეების ზარალსაც გვახდევინებენ ხაზინა და მემამულეები. თვითეული ხის მოსაჭრელად ჯერ მოწმობა უნდა ავიღოთ ტყის მცველისაგან, მერე უნდა მოვიკიდოთ ცივი მჭადი ზურგზე და წავიდეთ 30 ვერსის მანძილზე „ლესნიჩთან“ ოზურგეთში; ლესნიჩი ან მძინარე დაგვხვდება ან სადმე სხვაგან წასული დარჩება; უნდა ვუყურყუტოთ რამდენიმე დღე. ბოლოს მესამე ან მეოთხე დღეს გვეღირსება იმისი ნახვა. როცა მოჭრილი ხე გავყიდეთ და ვიანგარიშეთ მთელი ეს ჩვენი წვალება და დაკარგული დრო, გამოვიდა, რომ დღეში 20-25 კაპ. დავიმუშავეთ. ვისაც ფული არა აქვს (ამისთანა კაცი-კი მრავალია ჩვენში) უსათუოდ ქურდულად უნდა შევიდეს ტყეში და მოსჭრას ხე. უცეცხლოდ ხომ ვერ გაჰყინავს თავის ცოლ-შვილს. ტყის მცველები ამ ჩვენ მეზობლებს ოქმს უყენებენ. 80-100 მან. ჯარიმას ადებს მათ სასამართლო ან ციხეში ამწყვდევს. ჯარიმა-გადახდილი კაცი ხომ სამუდამოდ დაღუპულ-გაღატაკებულია. ჩვენ მამაპაპათაგან გაგვიგონია, რომ მთელი ეს ადგილები სოფლის ყოფილა და ახლაც ვითხოვთ ისევ სოფელს დაუბრუნდეს.“
სიტყვა რომ დაასრულა დეპუტატმა, წრიდან გამოვიდა ერთი ღრმა მოხუცებული დეპუტატი, განუმარტა კრიმ-გირეის რა ძნელი და ძვირია დღეს შვილების აღზრდა-განათლება და მოითხოვა კრების სახელით უფასო სწავლების შემოღება.
შემდეგმა დეპუტატმა მწარე ირონიის კილოთი აუწერა კრიმ-გირეის, როგორ დასეირნობენ ზაფხულობით სურების სუფთა-ჰავიან მთებში მოხელეები თავის ცოლ-შვილით და უფასოდ სარგებლობენ გლეხების ცხენებით. მიწის მზომელებმა არა მარტო თავისი ცოლშვილი, თავისი საყვარლებიც შეასკუპეს ჩვენ ცხენებზე და მთლად გადაატყავეს ჩვენ ჯაგლაგების ზურგიო.
მღვდლების შესახებ დაიწყო შემდეგ ლაპარაკი ერთმა დეპუტატმა და მოიყვანა ისეთი მაგალითი, როცა მან, მამასახლისის „პოპოშნიკად“ რომ იყო, ბავშების მარჩენალი უკანასკნელი ძროხა გაუყიდა ერთ ღარიბ გლეხ-კაცს მღვდლის ვალის გასასტუმრებლად. უკანასკნელ ავეჯს ვართმევდი გლეხებს გადასახადში და მათი ოჯახი ტირილით მომდევდა უკან. რა უნდა მექნა? - ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ნაობახტში გამომალპობდნენ.
გამმიჯვნელ მოხელეებს ძლიერ ემდურიან სურებლები. ყველაფერი ჩვენგან ჰქონდათ უფასოდაო: კონახი (სახლი), ცხენი, შეშა, მუშები შინ და გარედ სამუშაოზე, ნახშირი და სხვა.
„როცა ჩვენ გავიფიცენით, - სთქვა შემდეგმა დეპუტატმა, - ჩვენმა მტრებმა შეიგნეს, რომ ჩვენი შეერთება და საქმის გატანა ერთი იქმნებოდა; ამიტომ ცალ-ცალკე გვიძახოდნენ, ციხეში გვამწყდევდნენ და ციმბირში აგზავნიდნენ ჩვენ შვილებს.“ ერთმა დეპუტატმა მოუთხრო კრიმ-გირეის, როგორ დაეცნენ იმის შვილს - გიმნაზიელს თავზე პოლიციელები ტფილისში შუაღამისას, გაუჩხრიკეს ოთახი, ბანკის წიგნი ჩაიგდეს ხელში, რომლის ძალით იქ შეტანილი ფულის, 725 მან. გამოტანა შეიძლებოდა, როგორ გამორიცხეს იმისი შვილი გიმნაზიიდან ფულის შეუტანლობისა გამო და როგორ ამაოდ ჩაიარა იმის პროტესტმა და ბანკის წიგნი დღემდე არ დაუბრუნეს. სალდათობის შესახებ სურებლების პროტესტი მეტად მძლავრი და გრძნობით სავსე იყო. „საღმთო წერილის წინააღმდეგ მცნებას ასწავლიან ყაზარმებში ჩვენ შვილებს - მოჰკალ მოყვასი შენიო" კარგ, ჯან-საღ შვილებს გვაშორებენ, სამუდამოდ სჩაგრავენ, გამოაყრუებენ და ვისაც უნდა იმათ მიუსევენ უფროსები. აი ეხლა ასწავლიან, რომ ჩვენი გარეშე მტრები - იაპონელებია, შინაური კი - ჩვენ, მათი მშობლები, ძმები და მეგობრები. რას ვერჩით ჩვენ იაპონიას? განა რუსეთში ცოტაა მიწა საცხოვრებლად. ალბად, მდიდრებს ეჭირვებათ იაპონია თავის საქონლის გასასაღებლად. მერე რად იხოცება იმათ გულისათვის ჩვენი შვილები? რა დააშავა ამ უბედურმა ხალხმა, რომ უმოწყალოდ იჟლიტება? ჩვენც მოგვისიეს ჩვენი ძმა-სალდათები. როცა სამართლიანი მოთხოვნილება გამოვუცხადეთ მთავრობას, მაშინ კარგად მივხვდით, ვინ მიაჩნია მთავრობას შინაურ მტრებად.
გავიგეთ რომ, 200 მილიონ მანეთად ღირებული გემები ააფეთქა ჩვენმა მთავრობამ პორტ-არტურშიო. ეს ფული ხომ სულ ჩვენ ზურგზეა ამძვრალი. მერე რამდენი სურსათი დასწვა ჩვენმა ჯარმა, რამდენი მილიონი ჩაღუპა ჩვენმა მთავრობამ მანჯურიის უსარგებლო რკინის გზაზე. ყველა ეს ჩვენი ნაოფლარი, ჩვენი მუშა ხალხის სისხლით ნაბანი ქონებაა.
ეხლა ჩვენ შესახებ ავრცელებენ ხმებს სალდათებში, გურულების მოძრაობა ეროვნულია, თავისი მეფე უნდათო. სიცრუეა ყველა ეს. ჩვენთვის სულ ერთია რუსი, სომეხი, თათარი. ჩვენ ყველა ქვეყნის მუშებს ძმობას ვუცხადებთ. მთავრობისაგან ჩვენ არაფერს მოველით. კარგად ვიცით, როგორ დაუხვდა მშვიდობიან მუშებს მთავრობა პეტერბურგში. ისეთი გულ-უბრყვილონი არა ვართ, რომ ამის შემდეგ იმედით შევყურებდეთ მთავრობასო, დაასრულა თავისი შესანიშნავი სიტყვა სახალხო ორატორმა.
საზოგადო მოთხოვნილებანი სურებისა იგივე იყო რაც გურიის სხვა საზოგადოებათა.
