Skip to main content

პრესა გურიის რესპუბლიკის შესახებ


კავკასიის უმაღლესი მთავრობა გურიაში ჰგზავნის ისეთ კაცს, რომელიც ამ კუთხის ცხოვრებას იცნობს. გაგზავნილმა უნდა გამოირკვიოს ეკონომიკური მდგომარეობა მცხოვრებთა და შეიმუშაოს ზომები იმათ კეთილდღეობის მოსაწყობად.

სამ თებერვალს ოზურგეთში უნდა შესდგომოდა საქმეების განხილვას ქუთაისის ოლქის სასამართლოს სესია. ამბობენ, ადმინისტრაციამ აცნობა სასამართლოს, ოზურგეთში შესვლა საშიშიაო. ხმა დადის, ოზურგეთის მაზრის მთელი პოლიცია სამსახურს თავს ანებებსო. უკვე წასულა სამსახურიდან სუფსის ბოქაული ქავთარაძე. 3 თებერვალს ბოქაულის კვაშალის სახლს ბერდანები დაუშინეს. ესროლეს 35 ტყვია. არავინ მომკვდარა და არც დაჭრილა.

როგორც გვატყობინებენ ოზურგეთში ორი დარაჯი მოუკლავთ. მკვლელებს ბერდანას თოფები აუღიათ და დამალულან. 

მოგზაური, N5, 13 თებერვალი

ხალხი გათვითცნობიერდა, ძალიან ეტანებიან გაზეთებს და ჭკუის სასწავლო წიგნების კითხვას, ვინც კითხვა არ იცის, სხვას ეხვეწება, წამიკითხეო

მკვლელობა და ცარცვა-გლეჯა საშინლათ გახშირდა, ისეთი დღე და ღამე იშვიათი იყო, რომ ვინმე არ გაეცარცვათ, მკვლელობა მართლა ბევრი მოხდა, აქვე ჩამოვთვლით მოკლულთა ვინაობას, თუმცა ყველა არ დაგვამახსოვდა: ს. გურიანთის საზოგადოებაში მოკლეს _ აზნ. ქარცივაძე, გლეხი თ. აროშიძე, მიხ. ჟოჟინაიშვილი, მ. მოქია, მახარაძე; სადგ. ნატანების გზაზე _ გ. მესხია; სადგ. ნოგოითში _ ჩეჩელაშვილი; ლანჩხუთში _ მამასახლისი ირ. მენაღარიშვილი, მ. არაგვენიძე; ხიდისთავში _ სოფლის მწერალი მიხ. ლომაძე, ქართველიშვილი, მამასახლისი თავართქილაძე, გერ. ლომაძე; ს. ჯუმათში _მღ. გაბრიელ დარჩია, სურებში _ დეკანოზი ნიკო რამიშვილი; სად. სუფსაში _ ლუკა ურუშაძე, დ. ჩოხატაურში _ მ. კალანდაძე; ოზურგეთში _ ი. სარიშვილი; ს. შემოქმედში _ აზნ. ალ. ბებურიშვილი და ალექსი კირკელაძე და სხ.


მკითხველებმა იციან, რომ გუშინწინ მთავარმართებლის თანამდებობის აღმასრულებელს გენერალ მალამას წარუდგა დეპუტაცია და იშუამდგომლა - გურიაში გაგზავნილი უკანვე გამოეწვია. დეპუტაციაში იყვნენ: ტფილისის თავად-აზნაურობის მარშალი თ-დი დ. მელიქიშვილი, ქუთაისის თავად-აზნაურობის მარშლის თან. აღმასრულებელი თ-დი დ. ნიჟარაძე, ტფილისის მაზრების თავად-აზნაურთა მარშლები, ბათუმის ქალაქის მოურავი თ-დი ანდრონიკაშვილი, ქუთაისის ქალაქის მოურავის მოადგილე ბ-ნი გველესიანი, შემთხვევით ტფილისში მყოფნი ოზურგეთის მაზრის მცხოვრებნი ბ-ნი მ. თუმანიშვილი და თ-დი ნ. თავდგირიძე, ქართლ პრესის წარმომადგენელნი ბ-ნი ა. ჯაბადარი და კ. ჯაფარიძე (თუმცა ტფილისის საზოგადოებამ დეპეშით სთხოვა ოზურგეთის მაზრის მარშალს თ-დ, კ. ერისთავსა და ფოთის ქალაქის მოურავს ნ. ნიკოლაძეს ჩამოსულიყვნენ ამ საქმის გამო, მაგრამ ისინი არ ჩამოვიდნენ). გუშინ გენერალმა მალამამ დეპუტაციას შეატყობინა, ჯარი ნატანებში გაჩერდება და ამასთანავე ერთად გურიაში იგზავნება ბ-ნი სულთან-კირიმ-გირეი, რომელსაც მინდობილი აქვს ადგილობრივ გამოიკვლიოს გურულების მოთხოვნა-საჭიროებანი, ბ-ნი სულთან-ყირიმ-გირეი სოფელ-სოფელ ყრილობებს მოახდენს და ბჭობას იქონიებს ხალხთან. ინტელიგენციის წარმომადგენელთ არ ეკრძალებათ ხალხში მსვლელობა იქონიონ. პრესსას შეუძლიან ამ ფრიად საყურადღებო საგანზედ მსჯელობა იქონიოს, რავდენადაც ეს საჭირო იქნება საქმის გამოსარკვევად.

ცნობის ფურცელი, N2753, 24 თებერვალი

გურიის ამბები*
საზოგადო ცნობები

გურიის ამბებისა და იქაურ მოძრაობის ვრცლად და დაწვრილებით შესასწავლად და საზოგადოებისათვის გასაცნობად, ჩვენმა რედაქციამ გურიაში გაჰგზავნა ორი თავისი თანამშრომელი. დღეს იბეჭდება ერთ თანამშრომლის პირველი წერილი. რედ.

დღევანდელი მოძრაობა გურიაში დაიბადა პირ-და-პირ ეკონომიურ ნიადაგზე, რასაც ნათლად გვიმტკიცებს მოძრაობის მოკლე ისტორიული განხილვა: მიწის სიცოტავე, დიდი იჯარის ფასი, , მძიმე გადასახადები, დრამის ფული - აი რაზე აღორძინდა უკმაყოფილება. მოძრაობა დაიწყო მოუსავლობის დროს და უპირველესად იმ ადგილებში, სადაც ხალხი ყველაზე უფრო გაჭირვებული იყო. მეტად მოუსავლიანი იყო 1901-1902 წლები. ქცევა ძლივს იძლევოდა 10-15 ფუთ სიმინდს, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი ქცევა იძლევა 40-60 ფუთს. მოუსავლობას სრულიად არ მიაქციეს ყურადღება და გლეხებისაგან თხოულობდნენ წინანდელ ღალას. გლეხი იძულებული იყო საკუთარის ადგილის შემოსავლისაგან ან ფულით დაეკმაყოფილებინა მემამულე და ვინც არ გადაიხადა ღალა, იმას დაუყოვნებლიც დავა აუტეხეს სასამართლოში საზოგადოდ გურიაში იჯარა მეტად შემავიწროვებელია გლეხისათვის.

არსებობდა ორ-ნაირი სისტემა იჯარისა: ზოგიერთ ადგილებში მიწა იცემოდა 12-25 ფუთ სიმინდამდე საღალოთ, იმისდა მიხედვით, თუ სად როგორი მოსავალია; მოსავლიან წლებში შეიძლება რამე კიდევ დარჩენოდა გლეხს , მაგრამ მოუსავლიან წელს იგი მთლად ხელ-ცარიელი რჩებოდა და ხშირად თავისასაც ადებდა. მეორე სისტემა იყო შეფასების სისტემა, ე.ი. მემამულის მოურავები ჩამოუვლიან ყანებს და რასაც დაადგენენ, გლეხმა ის უნდა გადაიხადოს. ამავე დროს საჭირო იყო მოურავის მოქრთამვა, თორემ ისე გლეხს ორი წილი გადახდებოდა; გარდა იჯარის ფასისა, არსებობდა გადასახადი საძოვარ ადგილებისათვის, და ეგრედ წოდებული „სალეჟრობო“. „სალეჟრობო“ პირველად დაწესდა ახალ, უყ მიწაზე, მაგრამ მერე დარჩა ყველა მიწაზე. ამისათვის იხდიდა ცალკე გადასახადს ყოველ ქცევაზე. მერე კი „სალეჟრობო“ სრულიად უსამართლო შეიქმნა, რადგან ყველა ადგილები გაიკაფა.

მოძრაობა დაიწყო ერთსა და იმავე დროს 1902 წ.: ს. ხიდისთავსა, ნიგოითსა, ჩოჩხათსა და გურიანთის სოფლებში. ხიდისთავში ყველაზე უფრო გაჭირვებულია გლეხობა მიწის სივიწროვით. სოფლელები ისე მჭიდროდ არიან დასახლებულნი, რომ ხიდისთავი ქალაქს მოაგონებს კაცს, ერთ ქცევაზე 4 მოსახლე სახლობს. აქ აცევა ადგილი 600-800 მანეთამდე ღირს. მამაკაცები თითქმის ყველანი გარედ არიან გასულნი საშოვარზე. ვინც სახლში რჩება, ის თავს უმთავრესად იმით ირჩენს, რომ სხვა-და-სხვა ხელობას მისდევს. საიჯარო მიწებიც ძლიერ ცოტაა ხიდისთავის მიდამოებში და გლეხები იძულებულნი არიან, შორს წავიდნენ მიწის ასაღებად 10-20 ვერსტამდე. გლეხებს არა ჰყოფნით მოსავალი და ყიდულობენ სიმინდს. მაგრამ უბედურება ისაა, რომ პირდაპირ მწარმოებლებისაგან ვერ ყიდულობენ სიმინდს და სხვა-და-სხვა ჩარჩებს უვარდებიან ხელში.

ნიგოითში გლეხს ორი ქცევა თუ აქვს, მეტი არა. ადგილების მეტი ნაწილი ეკუთვნის მემამულეებს, რომელთაც თავისი მამულები 1895 წ. დააგირავეს სახელმწიფო ბანკში, სულ 1200 დესეტინა (230 000 მან.), და ამდენივე ქუთაისის საადგილმამულო ბანკში. ამ გარემოებამ გამოიწვია, რასაკვირველია, იჯარის ფასის მომატება: გლეხს უნდა მიეცა საზრდო მემამულესათვის და გაესტუმრებინა ბანკის ვალიც. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნიგოითელი გლეხები ძლიერ ჰყავდათ დაბეჩავებული (დალახვრული) მემამულეებს და გლეხებმა უკანასკნელ დრომდის ვერ მოახერხეს დროებით ვალდებულობისაგან განთავისუფლება.

გურიანთელ გლეხების მდგომარეობა უარესდებოდა კიდევ იმით, რომ აქ მემამულეების რიცხვი დიდი იყო და გლეხები უფრო იჩაგრებოდნენ. მემამულენი ატყუებდნენ გლეხებს მიწის მიზომის დროს, ატყუებდნენ საწყაოში საიჯარო სიმინდის მიღების დროს. გარდა ამისა მემამულე წინდაწინვე გაჰყიდიდა საიჯარო სიმინდს და გლეხი იძულებული იყო ვაჭრისთვის ჩაეტანა სიმინდი 20-25 ვერსტზე. გურიანთაში მომხდარა ამისთანა ამბავი: მიწა ყანიანად წაიღო წყალმა და მემამულემ პოლიციის შემწეობით მაინც წაიღო საიჯარო ფასი....

ამას ზედ დაერთო უკმაყოფილება მღვდლების წინააღმდეგ, რომელნიც სრულებით არ შედიოდნენ გლეხების მდგომარეობაში და კიდევ მეტს თხოულობდნენ, ვიდრე წინად. გარდა სადრამო ფულისა გლეხს უნდა გადაეხადა ახლა სამარხი - 15 მან., ჯვარსაწერი - 15 მან. ნათვლა ზიარება და სხ. მღვდელმოქმედება - 5 მანეთამდე.

სახელმწიფო გადასახადებმა მოიმატა; განსაკუთრებით მძიმედ დააწვა გლეხს კისერზე სააქციზო გადასახადი: გურიაში იზაბელას ღვინო მოდის მხოლოდ, რომელიც მალე ფუჭდება და ამიტომ გურულები ამ ღვინიდან არაყს ხდიან. ბოლო დროს სააქციზო გადასახადი ისე გადიდდა, რომ გლეხისთვის ყოვლად შეუძლებელი გახდა არაყის გამოხდა.

როგორც ზევით ვთქვით, გურიის გლეხთა დიდი ნაწილი გარედ მიდის სამუშაოდ, უფრო ბათუმს. 1902 წელს ბათუმში გაფიცვა მოხდა და მრავალი მუშა გაიგზავნა სოფლებში. ამან კიდევ უფრო გააძვირა ცხოვრება და გააძლიერა უკმაყოფილება.

ამ ნიადაგზე აღოცენდა მოძრაობა. რასაკვირველია, შეუძლებელი იყო დღევანდელი მოძრაობა გურიაში, რომ ხალხი არ იყოს გონიერი, ცოცხალი ბუნების და შედარებით დაწინაურებული განათლების მხრივ. 1902 წლის მაისში მაჭუტაძის მოურავმა სოფ. ნიგოითში დაუჭირა გლეხებს საქონელი და მოსთხოვა საბალახო ფული. გლეხებმა უარი უთხრეს და საქონელიც გააშვებინეს. მემამულემ მიჰმართა პოლიციას , რომელმაც დაიჭირა რამდენიმე კაცი, როგორც მეთაურნი „ამბოხებისა“. ამ ამბავმა ძლიერ შეძრწუნა სოფლელები, რომელთაც დაინახეს პოლიციის მოქმედებაში მემამულის დაცვა და მათი აბუჩად აგდება.

ამავე დროს ზემო დასახელებულის სოფლების გლეხებმა წარუდგინეს მემამულეებს ახალი, გლეხებისათვის შეღავათიანი, საიჯარო პირობები. მემამულეებმა მიჰმართეს პოლიციას, რომელმაც ხელახლა დაატუსაღა ახალი „მეამბოხენი“. ქუთაისიდან ჩამოვიდა გუბერნატორი საქმის გამოსაძიებლად, რომელსაც ჩოჩხათის საზოგადოებამ წარუდგინა შემდეგი მოთხოვნილებები: 1) მოისპოს არსებული წესი ღალისა, გაიცეს უფრო შეღავათიანის პირობებით, 2) მოისპოს საბალახოზე გადასახადი, 3) მოისპოს არაყზე აქციზი, 4) სასოფლო გზების კეთება და ეკკლესიების დარაჯობა სავალდებულო იყოს ყველა წოდებისათვის, 5) მიწის გამიჯვნის გადასახადები გადახდეს ყველა წოდებას, 6) მოისპოს დრამა-ფული. ამგვარი მოთხოვნილებები წარუდგინეს გლეხებმა სხვაგანაც. მაგრამ გლეხების თხოვნა არავინ განიხილა და ამის მაგიერ დატუსაღებულ იქნენ მათი წარმომადგენელნი

ამის შემდეგ უფრო და უფრო გაძლიერდა რეპრესიული ზომები გლეხების წინააღმდეგ, ჩაუყენეს ეგზეკუცია. არავინ არ ფიქრობდა მათის ინტერესების და მშვიდობიანად, სამართლიანად საქმის გაკეთებას. გლეხებსა და მემამულეთა შორის უთახმოება უფრო გამწვავდა, რასაც ხელს უწყობდა პოლიცია. 1903 წელს მთელის გურიის გლეხობა გაიფიცა და არავინ არ აიღო იჯარით თავად-აზნაურობის მიწები. ამის შედეგი იყო უფრო მეტი გაჭირვება და შევიწროვება.

ამ მოძრაობის დროს გლეხებისათვის სრულიად მოისპო სასამართლო, არც ერთი მათი საქმე, არც ერთი შეტაკება მემამულეებთან არ გადაეცა სასამართლოს: ყველაფერს სწყვეტდა და არჩევდა მარტო ადმინისტრაცია. გლეხები უკმაყოფილონი იყვნენ სასამართლოსი, რომელიც სწარმოებდა გაუგებარ ენაზე და უცხო კაცების მიერ, მაგრამ ასეთი სასამართლოც-კი მოისპო მათთვის.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 1902 წელს ადმინისტრაციის განკარგულებით დაიხურა ყველა ბიბლიოთეკა (12), რადგან წიგნებს და გაზეთებს აბრალებდნენ მოძრაობის აღორძინებას და განვითარებას....

ამგვარაად გაიზარდა და გაფართოვდა მოძრაობა, რომელიც პირველად შეიცავდა უბრალო ეკონომიურ მოთხოვნილებებს. მოძრაობის დროს გლეხობას თან და თან დაეკარგა პოლიციის და სასამართლოს პატივისცემა და ნდობა, უარჰყო ერთიც და მეორეც, როგორც გამოუსადეგარი, დაიარსა თავისი სამართალი და გამგებლობა. ამასთანავე წინ წამოაყენა უფრო ფართო ეკონომიური მოთხოვნილებები

აი, მოკლედ და გაკვრით ის გზა, რომელიც გაიარა გურიის მოძრაობამ.
სიტყვა
ოზურგეთი, 20 თებერვალი


გურიის ამბები.

შემოქმედი II-22

გურიის დღევანდელ მდგომარეობის გამოსაკვლევად გამოგზავნილი ნ. ა. სულთან კრიმ-გირეი 18 თებერვალს ჩამოვიდა ნატანებში, აქედან ავიდა ქობულეთში ზოგიერთ ცნობების შესაკრებად და 20 მოვიდა ოზურგეთს, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან კერძო საუბრების დროს გაიგო ბევრი რამ გლეხების გაჭირვების და ადგილობრივ ადმინისტრაციის უკანონო მოქმედების შესახებ. ოზურგეთის ინტელიგენციას უნდა წარუდგინოს თავისი მოხსენება გურიის დღევანდელ მოძრაობის შესახებ.

სამშაბათს, 22 თებერვალს, სულთან კრიმ-გირეი გაემგზავრა შემოქმედის საზოგადოების (ს. შემოქმედის, კვირიკეთის, წითელმთის, გოგიეთის, გომის, ფატარის, მაკვანეთის, გორისფერდის) გლეხებთან მოსალაპარაკებლად, რომელნიც შეიკრიბნენ შემოქმედში. ბ-ნ კრიმ-გირეის პოლიციისაგან არავინ არ ახლავს. არც უნდა მიჰმართოს მას რაიმე დახმარებისათვის და ყრილობასაც თვითონ გლეხების შემწეობით მოიწვევს.

შემოქმედში სულთან კრიმ-გირეიმ გლეხებს შემდეგის სიტყვით მიჰმართა:

„მოგესალმებით, გურიის შვილნო, და სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ თქვენ შორის რუსულის ენის მცოდნენიც არიან, მაგრამ მსურს, რომ ჩემი სიტყვები გაიგონოთ თქვენ დედა-ენაზე, რომელიც თქვენთვის უფრო გასაგებია.

ამ ჩემ სიტყვებს გადმოგითარგმნით ის ადამიანი, რომელსაც მე კარგად ვიცნობ და რომელიც თან მომყვა. მე მეტად მიხარიან, რომ მომეცა შემთხვევა მოვსულიყავი მშვენიერ გურიაში და ახლო გამეცნო გურულები. და ბედნიერი ვიქმნები, თუ ჩემი მოსვლა მოგიტანთ თქვენ სულიერ მშვიდობას და დაწყნარებას.

გურულებო! ყოჩაღი და ნიჭიერი ხალხი ხართ, მაგრამ უმთავრესად თქვენი მყუდროების ღირსი უნდა იყვეს შვილების აღზრდა-განათლება. მე ვიცი, რომ თქვენში ბავშვები ხშირად დადიან ყოველ დღე სასწავლებელში ხუთი-ექვსი ვერსის სიშორეზე და სხვა მრავალი დაბრკოლებაც ხელს უშლის მათ, მაგრამ, მაინც, სამი მეოთხედი ბავშვებისა სკოლაში სწავლობს. ამ მხრივ სწორედ მაგალითი ხართ ამიერ-კვაკასიის ყველა ხალხებისათვის. თქვენი ახალგაზრდობა გურიის სიამაყე და იმედია და თქვენ ყოველი საშუალება უნდა იხმაროთ, რომ დაიფაროთ თქვენი ახალგაზრდობა ისეთის საქმეებით გატაცებისაგან, რომელნიც არ შეეფერება მათ წლოვანობას, და ამით მისცეთ ახალგაზრდობას შეძლება მშვიდობიანად განაგრძოს განათლება. ამ მზრუნველობისათვის თქვენი ზნეობრივი დამაკმაყოფილებელი იქმნება ყველაზე უწინარეს იმისი შეგნება, რომ თქვენ შეასრულეთ მძიმე მოვალეობა, როგორ მამებმა და მოქალაქეებმა, და შემდეგ რწმენა, რომ ახალგაზრდობა თავის დროზე პატივისცემით და მადლობით მოგიგონებთ თქვენ.

მე მითხრეს, თქვენ შორის არიან ფიცხი ადამიანები. სასტიკად ნუ გაჰკიცხავთ მათ; მაგრამ ნურც მიჰყვებით იმათ კარგად მოუფიქრებელ რჩევას და იმათ ფიცხ გატაცებას წინ დაუყენეთ სიდინჯე და გონიერება. ნუ გაჰკიცხავთ აგრეთვე იმ რუსებს, რომელნიც ოცნებობენ და სცდილობენ, რაც შეიძლება მალე მოაწყონ აქ ყველაფერი რუსულ წეს-რიგზე და რუსულად. არსებითად მათი აზრი ძალიან მოსაწონია. მათ უნდათ, რომ მთელის რუსეთის ყველა წევრები, მთელის ამ ოჯახის ყველა ხალხები სცხოვრობდნენ ერთის საერთო ცხოვრებით და ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს ერთის საერთო ენით. ამათ ჰსურთ, დააჩქარონ ისტორიული მსვლელობა, მაგრამ ავიწყდებათ ის, რომ სასურველი ერთობა ნაყოფიერი იქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ერთობა დამყარდება ბუნებრივად (თავისუფლად) და ძალ-დაუტანებლად. ამგვარი ერთობა, რასაკვირველია, სრულიად არ მოითხოვს, მაგალითად, რომ ქართველმა დაივიწყოს თავისი ქართული, მშობლიური. ყოველი რუსი სრულის პატივის ცემით მოეპყრობა იმ ქართველს, რომელსაც შეუთვისებია რუსული კულტურა, მაგრამ რომელიც ამავე დროს არის კარგი ქართველი, უყვარს ქართული ენა, მწერლობა, და სწავლობს თავის ქვეყნის ისტორიასა და წარსულს სიძველეებს, და სამაგიეროდ ის არ ენდობა იმ ქართველს, რომელიც უყურადღებოდ სტოვებს ყველაფერს მშობლიურს. ეს გასაგებია: განა ცუდ ქართველს შეუძლიან იყოს კარგი რუსი?

გურიის მდგომარეობა გაჭირვებულია, ბევრს რასმე უნდა გაუკეთესება, მოწეს-რიგება, მაგრამ იქონიეთ მოთმინება. დიდ-ხანს იტანჯებოდით, იქონიეთ სიმამაცე და მოითმინეთ ცოტა კიდევ. წერა-კითხვა თქვენში ძალიან გავრცელებულია, სოფლებში ყველგან წიგნები გაქვთ, ზოგიერთებს გაზეთიც და, მე ვიცი, რომ თქვენ, როგორც მთელ რუსეთში, გაფაციცებით ადევნებთ თვალ-ყურს 1904 წ. 12 დეკემბრის უმაღლეს ბრძანებაში უმოწყალესად აღნიშნულ საკითხების განხილვასა და შემუშავებას. ამიტომ ნუ დაივიწყებთ რომ ყოვლად კაცთ-მოყვარე ბრძანების ახლობელ კეთილ შედეგით ისარგებლებენ გლეხები. მაგრამ ესეც რომ არ იყოს, კავკასიის უმაღლესი მთავრობა სცდილობს, რომ გააკეთოს ყველაფერი, რაც კი გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას და შესაძლებელ ჰქნას თქვენთვის მომავალში გამოძიება და გამოკვლევა თქვენთა აუცილებელ საჭიროებათა.

მთავარ-მართებელი სასტიკად თხოულობს წესიერებას და უშიშროების დაცვას, სრულს აღიარებას კანონებისა და კანონიერ მთავრობისას და მორჩილებას. ამასთანავე მომანდო მე მოვისმინო თქვენი საჩივრები და განცხადებანი და მომცა უფლება გაცნობოთ, რომ ის კანონიერი და სამართლიანი საჩივრები და თხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება დამოკიდებულია მთავარ-მართებლისაგან, დაკმაყოფილებული იქნება ეხლავე, იმ საჭიროებათა შესახებ-კი, რომელნიც აღემატება მთავარ-მართებლის უფლებას, წარდგენილი იქნება მთავარ-მართებლის მიერ შუამდგომლობა მის იმპერატორებით უდიდებულესობის წინაშე.

რაც გურიაში მოხდა, ამის ახსნა შეიძლება, გამართლება-კი არა. თქვენ არ შეგიძლიანთ არ აღიაროთ, რომ ბევრი თქვენი წევრთაგანი უკანონოდ მოქმედებს. მე არ გკითხავთ, ვინ არის დამნაშავე, მაგრამ გთხოვთ, ასწონოთ თქვენთვის, თქვენის ცოლშვილისა და გურიის მომავალისათვის უბედური შედეგი, რომელიც მოჰყვება მთავრობის და კანონების წინააღმდეგობას. მთავარ-მართებელი კეთილის გულით და ყურადღებით ეპყრობა თქვენს გაჭირვებას, რის დამამტკიცებელია ჩემი აქ, თქვენთან ყოფნა. მაგრამ ჩემი გამოგზავნა უკანასკნელი ცდაა მთავარ-მართებლისა, რომ მშვიდობიანად მოეღოს ბოლო სამწუხარო უთანხმოებას და გაუგებრობას. ასწონეთ ყველაფერი, რაც მე გითხარით, ნუ აჩქარდებით პასუხის მოცემას, შეჰკითხეთ იმათ, რომელთაც თქვენ ენდობით, რომელთაც ჰსურთ თქვენთვის სიკეთე, და შეგეწიოთ ღმერთი ამ გაჭირვებულ და მძიმე წამს, რათა დაიცვათ თქვენი ჩვეულებრივი სიწყნარე, სიფრთხილე და კეთილ-გონიერება.“

ბახვის საზოგადოება II-23

სულთან კრიმ-გირეის სიტყვის წაკითხვის შემდეგ, ხალხი გავიდა ცალკე, მოილაპარაკა ერთმანეთში და აირჩიეს თორმეტი წარმომადგენელი. საზოგადოების მოთხოვნილებით ყრილობას მოშორდნენ მამასახლისი, მწერალი და მღვდლები.

