Skip to main content

შემოქმედელ გლეხთა აჯანყება 1850

XVII საუკუნის დასაწყისში, სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის იმპერიის დაპყრობის შემდეგ გურიაში, შემოქმედის მონასტერში გადმოიტანეს ზარზმის ეკლესიის სიწმინდეები. სპეციალურად ამ სიწმინდეთა მოსათავსებლად ვახტანგ II გურიელმა შემოქმედის ეკლესიასთან ააგო მეორე, ღვთისმშობლის შობის ეკლესია და მას რამდენიმე კომლი აზნაური და ოთხმოცი კომლი გლეხი შესწირა. XVIII საუკუნის ბოლომდე შეწირულ გლეხებსა და აზნაურებს შემოქმედელი ეპისკოპოსი განაგებდა და ისინი საშემოქმედლო ყმებად იწოდებოდნენ.

1794-1820 წლებში შემოქმედის ეპარქიას და საშემოქმედლო ყმებსაც ქაიხოსრო IV გურიელი განაგებდა და ბეგარა-გადასახდებსაც იღებდა მათგან. 1820 წელს ქაიხოსრო იძულებული გახდა, ოსმალეთის იმპერიაში გაქცეულიყო, რადგან 1819-1820 წლებში იმერეთის აჯანყებას უჭერდა მხარს და აჯანყებულებს იფარებდა.  აჯანყების დამარცხებისა და ქაიხოსროს გაქცევის შემდეგ მისი მამულები ხაზინას დარჩა და გლეხები გადასახადებს უკვე სახელმწიფოს უხდიდნენ. 1829 წელს ქაიხოსრო ოსმალეთში გარდაიცვალა, მისი ცოლ-შვილი მეფის რუსეთის მთავრობას შეურიგდა, 1831 წელს სამშობლოში დაბრუნდა და გავლენიანი ნაცნობების წყალობით 1835 წელს მამულები დაიბრუნა.

საშემოქმედლო, ანუ მდინარე ბჟუჟის ხეობა სოფელ კვირიკეთიდან სოფელ უჩხუბის ჩათვლით, 160 კომლი, ქაიხოსროს შვილების, მალაქია და დიმიტრი გურიელების კუთვნილება გახდა.  (ეს ის დიმიტრია, რომლის მიერ აშენებული სასახლე დღესაც დგას ოზურგეთში). საშემოქმედლოს გლეხთა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. სახაზინო და საეკლესიო გლეხები საბატონო გლეხებზე უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, რადგან მებატონის თვითნებობას არ განიცდიდნენ. გურიელები კი არაადამიანურად ეპყრობოდნენ ყმებს, მონაწილეობდნენ ტყვეთა სყიდვაში და ა. შ. მაგალითად ცნობილია, რომ მათ ვინმე მახარობელ ჟღენტს წაართვეს ასული ფეფინა და მისცეს აზნაურ მდივანს. მდივანმა ეს ქალი ვიღაცას აჩუქა თუ მიჰყიდა. ასეთი ფაქტები ხშირი იყო.

დიმიტრი გურიელი მარჯვნივ
1850 წლის დასაწყისში  გლეხებმა გურიელების წინააღმდეგ საჩივარი აღძრეს ოზურგეთის სამაზრო სამმართველოში. წარმომადგენლებად აირჩიეს ბეჟუკი ივანეს ძე აბაშმაძე და სოფრომ გაბრიელის ძე სადრაძე.  მალაქიამ რომ საჩივრის შესახებ გაიგო, გაანადგურა მთავარი მტკიცებულება - შემოქმედის მონასტრის  დავთარი, მონასტრის დოკუმენტების სრული კრებული. დიმიტრი გურიელმა კი სცადა დაეპატიმრებინა ყმა ბ. სადრაძე, რომელიც სადავო საქმეზე სამაზრო სამმართველოში გამოცხადდა. დიმიტრიმ დაარბევინა ამ გლეხის სახლ-კარი, წაართვა ფული, საქონელი, ნივთები. ასევე მოექცნენ სხვა მომჩივან გლეხებს. გლეხების მიერ არჩეული რწმუნებულები - აბაშმაძე და სადრაძე - დააპატიმრეს და გაროზგვა მიუსაჯეს.

1841 წლის დიდი აჯანყებიდან მხოლოდ 9 წელი იყო გასული და გლეხებში  საპროტესტო განწყობა ჯერ არ მინავლებულიყო. მათ შეწყვიტეს ყმური ბეგარა-სამსახური და ხელახალი საჩივრით მიმართეს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ გაგარინს და მეფის ნაცვალ ვორონცოვს. გაგარინმა მოუწოდა გლეხებს საქმის გადაწყვეტამდე ბატონებთან ემუშავათ, ხოლო ბატონებს - გლეხებისთვის ხელი არ შეეშალათ სამართლებრივი დავის წარმოებაში. გუბერნატორის მოწოდებას რამდენიმე აზნაური და გლეხი დაემორჩილა.

სიტუაცია ხელახლა დაძაბა გლეხების წარმომადგენლების დაპატიმრებამ. სამაზრო სამმართველოს წარმომადგენელი, ოთარ კალანდარიშვილი მივიდა გლეხების წარმომადგენლებთან, აბაშმაძესა და სადრაძესთან, რათა ისინი სამაზრო სამმართველოში წაეყვანა. მხარეები შელაპარაკდნენ და გლეხებმა დაჭრეს კალანდარიშვილი, რის გამოც ორივენი დააპატიმრეს.

აბაშმაძისა და სადრაძის დაპატიმრების გამო 1850 წლის სექტემბერში სოფელ კარისყურეში მცხოვრებმა 12 გლეხმა იარაღი აიღო და გომის ტყეს შეაფარა თავი. ეს გლეხები იყვნენ: გოგია მამაკაიშვილი, დიანოს სურგულაძე (ხელმძღვანელები), ნიკო მამაკაიშვილი, ნიკოლოზ, მახარობელ და ალექსანდრე ჟღენტები, ლაზარე, გოგია, ივანე გოლიაძეები, გერასიმე და გაბრიელ სურგულაძეები. მეთორმეტე, გაბრიელ გოლიაძე, მალევე ჩამოშორდა რაზმს და სამაზრო სამმართველოში გამოცხადდა, რის გამოც აჯანყებულებმა მას სახლი დაუნგრიეს. აჯანყებულებიდან წერა-კითხვის მცოდნე დიანოს სურგულაძემ პროკლამაციები მოამზადა და მოსახლეობას დაუგზავნა.

გავარდნილ გლეხებს სურსათით მოსახლეობა ამარაგებდა. მათთან მოსალაპარაკებლად თავად მაზრის უფროსი მივიდა, მაგრამ გლეხები მოლაპარაკებაზე არ გამოცხადდნენ. მაზრის უფროსმა შემოქმედის მცხოვრებთაგან შექმნა 15 კაციანი მილიცია, სათავეში ჩაუყენა პრაპორშჩიკი გიორგი ღლონტი და ტყეში დამალულებს თავს დაესხა. სროლაში ღლონტი დაჭრეს, მაგრამ გავარდნილები დამარცხდნენ და  ყველანი დააპატიმრეს.

1851 წლის 23 აპრილს ვორონცოვის ბრძანებით 10 დაპატიმრებული გლეხი სამხედრო ტრიბუნალს გადასცეს.  იმავე წლის 24 მაისისთვის უკვე 10 გლეხიდან 4 ცოცხალი აღარ იყო. 1853 წლის 23 მაისს საქმე დაიკარგა და 1854 წლის თებერვალში ძიება ხელახლა დაიწყო. სამხედრო სასამართლომ ყველა დამნაშავედ სცნო, მაგრამ იმ დროისთვის ცოცხალი მხოლოდ ლაზარე გოლიაძე იყო. მას დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ მეფისნაცვალმა დახვრეტა ერთი წლის პატიმრობითა და 50 როზგით შეუცვალა.

მასალები ქველი ჩხატარაიშვილის ნაშრომიდან

Comments

Popular posts from this blog

ბახვის მანიფესტი

1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის  ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა. კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან  1905

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ა;ვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „დილით ივანე ჯა

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა