Skip to main content

თეოდორ შანინი გურიის რესპუბლიკის შესახებ

ნაწყვეტი ბრიტანელი სოციოლოგის, თეოდორ შანინის 1986 წლის წიგნიდან “Revolution as a Moment of Truth: 1905-1907→1917-1922”(რევოლუცია, როგორც ჭეშმარიტების მომენტი). ამ წიგნის ერთ-ერთი ქვეთავის - „გლეხთა ხელისუფლება“ - ერთი პარაგრაფი ეხება გურიის გლეხთა მოძრაობას. 


    პირველად რევოლუციური ტიპის გლეხური ალტერნატიული თვითმმართველობა წარმოიშვა 1903 წელს გურიაში, რუსეთის სახელმწიფოს განაპირა მხარე საქართველოში. ამ ამბავმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თანამედროვეებზე და ღირს აქ მოთხრობა. სახელწოდება გურია მომდინარეობს იმ სამთავროსგან, რომელიც განადგურებულ იქნა 1810 წელს რუსეთის დაპყრობის შედეგად და ეწოდა ოზურგეთის მაზრა ქუთაისის გუბერნიაში. მაზრის ტერიტორია აერთიანებდა რამდენიმე მთის ხეობას რუსეთის კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომლებსაც კვეთდა ქუთაის-ბათუმი რკინიგზის მონაკვეთი, რომელიც შემდგომ თურქეთში მიდის.(1) გურიის ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 კვ.კმ ფართობზე იყო ორი პატარა ქალაქი და 79 სოფელი. მისი მოსახლეობა ითვლიდა დაახლოებით 100 ათას კაცს და მცირე გამონაკლისის გარდა მის უმრავლესობას შეადგენდნენ ქართველები. იქაური გაღატაკებული დიდგვაროვნები დიდად არ განსხვავდებოდნენ გლეხებისგან. მაზრაში ასევე იყო რამდენიმე მდიდარი დიდგვაროვანი-მემამულე და სახელმწიფო ჩინოვნიკი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ადგილობრივი გლეხები ბატონყმობისაგან გათავისუფლების შემდეგ. (საქართველოში ამ გათავისუფლებამ გლეხთა უმრავლესობა აქცია მოიჯარეებად). გურიის სოფლის მოსახლეობა რეგიონის(2) საშუალო მაჩვენებელთან შედარებით იყო უფრო მეტად განათლებული და სარგებლობდა აზროვნებასა და საქმეში დამოუკიდებელი ხალხის რეპუტაციით.
    1902 წელს გიორგი ურატაძე(3), ადგილობრივი მცხოვრები, „არასანდოობის გამო“ გარიცხული ყოფილი სტუდენტი და მტკიცე სოციალ-დემოკრატი, გახდა ადგილობრივი მემამულეების წინააღმდეგ გლეხთა მოძრაობის ინიციატორი სოფელ ნიგოითში, რომელიც მდებარეობდა ახლოს იმ სკოლასთან, სადაც ის ასწავლიდა. გლეხების მოთხოვნები მოიცავდა: მემამულეებისთვის გადასახდელი მოსავლის წილის შემცირებას, საძოვრებზე თავისუფალი წვდომის უფლებას და თავადაზნაურობის მონაწილეობას ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსებაში, რომელსაც აქამდე მხოლოდ გლეხები იხდიდნენ(4). იმან, რაც ამას მოჰყვა, ტრაგიკომედიის მახასიათებლები შეიძინა. გლეხებმა უარი განაცხადეს გამოსვლაზე ერთმანეთისადმი და ბრძოლისადმი ერთგულებაზე კოლექტიური ფიცის დადების გარეშე. დაბნეული ახალგაზრდა რაციონალისტი იძულებული გახდა საზეიმო რელიგიურ ცერემონიაზე ფიცის დამდები მღვდლის როლი ეთამაშა. ამის შემდეგ ურატაძე სასწრაფოდ მივიდა უახლოეს ქალაქ ბათუმში მდებარე სოციალ-დემოკრატიულ კომიტეტში, რათა მიეღო მითითებები გლეხებისთვის გადასაცემად. კომიტეტი პრინციპული შეხედულებების გამო უნდობლობას უცხადებდა ასეთ წვრილბურჟუაზიულ გარემოში პოლიტიკური მოქმედებების წარმართვას (მთელ გურიაში არც ერთი სამრეწველო საწარმო არ იყო). ჩხეიძემ - დუმაში რსდმპ-ის ფრაქციის მომავალმა თავმჯდომარემ - აახმოვანა კომიტეტის გადაწყვეტილება: „ჩვენ მარქსისტები ვართ. მარქსიზმი ეს პროლეტარიატის ფილოსოფიაა. გლეხს, როგორც მცირე მესაკუთრეს, არ ძალუძს მარქსიზმის იდეოლოგიის მიღება. ის, როგორც წვრილი ბურჟუა, უფრო ახლოსაა ბურჟუაზიასთან, ვიდრე პროლეტარიატთან. მაშასადამე, ჩვენ გლეხთა მოძრაობას ვერ მოვათავსებთ ჩვენი დროშის ქვეშ.“ კომიტეტს განსაკუთრებით აღელვებდა ჭორები, რომ გლეხებმა ფიცი დადეს - ვერც ერთი მარქსისტი ვერ დახუჭავდა თვალს ასეთ მეტაფიზიკაზე. ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატს მხარდაჭერაზე კატეგორიული უარი უთხრეს და „ავანტიურიზმის“ გამო უსაყვედურეს.
