Skip to main content

Очерки Революционного Движения В Гурии - გურიის დარბევა (თავი 8)

 


8.     გურიის დარბევა

1906 წლის იანვარის დასაწყისში ქუთაისის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა ალიხანოვი, რომელიც დაუყოვნებლივ გაგზავნეს იქ თბილისიდან.გადამწყვეტი ომი გამოცხადდა მთელ კავკასიაში, მაგრამ მისი შედარებით დაუცველი ნაწილები, სადაც მოძრაობამ ვერ მოასწრო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოცვა, პირველები   ჩაცვივდნენ ჯალათების ხელში. ჯერ ქართლსა და კახეთში გაიგზავნა გრძელვადიანი საომარი მოქმედებებისთვის აღჭურვილი საკმაოდ მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა. კავკასიის ამ კუთხეების დარბევის შემდეგ ჯარები გადავიდა დასავლეთ საქართველოში - იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში. ალიხანოვი ჯერ კიდევ თბილისში იყო, როდესაც ის ინახულა ქუთაისის თავადაზნაურობის წინამძღოლმა წერეთელმა. ახალი გენერალ-გუბერნატორი დანამდვილებით არწმუნებდა ამ უკანასკნელს, რომ ის საერთოდ არ აპირებდა რეპრესიული ზომების გამოყენებას, თუ ხალხი შეასრულებდა მის მოთხოვნებს, ესე იგი ჩააბარებდა წვავამდელებს, გადაიხდიდა გადასახადებს და ა.შ. გენერლის სიტყვებით ჯარი მხოლოდ რკინიგზაზე შეწყვეტილი მოძრაობაის აღსადგენად იყო გაგზავნილი. ასე საუბრობდა გენერალი, მაგრამ ხომ ცნობილია რას ნიშნავს „გენერლის სიტყვა“...

6 იანვარს ცხარე ბრძოლის შემდეგ ჯარი სადგურ მიხაილოვოდან დაიძრა  სადგურ წიფამდე (ქუთაისის გუბერნია). გზა ნაწილობრივ მოშლილი და ნაწილობრივ ჩახერგილი იყო და მათ ფეხით სიარული უწევდათ.

უნდა აღინიშნოს, რომ სარკინიგზო გაფიცვის შეწყვეტის შესახებ ცნობები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში საკმაოდ გვიან მოვიდა და ამიტომ როცა თბილისიდან რკინიგზით უკვე სხვადასხვა მიმართულებით დაიძრა „სადამსჯელო“ შენაერთები, გურულები ისევ აგრძელებდნენ ბრძოლას. გურიიდან და სხვა ადგილებიდან ჩამოსული შერეული დრუჟინა, პირველ იანვარს თავს დაესხა ყვირილას გარნიზონს და პატარა შეტაკების შემდეგ განაიარაღა ის. ეს დრუჟინა იდგა ახლა წიფის გასასვლელთან და გურიისკენ მიმავალი ჯარი თავს არ დაესხა მას. დრუჟინამ ის შეუფერხებლად გაატარა, რადგან არსებულ სიტუაციაში წარმატების იმედისთვის საკმარისი ძალა არ ჰქონდა.

ჯარის მოძრაობის და მის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დარბევის შესახებ ცნობებმა მიაღწია მოსახლეობამდე და მან მასობრივად დაიწყო მთებში გახიზვნა, დარჩენილები, უფრო შეძლებული ფენებიდან, სამხედრო წინამძღოლებს ხშირად ეგებებოდნენ თეთრი ბაირაღებით და პურ-მარილით.

წიფის გასასვლელი აღებულ იქნა, თუმცა არცთუ იოლად და ჯარების შემდგომი მოძრაობა ტოვებდა ნანგრევების უწყვეტ ზოლს. მოლითის სადგურზე რამდენიმე ადამიანი დახვრიტეს. ბელოგორში კაზაკებმა გადაწვეს 30 მაღაზიამდე და კვამლის უზარმაზარი სვეტი. სადგურ შორაპანზე კაზაკებმა ძარცვის შემდეგ ცეცხლს მისცეს თითქმის ყველა დუქანი და ადგილობრივი მცხოვრებლების სახლები.

მას შემდეგ, რაც ალიხანოვის ჯარი სადგურ ყვირილაში შევიდა, მოსახლეობა, 5 ათასამდე ადამიანი, თეთრი დროშებით და ხატებით შეეგება მრისხანე გენერალს, რათა არ დაეღუპა მათი მხარე. ალიხანოვმა ჰკითხა ხალხს, იცნობდა თუ არა მათ მოთხოვნებს?

-         ვიცნობთ, იყო პასუხი

-         თანახმა ხართ თუ არა შეასრულოთ?

-         თანახმა ვართ!

მოთხოვნები ასეთი იყო: 1) ერთ კვირაში გადაუხადონ ხაზინას აღებული 201639 რუბლი და 36 კაპიკი 2) ერთ თვეში აღადგინონ სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ყველა დამწვარი შენობა 3) გადაიხადონ ყველა გადასახადი 4) ჩააბარონ წვევამდელები და დააბრუნონ გარნიზონისთვის წართმეული იარაღი 5) დაუყოვნებლივ დააკმაყოფილონ მემამულე-დიდებულები იმ დანაკარგებისთვის, რომელიც მათ წინა პერიოდში მიაყენეს. 6) დააბრუნონ ყველა ციხიდან გამოშვებული დაპატიმრებული 7) გასცენ მოძრაობის ყველა მეთაური და აგიტატორი

ხალხიდან გამოვიდა ორატრი, რომელმაც მკაფიოდ აღწერა მოსახლეობის საწყალი მდგომარეობა და მისი სრული უძალობა ამ გადაჭარბებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.

ალიხანოვი გაბრაზდა, ხალხს ზურგი შეაქცია და იყვირა „მეტჯერ ჩემთან საუბრის უფლება ასეთ სულელებს არ მისცეთ! აქამდე მე გელაპარაკებოდით, ამიერიდან კი იარაღი და ქვემეხები ილაპარაკებენ!“

და თვალწარმტაცი ადგილი, რომელზეც განთავსებულია სადგ. ყვირილა, მალე დაიფარა ფერფლისა და ნანგრევების მახინჯი გროვით...

იგივე მოხდა სადგურ სვირზე, სადაც, გარდა ამ ყველაფრისა, სადგურის უფროსის თანაშემწეს ხანჯლით თავი მოჭრეს. სადგურ აჯამეთში დახვრიტეს საგაფიცვო კომიტეტის 12 დელეგატი და ასე მოხდა ყველგან, სადაც ჯარმა გაიარა.

მიუხედავად ამისა სანქტ-პეტერბურგის სისხლიანი კვირის წლისთავზე ქუთაისში გამოცხადებულ იქნა საყოველთაო ერთდღიანი გაფიცვა. გარნიზონის უფროსმა განაცხადა, რომ ის ცეცხლს მისცემს მთელ ქალაქს, თუ ორ საათში გაფიცვა არ შეწყდება, სამოქალაქო ორგანოები ყველანაირად თხოვდნენ მუშებს დამორჩიებოდნენ უფროსის მოთხოვნებს, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო: გაფიცვა მაინც სრულად წარიმართა. შუადღეზე ქუთაისში შევიდა საჯარისო შენაერთი, ქუჩებში დადიოდა პატრული, დაიწყო ჩხრეკები, ხოლო ღამით დაიწყო გადაწვები და ქალაქს ბევრგან ასდიოდა კვამლი.  10 იანვარს გუბერნატორმა სტაროსელსკიმ მოიწვია წოდებების - თავადაზნაურობის, სამღვდელოების, გლეხების და ვაჭრების - წარმომადგენლები და თხოვა მათ დახმარება გუბერნის მოსახლეობის დაშოშმინებაში. წარმომადგენლებმა გამოთქვეს სრული თანხმობა, მაგრამ თავის მხრივ ითხოვეს, რომ მოსახლეობას შეძლებოდა თავისი დაცვის ორგანიზება, რასაც გუბერნატორი დათანხმდა.