წარმომადგენლებმა ყოვლის უწინარეს ყურადღება მიაქციეს გადასახადებს. მრავალი გადასახადი აწევს გლეხს კისერზე, ყველაფერს გლეხი იხდის და საშუალება კი არ მოეპოვება. დაგვეცემა „ბორჩიკი“ და ქვიდან უნდა გამოვაძვრინოთ რამე, თორემ მჭადს წაგვართმევს, ძროხას გაგვიყიდის, ხარს, თოხს, ქვაბს. ამასაც არ დაგვაჯერებენ, გვცემენ, დაგვატუსაღებენ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ცოლის ნამზითვი ფარდაგი გაუტანიათ, ქალს წინააღმდეგობა  დაუწყია, მაგრამ წაუქცევიათ და გაულახავთ. „მე თვითონ ვიყავი ბორჩიკი (ამბობს ერთი დეპუტატი) და უკანასკნელი კვირის საჭმელი ფქვილი წამირთმევია გლეხისთვის. რას ვიზამდი მამასახლისი მახრჩობდა.“

სხვა გადასახადებიც არის, მაგალითად, დრამა. ნათვლის, ზიარების, ქორწილის - ყველაფრის ცალკე უნდა გადავიხადოთ. კაცი რომ მოკვდება, პანაშვიდი და რაღაც სალოცავები უნდაო, გვეუბნებიან ხუცები, ისე არ ცხონდებაო, და ტყავს გვაძრობენ. ამას გარდა დრამის ფულიც ცალკე უნდა ვიხადოთ. ხუცები შეუბრალებელნი არიან. მივალთ, შევეხვეწებით, მოგვითმინეთ, ვიშოვნით და გადაგიხდით ფულსათქო. არაო, გვიპასუხებენ: ეგ ჩვენი საქმე არ არის. პოლიციაზე გვაქვს გადაცემულიო. მოხდება ისე, მოკვდება ვინმე ღარიბი და მღვდელი მკდარს წესს არ აუგებს, თუ პატრონი არ წავიდა, ფული არ ისესხა და არ გადაიხადა საწირავი.

მუდამ დღე ცხენები გვყავს შენახული მთავრობის კაცებისათვის: 4 ცხენს ოზურგეთში ვინახავთ, ორს კი ამ ჩვენს კანცელარიაზე. ამ ცხენებზე წელიწადში გვეხარჯება 250 მანეთი. ვინ არ სარგებლობს მერე ამ ცხენებით? შარშანწინ ბოქაულმა ხაბურზანიამ თავისი ცოლი გაგზავნა ჩვენის ცხენით, ცუდი უნაგირი იყო, ცხენი დაშავდა და ჩვენ გადაგვხვდა იმის ფასი.

მარტო ჩვენ, გლეხებმა უნდა ვიდარაჯოთ თუ ეკლესიაზე, თუ გზებზე, თუ აგარაკებზე. ორი სამი კვირით უნდა ვიდარაჯოთ, რომ მდიდრებს არაფერი ვნება მოუვიდეთ. მაზრის უფროსი ან ბოქაული რომ სადმე მიდის, უნდა ვეახლოთ, უნდა გავყვეთ იმის ცოლს, შვილებს, წავუღოთ ბარგი. ჩვენ ვაკეთებთ გზებს, თუმცა ამ გზებით სარგებლობენ ყველანი.

უნდა მოისპოს ისეთი გადასახადები, რომელიც მარტო გლეხებს ხდება, აგრეთვე სხვა და სხვა ჩვენი შემავიწროვებელი ბაჟები და აქციზი არაყზე.

ჩვენში დიდი სივირწროვეა მიწისა, გლეხებს სრულებით არა გვაქვს მიწა. სამაგიეროდ ბევრი აქვთ მემამულეებს. მერე საიდან? ღმერთს ხომ არ ჩამოუგდია მათთვის ზეციდან? ჩვენ შიმშილი გვკლავს, მემამულეებს კი სასიმინდე სავსე აქვთ ჩვენგან დამუშავებულის და მოყვანილის სიმინდით. ამაზე მეტი უსამართლობა შეიძლება? ჩვენ, მშრომელი ხალხი მშიერნი ვართ და ჩვენის ოფლით შეძენილის სიმინდით სხვა ქეიფობს! ჩვენ არა გვაქვს საკუთარი მიწა, ვიღებთ მემამულისაგან იჯარით აუტანელ პირობებით: საიჯარო ღალას ვიხდით მოსავლის ნახევარს, ან 15-20 ფუთს ქცევაზე და გარდა ამისა „სალეჟრობოს“ , ქრთამს, ძღვენს. თუ კარგი მოსავალია, რამე დაგვრჩება მემამულის მიწისაგან, მაგრამ თუ მოუსავლობა იქნება, მაშინ პირიქით უნდა დავადვათ, ქვაბი უნდა გავყიდოთ და შევუსრულოთ დანაკლისი, თორემ გვიჩივლებს. სიმინდი უნდა გავურჩიოთ, მივუტანოთ და სასიმინდეში ჩავუყაროთ საკუთარის ხელით. მანამდის ჩვენი სიმინდი უნდა ეყაროს ყანაში, დალპება თუ წახდება, არავის დარდი არა აქვს... ასეთ პირობებში ცხოვრება შეუძლებელია. მუშა ხალხი ვთხოულობთ სამუშაო მიწას. უნდა განთავისუფლებულ იქნენ მიწიანათ დროებითი ვალდებული გლეხები. ვინც უკვე დაიხსნა თავი და გადაიხადა ფული ნადელში, ამას უნდა დაუბრუნდეს ეს ფული, რადგან ერთი რომ რატომ იყო მიწა ნადელი ბატონისა და არა გლეხის, მეორე - გლეხმა ნადელის სასყიდლად ფული ვალად აიღო და დღესაც ვერ გადაუხდია ეს ფული.

ჩვენში არიან სახელმწიფო გლეხები, რომელთაც არა აქვთ ის უფლება, რომელიც აქვთ სხვებს: სახელმწიფო გლეხებს არ შეუძლიანთ გაჰყიდონ ან დააგირავონ ის მიწები, რომელთაც ფლობენ. უნდა მიეცეთ ამის უფლება.

მრავალი მიწაა სახაზინო, საეკკლესიო, საუფლისწულო; გლეხებს არ შეგვიძლიან ვისარგებლოთ ამ მიწებით, ყველაზე ბაჟი და გადასახადია. ეს მიწები უნდა გადაეცეს გლეხობას, მშრომელ ხალხს და მათ გასანაწილებლად დაარსდეს გლეხთა წარმომადგენლების კომიტეტები...

ვნ ჩამოსთვლის გლეხის გაჭირვებას, მაგრამ უბედურება ის არის, რომ არ შეგვიძლიან შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ ჩვენის გაჭირვებულის მდგომარეობის შესახებ, მაშინვე „ბუნტოკჩიკებს“ დაგვიძახებენ. ათი კაცი რომ ერთად შევიკრიბოთ, მოცვინდებიან „სტრაჟნიკები“ და მათრახებით დაგვიწყებენ ცემას და დაგვატუსაღებენ. ამ ორი წლის წინად ჩვენი ამხანაგები დახოცეს ხიდისთავში და ლანჩხუთში მხოლოდ იმიტომ, რომ შეიკრიბნენ და თავის საჭიროებაზე ლაპარაკობდნენ. ორი თვის წინად საზიარო ადგილების შესახებ გვქონდა ყრილობა ჩვენ და მეზობელ საზოგადოების გლეხებს, მოვიდნენ ყაზახები და სამი ამხანაგი დაგვიჭირეს. - ზოგიერთ ჩვენგანს ცოტა რამ გაუგია, წერა-კითხვა იცის, ჰკითხულობს გაზეთს, მაგრამ ერთი რამ აკვირვებს: გაზეთში ათასნაირი ამბავი სწერია, მაგრამ ერთი სიტყვა არაა ჩვენი მდგომარეობის შესახებ. რატომ? გვითხრეს, რომ ეს აკრძალულიაო. გვინახავს დაბეჭდილი ფურცლები, სადაც ბევრი კარგი ამბავი და მართალი სწერია, ასეთი სიმართლის წაკითხვა არ შეიძლება, თუ წაიკითხე, დაგატუსაღებენ.

ჩვენ ვთხოულობთ, რომ იყოს თავისუფლება კრებისა, სიტყვისა, მწერლობისა და გაზეთებისა. ნუ იქნება ადამიანის პიროვნების დამონება, შეურაცხყოფა, ნუ შევარდებიან ჩვენს ოჯახში, ნუ მიგვინგრ-მოგვინგრევენ სახლ-კარს, იქნეს თავისუფლება პიროვნებისა და ხელშეუხებლობა ბინისა.

საჭიროება უფრო და უფრო მატულობს, ცხოვრება ძნელდება და ვიცით, რომ ასეთ დროში საჭიროა განათლება, მაგრამ ის კი ვერ გაგვიგია, რომ რატომ უნდა სჭამდნენ თაგვები იმ წიგნებს, რომლებიც ვიყიდეთ ჩვენის საკუთარის ფულით (ბიბლიოთეკების დაკეტვა). გაუნათლებელი ხალხი სუსტია, შეიძლება ამიტომ სდევნის მთავრობა განათლებას.

ჩვენ გვინდა, რომ იყოს უფასო საყოველთაო, სავალდებულო პირველ დაწყებითი სწავლება, რომ ყველასათვის თანასწორი და თავისუფალი იყოს განათლება.

ჩვენი დიდი შემაწუხებელია სალდათობა. ჩვენში სალდათობა არ იყო, მერე შემოიღეს და ჩვენი სალდათები აქვე იყვნენ. შემდეგ კი უცხო ქვეყანაში გაგზავნეს და იქ სამში ორი ვერა სძლებს და კვდება, სალდათი შორდება სახლს და ამით აკლდება ოჯახს მუშა კაცი, ოჯახის მდგომარეობა კიდევ უარესდება. ჯარს ინახავს მშრომელი ხალხი და ამ ხალხის წინააღმდეგ მოქმედობს ხშირად ეს ჯარი. ჩემი ბიძა იყო სალდათად (სთქვა ერთმა) და მითხრა, ჯარში რომ ვიყავი, დამაფიცეს რომ დავიცვათ სახელმწიფო გარეშე და შნაგან მტრებისაგან. ვსთქვათ, რომ გარეშე მტერია იაპონია, მაგრამ შინაური მტრები ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ? შინაური მტრები იყვნენ პეტერბურგში დახოცილი მუშები? ამისთვის უნდა დაინთხეს ამდენი სისხლი? ამისთვის უნდა ებრძოლოს ძმა ძმას? ... ძმები ვართ ქართველი, რუსი, სომხეი, თათარი, ჩვენ ერთმანეთს არ შევჭამთ, ამას ნუ სცდილობს მთავრობა! და თუ გარეშე მტერი შემოგვესევა, ჩვენ უკეთ დავიცავთ ჩვენს თავს.

ჩვენი გაჭირვების და საჭიროების აღწერას ვერ გავათავებთ. ვის შეუძლიან ჩვენ საჭიროებათა დაკმაყოფილება? ვინ გაიგებს ჩვენს ხმას? არა დღევანდელი მთავრობა, რომელიც არასოდეს არ გვაქცევდა ყურადღებას, უზომოდ გვაწვალებდა და გვტანჯავდა. ჩენი მოთხოვნილება არ არის კერძო, მხოლოდ ქართული. ასე თხოულობს მთელი რუსეთი. ჩვენ ვუერთდებით ჩვენს მოძმეებს რუსეთში, მხარში ვუდგევართ იმათ. ჩვენი საერთო დაკმაყოფილება შეიძლება მაშინ, როდესაც შეიკრიბება ხალხი და საყოველთაო, დახურულის, სწორის კენჭის ყრით, აირჩევს თავის წარმომადგენლებს. მხოლოდ ასეთი მთავრობა იქნება ნამდვილი მთავრობა, მხოლოდ ხალხის ხმაა სამართლიანი და პატიოსანი.

ესაა ჩვენი საჭიროება და ჩვენი რწმენა. სიმართლე უძლეველია, რაც უნდა გაჭირვება და შევიწროება შეგვხვდეს, ჩვენ მაინც არ ვუღალატებთ სიმართლეს. ქვეყანა ხალხის ხელში უნდა იყოს, მაშინ იქნება ბედნიერება დედამიწაზე...
სიტყვა


გურიის ამბები
შემოქმედი, თებ 22
2*

ეს წერილი რაღაც მიზეზით ფოსტამ დაგვიგვიანა. ჯერ ეს წერილი უნდა დაბეჭდილიყო, მერე ის რომელიც გუშინ იყო დაბეჭდილი (ბახვიდან). რედ..

როგორც გუშინდე წერილში ვწერდით, 22 თებერვალს სულთან კრიმ-გირეიმ სიტყვით მიმართა შემოქმედის საზოგადოების გლეხებს.

ხუთას-ექვსასამდე გლეხ-კაცი იყო შეყრილი, გარდა ამისა იყვნენ ქალებიც და ბავშვებიც. ყველანი თამამად გამოიყურებოდნენ. მათ სახეს ეტყობოდა რწმენა და იმედი. თუმცა ზოგიერთებს ნათლად არა აქვთ დახატული, თუ რა უნდა და როგორ უნდა მოეწყოს მომავალი ცხოვრება, მაგრამ ყველა მტკიცედ დარწმუნებულია, რომ დღევანდელი მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რომ ასე ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. გაჭირვების შეგნება ზეზეური არ არის, იგი შესისხლხორცებული აქვს ყველას.

როდესაც მოენემ გადაუთარგმნა ხალხს კრიმ-გირეის სიტყვა, უკანასკნელმა სთხოვა გლეხებს, მოილაპარაკეთ ერთმანეთში და თუ ინებებთ, აირჩიეთრამდენიმე კაცი დეპუტატად და იმათ გადმომცეს თქვენი საჭიროებანი, მითხარით ყველაფერი სავსებით, დაუმალავად, არავინ არ დაისჯება იმისთვის, რასაც იტყვის, არავის გვარი არ ჩაიწერება, მამასახლისსაც და მწერალსაც დავითხოვ აქედან, თუ გინდათო (ხალხმა მოითხოვა მათი მოშორება). ყრილობა გავიდა ცალკე და მოლაპარაკების შემდეგ აირჩია 12 წარმომადგენელი, რომელთაც ასე აუწერეს გლეხების გაჭირვება და მოითხოვეს რითაც შეიძლება გაჭირვებული მდგომარეობის მოსპობა:

ყველას კარგად მოეხსენება გლეხი კაცის ამბავი, მიწა მას არა აქვს, არაფერი არ შემოდის და ყოველი გადასახადი, შევიწროვება, შრომა-კი მის კისერზეა; სხვა ბატონია და გლეხი-კი ისევ ყმა და მონაა.

ბატონ-ყმობა რომ გადავარდა, მას აქთ ბევრი გლეხი დარჩა თავ-დაუხსნელი, რადგან არაფერი არ გააჩნია. რაღაც ორი ან ერთ ქცევა ნახევარი მიწა აქვს ხელში ასეთ გლეხს და ამისათვის უნდა იხადოს ფული ცალკე, სიმინდი და ჩალა ცალკე და ამავე დროს მზად უნდა იყოს ყოველ წუთში, ეახლოს და ემსახუროს ბატონს. გლეხმა რომ თავი გაინთავისუფლოს ვალი უნდა აიღოს, მაგრამ რითი გადაიხადოს მერე ვალი? ამიტომ ეს დროებითი ვალდებულნი გლეხები დაუყოვნებლივ უნდა იქნენ განთავისუფლებულნი მიწიანათ სახელმწიფოს ხარჯით.

გლეხი ღარიბია, მაგრამ გადასახადებს ყველაზე უფრო მას ახდევინებენ. ეს ეკკლესიის დარაჯობა, ეს გზების გაკეთება, ეს ცხენების მიცემა მთავრობის კაცებისათვის, ეს გაგზავნა - ყველაფერი ჩვენს კისერზეა, მემამულეები-კი არაფერს არ აკეთებენ და არხეინად დასეირნობენ. როგორც-კი დასჭირდება სადმე წასვლა პოლიციის კაცს ან მდდარს ვაჭარს ან მემამულეს, გამოგვრეკენ ჩვენ, გზა გაუკეთეთ და უდარაჯეთო. დადგება ზაფხული და დაიწყება აგარაკობა და ჩვენ მოსვენება არა გვაქვს გზის კეთებისაგან. ორი დღით გვაგზავნიან სამუშაოდ 20-30 ვერსის სიშორეზე, მაგრამ ორი კვირით-კი გვტოვებენ და ვრჩებით ულუკმაპუროდ, სახლიც უპატრონოთ გვაქვს მიტოვებული და ცოლშვილი შიმშილით გვიწყდება. ძველს დარაჯობას ახლა ის მოუმატეს, რომ სოციალისტები „მავნე“ კაცები დადიან სოფლად და უდარაჯეთ, არსად გაუშვათო, მერე რა ვიცით ჩვენ, ვინ არის ასეთი „მავნე“ კაცი, ყოველი კაცი კაცია; ჩვენ ხომ პოლიცია არა ვართ! - ეკკლესია ყველასათვის არის, ყველა სარგებლობს ეკკლესიით - თავადი, აზნაური, ვაჭარი და გლეხიც, მაგრამ მარტო გლეხი იხდის სადრამო ფულს. არ გვეყოფა, რასაც ისე გვაწუხებენ და გვახდევინებენ მღვდლები? ცალკე მოსანათავს ვაძლევთ, ცალკე საწირავს, ცალკე ზიარებისას, ყოველთვის მიაქვს ჩვენგან მღვდელს ფული; ისიც გამოიგონეს ხუცებმა, რვა საათის შემდეგ ვინც მოვა ჯვარის დასაწერად, 25 მანეთი უნდა მოგვცეთო. ხუცესს ზიარება არ მოუცია ჩვენთვის უფულოდ და დრამა კიდევ რატომ უნდა ვიხადოთ გლეხებმა? ეს განსაკუთრებული გადასახადები, ეს გზების კეთება, დარაჯობა უნდა მოისპოს და თუ საჭიროა მათი დატოვება, ყველასათვის უნდა იყოს სავალდებულო.

უნდა მოისპოს აგრეთვე არა-პირდაპირი, დაფარული გადასახადები, მაგალითაად, სპიჩკაზე, შაქარზე, ნავთზე, ტანისამოსზე და სხვ., რომელიც ჩვენისთანა ღარიბ ხალხს აწევს კისერზე ყველაზე მეტად. ბათუმში ნავთი ორ აბზადაა ფუთი, ჩვენში კი ექვსი აბაზი და ორი მან. დღეს იმიტომ, რომ მთავრობა ბაჟს გვახდევინებს. ჩვენებური ნავთი უცხოეთში უფრო იაფი ღირს, ვიდრე ჩვენში. უცხოეთის საქონელი უკეთესია, მაგრამ ჩვენში რომ შემოიტანონ, დიდი ბაჟი უნდა გადაიხადონ. (კრიმ-გირეი: ეს ბაჟები იმიტოპმაა, რომ იქედან შემოსული ფული მოხმარდეს სახელმწიფო საჭიროებას)... არა, ჩვენ არ გვხმარდება ეს ფული, მხოლოდ მდიდრები სარგებლობენ. ჩენ ისეც ვმუშაობთ მდიდრებისათვის და კიდევ ბაჟები ვიხადოთ მათ სასარგებლოდ?

არის პირდაპირი გადასახადები, მაგალითად მიწის გადასახადი, „სტრაჟნიკების“ შესანახი. ესეც ჩვენი, გლეხების, შემაწუხებელი და დამჩაგვრელია. მემამულეს შეძლება აქვს, ქონების პატრონია, მას შეუძლია გადაიხადოს, თანაც სხვა-და-სხვა შეღავათი ეძლევა გადახდის დროს. ასეთი გადასახადებიც უნდა მოისპოს და შემოღებულ იქმნას გადასახადი შემოსავალზე, ხოლო 500 მანეთის ნაკლებ შემოსავალზე არავითარი გადასახადი არ უნდა დაწესდეს.

გლეხები რომ გაანთავისუფლეს, ვინც ფული გადაიხადა, თავი გამოისყიდა. მაგრამ ნადელში გადახდილი ფული ვალად აღებული იყო. ვალი გაიზარდა და დღეს მიწა მევახშეს ჩაუვარდა ხელში. ამიტომ უნდა დაგვიბრუნდეს ის ფული, რომელიც გადავიხადეთ თავის დასახსნელად. ჩვენში საზოგადოდ ფული არ არის, გაჭირვება დიდი გვაქვს, აქეთ ვეცემით, იქით ვეცემით და თუმანში ათ შაურს ვიხდით თვეში; მევახშეობენ ვაჭრები და ხუცები უფრო, თუმცა არიან გლეხებიც (კრიმ-გირეი: შეიძლება სახელმწიფო ბანკი დაგეხმაროთ გამსესხებელის კასსის დაარსებით, რომელიც მცირე სარგებელს აიღებს)... ეს მცირეც საიდან მივცეთ? მერე თუ სახელმწიფოს დახმარება უნდა, იმის მაგიერ რომ ჯერ გადამახდევინოს და მერე მევე დამეხმაროს, ის არა სჯობია, გადასახადები მოსპოს და ნურაფერს გადამახდევინებს?...

გლეხების განთავისუფლების დროს აქეთ-იქით ჩამოსჭრეს იმ მიწებს, რომელიც გლეხის ხელში იყო, და ეს ნაჭრები თავად-აზნაურობას დარჩა, მაგრამ ისე, რომ დღეს გლეხის ადგილი ყოველის მხრით გზა-შეკრულია, არც გზა აქვს, არც წყალი. მემამულე სარგებლობს ამით და ავიწროვებს გლეხს. ეს ჩამონაჭერი მიწები უნდა დაუბრუნდეს გლეხებს.

ამ ადგილების მოსაზომად, რასაკვირველია, ვერ მივმართავთ თავ-აზნაურობას, მის ადგილს თვითონ როგორ გადმოგვცემს. ამისთვის არც პოლიცია ვარგა. უნდა დაარსდეს საგანგებო კომისიები მიუდგომელ კაცებისაგან.

ამასთანავე უნდა შემცირდეს იჯარის ფასი, იჯარის ფასის დადგენა უნდა მიენდოს სასამართლოებს, უნდა მოისპოს სალეჟრობო და სხვა.

გვიჭირს, ათასნაირად შევიწროებული ვართ, მაგრამ ხმის ამოღება არ შეგვიძლია. როგორც რასმე ვიტყვით, გვცემენ, გვატუსაღებენ უსამართლოდ, კაცად არავინ გვთვლის. უნდა მოგვეცეს ადამიანობა ჩვენც და ყველა ჩვენსავით დაჩაგრულ ხალხს, ყოველი ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და ხელშეუხებელი.

რამე საჭიროება გვაქვს, გვინდა შევიკრიბოთ, მოვილაპარაკოთ, როგორ უშველოთ ჩვენს თავს, მაგრამ ეს არ შეიძლება, ეს „ბუნტობააო“. ზოგიერთებს აქვთ შეკრების უფლება, ამას წინად ოზურგეთში მემამულეებს კრება ჰქონდათ, როგორ ვიმოქმედოთ ყაზილარების (გლეხების) წინააღმდეგო. მაგრამ გლეხებს კი არ მოგვცეს ნება, რომ ჩვენც შევკრებილიყავით და თავი დაგვეფარა თავად-აზნაურებისაგან. ვინმემ თუ თქვა, მთავრობა არ ვარგა, ეს გადასახადი მოისპოსო, მაშნვე დაიჭერენ. არიან კაცები, რომლებმაც მისწერეს გაზეთებს ჩვენი ამბების შესახებ, მაგრამ არც ერთი არ დაიბეჭდა, რაღაც „დამოუკიდებელ მიზეზებისა გამოო“. ჩვენში ხშირად მოაქვთ დაბეჭდილი ფურცლები, შიგ ძალიან კარგი საქმეები სწერია, ჩვენთვის გამოსადეგი და სასარგებლო, მაგრამ ეს აკრძალულიაო, ვისაც ამ ქარალდს უნახავენ ხელში, იჭერენ და ციმბირში ჰგზავნიან. უნდა შეგვეძლოს თავისუფლად ლაპარაკი, შეკრება და წერა, საჭიროა თავისუფლება კრების, სიტყვის, ბეჭდვის.

უნდა მოისპოს პასპორტები, თავისუფლად უნდა შეგვეძლოს წასვლა-წამოსვლა. რამე ვალი გვაქვს, ფული გვჭირია, გვინდა ქალაქში წავიდეთ სამუშაოდ, რომ ეგებ ორი ფარა ვიშოვნოთ, მაგრამ არ გვიშვებენ, ჯერ ვალი გადაიხადეთ, პასპორტი აიღეთო. ფული არა გვაქვს, ფულის საშოვრად მივდივართ და ჯერ ფული გადაიხადეთო, ვის გაუგონია?

დაგვჩაგრავს ვინმე, მივდივართ სასამართლოში, მაგრამ ჩვენთვის სამართალი არსად არის, მოსამართლეს ჩვენებური არაფერი ესმის, კანონი არ ვარგა, ქრთამით და მოყიდვით კეთდება ყველაფერი; ვიჩვლებთ და ჯერ ესა და ეს გადასახადი და ბაჟი შემოიტანეთო. მერე სადა გვაქვს ეს ფული? (კრიმ-გირეი: მე გამიგონია, რომ ძალიან აბრკოლებს სამართალს ის გარემოება, რომ მოსამართლემ არ იცის ხალხის ენაო)... ენა რას გააკეთებს, თუ მოსამართლე და კანონი არ ვარგა. ბათუმში მებაღედ ვიყავი (ამბობს ერთი დეპუტატი), ბაღის პატრონმა 23 მანეთი წამართვა, ვიჩივლე, ფული თუ მოუცია, კვიტანცია ექნება თქვა, მაგრამ პატრონმა რაღაც უბის წიგნი წარადგინა და მოსამართლემ უარი მითხრა, თუმცა მოსამართლე ქართველი იყო (კრიმ-გირეი: რატომ არ გაასაჩივრე?)... გასაჩივრებისათვის გირაოა საჭირო, და მე ფული არ მქონდა.