    მაგრამ ტრაგიკომედია სწრაფად გადაიქცა მაღალ დრამად. ხმები გლეხების ქმედებებისა და ნიგოითში დადებული ერთგულების ფიცის შესახებ სწრაფად გავრცელდა მთის ხეობებში და ცოცხალი ლეგენდის საფუძველი გახდა. გამოხმაურება უზარმაზარი იყო და შოკში ჩააგდო მთავრობაც და რევოლუციონერებიც. მთელ გურიაში, ერთი მეორის მიყოლებით სოფლებსა და უფრო შორეულ რაიონებში გლეხები გაერთიანდნენ, შეიმუშავეს მოთხოვნები, აირჩიეს წინამძღოლები და დადეს ასეთივე ერთგულების ფიცი. შეეჯახა რა ამ ტალღას, ადგილობრივ მემამულეთა უმეტესობამ სწრაფად და დათმობით უპასუხა ამ მოთხოვნებს. წამქეზებელთა ძიებამ მხოლოდ გააძლიერა გლეხთა პოლიტიკური საქმიანობა. სოფლელებმა, რომლებმაც ფიცი დადეს, უარი თქვეს „წამქეზებლების“ გაცემაზე და ამის შემდგომმა რეპრესიებმა გლეხთა ბრძოლა გადააქცია რუსეთის ხელისუფლებასთან ფართო კონფრონტაციად. ქართველი ინტელიგენცია, ქალაქელები და ზოგიერთი თავადაზნაური „თავიანთი“ გლეხების მხარეს დადგა როგორც სოციალისტური ასევე ნაციონალისტური ლოზუნგებით. სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ ეკისრათ მზარდი გლეხური მოძრაობის ხელმძღვანელობა. სახის შესანარჩუნებლად ბათუმში შექმნეს „სოფლის მეურნეობის მუშაკთა კომიტეტი“, რომელსაც გურული ბუნტისთავებისთვის უნდა ეხელმძღვანელა (გურიაში, რა თქმა უნდა, პრაქტიკულად არ არსებობდნენ „მუშები“ მკაცრი კლასობრივი გაგებით, თუმცა, როგორც წესი, გლეხობას შორის, განსაკუთრებით იქ, სადაც მიწის მწვავე დეფიციტი იგრძნობოდა, ბევრი გლეხი იყო დაკავებული დამატებითი დაქირავებული შრომით). გურიაში ასევე ცხოვრობდნენ ადრე ბათუმში დასაქმებული და 1902 წლის გაფიცვის შემდეგ სოფლებში გასახლებული მუშები. ისინი ატარებდნენ პოლიტიკურ გამოცდილებას, მნიშვნელოვანს შემდგომი წლების მოვლენებისთვის, მაგრამ არ ქმნიდნენ არც „პროლეტარულ ფენას“ და არც წამყვან ჯგუფს რაიონში. როდესაც 1903 წელს გურიის დამოუკიდებელმა სოციალ-დემოკრატიულმა კომიტეტმა, რომელიც შედგებოდა გლეხებისა და ადგილობრივი მასწავლებლებისგან, გამოაცხადა დაარსების შესახებ, რსდმპ-მ იგი უპირობოდ მიიღო თავის რიგებში.
