Skip to main content

გურიის გლეხობა ბატონყმობის დროს

ბატონყმობის გაუქმებამდე ოზურგეთის მაზრაში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენდნე გლეხები:

*მებატონეთა გლეხები 61%
*სახაზინო გლეხები 17%
*საეკლესიო გლეხები 4%

სხვა წოდებები: თავაზნაურობა - 9%, მოქალაქეები 4%, სამღვდელოება 3%.

ერთი გლეხი ერთსადაიმავე დროს ეკუთვნოდა და ბეგარას უხდიდა ორ-სამ და ზოგჯერ ოთხ ბატონს. გავრცელებული იყო გლეხებით ვაჭრობა.

ყმებით ვაჭრობა

1809 წელს აზნაურმა მამულაიშვილმა 87 მანეთად იყიდა ხუთი წლის ივანიკა ჭანუყვაძე. იმავე წელს ჩოხატაურელმა კიკოლა ბერიძემ ვალი ვერ გადაუხადა გიორგი მემარნიშვილს და შვილი მარიანა მიჰყიდა მოახლედ. 1839 წელს ლაზარე ჯორბენაძემ, მისმა შვილმა მიტომ და მისმა ძმამ გრიგოლმა მახარობელ ხალთიშვილს მიჰყიდეს ყმა თინათინ ჩიგულიშვილი.

ნოე ჟორდნია საკუთარი ბავშვობიდან იგონებს ფაქტს, რომ მისი ბებიის, თავადის ქალ აფაქიძის ვალი ჰქონია გურიანთელ ბოლქვაძეს. ბებიამ ნიკოლოზ ჟორდანია, ნოეს მამა გაგზვნა გურიანთაში ვალის ასაღებად. ბოლქვაძეს ფული არ ჰქონებია და 10 წლის ქალიშვილი გაუტანებია ნიკოლოზისთვის ვალში. ჟორდანია იხსენებს, ბებია მდიდარი თავადის ქალი იყო და ყმათა ყიდვა-გაყიდვის დიდი წინააღმდეგი, მაგრამ იმ დროს ასეთი რამ ძალიან გავრცელებული იყოო.

1818-1822 წლების დოკუმენტებში, რომლებსაც სიმონ გუგუნავა და გიორგი ერისთავი აწარმოებდნენ, შემონახულია ცნობები: ოტიელა და კაკაბა კანდელაკიშვილები უჩიოდნენ გოგითაიას, რომ მან მიიტაცა მათი ნამზითვი გოგო, გარყვნა და მერე გაყიდა; ივანე ჩანტლაძე უჩიოდა იესელა რამიშვილს, რომ მისმა შვილმა, გაბრიელმა, მამამისის დახმარებით მოიტაცა ივანე ჩანტლაძის გოგო და გაყიდა ოსმალეთში. 

ადამიანებით ვაჭრობაში იყვნენ ჩაბმულნი დავით მაჭუტაძე და მისი შვილი ალექსანდრე, რომლებსაც სოფიო გურიელი მფარველობდა. ისინი იტაცებდნენ ადამიანებს და ფოთში ყიდდნენ. გენერალი სიაპიგინი 1828 წელს მაიორი ალექსანდრე მაჭუტაძის შესახებ გენერალ პასკევიჩს სწერდა 31 მაისს სამი ოჯახი გაიტაცა და გაყიდაო. ალექსანდრე  მაჭუტაძის მიერ გლეხების მიტაცების და ყიდვა-გაყიდვის არაერთი შემთხვევაა დოკუმენტირებული 1846-49 წლებში. 

1840-იან წლებში საკუთარ გლეხებს შვილებს ართმევდნენ და ოსმალეთში ყიდდნენ ალექსანდრე ქარცივაძე (გურიანთა), მალაქია გურიელი, ყარამან თავდგირიძე, აზნაური დათა ჯაყელი (გურიანთა), თავადები გიორგი, ქაიხოსრო და ნიკო მაქსიმენიშვილები, აზნაური ზაალ ასათიანი (ასკანა), თავადი დათა გუგუნავა, ლანჩხუთელი აზნაური ივანე ჟორდანია, ლიხაურის მოურავი ქაიხოსრო თაყაიშვილი.