ასეთ მოსამართლეების მაგიერ უნდა იყვნენ ხალხის მიერ არჩეული მოსამართლეები.

ჩვენისთანა ღარიბ ხალხს ყველაზე უფრო ესაჭიროება სწავლა-განათლება, რომ თვალი ავიხილოთ, კარგად დავინახოთ, ვინ არის ჩვენი მტერი და მოყვარე და შეგვეძლოს თავი დავიხსნათ გაჭირვებისაგან. მაგრამ განათლებისათვის დღეს ფულია საჭირო, ჩვენ კი ფული არა გვაქვს. ამიტომ უნდა დაწესდეს უფასო, საყოველთაო და სავალდებულო სწავლება რივე სქესის ბავშვებისათვის 16 წლამდის.

ჩვენს სახელმწიფოში ამდენი ჯარი და სალდათია, ყველას ინახავს და არჩენს მშრომელი ხალხი. სალდათი მიჰყავთ ჩვენი ოჯახიდან და გვაკლდება მუშა კაცი. მიჰყავთ ჩვენი ძმები სადღაც რუსეთში, სადაც სხვა ჰავაა, ცხოვრება, ჩვენებურები ვერ ეთვისებიან იქაურობას და უდროვოდ იხოცებიან. ამოვიღებთ ხმას, მეამბოხენი ხართო და ჩვენს ძმებს ჩვენვე მოგვისევენ. არ გვინდა სალდათობა, ნურც ნურავის ვახლებთ ხელს, არც არავინ გვახლებს. ეხლა ომია, ყველა მბობს ჩვენი ბრალიაო; რას ვერჩოდით, რა გვინდოდა იქ. ციმბირის რკინის გზაზე ათასი მილიონები დაიხარჯა და ციმბირში კი არავინ სახლობსო; ჯერ დავსახლდეთ, მერე დავხარჯოთ გზებზე ამდენი ფული, არ გვინდა სალდათობა და თუ საჭირო იქნება, ყველანი გამოვალთ სამშობლოს დასაცველად.

დღევანდელ მთავრობას არაფერი ესმის ჩვენი, არც ერთს ჩვენს საჭიროებას ყურადღებას არ აქცევს, არ შეგვიძია ანგარიში მოვითხოვოთ, რამე ვუთხრათ. რასმე ვამბობთ, არ გვიგონებენ, გვცემენ, გვატუსაღებენ, ეგზეკუციას გვიყენებენ. არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჩვენს საჭიროებაზე. მთავრობას ერთი პასუხი აქვს ჩვენთვის - მათრახი ... ასე ცხოვრება შეუძლებელია. მთავრობა მაშნ იქნება კარგი, როდესაც იგი ხალხის არჩეული იქნება და მოწონებული, უნდა შეგვეძლოს პასუხი და ანგარიში მოვსთხოვოთ მთავრობას, ამიტომ უნდა შემოღებულ იქმნას ხალხის მიერ საყოველთაო, დახურულის და პირდაპირის კენჭის ყრით არჩეული მთავრობა. ამასთანავე, რადგან ყოველი ადგილის მცხოვრებს უკეთ შეუძლიათ ადგილობრივი საქმეების მოწყობა, ამიტომ უნდა დაწესდეს აგრეთვე ფართო ადგილობრივი თვითმმართველობა.

(კრიმ-გირეი: პატივს უნდა სცემდეთ კანონს, ვიდრე იგი არსებობს, უნდა ენდობოდეთ მთავრობას) ... როგორ უნდა ვცემდეთ პატივს იმ კანონს, რომელიც მათრახის სახით არსებობს ჩვენთვის! მთავრობას რომ ვენდეთ, არაფერი გამოვიდა, უფრო დავიღუპეთ. საშობაოთ გუბერნატორმა შამოგვითვალა, მოვდივარ და კანცელარიაზე დილის 8 საათზე დამხვდითო. გათენებამდის შევიყარეთ თავი, ვუცადეთ, ვუცადეთ და ძლივს ვეღირსეთ საღამოს მის ნახვას. მოვარდა ფაიტონით, შევიდა კანცელარიაში, გამოვარდა და მერე დაგვიყვირა, რა გაწუხებთო. პასუხიც არ მოუცადა. გავარდა, წავიდა სახლში... რამდენჯერმე ვიჩივლეთ მაზრის უფროსზე, ბოქაულებზე, მაგრამ ყურადღება არავინ გვათხოვა... ამას წინად „ვოდკის“ მინისტრსაც გაუგზავნეთ ქაღალდი აქციზის შესახებ, მეორე მინისტრსაც მივწერეთ დეპეშა ბიბლიოთეკის დახურვის თაობაზე,  მაგრამ არც ერთმა პასუხი არ გვაღირსა...

ჩვენ ვთხოულობთ იმას, რასაც მთელი რუსეთი. რაც ჩვენში ამბავია, ისეა სხვაგანაც ... ამას არ გვიმალავდა მაზრის უფროსიც, რომელიც გვემუქრებოდა, ყველას მათრახით გაგწყვეტთო აქაც და რუსეთშიცო. ჩვენი მოთხოვნილება საერთოა, საზოგადოა, უნდა შეიცვალოს დღევანდელი წეს-წყობილება და დაწესდეს ახალი, რისთვისაც უნდა მოწვეულ იქმნას მთელი ხალხის წარმომადგენელი დამფუძნებელი კრება.
სიტყვა


გურიის დღევანდელ მდგომარეობის დასასურათებლად. სოფ. შემოქმედში 23 თებერვალს, (იმას შემდეგ, რაც სულთან კრიმ-გირეი იყო იქ) ღამე ადგილობრივ აზნაურის, ანტონ დუმბაძის სახლს დაეცა ვიღაცა, როდესაც პატრონი შინ არ იყო, და რამდენსამე ალაგას დახვრიტა სახლი რევოლვერით. გლეხებმა დაიჭირეს თავს დამცემი, რომელიც გამოდგა ა. დუმბაძის მოსამსახურე ბიჭი. ბიჭი გამოტყდა, რომ ბატონმა შემისყიდა და მირჩია ასე მოვქცეულიყავი, რათა ამის გამო საჩივარი აეტეხა გლეხებზე, თავს გვესხმიან და მოსვენებას არ გვაძლევენ თავად-აზნაურებსაო. გლეხებმა დაუყოვნებლივ შეადგენინეს პროტოკოლი მამასახლისს, წაიყვანეს მამასახლისი და ბიჭიც და წავიდნენ კრიმ-გირეისთან ყველაფრის შესატყობინებლად.

დარაჯის დაჭრა ოზურგეთში. წარსულ კვირაში ვიღაც ბოროტ-მომქმედმა (ადგილობრივმა ხულიგანმა) ოზურგეთში დასჭრა მოდარაჯე სალდათი. ამ ამბავმა ძალიან ააღელვა მცხოვრებნი, დიდი თანაგრძნობა გამოუცხადეს დაჭრილს სალდათს და თან გადასცეს საჩუქრად 30 მან., რომელიც შეკრიბეს თავიანთ შორის.

ოზურგეთი. სულთან კრიმ-გირეიმ შემოიარა ხიდისთავი და ასკანა. ხალხის უმთავრესი მოთხოვნილებანი იგივეა რაც შემოქმედში, და ბახვში. სულთან კრიმ-გირეი შუამდგომლობს 1) დათხოვნილ იქმნან მთავრობისაგან დანიშნულნი ყველა მამასახლისები და ხალხს მიეცეს არცევნების სრული უფლება 2) გაიხსნას გურიაში მთავრობის მიერ დახურული ყველა წიგნთ-საცავები რიცხვით 12 3) განთავისუფლებულ და დაბრუნებულ იქმნან ყველანი, ვინც 1902 წლიდან ადმინისტრაციის განკარგულებით გაიგზავნა გურიიდან.



გურიის ვითარება

იმ დროს, როცა კასპიის ზღვის პირას მდებარე ქალ. ბაქოში მომხდარ ამბების საზარელი სურათი ყველას თვალთ წინ გვიდგა, სწორეთ იმ დროს ჩვენში ხმა გავარდა, რომ კავკასიის მეორე დასამხარი, სახელდობ გურია, ანუ ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრა რაღაც მეტათ საშიშ მდგომარეობაში ვარდება და დიდი განსაცდელიც მოელისო. საქმე იმაში იყო, რომ როცა ბაქოში ორი მოძმე ერისგამხეცებული და გააფთრებული წევრები ერთიერთმანეთს მუსრს ავლებდენ და ადგილობრივი ადმინისტრაია კი ამის შემყურე განზე გამდგარიყო, იმავე დროს ოზურგეთის მაზრაში გაგზავნილ იქნა დიდძალი ჯარი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის უფროსობით, რომელსაც ამასთანავე განსაკუთრებული უფლებები ენიჭებოდა. ყოველივე ეს ყრუთ გაისმოდა ადგილობრივ საზოგადოებასა და პრესაში, და იმათზე, ვისაც ამაების ნამდვილი მნიშვნელობა ესმოდა, ეს ხმები მეტათ სამწუხარო შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ამბავი არა თუ ამ ერთი წლის წინეთ, არამედ ნახევარი წლის წინეთაც რომ მომხდარიყო, სრულებით შეუმჩნევლათ ჩაივლიდა, და ჩვენი საზოგადოება და პრესა მხოლოთ მაშნ გაიგებდა ამ ამბავს, როდესაც მას უკვე არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. მაგრამ არავისთვის საიდუმლოებას არ შეადგენს ის ამბავი, რომ დღეს გარემოება შეიცვალა. თუ რა შედეგი მოყვა ჯერ-ჯერობით იმას, რომ მთავრობის განკარგულება ცოტათ თუ ბევრათ თავის დროზე იქნა შემჩნეული, ამაზე ჩვენ აქ აღარ შევჩერდებით, რადგანაც ყოველივე ეს თავის დროზე ჩვენ უკვე აღნიშნული გვქონდა. უწინარეს ყოვლისა ყურადღების ღირსი აქ აი რა არის. კავკასიის მთავრობის განკარგულებით, ამ ჟამათ ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრა და ბათომის  ოლქის კინტრიშის ნაწილი გამოყოფილია ქუთაისის და ბათუმის გუბერნიებისაგან და ექვემდებარება სამოქალაქო საქმეებში კავკასიის ოლქის ჯარში მყოფ გენერალს ალიხანოვს, რომელსაც გუბერნატორის უფლებები მიენიჭა. ამასთანავე გაზ. „კავკაზში“ დაბეჭდილ ოფიციალურ ცნობებიდან ჩვენ ვტყობილობთ, თუ რას გამოუწვევია მთავრობის მხრით ზევით აღნიშნული ზომების ხმარება. იქიდან ჩვენ ვტყობილობთ რომ „ამ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გურიასა და იმის ახლო-მახლო მდებარე ადგილებში დაიწყო გლეხების აგრარული მოძრაობა მემამულეთა წინააღმდეგ. შემდეგში ეს მოძრაობა მთავრობის საწინააღმდეგო მოქმედებათ გადაიქცა. ამ ნიადაგზე მოხდა მრავალი პოლიტიკური მკვლელობა... კავკასიის უმაღლეს მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა მცხოვრებთა დასამშვიდებლად სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო: პროპაგანდა მთავრობის წინააღმდეგ თანდათან იზრდება.“ ამ ცნობიდან ნათლად ჩანს, თუ რას გამოუწვევია ოზურგეთის მაზრის და კინტრიშის ნაწილის გამოყოფა და იმათგან ცალკე გუბერნიის დაარსება, და იქ განსაკუთრებული ჯარის გაგზავნა. ვინაიდგან დღეს პრესსის წარმომადგენლებს, თანახმათ მთავრობის განცხადებისა, საშუალება ეძლევა თავისუფალი მსჯელობა იქონიოს გურიის დღევანდელ მოძრაობაზე, ამიტომ პრესის ყველა წარმომადგენელი მოვალეა ამის შესახებ თავისი შეხედულება გამოამჟაღვნოს და მით საზოგადოებას გაუადვილოს სინამდვილის და ჭეშმარიტების გაგება. დღეს ის დრო აღარ არის, რომ სიმართლის დამალვამ ან გადაფუჩეჩებამ ვისმეს უშველოს, ამის დრო სამუდამოთ გაქრა. დღეს ყველას წყურია სიმართლის გაგება, რაგინდ მწვავე და არასასიამოვნო იყოს ეს სიმართლე ზოგიერთებისათვის. სამწუხაროთ, ადგილობრივმა პრესამ ჯერჯერობით ამ მხრით ვერაფერი უნარი გამოიჩინა. მარტო სიტყვა „აგრარულის “ ხმარება საქმის გამორკვევას კიდევ ვერაფერს უშველის. საჭიროა თვით მოძრაობის დახასიათება, მისი თვისებების შეტყობა.

რას ვხედავთ მართლა დღეს გურიაში? უმრავლესობას გაუგია მხოლოთ ის, რომ იქ რაღაც არა ჩვეულებრივი მოძრაობა ხდება. რით არის ეს მოძრაობა გამოწვეული? სხვისი, გარეშე პირების მონაბერი და შემთხვევითია იგი, თუ ცხოვრების სინამდვილეზე აღმოცენებული და მომწიფებული? ბევრს გონია და მათ შორის, რა ტქმა უნდა, მთავრობის წარმომადგენლებსაც, რომ გურიის ხალხის დღევანდელი მოძრაობა რაღაც შემთხვევითი მოვლენაა, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს მთელი რუსეთის საზოგადო პირობებთან, რომ გურიის ხალხი მსხვერპლია სახელმწიფოსათვის „მავნე პირების ქადაგებისა“ და სხვ. ამიტომაც გურიის მოძრაობა მონათლულია „ბუნტის“, ამბოხების და ჯანყის სახელით. საჭიროა გამოირკვეს - აქვს ხსენებულ მოძრაობას რაიმე მსგავსება ხალხის აჯანყებასთან, ან ამბოხებასთან, თუ არა? თუ რომ გურიის მოძრაობა არსებითათ ამბოხება და „ბუნტი“ არ არის, იმ შემთხვევაში თავის თავათ იგულისხმება, რომ დღემდის მიღებული ზომები სრულებით შეუფერებელია და ვერასოდეს სასარგებლო ნაყოფს ვერ გამოიღებენ.

ვგონებ მეტია დღეს იმის განმეორება, რომ ყოველგვარ საზოგადოებრივ მოძრაობას ხალხის ეკონომიურ პირობებში აქვს საფუძველი. აქ, ამ პირობებში უნდა ვეძიოთ მისი დასაწყისი, მისი თავი და თავი მიზეზი. თავის თავათ იგულისხმება, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საზოგადოებრივი მოძრაობის გამომწვევ ეკონომიურ პირობებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების უმრავლესობა დაჩაგრულია, როგორც ნივთიერათ, ისე პოლიტიკურათ, უმცირესობის მიერ. ასეთ მდგომარეობას, იმის მიხედვით, თუ საზოგადოების თვითცნობიერება და თავისი თავის შეგნება რამდენათაა განვითარებული, შეუძლია ორ გვარი ხასიათის მოძრაობა გამოიწვიოს ხალხში. მრავალ-ტანჯულ ხალხთა ისტორია მოგვითხრობს, რომ ხალხი უზომოთ ყოფილა შევიწროებული და შეწუხებული, ხალხი ჯერ ვერ გრძნობდა თავის შევიწროებას; შემდეგში იგი ამჩნევს, რომ მისი მდგომარეობა აუტანელია, იგი დაჩაგრული და შეწუხებულია, მაგრამ საუბედუროთ, მას არავითარი წარმოდგენა არა აქვს იმაზე, თუ საიდან მომდინარეობს ეს ტანჯვა, რა არის მისი გაჭირვების და დაჩაგვრის ნამდვილი მიზეზი. მაგრამ ხალხს მაინც სურს თავიდან მოიშოროს გაჭირვება, თავი დაახწიოს სიბეჩავესა და დაჩაგვრას. იგი უეცრივ ამოვარდნილ ქარიშხალივით ფეხზე დგება და თითონ არ იცის რისთვის და ვის წინააღმდეგ. აი ასეთ მოძრაობას ქვია ამბოხება, ჯანყი ან თუ გნებავთ „ბუნტი“. ასეთი მოძრაობა სტიქიული მოვლენაა: ხალხის შევიწროება უზომოა, უკიდურეს ხარისხამდეა მიხწეული და ამიტომ იგი თავს ვეღარ იკავებს და ჯანყდება. ამნაირი ჯანყი, ანუ ამბოხება ყოველთვის სამწუხაროთ თავდება ამბოხებული ხალხისთვის; ხალხი, მართალია, ჯანყდება და იბრძვის თავის მდგომარეობის გასაუმჯობესებლათ, მაგრამ შეუგნებლობის გამო იგი უფრო თავისი თავის წინააღმდეგ მოქმედებს და ბოლოს თავისი მჩაგვრელების გულს ახარებს. ასეთი იყო , მაგ., საშუალო საუკუნოების დასასრულს გლეხების ომი გერმანიაში და ახალი დროის დასაწყისში მუშების აჯანყება, როცა ისინი, იმის მაგივრათ, რომ თავისი მჩაგვრელების - კაპიტალისტების და კაპიტალისტური წესწყობილების წინააღმდეგ გაელაშქრათ, სამრეწველო შენობებს და ახლათ შემოღებულ მაშინებს ამტვრევდნენ და ამსხვრევდნენ, რადგანაც მხოლოდ ამაებში ხედავდენ თავის დაჩაგვრის და შევიწროების მიზეზს. ამგვარ მოძრაობას ყოველგან ჯანყის და ამბოხების ხასიათი აქვს, იგი არ არის გათვითცნობიერებული; დაჩაგრულ ხალხს არ ესმის, ვინ არის მისი ნამდვილი მტერი და რა გვარი მოქმედებაა საჭირო, რომ მის ეკონომიურ და პოლიტიკურ დაჩაგვრას ბოლო მოეღოს. სულ სხვა გვარი მოძრაობაა მუშათა მოძრაობა დღეს, როგორც ევროპაში, ისე რუსეთშიაც, სადაც იგი თვითცნობიერების ნაყოფია. იმას არა აქვს არც ჯანყის და არც ამბოხების ხასიათი; იგი წინდაწინ შემუშავებული პროგრამით ხელმძღვანელობს; იგი არ ქადაგებს ძალ-მომრეობას, იგი უარყოფს კერძო მესაკუთრეთა ქონების აკლებას და განადგურებას, იგი მშვიდობიანი ზომების საშუალებით მიიკაფავს გზას საუკეთესო მომავლისაკენ. ამავე ხასიათისაა დღევანდელი მოძრაობა გურიაშიაც. რომ იგი არ არის ამბოხება და ჯანყი ანუ „ბუნტი“, ეს დღეს ყველასათვის აშკარა უნდა იყოს. გურიის ხალხი ადგას მშვიდობიან გზას და თუ მას ბუნტოვჩიკების სახელით ნათლავენ, ეს მხოლოთ იმიტომ, რომ ეს გზა ახალია. ამ გზაზე გამოიყვანა გურული ხალხი გაჭირვებულ მდგომარეობამ. მართალია, ეს გაჭირვება გუშინდელი ამბავი როდია, მაგრამ გურული ხალხი არც წინეთ იყო კმაყოფილი თავის მდგომარეობის; განსხვავება მხოლოთ იმაშია, რომ დღეს ეს უკმაყოფილება გათვითცნობიერებული მოქმედებით იხატება. ჩვენ არ შევუდგებით აქ იმის მოთხრობას, თუ როგორ დაიწყო და როგორ იზრდებოდა ეს უკმაყოფილება, - ეს დღეს თითქმის ყველამ იცის და არავისთვის დაფარული არ არის. მხოლოთ მოკლეთ მოვიხსენიებთ ამ გზაზე მსვლელობას. პირველი ნაბიჯი გლეხების გაფიცვა იყო მემამულეების წინააღმდეგ. გლეხებმა განაცხადეს: ჩვენ ხელს აღარ გვაძლევს თქვენ მიწებზე ვიმუშავოთ შემდეგშიაც იმ პირობებით, რა პირობებითაც აქამდის ვმუშაობდითო; ამიტომ საჭიროა ამ პირობების შეცვლაო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ხელს ვიღებთ თქვენ მიწებზეო. ერთი სიტყვით, ამიერიდან თქვენ თქვენთვის და ჩვენ ჩვენთვისო. მემამულეები, რომლებიც მიწის სიმცირის გამო გლეხკაცობაში, დაჩვეული იყვენ დიდ საიჯარო ქირაზე, ამ ამბავმა გააბრაზა და პოლიციას მიმართეს დახმარების აღმოსაჩენათ, მაგრამ საქმე რომ იმათ სასარგებლოთ დაბოლოვებულიყო, მთავრობას აუწყეს, რომ გლეხები ისე ჩვენ არ გვედავებიან, როგორც მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებენო, ე.ი. ისინი ბუნტოვჩიკებია, მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებას ახდენენო. მკითხველი თითონ მიხვდება, თუ გლეხების გაფიცვა მთავრობის წინააღმდეგ აჯანყება იყო. ეს უფრო ცილისწამება იყო. სამწუხაროთ, მთავრობა, ე.ი. ადგილობრივი ადმინისტრაცია, აყვა მემამულეების ფეხის ხმას, რომლებსაც მხოლოთ საკუთარი ინტერესი ამოქმედებდათ. ადმინისტრაციამ ჯერ გლეხებს ტუქსვა დაუწყო, როგორ თუ ბედავთ მთავრობის და მემამულეების წინააღმდეგობასო. გლეხები კი თავის მხრით უცხადებდენ, რომ ჩვენ მთავრობის წინააღმდეგ სრულებით არაფერი არ გვაქვსო. ჩვენ არც მემამულეებს ვებრძვით, მხოლოთ ჩვენ არ შეგვიძლია იმათი მიწები ავიღოთ ყანებათ წინანდელი პირობებითაო, რადგანაც ჩვენ ეს ხელს არ გვაძლევსო. მაგრამ მთავრობა არა თუ არ დაკმაყოფილდა ასეთი ახსნით, არამედ კიდევ უფრო სასტიკ ზომებს მიმართა, რის ჩამოთვლა აქ საჭირო არ არის. ხალხს კი პირველათ ეგონა, რომ მთავრობა მას მიემხრობოდა და მის ინტერესებს დაიცავდა, რადგანაც მთავრობა ხალხით საზდოობს, ყოველგვარ გადასახადს ხალხი იხდის ხაზინის სასარგებლოთ; მაგრამ იმედი გაუცრუვდა: მთავრობამ აშკარათ მემამულეების მხარე დაიჭირა. ამიტომ ხალხმა მთავრობას სულ უფრო და უფრო უნდობლობის თვალით დაუწყო ყურება. რა თქმა უნდა, ეს უნდობლობა არ გამოიხატება რაიმე ძალმომრეობით მოქმედებაში, ე.ი. აჯანყებაში ან ამბოხებაში მთავრობის წინააღმდეგ. რადგანაც ადგილობრივმა პოლიციამ ხალხის თვალში ყოველგვარი ნდობა დაკარგა, ამიტომ ხალხმა თითონ მოინდომა თავისი საქმეების მოწეს-რიგება და პატრონობა. სულ მოკლე ხანში მან განახორციელა თვითმართველობის დედააზრი, იმ თვითმართველობის, რომელსაც ასე შენატრის დღეს საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, როგორც რუსეთში, ისე სხვაგანაც. ხალხი არ ხმარობს არავითარ ძალადობას, იგი წმინდა ზნეობრივ პრინციპებზე ამყარებს საზოგადოებრივ ცხოვრებას. აი ეს არის სინამდვილე, რომელსაც ვერავინ გვერდს ვერ აუვლის. რაც აქ ზევიდან მონაბერია, გარეშე პირთაგან ზეგავლენით ნამოქმედარი, ყოველივე ის თავისთავათ გაქრება და მოისპობა; ხოლო ის, რაც ნამდვილი ცხოვრების ნაყოფია, არაფრით არ ამოიშლება; მის წინააღმდეგ სასტიკი ზომებითაც  ვერას გახდებიან. მაგრამ ერთი ვიკითხოთ: ნუ თუ ხალხის გასასწორებლათ, მაში წესიერების დასამყარებლათ, მხოლოთ ის საშუალებებია დღეს, რაც ათასის წლის წინეთ იყო? ნუ თუ უმნიშვნელოთ ჩაიარა კაცობრიობის მთელმა წარსულმა ცხოვრებამ? არა, ჩვენ ეს არ გვჯერა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ძველი ზომები დღეს აღარ გამოდგება და უკუგდებულ უნდა იქნას. ჩვენ გვეტყვიან: მაშ, რით უნდა იქნას აღდგენილი მთავრობის სახელი და გამავლობა, თუ არა მისი ძალის ჩვენებითო? ჩვენ კი გვგონია, რომ ეს გზა კიდევ უფრო გაუტეხს მას სახელს ხალხის თვალში, და ბოლოს გვიანღა იქნება. ხალხს ესაჭიროება მთავრობა, მაგრამ ისეთი მთავრობა, რომელსაც იგი ენდობა, რომელსაც იგი პატივსცემს. ხოლო ფიზიკური ძალით არ მოიპოება არც ნდობა და არც პატივისცემა. მიეცით ხალხს თვითმართველობის პრინციპზე დამყარებული მთავრობა და აბა ნახეთ, თუ როგორი პატივისცემით და ნდობით მოეპყრობა იგი ამგვარ მთავრობას. ვიმეორებთ, დღეს ჩვენ ოცნებასთან და ფანტაზიასთან არა გვაქვს საქმე! ჩვენ წინ დგას სინამდვილე, და ყველა ვალდებულია მას ანგარიში გაუწიოს. ვნახოთ, მომავალი რას გვიქადის.

ფ. მახარაძე

ოზურგეთიდან იწერებიან: კრიმ-გირეი შეუდგა გურიაში მოგზაურობას. 22 თებერვალს ინახულა შემოქმედის საზოგადოება. მიმართა სოფლელებს სიტყვით და თხოვა ყველაფერი გულახდილათ ელაპარაკათ. გლეხებმა აუხსნეს თავისი გაჭირვებული მდგომარეობა და განუცხადეს შემდეგი: საჭიროა განთავისუფლდეს დროებით ვალდებული გლეხები სახელმწიფო ხარჯით, მოისპოს ის ბეგარა, რომელიც მარტო გლეხებს აწევს კისერზე, დაუბრუნდეთ სანადელო მიწებში მიცემული ფულები, მიეცეთ ვრცელი ადგილობრივი თვით-მმართველობა და სხვა ვრცელი რეფორმები


რა გამოირკვა?

ორი კვირა იქნება, რაც ბ-ნი სულთან კრიმ-გირეი გურიაში გაემგზავრა, გურიის დღევანდელი ვიტარების გამოსარკვევათ, გურიის ხალხის დღევანდელ საჭიროებათა და მოთხოვნილებათა გამოსაკვლევათ. ბ-ნმა კრიმ-გირეიმ უკვე ინახულა გურიის რამდენიმე საზოგადოება, მოიწოდა სახალხო ყრილობები თითოეულ საზოგადოებაში და წინადადება მისცა ხალხს გულახდილათ და დაწვრილებით ეამბათ მისთვის ყველაფერი, რაც დღეს გურიის ხალხს აწუხებს, გაეგებინებიათ მისთვის გურიის დღევანდელი მოძრაობის და ხალხის მღელვარების ნამდვილი მიზეზები. ხალხი ყოველგან ნდობით მიეგება ბ-ნ სულთან კრიმ-გირეის, იგი პატისიცემით ისმენდა მის მოწოდებას, და თავის მხრით ზრდილობიანათ და თანაც გულახდილათ  და გაბედულათ თავისი დეპუტატების საშუალებთ უხსნიდა მას თავისი აუტანელი მდგომარეობის მიზეზებს და უცხადებდა თავის მოთხოვნილებებს. ყველა საზოგადოებაში, ყველა ყრილობაზე ხალხი უცხადებდა ერთ და იმავე მოთხოვნილებებს, ასახელებდა ერთ და იმავე მიზეზებს დღევანდელი აუტანელი მდგომარეობისას. ეს პირველი შემთხვევაა ჩვენში, რომ მთავრობის წარმომადგენელი და ხალხი ერთიერთმანეთს წარუდგენ, როგორც სრული თანასწორნი, და არა როგორც ბატონი და მორჩილი, მბრძანებელი და ყურ-მოჭრილი აღმასრულებელი. რაც უნდა შედეგი მოყვეს ბ. კრიმ-გირეის მოგზაურობას გურიაში, ეს მოგზაურობა მაინც დაუვიწყარი დარჩება შთამომავლობისათვის და ოქროს ასოებით აღიბეჭდება ჩვენი ხალხის ისტორიაში.

ამიერიდან მთელმა ქვეყანამ გაიგო, თუ რა მოხდა და ან რა ხდება დღეს გურიაში, თუ რამდენათ მართალი არიან ისინი, ვინც გაიძახოდენ, რომ გურია აჯანყდა და გურულები „ბუნტოვჩიკები“ არიანო. იმის შემდეგ, რაც ბ-ნმა სულთან კრიმ-გირეიმ ნახა და გაიგო ის, რაც მეტი თუ ნაკლები სინამდვილით ადგილობრივ გაზეთებში იყო აღნიშნული, ამის ძახილი უკვე შეუძლებელია. აშკარათ დამტკიცდა, რომ ხალხი მიუყვანიათ უზომო გაჭრვებამდის, იგი შეუწუხებიათ ყოველი მხრით; მთავრობა მისთვის გადაქცეულა საშიშარ დაწესებულებათ, ჯალათების კრებულათ, რომელიც მხოლოთ სასტიკი ზომების ხმარებაზე თუ ფიქრობდა ხალხის წინააღმდეგ, თორემ სხვაზე აღარაფერზე. ხალხის თხოვნას ყურადღებას აღარავინ აქცევდა, საჩივარისთვის ხომ პირდაპირ სჯიდენ. ამ ყოფაში ჩავარდნილმა ხალხმა, რომელშიაც ადამიანობის გრძნობა არ გამქრალიყო, მოიკრიფა ძალა და შეუდგა თავისი თავის შველას, თავისი თავის პატრონობას. ხალხი არ აჯანყებულა მთავრობის წინააღმდეგ. იგი მხოლოთ ჩამოშორდა მას, და თავის საქმეების გაძღოლა თითონ იკისრა, რადგანაც დარწმუნდა, რომ მთავრობა მას არა თუ აღარ შველოდა, არამედ აწუხებდა და ტანჯავდა. აქაც გურულმა ხალხმა, რომელიც, ნუ დაივიწყებთ, ცნობილია როგორც მეტის მეტი გულფიცხი, გამოიჩინა სამაგალითო მოთმინება. ამ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გურიის თავმოყვარე ხალხს არ დაკლებია არც საჯაროთ ლანძღვა-გინება, არც გამათრახება, არც ნაობახი, არც ციმბირში გაგზავნა, არც ეკზეკუციის ჩაყენება, და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი შეურაცხყოფა და დამცირება. მაგრამ მათ ყოველივე ეს აიტანეს და ერთხელაც არ უცდია ძალმომრეობაზე ძალმომრეობითვე ეპასუხა. პირიქით, გურული ხალხი თითონ იღებდა ზომებს, რომ მტავრობისათვის მიზეზი არ მიეცა იარაღი ეხმარა ხალხის წინააღმდეგ. ასეთი შემთხვევა კი მოსალოდნელი იყო გაბოროტებული ადმინისტრაციის მოხელეების მხრით იმ მიზნით, რომ ხალხი გაეთელათ და შეესუსტებიათ, რათა შემდეგში ისევ ძველებურათ გაბატონებულიყვნენ ხალხზე, ისევ ძველებურათ ეპარპაშათ. სად მოიპოვა გურულმა ხალხმა ამოდენი მოთმინება, ამოდენი ზნეობრივი ძალა, რომ ერთ და იმავე დროს ორკეც უკუღმართობას გაუძლო, და მით ფიზიკურათ თუ არა, ზნეობრივათ მაინც დაამარცხა მის წინააღმდეგ მიმართული ბოროტი ძალა! ამის ახსნა არ შეიძლება მარტო მის გაჭირვებაში ვეძიოთ. განა სხვაგან ნაკლები გაჭირვებაა? განა სხვა ადგილას ნაკლებათ იტანჯება ხალხი? რასაკვირველია, არა. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ გურულმა ხალხმა შეიგნო თავის დაბეჩავების და გაჭირვების მიზეზი, გაიგო, თუ საიდან მომდინარეობს სიღატაკე და სიბეჩავე. იგი მიხვდა, რომ ამის თავი და თავი მიზეზი დღევანდელი ბიუროკრატიული წესწყობილებაა, რომელიც ხალხზე აბატონებს მთავრობის ყოვლად უვიც მოხელეებს და რომელიც ყველაფერში მდიდრებს ესარჩლება და მომხრეობს. ამ უსამართლობის მოსასპობათ საჭიროა ბიუროკრატიული წესწყობილების მოსპობა, მაგრამ ამას ვერ შეძლებს მარტო გურიის ხალხი, ამას უნდა შეებრძოლოს ყველა, სადაც კი გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს. ამისთვის კი საჭიროა, რომ გაჭირვებული ხალხი ყველგან გონს მოვიდეს, კარგათ შეიგნოს, თუ რისთვის არის იგი გაჭირვებული და დაბეჩავებული.

გურული ხალხის ღრმა რწმენა, რომელიც ბ-ნ კრიმ გირეის მოგზაურობის დროს გამოაშკარავდა და რომელიც ვერავითარი ფიზიკური ძალის საშუალებით ვერ აღმოიფხვრება მისი გულიდან, იმაში იხატება, რომ მისი აზრით სრულებით შეუძლებელია დღევანდელ გაჭირვებულ მდგომარეობიდან თავის დახწევა, თუ არ დამყარდა ადამიანის პიროვნების სრული ხელშეუხებლობა და თუ იმავე დროს არ იქნა აღსარებული აზრის, სიტყვის, წერის, კრების, კავშირის და გაფიცვის სრული თვისუფლება. საიდან უნდა გავიგოთ ხალხის გასაჭირი, მისი ვითარება, თუ ამის შესახებ არ შეიძლება ლაპარაკი, წერა, მსჯელობა. ხალხმა განაცხადა, რომ ჩვენ წერა-კითხვა ვიცით, ვკითხულობთ კიდეც გაზეთებს და წიგნაკებს, სადაც სხვა ქვეყნების ამბები წერიაო, მაგრამ ჩვენ შესახებ, ჩვენ გაჭირვებაზე, იქ არაფერი ამოგვიკითხავს. ამავე დროს ჩვენ ხელში გვივარდება რაღაც ფურცლები, რომლებშიაც სწორეთ ჩვენი დაბეჩავებული ცხოვრების შესახებ წერია და ჩვენ იმას სიამოვნებით ვკითხულობთ, მაგრამ ამისთვის გვდევნიან და ნიობახშიაც გვაგდებენო! რატომ არის ეს ასე? რატომ ჩვენ გასაჭირზე ჩვენ თავისუფლათ არ შეგვიძლია ვწეროთ, ვილაპარაკოთ? ამიტომ ჩვენ ვთხოულობთ, რომ ჩვენ უფლება გვქონდეს თავისუფლათ ვწეროთ, კრებები მოვახდინოთ და მსჯელობა ვიქონიოთ ჩვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლათო. გურულმა გლეხებმა იმავე დროს განაცხადეს, რომ მარტო ჩვენ არ ვთხოულობთ ამას, ამას დღეს თითქმის მთელი რუსეთი თხოულობს, გარდა იმ ვაჟბატონებისა, რომლებსაც რუსის ხალხის უბედურება სწადიაო.

გურული ხალხი თხოულობს აგრეთვე გადასახადების სამართლიან საფუძველზე მოწესრიგებას. როგორც ვიცით, ჩვენში არსებობს გადამხდელი და არა გადამხდელი წოდება. ხალხი თხოულობს, რომ ამნაირათ დაყოფა მოისპოს, ყველა წოდება გათანასწორდეს და საზოგადო ხარჯების დასაფარავად ყველა უნდა იხდიდეს, მხოლოთ იმ განსხვავებით, რომ ვისაც მეტი შემოსავალი აქვს, იმას მეტი გადახდეს, ვისაც ნაკლები - იმან ნაკლები იხადოს და ვისაც მცირე შემოსავალი აქვს და ოჯახის რჩენა უჭირს, მაგ. წელიწადში 400-500 მან., იგი სრულებით უნდა განთავისუფლდეს ყოველგვარი გადასახადიდან ხაზინის სასარგებლოთ. გარდა ამისა, უნდა მოისპოს არა პირდაპირი გადასახადი, რომელიც დაწესებულია სხვადასხვა გვარ სახმარ ნივთებზე, როგორც მაგ., ნავთზე შაქარზე, ჩაიზე, სპიჩკაზე, თუთუნზე, არაყზე და სხვ., რადგანაც ყველა ეს გადასახადი უმეტეს ნაწილათ ისევ გაჭირვებულ ხალხს აწვება კისერზეო. ხალხი თხოულობს აგრეთვე სალდათობის მოსპობას, რადგანაც სალდათებს დღეს თვით ხალხის წინააღმდეგ ხმარობენ და ეს დიდი უსამართლობაა, როცა ძმა იძულებულია თავის ძმის წინააღმდეგ იარაღი იხმაროს და მისი სისხლი დაღვაროს. თუ გარეშე მტრებისაგან საჭიროა სამშობლოს დაცვა, ამას თვით ხალხი იკისრებს და ქუდზე კაცი გამოვა ქვეყნის ზურუნველ საყოფელათო.

მაგრამ უმთავრეს საჭირბოროტო კითხვას სოფელში დღეს მიწის საჭიროება შეადგენს. ყველამ კარგათ იცის, თუ როგორ უთანასწოროთ არის დღეს მიწა განაწილებული: მაშინ როცა უმცირესობის ხელში დიდ-ძალი მიწებია, უმრავლესობა, ე.ი. მუშა ხალხი, ან სრულებით მოკლებულია მიწა-ადგილს ან იმდენს ფლობს, რომ იმის საშუალებით თავის რჩენა არ შეუძლია. ამიტომ უმრავლესობა იძულებულია მემამულეებს მიმართოს და იმათგან აიღოს მიწა იჯარით. ამ გაჭირვებული მდგომარეობით სარგებლობენ მემამულეები და მიწებზე ადებენ ისეთ გადასახადს, ისეთ საიჯარო ქირას, რომ გლეხები ხარჯსაც ვეღარ ფარავენ იჯარით აღებული მიწების დამუშავებით. ასეთ გარემოებას ყოველგან დიდი უკმაყოფილება გამოუწვევია და გურიაშიც ეს შეიქნა გლეხების და მემამულეების შეტაკების მიზეზათ, რამაც თავის მხრით დღევანდელი მოძრაობა გამოიწვია. მაგრამ ეს მხოლოთ ერთი მხარეა დღევანდელი უკმაყოფილებისა. ყველამ იცის რომ ჩვენში ბატონყმობა არსებობდა, რომელიც ამ ორმოცი წლის წინეთ გაუქმდა, და გლეხები გაანთავისუფლეს. მაგრამ ეს გათავისუფლება სიტყვით იყო, ნამდვილათ კი იმავე ნაბატონარის ხელში დატოვეს. საქმე იმაშია, რომ თუმც გლეხებს მიუზომეს იმ მიწების ნაწილი, რომლებიც ბატონ-ყმობის დროს საკუთრივ იმათ სარგებლობაში იყო, „ნადელების“ სახელით, მაგრამ ნამდვილათ ეს „ნადელები“ წინანდელ მებატონეთა საკუთრებათ იცნეს, რისთვისაც გლეხებს ყოველ წლივ განსაზღვრული გადასახადი უნდა ეძლია ნაბატონარისთვის; ე. ი. მოსავლის მეოთხედი ნაწილი; მხოლოთ თუ მემამულეს ნება იქნებოდა, გლეხს შეეძლო თავის დახსნა ანუ „ნადელის“ გამოყიდვა მემამულესაგან. ამ ორმოცი წლის განმავლობაში გლეხების ერთმა ნაწილმა მამასისხლათ გამოისყიდა მემამულეებისაგან თავისი საკუთარი მიწები; მეორე ნაწილს კი დღესაც დაუხსნელი აქვს მემამულეებისაგან „სანადელო“ მიწები. ასეთი გარემოება გლეხებს დიდ უსამართლობათ მიაჩნიათ. მიწა არ შეუქმნია ადმიანს ხელს, იგი არ არის შრომის ნაყოფი. მაშასადამე, საიდან მოხდა, რომ ერთს თვალუწვდენელი ადგლები ეკუთვნის, და მეორეს კი ფეხის დასადგამი მიწაც არა აქვს? გარდა ამისა, რისთვის მიაკუთვნეს მებატონებს ის მიწები, რომლებითაც ბატონყმობის დროსაც კი გლეხები სარგებლობდენ? ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ რომ „უსტავნი გრამატების“ შედგენის დროს, გლეხებს სრულებით ჩამოართვეს ყველა ტყე და საძოვარი ადგილები, რომლებითაც ისინი წინეთ სარგებლობდნენ და რომელიც შემდეგ თავად-აზნაურობის საკუთრებათ იცნეს. გურული გლეხები ამაში ხედვენ დიდ უსამართლობას და ამიტომ ერთხმად თხოულობენ: გადახდილი ფულის უკან დაბრუნებას და ვინც აქამდის განთავისუფლებული არ არის, იმათ უფასოთ განთავისუფლებას, ამასვე თხოულობენ გლეხები სახელმწიფო გლეხებისათვისაც, რომლების მიწათმფლობელობა არაფრით არ არის განსაზღვრული და რომლების მდგომარეობა ამ მხრით კიდევ უფრო უარესია, რადგანაც დღეს ხაზინის უკანასკნელი მოხელეც კი მათი ბატონ-პატრონია! ყველა ამ კითხვების გამოსარკვევათ და მოსაწესრიგებლათ გლეხები თხოულობენ საგლეხო კომიტეტების დაწესებას. ეს კომიტეტები თვით გლეხებმა უნდა აირჩიონ, და ამ კომიტეტების განკარგულებაში უნდა გადავიდეს ის მიწები, რომლებიც უნდა ჩამოერთვათ ეკლესია-მონასტრებს, მდიდარ მემამულეებს და საუფლისწულო უწყებას. კომიტეტები ეცდებიან ეს მიწები საჭიროების დაგვარათ გაუნაწილონ გლეხებს. გურიის გლეხები ჯერ-ჯერობით არ თხოულობენ კერძო მიწათმფლობელობის გაუქმებას და მიწის საზოგადო საკუთრებათ გამოცხადებას. შრომის ექსპლუატაციას მხოლოთ მიწის კერძო საკუთრების მოსპობა მოუღებს ბოლოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შეუძლებელია. ჯერ-ჯერობით გლეხები მხოლოდ იმას თხოულობენ, რომ ბატონ-ყმობის ნაშთები სამუდამოთ გაუქმდეს და მიწის საიჯარო ქირა შემცირდეს.

გურული გლეხების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება და ხალხის დღევანდელი გაჭირვებული მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოთ თვით ხალხის მიერ ამორჩეულ წარმომადგენელებიდან შემდგარ მთავრობას. მხოლოთ ხალხის მიერ თავისუფლათ არჩეულ წარმომადგენლებს შეუძლიათ ხალხის საჭიროებათა ცოდნა, და მხოლოდ ისინი შეძლებენ ამ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლათ სხვადასხვა ღონისძიების ხმარებას.

ეს არის გურიის ხალხის გულის წადილი, მისი ღრმა რწმენა და შეხედულება. ეს გესმით თქვენ როგორც სახალხო ყრილობებზე, ისე კერძო ლაპარაკში. ამას იმეორებს დღეს იქ მოხუცი და ახალგაზრდა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი. მაგრამ გურული ხალხი მარტო სიტყვით არ ადგია ამ გზას, იგი მზათაა საქმით დაიცვას და გაიყვანოს ცხოვრებაში ის, რასაც სიტყვიერათ აცხადებს. როგორც წინეთაც ვამბობდით, გურული ხალხი ოცნებით არ არის გატაცებული, იგი დგას სინამდვილეზე. აი, რა გამოირკვა დღეს!

ფ. მახარაძე

ყველასათვის აშკარაა, რომ გურიამ დღეს პირველი ადგილი დაიჭირა ეხლანდელ მოძრაობაში. გურულმა გლეხმა სხვა კუთხეების გლეხებზე უფრო ადრე იგრძნო „გაზაფხულის“ მოახლოება და რომ გონებრივათ წინ წაიწიოს, მიიღო სასტიკი ზომები ქურდობის, ლოთობის, ავაზაკობის და სხვა უწესოების მოსასპობლათ. ყველაზე უფრო საყურადღებო ის არის, რომ ხალხმა შეწყვიტა ყოველივე კავშირი ადმინისტრაციასთან და მით დაამტკიცა, რომ ხალხს პოლიციაზე უკეთ შეუძლია უწესოების მოსპობა და მშვიდობიანობის დამკვიდრება.

გურიის სოფლებს უფრო ეტყობა სიცოცხლე, ვიდრე გურიის დედა ქალაქს ოზურგეთს. მართალია, ოზურგეთში არ არის ფაბრიკა-ქარხნები, მაგრამ სამაგიეროთ არიან ნოქრები, რომლებიც აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. მათი სამუშაო დღე არ არის განსაზღვრული. უფრო შესაბრალისი არიან მეწაღეების ნოქრები, რომლებიც უმეტეს ნაწილათ მცირეწლოვანი არიან და რომლების უმრავლესობა უჯამაგიროთ მუშაობს. თითო ნოქარს უწევს დღიურათ 16-18 საათის მუშაობა. ერთი სიტყვით მუშის ექსპლუატაცია აქაც ხდება, მაგრამ აქაური ხალხი მაინც არ იღებს ხმას და მიცემია საღათას ძილს. სასწავლებლები აქაც დაკეტეს. სამოქალაქო სასწავლებლის მოწაფეებმა წარუდგინეს სკოლის მთავრობას მოთხოვნილებანი, რომლებიც შეეხებოდა სასწავლებლის შინაგან ცხოვრებას. მოითხოვეს მაგ. მოსწავლეთა 15% განთავისუფლება სწავლის ფულისაგან, სუსტ მასწავლებლების დათხოვნა და სხვა. მთავრობამ მათი მოთხოვნილებები არ დააკმაყოფილა და სწავლა შეაჩერა სეკტემბრამდის. 21 თებერვლიდან დაიხურა კერო საქალებო პროგიმნაზია. მოსწავლე ქალებმა დალეწეს ფანჯრები და დაგლიჯეს სურათები. დაიხურა, აგრეთვე, მგონი სამუდამოთ, ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებელიც.

ვანო ქარცივაძე

მოგზაური, N10, 20 მარტი

გენერალ ალიხანოვ-ავარსკის განკარგულებით ქ. ოზურგეთში შემდეგი განცხადება გაუკრავთ: 
განცხადება ქ. ოზურგეთის მცხოვრებთ, 10 მარტი, 1905 წ. 
ქ. ოზურგეთში მოსული და დაბარგებული ჯარის უფროსი აძლევს წინადადებას ქ. ოზურგეთს და მისი მაზრის მცხოვრებთ, რომ ყოველდღე კანონიერი წესრიგი იყოს დაცული, თავიანთი საქმეების შესახებ მიმართონ სასამართლოებს და შეასრულონ ყოველივე მათი კანონიერი მოთხოვნილება, ვინც ამას არ შეასრულებს, იქნება სასტიკად დასჯილი

12 მარტს 100 პლასტუნი და 100 ყაზახი რუსი ბარგი-ბარხანით გაემგზავრა ჩოხატაურში, თან გაჰყვა გენერალი ალიხანოვ-ავარსკი ამალით. ერთი კვირაა გურიაში ყველგან დაიკეტა სამრევლო სკოლები, ოზურგეთის სასულიერო სსწავლებელში სწავლა არ დაწყებულა. ახლად დაბანაკებული ოთხი ათასზე მეტია.

მოგზაური, N12, 3 აპრილი

ამ უკანასკნელ დროს ჯავახელების ყურადღება მიიქცია გურიის მოძრაობამ, გურიის ამბებმა. დღეს ყველას გურია აკერია პირზე, „გაუმარჯოს გურიას“ - გაიძახის ყველა, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, სომეხი თუ ქართველი. სოფლებში ვისაც გაზეთები მოსდის, მოსვენება არა აქვს, ხან ერთი მოდის და ხან მეორე, - მასწავლებელო, შენი ჭირიმე, ერთი კიდევ წაგვიკითხე ეგ გურიის ამბებიო“

მოგზაური, N13, 10 აპრილი

დაბა ნაგომარი. 27 მარტს ჩვენს დაბასაც ესტუმრნენ ყაზახი-რუსები და გენერალი ავარსკის ბრძანებით დაუწყეს ჩხრეკა დუქნებ-სასახლეებს. თუმცა ეგონათ ბევრ რამეს აღმოაჩენდნენ, მაგრამ მოტყუვდნენ, ვერაფერი აკრძალული ვერ იპოვეს.

ეს იყო საღამო ხანს. იმ ღამეს აქვე დარჩნენ. მხოლოდ ამ დროს დატრიალდნენ მცველი კაზაკები, დაერივნენ სოფლელებს, ვის ვერცხლის ქამარი მოსტაცეს და ვის საათი, წარმოიდგინეთ კვერცხებსაც კი იტაცებდნენ სახლებიდან. ეს ამბავი, თუმცა იმათ უფროსებს აცნობეს დამკარგავებმა, მაგრამ იმათგან რა სამართალს გამოიტანდნენ.


გურია (11 აპრილი). ამ ექვსი დღის განმავლობაში მხოლოდ დღეს ვეღირსეთ, როგორც იყო, გაზეთების მიღებას.  მოვიდა თუ არა ფოსტა, მაშინვე მშიერი მგლებივით დაეწაფა დიდი და პატარა გაზეთებს. ყველას განურჩევლად სქესისა და წოდებისა, განათლებულობისა და გაუნათლებლობისა ერთობ აინტერესებს ახალი ამბები და საქვეყნო მოძრაობა

ახალი გაზეთი გაქ ბატონო?
გვეკითხება სოფლიდან ჩამოსული ღარიბად ჩაცმული დედაკაცი, რომელსაც ცალ ხელში კალათით კვერცხი ან ყველი უჭირავს გასაყიდი
დღეს არ მიგვიღია, გუშინდელი არის თუ გინდათ - უპასუხებთ
გუშინდელი წაკითხული მაქვს, მე დღევანდელი მინდოდა, - წყენით ამბობს კითხვის მოყვარული და გულდაწყვეტილი მიდის. აი, როგორ დაინტერესებული არიან გურიის სოფლებში გაზეთის კითხვაში

ექვს აპრილს ოზურგეთში დაბრუნდა სამეგრელოში წასული გენერალი ალიხანოვ-ავარსკი. იმის განკარგულებით რვა აპრილს დააპატიმრეს ჭიათურიდან ახლად ჩამოსული თ-დი მიხეილ თავდგირიძე. ის ოცი დღეა, რაც ჭიათურაში იყო, ჩამოვიდა თუ არა შეიპყრეს და ადგილობრივ საპატიმროში ჩასვეს.

ს. გურიანთაში მოჰკლეს ახალგაზრდა ჩალვადარი გლეხი არობელიძე. ის ღამით სახლიდან გარედ გამოუხმიათ, თავი ქვით გაუტეხიათ, კისერში ჯოხი გაუყრიათ და მიწა გადაუყრიათ. მსხვერპლი მაშინვე არ მომკვდარა და მეორე დღეს მძებნელთ საშინელი გულშემზარავი ყმუილი შემოსმიათ და ისე მიუგნიათ. მიწიდან გაუნთავისუფლებიათ, მაგრამ დიდხანს ვეღარ უცოცხლია. მიზეზი მკვლელობისა, როგორც ამბობენ, შემდეგია: ოზურგეთში მოვაჭრე ე.დონაძეს სადგურ ნატანებიდან გამოუტანებია რვაასი მანეთის ფართლეულობა და დაუბარებია, ოზურგეთში ამომიტანეო, თითონ კი ეტლით ოზურგეთს წამოსულა, მეორუმე არობელიძეს საქონელი პატრონისათვის არ მიუტანია, სადღაც გადაუმალავს და დონაძისათვის უარი უთქვამს. ამის შემდეგ მოჰკლეს არობელიძე და ცოცხალმკვდარი მიწაში დამარხეს, მაგრამ ვინ ან რა მიზნით, ეს არ იციან. ზოგი ამბობს, სოფლელებმაო, ზოგი: ამხანაგები ჰყავდა ნაქურდალის შენახვაშიო და ისინი მოჰკლავდნენო. სოფლელები ერთობ შეაწუხა ამ ამბავმა. ნაქურდალ ნივთებს ეძებენ, მაგრამ ჯერ ვერ აღმოაჩინეს.

