Skip to main content

ცრურწმენები გურიაში

ნოე ჟორდანიას მოგონებებიდან, 
„ჩემი წარსული“, პარიზი, 1953

ჩემი ბავშვობის ხანაში ლანჩხუთის მცხოვრებთ, ალბათ მთელ გურიასაც, ქონდათ წარმოდგენა ქვეყნიერებაზე სავსებით ზღაპრულათ და სასწაულებრივათ. საერთო აზრი იყო: ქვეყანა დასახლებულია უჩინარი სულებით, რომლებიც ებრძვიან ადამიანებს და მათ გზას უბნევენ. ეს სულებია: ჭინკა, ქაჯი, ეშმაკი, დევი, კუდიანი, მზაკვავი და სხვ. ბავშვებს ჰყავთ მიჩენილი ჭინკა, ხოლო დიდებს ყველა დანარჩენი. ეს ჭინკა მაინც მუდამ მაგონდებოდა და სულს მიწუხებდა. ერთხელ ჩემი თამაშის ამხანაგი სამი დღის განმავლობაში მინდორში არ გამოჩენილა. შემდეგ მოვიდა და ჩემს შეკითხვაზე - თუ სად იყო ამდენ ხანს, მომიგო: დედა-ჩემმა წისქვილში გამგზავნა, შემოღამებული იყო, შევედი თუ არა წისქვილში, მომესმა ხმაურობა და ყვირილი - ვინ მოსულა, მოკიდეთ მას ხელი. უცებ კუთხეებიდან გამოვიდნენ ჭინკები და დამესია. მოვასწარი კუთხეში დადგომა, ამოვიღე ჯაყვა-დანა, ვიღრიალე ირგვლივ მათ მოსაგერიებლად. ენა დამება და ლოცვა ვეღარ ვთქვი, თუმცა დედამ დამაბარა ლოცვა არ დაგავიწყდეს, წისქვილმა ჭინკა იცისო. შემდეგ, არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, დედას შეშინებოდა - სად არის ამდენ ხანს ბიჭიო, მოვიდა და როგორც კი სინათლით შემოვიდა, ჭინკები მაშინვე გაქრნენ. მერე ლოცვებით მომასულიერეს და ფეხზე დამაყენეს. ამ ამბვის გაგონებისთანავე გავიქცი შინ და დედა-ჩემს უთხარი - წისქვილში აღარ გამგზავნოთ და უამბე რაც მოხდა. არა ნენა, როგორ გაგაგზავნი მარტოთ, ღამე კი არა, არც დღისით. ის წყეული სინათლეზე იმალება ხან წყალში, ხან ბორბლებშიო.

ერთხელ ოზურგეთიდან მივდივართ ლანჩხუთში ოთხი ბავშვი; გვყავდა ერთი ცხენი და ზედ ვჯდებოდით მორიგეობით ორ-ორი. ნატანებს გაღმა ვიყავით, რომ მზე ჩადიოდა. მე და ჩემი სახლი-კაცმა გზის შესამოკლებლათ გადავაჯიქურეთ გორაკებით, ხოლო მეორე წყვილი ცხენით მოდიოდნენ შარა გზით. მივადექით მდინარეს, როგორც კი შევდექით ხიდზე მომესმა ძახილი: ვერ წახვალთო და რაღაცამ წყალში მოადინა ტყაპუნი, ნაპირიდან გადახტა. ჭინკა დაგვხვდაო - დავიძახეთ და შეშინებულებმა მოვკურცხლეთ უკან. შევხვდით ამხანაგებს, უამბეთ რაც მოხდა და გადავწყვიტეთ უკან დაბრუნება. მივდივართ ყველა ფეხით შეშინებული, დაფიქრებული. შემოგვხვდა ერთი თოხიანი კაცი და გვკითხა: სად მიხვალთ აქეთ, აკი ორაგვისაკენ მიხვიდოდითო. ჩვენც უამბეთ რაც მოხდა, მან მოგვიგო: მეისპო მისი სახელი, იმ ხიდესთან მართლა იცის ყოფნა, წამოდით მე გაგიყვანთ, თუ გაბედა შემოტევა ამ თოხის ყუას შიგ შუაგულში მივახეთქებო. გავყევით გულის ფანცქალით. მივედით ხიდთან, გვეშინოდა ზედ შედგომა, წინამძღოლი გვიჯავრდება, კინაღამ თოხის ყუა ჩვენ არ მოგვარტყა, გავედით როგორც იყო მშვიდობით და მოვკურცხლეთ. ორი კვირა დედა-ჩემი მატარებდა მოლაზონთან „შეშინებულის“ გამოსალოცავათ.

ლანჩხუთში ხმა გავარდა - ნათლისმცემელში მცხოვრები ერთი მოლაზონი ტურაზე იჯდა და მიაჭენებდაო. ეს იყო უტყუარი ნიშანი იმის, რომ ის კუდიანია. მოახდინეს ყრილობა, 30 ქალმა და კაცმა დაამოწმა - ჩვენი თვალით ვნახეთ ტურაზე იჯდაო. დედაკაცი გადაასახლეს „პრიგოვორით“ საზოგადოებიდან. მთელ ამ საქმეს მეთაურობდა ერთი ჭკვიანი გლეხი ოფონა ბოლქვაძე. გავიდა ათ წელზე მეტი. მე შინ ვარ თფილისიდან ჩამოსული. მამა ჩემთან მოვიდა ეს ოფონა, მუსაიფის დროს ჩემი თანდასწრებით მამამ კითხა: ოფონა, მითხარი თუ კაცი ხარ, ძველი ამბავია, მართლა დაინახე რომ ის მოლაზონი ტურაზე იჯდაო? ოფონას გაეცინა და უპასუხა: ნიკო ჭკვიანი კაცი ხარ და ასეთ აბდლურს რაფერ მკითხავ. ადამიანის ტურაზე ჯდომა ვის გაუგონია. იმ დედა-კაცმა შემაწუხა, ჩემი კარის მეზობელი იყო, სულ მწყევლიდა და გადავწყვიტე რამენაირათ თავიდან მომეშორებია. ერთ დღეს ადრე ადვექი, იყო ნისლი, დავინახე მოლაზონი მიდიოდა შუკაში და დავუცაცხანე. უცებ მოუფიქრებლათ შევძახე - ტურაზე ზის, ტურაზე. გადმოცვივდნენ მეზობლები, მოლაზონი შეშინდა და მირბის გამწარებული, ხალხი უყურებს შორიდან და „დაინახა“ რომ მართლა ტურაზე იჯდაო. მე გამეცინა, სწორეთ ახალ-გაცნობილი ვიყავი თეორიას მასიურ გალიუცინაციაზე. მაგრამ იმ დროს როცა ეს ამბავი მოხდა, მე ღრმათ მწამდა მთელ ხალხთან ერთად მისი სინამდვილე.

ვიცნობდი ერთ მონადირეს, ხალვაშის გვერდში იდგა. ყოველთვის ნადირით დაბრუნდებოდა ტყიდან. ხალხში ამბობდნენ: რა უჭირს, რატომ არ დაბრუნდება საგძლით, ქაჯი სწყალობსო. ეს ქაჯი ტყის ბატონია და ვისაც შეიყვარებს - ნადირს მიურეკსო. ქაჯი კი უეჭველად ქალი უნდა ყოფილიყო და ეძებდა ადამიანებს საყვარლათ.

მამა ჩემს ჩემთვის უამბია: მყავდა ერთი შინაყმა, წვებოდა სამზარეულო სახლში, ღამე შეიქნებოდა ყვირილი და ქვების სროლა. შევარდებოთ სახლში, ვხედავთ ბიჭს ათრთოლებულს და დიდ ქვებს. შეკითხვაზე თუ რა ამბავია, მეტყოდა - რა ვქნა ბატონო, მსდევს ქალ-ქაჯი, მე რომ არ გავყვები აი ამ ქვებს მესვრის და რაღაც ნაირათ კედლებიდან ისე ცვივა შიგნით, რომ ფიცარს არ ამტვრევსო. ეს განმეორდა მრავალჯერ. წავიყვანე ოდაში და დავაწვინე ჩემს ოთახში. ეძინა დილამდე, არაფერი არ მომხდარა. როგორც კი სამზარეულოში დაბრუნდა მარტო - მეორდებოდა იგივე ამბავი. ბატონ-ყმობის განთავისუფლების შემდეგ წავიდა შინ, დაცოლშვილდა და დიდი ხნის შემდეგ გამოტყდა: არ ვიცი რატომ, მაგრამ ზნეთ დამჩემდა ქალ-ქაჯის ჩემი დევნა მომეგონებია, ქვები დამეგროვებია სახლის კუთხეში და ამეტეხა ის აურ-ზაური, რის მოწამე იყავიო.

.....

ერთხელ „ივერიაში“ დაიბეჭდა ფელეტონი,სადაც ნიჭიერათ იყო აღწერილი ედისონის მიერ ელექტრონის სანთლით მთელი ბაღის უეცრათ განათება. ლანჩხუთში ჩამოსვლისთანავე ეს ამბავი მოუყევი გორაზე თავმოყრილ ხალხს, ძალიან გაუკვირდათ. ბოლოს ერთმა ხმამაღლა თქვა: დიდება შენდა ღმერთო, რას არ გამოიგონებს რუსის ხელმწიფე! გამიკვირდა, სრულიად არ მიხსენებია არც რუსეთი, არც მისი ხელმწიფე, ვლაპარაკობდი ამერიკაზე და ედისონზე. შემდეგ ლაპარაკიდან გამოვარკვიე, რომ ხალხში ასეთი აზრი იყო: თუ სადმე რამე კარგი კეთდება - სულ ყველა რუსის ხელმწიფის მეოხებით.