ი. ნაკაშიძე
გურიის ამბები
სურები. 3 მარტი. სურების საზოგადოება მთიან-გორიანი ადგილია. ის მიდევს მდ. სუფსის ხეობას, დაახლოებით ოცი ვერსის სიგრძეზე. თითქმის მთელ სურებში ვერ შევხვდებით ერთი ხუთი ქცევა სივრცის მინდორს. მცხოვრებლების უმრავლესობა მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე ცხოვრობს, რადგანაც ამ მხრით სამხრეთის ფერდობია და თოვლი მალე დნება. ახლაც ერთი ნაპირის ფერდო რომ გამშრალი არის, მეორე მხრით კიდევ თოვლი ძევს. ეს ხეობა ძლიერ ვიწრო ხეობაა. მცხოვრებლები გამოთხრილ სამოსახლოებზე დგამენ სახლებს. ადგილი მწირია და მოსავალს ნაკლებს იძლევა. გზა ერთათ რეთი შედის და ისიც უვარგისი. ასე რომ არც ბუნება და არც ხელოვნური მოქმედება მცხოვრებთა კეთილდღეობას არ მოწმობს. ხალხი სურებს გაბედული, მშრომელი და სწავლის მოყვარე ასხია. აქვთ ერთი სამინისტრო, ორკლასიანი სასწავლებელი და ერთიც ერთკლასიანი, სასოფლო ბანკი და ქონდათ სამკითხველო.
საზოგადოებას 386 კომლი მოსახლე შეადგენს, რომლების უმეტესობა გლეხობაა, თუმცა სასულიერო წოდებაც და აზნაურიც ურევია.
3 მარტის კრებას 1500 კაცი და ქალი დაესწრო, ბ-ნმა სულთან კრიმ-გირეიმ წინადადება მიცა ხალხს, თუ ვინმე არა საიმედო პირი გირევიათ, გვითხარით და კრებიდან დავითხოვთო. კრებამ დაასახელა მამასახლისი, შემდეგ ნესტორ კეკელიძე და ანდრია კობიძე. ეს სამი კაცი მალე მოშორდა ყრილობას. ამორჩეული 18 დეპუტატი სკოლის ბალკონზე მოთავსდა და თავისს საქმეს შეუდგა.
საზოგადოებას 386 კომლი მოსახლე შეადგენს, რომლების უმეტესობა გლეხობაა, თუმცა სასულიერო წოდებაც და აზნაურიც ურევია.
3 მარტის კრებას 1500 კაცი და ქალი დაესწრო, ბ-ნმა სულთან კრიმ-გირეიმ წინადადება მიცა ხალხს, თუ ვინმე არა საიმედო პირი გირევიათ, გვითხარით და კრებიდან დავითხოვთო. კრებამ დაასახელა მამასახლისი, შემდეგ ნესტორ კეკელიძე და ანდრია კობიძე. ეს სამი კაცი მალე მოშორდა ყრილობას. ამორჩეული 18 დეპუტატი სკოლის ბალკონზე მოთავსდა და თავისს საქმეს შეუდგა.
ხალხ.
წარ. ჩვენ ძლიერ ცუდ პირობებში ვიმყოფებით და დიდი გასაჭირი გვადგას. მე
კარგა ხნის კაცი გახლავარ, ბატონ-ყმობა მახსოვს და იქიდან მინდა მოვყვე
ლაპარაკს. როგორი ძნელი და აუტანელი იყო ყმის მდგომარეობა ეს ყველასათვის
ცხადია. ჩვენ გვცემდენ, გვთელავდენ, ტყავს გვაძრობდენ, გვაწამებდენ. ამიტომ
ადვილი წარმოსადგენია ის სიხარული, რომელიც ჩვენში ბატონ-ყმობის
გადავარდნამ გამოიწვია. ჩვენ ტყვეები ვიყავით და გაგვათავისუფლეს, როგორ არ
გაგვხარებოდა, ბატონის ოჯახს, ამ ჩვენს ჯოჯოხეთს ვშორდებოდით.
