გურიის ამბები
ასკანა თებ. 25
25 თებერვალს სულთან კრიმ-გირეი გაემგზავრა ბასილეთის საზოგადოების სოფ. ასკანას. ასკანა - ლამაზი სოფელია, აჭარის სერის ძირში მიფანტ-მოფანტული სულ 360 კომლამდე გლეხი სცხოვრობს იქ, მიწა წყლით მეტად შევიწროებული. მიწა მეტად მოუსავლიანია და ვიწროობის მიუხედავად, მცირე...პირველ-ხარისხის ადგილი ფასობს ქცევა 100 მ., საშუალო 50 მ. და უვარგისი 15-20 მან., იმდენად მოუსავლიანია აქაური ადგილები - უმეტესად ეწერები და მწირე მიწა. სიმინდის მოსავალი ორ თვესაც არა გვყოფნის, პრთაშუა რიცხვით მოსახლე გლეხებზე 2-3 ქცევა ადგილი მოდის, - შემომჩივლეს გლეხებმა, - წელზე ფეხს ვიდგამთ და სულს ძლივს ვითქვამთო. აქაური მცხოვრებლები, მამა-კაცები, მრავლად არიან გასული გარედ, სარჩოს საშოვარად ქარხნებსა და შავი ზღვის ნავთსადგურებში გემების დამტვირთველებად. ხელობის მცოდნე ხალხი მეტად მცირეა ასკანაში. სიმინდიდა ვენახი ერთად ერთი ცხოვრების წყაროა მათი. როცა არაყზე ნაკლები ბაჟი იყო, ცოტას არაყი შველოდათ. ბაჟის მომატების შემდეგ კი სრულებით აიღეს გლეხებმა ხელი მეურნეობის ამ დარგზე.
ხალხი დაგვხვდაპაწია გორაკის წვერზე. ეკკლესიის მახლობლად მინდორში თავმოყრილი 600 კაცი, ქალი და ბავშვი იქნებოდა. პირველ შეხედვაზევე შეატყობდით, რომ სიღარიბეს, შიმშილს წელში. არ მოეტეხა ხალხი. ერთ კაცს ვერ ნახავდით პირ-მსუქანს, ყველას მზისა და მუშაობისგან სახე დამწვარი ჰქონდა, მაგრამ ამ სახეს ანათებდა გონიერი, ვაჟკაცური თვალები. ნათლად შეატყობდით ყველას, რომ კარგად შეგნებული ჰქონდათ, რისთვის მოეყარათ თავი, ყველანი მზად იყვნენ ხმის ასამაღლებლად, პასუხის გასაცემად. სულთან-კრიმ-გირეის დაუკრეს თავი ზრდილობიანად და ღირსეულად, როგორც თავის სწორ ადამიანს. ჰხედავდით თქვენ თვალწინ ღარიბ, პირხმელ, მშიერ ხალხს და სიბრალულს არა გრძნობდით მათდამი, რადგან საერთო გულის წადილმა, საზოგადო მისწრაფებამ გამართა ისინი წელში, გაბედულ შუქით გაუნათა თვალები, ადამიანის ნამდვილი ღირსება შეაგნებინა.