    1903 წლის ბოლოსთვის გურიაში მთელი მოსახლეობის სისტემატურმა ბოიკოტმა ოფიციალური ხელისუფლება ცარიელი დატოვა. სოფლის წარმომადგენელთა და „პროპაგანდისტთა“ სოციალ-დემოკრატიული კომიტეტი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებდა მოსახლეობა. მთელი მაზრის მასშტაბით de facto შემოღებული იყო სიტყვის თავისუფლება, ყოველკვირეული მასობრივი პოლიტიკური მიტინგები, კომიტეტის მიერ კონტროლირებადი ახალი საიჯარო გადასახადები, საჯარო სასამართლოები და ადგილობრივი მილიცია. „ოფიციალურმა“ ხელისუფლებამ, უმეტესწილად, უკან დაიხია დაშინების გამო, მათ ყურადღებას არ აქცევდნენ, ხოლო რამდენიმე მათგანს, ვინც ცდილობდა თავისი მოვალეობის შესრულებას, კლავდნენ ან ძალით აძევებდნენ რაიონიდან. მათზე ნადირობნენ გარდაცვალების შემდეგაც, როგორც ეს იყო 1905 წლის იანვარში მოკლული თავადი ნაკაიძის შემთხვევაში. მესაფლავეების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის გამო მოუწიათ მისი დასაფლავება მაზრის გარეთ(5). სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენებით ჩარევას დიდი ხნის განმავლობაში აკავებდა კავკასიაში არსებული პოლიტიკური ვითარება და გურიის მიმართ საერთო სიმპათია. დიდგვაროვანთა შორის ყველაზე მდიდარი მემამულეები მიმართავდნენ პეტიციებს არმიის ჩარევის წინააღმდეგ.(6) 1905 წელს ქუთაისის გუბერნატორმა, რომელიც თანაუგრძნობდა გურიას, დაიკავა გლეხთა თვითმმართველობაში ჩაურევლობის პოზიცია და ადგილობრივი „წითელი პოლიციის“ ესკორტის თანხლებით გურიასაც კი ეწვია. ქართველი გლეხების ამ განსაკუთრებული, მოულოდნელი და ხელისუფლებისათვის შეურაცხმყოფელი სოციალისტური მმართველობის შესახებ ცნობებმა გაკვირვება და ხელახალი გააზრება გამოიწვია არა მხოლოდ კავკასიაში. ამის შესახებ „ისკრასა“ და სხვა არალეგალურ გაზეთებში 1903 წლიდან გამოქვეყნებული ვრცელი ცნობები ვრცელდებოდა რუსულ რევოლუციურ საზოგადოებაში.
    მთელ რუსეთში 1905 წლის რევოლუციური მოვლენების დაწყებისთანავე გურიაშიც გაიზარდა ბრძოლისთვის მზადყოფნა. ადგილობრივი რაზმები („წითელი ასეულები“) გაფართოვდნენ და დაიწყეს სამხედრო წვრთნა, ემზადებოდნენ ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლისთვის. რაიონის პოლიციის განყოფილებებს უყურადღებოდ აღარ ტოვებდნენ. მათ თავს ესხმოდნენ და წვავდნენ. პოლიციელებს, ჯარისკაცებს და სტრაჟნიკებს იარაღს ართმევდნენ. კაზაკებისა და პოლიციის რაზმი, რომელმაც რაიონში შესვლა გარისკა, მოექცა ჩასაფრების ქვეშ და დამარცხდა ნასაკირალთან ბრძოლაში. სამაზრო ქალაქი ოზურგეთი შეიარაღებულმა გლეხებმა აიღეს და 1905 წლის ნოემბერში გამართულ მასობრივ კრებაზე გამოცხადდა ახალი მთავრობა. მაზრა საყოველთაოდ ცნობილი გახდა „გურიის რესპუბლიკის“ სახელით.
    ხელისუფლების მხარდამჭერის თქმით, „გურიის კომიტეტი ფაქტობრივად მართავდა მთელ გურიას მისი თანხმობის გარეშე, ქუჩაში ზედმეტი ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერავინ ბედავდა“. 1905 წელს ალტერნატიული ხელისუფლების შექმნა იმავე წესით მოხდა საქართველოს სხვა სასოფლო რაიონებში, მაგალითად, სენაკის მაზრაში („სენაკის რესპუბლიკა“), რაჭის მაზრაში სოფელ ორბელში და სხვ.