1845 წელს ვახტანგ ერისთავმა შეძლებულ გლეხს დიმიტრი სულაქველიძეს სოფელ ბასილეთში მიჰყიდა ყმა გოგო ცაცია ბერძნიშვილი, მაგრამ შემდეგ აუშარდა მყიდველს, წაართვა და ხელახლა გაყიდა 77 მანეთად. 1846 წელს სვიმონ ნაკაშიძემ აზნაურ ჯორბენაძისგან იყიდა მარიკელა ხელყვავის ასული და გაყიდა კულაშში თავად გიორგი მიქელაძეზე.

1851 წელს აზნაურმა გიგინეიშვილმა საკუთარ ყმა ქალს მარიამ შუბლაძის ასულს, სალუქვაძის ქვრივს,  მოსთხოვა ფული გათხოვების უფლების მცემისთვის. ასევე მოიქცნენ ჯურუყვეთის აზნაურები, ფლან და ამბაკო გიგინეიშვილები. მათ მიიღეს 100 მანეთი ვერცხლის ფული ყმისთვის გათხოვების უფლების მიცემისთვის.

1851 წლის 12 იანვარს აკეთის საბატონო ყმა დიანოს მორჩილაძე თავის განცხადებაში ოზურგეთის მაზრის უფროსის, ს. მაჭავარიანისადმი წერდა: რომ ემსახურებოდა პირველ რიგში ხელმწიფეს და უხდიდა ფულად გადასახადს. ამავე დროს ემსახურებოდა თავად კონსტანტინე გუგუნავას და აზნაურ ესე დათუნაიშვილს. ესე დათუნაიშვილმა მოინდომა მისი გაჩუქება ლანჩხუთში მცხოვრებ ალექსანდრე კვირკველიაზე. მორჩილაძე ჩიოდა, არ შემიძლია კვირკველიას სასამსხური და დათუნაიშვილი დამსდევს დასაჭერად და მოსვენებას არ მაძლევსო და მაზრის უფროსს სთხოვდა შველას.

1857 წელს თავადი ერისთავი აპირებდა 200 კომლის გასახლებას ჯიხეთიდან. ესენი იყვნენ სახაზინო ყმები ჯიბლაძეები, საბატონო ყმები დოლიძეები, აბუსერიძეები, ჩიჩუები, ჯიბუტები, კობიძეები.

1860-იან წლებში ლევან გურიელმა რამდენიმე თავისი ყმა გააპარა და ბათუმში გაყიდა.

საეკლესიო ყმები

XVIII საუკუნის ბოლოს ვან-ზომლეთელი მახარაძეების სამი ოჯახი მათმა ბატონმა შესწირა შემოქმედის მონასტერს. 

1827 წლის 13 აგვისტოს სოფიო გურიელმა (გურიის უკანასკნელი მთავრის, გარდაცვლილი მამია V გურიელის მეუღლემ) უდაბნოს მონასტერს შესწირა ერთი კომლი ყმა მჭედლები ივანიკა და მახარობელა ჯიბლაძეები ცოლშვილითა და ქონებით. 

გიორგი გურიელმა იერუსალიმის მონასტერს შესწირა მამათის, ჭანჭათის, გურიანთის და ჩოჩხათის მკვიდრები ხომერიკები.

1860 წელს მხოლოდ შემოქმედის და ჯუმათის მონასტრების ყმების რაოდენობა შეადგენდა 3789 სულს, ყმების მნიშვნელოვან რაოდენობას ფლობდა უდაბნოს მონასტერიც.

ყმების მიტაცება

1839 წელს ელისაბედ გურიელმა მიითვისა აზნაურ მამულაშვილის ყმა ჭანუყვაძე, რომელიც მამულაიშვილს ნაყიდი ჰყავდა როგორც სულ პატარა ბავშვი. ატყდა დავა მამულაშივლს და გურიელს შორის. ჭანუყვაძეს მხოლოდ ერთი ცხენი გააჩნდა, არც სამოსახალო და არც სახნავი მიწა. ერთადერთი ცხენიც გურიელმა წაართვა. ჭანუყვაძემ  ორჯერ დაწერა განცხადება მსაჯულ ვაჩნაძესთან, ითხოვდა საქმის გარჩევას და ცხენის დაბრუნებას, მაგრამ ვაჩნაძემ უთხრა, შენს ბატონს უფლება აქვს, რაც მოენებება, ის გიყოსო! 