ათ აპრილს ოზურგეთის აფთიაქის პატრონს ვასილ ხუნდაძეს ეწვია სამი ახალგაზრდა კაცი და ფულს შეესესხა. ის მაშინვე მიხვდა ეს შესესხება რაღაც არა ჩვეულებრივი იყო, კასისკენ წავიდა სტუმრების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ იმას აღარ აცალეს, გააღო თუ არა კასა ხუნდაძემ, ფულის მოყვარული ყმაწვილები ეცნენ და თითონ ამოიღეს, რაც კი იყო შიგ ფული. მაგრამ ბევრი არ აღმოჩნდა: სულ წაეღოთ ოც-მანეთამდე...

როგორც ხმა დადის, ოცდა ხუთ აპრილისათვის გენერალმა ალიხანოვ-ავარსკიმ გურიის ყველა სოფლის მასწავლებლები უნდა მოიწვიოსო.
სილია

მოგზაური, N14, 17 აპრილი

სოფ. ხვარბეთი. 25 მარტს ჩვენს სოფელს ყაზახ-რუსებმა ალყა შემოარტყეს. სოფლიდან გამოსვლის ნებას არავის აძლევდნენ. რამდენიმე მოსახლე კაცი გაჩხრიკეს და ბევრი დაიჭირეს. დაიჭირეს შერმადინ გობრონიძე, რომელსაც რევოლვერი და ბერდანკა უნახეს, ორივე იარაღის რა თქმა უნდა, წაართვეს, მეორე დღეს გიორგი მარგალიტაძე დაიჭირეს, დაიჭირეს ასევე არსენ კეჭაყმაძე, რომელსაც ოზურგეთში ავადმყოფი მიჰყავდა ექიმთან. დაიჭირეს აგრეთვე ერთი ყმაწვილი ალექსი გობრონიძე და იფიქრეს ამას უსათუოდ ვათქმევინებთ ვინ არის ბუნტისთავიო, მაგრამ ვერავინ დაუსახელა...ამათ გარდა ბევრი გაჩხრიკეს ჩვენ სოფელში, მარა დაჭერით არავინ დაუჭერიათ. 26 მარტს ძალით მოხადეს მურვანიძის ღვინით სავსე ჭური, თუმანოვს, აფთიაქარს, პროვიზორს, ფინია ძაღლი მოპარეს და როცა ამან ალიხანოვთან იჩივლა, უკანასკნელმა ასეთი „უაზრო“ საჩივრისთვის ერთი კვირა ციხეში ჯდომა მიუსაჯა

ერთ აქტიურ გლეხს, ოზურგეთის ბაზარზე მიმავალს კაზაკმა მისცა მხოლოდ პატრონა, ბერდენკა გექნება და მოიხმარეო. მანაც გამოართვა, ბოლოს აღარ მოეწონა ასეთი საქციელი და ნაჩუქარი პატრონები შორს გადაყარა. არ გასულა ათიოდე წუთი, რომ იგივე კაზაკი ოთხი მისი ამხანაგით გადაუდგა. გაჩხრიკეს გლეხი იმ იმედით, რომ ნაჩუქარ პატრონებს ვიპოვნით და რაიმე სარგებლობა შეიძლება ვნახოთო, მარა დახე მათ გაკვირვებას, როცა გლეხს აღარ აღმოაჩნდა. ეს ჩვენზე უხერხემლო ყოფილაო, ჩაილაპარაკეს ყაზახ-რუსებმა და გაბრუნდნენ.

სოფელ დვაბზუში ყაზახ-რუსები დაეცნენ მედუქნეებს, ორი რევოლვერი და ორი ბოთლი არაყი წაართვეს, ერთ მგზავრს თუთუნიანი ქისა წაართვეს, ღვინიან ტიკში კი ხანჯალი უკრეს და ღვინო დაუღვარეს. ერთი სიტყვით ასეთი ფაქტებით სავსეა გურიის დღევანდელი ცხოვრება. ხალხი, რომელის დამშვიდებასაც ალიხანოვი თავის რეპრესიულ ზომებით აღწევს, დღეს ასეთ უსამართლობას ითმენს, როგორ შეიძლება კაზაკების ასეთი თავაშვებული საქციელი ჯარის მთავარსარდალმა არ იცოდეს, მარა უეჭველად თითონაც თანაუგრძნობს მოქმედებას. გურულებმა თავისი კეთილგონიერება მრავალ საქმეში დაამტკიცეს, მარა გურიის ცხოვრება იმასაც მოწმობს, რომ ამ ხალხს დაუსრულებელი მოთმინება არა აქვს.

მოგზაური, N15, 24 აპრილი

პატარებიც კი, რომელთაც ცელქობის მეტი არაფერი უნდა ახსოვდეთ, დღეს მთელ გურიაში ერთობას და თავისუფლებას გაიძახიან და ვერცხლის ზარივით კრიალა ხმით ახალი დროის შესაფერის ლექსებს მღერიან

ცნობის ფურცელი, N2899, 1 სექტემბერი,

ოზურგეთიდან გვატყობინებენ, რომ 29 ამ თვეს არხივის კარებისთვის გასაღები მიუყენებიათ და რვა ბერდანის თოფი წაუღიათ

როგორც ოზურგეთიდან გვატყობინებენ, ლეხაურისა და შემოქმედის სოფლის საზოგადოებებს საერთო სამაზრო საბჭოში თავიანთ წარმომადგენლად აურჩევიათ თეოდორე კიკვაძე.


გურიაში
დაკვირვებანი და შტაბეჭდილებანი*
ყველა ის, რაც კავკასიაში ხდება, ცალკე ეპიზოდებია დიად მოძრაობისა, რომელიც ძველმა რეჟიმმა დაჰბადა. ეს მოძრაობა თან და თან რთულდება, საზრდოს აძლევს სხვა და სხვა პარტიას, აერთებს ზოგს მათგან, მაგრამ ყველაზე გასაკვირველი ის არის, რომ ყველა პარტია თავის პროგრამას რუსეთთან ერთობაზე ამყარებს. ის პარტია უფრო ძლიერია, რომელიც უფრო მეტად ემხრობა ამ საფუძველს. ამით აიხსნება ის, რომ მოძრაობას სათავეში უდგა სოციალდემოკრატიული პარტია, რომელიც ყველაზე მეტად გაურბის ადგილობრივ ნაციონალიზმს. ურბალო ლიბერალებს, რომელთაც ბურჟუაზიულ ლიბერალებს ეძახიან, იმდენად აქვთ მნიშვნელობა, რამდენადაც სხვა პარტიებს მისდევენ. ნაციონალ-ლიბერალები, მით უმეტეს ქართველების და სომხების ნაციონალისტები, უკმაყოფილებას და ზიზღს იწვევენ, რადგან პროგრესს აფერხებენ, ბურჟუაზიულ პოლიტიკას ახორციელებენ და ამით რეაქციას ემხრობიან და ეღობებიან სრულ თავისუფლების დამყარებას. სწორედ ამ დროს სატახტო ქალაქის ზოგიერთი გაზეთები გაიძახიან სომეხთა ნაციონალურ მიზნების შესახებ. აშკარაა, ამ გაზეთებს არა ესმით-რა იმისა, რაც კავკასიაში ხდება. პირიქით, ადგილობრივ პროგრესიულ პარტიების აზრით, სომხებმა სახელი გაიფუჭეს იმით, რომ მეტად აშკრად დღესასწაულობდნენ საეკლესიო ქონების დაბრუნების გამო, ადრესებს და დეპეშებს გზავნიდნენ და ამით ხელს უწყობდნენ ძველ რეჟიმს. დიდი შეცდომაა ის, ვითომ სომხები ეხლანდელ მოძრაობაში რაიმე თვალსაჩინო, აქტიურ როლს თამაშობდნენ...

უფრო დიდი შეცდომა ჩაიდინა ადმინისტრაციამ ქართველების შესახებ. ადმინისტრაციას ეგონა, რაკი ქართველებს დავნიშნავ დის თანამდებობებზე, ისეთ თანამდებობებზე, რომელზედაც წინად ახლოც არ იკარებდნენ, ქართველი ხალხის გულს მოვიგებო. ნამდვილად-კი ამ პოლიტიკამ სრულიად გაუტეხა სახელი ადმინისტრაციას. „თავ გზა დაებნა ჩვენს მამა-პატრონებსაო“, მითხრა ამის გამო ერთმა გურულმა. მართლაც, მართვა-გამგეობის საქმეში ეხლა დიდი არეულ-დარეულობა და უთავბოლობაა. მაგალითად, გურიაში, ერთის მხრივ, მოხელესა ჰგზავნიან სახალხო სასამართლოს შესასწავლად და დასამტკიცებლად, ხოლო, მეორეს მხრივ, ჯარს ამრავლებენ, ალბად, ძველის რეჟიმის გასამტკიცებლად. ასე ესმის ხალხს საქმის ვითარება. სკოლის საქმეშიაც, სადაც ერთბაშად თავი მიანებეს გარუსების პოლიტიკას, ასევე მოიქცნენ. ასეთ დაგვიანებულ წყალობის საპასუხოდ, მასწავლებელთა კრებამ ქუთაისში გადასწყვიტა, შეიმუშაოს ახალი პროგრამა და არ დაიწყოს სწავლა იმ დრომდე, ვიდრე მთავრობა არ მიიღებს სახალხო პროგრამას. წვრილმალი-კი არა, საერთო ძირითადი რეფორმაა საჭირო დღეს ამიერ-კავკასიისთვის. მხოლოდ ეს რეფორმა ააშორებს კავკასიას დიდ უბედურებას და სისხლის ღვრას. ხალხის უკმაყოფილებამ უკიდურესობამდე მიაღწია. ამიერ-კავკასია კრიტიკულ მდგომარეობაშია. მთავრობის დაწესებულებანი ბევრგან ვეღარ მოქმედებენ, იმათი ადგილი ხალხმა დაიჭირა.

გურიაში, ჩემს სამშობლოში, ამ ზაფხულს ვიყავ ორის კვირით. მინდოდა დამესვენა. ანისში ყოფნის დროს სხვა და სხვა ხმები მომდიოდა გურიიდან, შფოთის შესახებ. მაგრამ მე დამშვიდებულ ვიყავ კარგად ვიცი, რომ გურიაში არ არის ისეთი ელემენტები, რომელსაც ეროვნულ, წოდებრივ, ან კლასობრივ ანტაგონიზმის გამოწვევა შეეძლოს. ერთხელ კიდევ ვამბობ, რომ გურიის თავად-აზნაურობას რეალურად იგივე ინტერესები აქვს, რაც გლეხობას. ორი-სამი გამონაკლებ სურათს არა სცვლის. ესენიც გაძევებულ იქნენ ან თითონ წავიდნენ გურიიდან. სამღვდელოებას... სამღვდელოება აქ ხომ ქართულ ეკკლესიას ეკუთვნის, ხოლო ქართული ეკკლესია ბიუროკრატიამ დიდის მეცადინეობით დამარხა.

გურიაში რომ ჩავედი, იქ არც პოლიცია დამიხვდა, არც სტრაჟნიკები, არც კაზაკები და არც ჯარის-კაცები. გადასახადს არავინ კრებს, არ არის აქციზი, მთავრობის სასამართლოები და სხვ., თუმცა ახლაც ისევე ძველებური გაჭირვება სჩანს ყველგან, გაუგებარ ხალხის გაყვლეფა გაიძვერათაგან, ათასნაირი ცრუმორწმუნეობა, ცხოვრების სიძვირე, თითქმის წინანდელზე ზედმეტი სიძვირე.

სამაგიეროდ თავისუფლება სრულია, პრესის, სიტყვის, სარწმუნოების, წარმოების თავისუფლება. აქ დაუბრკოლებლივ მოსდით და იკითხება ისეთი გამოცემები, რომლის შენახვისთვისაც კი სხვაგან შესამჩნევ სასჯელს აყენებენ. მაგრამ გურულებს, როგორც ეტყობათ, ახლა თავისუფლების გარდა კიდევ სხვა რაღაც უნდათ, რაღაცას ცდილობენ. მართლაც რა იქმნება შემდეგ? სანამ მთელ რუსეთში დამყარდებოდეს სრული თავისუფლება, ისეთი თავისუფლება, როგორიც ახლა გურიაში უკვე შემოსულია - გურულებს არაფრის მიღება არ უნდათ. ჯერჯერობით კი სოფლად სდუღს საზოგადო ცხოვრება. კრება კრებას მოჰყვება და გარეშე კაცი გაოცებული რჩება, როგორ ახერხებენ სოფლელები მთელ დღეობით კრებაზე დასწრებას, როდესაც ყანებში დიდი საშრომელი აქვთ. დღეს სასამართლოა, ხვალ პრინციპიალურ საზოგადო კითხვების გარჩევა და ცნობილ ორატორისაგან წარმოთქმულ სიტყვის მოსმენა, ზეგ ადგილობრივ საქმეების გარკვევა: სასკოლოსი, გზების და საადგილმამულო საკითხების გადაწყვეტა. ძველ რეჟიმის წარმომადგენელი მოხელეები არსად არ არიან და, სადაც დარჩენილან, უმოქმედოდ არიან გაჩერებული და ფარულად მოქმედობენ. ამიტომ ხალხში შემცდარად გაიგეს თვით ნამესტნიკის განცხადება, რომლითაც იგი საიდუმლო და ფარულ წრეების მოსპობას მოითხოვს, გურიაში ახლაც ფარულ წოდებად მიაჩნიათ პოლიცია, ჩინოვნიკები. გურია თავის ახლანდელ ორგანიზაციას არ მალავს, იგი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, თითო ნაწილს ცალკე პირი განაგებს. ამათ ხელქვევით არიან ხალხის „წარმომადგენელნი“, თითო წარმომადგენელი სამ სოფელს განაგებს, სოფელში სათავეში უდგია ასის თავი, რომელსაც ემორჩილება ათის თავები. ათის თავი მეთაურობს წრეს, რომელიც ცხრისაგან შესდგება, თვითონ კი მეათე არის. იგი წრის წევრებს სიტყვიერად ატყობინებს მომავალ კრებაში განსახილველ საქმეებს, აგროვებს საწევრო ფულს, თვეში ორ შაურს (უწინ ერთი აბაზი იყო), კრებაზე მოახსენებს დამსწრეთ, თუ რამე საჩივარი შემოიტანეს. ქაღალდზე საქმის წარმოება სრულებით მოსპობილია. სასამართლო უსასყიდლოდ არჩევს საქმეებს. სასამართლოს გადაწყვეტილება მაშნვე სისრულეში მოჰყავთ. საოჯახო საქმეებში, მაგ. გაყრის დროს ძმებითვითონ უნდა მორიგდნენ მედიატორეებით, მედიატორეების გადაწყვეტილებაზე შეიძლება საჩივარი საზოგადოების კრებაში.

ზოგიერთ შემთხვევაში თვით საზოგადოება ირჩევს მსაჯულებს ამა თუ იმ საქმის გადასაწყვეტად. საზოგადოებას შეუძლიან არჩეულ მსაჯულების გადაწყვეტილება უარყჰოს და  თვითონ მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას დაადგეს.

ყოველ კრებაზე ხალხი ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. ძარცვა-გლეჯის და ავაზაკობის შესახებ საქმეების აღძვრა შეუძლიან ყველას. ჯერ მაგალითი არ ყოფილა იმისი, რომ ვისმე დაემალოს რამე ავაზაკობა. გამოძიებას თვით საზოგადოება ახდენს, არჩეულ კომისიის საშუალებით. ჯერ მაგალითი არ ყოფილა, რომ ქურდი, ან ავაზაკი არ აღმოეჩინოს ხალხს და ამ მხრივ ყველა მადლიერი რჩება ამ სასამართლოსი. პირველ შეხედვით შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ იქ ავაზაკობა გახშირდა, რადგანაც გახშირდა დასჯა, მაგრამ ამის მიზეზი ის არის, რომ ახლა ისეთ რამეებზედაც ისჯება ადამიანი, რომელსაც უწინ არავინ არავითარ ყურადღებასაც არ აქცევდა. ზოგიერთს არ მოსწონს, რომ ხალხურ სასამართლოში სასტიკი დასჯა არ არის. ვინც გამოტყდება, იმას პირველად აპატიებენ, ზოგიერთს კრებებში მონაწილეობას უკრძალავენ, ან გადაწყვეტილ ვადით ბოიკოტს უცხადებენ (ექვსი თვით ან უფრო დიდხანაც). ზოგიერთებს კიდეც აძევებენ გურიიდან. კრებებს ქალები მამაკაცებთან ერთად ესწრებიან. კრება ან გარედ ხდება, ან რომელსამე შენობაში, მაგ. სასწავლებელში. ხალხმა თუ დაიგვიანა, ზარებს რეკავენ ეკკლესიაში.

საინტერესა კრებები, სადაც ხალხი პრინციპიალ საკითხებს ეხება, - საზოგადოებრივ ან სამეცნიეროს. ამ კრებებსაც ყველა ესწრება, თუმცა კამათში მონაწილეობის მიღება, რასაკვირველია, მხოლოდ უფრო განვითარებულებს თუ შეუძლიანთ. ამათში ბევრი სიმპატიური ადამიანია, რომელიც აფასებს მეცნიერებას, მის პირდაპირ სარგებლობის მიუხედავად. ახლანდელი ინტელიგენცია თუ მეცნიერებაშიაც სარგებლობას ეძებს, იმიტომ, რომ იგი ბურჟუაზიული არისო, - ამბობენ გურულები. ცოდნა მიღებული აქვთ გურულებს წიგნების, ქართულ და რუსულ ბროშიურების კითხვით. ადგილობრივ მოღვაწეებს გულუბრყვილოდ სწამთ, რომ ქონებრივ მდგომარეობის გაუმჯობესება და პოლიტიკურ უფლებათა მოპოვება საკმარისია ხალხში ზნეობის განსამტკიცებლად, რომ მატერიალურ სარგებლობის გარეშე ადამიანში არ არის არავითარი სულიერი და ზნეობრივი მოთხოვნილება. ამ მატერიალისტურ შეხედულებით აიხსნება გურულების გულის აგორება ეროვნულ საკითხებზე და არა იმით, ვითომ გურულებს საკაცობრიო მსოფლ-მხედველობა მიეღოთ.

გურიაში პოლიტიკურ სიბრძნესთან ერთად ათასნაირ ცრუ-მორწმუნოებაც არის დარჩენილი. ჩემ თვალ წინ ერთი გურული იჭერდა თიკანს მომაკვდავ შვილის გადასარჩენად: ხალხში ამბობენ, რომ ეს თიკანი მომაკვდავს უნდა შემოატაროს ადამიანმა და ავადმყოფი განიკურნებაო.

უნდა აღვიაროთ, რომ ზოგიერთი მოღვაწე გრძნობს, თუ რამდენად აკლიათ მათ განათლება, და ამას გრძნობენ და სჩივიან განსაკუთრებით მუშები: „ჩვენი უბედურება ის არის, რომ თავისუფლებას მოუმზადებელი დავხვდითო, განათლებაზე ადრე მოვიპოვეთო იგი.“ ახლა თვით-განვითარებისათვის გურიაში წრეები დაარსდა, - სწავლობენ ახლაც, ბრძოლის დროსაც კი.

მეტად გულსაკლავია ის გარემოება, რომ ქართულ მწერლობის სიღარიბე, როგორც ეროვნულ დევნულობის შედეგი, იმის მიზეზი შეიქმნა, რომ გურულების აზროვნებას ასეთი ცალმხრივი მიმართულება მიეცა, და ამით გაძნელდა მათგან თანამედროვე მდგომარეობის შეგნება და საღი მსჯელობა რთულ საზოგადო კითხვების შესახებ. გურულებში ცენზურის მუხრუჭში გამოვლილი ქართული პრესსა მაინც და მაინც არ ვრცელდება, - მათ თავისი უცენზურო მწერლობა აქვთ; ამას გარდა გურულები ცდილობენ კრებებსაც დაესწრონ, სადაც პრინციპიალურ საკითხებს ეხებიან ორატორები, - ეს კრებები მომავალ სახალხო უნივერსიტეტების პირველი მაგალითია. ერთი ამნაირ კრებაზე ლაპარაკობდა ცნობილი ორატორი ღვთისწყალობა. ეკამათებოდნენ ერთმანეთს სოციალ-დემოკრატების ორი ნაწილი, „უმცირესობა“ და „უმეტესობა“. ღვთისწყალობა „უმეტესობის“ ორატორად იყო გამოსული. მას შეეკამათა „უმცირესობის“ რამდენიმე წარმომადგენელი. ღვთისწყალობის მოკამათენი ცდილობდნენ მოუმზადებელ ხალხის მომხრობას მაღალ-მაღალის ფრაზებით და პირფერობითაც. მაგრამ ღვთისწყალობა არ ღელდებოდა და თანდათან არღვევდა მათ საბუთებს. ხალხში ზოგიერთს ამთქნარებდა, სამაგიეროდ სხვები გაფაციცებით უსმენდნენ ლაპარაკს. კამათი ეხებოდა სამეცნიერო სოციალიზმის განვითარებას მუშა ხალხში და მარქსის მონაწილეობას. კამათი ნაშუადღევის 2 საათიდან ღამის პირველ საათამდის გაგრძელდა, ხალხიც ბოლომდის არ დაშლილა.

ადგილობრივ ათასი საქმეა გადასაწყვეტი, ადამიანს ეგონება, რომ წინედ ადმინისტრაცია არაფერს არ არიგებდაო. განსაკუთრებით ძნელი გადასაწყვეტი შეიქნა ადგილ-მამულების საქმე. იჯარის რაოდენობა გადაჭრილია: განსაკუთრებული კომისია სწყვეტს იმას, თუ ვისზე უნდა გასცეს მამულის პატრონმა იჯარით თავისი ადგილი. აქ უნდა მოვიხსენიოთ ისიც, რომ რაკი ადგილობრივ უმეტესად წვრილი მემამულეები არიან, ამიტომ ბევრმა მათგანმა თვითონ დაიწყო მიწის დამუშავება. ამნაირად სავალდებულო იჯარის შემოღებამ მხოლოდ ააღელვა გურული აზნაურობა, ისედაც ეკონომიურად შევიწროებული, და ამასთან ერთად თვით გლეხობისთვისაც საზარალო შეიქმნა, რადგანაც ახლა უფრო ცოტა ადგილი იცემა იჯარით.
პროფ. ნ. მარრი 

სიმართლეს მოკლებულია ტფილისის გაზეთებში რამდენჯერმე მოყვანილი ცნობა, ვითომ გენერალი ალიხანოვი ქუთაისის გუბერნიაში დაბინავებულ ჯარის უფროსად ინიშნებოდეს.

16 სექტემბერს ბათუმში „ცესარევიჩის“ გემით ჩამოვიდა ხერსონის პოლკის მთელი შტაბი.


ცნობის ფურცელი, N 293, 6 ოქტომბერი,

გადაწყვეტილია დაიწყოს ნამდვილი ბრძოლა გურიის წინააღმდეგ. მობილიზებულია 8000 სალდათი, 5 ზარბაზანი, 6 ტყვიის მტყორცნი. ოზურგეთში ყველაფერი უნდა განადგურდეს.

ქუთაისის ჟანდარმთა განყოფილების უფროსი გამყრელიძე კავკასიის პოლიციის უფროსს, გენერალ-მაიორ შირინსკის:

21 ოქტომბერს სამხედრო მატარებელი 24 რონოდით ქუთაისიდან გავიდა გურიაში აჯანყების ჩასაქრობად. მატარებელს მიჰყავდა 670 კაზაკი და ოფიცერი. ქუთაისიდან სამი ვერსის დაშორებით მატარებელი დაიმსხვრა, რაც გამოწვეული იყო რელსების აყრით

ივერია N181 6 ოქტომბერი

ოზურგეთი27-29 სექტემბერს, აქ მოხდა გურიის სამღვდელოების კრებები. უმთავრეს საგანს კრებისას შეადგენდა სკოლის გახსნის საკითხი. კრებამ არსებულ სასულიერო სასწავლების შესახებ გადასწყვიტა: რადგან ამ სასულიერო სასწავლებლის სასკოლო სისტემა და რეჟიმი სრულიად არ შეესაბამება ეხლანდელ ცხოვრებას, მასში აღზრდილი ბავშვები მოკლებულ იქმნებიან მოქალაქეობრივ ცოდნას და აქ მიღებული სწავლა ვერაფრად ვერ გამოადგებათ ცხოვრებაში - ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი დახურულ იქმნას. 

შემდეგ ამისა თათბირი გაიმართა იმაზე, თუ რანაირი ტიპის სასწავლებლის გახსნა უნდა მოეთხოვათ. წაკითხულ და სიტყვა-სიტყვით განხილულ იქმნა იმერეთ-სამეგრელოს სამღვდელოების მიერ შემუშავებული სკოლის პროექტი, რომელიც უვარგისად იქმნა ცნობილი. ხსენებულ პროექტში არსად არ არის ნახსენები, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი სასწავლებლის ორგანიზაცია. კრებამ დაადგინა, რომ გახსნას ოთხკლასიანი რეალური პროგიმნაზია და ამისთვის ითხოვოს ნებართვა. შემუშავებულ იქმნა სასწავლებლის პროექტი, რომელიც მოკლედ შემდეგს ამბობს: სკოლაში უნდა ისწავლებოდეს შემდეგი საგნები: 1) საღმთო სჯული (ქართულად), 2) რუსული ენა, 3) სიტყვიერება და ლიტერატურა, 4) კანონები (ქართულად), 5) მსოფლიო ისტორია 6) გეოგრაფია, 7) ალგებრა, 8) არითმეტიკა, 9) გეომეტრია, 10) ბუნების მეტყველება (ქართულად), 11) რომელიმე ახალი ენა, 12) ხატვა-ხაზვა, 13) ჰიგიენა (ქართულად), 14) წერა, 15) გალობა. სასწავლებელში მიიღებიან ყველა დაბალ სასწავლებელში კურს დასრულებულნი, რომელთაც სწავლა ეხლახან შემუშავებული პროგრამით ექმნებათ მიღებული. ამ რეალურ სასწავლებელში კურს დასრულებულს ნება ეძლევა შევიდეს პირდაპირ სხვა რეალურ სკოლებში, სადაც მეხუთე კლასში უნდა იქმნას მიღებული. ამ სკოლაში შესვლის ნება აქვთ როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს, თუ თავისუფალი ადგილი იქმნება. სასწავლებლის ორგანიზაცია ასე უნდა იქმნას მოწყობილი: სკოლის ზედამხედველს ირჩევს სამღვდელოება. აგრეთვე ირჩევს კიდევ ორ თავის რწმუნებულს. რწმუნებულნი და ზედამხედველი შეადგენენ პედაგოგიურ საბჭოს და ესენი იწვევენ საჭირო მასწავლებლებს. მასწავლებლებს თავიანთ თანამდებობაზე ამტკიცებს ერთი წლის შემდეგ სამღვდელოების სხდომა. ზედამხედველსაც იგივე სხდომა ამტკიცებს მის თანამდებობაზე და სხვ.

ამ სასწავლებლის შესანახად სამღვდელოებამ გადასდო თერთმეტი ათას ოთხას სამოცდა ათი მანეთი (11470 მან.). 

ამას გარდა სამღვდელოების კრებამ დაადგინა 1) რადგან, როგორც ამბობენ, საერო მთავრობას განზრახვა ჰქონია რომ დრამის ფული ძალით გადაახდევინოს ხალხს და მღვდლებს გარდასცეს, სამღვდელოება კატეგორიულ უარს აცხადებს თოფითა და ხმლით აღებულ ფულის მიღებაზე და ამით თვიდან იცდენს ყოველსავე ზნეობრივ პასუხისმგებლობას; 2) მოითხოვოს ეპისკოპოზის წინაშე, რომ ყოველივე კანცელიარული მიწერ-მოწერა არ შეიძლება ქართულ ენაზე. ეს იმას გამოუწვევია, რომ ყოფილ ეპისკოპოზს დიმიტრის განკარგულება მოუხდენია, რომ არამც თუ კანცერალური მიწერ მოწერა არ შეიძლება ქართულ ენაზე, არამედ ქართულად დაწერილი თხოვნებიც არ უნდა იქმნას მიღებული სამღვდელოების მიერო! 3) ჯამაგირებში ჩვეულებრივად აღარ იქმნას გამორიცხული ფული, მაგალითად, „სასულიერო მოამბის“ გამოსაწერი და სხვ.
ჭინკაი


11 ოქტომბერს, დილის 10 1/2 საათზედ, სუფსასა და ჯუმათს შუ., როგორც დეპეშით უკვე გვაცნობეს, ასმა შეიარაღებულმა კაცმა გააჩერა მატარებელი N22, რომლითაც მოდიოდა სამხედრო ტრანსპორტი. თავდამსხმელთ გააღეს ვაგონი, გადმოიღეს ხუთი ყუთი რევოლვერი თავის მოწყობილობით და გადაიმალნენ.

ივერია N190 26 ოქტომბერი

ბათუმი. 24. დაბა ჩახატაურიდან ამბავი მოვიდა, რომ აჯანყებული გურულები თავს დაესხნენ ჩახატაურში მდგარ პლასტუნის კაზაკებს და ყველანი - 120 კაცამდე - ამოხოცესო. გურულებს კაზაკებისათვის ყოველივე იარაღი წაურთმევიათ.

ბათუმი. 24. სადგურ სუფსიდან ამბავი მოვიდა, რომ აჯანყებული გურულები, რიცხვით 4000-დე კაცი, ახალი სისტემის თოფებითა და ყუმბარებით შეიარაღებულნი, გარს შემორტყმიან პოსტებს, სადაც ჯარის კაცნი დაბანაკებულან, დაუტყვევებიათ და არსად უშვებენ, გურულებს იარაღი და ტყვია წამალიც ბლომად ჰქონიათო

ივერია N191 28 ოქტომბერი

,მეტად საშიში და დამაფიქრებელი ამბები მოდის გურიის შესახებ, ზოგი ცნობები ჩვენს გაზეთშიც დაიბეჭდა გუშინ-წინ. ზოგიც სიტყვიერ ხმებადაა გავრცელებული საზოგადოებაში. ერთიც და მეორეც ე.ი. როგორც დაბეჭდილი ისე ხმად გავრცელებული ამბები ისეთის ხასიათისა, რომ გულწრფელი მეგობარი და ნამდვილი გულშემატკივარი ჩვენი ხალხისა არ ჩააფიქროს და, ხალხისათვის მოსალოდნელი ხიფათის გამო, გული სევდა-კაეშანით არ აუვსოს. ხმა გავრცელებული, ვითომ გურია აჯანყებულა, რამდენსამე ადგილას შეარაღებულ ხალხს კაზაკები ამოუწყვეტია, ჯართანაც შეტაკება მოსვლია და სისხლიც ბლომად დაღვრილა. ამბობენ აგრედვე, რომ გურიის ,,დასაპყრობად,, ჯარიც გაგზავნეს ფეხით, რადგანაც ამჟამად რკინის გზა რამდენსამე ადგილას გაფუჭებულია და მატარებლის მიმოსვლა შეწყვეტილია.

ჩვენ არ ვიცით დანამდვილებით რამდენად მართალია ხმები გურიის შესახებ. გვგგონია კი რომ ეს ცნობები გადაჭარბებული უნდა იყოს. შეიძლება ხალხს მოუხდა კაზაკებთან შეტაკება ვინაიდან ეკზეკუცია და მით უფრო კაზაკებისაგან შემდგარი ეკზეკუცია ძნელი ასატანია, - სოფელს დაუნდობლად აოხრებს და ხალხს განუკითხავად აწიოკებს, მაგრამ ასეთი შეტაკება კიდევ არ არის უეჭველად იმის მომსწავებელი, რომ გურია ,,აჯანყდა,, და აპირობს რუსეთის ლაშქართან იარაღით-შესხმული ბრძოლის გამართვას. შეიძლება უბრალო შეტაკება, რომელიც ეგზეკუციისგან გამწარებით არის გამოწვეული, ადგილობრივ ადმინისტრაციას პოლიტიკურ აჯანყებად ეჩვენა და ამიტომ ამის შესაფერი დეპეშებიც აფრინა კავკასიის უმაღლეს მთავრობასთან და ჯარის სწრაფად მიშველება მოსთხოვა.

მხოლოდ ეს არის მარტოდენ მოსაზრება, რომელსაც ხალხის მხრით მოსალოდნელი პოლიტიკური გონიერება გვაფიქრებინებს, მაგრამ შეიძლება აგრეთვე, რომ ეს მოსაზრება, სამწუხაროდ, მართალი არ იყოს და გურიის ხალხს ნამდვილად შეიარაღებულ რევოლუციის ცეცხლი აენთოს. ჩვენ არ გვინდა ეს დავიჯეროთ, მაგრამ მაინც ვსთვლით მას შესაძლებლად იმ აღელვებისა და აბობოქრების ხანაში, რომელშიაც ამჟამად ვცხოვრობთ. შესაძლებელია ეს მით უფრო, რომ ბევრს დღეს ხალხში მოლაპარაკეს და სოციალ-პოლიტიკურ იდეების მქადაგებელ-გამავრცელებელს ძალიან ადვილ საქმედ აქვს რევოლუცია წარმოდგენილი და, რახან ისტორიაში შეიარაღებული აჯანყება ხშირად მომხდარა და რევოლუციას ხშირად გაუმარჯვნია, ჰგონია რომ დღევანდელ წეს-წყობილებაშიაც შეიარაღებულ რევოლუციის გამარჯვება უცილობელი  და უზრუნველყოფილია. ამ მოკლე ხანში ჩვენ მოვისმინეთ ლაპარაკი ისეთ ორატორებისა, რომელთაც ჯიბეში პაწაწკინა რევოლვერები ედვათ და ხალხს კი იწვევდნენ ციხეების და არსენალების ასაღებად. რასაკვირველია, ამგვარ ლაპარაკსა და მოწოდებას თავისი გასამართლებელი საბუთები აქვს, - საერთო სარევლუციო მოძრაობა ადამიანის მთელს ბუნებას იტაცებს, თავის ძალღონის ტეხნიკურ სისუსტეს  ავიწყებინებს და მასზე ბევრად უკეთ შეიარაღებულ და განწყობილ მოპირდაპირის წინააღმდეგ საბრძოლველად იწვევს. სარევოლუციო მოძრაობას სტიქიური ხასიათი აქვს და იგი სტიქიურადვე მოედება და გაიტაცებს ხოლმე მთელს ჯგუფსა და ხალხსაც. შეიძლება ამიტომ ასეთივე სტიქიური ხასიათი მიიღო მოძრაობამ გურიაშიც. 

თუ ეს, რასაც ჩენ შესაძლებლად ვთვლით, ნამდვილი გამოდგა და გურია მართლა შეიარაღებულ ბრძოლაში ჩაბმული აღმოჩნდა, - ცხადია, დიდი უბედურება, საშინელი სამხედრო აკლება და აოხრება მოელის  ამ მხარეს ჩვენის სამშობლოსას. ცხადზე უცხადესია, რომ პაწაწკინა გურიას არას გზით არ შეუძიან გაწვრთნილ და თანამედროვე ტეხნიკის შესაფერად შეიარაღებულ ჯარის დამარცხება. რაც უნდა ხელის შემწყობი და დამხმარე იყოს მებრძოლ ჯგუფთათვის მთა-გორები და საერთოდ ბუნებრივი მდგომარეობა, ჯარი მაინც რამდენსამე დღეში ჩაიგდებს ხელში დაბლობებს და, მიუხედავად პარტიზანულ ბრძოლისა, სულ რაღაც ათიოდე ახალ ტიპის ზარბაზნით მთლად ააოხრებს და მტვრად აქცევს იქაურობას.

მაგრამ, ვიმეორებთ, ჩვენ გვირჩევნია არ წარმოვიდგინოთ ეს საშინელება, არ გვინდა დავიჯეროთ, რომ გურიას პოლიტიკური აჯანყება მოეხდინოს, რადგან ეს ძნელად საფიქრებელი და დასაჯერებელია და უფრო ადმინისტრაციის აღტყინებულ ფანტაზიის ნაყოფ ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს და ჭეშმარიტებას. საომარი ტექნიკა ისე განვითარებულია, ახლანდელი სამხედრო შეიარაღება ისე რთული და ძლიერია, რომ ჯართან ბრძოლა არათუ კაჟიან თოფებით შეარაღებულ პაწაწა გურიას, არამედ სარევოლუციოდ განწყობილ დიდ ხალხსაც გაუჭირდება, და ყოველ შემთხვევაში მასთან პირისპირ ბრძოლის გამართვა არ შეუძლიან. დღეს ის იარაღები აღარაა, რაც იყო ამ ერთი საუკუნის წინად. საფრანგეთის დიდ რევოლუციის დროს, მაგალითად, კაცობრიობამ ჯერ არ იცოდა არც ტყვიის მფრქვევლები, არც ახლანდელი საშინელი ყუმბარა-ზარბაზნები, თოფები და დინამატის პატრონები. მაშინ სარევოლუციოდ ამდგარი ხალხი საომარ ტეხნიკის მხრით ისეთსავე პირობაში იმყოფებოდა, როგორც მის წინააღმდეგ გამოყვანილი ჯარი. დღეს კი რამდენიმე ზარბაზნის გასროლა საკმარისია, რომ ნაფლეთებად იქცეს რევოლუციონერთაგან ამართული ბარიკადა და თავშესაფარი. ახლანდელ დროში სახალხო შეიარაღებულ რევოლუციას გაწვრთნილ ჯართან მხოლოდ პარტიზანული და ჯარის დამქანცველი ბრძოლა თუ შეუძლიან, თორემ არასდროს - ბრძოლა პირდაპირი და განწყობილი.

დიაღ, ტეხნიკის განვითარებამ შესცვალა წესი ბრძოლისა და დააძველა ბრძოლის ის ფორმები, რომელიც იხმარებოდა წინად ისტორიაში. ამიტომ კარგი იქნება, ზოგიერთმა რევოლუციონერებმა ეს გარემოება არ დაივიწყონ და აგიტაციის დროს თავიანთ მსმენელებს წარსული ისტორული მაგალითები ბრძოლის უცვლელ ფორმად არ დაუსახონ.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ასეთი აზრი დღეს, როცა საზოგადოებრივი რევოლუცია სწარმოებს და მთელი სოციალ-პოლიტიკური ცხოვრება აფორიაქებულია, ხალხის გუნებისა და სულიერ განწყობილების გამომხატველი არაა; ვიცით, რომ იგი არა ერთსა და ორს რევოლუციონერს ავტორის სიმხდალეს ნიშნად ეჩვენება, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაფიქრებს, მით უფრო, რომ ამ „სიმხდალეში“ თანამოაზრედ გვყავს ისეთი კაცი, რომელიც განთქმული იყო თავის რევოლუციონერობით. ეს კაცი არის ფრიდრიხ ენგელსი.

ერთ პატარა შრომაში, რომელიც ენგელსმა თავის სიკვდილის წინად დასწერა, იგი გულახდილად ამბობს, რომ მეცნიერულ სოციალიზმის მამათ-მთავართ - მარქს-ენგელსს - ახლგაზდობაში ზოგიერთ მხრით ყალბი წარმოდგენა ჰქონდათ რევოლუციაზე. „ისტორიამ - ამბობს ენგელსი - ჩვენ (ე.ი. მე და მარქსიო) გაგვამტყუნა და ჩვენი შეხედულება ილუზიად გადააქცია. ისტორია კიდევ უფრო შორსაც წავიდა: მან არათუ ჩვენი შეცდომები დაარღვია, არამედ ძირიანად შესცვალა ის პირობები, რომლებშიაც უნდა იბრძოლოს პროლეტარიატმა. ბრძლის წესი 1848 წლის დროისა დღეს ყოველ მხრივ დაძველებულია... ძველებური აჯანყება, ქუჩებში ბარიკადებით ბრძოლა, რაც 1848 წლამდის ყველგან შეტაკების გადამწყვეტი იყო, ახლა ძალიან დაძველდა. ამის შესახებ ილუზიებით არ უნდა ვიყოთ გატაცებული: აჯანყების ნამდვილი გამარჯვება ჯარზე ქუჩებში გამართულ ბრძოლაში, - იმგვარი გამარჯვება, რომელიც მოჰყვება ხოლმე ორ მოპირდაპირე ჯარის შეტაკებას, მეტად იშვიათი მოვლენა არის. ასეთ პირისპირ გამარჯვების იმედი არც ჰქონდათ აჯანყების მომხდენთ წინადაც. ისინი ცდილობდნენ უფრო მორალური გავლენა მოეპოვათ ჯარზე, რასაც ორ მებრძოლ ხალხს შორის ომის დროს სრულიად არა ან ძალიან მცირედ აქვს ადგილი. თუ აჯანყებულთა ზნეობრივი გავლენა ჯარში ნიადაგს მოიპოვებდა, ჯარი აჯანყებულთა მხარეს გადადიოდა, - ჯარის უფროსებს დავთარი ერეოდათ და აჯანყება იმარჯვებდა. ხოლო იმ შემთხვევაში კი, როცა ეს არ ხერხდებოდა, - სავსებით ცხადი ხდებოდა უპირატესობა მცირერიცხოვან ჯარისაც კი, რომელიც უკეთესად შეიარაღებული და გაწვრთნილი იყო, დისციპლინას ემორჩილებოდა და შეთანხმებულად მოქმედებდა. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რის აღსრულებაც ტაქტიკურ მოქმედების მხრით შეუძლიან აჯაყებას, არის აგება და დაცვა ბარრიკადისა. მაგრამ ერთმანეთის დახმარება, ზურგის ჯარის მოწყობა და საჭიროების დროს მოხმარება, მოკლედ რომ ვთქვათ, - შეთანხმებული მოქმედება აჯანყებულთა სხვადასხვა ჯგუფებისათვის მეტად ძნელი საქმეა. საჭიროების დროს მებრძოლ ძალთა ერთად მოგროვება, კონცენტრაცია მათთვის სრულიად მოუხერხებელია. ამიტომ აჯანყებულთა ბრძოლას პასსივურ თავის დაცვის ხასიათი ეძლევა. ისინი აქა-იქ შეეტაკებიან ხოლმე ჯარის პატარა ჯგუფებს და იჭერენ იმ ადგილებს, რომლებსაც რეგულიარი ჯარის რაზმები მიატოვებენ. ამასთან ჯარს იარაღისა და საერთოდ სამხედრო ბარგის გადატან-გადმოტანის საქმე კარგად აქვს მოწყობილი, ხოლო აჯანყებულნი კი ყველა ამას მოკლებულნი არიან. ამიტომ რაღა გასაკვირვებელია, რომ რამდენჯერმე ბარიკადებთან გამართული გმირული ბრძოლა - პარიზში 1848 წლის ივნისში, ვენაში 1848 წლის ოქტომბერში, დრეზდენში 1849 წლის მაისში - აჯანყებულთა დამარცხებით დასრულდა, როცა ჯარის უფროსები პირდაპირ ხალხის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, სამხედრო ცოდნით ხელმძღვანელობდნენ და ჯარის კაცებიც მათ ემორჩილებოდნენ. ის ფაქტი, რომ 1848 წლამდის აჯანყებას ხშირად გაუმარჯვნია, სხვადასხვა მიზეზებით არის ასახსნელი. პარიზში 1830 წლის ივლისში და 1848 წლის თებერვალში, აგრეთვე ესპანიაში მრავალ გზის მომხდარ აჯანყების დროს, აჯაყებულებსა და ჯარს შუა იდგა მოქალაქეთა მილიცია, რომელიც ან პირდაპირ მხარს უჭერდა აჯანყებას, ან რბილად და უენერგიოდ მოქმედებდა. ამით ჯარის ენერგიასაც ასუსტებდა და, მაშასადამე, აჯანყების ძალას ადიდებდა. ხოლო იქ, სადაც ამ მილიციამ აჯანყების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, როგორც ივნისის თვეში პარიზში, აჯანყება კიდეც დამარცხებულ იქმნა. ბერლინში 1848 წელს გაიმარჯვა ხალხმა იმიტომ, რომ 18-19 მარტს ღამით მას მრავალი მებრძოლი შეემატა, ჯარი დაიღალა, საკმაო საჭმელი არ ჰქონდა და მის უფროსებსაც განკარგულება აერიათ. ყველა შემთხვევებში გამარჯვება იყო შედეგი ხალხისაკენ ჯარის მიმხრობისა ან ჯარის უფროსების უენერგიობისა ან იმ გარემოებისა, რომ ამ უფროსებს არ შეეძლოთ თავისუფლად სამხედრო მოქმედება. ამგვარად, ქუჩის აჯანყების კლასიკურ ქვეყანაშიაც ბარიკადა უფრო მორალურად მოქმედებდა, ვიდრე მატერიალურად. ბარიკადა იყო მხოლოდ საშუალება ჯარის სიმტკიცის შესარყევად...

„მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და შეიცვალა ყველაფერი ჯარის სასარგებლოდ. მართალია, ქალაქები გაიზარდა, მაგრამ მათში დაბანაკებული ჯარები შედარებით კიდევ უფრო მრავალი გახდა... შეიარაღება ჯარისა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე წინად იყო. დღევანდელი პატარა „კალიბრის“ თოფი, რომელშიაც უკნიდან იწყობა პატრონები, ოთხჯერ უფრო შორს და ათჯერ უფრო სწორედ და სწრაფად ისვრის, ვიდრე 1848 წლის დროინდელი თოფი. მაშინ შედარებით სუსტად მოქმედობდა ტყვია და კარტეჩი არტილერიისა, დღეს კი იხმარება ასაფეთქებელი ყუმბარები, რომელთაგან მარტო ერთი საკმარისია საუკეთესო ბარიკადის დასამტვრევად. მაშნ კედლებსა და გალავნებს წერაქვებით ამტვრევდნენ, დღეს კი დინამიტის პატრონებია ხმარებაში.

„აჯანყებულთათვის კი ბრძოლის ყველა პირობები უარესი გახდა. ის სანადირო თოფები, რომელნიც მაღაზიებში აწყვია გასაყიდად, თუნდაც რომ წინდაწინ პოლიციამ სასროლი ნაწილები არ მოაძროს ამ თოფებს და მოსახმარად გამოუსადეგარი არ გახადოს, ჯარის კაცებისაგან ხმარებულს თოფებს დაახლოებითაც კი ვერ შეედრება. 1848 წლამდის შესაძლებელი იყო წამლისა და ტყვიისგან სასროლ მასალის დამზადება, დღეს კი თვითეულ თოფს თავის ზომის პატრონა სჭირდება; ამასთან თოფის პატრონები მზადდება სამრეწველო დაწესებულებებში, - უდროვო დროს მათი მომზადება არ შეიძლება და, მაშასადამე, ყველა თოფები უსარგებლოა, სანამ მათთვის შესაფერი სასროლი მასალა არ მოგვეპოვება. დასასარულ, 1848 წლის შემდეგ დიდი ქალაქების უბნები გაასწორეს, გრძელი, სწორი და ფართო ქუჩები გაიყვანეს და ეს კი საუკეთესო ასპარეზია ჯარისაგან ხმარებულ ზარბაზნებისა და თოფების სამოქმედოდ. გიჟი იქნებოდა ის რევოლუციონერი, რომელიც საბარიკადო ბრძოლისთვის მუშებით დასახლებულ ბერლინის ჩრდილო დასავლეთ ნაწილებს ამოირჩევდა.

„ამიტომ მკითხველი ადვილად გაიგებს, თუ რატომ ცდილობენ გაბატონებული კლასები, რომ ჩვენ  იქითკენ გავწიოთ, სადაც ტყვია და ხმლით ცემა მოგველის; გაიგებს, თუ რა მიზნით  გვეძახიან ლაჩრებს, როცა ხედავენ, რომ ჩვენ ქუჩაში არ გავდივართ საბრძოლველად, სადაც ჩვენი დამარცხება აუცილებელია, და მიხვდება ჩვენი მოწინააღმდეგეების გულისთქმას, რომელნიც გვთხოვენ, ჯარის ზარბაზნებს საკვებად მივცეთ ჩვენი თავი. ეს ვაჟბატონები გვეხვეწებ გვემუდარებიან და გვიწვევენ კიდეც, მაგრამ ჩვენ ისე ტუტუცები არა ვართ, რომ ამას ავყვეთ...“

ამას ამბობს ენგელსი, ის ენგელსი, რომელიც თავის ახალგაზრდობაში პირადად იღებდა მონაწილეობას რევოლუციაში და შემდეგაც განუწყვეტლივ იდეურ მეთაურობას უწევდა მთელ რევოლუციონურ პარტიას ევროპაში. საჭიროდ გვეჩვენა ენგელსის სიტყვების ქართულად განმეორება განსაკუთრებით დღეს, ვინაიდან სწორედ დღეს არის საჭირო და სასარგებლო იმ ცვლილების გათვალისწინება, რომელიც მოხდა საომარ ტეხნიკურ განვითარების წყალობით სარევოლიუციო ბრძოლის პირობებში. ხალხის მოწვევა სარევოლიუციოდ და შეიარაღებულ ბრძოლაზე მითითება ძნელი საქმე არ არის, მაგრამ არავის არ უნდა ავიწყდებოდეს თუ რა პასუხის გებლობას იღებს იგი ამ შემტხვევაში თავის თავზე. იმ ტეხნიკურსა და იდეურ მდგომარეობაში, რომელშიაც ამჟამად ხალხი და ჯარი იმყოფება ჩვენში გაწვრთნილ ლაშქართან ბრძოლის გამართვა უეჭველად ნიშნავს ხალხის გასრრესას და განადგურებას.

,დღეს ამგვარი გასრესის წინ სდგას გურია და, ვინ იცის, - იქნება სხვა ადგილებიც! და ყველანი ვალდებული ვართ რამე ვიღონოთ ამ უბედურების თავიდან ასაცდენად. უნდა ვიღონოთ ამ უბედურების თავიდან ასაცდენად. უნდა ვიზრუნოთ და რაიმე ღონისძიება გამოვნახოთ, რომ ერთის მხრივ შეკაბეული იქნას ხალხი და მეორეს მხრით უკან დაწეული იქნას ჯარი, რომელიც ხალხის პირისპირ სდგას და განადგურებას უქადის. ეს ძალიან საშური და ყოველმხრივ ასაწონ დასაწონი საქმეა, თორემ რამდენისამე დღის შემდეგ, ვინ იცის, იქნება გვიანიც იქნეს და ყველანი ან საფლავში ჩავიდეთ ან ძაძებით შევიმოსნეთ.


კრება გურიის შესახებ

ტფილისის გუბერნიის თავად- აზნაურთა მარშლის თანამდებობის აღმასრულებელმა ა. ი. ჯამბაკურ-ორბელიანმა დღეს შუადღის 12 საათისათვის, მოიწვია ტფილისის რამდენისამე დაწესებულებისა და პრესის წარმომადგენელნი გურიის დღევანდელს მდგომარეობაზე მოსალაპარაკებლად. თუმცა კრება დღეისათვის იყო დანიშნული, მაგრამ ხალხმა ვერ მოითმინა გუშინვე მოითხოვა კრების მოხდენა. მარშალს კაცი გაუგზავნეს უთუოდ მოდიო, რადგანაც გურიას გარს ჯარი ახვევია, კიდევ მრავალი იგზავნება და შესაძლებელია მხარე გაანადგურონ და მიწასთან გაასწორონო. თავ. ორბელიანი დაუყოვნებლივ გამოცხადდა, სიხარულით მიეგება ხალხის სურვილს და კრება დაიწყო. საკრებულოს დარბაზი მთლად გაიჭედა. მათ შორის იყვნენ წარმომადგენელნი სამღვდელოებისა, გურიისა, სამეგრელოსი, ქუთაისისა და სხვ. ერთმა ორატორმა სთქვა: გურია ძალიან გაჭირვებულია; გარს ჯარი ახვევია. დაწვრილებითა და დარწმუნებით არა ვიცით რა, მხოლოდ ცუდი მაბები მოგვდის, ამასვე გადმოგვცემს აგრეთვე დეპეშებიც. მოცდა აღარ შეიძლება. დღესაც გაჰგზავნე ორი პოლკი; უნდა ვიღონოთ რამე, რომ ეს ჯარი უკანვე დავაბრუნებინოთ. ვთხოვ საზოგადოებას დეპუტაცია გავუგზავნოთ ნამესტნიკს და ვთხოვოთ, ჯარი უკანვე დააბრუნოს და ყოველი ღონისძიება მივიღოთ გურიის დასამშვიდებლად.

ამ წინადადებას ბევრი ორატორი დაეთანხმა და შემდეგი დაუმატეს: სთხოვონ აგრეთვე სულთან კრიმ-გირეის, მალამასა და ვიტტეს, რომ ამ საქმეში დახმარება აღმოუჩინონ. ერთმა ორატორმა სთქვა: უთუოდ სულთან კრიმ-გირეი უნდა იქმნეს იქ გაგზავნილი და საქმეს მხოლოდ ის გააკეთებს ჩვენის დეპუტაციის დახმარებითაო. ზოგმა განაცხადა, დეპუტაციით ვერას გავხდებით, პირდაპირ აშკარად შევატყობინოთ ნამესტნიკს, რომ, თუ იქიდან ჯარს არ გამოიყვანს, ჩვენ და სულ ყველანი იარაღით წავალთ და ჩვენს სისხლსაც იქ დავღვრითო. „უნდა მოვიმხროთ, - სთქვა ერთმა ორატორთაგანმა, - ყველა წარმომადგენელი სხვადასხვა ქალაქებისა და დაწესებულებისაა, რომ ისინი ამ საქმეში ბეჯითად დაგვეხმარნენ იმ დრომდის მაინც, ვიდრე მომავალი პარლამენტი გამოარკვევდეს, თუ რა უნდა მიენიჭოს ყოველ ცალკე კუთხეს რუსეთისას და მთელს სახელმწიფოს. კიდევ დაუმატეს აგრედვე, რომ, თუ ნამესტნიკმა არ შეიწყნარა დეპუტაციის თხოვნა, მაშინ მიმართონ ვიტტეს და თვით ხელმწიფეს. ხანგრძლივის კამათის შემდეგ, ამორჩეულ იქმნა დეპუტაცია  შემდეგის პირებისაგან: ტფილისის გუბერნიის მარშლის მაგიერი თავ. ა.ი. ჯამბაკურ-ორბელიანი, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გიორგი (ახლად დანიშნული), ტფ. ქალაქის მოურავის მოადგილე თავ. ე.ნ. ჩერქეზიშვილი, თ. ვ.ს. მიქელაძე, უგან. თავ. მ. ა. გრუზინსკი, თავ. ვ.გ. მაჩაბელი, გურიის თავადები პეტრე და ალექსანდრე ერისთავები და დ.ზ. სარაჯიშვილი. ეს დეპუტაცია დღეს, 29 ოქტომბერს, წარუდგენა ნამესტნიკს და წარუდგენს თავისს შუამდგომლობას.


ქუთაისიდან გვატყობინებენ, რომ ის ამბავი ვითომდა გურულების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები მიღებული ყოფილიყოს, მართალი არ არის. ხალხის დასამშვიდებლად გურიაში გუბერნატორი სტაროსელსკი წასულა.

ივერია N 193, 30 ოქტომბერი

ვისი „დაპყრობა“ უნდათ?

ჩვენი ეჭვი გამართლდა, - გამართლდა ჩვენდა სასიამოვნოდ და სასიხარულოდ: ის ხმები, რომ გურია აჯანყდა და ჯართან პირისპირ საბრძოლველად გამოვიდაო, არ გამართლდა - ეს ხმები ძალზე გაბერილი და გადაჭარბებული გამოდგა. ქუთაისის გუბერნიის მმართველი ალ. ყიფშიძე ოფიციალურად აცხადებს, რომ გურიაში არავითარი აჯანყება არ მომხდარა, - მოხდა მხოლოდ პატარა შეტაკება მოდარაჯე კაზაკების რაზმთან, რომლის მსგავსი თითქმის ყოველდღე ხდება სხვაგანაც. გასკდა და გაჰქრა ის ბუშტი, რომელშიაც გურიის პოლიტიკური აჯანყების ამბავი იყო გამოხვეული და ცხადად გამომჟღავნდა, რომ ადმინისტრაციას რწყილი აქლემად დაუსახავს და ჩვეულებრივი შეტაკება ცეცხლ-ანთებულ აჯანყებად მოსჩვენებია. 

ეს ასეა, მაგრამ საქმე ეხლა ის არის, თუ რა გზას დაადგება და რას მოიქმედებს კავკასიის უმაღლესი მთავრობა. ჯარი უკვე გაგზავნილია გურიისაკენ და კიდევ გაგზავნასაც აპირობენ. მაგრამ ვის წინააღმდეგ, ვის დასაპყრობად და დასამორჩილებლად? გურიას არავითარი დაპყრობა არ ეჭირვება, რადგან იგი არავის არ განშორებია და არც უფიქრია განშორება და განცალკევება. ეს აზრი შეთხზეს და გავვრცელეს ზოგიერთ ბობოლა ბიუროკრატებმა, რომელნიც შემთხვევას უთვალთვალებენ, რომ ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის ხმარება რაიმე საბაბით მაინც დაასაბუთონ და გაამართლონ; მათ სურთ ხალხს უჩვენონ ჯარის ძალა და მზად არიან გაიხარონ, თუ ამისთვის ცოტანი მაინც შესაფერი შემთხვევა მიეცემათ.

მაგრამ თვითონ მთავრობა? რას ფიქრობს იგი, ვითარცა უმაღლესი ორგანო ჩვენი ქვეყნის მართვა-გამგეობისა? სურს მას სისხლი დაღვაროს და გურია ამოსწყვიტოს მხოლოდ იმისთვის, რომ მისი შვილები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, - იმ თავისუფლებისთვის, რომელიც დღეს უკვე ხელმწიფის მანიფესტით შეურყველ კანონად არის აღიარებული? თუ, პირიქით, იგი გულწრფელად მსურველია, როგორადაც არა ერთხელ გამოუცხადებიათ, ხალხის დამშვიდებისა და ამიტომ სწადიან ფაქტიურად ცნობა  იმ მოქალაქეობრივ პირობებისა, რომელშიაც არის შესაძლებელი და მოსალოდნელი კულტურულ ცხოვრების ნორმალური მსვლელობა და განვითარება?

ამ საკითხზე შეურყეველ პასუხს მოგვცემს ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს მთავრობა გურიის შესახებ. გურია არ აჯანყებულა, - მაშასადამე, საჭირო არაა მის „დასაპყრობად“ ჯარის გალაშქრება და გურიაში საომრად წასვლა. ყოველი ადმინისტრატორი, რომელსაც გულწრფელად სწადიან მანიფესტითაც აღთქმულ ძირითად რეფორმის განხორციელება, უნდა ცდილობდეს, რომ ეხლანდელ საზოგადო აღელვების ხანაში ჯარი და ხალხი ერთმანეთს არ შეაფეთოს და ტყვილა-უბრალოდ სისხლის ღვრა არ გამოიწვიოს. ხალხისა და შეიარაღებულ ჯარის ერთი მეორის წინ დგომა დღეს ჰქმნის ისეთ მდგომარეობას, რომელსაც პატარა ნაპერწკალი ეჭირვება, რომ იფეთქოს და დიდ ცეცხლად გადაიქცეს. ამიტომაც, ჯარის გაგზავნა გურიაში, თუნდაც ამ ჯარმა პირველადვე განუკითხავად სროლა და სოფლების აკლება არ დაიწყოს, არა თუ ხელს არ შეუწყობს მშვიდობიანობის დამყარებას, არამედ, პირიქით, გაამწვავებს საქმეს და შესაძლებელად გახდის იმ უბედურებას, რომელსაც ყოველი გონიერი ადამიანი უნდა უფრთხოდეს.

ამიტომ აუცილებლად საჭიროა, რომ მთავრობამ უკანვე გააბრუნოს ის ჯარები, რომლებიც გურიაში გაგზავნეს და გურიიდან გამოიყვანოს ის სამხედრო ძალაც, რომელიც ამჟამად იქ არის. აი, ეს მდგომარეობა უნდა აუხსნას საბუთიანად ნამესტნიკს იმ დეპუტაციამ, რომელიც , როგორც გავიგეთ, მას უნდა წარუდგეს.

ეს იქმნება ცდა საქმის მშვიდობიანად მოგვარებისა. თუ ეს ცდა ფუჭად ჩაივლის, ამასაც მალე დავინახავთ ყველანი და მაშინ გარემოების მიხედვით მოვიქცევით...



ბათუმის ქალაქის მოურავმა ამ დღეებში კავკასიის ნამესტნიკს შემდეგი დეპეშა გაუგზავნა: ,,ბათუმის ქალაქის საბჭომ განიხილა ბათუმის დღევანდელი მდგომარეობა და ერთხმად დაადგინა, აღძრან შუამდგომლობა თქვენს წინაშე, ნება დართოთ ბათუმის მცხოვრებთა დელეგატებს, გურიაში წავიდნენ და ხალხი დაამშვიდონ. გთხოვენ ნუ მიიღებთ რეპრესიულ ზომებს, რადგან ყველას იმედი გვაქვს, ხალხი თავის თავად დამშვიდდება, 17 ოქტომბერის უმაღლესის ბრძანების გამო, ჩემის მხრივ გთხოვთ დააკმაყოფილოთ საბჭოს შუამდგომლობა და ქლაქ ბათუმს ახსნათ სამხედრო წესები, რადგანაც მხოლოდ ეს საშუალება დაამშვიდებს ხალხს და ცხოვრება თავის კალაპოტში ჩადგება

გურიიდან დაწვრილებით დეპეშით იტყობინებიან ჩოხტაურში მომხდარ ამბებს. 16 ოქტომბერს 300 გურული დასცემია კაზაკების პოსტს, მოუკლავთ ერთი, დაუჭრიათ ორი. წაურთმევიათ ათი ბერდანის თოფი; მეორე დღეს დაუტუსაღებიათ ბოქაული გაგუა და რამდენიმე სტრაჟნიკი. ამასთანავე წაურთმევიათ თოფები და პატრონები. 19 ოქტომბერს ჩოხატაურიდან დაბრუნების დროს მაზრის უფროსს ჩასაფრებიან გზაზე და კაზაკებისათვის დაუშენიათ თოფი და ყუმბარა, დაჭრილა რამდენიმე კაზაკი ხოლო ექვსი გურულებს ტყვედ წაუყვანიათ



ურიის შესახებ

დღეს სიტყვა, მიტინგი, კრება კანონიერია და იმავე დროს უკანონოა. ხალხის ცნობიერებაში, დიდი ხანია, კანონიერია მიტინგების, კრებების, სიტყვის თავისუფლება; ხალხის ცნობიერებით დიდი ხანია კანონიერია აზრი, აზროვნება, აზრის გამოთქმა, მოძრაობა, სიცოცხლე, თავისუფლება! მაგრამ ასე არ ფიქრობს ძველ რეჟიმის ბნელი ძალები. 17 ოქტომბრიდან ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება; 17 ოქტომბრიდანვე თავისუფლება აკრძალულია; თავისუფლება არსებობს და არც არსებობს! 17 ოქტომბრიდან ჩვენ მოვიპოვეთ ადამიანისა მოქალაქის მცირეოდენი ელემენტარული უფლებანი; 17 ოქტომბრიდანვე, ისე, როგორც წინად, უფრო უარესად, ვიდრე წინად, ჩვენს სიკვდლ-სიცოცხლეს განაგებენ კაზაკები, დრაგუნები, სალდათები, ჯარები. ძველ რეჟიმის მძიმე უღელი დაიმტვრა, მაგრამ მისგან დაჭრილ-დასერილი ჩვენი ბეჭები ჯერ კიდევ არ გამთელებულა. ძველი რეჟიმი დაინგრა, მაგრამ მისი ნაშთები და ნანგრევები მწვავე ჭრილობებით გვისერავს ხელ-ფეხს. ჩვენ ისევ გვიხდება კლდე-ღრეებსა და ვიწრო ბილიკებზე სიარული, არსად ვხედავთ ფართოდ გადაშლილ გზა-ტკეცილებსა, არსადა ვხედავთ ფართო აზპარეზს გავშალ გავჭიმოთ შავ-ბნელის დროით დახუთული ჩვენი კუნთები; არსადა ვხედავთ ფართო სივრცესა განვავითაროთ ჩვენი ძალ ღონე; ჰაერი ისევ გვეცოტავება; ჰაერი ისევ მოწამულია; თავისუფლების პირველი სხივი თითქოს ვერ აპობს წყვდიადის სისქეს. რეაქცია კი, სასიკვდილოდ ლახვარ-დასმული გარშემო იკრებს ბნელეთის ძალებს და, იარაღით დარაზმულები, ჩვენკენ ილტვიან, რომ გამოგვტაცონ პირველი სხივიც.

დიაღ, 17 ოქტომბრიდან ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, მაგრამ 17 ოქტომბრიდანვე თავისუფლება სისხლით გაბასრული დაიარება იმპერიის ყველა კუთხეში. 17 ოქტომბერს შემდეგ იმპერიის თითქმის ყველა კუთხეში საზარელი სისხლის ღვრაა; 17 ოქტომბერს შემდეგ გოლოვინის პროსპექტზე საზარელი, ჯოჯოხეთური სისხლის ღვრა მოხდა; 17 ოქტომბერს შემდეგ, ჯერ კიდევ გვაღრჩობს ეგზეკუცია; 17 ოქტომბერს შემდეგ გურია განსაცდელშია!

ძველ რეჟიმის ძალა, ყარყუმის სამოსელში გამოხვეული, სასიკვდილო ლოდად გადასწოლია ჩვენი ქვეყნის უძირფასესს და სწორუპოვარ კუთხეს. კონტრ-რევოლუციის ძალები გარს შემორტყმიან წამებულ გურიას ბეჯით გადაწყვეტილებით: აღარ დასტოვონ ქვა-ქვაზე, აღარ დასტოვონ სიცოცხლის ნიშან-წყალი, აღარ დაანახონ მზის სხივი არც ერთ გურულს. მკვირცხლი და ენერგიული სიცოცხლე, გაალმასებულ გრძნობა-გონების მექონი, საარაკო ვაჟკაცობა-გმირობით აღსავსე გურია სისხლით არის დღეს გაბასრული. კაზაკები, ჯარები, თოფ-ზარბაზნები განადგურებას უპირობენ საოცნებო მარგალიტს. სასიკვდილო ლახვარსა სცემენ ბუნების მშვენებას. პატარა გურია მარტო სდგას, სასიკვდილოთ უნდათ გასწირონ იგ; და რა ჩაიდინა მან საამისო? მხოლოდ ის, რომ დაჰგმო მონობა და შეიყვარა თავისუფლება. მან პირველმა აისხა საომარი აბჯარი და პირველმა დაჰკივლა მედგრად ქვეყანას: სიკვდილი ან თავისუფლება!

გურულებმა „ზურგი აქციეს ძველ ადათ-წესებს-ჩამოიბერტყეს ფერხთ მისი მტვერი“; იმათ უარჰყვეს ძველი რეჟიმი, იმისი ყველა დაწყებულება და გაამეფეს თავიანთ შორის თვისი კანონი და სამართალი; რაკი იგემეს ახალ აზრების და ერთობისა მნიშვნელობაი, უხვად ჰამრტავდნენ კრებებს, მიტინგებს და ჰქადაგობდნენ ახალ წესებსა. და, აი, ამისათვის ჯერ ისევ წარსულ გაზაფხულს მოიწადინეს გურიის განადგურება, მაგრამ, შემთხვევით, ისევ შეჩერდნენ.

სრულიად შემთხვევით უმაღლესს ადმინისტრაციაში აღმოჩნდა ასეთი კაცი, როგორიც არის სულთან კრიმ გირეი. ამან აირჩია, ვიდრე სასტიკ განზრახულებას სისრულეში მოიყვანდნენ, ჯერ გაეგოთ, რაში იყო საქმე, რას თხოულობდა გურია; გამოძიებამ აღმოაჩნა, რომ გურია თხოულობდა სწორედ იმას, რასაც ევლტოდა და თხოულობდა მთელი მოწინავე, პროგრესიული რუსეთის იმპერია; მაშასადამე, გურიის განადგურება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი იმპერია სისხლის ღვარებად, ძვლების აკლდამად გადაიქცეოდა. იმან არჩია დაეცადნა, ვიდრე იმპერიის განმათავისუფლებელი მოძრაობა გაირჩეოდა. ვიდრე ეს მოძრაობა ცხოვრებაში ერთ რაიმე დასკვნას აღმოაჩენდა .

ამნაირად გურიას ერთხანად ერგო სიცოცხლე, და მთელი ეს დრო გაცხარებული ემზადებოდა.

როცა წარსულ კვირეებში მოსკოვ-პეტერბურგიდან მოვიდა ცნობა მოწინავე რუსეთს გადაუწყვეტია საერთო პოლიტიკური გაფიცვაო, მთელი გურია, როგორც ერთი კაცი, ერთის სულით გადანასკული, ერთი გრძნობით, ერთი აზრით გამსჭვალული, მყისვე გაიფიცა.

ეხლა კი რეაქციამ დრო მარჯვედა სცნო განზრახულების აღსასრულებლად. გაგზავნილია კაზაკები, ჯარები, არტილერია. ცეცხლსა და მახვილს უნდა მისცენ ჩვენი ქვეყნის წალკოტი კუთხე!

მტერი მრავალია. პატარა გურია მარტო სდგას!

მოქალაქენო, ვინ არის გურია? ვინა ვართ ჩვენ? გურია იბრძვის თავისუფლებისათვის, გურია იბრძვის ადამიანობისათვის, დათუ ადამიანობა ჩვენც გაგვაჩნია და ჩვენც ვაფასებთ თავისუფლებას, გურიის ჭირი, გურიის ლხენა, ჩვენი ჭირი და ჩვენი ლხენაა, გურიის საქმე ჩვენი საქმეა, გურიის სიკვდილი და სიცოცხლე - ჩვენი სიკვდილ-სიცოცხლეა! ნუ თუ გულგრილად დავუწყებთ ცქერას, თუ როგორ გასრესენ ადამიანობისათვის, თავისუფლებისათვის მებრძოლ მოწინავე რაზმს - გურიას?! არა და არა!

მაშ, მჭიდროდ შემოვკრბეთ და გავუწოდოთ მეგობრის ხელი ჩვენს ძმას - გურიას! რუსეთის იმპერია, რომელიც კი მგრძნობელობს, ფიქრობს, აზროვნობს და ებრძვის რეაქციას, მთელი ეს იმპერია ჩვენთან არის!

ისტორიამ ჯერ არ იცის ისეთი ძალა, რომ შეიძლებოდეს ამგვარ ერთსულობით ანთებულ რევოლუციონურ ცეცხლის ჩაქრობა! გამარჯვება ჩვენია!

დადგა ჟამი, მოვიკრიბოთ მთელი ჩვენი ძალ-ღონე, მთელი ენერგია მხნე, მედგარ საქმიანობა მოქმედებისათვის. მოქმედების საგანია ხალხის მიერ მოპოვებულ და მანიფესტითაც აღიარებულ უფლებათა განმტკიცება და გაფართოვება, რომ ხალხი იყვეს თავისი თავის ბატონ-პატრონი, თავის სვე-ბედის გამომჭედი და გადამწყვეტი.

ვლ. დარჩიაშვილი

ამ დღეებში ქუთაისის გუბერნიის მმართველმა ბ ნმა ყიფშიძემ აუწყა მთელს ქვეყანას, - გურიის ამაბები გადამეტებულიაო და ადმინისტრაცია არავითარ რეპრესიულ ღონისძიებას არ გაატარებსო, ამას აცხადებს საგუბერნიო ადმინისტრაციის სათავეში მყოფი ოფიციალური კაცი და ჩვენ გაგვიხარდა და ვფიქრობდით, რომ კავკასიის უმაღლესი მთავრობა ამის შემდეგ რეპრესიულ ზომებს აღარ მიიღებდა გურიის წინააღმდეგ.

მაგრამ მოლოდინს არ ამართლებს ნამესტნიკის უკანასკნელი ოფიციალური ბრძანება, რომელიც ჩვენ აქვე სიტყვა-სიტყვით მოგვყავს:

კავკასიის სამხედრო ოლქის ბრძანება N299




 გ უ რ ი ა 

„ფონი გასავალს დალოცეო“! - ასე ამბობენ ჩვენში. თუმცა ანდაზები ხალხის სიბრძნის გამომხატველია, მაგრამ ჩვენ ხშირად გავურბივართ ასეთ სიბრძნეს და მით არ ვხელმძღვანელობთ. მართლაც და, სად იყო ეს ანდაზა იმ დროს, როცა მთელი ტფილისის საზოგადოება: დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა დავრბოდით „წყალობით გახარებულნი. ამ დროს ჩვენს გულში ოპტიმიზმი არა თუ სჭარბობდა პესიმიზმს, არამედ სრულ გამარჯვებასაც დღესასწაულობდა. ამ დროს ყოველივე დავივიწყეთ, გარდა საკუთარის თავისა. დავივიწყეთ ისიც, რომ „გამოგლეჯილ“ თავისუფლების ნაფლეთს ერთის მხრით ჩვენ ვეწევით, ხოლო მეორე მხრით მთელი გროვა ბნელი ძალებისა“. და თუ ოდნავ მაინც ხელი შევუშვით ამ ნაფლეთს, ბნელი ძალები გადაგვწონიან და თავს ბნელეთში გვიკრავენ.

ამიტომაც ... დრო შეგვირჩიეს და ...პირველ გიმნაზიის შენობაში ნადიმი გადაიხადეს. ეს ასეც უნდა მომხდარიყო. რუსეთის ყველა ქალაქებში დაწიოკებულ ებრაელების წივილ-კივილი მთელ დედამიწას მოედო. ბაქოში, ერევანში და განჯაში კვლავ განახლდა ძმათა სისხლის ღვრა. დარჩა ტფილისი. აქ ვერს სომხების და თათრების ხოცვა-ჟლეტა გამოიწვიეს და ვერც სომეხთა და ქართველთა აწიოკება. განა საზოგადოების ნაძირალთათვის სირცხვილი არ იქნებოდა, რომ აქ მშვიდობიანად ჩაევლო ხალხის გამარჯვების დღესასწაულს? ოღონდაც, რომ იქნებოდა!

იმ დროს, როცა ასეთი საზარელი სურათი წინ გვიდგას, გურიიდან საოცარი ცნობები მოდის, რომლებიც დანამდვილებით გვიმტკიცებენ, რომ გურია განსაცდელშია. დღითი-დღე ყოველ მხრიდან ჯარსა გზავნიან გურიაში ხალხის დასამშვიდებლად. რა ამბავია? რა მოხდა? რამ შეაძრწუნა ასე ადგილობრივი მთავრობა?

მოხდა ის, რაც უნდა  მომხდარიყო!

დიდი ხნის გამოღვიძებული გურულები ჩქარებულის ფეხის ნაბიჯით მიექანებოდნენ საუკეთესო მომავლისაკენ და ყოველთვის, რაც მათ გზაზე ეღობებოდათ და მიზნის განხორციელებას ხელს უშლიდა, სპობდნენ, აქარწყლებდნენ, რა თქმა უნდა, კულტურული ზომებით, და არა ისეთით, რომელსაც სტიქიურად აჯანყებული მხარე ხმარობს ხოლმე! არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის ფრიად საგულისხმო და მეტად სასიამოვნო მოვლენა, რომ მთელ კავკასიაში გურიამ პირველად აანთო განახლების ლამპარი. აქედან ეს ლამპარი ცხოველმყოფელ შუქს ფენდა მთელ ახლო-მახლო მიდამოს. როგორც დაგვიანებულ მგზავრს შორს მბჟუტავი ცეცხლი იმედს ჰფენს: ჯერ ყველას არ სძინავს, შეიძლება მასპინძელი მღვიძარე დამიხვდესო, ისე გურიის ლამპარი სხვა ქვეყნების ტვირთმძიმეთ გულში იმედს უსახავდა და გამარჯვების იმედს უღვიძებდა.

დანთებული ლამპარი მოღუზღუზე კოცონად იქცა. ცეცხლი გაძლიერდა, ქარმა დაჰბერა და ახლო-მახლო სოფლებს მოსდო. გამოიღვიძა სამეგრელომ, თვალი მოიფშვნიტა იმერეთმა, დაიძრა დინჯი რაჭველი, მასვე აჰყვა ქართლ-კახეთი, ქიზიყი და სხვები. ყველას მოსწყურდა თავისუფალი ცხოვრება. „ან სიკვდილი, ან თავისუფლება!“ - აი დროშა, თავისუფლების მწყურვალეთა. ამ დროს ქალაქებში ხომ გაცხარებული მუშაობა იყო გამართული ხალხის გასათვითცნობიერებლად. მთელ ცხოვრებას რაღაც არა-ჩვეულებრივი ელფერი დაედო. ყველა რაღაცას ელოდა, რაღაცასთვის ემზადებოდა. რუსეთის შიდა გუბერნიებიდან ერთიმეორეზე მოდიოდა ამბავი: აგრარული მოძრაობა ელვის სისწრაფით ედება რუსეთის სოფლებსო.

