Skip to main content

Очерки Революционного Движения В Гурии - პოლიტიკური აღზრდის გაკვეთილები (თავი 3)



პოლიტიკური აღზრდის გაკვეთილები

    მოძრაობა იზრდებოდა გამაოგნებელი სისწრაფით და ხელისუფლებამ გადაწყვიტა მიეღო ზომები. „ბუნტს“ ჯერ არ მოეცვა ყველა სოფელი, მაგრამ ეს ახლო მომავლის საქმე იყო. 
    საჭიროა შევნიშნოთ, რომ აგიტატორები დასაწყისში ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ საკითხის პოლიტიკურ მხარეს და მხოლოდ იშვიათად, გაკვრით ცდილობდნენ აეხსნათ გლეხობის სიღარიბის და უუფლებობის კავშირი რუსეთის საერთო პოლიტიკურ მდგომარეობასთან. ხალხის ფართო მასებისთვის ეს კავშირი ჯერ კიდევ სავსებით ნათელი არ იყო, მათი ყურადღება ძირითადად მემამულეებისა და სამღვდელოებისადმი იყო მიმართული. ხალხი ფიქრობდა რომ კი, ხელისუფლებისგან დახმარებას არ შეიძლება ელოდო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის არც ჩაერევა ამ ბრძოლაში. ადგილობრივი მმართველობის ძალადობას ისინი მიაწერდნენ მათ პირად გარყვნილებას. არცთუ იშვიათად გაიგონებდით ხალხში „სტუდენტები მეფის გამოგზავნილი ხალხია, რომელთაც დავალება აქვთ მიცემული - წადით, ააბუნტეთ ხალხი მემამულეთა წინააღმდეგო“ ასე გულუბრყვილოდ და უბრალოდ ფიქრობდა საწყალი გლეხი და სინამდვილემ არ დააყოვნა მისი სასტიკი დაცინვა და ხელისუფლების სიკეთის რწმენის ამოძირკვა. ხელისუფლებამ დაიწყო ზომების მიღება „დასამშვიდებლად“. ქუთაისის გუბერნატორ სმაგინს შესთავაზეს მოევლო გურიის სოფლები და პირადად დარწმუნებულიყო საქმის ვითარებაში და ის დარწმუნდა რომ უწინდელი მორჩილი გურიის კვალიც არ დარჩენილიყო.  ის აწყობდა კრებებს, რათა გასცნობოდა მოსახლეობის შეხედულებებს და მისწრაფებებს, და ეკითხებოდა „მითხარით, რა გჭირდებათ და მე დაგაკმაყოფილებთ თქვენ“. მაგრამ, როდესაც, მაგალითად, სოფელ ჯუმათში ერთ-ერთმა გლეხმა მკაფიოდ დაახასიათა საკუთარი საჭიროება და წამოაყენა მოთხოვნები, სმაგინი გაბრაზდა „შენ გჯერა რასაც უსაქმურები გასწავლიან. მეორედ არ გაბედოთ ჩემთვის ასეთი რამის თქმა, თორემ ყველას გაგაციმბირებთ!“ სოფელ ჩოჩხათის მცხოვრებლებმა მას პური სთხოვეს - „ჩვენთან შიმშილობაა და დახმარება აღმოგვიჩინეთ! - ამბობდნენ ისინი. მან ამ თხოვნას ყვირილით და ლანძღვა-გინებით უპასუხა. „მაშინ, გადასახადებს ვერ გადავიხდით“ - თქვა ერთმა - „არა, უნდა გადაიხადოთ და რასაც გიბრძანებთ უნდა შეასრულოთ“ – „აი, ესღა შემრჩენია მე თქვენი წყალობით და ბარემ ესეც წაიღეთ“ - თქვა სხვამ, წაიძრო ფეხიდან გამხმარი ქალამანი და ესროლა გუბერნატორს. შეურაცყოფილმა გუბერნატორმა ბრძანება გასცა დაუყოვნებლივ დაეპატიმრებინათ ამაყი გლეხი, მაგრამ როცა დაინახა გამძვინვარებული ხალხის მასა, რომელიც მუშთებს უღერებდა და ემუქრებოდა - ბრძანება გააუქმა. შემდეგ დღეს მან მიქელ-გაბრიელის საზოგადოება შეკრიბა მოსალაპარაკებლად. კრებას 500 ადამიანი ესწრებოდა და იქ გუბერნატორმა იგივე შთაბეჭდილება მიიღო, რაც სხვა ადგილებზე. ის იწერდა მოლაპარაკებების დროს გამომსვლელი გლეხების გვარებს, ამით აშკარად ურჩების შეშინება უნდოდა, მაგრამ გლეხები არ აქცევდნენ ამას არავითარ ყურადღებას. მათ დააყენეს შემდეგი მოთხოვნები: 1) გაუქმდეს გადახდის არსებული წესი, შემცირდეს მიწის იჯარის ფასი მოსავლის 1/8-1/10-მდე 2) გაუქმდეს გადასახადი საძოვარზე 