ჩვენ ავედით ორ-კლასიან სკოლის აივანზე. კრიმ-გირეიმ სიტყვით მიმართა ხალხს, რომლის შემდეგ ხალხმა აარჩია 14 წარმომადგენელი მასთან მოსალაპარაკებლად. პირველად დაიწყო ლაპარაკი საშუალო ტანის, ასე 25 წლის ახალგაზრდა გურულმა. ხმა რომ ამოიღო, მაშინათვე შეამჩნევდით, რომ იგი მოწყალებას კი არა სთხოვს, მოთხოვნილებას ცუხხადებს მთავრობისაგან გამოგზავნილ მოხელეს. პირველი ჩვენი საჭიროება - მიწა და მიწააო, სთქვა ახალგაზდა ორატორმა. ისეთი მცირე ადგილი გვაქვს, ზედ რომ გავწვეთ, თავი სხვის ადგილში გვექნება და ფეხები სხვისაშიო. ჩვენი შრომით და ოფლით სხვას ვარჩენდით, სხვის - მემამულეების - ყმები ვიყავით და ბოლოს გადავწყვიტეთ ამ საუკუნო უღლის გადაგდება. გვეგონა, მთავრობა ხელს შეგვიწყობდა, დაგვეხმარებოდა გასაჭირში, მემამულეების წინააღმდეგ მშვიდობიან გაფიცვას აჯანყებად არ ჩასთვლიდა, მაგრამ მწარედ მოვსტყუვდით. პოლიციამ ცხარე მათრახები გადაგვაწნა გაფიცულთ, უსაქმო ხალხის გასუქების არ მსურველთ, და ნათლად დაგვანახვა, რომ მას ჩვენი მტრების მხარი უჭირავს, ჩვენი დაჩაგვრა სწყურიანო.
ამაზე კრიმ-გირეიმ უთხრა ორატორს, აქამდე ასე იყო, სამწუხაროდ, ამას აქეთ მთავრობა ეცდება დაგეხმაროთო.
არა გვაქვს ამისი იმედი, - უპასუხა ორატორმა, მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ აქამდის მტავრობაყურადღებას არ გვაქცევდა და ახლა ჩვენ რომ გამოვიღვიძეთ, ისიც იღვიძებს. გიცხადებთ, რომ მოგვწყინდა სხვის, მუქთა-მჭამლების, ნალიებში ჩვენის ნაოფლარის ზიდვა, და გადაწყვეტილი გვაქვს ამიერიდან ჩვენ ნალიებში მაინც ვზიდოთ ჩვენი ნაშრომი, რათა ნახევრად მაინც მოვიკლათ შიმშილი. დროებით ვალდებულებმა დიდის გაჭირვებით გამოისყიდეს მამულები მებატონეებისაგან, იმ ადგილის ფასი, რომელშიაც თავის ოფლს ღვრიდნენ, სხვას, მუქთა-მჭამელს მისცეს და ვთხოულობთ დაუბრუნონ ეს ტყუილად გადახდილი ფული. მიწაცა და ნამუშევარიც მუშის, მშრომელის უნდა იყოსო.
სიტყვა რომ დაასრულა, დაიწყო ლაპარაკი მეორე ახალგაზდამ. მისი სიტყვა-პასუხი მწარე ირონიით იყო სავსე და ამავე დროს ბაგეებზე მწუხარე და თან დამცინავი შუქი დაკრთოდა. მეტად საყვარელი ადამიანი იყო ეს ახალგაზრდა გურული. „აი რა მდგომარეობაში ჩააყენეთ თქვენ თქვენი მოძმე, ადამიანი“, - მეტყველებდა თვითეული მისი სიტყვა და მწარე ისარივით ესობოდა მსმენელის გულს. ეს იყო მკაცრი, სამართლიანი პროტესტი დიდისხნის განმავლობაში მდუმარედ აღზდილ ადამიანის გულში და ახლა, როცა მოთმინების ფიალა აივსო, მწარე სიტყვებში, გადმოხეთქილი. „ჩვენ შორის არიან დროებით ვალდებულნი, ეგრედ-წოდებული ნაყმევნი, - დაიწყო ორატორმა. გათავდა ბატონ-ყმობის დრო და ეხლა ყველა თანასწორია, ყველა ადამიანი, და ნაყმევს თავის ოფლით მორწყული ნადელი საკუთრად უნდა მიეცეს. სახელწმიფო და საეკკლესიო გლეხიც ამგვარ მდგომარეობაშია. - იგიც სახელმწიფოს და ეკკლესიის ყმებია და ამ ყმობისაგან განთავისუფლებას ვითხოვთ. ვინც შრომობს, ადგილიც იმის იყოს. ჩვენ ვუერთდებით მთელ რუსეთის გაჭირვებულ, მშრომელ ხალხს. მისი გაჭირვება ჩვენი საერთო გაჭირვებაა და მისი მოთხოვნილება - ჩვენი საერთო მოთხოვნილებაა. დიდისხნის მოთმინებამ და გაჭირვებამ გვასწავლა, რომ მხოლოდ გაჭირვებულთ შეუძლიანთ უშველონ თავიანთ თავს ერთობით, ძმობით და სხვებისაგან შველას ჩვენ არ მოველით. რა შველას უნდა მოველოდეთ იმათგან, რომელნიც უკანასკნელ ავეჯს და სიმინდს გვიყიდიან გადასახადში. აბა მობძანდით და ნახეთ კანცელარიაში მოგროვილი ჩვენი ღარიბული ნივთები. გროში რომ არ გვებადა, საბანი აგვხადეს და უკანასკნელი ლეიბი მოგვტაცეს გასაყიდად.