ლანჩხუთელი აზნაური ტაია ბოლქვაძე საჩივარში წერდა, რომ ბაილეთელმა ბიძა დავით ბოლქვაძემ წამართვა ყმა პავლიაო. 

1842 წელს მებატონემ გაყიდა ჩიბათელი გლეხის, დიმიტრი მშვიდობაძის ქვრივის ობოლი ქალი ქუთაისში. 1843 წელს თავადის მეუღლე თათია თავდგირიძემ ყმას წაართვა ასული და მოახლედ დაიყენა. 1846 წელს აზნაურებმა ასალო და ოთარ ჭყონიებმა ჩიბათში მცხოვრებ გლეხებს გოგინა და ნიკოლა ზენაიშვილებს წაართვეს ორი ყმაწვილი. ზენაიშვილებმა იდავეს, მაგრამ ბატონებმა გაიმარჯვეს. 1846 წელს აკეთში მცხოვრებ სესია ზაკელიძეს ბატონმა წაართვა და გაუყიდა ცოლი და შვილები. 1847 წელს გიტო და გიგო ნაკაშიძეებმა მაკვანეთელ გლეხს იესე ინგოროყვას წაართვეს ასული.

ლანჩხუთელმა აზნაურებმა მაქსიმე და გიორგი ჭყონიებმა 25 მანეთად დააგირავეს და შემდეგ აღარ გამოიხსნენს გლეხი ესელა შეწირული. 1848 წელს აკეთელმა აზნაურმა ვახტანგ ჯაყელმა 26 მანეთად დააგირავა აცანაში მცხოვრები გლეხი ოთარა თევდორაძე. იმავე წელს ძიმითელმა აზნაურმა ალმასხან პატეიშვილმა დააგირავა 6 წლის ყმა დავითელა 

1861 წლის მარტში სოფელ ერკეთის მღვდლებს, ივანე და ანდრია მამალაძეებს, თავადმა ზურაბ ერისთავმა ძალად წაართვა ყმა როსტომა შათირიშვილი. იმავე ზურაბ ერისთავმა თავის ერთ ყმას ორი ქალიშვილი წაართვა და ოსმალეთში გაყიდა, ხოლო თვითონ ყმა სახლში შინაყმად მოიყვანა. ამ ყმამ ბატონს მერმე სამაგიერო გადაუხადა: ბატონი მოჰკლა და ოსმალეთს გაიქცა.

ლიხაურელი გლეხი ალექსანდრე სურგულაძის გადმოცემით დედამისი პელაგია ახალგაზ
რდობისას გაიტაცეს და ქობულეთში გაჰყიდეს. ნათესავებმა ძლივძლივობით მიაგნეს მის კვალს და გამოისყიდეს. 

ქონების წართმევა 

1845 წელს ყმა გოგია ხეთეიშვილს მამული წაართა სახაზინო აზნაურმა გიორგი ქაიხოსროს ძე სეხნეიშვილმა. გლეხმა იდავა ოზურგეთის სამაზრო სამმართველოში, მაგრამ სამართალს ვერ მიაღწია. 

აზნაური მევარკაცი ჭყონია ასევე ცნობილი იყო საკუთარი გლეხების აწიკოებით და ქონების წართმევით. მას გლეხები უჩიოდნენ 1843 და 1847 წლებში, მაგრამ უშედეგოდ. 

ყმის ყმა

არსებობდნენ ყმის ყმებიც. ასე მაგალითად თავად დათა ლაზარეს ძე ნაკაშიძის 1850 წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ წერილში მაზრის უფროსისადმი წერია, რომ მას ეკუთვნოდა ყმა გიორგი ერქომაიშვილი შვილებით და ყმებით, მის ბიძებს - გიორგი და ბახუტა ნაკაშიძეებს - ეკუთვნით გიორგი ერქომაიშვილის ძმა პეტრე და ბიძაშვილი დიმიტრი ერქომაიშვილი ყმებით. ამავდროულად სამივე ყმა ერქომაიშვილი საზიაროდ ფლობდნენ ყმა ესე ცისკარიძეს. ამავე ესიკა ცისკარიძეზე წითელმთის მცხოვრები დიანოს ერქომაშივილი 16 დეკემბერს წერდა მაზრის უფროსს, რომ ყმა ესიკა ცისკარიძე უხსოვარი დროიდან ჩვენი ოჯახის ყმა არისო.

ასევე საკუთარი ყმები ჰყავდათ საბატონო ყმებს, ასკანელ გრიგოლ, საყვარელა, თალხანა და ესაია სიამაიშვილებს. 1851 წელს მათ საკუთარი ყმა ჩოჩხათელი გუჯაბიძეები იმერელ აზნაურ ზაალ აბულაძეს მიჰყიდეს.

ბეგარა 

1814 წლის მამია გურიელის მიერ შემოქმედის მონასტრისადმი შეწირულობის წიგნით უჩხუბის მოსახლე ბახუტა ოთხმეზურს მართებს 2 ქილა ღომი, ოთხი საწყავი ღვინო, ხუთი ყურუშის სკლავი, ერთი ქათამი, ერთი ღოლარიკის სანთელი. 

მაკვანეთში მცხოვრებ გიორგი ქათამაძეს მართებს 5 ქილა ღომი, 4 საწყავი ღვინო, საკლავის ფასი, ექვსი ქათამი.  მახარობელა ლომინაძეს მართებს 6 ქილა ღომი, 4 საწყავი ღვინო, ხუთი ყურუშის საკლავი, ერთი ქათამი. 

1846 წელს ელისაბედ ნაკაშიძის (მიქაძის ასული) მიხედვით მის მზარეულს იოვანე მენაბდეს მართებდა ოთხი ქილა ღმი, ოთხი საწყავი ღვინო, ექვსი ქათამი და ერთი მანეთი ფული.
 
ნიგოითელი გლეხები მაჭუტაძეებს უხდიდნენ: ერთ ძროხას, 12 ქათამს, ოთხ ფუთ ღომს, ოთხ საწყავ (8 ფუთ) ღვინოს, ერთ ქორის ქათამს, ერთ მიმინოის ქათამს, „სალიანის“ გადასახადს 20 კაპ. და სხ.თითოეულ მოსახლეს ყოველივე გადასახადს გარეშე უნდა ერჩინა თავისს სახლში ორი თვის ვადით ბატონის 2 ცხენი და ერთი მეჯინიბე (მოგზაური N10, 1905)

გიორგი გურიელი ყმების მდგომარეობის შესახებ:

ყმანი მალაზონიები არიან უხსოვნის დროიდან სოფელს კონჭკათს მცხოვრებნი და ყმანი და მოხარჯენი პირველ გურიელისა სახლისა...მალაზონიები არიან გურიელის მზარეულობის მოვალე...მათ მალაზონიებსა, გარდა მზარეულობისა მართებს ჩემი ბეგარა: ოთხი ქილა ღომი და ოთხი საწყავი ღვინო, ექვსი ქათამი, კვალად ერთი ქილა ღომი და ერთი საწყავი ღვინო. ზაფხულსა ხარჯად წოდებული ორი მანეთი ფული ანუ ღირებული ღორი, ორი ძღვენი ჩემი და მესამე ჩემი მოურავისა. აგრეთვე სამი დღის ყანაში თოხნა და მეოთხე ჩემი მოურავისა, გარდა ამისა ყოველივეს ნივთის წაღება მოტანა ზურგის ტვირთით, თვინიერ ღვინისა და პურისა, აგრეთვე სხვა მუშაობა ცულით, წალდით, თოხით თუ სხვაი რაიცა რამე მუშაობა არის ყველანი ყოვლის უმიზეზოდ ვალდებული არიან ჩემდამი. ამასთანავე ერთი ცხენი და მეჯინიბე მთელს ზამთარშიდ ყოვლისა მისისა ხარჯით უნდა შეინახოს ანუ რაოდენიცა მე მსურს იმოდენი კონა ჩალა მე შინ მომიტანოს და შემინახოს ან ზვიად გამიკეთოს, აგრეთვე ლაშქარს უნდა წავიდეს...

გლეხთა წინააღმდეგობა

ცხადია, ყოველივე ეს იწვევდა გლეხების წინააღმდეგობას, მათ შორის შეიარაღებულს. 1833 თებერვალში ძმებმა ხაბულა, გოგია და და სეხნია ბოლქვაძეებმა მოკლეს მემამულე გოთია ჟღენტი იმის გამო, რომ მან გადაწყვიტა, თავისი ქალიშვილისთვის მზითვად გაეტანებინა გოგია ბოლქვაძის ქალიშვილი. სამხედრო სასამართლომ ამ საქმეზე გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც სეხნია ბოლქვაძე ბორბალზე უნდა დაემტვრიათ, ხოლო მკვლელების შემფარებელი ოჯახის წევრები სულ ხუთი სული, სამი კაცი და ორი ქალი სიკვდილით უნდა დაესაჯათ. (გიორგი ხაჭაპურიძე, საქართველოს XIX და XX საუკუნეთა ისტორია, თბილისი, 1940, გვ. 39).

1847 წელს მცირეწლოვანი გლეხის შვილი, დათია გობრონიძე გაექცა თავის ბატონს, ლიხაურელ აზნაურ ბეჟნ თაყაიშვილს, რაკი ვერ აიტანა სასტიკი ცემა და ტანჯვა. იმავე წელს გლეხი ზაქარია გაექცა ჭალელ აზნაურ სოსო გოგიტიძეს და კულაშში მღვდელს შეაფარა თავი.

1846 წელს ლაზარე გუჯაბიძე დაუპირისპირდა თავის ბატონს, აზნაურ იესე კანდელაკს, მაგრამ ბატონმა ის ციხეში ჩაასმევინა და მხოლოდ მაშინ გამოაშვებინა, როცა მორჩილების პირობა მიიღო. იმავე წელს თავადმა დათა ნაკაშიძემ დააპატიმრებინა თავისი ყმა, რადგან სხვაგვარად ვერ დაიმორჩლა. ბეჟან მამუკას ძე ბორჩხაძე დაუპირისპირდა ბატონებს, გიორგი, ქაიხოსრო და ნიკო მაქსიმენიშვილებს და წაართვა ოსმალეთში გასაყიდად გამზადებული ათამდე გლეხი. ამის გამო მაქსიმენიშვილებმა ბორჩხაძე დააპატიმრებინეს. 1847 წელს აზნაურ მერაბ თოიძეს (გურიანთა) არ ემორჩილებოდა ყმა როსტომ ვასაძე, რის გამოც თოიძემ მთავრობას მიმართა დახმარებისთვის. 

1850-იანი წლებში თავად ნაკაშიძის წინააღმდეგ იარაღით გამოვიდნენ ლევან ერქომაიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი. 1850 წელს ლანჩხუთში საკუთარმა ყმამ მოკლა ივანე ჟორდანია. იმავე წელს ასეთივე ბედი ეწია ერისთავს, რომელსაც საკუთარი ყმა დაეცა, ნაკუწ-ნაკუწ აჩეხა და ოსმალეთში გავარდა. 1850 წელს აჯანყებულმა გლეხებმა მოკლეს აზნაური ჟღენტი. 1850 წელს შეიარაღებული გამოსვლა მოაწყვეს საშემოქმედლოს გლეხებმა

1862 წელს მოხდა აჯანყება. 7 აგვისტოს დიდი ბაზრობის შემდეგ აჯანყდენ თავად დიმიტრი გურიელის გლეხები. მეორე დღეს მათ მიყვნენ თავად ნაკაშიძის და სხვა აზნაურთა ყმები. ორმა შეიარაღებულმა რაზმმა (ერთში 300, ხოლო მეორეში 500 თუ 600 კაცი იყო)-–- დაიკავა ორი გამაგრებული პოზიცია. ამბოხების რაიონისაკენ სასწრაფოდ გაგზავნეს ძლიერი სამხედრო ძალები. გლეხებმა თუმცა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მოძრაობა ვერ გადაიქცა მთელი გურიის აჯანყებად და შედარებით მალე იქნა ჩაქრობილი. ამ საქმის გამო დააპატიმრეს 8 გლეხი, მოძრაობის ინიციატორები და ხელმძღვანელნი. უმრავლესობა მათგანი კატორღაში გაგზავნეს

 ქუთასის გენერალ-გუბერნატორი კოლიუბაკინი 1862 წლის 1 ნოემბერს აჯანყების შესახებ წერდა:

„გურიის გლეხთა აჯანყებამ გამოააშკარავა აქ არსებული წოდებრივი ურთიერთობის სუსტი მხარეები და ამ გარემოებას არ შეუძლია მთავრობის ყოველი პირი არ მიიყვანოს იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა შეიცვალოს ეს ურთიერთობა მთავრობის მიერ გამოცხადებული საგლეხო რეფორმის შესაბამისად"

ბატონყმობის გაუქმება

იშვიათი და გამონაკლისი მოვლენა იყო ბატონების მიერ გლეხების გათავისუფლება. ჩიბათში აზნაურმა სარჯველაძეემა გაათავისუფლეს საკუთარი ყმა ლანჩხუთში მცხოვრები იოანე იესეს ძე ბერეჟიანი. 

1861 წელს გაუქმდა ბატონყობა რუსეთის იმპერიაში. ეს 1864 წელს შეეხო საქართველოს. კონკრეტულად გურიაში ბატონყმობა გაუქმდა  1865 წლის 13 ნოემბრიდან

ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გლეხები მაინც უმიწოდ დარჩნენ. კერძო მიწის ფონდის 70% აღმოჩნდა თავადაზნაურთა ხელში. გაჭიანურდა მიწების გამოსყიდვის პროცესი.  „კავკასიის კალენდრის“ მიხედვით 1865 წელს გურიაში 850 მემამულეს 16600 გლეხი „ეკუთვნოდა“


უკვე 1880 წელს შედგენილ გარიგების წიგნში როსტომ ნაკაშიძის ქონებაში საბატონო ყმებად მაინც მოხსენიებულები არიან საბაშვილები, შავიშვილები, ჩხარტიშვილები, ერქომაიშვილები, კაცია ჭანუყვაძე შვილებით, გირკელიძე, ლომინაძე, ღლონტი. 1881-82 წლებში გლეხთა კიდევ ერთ გამოსვლას ჰქონდა ადგილი.

ყოველივე ეს შესაძლოა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში გურიაში გლეხთა მოძრაობის გაძლიერებისა.





Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

სასოფლო საზოგადოებები გურიაში

ამ  პოსტში მოკლედ მოცემულია გურიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ისტორია. გურია 1840 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მაზრის სახით შევიდა.  მაზრა იყოფოდა  ოზურგეთისა და აკეთის უბნებად.  თითოეულ უბანს მართავდა ბოქაული (პრისტავი).   1847 წელს მაზრა დაიწყო ოთხ უბნად - გურიანთის, ბახვის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის. 1 878 წლიდან უბნებში შემოღებულ იქნა ურიადნიკის თანამდებობა. ურიადნიკები პრისტავებს ექვემდებარებოდნენ, პრისტავი კი - მაზრის უფროსს.  1888 წლიდან დარჩა მხოლოდ გურიანთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის უბნები. უბნები როგორც მოსახლეობის, ასევე ტერიტორიის მიხედვით დაახლოებით თანაბრი ზომისა იყო. რუსეთის იმპერიაში გატარებული საგლეხო რეფორმის შემდეგ 1865 წლის 11 აპრილს ჩამოყალიბდა სასოფლო საზოგადოებები. ამით გაჩნდა სოფლად საზოგადოებრივი თვითმმართველობის საწყისი. სასოფლო საზოგადოება აერთიანებდა ერთ დიდ ან რამდენიმე პატარა სოფელს.  გურიაში ერთი საზოგადოება საშუალოდ სამიდან ხუთამდე სოფელს მოიცავდა. თითოეულ სასოფლო საზოგადოებას გააჩნდა სოფლის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი