XVII საუკუნის დასაწყისში, სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის იმპერიის დაპყრობის შემდეგ გურიაში, შემოქმედის მონასტერში გადმოიტანეს ზარზმის ეკლესიის სიწმინდეები. სპეციალურად ამ სიწმინდეთა მოსათავსებლად ვახტანგ II გურიელმა შემოქმედის ეკლესიასთან ააგო მეორე, ღვთისმშობლის შობის ეკლესია და მას რამდენიმე კომლი აზნაური და ოთხმოცი კომლი გლეხი შესწირა. XVIII საუკუნის ბოლომდე შეწირულ გლეხებსა და აზნაურებს შემოქმედელი ეპისკოპოსი განაგებდა და ისინი საშემოქმედლო ყმებად იწოდებოდნენ. 1794-1820 წლებში შემოქმედის ეპარქიას და საშემოქმედლო ყმებსაც ქაიხოსრო IV გურიელი განაგებდა და ბეგარა-გადასახდებსაც იღებდა მათგან. 1820 წელს ქაიხოსრო იძულებული გახდა, ოსმალეთის იმპერიაში გაქცეულიყო, რადგან 1819-1820 წლებში იმერეთის აჯანყებას უჭერდა მხარს და აჯანყებულებს იფარებდა. აჯანყების დამარცხებისა და ქაიხოსროს გაქცევის შემდეგ მისი მამულები ხაზინას დარჩა და გლეხები გადასახადებს უკვე სახელმწიფოს უხდიდნენ. 1829 წელს ქაიხოსრო ოსმალეთში გარდაიცვალა, მისი ცოლ-შვილი მეფის რუსეთის მთა...