Skip to main content

„გურიაში“, ნინო ნაკაშიძე, 1952

ნაწყვეტები ნინო ნაკაშიძის მოგონებებიდან „გურიაში“, რომელიც ხელნაწერის სახით  დაცულია ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში

***

მოთმინება არ მყოფნიდა, არ მენახა ჩემი სათაყვანებელი ქალაქი, ყველაზე უწინ გავემართე ქალაქის ბაღის სანახავად. მთელი ჩემი ბავშვობა ამ ბაღთან იყო დაკავშირებული. მიყვარდა ლამაზი, ფართოფოთლებიანი, დიდრონი ჭადრები, მაღალი წიფლები, ასკილის ბუჩქები, თუთის ხეები, რცხილებიცა, აქ იყო მსუბუქი შენობა როტონდა, სადაც ადგილობრივი სცენის მოყვარულები წარმოდგენებს მართავდნენ. ციხე ისევ იდგა და გადაჰყურებდა ქალაქს. მისი გვერდები აღარ იყო სუროთი შეფენილი. ციხეში ცხოვრობდნენ წითელარმიელები. ბაღის ქვემოთ აღარ იდგა ის ორი ეკლესია ქართული და რუსული. იმათ ადგილას ხარობდა ციტრუსოვანი ლამაზი ბაღი მანდარინისა და მაგნოლიის ხეებით დამშვენებული. შიგა და შიგ ბაღში ჩადგმული იყო ხის ზურგიანი სკამები მოსეირნეთა დასასვენებლად. აღარ იყო ის ფარდულიც, სადაც ერთ დროს აბრეშუმის ჭია ჰყავდათ დასმული. ვის ჰყავდა არ ვიცი, მაგრამ მიხაკო ახალაძე რომ უვლიდა და ჩვენ, სკოლის ბავშვები, ვეხმარებოდით თუთის ფოთლების დაჭრაში და ჭიის დაპურებაში, კარგად მახსოვს. კვირაობით ბავშვები ამ ბაღში ვიკრიბებოდით და ვერთობოდით. ბაღში ბევრი სხვადასხვა შინაარსისა და ხასიათის კრებები და ღონისძიებები ტარდებოდა. ამ ბაღში გაიმართა რომანოვების მეფობის 300 წლიანი თარიღის აღნიშვნა და სადილი ღარიბებისთვის.

***
მე გავიზარდე ქალაქ ოზურგეთში. ჩემი ბავშვობა და სკოლის წლები იქ გავატარე და ვფიქრობდი, ოზურგეთზე უკეთესი და ულამაზესი ქალაქი ქვეყანაზე არ იყო. ოზურგეთი სამაგალითო ქალაქად მიმაჩნდა, როდესაც სამსართულიან სუროთი შეფოთლილ ძველი ციხის გვერდით ქალაქის თავში პატარა დაღმართზე ჩავირბენდით. ამ ციხეში, ჩემს მახსოვრობაში ყოველთვის ორი როტა რუსის სალდათი, თავის ოჯახით ბინადრობდა და ხალხს ეშინოდა მათი. ჩვენ, ბავშვები არ ვეკარებოდით ციხეს. მხოლოდ ვიცოდით, რომ ეს ციხე ძველად გურიის მთავრის, გურიელის სასახლე იყო და გურიელი ამ ციხიდან გადაცქეროდა „თავის ქალაქს“ ოზურგეთს ...

ოზურგეთში ციხის მარჯვნივ იდგა ქველია მენაბდის კარგა მოზრდილი, ლამაზი ოდა, ოდას კოინდარიანი ეზო შვენოდა. ეზოში ბროწეული, ქლიავის და ატმის ყვავილობისას ყოველთვის მიყვარდა იქეთ გახედვა, მაგრამ ჩემს ყურადღებას უფრო დიდი ჭა იპყრობდა, რომელიც ჩოხატაურიდან მომავალი მოკენჭილი გზის ბოლოს, ქალაქის თავში იდგა და მაღალი ოწინარი ჰქონდა. ოწინარზე კი მაგარ რკინის ჯაჭვზე გამომბული დიდი კასრი ეკიდა, ჭის უკან ჩამწკრივებული იყო 6 სამჭედლო დუქანი...

სამჭედლოს მოსდევდა „საპარასკევო.“ რატომ ეძახდნენ, მე არ ვიცი და მიკვირდა, რადგან საპარასკევოზე ვაჭრობა იყო, როგორც პარასკევობით, ისე კვირაობითაც და რა არ იყო პარასკევობით და კვირაობით აქ გასაყიდი. ყველაზე მეტად იყო ჭურჭლეულობა: ხის გობები, ჯამები, ციცხვები და სხვა. არანაკლებ იყო თიხის ჭურჭლეულობაც, სოფელ აკეთიდან შემოტანილი იქაური სოფლელების ნახელავი, ყველა ზომის ჭურები, კოკები, დოქები, ქოთნები, ხელადები და სტვირებიც კი. სხვადასხვა სოფლებიდან შემოჰქონდათ ხილეულობა, სანოვაგე, ფქვილი, ყველი უბრალო და სულგუნები ხის კასრებით, მწვანილი და სხვა. საპარასკევოზე იდგა განუწყნარებელი გუგუნი, სიცილი და კამათიც მყიდველ-გამყიდველს შორის. საპარასკევოს განაპირას, უფრო კვირაობით, იდგა ვინმე მოხუცი მესტვირე ან ბრმა მელექსე, რომელიც ლექსს ან ამბავს მოუთხრობდა ხალხს გაბმული სიმღერით. ასე ფულს შოულობდნენ. ხალხი ყოველთვის თავისი სავაჭრო გასაღების შემდეგ, სიამოვნებით უსმენდა მას და არ იშურებდა, გაენაწილებინა მათთვის მოსაგებიდან ცოტაოდენი პროცენტი.
***

სადაც საპარასკევო თავდებოდა, იწყებოდა ფართლეულობის და სხვადასხვა სავაჭროების მაღაზიები. პირველი პატარა მაღაზია ეკუთვნოდა მამაჩემის კარგ მეგობარ ვაჭარს. ახლა ეს დუქანი გადაკეთებულია წიგნის დიდ მაღაზიად და მაღლა სართულში, რომელიც მაშინ სრულიად არ არსებობდა, გამართულია ქალაქ მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ეს დუქანი, მიუხედავად სიპატარავისა, უნივერმაღს გავდა, ყველაფერი იყო გასაყიდი, რაც ღარიბი ხალხისთვის საჭირო და ხელმისაწვდომი იყო: ფართლეული, ფეხსაცმელები, ქალის და კაცის ქუდები, ტარანი, ჩიბუხი, შიბაქები. მამაჩემი ამბობდა: ჩემი მეგობარი ვაჭარი პატიოსანი კაცია და ყოველთვის იმისგან უნდა იყიდოს კაცმა ყველაფერიო. სწორედ ამ მაღაზიაში ვნახე პირველად და უკანასკნელად დიდი მწერალი ეგნატე ნინოშვილი-ინგოროყვა.