გერონტი ქიქოძე, როცა მან 1921 წელს ერთი ღამე საჯავახოში, გურული გლეხის ოჯახში გაათია:

ღამე წისქვილში გავათიეთ, სადაც მოხუცი მეწისქვილე შემწვარი კვახით და იზაბელას ღვინით გაგვიმასპინძლდა. შემოვიდა ვიღაც ახალგაზრდა გლეხი, კომუნისტური პარტიის ახალი ნერგი და ჩვენი ღარიბი ტრაპეზი გაიზიარა. გვიამბო, ორი დღის წინათ ტყეში შევედი წნელის მოსაჭრელად და იქ მოულოდნელად ქაჯს შევეყარეო. სრულიად ტიტველი იყო, ლამაზი ქალის სახე ჰქონდაო. ხშირი თმა გაეშალა, წალდი შემოვკარი, იწივლა და მიიმალაო

სოფლის ვითარება, კვალი, N39 14 სექტემბერი, 1897

ჩვენში ცრუ-მორწმუნეობა კიდევ არის; ამიტომაც მარჩიელებიც ბევრი გვყავს; საუკეთესოთ ხალხში ითვლებიან: ს. იანულშიო გიორგაძე, დ. ჩოხატაურში - მეგრელიშვილი და საჯაოხოში ძნელაძე. მათდა საბედნიეროდ, ამათ ცოლ-შვილი დაჰხოციათ. ამით სარგებლობენ და აი რას ამბობენ: „ჩვენ დიდი ხანია რაც როკაპთან დავდივაღ იმას ცოლ-შვილი შევწირეთ და ექიმობა გვასწავლაო. წამოდით ჩვენთან ახალ-გაზდა შეიარაღებულო ყმაწვილებო და გაჩვენებთ მინდორზე ერთ უშველებელ ხეს, რომელზედაც ვჯდებით როკაპთან მიმავალნი, მხოლოთ საშიში კი ის არის; თუ დაგინახეს, დაგესევიან და მოგკლავენო.“ ეს სიტყვები ძლიერ აშინებს ხალხს და ვერავინ მიჰყვება მათ.

- ჩვენო, ამბობენ, ვისვამთ იღლიაში როკაპისაგან მოცემულ წამალს და აი ამ წამლის წყალობით მივფრინავთ მასთანო...

მათ ნალაპარაკევს რომ მივდიოთ, შორს გაგვიტაცებს. ხალხის გული კი ძალიან მოიგეს. ყოველდრე მათი ეზოები სავსეა ხალხით. საიდან არ მოდიან! მარჩიელობა ღირს - 5 კაპ., შელოცვა - 10 კაპ., ერთი შუშა წამალი 40-50 კ. და შინ წაყვანა 1 მ. შემოსავალი ბევრი აქვთ. კარგი იქნებოდა, ამათ მიაქციონ ჯეროვანი ყურადღება და აუკრძალონ ხალხის ყვლეფა, ცარცვა და მოტყუება. ყვლეფას ვინღა ჩივის, ოღონდ ხალხი გააჭორიკანეს.

რამდენმა მეცნიერებმა შესწირეს თავი მეცნიერებას და კარგი საფრენი მანქანა ვერ მოიგონეს. ეს ჩვენი მარჩიელები თურმე წამლების შემწეობით ფრინავენ. კარგი იქნებოდა მეცნიერები დაუახლოვდებოდენ ამ მე-XIX საუკუნის „მეცნიერებს“, შეისწავლიდნენ მათგან ყველაფერს, უფრო კი წამლების მზადებას. მერმე რარათ გვინდა ან რკინის გზა, ან მატარებელი, ან გემები, ან საფრენი ბურთები და სხვა. ამოვისვათ იღლიაში წამლები და „ვიფარფაშოთ-ვიპარპალოთ“ მაღლა.

გაუმარჯოს ჩვენ მარჩიელებს და მათ როკაპს!

 თედო სახოკია, მოგზაურობანი

ღობერის სარებზე თითქმის ყველა მოსახლეს გამოჩინებულ ალაგას ჩამოცმული აქვს გამხმარი ცხენის თავები. არ შეიძლება კაცმა ამ თავებს ყურადღება არ მიაქციოს, ეს გახლავს დარაჯი და მცველი აქა ური კარმიდამოსი და აგრეთვე, ჭირნახულისა, თუ ვინიცობაა ავის თეალის პატრონს შეშურდა თავისი მოყვრის ჭირნახული, გინდ კარმიდამო და რაიმე სიბოროტე გაივლო გულში, ცხენის თავის დანახვაზე ყოგელივე მის მზაკვრობას ძალა ეკარგება და ნიშანმი ამოღებულს მოსასლეს ვერას ავნებს

ჟოზეფ დე ბაი 

გურულებს სწამთ კატის, შავი მამლისა და მერცხლის. ერთი კატის მოკვლისთვის, ფიცს სდებენ, სიკვდილამდე ააშენონ ცხრა ეკლესია.

Comments

Popular posts from this blog

ბახვის მანიფესტი

1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის  ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა. კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან  1905

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ა;ვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „დილით ივანე ჯა

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა