Skip to main content

ბახვის გლეხების მოთხოვნები

ბახვის საზოგადოება II-23

    სულთან კრიმ-გირეის სიტყვის წაკითხვის შემდეგ, ხალხი გავიდა ცალკე, მოილაპარაკა ერთმანეთში და აირჩიეს თორმეტი წარმომადგენელი. საზოგადოების მოთხოვნილებით ყრილობას მოშორდნენ მამასახლისი, მწერალი და მღვდლები. 

    წარმომადგენლებმა ყოვლის უწინარეს ყურადღება მიაქციეს გადასახადებს. მრავალი გადასახადი აწევს გლეხს კისერზე, ყველაფერს გლეხი იხდის და საშუალება კი არ მოეპოვება. დაგვეცემა „ბორჩიკი“ და ქვიდან უნდა გამოვაძვრინოთ რამე, თორემ მჭადს წაგვართმევს, ძროხას გაგვიყიდის, ხარს, თოხს, ქვაბს. ამასაც არ დაგვაჯერებენ, გვცემენ, დაგვატუსაღებენ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ცოლის ნამზითვი ფარდაგი გაუტანიათ, ქალს წინააღმდეგობა დაუწყია, მაგრამ წაუქცევიათ და გაულახავთ. „მე თვითონ ვიყავი ბორჩიკი (ამბობს ერთი დეპუტატი) და უკანასკნელი კვირის საჭმელი ფქვილი წამირთმევია გლეხისთვის. რას ვიზამდი მამასახლისი მახრჩობდა.“
     სხვა გადასახადებიც არის, მაგალითად, დრამა. ნათვლის, ზიარების, ქორწილის - ყველაფრის ცალკე უნდა გადავიხადოთ. კაცი რომ მოკვდება, პანაშვიდი და რაღაც სალოცავები უნდაო, გვეუბნებიან ხუცები, ისე არ ცხონდებაო, და ტყავს გვაძრობენ. ამას გარდა დრამის ფულიც ცალკე უნდა ვიხადოთ. ხუცები შეუბრალებელნი არიან. მივალთ, შევეხვეწებით, მოგვითმინეთ, ვიშოვნით და გადაგიხდით ფულსათქო. არაო, გვიპასუხებენ: ეგ ჩვენი საქმე არ არის. პოლიციაზე გვაქვს გადაცემულიო. მოხდება ისე, მოკვდება ვინმე ღარიბი და მღვდელი მკდარს წესს არ აუგებს, თუ პატრონი არ წავიდა, ფული არ ისესხა და არ გადაიხადა საწირავი.
    მუდამ დღე ცხენები გვყავს შენახული მთავრობის კაცებისათვის: 4 ცხენს ოზურგეთში ვინახავთ, ორს კი ამ ჩვენს კანცელარიაზე. ამ ცხენებზე წელიწადში გვეხარჯება 250 მანეთი. ვინ არ სარგებლობს მერე ამ ცხენებით? შარშანწინ ბოქაულმა ხაბურზანიამ თავისი ცოლი გაგზავნა ჩვენის ცხენით, ცუდი უნაგირი იყო, ცხენი დაშავდა და ჩვენ გადაგვხვდა იმის ფასი.
    მარტო ჩვენ, გლეხებმა უნდა ვიდარაჯოთ თუ ეკლესიაზე, თუ გზებზე, თუ აგარაკებზე. ორი სამი კვირით უნდა ვიდარაჯოთ, რომ მდიდრებს არაფერი ვნება მოუვიდეთ. მაზრის უფროსი ან ბოქაული რომ სადმე მიდის, უნდა ვეახლოთ, უნდა გავყვეთ იმის ცოლს, შვილებს, წავუღოთ ბარგი. ჩვენ ვაკეთებთ გზებს, თუმცა ამ გზებით სარგებლობენ ყველანი.
    უნდა მოისპოს ისეთი გადასახადები, რომელიც მარტო გლეხებს ხდება, აგრეთვე სხვა და სხვა ჩვენი შემავიწროვებელი ბაჟები და აქციზი არაყზე.
    ჩვენში დიდი სივიწროვეა მიწისა, გლეხებს სრულებით არა გვაქვს მიწა. სამაგიეროდ ბევრი აქვთ მემამულეებს. მერე საიდან? ღმერთს ხომ არ ჩამოუგდია მათთვის ზეციდან? ჩვენ შიმშილი გვკლავს, მემამულეებს კი სასიმინდე სავსე აქვთ ჩვენგან დამუშავებულის და მოყვანილის სიმინდით. ამაზე მეტი უსამართლობა შეიძლება? ჩვენ, მშრომელი ხალხი მშიერნი ვართ და ჩვენის ოფლით შეძენილის სიმინდით სხვა ქეიფობს! ჩვენ არა გვაქვს საკუთარი მიწა, ვიღებთ მემამულისაგან იჯარით აუტანელ პირობებით: საიჯარო ღალას ვიხდით მოსავლის ნახევარს, ან 15-20 ფუთს ქცევაზე და გარდა ამისა „სალეჟრობოს“ , ქრთამს, ძღვენს. თუ კარგი მოსავალია, რამე დაგვრჩება მემამულის მიწისაგან, მაგრამ თუ მოუსავლობა იქნება, მაშინ პირიქით უნდა დავადვათ, ქვაბი უნდა გავყიდოთ და შევუსრულოთ დანაკლისი, თორემ გვიჩივლებს. სიმინდი უნდა გავურჩიოთ, მივუტანოთ და სასიმინდეში ჩავუყაროთ საკუთარის ხელით. მანამდის ჩვენი სიმინდი უნდა ეყაროს ყანაში, დალპება თუ წახდება, არავის დარდი არა აქვს... ასეთ პირობებში ცხოვრება შეუძლებელია. მუშა ხალხი ვთხოულობთ სამუშაო მიწას. უნდა განთავისუფლებულ იქნენ მიწიანათ დროებითი ვალდებული გლეხები. ვინც უკვე დაიხსნა თავი და გადაიხადა ფული ნადელში, ამას უნდა დაუბრუნდეს ეს ფული, რადგან ერთი რომ რატომ იყო მიწა ნადელი ბატონისა და არა გლეხის, მეორე - გლეხმა ნადელის სასყიდლად ფული ვალად აიღო და დღესაც ვერ გადაუხდია ეს ფული.
    ჩვენში არიან სახელმწიფო გლეხები, რომელთაც არა აქვთ ის უფლება, რომელიც აქვთ სხვებს: სახელმწიფო გლეხებს არ შეუძლიანთ გაჰყიდონ ან დააგირავონ ის მიწები, რომელთაც ფლობენ. უნდა მიეცეთ ამის უფლება.
    მრავალი მიწაა სახაზინო, საეკკლესიო, საუფლისწულო; გლეხებს არ შეგვიძლიან ვისარგებლოთ ამ მიწებით, ყველაზე ბაჟი და გადასახადია. ეს მიწები უნდა გადაეცეს გლეხობას, მშრომელ ხალხს და მათ გასანაწილებლად დაარსდეს გლეხთა წარმომადგენლების კომიტეტები...
    ვინ ჩამოსთვლის გლეხის გაჭირვებას, მაგრამ უბედურება ის არის, რომ არ შეგვიძლიან შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ ჩვენის გაჭირვებულის მდგომარეობის შესახებ, მაშინვე „ბუნტოკჩიკებს“ დაგვიძახებენ. ათი კაცი რომ ერთად შევიკრიბოთ, მოცვინდებიან „სტრაჟნიკები“ და მათრახებით დაგვიწყებენ ცემას და დაგვატუსაღებენ. ამ ორი წლის წინად ჩვენი ამხანაგები დახოცეს ხიდისთავში და ლანჩხუთში მხოლოდ იმიტომ, რომ შეიკრიბნენ და თავის საჭიროებაზე ლაპარაკობდნენ. ორი თვის წინად საზიარო ადგილების შესახებ გვქონდა ყრილობა ჩვენ და მეზობელ საზოგადოების გლეხებს, მოვიდნენ ყაზახები და სამი ამხანაგი დაგვიჭირეს. - ზოგიერთ ჩვენგანს ცოტა რამ გაუგია, წერა-კითხვა იცის, ჰკითხულობს გაზეთს, მაგრამ ერთი რამ აკვირვებს: გაზეთში ათასნაირი ამბავი სწერია, მაგრამ ერთი სიტყვა არაა ჩვენი მდგომარეობის შესახებ. რატომ? გვითხრეს, რომ ეს აკრძალულიაო. გვინახავს დაბეჭდილი ფურცლები, სადაც ბევრი კარგი ამბავი და მართალი სწერია, ასეთი სიმართლის წაკითხვა არ შეიძლება, თუ წაიკითხე, დაგატუსაღებენ.
    ჩვენ ვთხოულობთ, რომ იყოს თავისუფლება კრებისა, სიტყვისა, მწერლობისა და გაზეთებისა. ნუ იქნება ადამიანის პიროვნების დამონება, შეურაცხყოფა, ნუ შევარდებიან ჩვენს ოჯახში, ნუ მიგვინგრ-მოგვინგრევენ სახლ-კარს, იქნეს თავისუფლება პიროვნებისა და ხელშეუხებლობა ბინისა.
    საჭიროება უფრო და უფრო მატულობს, ცხოვრება ძნელდება და ვიცით, რომ ასეთ დროში საჭიროა განათლება, მაგრამ ის კი ვერ გაგვიგია, რომ რატომ უნდა სჭამდნენ თაგვები იმ წიგნებს, რომლებიც ვიყიდეთ ჩვენის საკუთარის ფულით (ბიბლიოთეკების დაკეტვა). გაუნათლებელი ხალხი სუსტია, შეიძლება ამიტომ სდევნის მთავრობა განათლებას.
    ჩვენ გვინდა, რომ იყოს უფასო საყოველთაო, სავალდებულო პირველ დაწყებითი სწავლება, რომ ყველასათვის თანასწორი და თავისუფალი იყოს განათლება.
    ჩვენი დიდი შემაწუხებელია სალდათობა. ჩვენში სალდათობა არ იყო, მერე შემოიღეს და ჩვენი სალდათები აქვე იყვნენ. შემდეგ კი უცხო ქვეყანაში გაგზავნეს და იქ სამში ორი ვერა სძლებს და კვდება, სალდათი შორდება სახლს და ამით აკლდება ოჯახს მუშა კაცი, ოჯახის მდგომარეობა კიდევ უარესდება. ჯარს ინახავს მშრომელი ხალხი და ამ ხალხის წინააღმდეგ მოქმედობს ხშირად ეს ჯარი. ჩემი ბიძა იყო სალდათად (სთქვა ერთმა) და მითხრა, ჯარში რომ ვიყავი, დამაფიცეს რომ დავიცვათ სახელმწიფო გარეშე და შნაგან მტრებისაგან. ვსთქვათ, რომ გარეშე მტერია იაპონია, მაგრამ შინაური მტრები ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ? შინაური მტრები იყვნენ პეტერბურგში დახოცილი მუშები? ამისთვის უნდა დაინთხეს ამდენი სისხლი? ამისთვის უნდა ებრძოლოს ძმა ძმას? ... ძმები ვართ ქართველი, რუსი, სომეხი, თათარი, ჩვენ ერთმანეთს არ შევჭამთ, ამას ნუ სცდილობს მთავრობა! და თუ გარეშე მტერი შემოგვესევა, ჩვენ უკეთ დავიცავთ ჩვენს თავს.
    ჩვენი გაჭირვების და საჭიროების აღწერას ვერ გავათავებთ. ვის შეუძლიან ჩვენ საჭიროებათა დაკმაყოფილება? ვინ გაიგებს ჩვენს ხმას? არა დღევანდელი მთავრობა, რომელიც არასოდეს არ გვაქცევდა ყურადღებას, უზომოდ გვაწვალებდა და გვტანჯავდა. ჩენი მოთხოვნილება არ არის კერძო, მხოლოდ ქართული. ასე თხოულობს მთელი რუსეთი. ჩვენ ვუერთდებით ჩვენს მოძმეებს რუსეთში, მხარში ვუდგევართ იმათ. ჩვენი საერთო დაკმაყოფილება შეიძლება მაშინ, როდესაც შეიკრიბება ხალხი და საყოველთაო, დახურულის, სწორის კენჭის ყრით, აირჩევს თავის წარმომადგენლებს. მხოლოდ ასეთი მთავრობა იქნება ნამდვილი მთავრობა, მხოლოდ ხალხის ხმაა სამართლიანი და პატიოსანი.
    ესაა ჩვენი საჭიროება და ჩვენი რწმენა. სიმართლე უძლეველია, რაც უნდა გაჭირვება და შევიწროება შეგვხვდეს, ჩვენ მაინც არ ვუღალატებთ სიმართლეს. ქვეყანა ხალხის ხელში უნდა იყოს, მაშინ იქნება ბედნიერება დედამიწაზე...

სიტყვა

ცნობის ფურცელი, N2755, 26 თებერვალი

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

შევარდნაძე გურიაში 1981 / Eduard Shevardnadze in Guria, 1981

1981 წელს მახარაძის რაიონს ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა. მან 18 დეკემბერს გახსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი. ამანამდე, სანამ ექვთიმეობა აღინიშნებოდა და ძეგლი გაიხსნებოდა, ლიხაურს ეწვია მაშინდელი საქ. კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1981 წლის დეკემბერში იყო ჩასული ქალაქ მახარაძეში მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის გასახსნელად. გარდა ლიხაურისა, შევარდნაძე სტუმრობდა ბახვს, სადაც ბახვის მანიფესტის მემორიალი გახსნა. შევარდნაძე ლიხაურში  მარცხნიდან მეორე გენადი კოლბინი - ცეკას მეორე მდივანი, ზურაბ პატარიძე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაკო ორაგველიძე, ედეუარდ შევარდნაძე, სოლიკო ხაბეიშვილი შევარდნაძე მარადიულ ცეცხლთან ლიხაურის ცენტრში შევარდნაძე ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან „ბახვის მანიფესტის მემორიალის გახსნა, მარცხნივ ედუარდ შევარდნაძე, მარჯვნიდან მეორე მამია კილაძე -  გაზეთ „ლენინის დროშის“ რედაქტორის მოადგილე, მარჯვნივ ოთარ თენეიშვილი მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი. ბახვი

როგორ მოხვდა ერეკლე II-ის ხმალი გურიაში

1770 წელს ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების შემდგომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ, ოდიშის მთავარ კაცია II დადიანს საჩუქრად ხმალი გაუგზავნა. საჩუქრის გაგზავნის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ კაცია დადიანი ერეკლე II-ის სიმამრი იყო, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც. რუსული წყაროების ცნობით, დადიანს საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში და ერეკლეს მხარი არ დაუჭირა და ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერეკლემ დადიანს ხმალი გამარჯვების ნიშნად გაუგზავნა. ასე იყო თუ ისე, 1770 წლიდან დადიანებთან ინახებოდა ფოლადის პირის მქონე (სიგრძე - 93 სმ, სიგანე - 3,5 სმ), ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი შემკული ხმალი, რომელსაც ვადასთან ახლოს პირის სიბრტყეზე ჰქონდა წარწერა „მეფემან ერეკლე დადიანს ვუძღვენი“ . ხმალი მემკვიდრეობით გადაეცემოდა დადიანებს, სანამ ის არ გახდა საკუთრება დავით დადიანისა, რომელიც იყო ოდიშის უკანასკნელი მთავარი 1840-1853 წლებში. ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ არსებობდა მაგრამ უკვე ...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...