Skip to main content

ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქე მღვდლის დღიურიდან

ორი ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს.





გურიაში ხდება ეკლესიის საბოლოო ლიკვიდაცია, 1929

ამ თაობაზე მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი ამბები ჩამომივიდა ჩემი სოფლიდან „მთის-პირიდან“ (ასკანის თემი): მთის პირის სამრევლო ტაძარი ეს ერთი კვირაა სოფლის ხელისუფლებას დაუბეჭდია. ზარი ჩამოუხსნიათ სამრეკლოდან და გაუტანია „ციხის უბანში“, ტყეში და იქ „კვიჩილაურის“ ჩაის კოლექტივში ჩამოუკიდნიათ. ამ „კვიჩილაურზე“ (ადგილის სახელია) ჩაის პლანტაცია გაუშენებია 40 კაცისაგან შემდგარ კოლექტივს. ამათ უკვე დამუშავებული აქვს ოცდაათი ჰექტარი მიწა ჩაისათვის და სწარმოებს კიდევ დაუცხრომელი მუშაობა ამ საქმის უფრო გასაფართოებლად! იმ ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამორეკავენ თურმე და ამით მოუწოდებენ „კომუნარებს“ მუშაობაზე! თუ მესამე ზარის ჩამორეკაზე მუშა არ გამოცხადდა სამუშაოზე, მას უკვე დააჯარიმებენ! ამ კოლექტივში უმეტეს წილად შედიან ორი გვარის კაცები - თალაქვაძე-სიამაიშვილები. ის ზარი, რომელსაც საუცხოო რაკრაკი გაჰქონდა მთის-პირის წმინდა გიორგის ეკლესიის სამრეკლოდან და ვეებერთელა მანძილზე მოუწოდებდა მორწმუნეებს ტაძარში წირვა-ლოცვაზე - დღეს უკვე ჩაის კოლექტივის სამუშაოზე მოუწოდებს გლხებს! მუშებს თურმე კარგად აჭმევენ, სულ პურით იკვებებიან ისინი და სხვა სანოვაგითაც ხელს უწყობენ მათო!.. თვით ტაძარს დარღვევას უპირებენ და სკოლის შენობად სურთ გადააკეთონო! ეკლესია ხის არის - წაბლის ძელებისაა, ქვის იატაკით და ხის გუმბათით!.. ცოტა მის ზემოთ არის ძველი ქვის ეკლესია, რომელიც უკვე გაპარტახებულია!.. ამ ტაძრის ღვდელი - აკაკი თალაქვაძე, უკვე ბლუზა-შალვარში და პალტოშია გამოწყობილი, თავისი სოფლიდან ოზურგეთში გადასახლებულა და იქ დისწულთან შეუფარებია თავი! ეტყობა, სოფლად აღარ ედგომება!.. ეხლავე გაუხდია ანაფორა მეორე ღვდელს - ერმალო ჯაველიძეს, ეს „ფიჩხის-ჯვარის“ სამრევლოსი იყო (ისევ ასკანის თემისა)... ასკანის თემის ცენტრალური ეკლესია (ესეც ხის იყო გუმბათიანი, ახალთ-ახალი) „გვაბრათი“ ამ სამი წლის წინეთ გააუქმეს და ცენტრ-თეატრად გადააკეთეს!.. აგრე ზედი-ზედ იხურება სოფლის ეკლესიები და იდევნებიან ღვდლები... ვინ გაბედავს „კრინტის დაძვრას“!.. მოხუცი ადამიანები თურმე წუწუნებენ: „ერთხელ კიდევ მღირსებოდა ზიარების მიღებაო“!.. მეტად გაბედულად და შეუდრეკელად არღვევენ ეკლესიას და სარწმუნოებას - სოფლად!..ქალაქად ჯერ კიდევ ღონღიალებენ ეკლესიები და ღვდლებიც! მაგრამ რის ვაი-ვაგლახით და გაჭირებით!..მალე სულ ჩააქრობენ ქრისტიანობას ჩვენში! სხვაგანაც აგრე დაუნდობელი ბრძოლა სწარმოებს სარწმუნოებისადმი, მაგრამ გურიაში განსაკუთრებული სიმწვავით ხდება ეს!.. სამტრედიის რაიონშიც სულ ჩამოუხსნიათ ზარები, შეუგროვებიათ ესენი ერთად და „ინდუსტრიალიზაციის ფონდში“ უნდა გადაიცეს ეგ ზარები! ასეთი სურათი იყო იმ დღეს გაზეთ „რაბ. პრავდაში“ - დაგროვილი უამრავი ზარები და მუშა!

