1960-იანი წლების დასაწყისში მახარაძის რაიონის სოფელ მერიაში მოეწყო სამხედრო აეროდრომი და შესაბამისი დასახლება. 1962-1964 წლებში სამხედრო აეროდრომი გამოიყენებოდა აგრეთვე სამოქალაქო მიზნით, სრულდებოდა ყოველდღიური რეისები მახარაძე-თბილისი. 1964 წლიდან ის კვლავ მხოლოდ სამხედრო ფუნქციით განაგრძობდა არსებობას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, მაშინ, როდესაც გურიიდან ჯერ კიდევ გაჰქონდათ რუსეთში ციტრუსი, ჩაი და სხვა პროდუქცია, გაჩნდა იდეა მერიის აეროდრომის სამოქალაქო მიზნებით გამოყენებისა და 1995 წლის 21 მაისს შესრულდა კიდეც რეისი ოზურგეთი-მოსკოვი. რამდენიმე რეისის შემდეგ ეს წამოწყება მალევე ჩავარდა. ასაფრენი ბილიკის ბეტონის ფილები ბათუმში გზების მოსაწყობად იქნა გამოყენებული.
ე.წ. გოროდოკის ნანგრევები
2000-იან წლებში მერიის აეროდრომის ტერიტორიაზე თბოიელექტროსადგური უნდა აშენებულიყო. არ ვიცი, ეს რეალური გეგმა იყო თუ მაშინდელი კორუმპირებული პოლიტიკური ელიტის მაქინაციის ნაწილი, მაგრამ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2000 წლის 3 აპრილს დამტკიცებული ბრძანება, რომელიც მერიაში თბოსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.
ამ ბრძანების მიხედვით მერიის ყოფილი სამხედრო აერდრომის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე 300 მეგავატი იქნებოდა. მშენებლობა 15 თვეში უნდა დასრულებულიყო და ამისთვის კერძო კომპანიას აეროდრომის ტერიტორიის 160 ჰა სიმბოლურ ფასად, 200 ათას დოლარად გადაეცემოდა. ეს პროექტი არ განხორციელებულა და 2003 წელს პრეზიდენტმა გააუქმა
აეროდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ამჟამად განთავსებულია მუნიციპალური ნაგავსაყრელი, აეროდრომის ყოფილ დასახლებაში კი მუნიციპალური საცოხვრებელი უსახლკაროთათვის.
Comments
Post a Comment