3) გაუქმდეს აქციზი სპირტსა და არაყზე 4) საერთო-სასოფლო გზების შენახვა და ეკლესიების დარაჯობა სავალდებულო გახდეს დასახლების ყველა მცხოვრებისთვის 5) მიწის შესწავლის ხარჯები ყველაზე თანაბრად განაწილდეს 6) გაუქმდეს დრამის გადასახადი 7) გაუქმდეს ყველა განსაკუთრებული წოდებრივი უფლება და პრივილეგია და კანონის წინაშე ყველა გათანასწორდეს. გუბერნატორი თავიდან აენთო, მაგრამ შემდეგ დაიწყო ხალხისთვის მითითება „ვიცი, რომ თქვენ გატყუებენ ვიღაც უსაქმურები, რომლებიც დადიან თქვენთან ღამ-ღამე და უკუღმა გიხსნიან მეფის კანონებს და მთავრობის მოქმედებებს, თუ მათ არ დაუჯერებთ, მე მაშინ ყურადღებას მივაქცევ თქვენს თხოვნებს და რამდენადაც შესაძლებელი იქნება,  შეგისრულებთ კიდევაც შევასრულებ. ღალა მე არ მეხება, ამაზე როგორც გინდათ, ისე მოურიგდით მემამულეებს, ხოლო დრამის ფულს მოვსპობ თუ გაჩერდებით და თხოვნით მომმართავთ.“ ამაზე გლეხებმა უარით უპასუხეს. მაშინ განრისხებულ გუბერნატორს ისღა დარჩა ჩამჯდარიყო ვაგონში და გამგზავრებულიყო ქუთაისში. ამ საუბარმა კიდევ უფრო გაამხნევა გლეხები. გუბერნატორის წასვლისთანავე მათ მოაწყვეს კრება იმის შესახებ, როგორ მოქცეულიყვნენ მომავალში. „ამხანაგებო, თქვენ ხედავთ როგორ უყურებს ჩვენს სამართლიან მოთხოვნებს გუბერნატორი, მან საერთოდ არ მიაქცია ყურადღება ჩვენს საჭიროებებს და არ უნდოდა რაიმე გარკვეული პასუხის გაცემა. რაკი ასეა, ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ და მოვაწყოთ ჩვენი საქმე.“ მიმართა ხალხს ერთმა მეტნაკლებად შეგნებულმა გლეხმა. „მართალია, მართალია!“ უპასუხა ამას ხალხმა. გადაწყდა არ გადაეთქვათ გუბერნატორისთვის წარდგენილი მოთხოვნები. ასევე გადაწყდა, რომ ჯიუტი მემამულეები დაეტოვებინათ ყველა მუშის და მოსამსახურის გარეშე და გაწყვეტილიყო მათთან ყოველგვარი ურთიერთობა. ამ მიზნით ყველა მხარეს გაგზავნილ იქნენ სპეციალურად უფლებამოსილი პირები. ასევე გადაწყდა, შემდეგი წლიდან შეწყვეტილიყო ყველანაირი მუშაობა მათ მიწებზე. აქვე გლეხებმა ერთმანეთს მისცეს ფიცი, არცერთ შემთხვევაში არ ეღალატათ ამ გადაწყვეტილებისთვის, რის შემდეგაც სიმღერებით გაემართნენ სოფლებისკენ. დროშების ნაცვლად გაშალეს წითელი ყაბალახები შეძახილებით გაუმარჯოს ერთობას! ძირს მემამულე და მღდველი!
    მიქელ-გაბრიელის საზოგადოების გადაწყვეტილება სხვა სოფლების გლეხებმაც მიიღეს. აქედან ერთი კვირის შემდეგ იშვიათად ნახავდით მოსამსახურეებს მემამულეებთან და მღვდლებთან.
    ამასობაში გუბერნატორმა სმაგინმა მიმართა გოლიცინს (კავკასიის ყოფილ მთავარმართებელს). „როგორ მოვექცეთ აჯანყებულ გურიას?“ საბოლოოდ, ზემოდან მიღებული ბრძანების მიხედვით 1903 წლის 6 აგვისტოს ოზურგეთში ჩავიდა ვიცე-გუბერნატორი კაზაკთა ასეულით და აქედან დაიწყო ხელისუფლების „საქმენი საგმირონი“! აქ გადაიშალა თვითმპყრობელობის გარყვნის გრანდიოზული სურათი! მთელი ორი თვის განმავლობაში არ შეწყვეტილა მშრომელი მასის რეპრესიები და განადგურება. უპირველეს ყოვლისა დაიწყეს მიქელ-გაბრიელით: 7 აგვისტოს სოფელ ნატანებში გამოიძახეს 25 გლეხი და 4 ინტელიგენტი. მათგან გამოცხადდა 19 ადამიანი. ყველანი დააპატიმრეს და კაზაკების დაცვის ქვეშ ჰყავდათ. გლეხებმა გადაწყვიტეს  კაზაკებზე თავდასხმა და დაკავებულების გათავისუფლება მაგრამ მოუწიათ ამ განზრახვაზე ხელის აღება. მომდევნო დღეს ყველა დაპატიმრებული გაგზავნეს ქუთაისში. 8 აგვისტოს სოფელ ნიგოითში დააპატიმრეს 20-მდე ადამიანი, ისინიც გაგზავნეს ქუთაისში. ასევე ბევრი დააპატიმრეს სოფლებში სუფსა, ჩოჩხათი, ისევ ნიგოითი, მიქელ-გაბრიელი, ამაღლება, ხვარბეთი, ხიდისთავი და ა.შ. ჯაშუშები ყველგან მუშაობდნენ! ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში ციხეები გადაივსო ხალხით. დაახლოებით 250 ადამიანი იქნა დაკავებული. გურიაში ჩავიდა ჯარისკაცების მთელი პოლკი. დაპატიმრებულები ჯერ გზვნიდნენ ოზურგეთში, შემდეგ ბათუმში ან ქუთაისში. მიჰყავდათ ფეხით, მათრახების ცემით, დაცინვით და გინებით, არ ინდობდნენ არავის, არც ბავშვებს, არც მოხუცებს, არც ავადმყოფებს. ცხენზე ამხედრებული კაზაკები და სტრაჟნიკები მათრახებით ერეკებოდნენ მათ, აიძულებდნენ სირბილით დაწეოდნენ ცხენებს და ვაი მას, ვინც დაღლილობის ან სისუსტის გამო ვეღარ ირბენდა. მათრახები ყველანაირი შებრალების გარეშე ხვდებოდა მათ ზურგებს.
    სმაგინმა ისევ მოიარა სოფლები, ოღონდ უკვე ჯარისკაცებთან და სალდათებთან ერთად. ის ცალკე იბარებდა ყველა სოფელს და არა საზოგადოებას, რათა ერთად შეკრებილ ხალხს არ შეძლებოდა წინააღმდეგობის გაწევა. ყველას, ვინც გაბედავდა თავის გასამართლებლად თუნდაც სიტყვის თქმას, ის აპატიმრებდა და გადასცემდა კაზაკებს დასასჯელად. დამცირებას არ ჰქონდა დასასრული. მთელ გურიაში დაკეტეს ბიბლიოთეკა-სამკითხველოები, რომლებიც მანამდე თითქმის ყველა დასახლებაში იყო. შპიონების ჩვენებებით დააპატიმრეს ან დაითხოვეს მასწავლებლები. შვიდ სასოფლო საზოგადოებას ჩამოართვეს მამასახლისის არჩევის უფლება და ისინი დანიშნულ იქნენ ხელისუფლების მიერ წელიწადში 450-500 რუბლი ხელფასით. ყველა აბუნტებულ სოფელში გუბერნატორმა ჩააყენა 50-60 ჯარისკაცი მთლიანად გლეხთა ხარჯზე. სამღვდელოების სასარგებლოდ დრამის ფულის ასაკრეფად ყველაგან გაგზავნილ იქნენ სტრაჟნიკები, რომლებიც ისე უმკლავდებოდნენ მოსახლეობას, როგორც სურდათ. თუ ფული არ ჰქონდათ, მიჰქონდათ ნივთები. „ამბოხის“ გამოსააშკარავებლად სმაგინი კანცელარიებში რამდენიმე დღით აპატიმრებდა 4-5 ადამიანს და იმედოვნებდა რომ სულმოკლეებს ასე აიძულებდა ამხანაგების გაცემას. ოზურგეთში მათრახების ქვეშ აიძულებნენ მოძრაობის მოთავეების გაცემას. მაგრამ ტყუილად! ხალხი არ გასცემდა მის ხელმძღვანელებს, თუმცა კი ყველა იცნობდა მათ.
    მიმოფანტულმა თავადებმა დაინახეს მოხერხებული მომენტი საკუთარი საქმეების მოწესრიგებისთვის, ისინი წვავდნენ საკუთარ დანგრეულ და დაშლილ სახლებს და ბრალს გლეხებს სდებდნენ. უფროსობა ათჯერ მეტად აფასებდა დამწვარი საკუთრების ღირებულებას და მას ხალხს აკისრებდა. სოფელი ამ დროს შემაძრწუნებელ სურათს წარმოადგენდა. იფიქრებდი, რომ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროა. ხალხი დაბნეული იყო და ვერ ხვდებოდა რა ხდება მათ თავს? ბრძოლის ასპარეზზე სულ ახლახანს გამოსულმა ჯერ კიდევ არ იცოდა რომ მმართველობის ორგანოებს ხელისუფლების მითითებით და ხელმძღვანელობით ასე უსინდისოდ და დაუნდობლად შეეძლოთ მათთან მოქცევა. მან მიიღო პირველი ფართო მასშტაბის თვალსაჩინო გაკვეთილი და გამოიტანა საკუთარი დასკვნა: აუცილებელია ბრძოლა მთლიან პოლიტიკურ მოწყობასთან, რადგან ყველა ადგილობრივ პრობლემას და საჭიროებას ვერ გადაჭრი ნაწილობრივი ადგილობრივი ბრძოლით.

წინა 
შემდეგი

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურია - ერმაკოვის ფოტოები / Photographs of Guria by Dmitri Yermakov

დიმიტრი ერმაკოვი, რუსი ფოტოგრაფი, რომელსაც თბილისისა და კავკასიის უამრავი საინტერესო ფოტო ეკუთვნის, 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს სტუმრობდა გურიას. მაშინ სწორედ გურიაში გადიოდა ფრონტის ერთ-ერთი ხაზი. ჯუმათის მონასტერი / 6402 Джуматы. Монастырь близъ гор Озургеты. въ Гурщ сер обр изоб Архангела Гаврила съ саблей მიქაელ მთავარანგელოზის ხატი ჯუმათიდან გურულები ეროვნულ სამოსში მოძრავი ტელეგრაფის სადგური ოზურგეთში / 2134 Озургеты. Походная телегр карета въ Озургетахъ ოზურგეთის ხედი 128 Озургеты. Общий видъ городка  გურული ჩავლადრები ომში ქართველთა რაზმი ხუცუბანთან რუსული არტილერია გვარასთან / 2043 Нижние-Гвари. Осадныя орудия (осаждали 29-го аяръля г Кобулетъ) Кобулетский отрядъ въ лагери у позиции Хуцъ-УбАни. Командиръ кап Кармаковъ, близъ г Озургетъ რუსული სამხედრო ბანაკი ციხისძირთან ციხისძირი ქობულეთლები ციხისძირში 41-ე საარტილერიო ბრიგადა ციხისძირში ქართველი ოფიცრები ციხისძირში გურულები ციხი...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქე მღვდლის დღიურიდან

ორი ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. გურიაში ხდება ეკლესიის საბოლოო ლიკვიდაცია, 1929 ამ თაობაზე მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი ამბები ჩამომივიდა ჩემი სოფლიდან „მთის-პირიდან“ ( ასკანის თემი ): მთის პირის სამრევლო ტაძარი ეს ერთი კვირაა სოფლის ხელისუფლებას დაუბეჭდია. ზარი ჩამოუხსნიათ სამრეკლოდან და გაუტანია „ციხის უბანში“, ტყეში და იქ „კვიჩილაურის“ ჩაის კოლექტივში ჩამოუკიდნიათ. ამ „კვიჩილაურზე“ (ადგილის სახელია) ჩაის პლანტაცია გაუშენებია 40 კაცისაგან შემდგარ კოლექტივს. ამათ უკვე დამუშავებული აქვს ოცდაათი ჰექტარი მიწა ჩაისათვის და სწარმოებს კიდევ დაუცხრომელი მუშაობა ამ საქმის უფრო გასაფართოებლად! იმ ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამორეკავენ თურმე და ამით მოუწოდებენ „კომუნარებს“ მუშაობაზე! თუ მესამე ზარის ჩამორეკაზე მუშა არ გამოცხადდა სამუშაოზე, მას უკვე დააჯარიმებენ! ამ კოლექტივში უმეტეს წილად შედიან ორი გვარის კაცები - თალაქვაძე-სიამაიშვილები. ის ზარი, რომელსაც საუცხოო რაკრაკი გაჰქონდა მთის-პირის წმინდა გიორ...