როცა მაღაზიაში შევედით, ვაჭარმა მამაჩემს უთხრა: ოჰ, იოსებ, რა კარგია, რომ მოხვედი, შენი ნინუცასთვის მშვენიერი „პოლსაბოჩკები“ მაქვს. მამაჩემს ძალიან მოეწონა, მაგრამ სანამ „პოლსაბოჩკებს“ ათვალიერებდა, კაცი მიუახლოვდა. როგორც მახსოვს, ქერა იყო, თხელი, გაბურძგვნილი, მოკლე წვერით, ხელში ყელზე მოსახვევი ჭრელი „კაშნე“ ეჭირა.
- ძალიან კარგია, მაგრამ ძვირია - უთხრა კაცმა ვაჭარს
- არა, ძვირი არ არის, ეგნატე, ხომ ხედავ, წმინდა შალია, რბილი, ნამდვილი თივთიკის...მაგრამ შენ რა გაწუხებს, ძვირია თუ იაფი? წაიღე, ფულს არ გახდევინებ
- აჰ, როგორ შეიძლება, რავა უნდა გაზარალო
- თუ მოგწონს, წაიღე, ძალიან მაწყენინებ, შენმა მზემ, რომ არ წაიღო
მამაჩემი მივიდა მასთან, ხელი ჩამოართვა და ჰკითხა: როგორ ხარ და რასა იქ, ეგნატე, სწერ რამეს?
- ვჩხარკნი, რაღაცას, იოსებ
- ახლა საზღვარგარეთ აპირებს წასვლას, - სთქვა ვაჭარმა
- მართლა, ეგნატე? აბა მაშ და
- რა ვიცი, კი მივდივარ და
- ახლა ჩვენს ამბებს სწერს, მაშვინ
- ჰო, მაშვინ პარიზის და პირამიდების ამბებს დასწერს - სთქვა მამაჩემმა
ეგნატემ სასიამოვნოდ გაიცინა, თვალებში შუქი ჩაუდგა და სახე დაუმშვენდა
- შენ, მგონია, იოსებ, გრიგოლ გურიელის ექსპედიციაში იყავი და ეგვიპტეში პირამიდებიც გინახავს - მიმართა მან მამაჩემს
მე მათ აღარ ვუსმენდი, მაგრამ დავინახე, როგორ შეუხვია ქახალდში ვაჭარმა ეგნატეს ჭადრაკული ფერადი ყელსახვევი და პიჯაკის ჯიბეში ჩაუდო
- კაი, კაცო, კაი - ეუბნებოდა მას ვაჭარი, - თუ ხათრი გაქვს, ნურაფერს იტყვი
ჩვენ გამოვემშვიდობეთ ვაჭარს და მეორე მხარეს ერდიშახან ქარცივაძის სამიკიტნოსაკენ გავსწიეთ. ერდიშახანს გაუხადა ეგნატეს დანახვა. გამოუწია ტაბურეტი, დასვა მაშინვე, დაუსხა ერთი მათლაფა ღომი, სულგუნი და მწვანილი დაუდგა წინ
- ეჰ, რა ამბავია აგი კაცო, ერდიშახან, გავმდიდრდი გგონია თუ
- არა უშავს, ეგნატე, საზღვარგარეთ წასვლის წინ სადილად რომ დაგპატიჟო, დიდი საქმე არ იქნება. სამიკიტნოში ბევრი მესადილეები იყვნენ. დიდი სიამოვნებით შესცქეროდნენ  ეგნატეს და სხვადასხვა კითხვებს აძლევდნენ. ეგნატე ყურადღებით ისმენდა და ყველას პასუხებს აძლევდა.


***

გზის მეორე მხარეს, საპარასკევოს გასწვრივ, პირდაპირ იყო სხვადასხვა საქონლით მოვაჭრე დუქნები, რასაკვირველია, იყო ფართლეულის დუქნებიც... მაღაზიების წინ ქუჩის ორივე მხარეს ქვაფენილზე დადიოდა სავაჭროდ და სასეირნოდ მოსული ხალხი. შუაზე კი მოემართებოდა მოკენჭილი სუფთა ქუჩა ურმების, ომნიბუსების და ეტლების სასიარულოდ, იქით და აქეთ ქუჩის პირას მირაკრაკებდა გაყვანილ თხრილებში ბაზრის წყალი და ცლიდა ბაზარს ნაგვისა და ჭუჭყისაგან... ქუჩა მუდამ სუფთად გამოიყურებოდა. დუქნების ბოლოს გამართული იყო ეტლებისა და დილიჟანსების დასაქირავებელი კანტორა, რომელიც დაარსებული იყო ამხანაგობის მიერ რაჟდენ წუწუნავას ხელმძღვანელობით.

ოზურგეთის ამხანაგობას ჰყავდა ეტლები და დილიჟანსები სადგურ ანტანებამდის მიმავალი მგზავრებისთვის. ერთი ადგილი ეტლში და დილიჟანსში 10 შაური ღირდა. ეს დიდი შეღავათი იყო, რადგანაც მაშინ ნატანებიდან ოზურგეთამდე ტრანსპორტი არ დადიოდა, 18 ვერსის გავლა ფეხით უხდებოდა კაცს. კერძო ეტლით სიარული ძალიან ძვირი ჯდებოდა. ამიტომ ხალხი მადლობელი იყო რაჟდენის, რომელიც სულ მუდამ ტრიალებდა თავის კანტორაში.

***

1904 წელს ბათუმში ვცხოვრობდი, იმ სახლში, სადაცვა მე ვიყავი, ცხოვრობდა ექიმი ალექსანდრე შატილოვი - უბრალო კეთილი კაცი. იგი თავის ბინაზე ყველა რევოლუციონერს მფარველობდა და ინახავდა. ერთხელ, როდესაც ბათუმიდან ოზურგეთში მივდიოდი და ეტლში ვჯდებოდი სადგურზე გასასვლელად, შატილოვმა გამომიტანა ერთი შეკვრა პატარა ზომის პროკლამაციები და მითხრა: ეს პროკლამაციები რამენაირად გურიაში გაამრავლე და გადაყარე, რომ ხალხმა წაიკითხოსო. სადგურ ნატანებში შევხვდი ჩემს ნაცნობ ანტონ ჟორჟოლიანს, ეტლი ერთად დავიქირავეთ და წამოვედით ოზურგეთს. მე ამოვიღე პროკლამაციები და ვუთხარი: ანტონ, რა უნდა ვუყოთ ახლა ამას? მან მითხრა, მოიტა აქ, გაყო შუაზე, ნახევარი თითონ დაიტოვა ნახევარი დამიბრუნა და მითხრა თითო თითო გადაყარე შენს მხარეს, მე ჩემს მხარეს გადავყრი, ფურცლები ცვიოდა, ძირს ეფინებოდა, ზოგიც ჰაერში ტრიალებდა. ქვეითად გამვლელ-გამომვლელნი იღებდნენ და კითხულობდნენ. ოზურგეთის ქალაქის ბოლოს ყაზარმებთან, რომ მოვაღწიეთ ცოტა დაგვრჩა და ერთბაშად გადავყარეთ. მამაჩემი ამ დროს ავადმყოფობდა, ცხოვრობდა სოფელ ღანუელში. არ გასულა ოთხი დღე და ჩემთან ამოვიდა ლევან გურიელი. იგი ბათუმში მსახურობდა ურიადნიკად. არ გეწყინოს ნინო, ვანიჩქა - ივანე ჯაფარიძე (მაშინდელი მაზრის უფროსი) დაჭერას გიპირობს და მე შენ გირჩევ ჩქარა წახვიდე აქედან. გირჩევ დღესვე, ვანიჩქა ამბობს პროკლამაციები დაუყრია ყაზარმებთანო. მესამე თუ მეოთხე დღეს ოზურგეთში დამიბარეს, მაგრამ მე უკვე წამოსული ვიყავი.
***

იმ სახლში, რომლის აივნიდანაც გენერალი ალიხანოვი ლაპარაკობდა, უწინ მალაქია გურიელი ცხოვრობდა. გენერალმა ალიხანოვმა შეკრიბა დარბეული მოსახლეობა და უბრძანა დაეჩოქათ და მოესმინათ მისი ბრძანება. თებერვალი იყო, წვიმდა და რადგანაც ხალხი გახიზნული იყო ტყეებსა და მთებში, ქალაქში მხოლოდ 70-80 წლის მოხუცი ქალები და კაცები იყვნენ დარჩენილი. ხალხი დააჩოქეს. ალიხანოვმა მკაცრად მოსთხოვა დაჩოქილ მოსახლეობას დაუყოვნებლივ მოეყვანათ რევოლუციონერები, ახალგაზრდა „ყაჩაღები“ და ჩაებარებინათ. მან მიმართა ხალხს საშინელი სიტყვებით „თქვენ გაგიგონიათ უთოუდ, რომ ძველად ამბობდნენ, სჯობია ათი დამნაშავე გავათავისუფლოთ, ვიდრე ერთი უდანაშაულო კაცი დავსაჯოთ. ახლა კი ჩვენ ვამბობთ: სჯობია ათი უდანაშაულო კაცი დავსაჯოთ, ვიდრე ერთი დამნაშავე გავათავისუფლოთო.“ მე ღობესთან დამალული ვიდექი და ყურს ვუგდებდი. მაშინ გაზეთ „ცნობის ფურცელის“ კორესპოდენტი ვიყავი.

სახლს შეუნახავს თავისი  სახე, მაგრამ მარცხნივ კი არაფერი იყო. მის პირისპირ იდგა ლევან გურიელის ორსართულიანი ძველი ქვის პალატიანი ოდა და ასკოკიანი ჭური, რომელიც სახლის გვერდით ფარდულის ქვეშ იყო აღმოჩენილი და გვამცნობდა, თუ რამდენ ღვინოს სვამდნენ სასახლეში. არც იასე გურიელის სახლი იყო, სადაც, მახსოვს იასე გურიელის სიკვდილის შემდეგ პოლიციის დაწესებულებები იყო გამართული. ახლა ამ ადგილას კინოს მშვენიერი შენობა და ქალაქის ორსართულიანი შენობები იდგა. კიდევ იქით თაყაიშვილის ნასახლარი იყო


***
რაც მახსოვს უწინაც და ახლაც, 1924 წელს, სოფელი ზვანი - დიდი მინდორი - კაცის უმაღლესი გვიმრით იყო დაფარული. მხოლოდ მინდვრის ბოლოში, 1904-1905 წლებში პატარა ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული. ზვანის პლანტაციის გამგე იყო ერმილე ნაკაშიძე. ერთხელ სიცილით მიამბო, თუ როგორ იცავდნენ მუშები, თბილისის მუშების მაგალითის მიხედვით, რვა საათი სამუშაო დღე შეესრულებინათ, დაირეკებოდა თუ არა დღის სამუშაო საათი, მაშინვე დაანებებდნენ თავს მუშაობასო, შეიძლება ზარის დარეკვისას ხელი ჰქონდა მოკიდებული სარეველა ბალახის ამოსაძირკვად მიწიდან, მაგრამ კი არ ამოძირკვავდნენ ბალახს, მაშინვე ხელს გაუშვებდნენ და მიატოვებდნენ სამუშაოს, რომ მეტი დრო არ ემუშავათ. იმ ადგილას, სადაც ერმილე ნაკაშიძე აწარმოებდა ჩაის მოვლა-მოშენებას, რა თქმა უნდა, კუსტარული წესით, ახლა კი, 1952 წელს, იმ ადგილას, თეთრი ორსართულიანი ჩაის ფაბრიკა და მისთვის საჭირო შენობები იყო აღმართული.

***

ბევრჯერ დავფიქრებულვარ იმაზე, თუ რა არის გურული ხალხის განსაკუთრებული თვისება, რაში გამოიხატება ის შესანიშნავი ზნეობრივი ძალა, ის უხილავი სულიერი ძაფები, რომლითაც გიზიდავთ გურული ხალხი. ქალი და კაცი მათ სიახლოვეს, მათთან კავშირს თქვენთვის საამოდ ხდის. ჩემის ფიქრით მომხიბლავი თვისება გურულებისა - მათი ცოცხალი ნიჭი, სულის სინაზე, მგრძნობიარე გული და მოსწრებული სიტყვა-პასუხია. გურულ კაცთან მუსაიფი თავის დღეში არ მოგწყინდებათ.

გურული კაცის გულში მუდამ ჟამს ჩუხჩუხებს ძვირფასი, ცხოვრების შემახალისებელი და შნოს მომცემი საუნჯე - სიცილის ნაკადული. სევდა-დაღრეჯილობის გულიდან განმდევნი და ენერგიის შემქმნელი წმინდა ანკარა ნიჭი.

ყველამ კარგად იცის, რამდენად დაწინაურებულია დღეს გურია წერა-კითხვის ცოდნითა და განათლების წყურვილით. კერძო საუბრის დროს ისეთ რამეებს მომიყვებოდნენ, რომ გაოცებული ვრჩებოდი.


Comments

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში არსებობის დროს, სამთავ