    რეაქციის კონტრშეტევამ 1906 წლის დასაწყისში მიაღწია გურიამდე. დააპატიმრეს ქუთაისის ლიბერალური გუბერნატორი და მთელი დასავლეთ საქართველო სასტიკად დაადუმა სამხედრო ძალებმა გენერალ ალიხანოვის და პოლკოვნიკების კრილოვისა და ტოლმაჩოვის მეთაურობით. დამსჯელი არმია განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდა გურიას. „რესპუბლიკა“ გაქრა, მისი ლიდერები დააპატიმრეს ან გაიქცნენ და შეიარაღებული რაზმები გაიფანტნენ მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, არ გაეწიათ ღია შეიარაღებული წინააღმდეგობა რეგულარული არმიისთვის. თუმცა, რეპრესიებმა, დაპატიმრებამ და ციმბირში 300 ადამიანის დეპორტაციამ ვერ შეცვალა რაიონის გლეხების პოლიტიკური პოზიცია, ისევე როგორც 20-დღიანმა ძალადობამ ვერ აიძულა სოფელ ლანჩოთის გლეხები დაესახელებინათ „მეთაურების“ სახელები.(7) 1906 წელს ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მზადება შეიარაღებული აჯანყებისთვის, რომელიც უნდა დაწყებულიყო ცენტრალურ რუსეთში რევოლუციის განახლების პარალელურად. რაც მთავარია, მაშინ, როცა რაიონის მოსახლეობამ ოფიციალურად გამოაცხადა მორჩილება, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ხმას აძლევდა ისევ და ისევ მენშევიკებს, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ გურიის რესპუბლიკას. გლეხთა ეს მხარდაჭერა უცვლელი დარჩა 1920-იან წლებამდე.
    ფორმალურად, მენშევიკური პარტია ერთიანი იყო მთელ იმპერიაში, მაგრამ განსხვავებებს მის ქართულ და არაქართულ შემადგენლობას შორის წილად ხვდა მომავალში მუდმივი და მზარდი როლის შესრულება. ქართველი მენშევიკების ბელადი და გურიაში დაბადებული - ნ. ჟორდანია - ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას პირველ სათათბიროში. საქართველოში მენშევიკებმა გაიმარჯვეს დუმის ყველა არჩევნებში. 1917 წლის სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში საქართველომ თავისი 9/10 გლეხური მოსახლეობით დაამტკიცა, რომ ის იყო რუსეთის ერთადერთი ეთნიკური განაპირა მხარე, სადაც მენშევიკებმა (ე.ი. იმ პარტიამ, რომელმაც მიიღო ხმების მხოლოდ 2% მთელ რუსეთში) მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ უნდა მომხდარიყო. მანამდე „გურიის რესპუბლიკა“ გახდა ისტორიაში პირველი გლეხური მმართველობა, რომელიც დაფუძნებული იყო აბსოლუტური უმრავლესობის ნებაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მარქსისტები და რომელიც უპირისპირდებოდა რუსი ჩინოვნიკებისა და ჯარისკაცების სახით წარმოდგენილ სახელმწიფოს.
 
 
ჩემი კომენტარები
 
(1) აქ შეცდომაა, ბათუმის შემდეგ რკინიგზა ოსმალეთში არ გადადიოდა
(2) სავარაუდოდ რეგიონში იგულისხმება ქუთაისის გუბერნია
(3) უნდა იყოს გრიგოლ ურატაძე
(4) საუბარია საერობო ბეგარაზე, რაც გულისხმობდა გლეხების ვალდებულებას ფიზიკური შრომით და მატერიალური რესურსებით მიეღოთ მონაწილეობა გზების და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის შეკეთებაში. ეს ვალდებულება არ ვრცელდებოდა თავადაზნაურობაზე
(5) ნახსენები მოკლული უნდა იყოს თავადი, მომრიგებელი-შუამავალი ტიფო ნაკაშიძე. ხოლო მეკუბოვეები და მეეტლეები გაიფიცნენ თავადის, ურიადნიკ ლევან გურიელის დაკრძალვის წინააღმდეგ.
(7) უნდა იყოს ლანჩხუთი


Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...