თუმცა იმავე დღეს ალიხანოვმა სტაროსელსკიც და ყიფშიძეც დაიბარა ყვირილაში და იქედან, დაცვით გაგზავნა თბილისში. ასე დასრულდა ქუთაისის გუბერნიაში „ლიბერალური“ მმართველობის ერა, როგორც კი მეტნაკლებად ჩაცხრა პროლეტარიატის მასობრივი მოძრაობის საფრთხე და მთავრობამ ხალხთან დაიწყო „იარაღის და ზარბაზნის“ ენით საუბარი.

10 იანვარს ნატანების სადგურზე ჩამოდგა პოლკოვნიკი კრილოვი რამდენიმე ათასი ჯარისკაცითა და კაზაკით. მისვლისთანავე დაიწყო ჩხრეკები. ყველა დუქანი და სახლი საგულდაგულოდ გაძარცვეს. მცხოვრებლებთან ნაპოვნ ფულს და ძვირფასეულობას, ოქროს და ვერცხლის საათებს და სხვა მარტივად გასაყიდ ნივთებს კონფისკაციას უწევდნენ. ჩხრეკების შემდეგ იწყებოდა ხანძარი. დაიწვა ყველა დუქანი და სახლი. ადამიანური მსხვერპლი არ ყოფილა. მეორე დღეს, 11 იანვარს, ჯარი დაუბრკოლებლად გაემგზავრა ქალაქ ოზურგეთს. ქალაქიდან მის შესახვედრად გაგზავნილ იქნა დეპუტატები მთავრობის განზრახვების და ჯარის გამოჩენის მიზეზების გამოსარკვევად. პოლკოვნიკი დეპუტატებს შეხვდა საკმაოდ რბილად და განაცხადა რომ ის არ მიმართავს რეპრესიებს.

მან წამოაყენა შემდეგი მოთხოვნები:

1) გურიაში მოქმედი აგიტატორების გაცემა (პოლკოვნიკმა კრილოვმა წაიკითხა გასაცემ პირთა სია)

2) გაეცათ გურიაში დამალული დეზერტირი ჯარისკაცები,

3) პირველ თებერვლამდე გადაეხადათ გასული და მიმდინარე წლების გადასახადები და მოსაკრებლები

4) ჩაებარებინათ გურიაში არსებული ყველა იარაღი

5) მიმდინარე წელს განხორციელებულიყო ჯარისკაცთა გაწვევა

დეპუტატებმა უპასუხეს, რომ ისინი შეატყობინებენ ამის შესახებ ხალხს და გამოთქვეს იმედი, რომ შესაძლებლობების ფარგლებში მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება. დეპუტატები გაემართნენ ქალაქში და დაამშვიდეს კრილოვის გამოჩენით დამფრთხალი მცხოვრებლები, რომ ის არ მიმართავს რეპრესიებს. მოსახლეობა დამშვიდდა და დარჩა ქალაქში. საღამოს კრილოვის ჩამოსვლისას ყველა სახლი გაჩხრიკეს და როგორც ნატანებში, განმეორდა ძვირფასი ნივთების ძარცცვ. ჩხრეკას მოჰყვა გადაწვები. ამ ღამით დაიწვა მხოლოდ 6 სახლი. შეშინებული მცხოვრებლები გაიქცნენ ტყესა და მთებში და ხანძრის სინათლეზე ჩანდა მათი უბედურების საშინელი სურათი. ზოგიერთები ზამთრის სიცივეში გამორბოდნენ ქვედა საცვლებში და ასე ცდილობდნენ გადარჩენას. ამბობენ, ბევრი ბავშვი და ქალი დაიღუპა გზაში შიმშილის და სიცივისგან.

მაგრამ განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია ხმებმა ქალაქში დარჩენილი ქალების გაუპატიურების შესახებ.

მეორე დღეს დაიწყო დიდი ხანძარი. დაიწვა თითქმის ყველა სახლი და მაღაზია.

ამ ინციდენტების შემდეგ მთელ გურიაში იყო კრებები. ამ კრებებზე აირჩიეს 10 დეპუტატი ყველა საზოგადოებიდან პოლკოვნიკ კრილოვთან მოლაპარაკებებისთვის. პოლკოვნიკმა ისინი მიიღო ძალიან ცივად, გაიმეორე იგივე მოთხოვნები და დააწესა ვადა მათ შესასრულებლად. ის განსაკუთრებით იჟინებდა, რომ გურულებს ჩაებარებინა 3000 შაშხანა და რევოლვერი პატრონებით. დეპუტატებმა უპასუხეს, რომ ისინი გადაიხდიან გადასახდელებს, მაგრამ არა ახლა, არამედ როცა საშუალება ექნებათ, რამდენადაც ახლა გურიის მოსახლეობა ძლიერ გაჭირვებაშია. ჯარისკაცების გაწვევის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით ისინი დაპირდნენ შესრულებას.

აგიტატორებს და დეზერტირებს, განაცხადეს დეპუტატებმა, ხალხი ვერ გასცემს, რამდენადაც არავინ იცის, ისინი სად დაიმალნენ. „ჩვენ გვაქვს სია, დაიჭირეთ“ უპასუხეს მათ.

გურულები დაპირდნენ იარაღის ჩაბარებას, მაგრამ არა ასეთი რაოდენობით და არა შაშხანების, არამედ სანადირო თოფების და ბერდანების, რომელიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით ჰქონდათ. პოლკოვნიკი კრილოვი კატეგორიულად ითხოვდა 3000 შაშხანის ჩაბარებას, რაზეც ასეთი მოთხოვნით აღშფოთებულმა  ერთმა საპატიო მოხუცმა დეპუტატმა უპასუხა „ბატონო პოლკოვნიკო, წაიღეთ ჩვენი ყველა იარაღი, მოგვეცით 3000 შაშხანა, დაბრუნდით ნატანებში, დაიმატეთ ჯარი და სცადეთ ხელახლა შემოსვლა ოზურგეთში, ნახეთ რამდენად იოლად გამოგივათ“. პოლკოვნიკმა გაიცინა, შევიდა თავის კაბინეტში, კარი გაიხურა და დეპუტატებს პასუხი არ გასცა. მოლაპარაკებების შემდეგ პოლკოვნიკმა ჯარის ნაწილი გაგზავნა ნაგომარში - გურიის ცენტრში.

ასე დაიწყო სადამსჯელო ექსპედიციის ორგია გურიის ყველა კუთხეში. ძნელია წარმოვიდგინოთ ქვეყნის დაცლის სრული სურათი, სამხედრო მეთაურების ამ „სამუშაოში“ არ იყო არც მიზანი, არც არსი, არც სისტემა.

[აქ აკლია ორი  გვერდი]

„დამამშვიდებლებმა“ თავიდან ვერ გაბედეს გურიის გაანადგურების დაწყება იმ სოფლებიდან, სადაც ელოდნენ წინააღმდეგობას. ახლა ამისი აღარ ეშინოდათ რამდენადაც დანარჩენი გურია დამორჩილებული იყო და ერთიც არ გაუსვრია თავის დასაცავად.

ხიდისთავში კრილოვმა სამი დარბევა მოაწყო. პირველ ჯერზე გადაწვა ბევრი სახლი, მაგრამ მათი არჩევისას დამწველი-დამმორჩილებლები ხელმძღვანელობდნენ კრილოვის ხელთ არსებული აგიტატორების სიით. უშუალოდ ამ „აგიტატორების“ მოძებნა იშვიათად გამოდიოდა რამდენადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დამწველების მოსვლისთვის სხვადასხვა მხარეს იყო გაქცეული. კაზაკები და ჯარისკაცები ხიდისთავში მეორედ მიიდნენ 11 მარტს, ამჯერად ნაძარცვი საქონლის დატვირთვისთვის განკუთვნილი სპეციალური ტრანსპორტით.  ძალადობას და აბუჩად აგდებას ბოლო არ უჩანდა. კრილოვმა ისიც მოითხოვა, რომ ხიდისთაველებს თავად დაენგრიათ თავიანთი სახლები რამდენიმე საათის განავლობაში, ემუქრებოდა რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ სოფელს ბოლომდე გადაწვავდა. მცხოვრებლები მთლიანად დაიბნენ, გადაერჩინათ ის საკუთრება რაც ჯერ კიდევ ქონდათ ქოხებში თუ დაენგრიათ ქოხები? მაგრამ ეს იყო მხოლოდ დაუცველი მოსახლეობის აბუჩად აგდება. კაზაკები საყვირით დარბოდნენ სოფელში, ყველას მათრახით სცემდნენ ვინც თვალში მოხვდებოდათ. ქალების და ბავშვების ტირილი და კვნესა და კაცების გინება, მძარცველების აღვირახსნილი ბანდის ყიჟინა და ხანძრების ალები - აი ამ დღეების სურათი.

მეტი სიმშვიდისთვის კაზაკებმა შესთავაზეს მცხოვრებლებს სახელმწიფო დუმაში არჩევნებისთვის უფლებამოსილი პირების არჩევა და შესთავაზეს საკუთარი კნდიდატურები...

23 მარტს კრილოვის სადამსჯელო რაზმი 300 კაცით და ქვემეხებით მივიდა სურებში. უფრო ადრე ამ საზოგადოების მცხოვრელებს კრილოვის მიერ წაყენებული ჰქონდათ მოთხოვნები გადაეცათ ხელისუფლებისთვის სახლზე ერთი შაშხანა, 2 ქვემეხი, 200 ყუმბარა, 5 აგიტატორ-პროპაგანდისტი, ყველა მილიციონერი, გადაეხადათ გადასახადები და მოსაკრებლები.

ასეთი იყო თავისებური კონტრიბუცია, რითაც უნდა გამოესყიდათ განადგურება სურების მცხოვრებლებს. მაგრამ აშკარაა, რომ მათ არ დააკმაყოფილეს მოთხოვნები და არც შეეძლოთ მათი დაკმაყოფილება, რამდენადაც შეუძლებელია იმის გაცემა, რაც არ გაქვს.  ახლა ჯარის მოსვლასთან ერთად დაიწყო მათი სასტიკი აწიოკება. ადგილი საშინლად დაარბიეს და ნაწილობრივ დაწვეს. ეს იყო ნამდვილი მტრული დარბევა მთელი მისი საშინელებებით.

კრილოვმა მაინც გადაწყვიტა მოეძებნა მილიციონერები და ამ მიზნით მისი შენაერთის ნაწილი ზარბაზნებით დაიძრა სურების ტყისკენ. მაგრამ მთიანმა ადგილმა არ მისცა შენაერთს დანიშნულების ადგილამდე მისვლის საშუალება. ტყე დაათვალიერა მცირე ქვეითმა რაზმმა, მაგრამ მილიციონერები ვერსად იპოვეს.

ასეთი იყო ჯარისა და კაზაკების მხრიდან გურიის დანგრევის მოკლე სურათი. მისი სრული სისრულისთვის მოვიყვანთ გენერალ ალიხანოვის სიტყვებს მეფისნაცვლისადმი ანგარიშიდან:

„ქუთაისის გუბერნიაში ჯარს არ დაუწვავს არცერთი სახლი და ამის შესახებ საჩივრები არის წესრიგის მტრების მიერ გამოგონილი დანაშაულებრივი ცილისწამება. ისინი ცდილობენ ჯარს დააბრალოდ ხალხის უბედურებაში მთელი დანაშაული და ის გახადონ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც მოხდა ქუთაისის გუბერნიაში, ძარცვა, ქურდობა და გადაწვები“

ის უგულვებელყოფს რომ ათასობით, ათი ათასობით ადამიანი იყო მოწმე ამ ნგრევისა, ამ გადაწვებისა, ათასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ, სრულიად შიშველი, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც მათ ჰქონდათ დაიწვა კაზაკების და ჯარისკაცების მიერ ალიხანოვის და კრილოვის ბრძანებით. იყო შემთხვევები როცა შეინიშნებოდა გარკვეული სისტემატიურობა გადაწვებში, სოფელ ფარცხამში ოფიცერი იმდენად „კეთილშობილი“ იყო რომ ამშვიდებდა ზოგიერთს, არ იჩქაროთ, მოასწრებთ თქვენი ნივთების გატანას, გადაწვა თქვენი ბოლოდან არ დაიწყებაო...

გურიის ხალხმა ცხოვრება ახლებურად მოწყობის მცდელობისთვის,  თავისუფლებისთვის სწრაფვისთვის გადაიტანა საშინელი, მაგრამ ამან მისი სული ვერ გატეხა. ამ მწარე გამოცდილებამ კიდევ ერთხელ, და უნდა ვიფიქროთ, რომ უკანასკნელად, დაადასტურა ის დასკვნა, რომელიც მან თავის ძნელ ცხოვრებისეულ გზაზე თავიდანვე  გააკეთა: მხოლოდ თვითმპყრობელობის სრული განადგურებით და რუსეთში  სრულად დემოკრატიული წყობის მოწყობით იქნება შესაძლებელი ცხოვრებისა მშვიდობიანი განვითარება. მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება მშრომელების წილისთვის ბრძოლისა გზა. ეს გურულებმა ადრეც იცოდნენ: ახლა მათ საკუთარი გამოცდილებით დაინახეს, როგორი ადამიანური გარეგნობის მხეცებს ზრდის საკუთარი მკერდით თვითმპყრობელი მონარქია, როგორ დაუნდობლდ იძიებს შურს დროებით დამარცხებაზე, მათთვის ნათელი გახდა, რომ მხოლოდ ნამდვილი შეიარაღებული ძალით შეუძლიათ ქვეყნის თავისუფლებისთვის შემდგომი ბრძოლა.

მეორეს მხრივ, წარსული ბრძოლის გამოცდილებამ და დამარცხების მძიმე დღეებმა მოსახლეობის მეტნაკლებად შეგნებულ, პროლეტარულ მასას  მისცა შესაძლებლობა განასხვავოს საკუთარი ჭეშმარიტი მეგობრები საეჭვო ელემენტებისგან და გამოარკვიოს რევოლუციური ძალების ორგანიზაციის ყველა ნაკლოვანება. ახლა ზედაპირზე ამოტივტივდნენ სამღვდელოების და მემამულეების ნაძირლები, რომლებიც ხალხის სრული ბატონობის დღეებში თავს მის მეგობრად იკატუნებდნენ და ხშირად სახალხო კრებებზე თავს სოციალ-დემოკრატებად აცხადებდნენ. რეაქციისა და მათრახის ბატონობის დღეებში ბევრი მემამულე დაკავდა უდროო პატრიოტიზმის ქადაგებით. დამარბევლების, შპიონების და პროვოკატორების პარტია „ნამდვილი რუსების“ მაგალითზე დაარსდა „ნამდვილ ქართველთა პარტია“. თუმცა ეს „ნამდვილი ქართველი ხალხი“ ასევე შეცდა თავის გათვლებში. დამპალი თვითმპყრობელობის დროებითი წარმატება მათ რევოლუციის დასასრულად აღიქვეს და იჩქარეს ნამდვილი ტყავის გამოჩენა. ამ პარტიის სათავეში იდგა ყოფილი ბერი მელქისედეკ ნაკაშიძე და მომრიგებელი-შუამავალი ნიკოკია თაყაიშვილი (ძმა ცნობილი ელისავეტოპოლელი დამრბევისა).

რუსეთში რევოლუციის მომავალი ტალღისთვის დანგრეული გურია ხელახლა იკრებს საკუთარ ძალებს, უხმობს მის გაბნეულ შვილებს და ეჭვი არაა, რომ თავისუფლებისთვის საერთო ბრძოლაში ის მეწინავე რიგებში იქნება.

 

 

 

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...