- რატომ არ იჩივლეთ? - ჰკითხა კრიმ-გირეიმ
- ბევრჯელ მივმართეთ, მაგრამ ყურიც არ გაუბერტყიათ. მთავრობის მოხელეებისაგან ამის მეტი არაფერი გაგვიგონია: „სადილი, მალე სადილი!“ როცა მობძანდებოდნენ და ნასადილევს - „ცხენი, მალე ცხენი“, - როცა მიბძანდებოდნენ.
ხალხში ამ სიტყვებზე სიცილი გაისმა. ცრემლით მორწყული იყო ეს სიცილი. იქ, სადაც სხვები ზიზღს გამოუცხადებდნენ ხალხის ფულით მაძღართ, ხალხი მხოლოდ მწარე ირონიით იხსენიებდა მოხელეებს, რომელთაც ფული ერთად-ერთ სათაყვანებელ კერპად გაუხდიათ.
სირცხვილი არ არის, - სთქვა ორატორმა, მემამულეს ცხენი ჩვენ სახლებზე უკეთეს კონახში სცხოვრობსო? ისეთის კილოთი იყო ეს ნათქვამი, რომ ადამიანს ჟრუანტელი დაუვლიდა ტანში. ქვეყნის მარჩენალი გლეხი პირუტყვზე უარეს მდგომარეობაში ჩააყენეს მისი ოფლით გამოზდილებმა.
შემდეგ სხვა დეპუტატებმა ილაპარაკეს. - მოითხოვეს გაუქმება ყველა საქონელზე დაწესებულ, არა პირდაპირის გადასახადისა, რომელიც ყველაზე მძიმედ მუშა ხალხს აძევს კისერზე, გონივრულად განუმარტეს კრიმ-გირეის არა-პირდაპირი გადასახადის მნიშვნელობა და იმის გაუქმების სამართლიანობა.
როცა ლაპარაკი დაასრულეს, ისევ დაიწყო ენა-მკვეთრმა ახალგაზდამ და ცოცხლად დაახასიათა მღვდლები და მოღვაწეობა.
„მღვდლები ცოცხლებსა და მკვდრებს სჭამენ ამ სოფლად და თავს იმით იმართლებენ, სამაგიეროდ თქვენი სული სამოთხეში აფრინდებაო, ირონიით დაიწყო ორატორმა: მათ სრულებით არ ახსოვთ იესო ქრისტეს მცნება, კარგა ხანია დავიწყებულ-აქვთ და მხოლოდ საკუთარი მადა აქვთ გაღვიძებული. ისინი ჰქადაგებენ უფროსების, მემამულეების და მოხელეების მორჩილებას, და ამ მორჩილებას ჩვენ შვილებს ასწავლიან. მღვდლებს კარგად ესმით, რომ ჩვენი მორჩილება - მათი კეთილდღეობის წყაროაო.“ შემდეგ ორატორმა განმარტა მღვდლების თავ-გასულობა, თავის კერძო წადილი, მოიყვანა იმის მაგალითები, როგორ ავიწროებდნენ ისინი ხალხს ქრისტეს სახელით და დასძინა, არ გვინდა მღვდლების შენახვა და მათგან სამღვთო სჯულის სწავლება, - ვისაც სურს, იმან შეინახოს და სამღვთო სჯულიც ისწავლოს მათგანაო.
სხვა დეპუტატებმა გამოსთქვეს შემდეგ საერთო მოთხოვნილება: ჩვენ ამორჩეულ კაცებს უნდა მიეცეს უფლება განაწესრიგონ და დააწესონ იჯარა სახელმწიფო და საბატონო მამულებზე, ტყეებსა და საძოვრებზეო. უნდა მოისპოს ჩვენზე დაკისრებული ხარჯი მოხელეების ცხენებისა, იმ მოხელეებისა, რომელთაც ქვეყანა თავისი საჭმელი ჰგონიათ, მემამულეებს შორიდან თავს უკრავენ, ჩვენ კი ახლოს არ გვიშვებენო. მოისპოს სიტყვა „мужик“-ი ადამიანის დამამცირებელი, და ყველა წოდება გაწორდეს კანონის წინაშე. უფლება უნდა მოგვეცეს კრებისა, რომ ჩვენ გაჭირვებაზე საერთოდ მოვილაპარაკოთ, აზრის თავისუფლების, რადგან აზრის გაუზიარებლად არაფერი საქმე არ კეთდება, დღეს კი კრების გამართვისათვის გვამათრახებენ და ციხეში გვალპობენ. უნდა მიეცეს თავისუფლება ჟურნალ-გაზეთებს. დღეს ჩვენ ჭირ-ვარამზე აკრძალულ წიგნებში ვკითხულობთ და გაზეთებში ვერაფერს ვპოულობთ. უნდა მოგვეცეს ნება გაფიცვისა, რადგან ეს ერთად ერთი საშუალებაა იმათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ოფლით იკვებებიანო.
„ჩვენ კარგად ვიცით, რა არის სწავლა,“ სთქვეს დეპუტატებმა. ჩვენში უმრავლესობა კი უსწავლელია სიღარიბის გამო, ამიტომ ვითხოვთ, რომ სწავლება იყოს უფასო 16 წლამდის და ყველასათვის სავალდებულო. გაგვიგონია, განათლების მინისტრია სადღაც რუსეთშიო, ის არასფერს არ ანათებს, პირიქით, განათლების მოსურნე გურულ ხალხს ბიბლიოთეკები და სამკითხველოები დაგვიხურესო.
მაზე კრიმ-გირეიმ ჰკითხა, რატომ არ იჩივლეთ უმაღლეს მთავრობასთანაო. ვიცით, რომ რაც უფრო მაღლა ვიჩივლებთ, უსამართლობა იზდებაო, უპასუხა ხალხმა.
შემდეგ ხალხის არჩეულებმა მოითხოვეს მუდმივ ჯარის მოსპობა და სახალხო მილიციის შექმნა. დღეს სალდათები ჩვენ საწინააღმდეგოდ მიჰყავთ, მტრებსავით მოგვისევენ ჩვენსავე ძმებს. აი ეხლაც ჯარი მომდგარია ნატანებზე ზარბაზნებით, ჩვენი აოხრება უნდათ. მაგრამ ნუ იფიქრებთ კი, ასე სულელები ვიყოთ, რომ ჯარს თავზე დავეცეთ. ეხლა არაფერს არ ვაპირებთ. გლახათ მოუტანიათ ხმები მთავრობისათვის, გურულები „ბუნტს“ ეძებენო. გურულები სიმართლეს ეძებენ და სხვას არაფერსა გთხოვთ გაიყვანოთ აქედან ჯარი და არ დააწიოკოთ მშვიდობიანი ხალხი.
თვითეული სიტყვა დეპუტატების - თამამითა და უშიშარი გულის პასუხი იყო. მათი მოთხოვნილებაა აგრეთვე, რომ გადასახადი დაწესდეს მხოლოდ შემოსალის დაგვარად. ვისაც 500 მანეთზე ნაკლები აქვს, სრულიად განთავისუფლებულ იქნას. კანონების შექმნა-შემუშავებაში მთელის ხალხის წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, განურჩევლად ქონებისა, ეროვნებისა და სქესისა. კენჭის ყრა პირდაპირი, ფარული და საყოველთაო უნდა იყოს. ჩვენ ვთხოულობთ, - სთქვეს დეპუტატებმა, - ყველა პოლიტიკურ დამნაშავეთა განთავისუფლებას, ვთხოულობთ პასპორტების გაუქმებას, რადგან არ შეჰფერის ადმაიანს პირუტყვსავით დაღი ჰქონდეს. ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ საბოლოოდ. მთავრობა, რომელიც აქამდის გვტანჯავდა, გვთხოვს კიდევ მოვითმინოთ და ვიტანჯოთ, ჩვენ საამისოდ არც შუბლი და არც ძარღვი არა გვაქვს, ჩვენი მოთმინება საზღვარზეა მისულიო.
ამით დასრულდა სიტყვები ხალხის დეპუტატებისა.
ი. ნაკაშიძე
გურიის ამბები
სოფ.
ასკანა. 25 თებერვალი. ერთგვარი გასაჭირი დაახლოებით ერთგვარათ
გამოითქმება და გამოიხატება. არამცთუ მარტო ასკანის საზოგადოებას და
გურიას, მთელ რუსეთის დაბეჩავებულ ხალხს ერთი სატკივარი აკვნესებს და
ერთგვარი გასაჭირი ტანჯავს. ამიტომაც ასე ერთხმათ ღაღადებს საზოგადოება
ყველგან, სადაც მთავრობის მოხელე სულთან კრიმ-გირეი მიდის; ყველგან ერთსა
და იმავე მოთხოვნილებას ადგენს, ერთი მიზნისკენ მიისწრაფვის.
ასკანა
ბასილეთისა და ბახვის საზოგადოების შუა, აჭარა გურიის მთის კალეთებზე
ძევს, მიწის სივიწროვე და სიმცირე, გზების უქონლობა, და მრავალი სხვა
ამგვარი მიზეზები უთუოთ ასკანელებსაც აგრძნობინებდა ცხოვრების სიმძიმეს. რა
ქნას მართლაც თუნდაც მარჯვე, შრომის მოყვარე და მკლავ ღონიერმა გლეხმა,
რომელსაც ორი ქცევა ეწერი, უნაყოფო მიწა, ერთი ღორი, ერთი ძროხა და ამასთან
შვიდი სული სარჩენი და მრავალი გადასახადი აწევს კისერზე? ძნელია ამგვარ
პირობებში ოჯახის გაძღოლა, მაგრამ შვილებს ყელს ხომ არ გამოსჭრის და
გადაყრის? იძულებულია ებრძოლოს ცხოვრებას, დღიან-ღამიანა იშრომოს, და
თავისი ტანჯული ოჯახი ნახევრათ მშიერი აბოგინოს. ამიტომ გასაკვირი იქნებოდა
გურიის საერთო მოძრაობას ასკანა ანუ სხვა რომელიმე საზოგადოება
გამორჩენოდა.
25
თებერვალს მთელ საზოგადოებას ქალიან-კაციან-ბავშვიანათ სკოლის მოედანზე
მოეყარა თავი, რომ თავისი თვალით ენახა მთავრობის წარმომადგენელი, მათთან
მოსალაპარაკებლად მოსული და გაეგონა ის, რასაც საზოგადოება უპასუხებდა.
აქვე უნდა დავძინო, რომ ხალხი საზოგადოთ, გულ-ცივათ უხვდება ყოველგვარ
წარმომადგენელს მთავრობისას, რადგანაც მრავალი წლის გამოცდილებით იცის, რომ
იმათგან ხეირი არ არის. „რა უნდა გაგვიკეთოს მაგანო!“ „მაგას თვეში ათასი
მანათი ჯამაგირი ექნება და ჩვენს გასაჭირს რას მიხვდებაო“ ამბობენ აქა-იქ.
საზოგადოებამ
ამოარჩია თოთხმეტი დეპუტატი, და მათ მიანდო საზოგადოების სახელით
ლაპარაკი. დეპუტატებმა შვენივრათ დასურათეს, არამც-თუ მარტო ასკანის, მთელი
გურიის გლეხ-კაცობის გასაჭირი და აქა-იქ რუსეთის მოძრაობასაც შეეხენ,
თუმცა სულთან კრიმ-გირეი ხშირათ ახსენებდა: თქვენ მხოლოთ თქვენი
საზოგადოების შესახებ მელაპარაკეთო.
დეპუტატებმა
ილაპარაკეს შრომის ექსპლუატაციაზე, მიწის სივიწროეზე: „რომ დავწვები თავი
სხვის მამულში მაქვს და ფეხები კიდევ მეორისაშიო. ჩვენი შრომის ნაყოფი
თითქმის ხელ-პირათ მემამულეს მიაქვს და ჩვენ აღარაფერი გვრჩებაო. როდესაც
ჩვენ ჩვენ გასაჭირზე ავლაპარაკდით, მთავრობა დახმარების ნაცვლათ მოგვესია
და სულ აგვაწიოკა. ის პირდაპირ, ცხადათ მიუდგა მემამულეებს და ჩვენ თხოვნას
მხოლოთ ის ყურადღება მიაქცია, რომ ციხეში ჩაგვყარა და გადაგვასახლაო.
ამიტომ
მოითხოვეს: სახაზინო, საეკლესიო, სამონასტრო და საუფლისწულო მამულები ხალხ
დაურიგდეს, დაურიგდეს იმიტომ, რომ არც ერთი ეს მესაკუთრეები თითონ არ
მუშაობენ და სხვისი შრომით სუქდებიან. მიწა იმისი უნდა იყოს, ვინც მას
თავისი ოფლით ასველებსო. თავდაუხსნელი გლეხები რომ არიან ყველანი თავისი
მიწით განთავისუფლდნენ უფასოთ, რადგანაც ის მიწა მისია და გამოყიდვა
უკანონობა იქნება. ვინც ნასესხები ფულით გამოიყიდა თავისი საკუთარი მიწა და
თავი გაინთავისუფლა, იმას დაუბრუნდეს უსამართლოთ წართმეული ფულები. ის
მიწები, რომლებსაც სახაზინო გლეხები ამუშავებენ და რომლის მოხმარაც თავის
დროზე არ შეუძლიათ საკუთრებათ გადაეცეს, ისეთ საკუთრებათ, როგორც კერძო
მესაკუთრე გლეხებსა აქვთ. იმას უნდა შეეძლოს საჭიროების დროს იმის გაყიდვა,
დაგირავება თუ სხვა რამე.
ათასგვარი
გადასახადები რომ გვაწევს კისერზე და ჩვენ კი არაფრის მქონე არა ვართ, რით
უნდა გადავიხადოთ? ნახეთ კანცელარიაში ჩვენი ნივთები! განა ისინი შინ არ
გვჭიროდა? გვჭიროდა, მარა ფული რომ არ გაგვაჩდა ისინი გამოახაბაკეს. ჩვენ
აღარ შეგვიძლია ამდენი გადასახადების ზიდვა და ის უნდა მოისპოს. გადასახადი
მხოლოთ იმან გადაიხადოს, ვისაც წლიური სემოსავალი 500 მანეთზე მეტი ექნება
და რაც მეტი ექნება იმდენი მეტი გადაიხადოს. ახლა მდიდრები თურმე არაფერს
არ იხდიან.
აგრეთვე
აუტანელია ჩვენთვის ეს ბაჟები. ყველაფერზე ბაჟი ყოფილა დადებული: არაყზე,
ნავთზე, თუთუნზე, ჩაიზე, შაქარზე, სპიჩკაზე და ვინ მოთვლის კიდო რაზე. ეს
ბაჟები უნდა მოისპოს, რომ ჩვენ შეგვეძლოს ამ უსაჭიროესი საგნების შეძენა.
როცა
ჩვენი ჭკუა ბნელი იყო, ჩვენ ხუცებს ძალიან ვენდობოდით. ახლა შევიტყეთ და
თვალით დავინახეთ იმათი სისაძაგლე და გარყვნილება, ისინი თურმე ჩვენი
გონების სარგებლობდენ და ტყავს გვაძრობდნენ. ის კი არა, ჩვენ რომ თვალი არ
აგვხელოდა და მათი საქმე არ დაგვენახა, ამისთვის განზრახ გვიბნელებდენ
გონებას, თავისი მონური მორჩილების ქადაგებით. ახლა ჩვენ აღარ ვენდობით
ჩვენ მღვდლებს და ვაცხადებთ, რომ იმათი შენახვა იმან იკისროს, ვისთვისაც
მათი ლოცკა-კურთხევა საჭირო არის. ეკლესია უნდა ჩამოშორდეს სახელმწიფოს.
აღარც ის გვინდა, რომ ჩვენი შვილების აღზრდაში ეს მატყუარა ფარისევლები
იღებდნენ მონაწილეობას. ისინი აბნელებენ ბავშვის ნათელ გონებას და
მოქალაქის, თავისუფალი მოქალაქის ნაცვლათ მონებათ გვზრდიან.
ჩვენ,
გლეხ-კაცობა, ქვეყნის მარჩენალი, მოგვიგდეს ბოლოში. ზევით წამოსკუპდნენ
თავადები, აზნაურები და სხვები. რატომაა ეს? გლეხებმა რატომ უნდა არჩინონ
ეს მუქთახორები? გლეხებს შრომა და ტანჯვა - იგენს ბატონოა? ჩვენ მოვითხოვთ,
რომ ეს წოდებები მოისპოს, არ იყოს არც თავადი, არც აზნაური და არც გლეხი.
ყველა კაცი ერთია, ერთნაირი ცხოვრება უნდა. წოდებები უნდა მოისპოს და
კანონის წინაშე ყველა კაცი თანასწორი უნდა იყოს.
ჩვენ
არ შეგვიძლია ერთათ თავის შეყრა და ჩვენს გაჭირვებაზე თავისუფლათ
ლაპარაკი. არ შეგვიძლია ჩვენი გაჭირვების დაწერა, რომ მთელმა ქვეყანამ
გაიგოს ჩვენი ამბავი. ეს ასე აღარ შეიძლება - უნდა მოგვეცეს კრების,
სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლება. ჩვენი ბინა და პიროვნება ხელშეუხებელი
უნდა იყოს. უნდა შეგვეძლოს საცა გვინდა იქ ვიცხოვროთ. ეს პასპორტები რა
მოხელეა? ცხენები ხომ არა ვართ - დაღებს გვარტყამენ? მაშასადამე ეს
პასპორტები უნდა მოისპოს და კაცს ცხოვრება შეეძლოს.
რომ
მოგადგებიან ეს პოლიციელები და კაზაკები და მართალს თუ მტყუანს ყველას
ცემენ, სახლს აუწიოკებენ, რატომ არის ეს ასე? მართალი და მტყუანი არ უნდა
გაირჩეს? კაცის პიროვნება არ უნდა შეილახოს, ის თავისუფალი უნდა იყოს. ჩვენ
მოვითხოვთ პიროვნების და ბინის ხელ-შეუხებლობას, გაფიცვის თავისუფლებას.
ეს ხომ ცხადია, როცა მემამულეების ადგილში მუშაობაზე უარი ვთქვით,
მთავრობამ ძალა დაგვატანა, გინდა თუ არა იმუშავეთო. ეს რასა გავს?
ჩვენ
სწავლა გვინდა, საშვალებას მოკლებული ვართ. გადასახადებმა სული
ამოგვართვა. რა ვქნათ? სხვაგან თურმე სწავლა სავალდებულოა და ამასთან
უფასო. ჩვენც ასე ვთხოულობთ: 16 წლამდე სწავლა ყველასთვის სავალდებულო იყოს
ქალისა და ვაჟისათვის თანასწორათ, მარა უფასო, ამასთანავე, უფრო მაღალი
სწავლის მიღება, უფრო ადვილი უნდა დარჩეს ახლანდელზე.
ჩვენ
სამართალი ხომ აღარ გვაქ. ეს რამდენი ხანია უსამართლოთ ვიტანჯებით.
სამართალი იმათია, ვისაც ჯიბე სქელი აქვს. გაჭირვებული კაცი ყოველთვინ
მტყუანი გამოდის. ამისთვის ჩვენ ვთხოულობთ, რომ მოსამართლეები ხალხის
ამორჩეული იყოს და ამასთანავე ნაფიცი. ყველა მოქალაქეს უფლება უნდა ქონდეს
მოხელე სამართალში მიცეს დანაშაულობისათვის. ახლა პოლიციის მომჩივანი, რაც
უნდა მართალი იყოს, მაინც თითონ დაისჯება.
სალდათობა
რომ ხალხს ღუპავს ეს ყველასთვის გასაგებია მარა ყველა ვერ გრძნობს ამ
გასაჭირს. მდიდარს შეუძლია მოიყიდოს დოხტური, მარშალი და სხვა ჩინოვნიკები
და განითავისუფლდეს. საწყალ კაცს სად შეუძლია აგი და ქე მიყავთ ჯერ ერთი
მუშა ხელი გვეკარგება, მეორე კიდო შესანახავ გვირჩება. იქ არც აჭმევენ, არც
ასმევენ და არც ტანზე აცმევენ. მერე წეიყვანენ საცხა და ჩალკავენ. ამას
ყველას გაუძლებს კაცი, მარა თურმე უბედურობა სხვა ყოფილა. ჯარი ჩვენ ჩვენს
დასაფარავად გვეგონა გაჩენილი და ასე კი არ ყოფილა. თურმე ისინი ჩვენ
დასახოცათ მიყავთ. ეგერ პეტერბურგში მუშები დაწყვიტეს. აგერ ჩვენ მოგვისიეს
ეს კაზაკები თუ რაცხაა. ჩვენ ვთხოულობთ ამ სალდათობის მოსპობას. ჯარი ჩვენ
არ გვჭირია. თუ ქვეყნის დაფარვა იქნება საჭირო მაშინ ჩვენ თითონ
ვიჩხუბებთ. სალდათობა უნდა მოისპოს. ფულიც ბევრი იხარჯება მის შენახვაზე და
კაციც ბევრი ცდება საქმეს. ოზურგეთში რომ ჯარი მოგვაყენეს, იგი შინ
წაიყვანონ ჯობია. ჩვენ საჩხუბარი არაფერი გვაქ.
ამასთანავე
მოვითხოვთ, რომ ადმინისტრაციის ნებით გადასახლებული ჩვენი ძმები უნდა
დააბრუნონ შინ. იგინი ჩვენი გულისთვის დეიტანჯენ უდანაშაულოთ.
ახლა
რაფერ შეგვიძლია ჩვენ იმ მთავრობას ვენდოთ, რომელმაც ასეთ უზომო გასაჭირში
ჩაგვყარა? ჩვენ მოვითხოვთ, სახალხო დამფუძნებელი კრების მოწვევას. ხალხმა
უნდა ამოირჩიოს თავისი წარმომადგენლები, რომლებსაც ენდობა და იმათ მიანდოს
თავისი საქმეების მოწეს-რიგება. დეპუტატების არჩევაში ყველამ უნდა მიიღოს
მონაწილეობა ეროვნების, სარწმუნოების მდგომარეობის და სქესის განურჩევლათ.
კენჭის ყრა უნდა მოხდეს ფარულათ.
აი
ჩვენი უმთავრესი მოთხოვნილებანიო, დაასრულეს დეპუტატებმა. ჩვენ ახლა
ვეღარც მოგვატყუებენ და ვერც შეგვაშინებენ. ან სიკვდილი ან გამარჯვება.
ნ კ-ძე
(ამ ფსევდონიმით ხელს აწერს ნესტორ კალანდაძე)
Comments
Post a Comment