ვიმხიარულეთ, მაგრამ სინამდვილემ მალე დაგვანახა, რომ სიხარული ნაადრევი
იყო, რომ ჩვენ თურმე სასიხარულო არაფერი არ გვქონდა, რომ ჩვენი თავისუფლება
თურმე იგივე ბატონ-ყმობა იყო. ჩვენ გაგვიშვეს ცარიელი. მთელი მამული
ბატონებს აკუთნეს, განთავისუფლებული გლეხი კი გაუშვეს ღვთის ანაბარა. ას
წლობით ნაშენ-ნაკვდავი ჩვენი მიწები ბატონის საკუთრებათ გამოაცხადეს და
ჩვენ ისევ გამოსასყიდათ გაგვიხადეს. ასეთი იყო ჩვენი განთავისუფლება.
ბატონ-ყმობის დროს ჩვენ ვსარგებლობდით ტყით, ახლა ტყე წაგვართვეს: „გლეხ
კაცს ტყე არ ეკუთვნისო“. ვარეს პირობებში ჩავვარდით. მოვიდოდა ბატონის
მოურავი, ჩაგვიდგებოდა სახლში და სანამ ნადელის ფულს არ მივცემდით, სულს
ამოგვაძრობდა. მოვინდომეთ თავის განთავისუფლება, მარა რით? სად გაგვაჩდა
რამე? ვისესხეთ ფული მევახშე პირებიდან და დავიხსენით თავი, მაგრამ ის ვალი
დღესაც ვერ გადაგვიხდია. ახლა ჩვენ შევიტყეთ, მივხვდით, რომ მიწა მუშა
კაცის იყო, რომ ის ფული, რომლითაც ჩვენი საკუთარი მიწა გამოვიყიდეთ ძალათ
წართმეულათ უნდა ჩაითვალოს და ამიტომ უკანვე დაუბრუნდეს პატრონებს; აგრეთვე
უკან უნდა დაგვიბრუნდეს ის მიწებიც, რომლითაც ჩვენ ბატონ-ყმობის
გათიშვამდე ვსარგებლობდით. შეხედეთ ამ დაკიდულ ხრიოკებს! ჯერ ასეთი მამულის
ქონა თავის-თავათ რა არის და ჩვენ არც ესა გვაქვს საკმაოთ. თესვის დროს
სათესლე ჯიბეში უნდა გქონდეს და ისე თითო მარცვლობით ჩავრგოთ ამ ფერდობზე,
რადგან კალათის დადგმაც შეუძლებელია იქ, მოვა ერთი წვიმა და ამ შენს ნათესს
წყალში ჩაიტანს ყველას; უნდა მოსდგე და ხელ-მეორეთ დათესო. ასეთ შრომას
კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ საკმაო მიწა სად არის? იძულებული ვართ
მემამულეს მივმართოთ და მოსავლის ნახევარი იმის ნალიაში ჩავყაროთ. აღაფაერი
ხეირი აღარ დარჩა. მოვილაპარაკეთ კარგი პირობები დაგვედვა მემამულეებთან,
მარა იგენმა მთავრობას მიმართეს: „გლეხები „ბუნტობენ“ და დააწყნარეთო“.
მთავრობამ მოგვისია სტრაჟები, კაზაკები და ყოველგვარი ძალადობა იხმარა
ჩვენთან, და მერე იმისთვის, რომ ჩვენ უარი ვთქვით სხვის მამულში მუშაობისა.
განა ამაზე უფრო უსამართლო საქციელი შეიძლება? ჯაშუშების საშვალებით
ამოარჩიეს ვითომ და მოთავეები, ზოგი ციხეში ჩაყარა, ზოგი გადაასახლა.
მაზრის უფროსმა ჯაფარიძემ ერთი მოხუცი კაცი კიდეც გააროზგვია, ჩვენ
მშრომელი ხალხი ვართ და მიწა გვჭირია, რომ ვიმუშაოთ, მარა ვიმუშაოთ ჩვენი
დამშეული ოჯახისათვის და არა გასუქებული მებატონეებისათვის. ჩვენი და
მებატონეების უთანხმოება გლეხების არჩეულმა კომიტეტმა უნდა მოაწესრიგოს და
ისეთი პირობები შემოიღოს, რომ ორივესათვის ხელსაყრელი და სასარგებლო იყო.
ნაშთი
ბატონ-ყმობისა ჯერაც არის ჩვენში. არიან ესრეთ წოდებული დროებით ვალდებული
გლეხები. ისინი უეჭველად უნდა განთავისუფლდენ თავიანთი ნადელებით უფასოთ.
სახაზინო გლეხებსაც კერძო საკუთრებათ უნდა მიეცეთ თავიანთი ნადელები.
ახლა
ტყე. უწინ ჩვენ ტყით ვსარგებლობდით. ბოლოს გამოგვიცხადეს მემამულეებმა:
ტყე ჩვენ გვეკუთვნის და ნუ შეეხებითო. ჩვენ მთავრობას მივმართეთ
შემწეობისათვის, მარა იმანაც ზურგი შეგვაქცია და გვითხრა: ტყე გლეხებს არ
უნდა ეკუთვნოდესო. ასე წაგვართვეს ჩვენი საკუთარი ქონება. მეტი რა გზა
გვქონდა, უნდა შევსულიყავით და გვემუშავა შიგ. ამის ასაცდენათ მემამულეებმა
დააყენეს შიგ ყარაულები, აბეშჩიკები და არარავის უშვებდენ. ცოლ-შვილის
სიტიტვლე და შიმშილი რას არ გააბედვინებს ადამიანს. ერთი გაჭირვებული
გლეხი, ლაზარე ლომინაშვილი შეიპარა თავის მამულში და დამზადებული ორი-სამი
მანეთის საქონელი გამოქონდა, ისიც ღამე. შეხვდა გზაში აბეშჩიკი გოჯასპირ
ტრაპაიძე, გადმოიღო ბერდანკა, დაადვა გულზე და ქე გააგორა საწყალი მუშა.
ჩვენ ძლიერ აგვაშფოთა ამ უსამართლობამ. მარა რას ვიზამდით. ქვეყანაზე
კანონი გვეგონა და კანონით კაცის მკვლელს ციმბირს იქით აგზავნიან. ჩვენც
იმის იმედი დავიკავეთ, რომ მთავრობა დასჯისო. მკვლელი მართლა დაიბარეს
ოზურგეთში. გავიდა სამი დღე. გევიხედოთ, ეს მკვლელი მოკრიმანჭულობს და
მოდის შინ. მხარზე გადაუდვია ბერდანკა და მოღიღინებს არხეინათ. ჩვენ
გაგვიკვირდა: კაცო, ეს რა ამბავია! კაცმა საწყალი გლეხი მოკლა და ნუ თუ
ამისთვის კანონი კაცს არა სჯისო. ჩვენი იმედი საშინლათ გაცრუვდა. კაცის
მკვლელი არამც თუ ციმბირში დაკარგეს, პირიქით ასმსახურიც მოუმატეს: უფროსი
აბეშჩიკობა მისცეს. ჩვენი ძმის მკვლელი ასე დაასაჩუქრეს.
შემდეგ
დეპუტატმა ილაპარაკა ტყეში სამუშაო ბილეთი როგორ ძნელი ასაღებია და
დააბოლავა: „როცა ყველაფერს ვიანგარიშებთ, ჩვენ დღიურად ერთი აბაზი ფული
გვრჩებოდა. ამიტომ ის ტყეები, რომლითაც ვსარგებლობდით ძველათ, უკანვე
დაგვიბრუნდესო.“
მეორე
დეპუტატმა სხვა და სხვა სახელმწიფო და საეკლესიო გადასახადების შესახებ
ილაპარაკა და როგორც სხვა საზოგადოებებში, მოითხოვეს შემოსავლის კვალობაზე
გადასახადის დაწესება. ეს დეპუტატი თითონ კრეფდა სოფელში გადასახადებს და
როგორც მცოდნე პირმა ბევრი საზარელი ამბები მოგვითხრო.
მესამე
დეპუტატმა არა პირდაპირი გადასახადები აწერა: „მე აი როგორ გავიგე, რომ
თურმე დაფარული გადასახადითაც გვაძრობენ ტყავსო: ერთხელ დუქანში სპიჩკა
ვიყიდე კაპეიკათ. ზედ რაღაცა ქაღალდი აქვს კოლოფს შემოხვეული. ვიკითხე ეს
რათ უნდა მეთქი და იქ ერთმა მცოდნე კაცმა მითხრა: „აგი ბანდეროლიაო“. მე
ჩავეძიე და შევიტყვე, რომ ეს ქაღალდი ნახევარი კაპეიკი ღირებულა. ხაზინა
ყიდის ამ ქაღალდებს და თითო კარობკა სპიჩკას ამით ემატება ნახევარი
კაპეიკი. ეს ბანდეროლი რომ არ ქონოდა სპიჩკას, იგი კაპეიკათ კი არ
იქნებოდა, ნახევარი კაპეიკი ეღირებოდა ერთი. ერთი ბანდეროლი მარტო სპიჩკას
რომ ქონდეს ვინ ჩიოდა, მარა ყველა საჭირო საქონელს ბაჟი თუ ფარული
გადასახადი ადევს და ამით ფასი საშინლათ იზრდება. ახლა ამ ზედ მეტ ფასს ის
კი არ ზარალობს ვინც საქონელს ყიდის, არამედ ის ვინც ყიდულობს. ჩვენ
პირდაპირი გადასახადიც სულსა გვხდის და ეს ფარული გადასახადი თურმე ვარესი
ყოფილა. ამიტომ მოვითხოვთ, რომ მოისპოს ეს არა პირდაპირი თუ ფარული
გადასახადები.
ამის
შემდეგ სამღვდელოებაზე ილაპარაკეს და დასკვნა გამოიყვანეს, რომ ეკლესია
ჩამოშორდეს სახელმწიფოს. სწავლის საჭიროება და საყოველთაო, სავალდებულო და
უფასო პირველ დაწყებითი სწავლა 16 წლამდე. თევზმა თქვა: „პირი წყლით მაქვს
სამსე, თორემ სათქმელი ბევრი მაქვსო“. ჩვენც ასე ყველანი თევზებს ვგევართ:
თევზებივით მუნჯები ვართ, რადგანაც მთავრობამ ჩვენს ენას ბორკილი დაადვა და
სიტყვის თქმის ნებას არ გვაძლევს. ჩვენ მოვითხოვეთ სიტყვა თავისუფალი
გვქონდეს. განა მეტი უსამართლობა შეიძლება: კაცო, შენს გასაჭირზე ლაპარაკის
ნება არ გქონდეს.
შემდეგ
მოითხოვეს ბეჭდვის, კრების, გაფიცვის და კავშირის თავისუფლება, ბინის და
პიროვნების ხელშეუხებლობა, პასპორტის სრულიად მოსპოვა, წოდებათა მოსპობა და
კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თავისუფლება „ყველა ეს, რაც ახლა თქვენ
გაიგონეთ, გასაგონათაც ძნელია. მარა უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი ამ გვარი
მდგომარეობის მიზეზი არის გაუნათლებლობა. განათლებაზე ჩვენში ძლიერ ცოტა
ფული იხარჯება. გერმანიაში ერთ ქალაქს თურმე სამი უნივერსიტეტი აქვს,
ჩვენში კი საშვალო სასწავლებელიც არ არის სამ უმთავრეს ქალაქში. ჩვენი
სკოლები საძაგელ მდგომარეობაში არიან; მასწავლებლებს ჭადის ფულიც არა აქვთ.
წელიწადში 300 მანეთს აძლევენ და სამს განყოფილებას უნდა მოუაროს. ფულს
ამდენს გვახდევინებენ და სკოლებზე არაფერს ხარჯავენ. ამიტომ მოვითხოვთ
მასწავლებლების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ყველა
ამ შემაძღწუნებელ ამბებთან ერთად ყველაზე უბედური და გულის მომკვლელი
ჩვენთვის სალდათობა არის. მოითხოვენ ოჯახიდან მომწიფებულ ახალ გაზდას და
მიყავთ, ოჯახში ტოვებენ მხოლოთ მოხუცებს, ქალებს და სნეულებს, რომელთაც
შრომის უნარი აღარ აქვთ. ჩვენი ჯანსაღი შვილები მიყავთ სადღაც შორს,
ამწყვდევენ ოთხი წლის ვადით ყაზარმებში. ასწავლიან იქ ყოველივეს, რაც
ზნეობას, პატიოსნებას და სიმართლეს ეწინააღმდეგება; ასწავლიან კაცის კვლას,
მოძმის გულის განგმირვას. იმათი შენახვა თითო ოჯახს რამოდენიმე თუმანი
უჯდება და ეს ფული საწყალმა ოჯახმა უნდა უგზავნოს. ომი წინააღმდეგია
რჯულისა, სინდისის; ომი კაციობრიობის გათახსირებაა. მაშ მოისპოს ომი,
მოისპოს ეს საზიზღარი ჟლეტა. ჩვენმა გალაღებულმა და მცარცველმა მთავრობამ
ადრეც იცოდა, რომ გათვითცნობიერებული მისი ქვეშევრდომი, ეს იგივე მტერი
იქნებოდა, მაგრამ მტერი შინაური. და აი ამ მტრის, ამ გონება განათებული
მოქალაქის წინაშე წვრთნის ჩვენი მთავრობა ჩვენს ძმებსა და შვილებს.
გაჭივრებული ხალხი, როცა ის თავის გასაჭირზე ლაპარაკობს შინაური მტერია და
ჩვენი შვილების იარაღით იმათ სისხლს აღვრევინებენ. ჩვენ ვთხოულობთ ჩვენი
ცხოვრების გაუმჯობესებას, ხმა ამოვიღეთ ჩვენს გასაჭირზე და აი ჩვენც შინაურ
მტრებათ გამოგვაცხადეს და ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესების ნაცვლათ ექვსი
ათასი კაზაკი გამოგვიგზავნეს. აი რით დააკმაყოფილეს ჩვენი სამართლიანი,
კანონიერი მოთხოვნილება.
ჩვენ
გვახდევინებენ გადასახადებს, მიაქვთ, ხარჯავენ, რაში და სად ამას ჩვენ
არავინ გვეკითხება. მაგალითათ ავიღოთ ახლანდელი ომი და იმისი შედეგები:
რამდენი სიმდიდრე, რამდენი კაცი იმსხვერპლა ამ ომმა და განა ის ახალის
მოთხოვნილებით იყო გამოწვეული? განა გვქონდა ჩვენ იაპონიელებთან რამე
სადავო? განა იციან ჩვენმა ძმებმა რისთვის იბრძვიან, რისთვის ღვრიან
სისხლს? არ იციან, არ იციან, იმიტომ რომ მთავრობა ოთხი წლით ულაყებს თავს
ჩვენ შვილებს და მორჩილების მანქანათ ხდის. რამდენი სიმდიდრე ჩაიღუპა
ზღვებში უზამ-მაზარი გემების სახით, რამდენი მილიონი მანეთი დაიკარგა და
მერმე ვისი ოფლით იყო მონაგარი ეს სიმდიდრე? ვისი და ჩვენი ოფლით, მუშა
ხალხის მარჯვენით. ვთქვათ ბევრი გვაქვს ქონება, სიმდიდრე, მაგრამ ეს
სირცხვილი არ არის, რომ დაწვა, საკუთარი ხელით გაანადგურო შენივე სიმდიდრე
როგორც ამას ჩვენი მთავრობა შვება ბრძოლის ველზე უკან დახევის დროს ამდენი
ქონების ტყვილა უბრალოთ დათუთქვა სამართლიანი, ქრისტიანულია? ჩვენ, ხალხი,
ჩვენთვის რომ ეკითხათ ასე არ მოვიქცეოდით, ერთი გვითხარით, რა მოძრაობათ
რაცხს მთავრობა გურულების მოძრაობას?
მთ. წარ. პეტერბურგში არ ვიცი, მაგრამ მთავარ-მართებელი კი ფიქრობს: გურულების მოძრაობის მიზეზი ქონებრივი გაჭირვება არისო.
ხალხ.
წარ. მე ვიცი, რომ მთავრობის მოხელეები ხალხში და სალდათებში ავრცელებენ
ყოვლად უსაფუძვლო ხმებს, თითქოს ჩვენ ჩვენი მეფე გვინდოდეს, თითქო ჩვენ
ცალკე სახელმწიფო გვინდოდეს. ეს ტყუილია, ეს საზიზღარი ცილის წამებაა;
ჩვენი მოძრაობა განუყოფელია მუშათა მოძრაობისაგან. ვინც უნდა იყოს, რა
ეროვნებაც უნდა იყოს გაჭირვებული კაცი, ჩვენ, როგორც ყოველი მუშა რუსეთისა
ვებრძვით დღევანდელ წესწყობილებას. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ის და მის
ნანგრევზე ავაშენოთ ახალი, სამართლიანი წეს-წყობილება. ჩვენთვის ყველა მუშა
განურჩევლად ეროვნებისა ძმებია ჩვენი და იმათი ინტერესი ერთია.
მთავრ.
წარ. არა, მე არ ვხედავ აქ ნაციონალურ მოძრაობას. მათრახებით
პეტერბურგშიაც ცემენ ხალხს; ცემენ კაზაკები და სალდათები, რადგანაც
კაზაკებს სასიამოვნოთ აქვთ თავისი ძმების გამათრახება, ისინი უზრდელები
არიან, გაუნათლებლები. პოლიცია ვერ იკვლევს სიმართლეს და ხშირათ შეცდომაში
შედის. მთავარ-მართებელი ძლიერ აქებს და ენდობა გენერლებს. აქ რაღაცა
გაუგებრობა არის.
ხალხ.
წარ. ჩვენ არა გვაქვს იმედი რომ მთავრობამ, რომელსაც არ ვენდობით, ჩვენი
თხოვნა დააკმაყოფილოს. მას შემდეგ მაინც რაც პეტერბურგში ასე განუკითხავათ
ამდენი ათასი მუშა ხალხის სისხლი, ჩვენ არ შეგვიძლია ნდობა გამოუცხადოთ
მთავრობას და იმას მივანდოთ ჩვენი ცხოვრების მოწესრიგება. აღარ ვართ ისე
გულუბრყვილონი, როგორც მთავრობას გონია და გვესმის, რომ ჩვენი გასაჭირის
შემსუბუქება შეუძლია იმ გვარ მთავრობას, რომელსაც ირჩევს ხალხი, რომელიც
შედგება ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებისაგან. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ,
მოწვეულ იქმნას არა ზემსკი სობორი, არამედ სახალხო დამფუძნებელი კრება,
ჩვენ გვინდა ხალხური მთავრობა.
ნ. კ-ძე.
Comments
Post a Comment