31 დეკემბერი 1932  -  შაბათი 

27 დეკემბერს გურიაში გავემგზავრე; ჩაველ სადგურ ნატანებში, იქიდან ოზურგეთში ავედი რკინის გზის შტოთი. გზაში ბევრი რამ ვნახე, ბევრი გავიგონე, უფრო მეტი ვიგულისხმე, ვინაიდან გულღიად იშვიათად რო ვინმე ლაპარაკობდეს; ხალხი გულჩათხრობილი და შეშინებულია; მატარებელში რა ჯურის ადამიანებს არ შეხვდები, უფრო კი გურულები გვხვდებოდა; ერთმანეთს შესჩივლებდნენ მძიმე დროის პირობებს, ამ საარაკო სიძვირეს, ხალხის ყოველნაირად დაბეგვრას - ფულით, ხორცით თუ რძით; გაქვს - არ გაქვს, ხორცი ორი ფუთი უნდა გადაიხადოს მთავრობის სასარგებლოდ პირად-ინდივიდუალურმა მეურნემ, ხოლო კოლმეურნემ ცოტა ნაკლები; ვისაც ჰყავს მეწველი ძროხა - უნდა გადაიხადოს წელიწადში  - 120 ლიტრა (ბორჯომის ბოთლი) რძე. ეს სულ ახალი განკარგულებაა, უკვე ცხოვრებაში ტარდება, ისეთი; ხორცის ბეგარა შეიძლება ჯგუფ-ჯგუფად შეიტანონ, შეიძლება შინაური ფრინველების სახითაც, მაგრამ მაინც ეძნელებათ, უკვირთ, ვერ შერიგებიან ასეთ დაბეგვრას და ერთმანეთს მწარეე ღიმილით შესჩივიან თავიანთ ვითარებას...ავედით ოზურგეთში. ოზურგეთი ერთი მიყრუებული სამაზრო პატარა ქალაქი იყო და ასეთივეა დღესაც ის, იმ განსხვავებით, რომ იქ კერძო ვაჭრობა აღარ არის, კოოპერატივებშია ყველაფერი ჩამოყალიბებული, ხოლო სოფლად კოლმეურნეობაში. არც არავითარი გარეგანი ცვლილებებია იქ დღეს, ძველ მის სახესთან შედარებით. „მოედანზე“ სადაც წინეთ ორი საყდარი იდგა - ერთი „სობორო“ და ერთიც „რუსის“ ეკლესია (სამხედრო), დღეს მათი ნამყოფი ადგილიც აღარ ემჩნევა, ყოველივე „ალაგებული“ და განწმენდილია. ოზურგეთში სააგრონომიო ინსტიტუტია ტფილისიდან გადატანილი - „ჩაის მეურნეობის“ განხრით. ამ ინსტიტუტის უმთავრესი კორპუსი, ქარხანა თუ ფაბრიკა ყოფილა აშენებული და მოწყობილი ეგრედ წოდებულ „ანასოულზე“ - სოფელ ლეხოურის მახლობლად, მდინარე ბჟუჯსა და აჭის წყალს გაღმა, ოზურგეთიდან 6 ვერსტის მანძილზე; შიგ ოზურგეთშიდაც აუშენებიათ ორსართულიანი ახალი შენობა სტუდენტებისათვის ლექციების წასაკითხავად; აქ თეორეტიულად ასწავლიან, პრაქტიკულად კი მაცადინეობა სწარმოებს „ანასოულზე“. ოზურგეთშივე ამ ჟამად შენდება სახ. ბანკის განყოფილების ორსართულიანი შენობა; ოზურგეთში არის აბრეშუმის ქარხანა და საფეიქრო, კარგად, რიგიანად მოწყობილი. აი, ამ ქარხნებს ეტანებიან უკრაინიდან და რუსეთის სხვა მხარეებიდან გადმოხვეწილი გლეხობა, „აღოღებული“ რუსობა, როგორც ადგილობრივად ეძახიან მათ. უკრაინა მეტად გაღატაკებულა, ხალხი გაძვალტყავებულა, ზოგის „განკულაკება“ მოუხდენიათ, ე.ი. ჩამოურთმევიათ მათთვის, თუ რამ ებადათ (შეძლებული გლეხობა), ზოგს ზედმეტ ნამუშევარს ახდევინებენ ან ბეგრავენ, აღარ ყოფნით ის, რასაც საკვებათ უტოებენ და „აღოღებულან“ ლუკმა პურის საძიებლად, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსაკენ, ეტანებიან ისეთ პუნქტებს, სადაც ქარხანა-ფაბრიკები და წარმოებებია, და სჭირდებათ მუშა-ხელი, და არის საერთო საცხოვრებელი, საერთო სასადილო და ასეთი დაწესებულებანი; ასეთი პირობები კაი ხანია შექმნილია ოზურგეთის აბრეშუმის ქარხანაში, ჩაის ქარხანაში, ჩაის პლანტაციებზე - საბარავ სამუშაოებზე და სავსეა იქაურობა რუსის „აღოღებული“ დედაკაცებით თუ მამაკაცებით; ჯერ კიდევ მატარებელში შემხვდა ერთი ასეთი უკრაინელი „აღოღებული“ ოჯახი: დედა - ძუძუ მწოვარა ბავშით, ხუთი წლის ქალით, ათი-თორმეტი წლის ქალით და 18-19 წლის გასათხოვარი ქალით - დედა ოთხი ქალით. ისინი სამტრედიიდან მოდიოდნენ ოზურგეთში სამუშაოს მოსაძებნად! ოჯახის მამა ქობულეთში ჩარჩენილა, ის გაგიჟებულა, ჭკუაზედ შემცდარა და ჩამოშორებია თავის ოჯახს. ესენი კი აძონძილ-დაძნძილნი, ვეებერთელა გამოკრული ტომრებით - თავიანთი ოჯახის დარჩენილი ავლადიდებით მგზავრობდენ. რკინისგზის სამგზავრო ბილეთი ჰქონდა მხოლოდ დედას, სხვებს არა; როდესაც ბილეთები მოსთხოვეს მათ ვაგონში ჩამოვლილმა კონდუქტორმა, შემდეგ კანტროლიორმა, განუცხადეს თამამად что больше билетов нета - მორჩა და გათავდა! ბევრი იხტუნა კონტროლიორმა, ბევრი დაემუქრა, მაგრამ ვერას გახდა, რას უზამდა ამ უბედურთ იმაზე მეტს, რაც მათ უკვე სჭირდათ! თუ ჩამოსხამდნენ ვაგონიდან, მაშნ თვითონ უნდა ეკისრათ მათი მოვლა-პატრონობა, ამიტომ „ოჯახმა“ დაუბრკოლებლივ განაგრძო გზა ნატანებამდე, აქ ისინი ოზურგეთის ვაგონითვე (პირდაპირი, გადაუჯდომელი ვაგონია) გაემგზავრენ ოზურგეთში; იმედი ჰქონდათ, რომ მათ აქ მოაწყობდენ „земляк“-ები. ადგილობრივი ქალი თუ მუშა მამაკაცნი აქ ვერ მუშაობენ იმ პირობებში, რომლებშიდაც ეს გაუბედურებული ხალხი მუშაობს. ასეთი „მუშებით“ სულ მოფენილია დღეს შავი ზღვის ჩვენი ნაპირები; ბევრნი გამოდიან აქ, წაიმუშავებენ, იყიდიან სიმინდის ფქვილს, მსხალს, ვაშლს, ხილეულობას და მიდიან უკანვე, გავლენ იალტა-სევასტოპოლ-ოდესაში და სპეკულიაციას ეწევიან; ეს ხალხი უმეტეს წილად დასნეულებულია სიფილისით, რომელითაც ისინი „რწყავენ“ ჩვენს ქვეყანას. სიძვირეა ყველაფრისა, ყოველ დღეობით ფასი მატულობს სიმინდის ფქვილზე, ტფილისში სიმინდის ფქვილი ბაზარზე გადის 120 მანეთად ფუთი, ოზურგეთში - 100 მანეთად და ყოველდღე მატულობს ფასი ყველაფერზე ამ ფქვილის ფასის მიხედვით. მალე ოზურგეთში ისეთივე ფასები იქნება, როგორიც ტფილისში და ბაქოშია; ასევეა საქმე ბათომში, ფოთში და მთელ დასავლეთ საქართველოში. ყველა იმის ფიქრში და კვლევა-ძიებაშია - თუ რა იქნება ხვალ-ზეგ და სანამდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ვითარება, როდის ჩადგება ცხოვრება ნორმალურ პირობებში. ოზურგეთიდან ეტლით გავემგზავრეთ სოფელ ასკანისაკენ; ერთ ეტლში ექვსი-შვიდი მგზავრი ჩაგვსხეს და იმ მანძილზე, რომელზედაც წინეთ სამი აბაზიდან - ექვს აბაზამდე გვახდევინებდენ, თითო მგზავრს გადაგვახდევინეს თერთმეტი მანეთი და რო ვიძვირეთ ასეთი ფასები, მეეტლემ („სოიუზტრანსი“) ასე გვიპასუხა: „ეგ თქვენი 11 მანეთი რას წარმოადგენსო, ორ გირვანქა პურსაც კი ვერ ვიყიდითო“. რა ღონე გვქონდა, ჩვენც გადავიხადეთ, რაც გვიბრძანეს და მიგვიყვანეს დანიშნულ ადგილამდე, ამას იქით იწყებოდა დიდი აღმართ-დაღმართები, საშინელი ტალახები და გაუდექით გზას ფეხით რის ვაი-ვაგლახით! ძლივს გავსტოპეთ ამ საშინელ ტლაპოებში. გზები მეტად უბედურ მდგომარეობაშია; გლეხები თავიანთი აზრით აკეთებენ ამ გზებს, დიდ ძალ ხარჯსა და ენერგიასაც ხარჯავენ მათ „შეკეთებაზე“, მაგრამ არა გამოდის რა აქედან, ვინაიდან მცოდნე ხელმძღვანელი არა ჰყავთ, რომ საქმე რაციონალურ და მკვიდრ ნიადაგზე დაამყარონ და აგრე საარაკოდ არ წვალობდენ ასეთ გზებზე; მთავრობა, სამწუხაროდ, არ აქცევს „ასეთ გზებს“ ყურადღებას და ეს კი მეტად უშლის ხელს სოფელს მისს კულტურულად და ეკონომიურად წინსვლა-წარმატებაში. უგზოობა, მდინარეებზე უხიდოობა მეტად უბრკოლებს საქმეს ასეთ სოფელ-მიდამოებს...

27 დეკემბერს საღამოთი ქალაქიდან გასულნი, მივედით ჩემს სამშობლო სოფელ ასკანაში - 28 დეკემბერს საღამოთი. ვმგზავრობდით მე და ჩემი უნცროსი ძმა - პედაგოგი-გამგე მკერავთა საქარხნო-საფაბრიკო სკოლისა ტფილისში.

სოფელი ასკანა - დიდი მოზრდილი თემია, ჩვენ კი ვსახლობთ მის სამხრეთ ნაწილში, რომელსაც ეწოდება „მთისპირი“, ვინაიდან ის აკრავს აჭარა-გურიის ქედის კალეთებს, კურორტ „ბახმაროს“ კალთებს. თვით ეს „მთისპირიც“ მთაგორიანი მდებარეობის კუთხეა, თავს დასცქერის ცნობილი ძველის-ძველი „ასკანის ციხე“, ხოლო ამ ციხესა თავს დასდგომია თოვლით გადალესილი ბახმარო და მისი ტყით მოსილი კალთები. შიგ სოფელში ჯერ თოვლი არ არის დადებული, მაგრამ მთიდან მოდის თოვლის სუსხი, ხშირი წვიმებია, გზა უზომოდ გაფუჭებული და მოძრაობაც სჭირს, განსაკუთრებით ჩვენისთანა „სტუმარი“ კაცებისათვის. ასეთ ზამთრის პირს გვაიძულა ვსტუმრებოდით ჩვენს სამშობლო კუთხეს მესამე ძმის უბედურებამ, მას 18 წლის შვილი მოკვდომია და სანუგეშებლად გამოგვიწვია. ჩვენც თავი გადავდევით და ვსტოპეთ ამ ტალახებში - ძმისწულის დასაფლავებაზე დასასწრებლად. ჩვენც დავესწარით ამ დასაფლავებას ანუ, როგორც აქ ეძახიან „ტირილს“.

„ტირილი“

გურიაში ძველად „ტირილი“ დიდის ამბით ტარდებოდა. მიცვალებულის ნათესაობა სატირლად მოდიოდნენ „ზარით“, რჩეულ-რჩეული საპატიო მხლებლებით, ცხენებით (თუ შორიდან მოდიოდნენ) ან ქვეითად, დიდი კელაპტრით (სანთლით) ხელში და ზოგჯერ თავის მღვდლითაც კი. იმავ სოფლის ნათესავ-მეზობლები საგანგებო დარიგებული ბარათებით იყვნენ მოპატიჟებული - „რათა ანუგეშოთ მწუხარებაში მყოფი ოჯახიო!“ ეს მწუხარებაში მყოფი ოჯახი კი დიდ მზადებაში იყო, ამდენ შინაურსა თუ გარედან მოსულ ხალხს დახვედრა უნდოდა, სმა-ჭამა, ზოგჯერ ღამის გათევა. იცოდენ ამიტომ ძველად „წასაბურავის“ მიტანაც ფულით თუ სანოვაგითაც, უფრო კი ფულით. მოსულ სტუმრებს უმართავდენ სადილს - პურით, ლობიოთი, თევზით, ზეთის ხილით, ყველით და ხიზილალით; გურიაში „ხორცით“ ტირილი არ იცოდენ. ვინ რამდენს „წაბურავდა“, ეს იწერებოდა ცალკე მწერლის მიერ, რომელიც იჯდა თვალსაჩინო ადგილზე და შეჰქონდა „წასაბურავი“ - წამბურავის სახელი და გვარისა და მოტანილი ფულის სიაში, რომ შემდეგ, ამის მიხედვით ასეთ შემთხვევებში დამწუხრებულ ოჯახსაც ვალი მოეხადა სხვების წინაშე. „ტირილზე“ იყო დიდი დარბაისლობა, ჯარში და ხალხში გასვლა, თავის გამოჩენა, ერთმანეთის დაახლოებით გაცნობა, პატარძლებისა და სასიძოების გასინჯვაც კი, დიდი სმა-ჭამა და ერთნაირი დროს ტარებაც. ძველი ცხოვრების სოციალ-ეკონომიური ცხოვრების მიხედვით ჩამოყალიბებული იყო ამ „ტირილის“ ფორმები და სახე. ამიტომ ძლიერ მეინტერესებოდა, თუ როგორი გავლენა მოახდინა ახალმა სოციალ-ეკონომიურმა პირობებმა ხალხის ამ ერთ-ერთ უძველეს ცხოვრების ჩვეულებაზე. მიცვალებულის მამა არის სოფლის სკოლის გამგე; მას მთელი სოფელი გამოეხმაურა ამ მწუხარებაში. ჰყავს მას შორი სოფლიდან ცოლოური და სხვა ნათესაობაც, ყველა ამათ კერძო ბარათებით აცნობა თავის მწუხარება - ქალაქბში და დაბებში ტელეგრამით აცნობა, ტფილისისა და ბათომის გაზეთებში სამგლოვიარო განცხადებები გაუშვა. 29 დეკემბერს ჰქონდა ცხედრის გამოსვენება. სასმელ-საჭმელის მზადება იყო მხოლოდ შორიდან მოსულთათვის, სოფლის მკვიდრ მცხოვრებთ სასტიკად აღკრძალული აქვს სასმელ-საჭმელის მიღება ჭირისუფლის ოჯახში. სოფელში კოლექტივია შემოღებული, სწარმოებს გაცხარებული მუშაობა ჩაისათვის „ბარვაზე“; ამიტომ ჭირისუფლის მოსამსახურებლად დასტოვეს მხოლოდ 5 კაცი; სხვები ქალი თუ კაცი „ბარვაზე“ წავიდნენ გამოსვენებამდე. გამოსვენება კი ხდება საღამოს ხუთ საათზე, როდესაც მახლობელ ადგილებზე „მბარველები“ უკვე თავისუფლდებიან და იღებენ მონაწილეობას გასვენებაში. სტუმრებმა შორი სოფლებიდან იწყეს დენა შვადღის 3 1/2-საათიდან. ისინი მოდიოდნენ ეზომდე ცხენებით, იქ ჩამოხტებოდენ ცხენებიდან, ცხენებს მასპინძლიდან შემგებები ჩამოართმევდენ, თვითონ კი დაირაზმებოდენ, დედაკაცები გაშლიან თმას და შემოდიან ეზოში, წინ მოუძღვის ცოცხალი ფოთლებიდან (დაფნის) შინაურულად გაკეთებული გვირგვინი, შინაურულადვე ხელის წარწერილი ქაღალდით - ვისა სტირიან და ვინ უძღვნის ამ გვირგვინს; შემოდიან მოთქმით, ტირილით, თავში - შუბლზე ხელის შემოკვრით და შედიან დასვენებულ მიცვალებულის ოთახში და ჭირისუფალს მიუტირებენ, მიუსამძიმრებენ, მიცვალებულს მიუჩოქებენ, თავს დასტირიან და ვისაც ეხერხება, მიცვალებულს ახასიათებენ ამ მოთქმა-ტირილში და გავლენას ახდენენ მაყურებლებზე, რომ მათაც ცრემლი დაღვარონ. სადღა არის „ზარი“, სადღა არის „კელაპტრები“, სადღა არის მღვდელი და საცეცხლური?! სადღა არის „ღვთის“ სახელის ხსენება! სადღა არის მიცვალებულისათვის „ცხონების“ გაგზავნა?! ყოველივე ეს რევოლიუციას და მისს შედეგებს სავსებით გაუნიავებია, მოუსპია. ასევე ჯგუფ-ჯგუფად, დარაზმულნი, თმაგაშლილნი, „გვირგვინებით“ და წარწერებით შემოვიდნენ ეზოში იმავ სოფლის ნათესაობა, მოყვრები და კეთილები, შესანიშნავი დისციპლინით, წესრიგით, ზრდილობითა და ლაზათით იტირებდენ მიცვალებულს, მიუტირებდენ ჭირისუფალს, გამოვიდოდენ ეზოში და მისდგებოდენ სადმე ეზოს კუთხეში და იქ ელოდებოდენ ცხედრის გამოსვენებას. დანიშნულ საათზე ცხედარი გამოასვენეს და დაასვენეს შვა ეზოში, აქ, ვისაც სურდა, სიტყვა უძღვნეს მიცვალებულს: შემდეგ წინდაწინა განზრახულმა კაცმა წაიკითხვა სხვა და სხვა ადგილებიდან მოსული სამგლოვიარო დეპეშები ისე, როგორც ქალაქში იციან და როდესაც ამასაც მორჩენ გაასვენეს ცხედარი სასაფლაოზე. მაგრამ სანამ ცხედარს გამოასვენებდენ, მანამ შორიდან მოსული სტუმრები მიიპატიჟეს სუფრაზე და აქ მათ მიართვეს სადილი: ცხელი ღომი, სახლში გამომცხვარი პური, ლობიო, მოზელილი კარტოილი, მწვანილი, თითო არაყი და „ადესაის“ ღვინო. დანაყრდებიან კარგად და შემდეგ გაასვენებენ მიცვალებულს. ამ დროში ასეთი შემოკლებული სახითაც მეტად მძმე იქნებოდა მოსული სტუმრების გასტუმრება, მაგრამ სოფლის კოლექტივმა ჭირისუფალს მისცა თავისი ფონდიდან „ლობიო“ - ბლომად, ღომიცა და პურის ფქვილიც. ღვინო კი თავისი ჰქონდა ჭირისუფალს და ასე იოლად წავიდა ის კოლექტივის დახმარებით.

აი, ასეთი სახე მიუღია ამ ჟამად გურიაში ძველ „ტირილს“, დროსა და ჟამს აგრე გარდაუქმნია ეს ძველისძველი, გაფორმებული, გართულებული, უზომო სმა-ჭამით დამძმებული და საზარალო ტირილი. დღეს აღარ არის არც ის ძველებური „წაბურვა“ და ერთმანეთის მიმართ დავალება.

აქაც, სოფელშიც, გამოგვებაასა ხალხი მე და ჩემს ძმას - იმის შესახებ, თუ რა ამბავია „ქალაქს“, ქართლ-კახეთში, თუ როგორი სულიერი განწყობილებაა სოფლად თუ ქალაქადო?! ამ თაობაზე ლაპარაკი იქაც საფრთხილოა, შესაძლებელია თქვენი კეთილად ნათქვამი ვინმემ  უკუღმა გაიგოს და „დიდი უსიამოვნება“ შეგხვდეს - „პოლიტიკანობისათვის“. ჩვენც, რასაკვირველია, იმით ვანუგეშეთ და გავამხნევეთ ეს დაღარიბებული და ცხოვრება გაძვირებული და გაჭირებული გლეხობა, რომ განუმარტეთ - ეს მდგომარეობა, როგორც „დროებით დაბრკოლებები“, რომელსაც განიცდის დღეს ხელისუფლება, და რომ ახლო მომავალში მოსალოდნელია ამ გარემოების სავსებით გამოსწორება, ცხოვრების პირობების შემსუბუქება და ასე... ხალხი სმენად იყო გადაქცეული, ზოგმა გულუბრყვილოთ მიიღო ეს ჩვენი განმარტება, ბევრმა კი ეჭვის თვალით შემოგვხედა და მწარე ღიმილით ჩაატარა ეს ჩვენი ახსნა-განმარტება მდგომასრე „დროებით დაბრკოლებების“ შესახებ. ამ პატარა კუთხეს ვეებერთელა სკოლის შენობა აუგია იქვე ჩვენს ალაყაფის კარებთან, ჯერ ოთხწლედისთვისაა ეს შენობა, შემდეგ კი შვიდწლედის დაარსებასაც ჰფიქრობენ. შენობა კრამიტის სახურავის ქვეშაა მოყვანილი. ის ფიცრულია. ამ სკოლის შენობას მოახმარეს „მთისპირის“ წმინდა გიორგის საყდრისა და ოქროს-ქედის მთავარ-ანგელოზის საყდრის შენობა და ძველი სკოლის შენობა. აღარცერთი ფიცრული შენობა აღარ ჭაჭანებს ამ ჟამად გურიაში. ყველა ისინი დაურღვევიათ, სკოლებისა ან ბიბლიოთეკების შენობებზე მოუხმარიათ. ან კი ვიღა უპატრონებდა ასეთ საყდრის შენობებს, ისინი დაუხურავი და მოუვლელნი ჩამოლპებოდენო, - მითხრეს მე. „მთისპირში“ კი ჩნებულად არის დაცული ძველის-ძველი ქვის ტაძარი, მაგრამ მასაც კარები ზედ აღარ ჰკიდია, არრაც საეკლესიო სამკაულია შიგ დაცული, არც თუ ვინმე მოითხოვს წირვა-ლოცვას, ნათლობა-ქორწინებას თუ ანდერძის აგებას. ვისაც ასეთი რამე სურს, ფარულად მიდიან დიდ-ქალაქებში და იქ იკმაყოფილებენ თავიანთ რელიგიურ მოთხოვნილებებს. რელიგიის საქმე გურიაში სამუდამოდ წაქცეულად უნდა ჩაითვალოს.


Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...