რას შვრებოდა ამ დროს გურია? ნუ თუ ის ხელს ითბობდა ჩაფერფლილ კოცონზე? არა, არა და ათასჯერ არა! გურულები ზედის-ზედ უმატებდნენ კოცონს და ცეცხლს აძლიერებდნენ. გულის ფანცქალით უსმენდნენ გაზეთის მკითხველთ და, როცა გაიგებდნენ, რომ ზოგიერთს კუთხეში ჯერ კიდევ ჩუმად ზის ხალხიო, სიბრაზისაგან წამოიძახებდნენ: „ რა ქნეს იმ ოჯახაშენებულებმა, იძნეს ამდენ ხანს თუ? ჩვენ წუნწუბასავით ვართ ყველაი, ერთი გაჰკარი სფიჩქა და აინთება; თუ ამდენი გვაცდიეს, არ ვიცით, რას ვიზამთ. ქე მაინც მომსწრებოდა, რაცხა რევოლუციაა, თუ ჯანდაბაა; ჯავრს ქემაინც ვიყრიდი ერთს და მერმე, თუ მოვკდები, აღარ ვჩივი. სირცხვილში ვართ, თვარა სხვას ვინ ჩივა: გლანძღავენ, გათრიაქებენ, შენს ქალ-ბაღანას ზრუგზე საქალამნე ტყავს აძრობენ. შენ დეიდევი ზურგზე ხელი და უყურე. ერთსა და ორს, წავხდი, როვა შევარჩენ, პრასასავით წავკინტრავ თავს, მარა სხვებს ააოხრებენ ჩემს პირობაში და მაგის მეშინია!“

დიაღ, თავმომწონე გურული, რომელიც დღემდე უბრალო სიტყვით შეურაცხყოფისათვის სასტიკად გაუსწორდებოდა მოპირდაპირეს, დღეს ფიზიკურ სასჯელსაც ითმენს, რადგან კარგად ესმის, რომ უდროვოდ დაწყებული მოქმედება, მოუფიქრებლად გადადგმული ნაბიჯი საერთო საქმეს ხელს შეუშლის და კაცობრიობის იდეალს შეაფერხებს. ამიტომაც უცდის იმ დროს, როცა მთელი რუსეთი ფეხზე წამოდგება და მედგარი ხმით დასჭექს: „ჩამოდექით, მტარვალნო, გზა მოგვეცით! ხელ-ახსნილი პრომეთეოსი მობრძანდება, იუპიტერო, პირქვე დაეცი და თაყვანი ეც მას!“

ამ სანეტარო დროს უცდიდა გურია! უცდიდა და თანაც ცდილობდა, სხვებს უკან არ ჩამორჩენოდა და სირცხვილი არ ეჭამა, ვინაიდან გურულის აზრით, სირცხვილს სიკვდილი ბევრად სჯობია. რაში გამოიხატებოდა გურიის მზადება? ორნაირი მზადება იყო გურიაში: იდეური და სამხედრო. პირველს ხელი შეუწყო ბათუმის ქარხნების დახურვამ. გურული მუშები ათასობითმოედო სოფლებს და თავის მოძმის გათვითცნობიერებას შეუდგა. შესდგა წრეები თითქმის ყველა სოფელში, სადაც საღამო-საღამოობით მოწინავე მუშები უკითხავდნენ გლეხებს საპროპაგანდო წიგნაკებს და ფურცლებს და ამით მათ გონებრივ გორიზონტს აფართოებდნენ. იმართებოდა ძალიან ხშირად კამათი სხვადასხვა პარტიების და ფრაქციების წარმომადგენლებისაგან, სადაც ყველა: განურჩევლად ქოდებისა, სქესისა, აქტიურ მონაწილეობას იღებდა. თითქმის ყოველ კვირა-უქმე დღეზე ეკლესიის გალავანში სოფლის კრება იყო გამართული. ამ კრებაზე ირჩეოდა მთელი ის საქმე, რომელიც დღემდე ადმინისტრაციას ებარა. ასეთს კრებაზე ხშირად შეხვდებოდით ხოლმე სოფლელს, რომელიც გაგაოცებდათ მჭევრმეტყველობით და ლოღიკურ მსჯელობით. რა თქმა უნდა, ასეთი დაწესებულებანი პოლიტიკურად სწვრთნიდა ... რომ მიზნის განსახორციელებლად მარტო იდეური ბრძოლა არ კმარა. ჩვენი მოპირდაპირე უკანასკნელი სისტემის იარაღით არის აღჭურვილი, მაშასადამე ძლიერ ძალას წარმოადგენს. ძალას კი ძალამ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა. ამიტომაც იყო, რომ გურულები სამხედრო ძალასაც იძენდნენ. ადგენდნენ მოწინავე რაზმს, რომელიც პირველ შემთხვევაზევე მზად იქმნებოდა მტერს გამკლავებოდა. ასეთს რაზმებში დიდის სიხარულით ეწერებოდნენ როგორც ახალგაზრდა, ისე ჭაღარა გარეულებიც. არა ერთხელ გამართულა გურიის ტრიალ მინდვრებში შეიარაღებული მიტინგი, სადაც მოწინავე რაზმი ხალხს იცავდა კაზაკების თავდასხმისაგან.

ასეთ გაცხარებულ მუშაობაში იყო გურია, როცა რუსეთში დიადი საერთო გაფიცვა დაიწყო. ამ გაფიცვას მხარი დაუჭირა კავკასიამაც. გაფიცვის ალი გურიასაც მოედო. შეწყდა ყოველივე კავშირი სხვა ქალაქებთან, დარჩა განმარტოებული გურია. მისი აზრით, რუსეთში რევოლუცია უკვე დაწყებული იყო, კავკასიაც უთუოდ ბანს მისცემდაო, იფიქრეს გურულებმა და შეუდგნენ მოქმედებას. საბაბიც მალე გამოჩნდა.

დაბა ჩოხატაურში მრავალრიცხოვანი მიტინგი ყოფილა გამართული. კაზაკებს ხალხის დასაშლელად თოფები გაუსვრიათ და რამოდენიმე მოუკლავთ, რამოდენიმეც დაუჭრიათ. გურულები ასეთს შეურაცხყოფას, შეიძლება, სხვა დროს კი აიტანდნენ, მაგრამ დღეს მოთმინების ფიალა აევსოთ და სისხლის აღებას შეუდგნენ. იმ ღამესვე გამოსჭრეს ყელი რამოდენსამე კაზაკს და დანარჩენიც დაატყვევეს და იარაღი აჰყარეს (როგორც ამბობენ, სულ 120 კაზაკი ყოფილა დაბა ჩოხატაურში). რა კი ასეთი გაბედული და მასთან სახიფათო ნაბიჯი გადადგეს, შეუდგნენ სხვა პოზიციების აღებას და გამაგრებას. დაიპყრეს სადგური ნატანები, სუფსა, ქობულეთი და სხვა. ასე გვიამბო მოსულმა გურულმა.

როგორც გადმოგვცეს, 17 ოქტომბრის მანიფესტზე გურიაში დღესაც არაფერი იციან. მაშინ, როცა აქ ქუჩებში „მარსელიეზას“ და „დუბინუშკას“ გაჰკიოდნენ, ამ დროს ჩვენი მამები, ძმები და დები მოკლულთ, დასახიჩრებულთ დასტიროდნენ. იმ დროს, როცა ჩვენ სიხარულის ცრემლებით ვაპოხიერებდით ტფილისის ქუჩებს, ჩვენი დედები და დები, ვინ იცის, რამდენ ნაღვლიან ცრემლებს აპკურებდნენ დაღუპულ გმირ მებრძოლთ! დიაღ, გურულებმა არ ის იცოდნენ, რომ რუსეთში რეაქცია მძვინვარებს და ლამის ყოველივე წაგლეჯილი თავისუფლება დაიბრუნოს და ძველებური პარპაში განაგრძოს! ყოველივე ეს გურულებს რომ სცოდნოდათ, ასეთ სახიფათო ნაბიჯს როდი გადასდგამდნენ.

რითი უნდა დასაჯონ ისინი ასეთი უცოდინარობისთვის? რითი და ურიცხვი ჯარით! გურიას ალყა შემოარტყეს. ტფილისიდან აუარებელი ჯარი გაგზავნეს და გზავნიან.

რა ჩაიდინა გურიამ ისეთი, რაც სხვა მხარეს არ ჩაედინოს? არაფერი! განა სხვა მხარეებში კაზაკები არ დაუხოცნიათ, განა იარაღით ხელში პოლონეთი არ აღსდგა, განა ფინლანდიამ გურიაზე გაბედული ნაბიჯი არ გადასდგა? დიაღაც, რომ კი! შეიძლება გურულების მოთხოვნილება ძირიანად განსხვავდებოდეს სხვა მოწინავე ქვეყნების მოთხოვნილებისაგან? ვნახოთ, რა მოითხოვა გურიამ იმ დროს, როცა სულთან კრიმ-გირეი გურიაში მოგზაურობდა.„ჩვენი მოთხოვნილება გამოიხატება მხოლოდ სამი სიტყვით: ჩვენ გვინდა პური, სამართალი, და თავისუფლება; ჩვენ არ გვაქვს არც ერთი, არც მეორე და არც მესამე“ - ამბობს ხალხის დეპუტატი. „ჩვენ კერძოს არაფერს არა ვთხოულობთ. ჩვენსავით გაჭირვებულია ასი მილიონის რუსეთის ხალხიც. ჩვენ მოვითხოვთ სახაზინო, საეკლესიო და საუფლისწულო მიწების გლეხების საკუთრებად აღიარებას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენშიაც ისე მოეწყოს საქმე, როგორც სხვაგან არის, ე.ი. თექვსმეტ წლამდის სწავლა უფასო და სავალდებულო იყოს ორივე სქესისთვის, წოდების და ეროვნების განურჩევლად. ამას გარდა საშუალო და უმაღლესი სასწავლებელიც რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის; ჩვენ მოვითხოვთ კრების თავისუფლებას, პიროვნების და ბინის ხელშეუხებლობას, გაფიცვის თავისუფლებას და უდანაშაულოდ დასჯილთა განთავისუფლებას. ჩვენ მოვითხოვთ მუდმივი ჯარის გაუქმებას და სახალხო მილიციის დაარსებას და, თუ საჭირო იქნება მტრის მოგერიება, ყველანი მზად ვიქნებით უკანასკნელი სისხლის წვეთამდის ვიბრძოლოთ. ჩვენ ვთხოულობთ წოდების მოსპობას და კაო~ნონის წინაშე ყველა მოქალაქის გათანასწორებას. უნდა იყოს მოქალაქე და არა ვინმე განსაკუთრებული წოდება. ვის შეუძლიან აგვისრულოს ყველა ჩვენი მოთხოვნილება? ნუ თუ იმ მთავრობას, რომელიც ჩვენ ყოველი მხრიდან გვავიწროებს და რომელმაც დაკარგა ჩვენი ნდობა? არა, მას არ შეუძლიან ჩვენი პატრონობა! ჩვენ თავს ისევ ჩვენ უნდა ვეპატრონოთ. ამისთვის ჩვენ მოვითხოვთ მოწოდებულ იქმნას დამფუძნებელი კრება ხალხისაგან არჩეული დეპუტატებით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭის ყრით. ეჰ! ვინ მოსთვლის რამდენი უსმართლობა დატრიალებულა ჩვენს თავზე! ვინ მოსთვლის ჩვენ გაჭირებას, ჩვენ შევიწროებასო!

„ჩვენ მოვითხოვთ, მესაკუთრე გლეხებისათვის უსამართლოდ წართმეულ ფულების დაბრუნებას. დროებით ვალდებულთა განტავისუფლებას უფასოდ, თავის ნადელიანათ. გადასახადის შემოსავლის კვალზე გაწერას. ფარული გადასახადების და ბაჟების მოსპობას, ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან. სიტყვის, ბეჭდვის თავისუფლებას, პასპორტის მოსპობას, „სადაც მე ვარ, იქ რაღა საჭიროა რარაც ნაწეწკვი ქაღალდიო - ოხუნჯობენ გურულნი. მოვითხოვთ ნაფიც მოსამართლეებს და სახელმწიფო მოხელეთა პასუხის გებას“...

აი, ის მოთხოვნილებანი, რისთვისაც დღეს გურიას ალყა შემოარტყეს და განადგურებას უქადიან! აი, ის მოთხოვნილებანი, რისთვისაც ადგილობრივ მთავრობას და გურიის ბნელ ძალებს სურთ ეს კავკასიის შვეიცარია ააოხრონ და ქვა-ქვაზე არ დატოვონ. განა ამ მოთხოვნილებებში უმთავრესი კი არ „გვიბოძეს“? მაშ რარას ერჩიან დღეს გურიას? მან ზედმეტი რა დააშავა? არაფერი! მაგრამ რევოლუციის ბუდე თუ არ დაიშალა, ისე რევოლუციას თავიდან ვერ ავიცდენთო - ბჭობენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი და ჯარს ჯარზე გზავნიან! ნუ თუ ნაჩქარები და სახიფათო არ იქნება თვით მთავრობისათვის ასეთი ნაბიჯი? ...გაანადგურებენ გურიას, გაანადგურებენ სხვა აყვავებულ მხარესაც, მაგრამ ერთხელ გაღვიძებულ აზრს კი ვერ ჩააქრობს ვერავინ! ჭეშმარიტი აზრი ის ზღაპრული გველეშაპია, რომელსაც თითო მოკვეთილი თავის მაგიერ ცხრა თავი ამოდიოდა...

მოქალაქენო, ნუ თუ ჩვენ გულზე ხელდაკრეფილი უნდა ვისხდეთ და შევსცქეროდეთ ასეთს საშინელებას?! არა, ჩვემ ხელი უნდა გავუწოდოთ განსაცდელში ჩავარდნილ გურიას. გურიის დამარცხება-განადგურება, ჩვენი დამარცხებაა და სოფლებში სრული რეაქციის გაბატონება. ჯერ არ არის გვიან... სისხლი მებრძოლ გურულთამოგიწევს თქვენ!
მ. მაკ-თელი


გურიის შესახებ გავრცელებულმა ხმებმა ქართველ საზოგადოებაში დიდი გულხმიერება გამოიწვია, რამდენიმე კრება გაიმართა სათავად აზნაურო საკრებულოში სხვადასხვა წრეთა წარმომადგენლებისა. სხვათა შორის კრბამ აირჩია დეპუტაცია, რომელიც გუშინწინ 30 ოქტომბერს ნამესტნიკს წარუდგა და სთხოვა, გაეჩერებინათ გურიაში ჯარის გაგზავნა და სამხედრო მოქმედებების დაწყება, რომელიც განზრახული ჰქონდა მთავრობას. დეპუტაციამ აგრეთვე სთხოვა ნამესტნიკს დაენიშნა ისეთი სანდო პირი, რემელსაც შეიძლება პირუთვნელად გამოეკვლია გურულების მოძრაობის ვითარება. ნამესტნიკმა თურმე უპასუხა დეპუტაციას, რადგაანც ჯარი უკვე წასულია, იმის გაჩერება შეუძლებელია და მხოლოდ ვუბრძანებ ოზურგეთის მაზრაში არ შევიდეს ჯარი და მოქმედება არ დაიწყოსო. ამასთანავე დაპირდა სანდო პირს გავგზავნიო. თქვენც თქვენის მხრივ ამოირჩიეთ რამდენიმე პირი, რომელნიც შეეცდებიან გურიაში აღძრული მოძრაობა მშვიდობით გათავდესო. როგორც გავიგეთ გურიაში ნამესნიკის მიერ იგზავნება გენერალი მალამა და ბ-ნი ვეიდენბაუმი. საზოგადოებამ კი თავისის მხრით გურიაში წასავლელად აირჩია ბ-ნი ექვთიმე თაყაიშვილი, პართენ გოთუა და ნაფიცი ვექილი დემიდოვი. მთავრობა თხოულობს: 1. გურულებმა სცნონ ადგილობრივი მთავრობა 2. ჯარის-კაცნი გაიყვანონ სამხედრო სამსახურში და 3, გაიღონ სავალდებულო სახელმწიფო გადასახადები.

ქუთაისიდან გვატყობინებენ, რომ ქუთაისის გუბენტორი ბ-ნი სტაროსელსკი, რომელიც როგორც ქუთაისის ვიცეგუბერნატორი ბ-ნი ალ. ყიფშიძე იუწყებოდა, გურიაში გაემგზავრა მცხოვრებთა დასამშვიდებლად, სამტრედიიდან უკანვე ქუთაისში, დაბრუნებულა 29 ოქტომბერს, რადგანც გზები გაფუჭებული ყოფილა და გზის განგრძობა ვეღარ მოუხერხებია

გურიაში გაგზავნილ ჯარებიდან გამოაირჩიეს ქართველი სალდათები და ტფილისში დასტოვეს.

„ვოზროჟ“,, დეპეშით ატყობინებენ, რომ გურიაში გაგზავნილი ჯარი ყვირილაში შეაჩერესო.

ნაგომარსა და ოზურგეთს შუა გურულებსა და კაზაკებს შეტაკება მუხდათ, მოკლულია 60 კაზაკი, გურული მოკლულია ერთი, დაჭრილია 3

გაზეთ ,,რუს,, - ში ბ-ნს ბოლქვაძეს დაუბეჭდია წერილი, რომელშიაც იწვევს რუსულ პრესას, დაეხმაროს საქართველოს ავტონომიის მოპოვებაში და მთავრობას ძალა დაატანოს, რომ გურიიდან ჯარები გამოიყვანოს
 
ცნობის ფურცელი, 1 ნოემბერი

გურიის სახალხო სასამართლომ ჩვენამდისაც მოაღწია და აქაც იჩინა თავი. ამ დღეებში ჯიბგირები ქუჩა-ქუჩა ატარეს სახედრებით. ამ ფაქტით შეძრწუნებული ჯიბგირები შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს, როგორ უშველონ თავიანთ საქმეს. ამოირჩიეს რწმუნებულნი, გააგზავნეს პროგრესულ პარტიებთან და შეუთვალეს, ჩვენ ამ ხელობით ვცხოვრობთ და სხვა ხელობას თუ თქვენ თვითონ არ გვიშოვნით, ვერ დავანებებთ ამ ხელობას თავსაო. ჯიბგირებმა დაადგინეს, სანამ ამ პარტიებიდან პასუხი მოვიდოდეს, ჯიბგირს თავი დაანებონ.

ოზურგეთი

აქ დაარსდა ყაზახთა მიერ დამწვარ-აოხრებულ გურულთა ოჯახების შემწე კომიტეტი, რომელსაც დაევალა შემოწირულობათა შეგროვება. კომიტეტის წევრებად არიან რაისა სოლომონის ასული თოხაძე, სოფიო ალექსანდრეს ასული თუმანიშვილი, ერმილე კაციას ძე ნაკაშიძე, ეკატერინე ყარამანის ასული მამულაიშვილი, გიორგი კონსტანტინეს ძე ჭოღოშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე. მსურველთ შეეძლოთ კომიტეტის ერთი წევრის სახელზე გამოაგზავნონ შემოწირულობა ქ. ოზურგეთშია

------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბატონო რედაქტორო

ჩვენ ტფილისის ფეხზე მოვაჭრეებსაც აღგვეძრა გულში სიბრალული და მოვიწადინეთ მებრძოლ და დაზარალებულ გურულთ მივაწოდოთ ჩვენი წვლილი 15 მანეთი. გაუმარჯოს გურულებს, რომელნიცა თავგანწირულად იბრძვიან თავისუფლებისათვის

ამხანაგების მინდობილობით დარჩო ღარიბოვი

------------------------------------------------------------------------------------------------------------

მღვდელმა ეპიფანი ჯაოშვილმა გადარიცხა 15 მანეთი

------------------------------------------------------------------------------------------------------------

გავიგეთ თუ არა გურულები დაზარალდნენ, შევაგროვეთ 20 მანეთი და 45 კაპ. და ვგზავნით ამხანაგების მინდობილობით დულია რევაზიშვილს დ ვლადიმერ კიკნაველიძეს

გიგზავნი 33 მანეთს ჩემს მიერ შეგროვებულს ჩვენ თანამოძმე გურულთა დასახმარებლად

ოლღა თოფურიძისა
------------------------------------------------------------------------------------------------------------

ორშაბათისთვის დანიშნული ქართული ოპერა გურულთა სასარგებლოდ გადაიდო სამშაბათს 22 ნოემბრისათვის, ოპერას მართავს ქართველ მომღერალ-მემუსიკეთა ამხანაგობა
------------------------------------------------------------------------------------------------------------

ჩვენ გვთოვენ გამოვაცხადოთ რომ რკინიგზის ტფილისის სადგურებზე დაზარალებულ გურულთა სასარგებლოდ ფულს აგროვებენ იასონ ღლონტი და გიორგი ბასილაშვილი

სულ დღემდე ჩვენს რედაქციაში შემოვიდა 1861 მან და 79 კაპ.

ივერია, 2 ნოემბერი N195

ქუთაისი. 1 ნოემბერი. შემოღებულია სამხედრო წესები. ქალაქი ძალზედ შეძრწუნებულია. საბჭომ ფეხზე ადგომით პატივი სცა ტფილისსა და სხვა ქალაქებში დახოცილთა უმანკო მსხვერპლებს და ზიზღით მოიხსენია მათი ამომჟლეტნი. დაადგინეს: დეპეშით სთხოვონ ნამესტნიკსა და ვიტტეს ახსნილი იქნა სამხედრო წესები, გურიაში ჯარები არ გაიგზავნოს, საბჭოში კრებები აღარ გამართონ, ვიდრე სამხედრო წესები ახსნილ არ იქმნება, ამორჩეულ იქმნა დეპუტაცია, რომელმაც გუბერნატორს ჯარების შეჩერება უნდა სთხოვოს.

ახალი ამბავი

,,გუშინ საღამოს 5 საათზე, ქუთაისიდან ტფილისს ჩამოვიდა ქუთაისის გუბერნატორი ბ-ნი სტაროსელსკი. როგორც დანამდვილებით გავიგეთ, სტაროსელსკი იყო გურიაში (28 ოქტ.- 30 ოქტ.) და იქ ინახულა ხალხისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელნი; მას არა ხლებია მთავრობის მცველნი. გურიიდან დაბრუნებული ამოვიდა სამტრედიაში 30 ოქტომბერს; იქ მიუხედავად გაფიცვისა, ადგილობრივმა მუშათა ორგანიზაციამ მისცა სამგზავროდ მატარებელი და საგანგებო მატარებლით გამოისტუმრეს ტფილისში. სტაროსელსკის აზრით არ არის საჭირო არავითარი რეპრესიული ძალის ხმარება. იმის აზრით, იქმნება არც ,,დასმამშვიდებელ,, დეპუტაციის გაგზავნა დარჩეს საჭირო, რადგან არაფერი საარაკო გურიაში არ მომხდარა. დაწვრილებით გურიის ამბები ხვალ გვექნება დაბეჭდილი.

დღეს 2 ნოემბერს საგანგებო მატარებლით გურიაში გაემგზავრებიან ნამესტნიკის თანაშემწე გენერალი მალამა და ის კომისია, რომელმაც გურიაში მშვიდობიანობა უნდა ჩამოაგდოს.

გურიის ამბები. 15 ოქტომბერს ასე ღამის ამ საათზე ლანჩხუთიდან მიდიოდა ფეხით საჯავახოს სადგურის დასაცველად თენგინის პოლკის ჯარი. ნიგოითსა და საჯავახოს შუა ჯარი წააწყდა დიდ ბრბოს, ასე ორასამდე კაცს, რომელიც არღვევდა რკისნი გზის ლიანდაგს, ჯარი და ხალხი ერთმანეთს შეეხმაურა, ატყდა სროლა. ჯარის მხრივ არავინ დაჭრილა. ბრბო გაიქცა ტყეში და ამდენივე ჯარმა შეიპყრო. ორმოცდაათ საჟენის მეტი სატელეგრაფო ბოძი ... დამტვრეული და ცხრა-საჟენიანი ხიდი დაშლილი. ჯარი ჩავიდა საჯავახოს სადგურში და პატიმარიც თან წაიყვანა.

ბათუმის ქალაქის მოურავის თავ. ანდრონიკაშვილისგან ტფილისის ქალაქის მოურავმა შემდეგი დეპეშა მიიღო: „ხმებმა გურიის აჯანყებისა და მათ მიმართ რეპრესიულ ზომების მიღების შესახებ ააღელვა ქალაქის ყველა მცხოვრები. საბჭომ დაადგინა, იშუამდგომლოს ნამესტნიკის წინაშე, რომ გურიის დასაწყნარებლად ხალხის წარმომადგენელნი გაგზავნოს. უკანასკნელ ცნობებიდანა სჩანს, რომ ხმები გადაჭარბებულია. ქუთაისის გუბერნატორის დეპეშა მოწმობს, რომ მას რეპრესიულ ზომებისთვის არ მიუმართავს. ნამესტნიკის კანცელარიის დეპეშიდანა სჩანს, რომ გურულთ ბრალსა სდებენ იმაში, რომ ისინი ყაჩაღებსა და გამოქცეულ ჯარისკაცთ მალავენ, კენჭის ამოსაღებად არ მიდიან და სახელმწიფო გადასახადებს არ იხდიან. საბჭოს საგანგებო კრება ჰქონდა და მიიღო რა მხედველობაში, რომ გურიაში ისეთივე მოძრაობაა, როგორც რუსეთის სხვა კუთხეებში, დაადგინა, არ ისარგებლოს ნამესტნიკის ნებართვით და ხალხის დამშვიდება არ იკისროს. მაცნობეთ, მართალია, თუ არა, რომ საქალაქო მლიცია დაარსდა.

ივერია, 3 ნოემბერი, N 196

დახმარება

ჩვენს გაზეთში დღეს მკითხველი ნახავს გურიის ამბების დაწვრილებითს აღწერას და გაიგებს სრულს სიმართლეს გურიაში მომხდარ ვითომ „აჯანყების“ შესახებ. ამ ამბების წაკითხვით იგი დარწმუნდება, რომ გურიაში მხოლოდ პატარა შეტაკება მომხდარა ხალხსა და პლასტუნებს შორის და არა საერთო შეიარაღებული აჯანყება, როგორც ამას გადმოგვცემდა სხვადასხვა გაზვიადებული ხმები. უნდა ვიფიქროთ ამიტომ, რომ კავკასიის უმაღლესი მთავრობაც ხელს აიღებს თავის პირვანდელ განზრახვაზე და უკან დააბრუნებს იმ ჯარს, რომელიც გურიის „დასაპყრობად“ არის გაგზავნილი. ეს მით უფრო საფიქრებელია, რომ თვითონ გუბერნატორი სტაროსელსკიც, როგორც დანამდვილებით გადმოგვცემენ, არ სცნობს ჯარის გაგზავნას საჭიროდ და თხოულობს, რომ უკვე გაგზავნილი ჯარი ისევ უკან დააბრუნონ და გურიის წინააღმდეგ რეპრესიული ზომები არ მიიღონ.

თუმცა, ამგვარად, გურიაში მომხდარი შეტაკება, პოლიტიკურად თუ გავსჯით, დიდი ზომისა არაა, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, თუ მას ეკონომიურის საზომით შევხედავთ და იმ ნივთიერ ზარალს გავითვალისწინებთ, რომელიც ამ შეტაკების გამო ხალხს მოუვიდა. კაზაკებს გადაუწვავთ 90-მდე შენობა და 46 მოსახლე სრულიად უბინოდ და უსახსროდ დარჩენილა. კაზაკებისაგან გაჩაღებულ ცეცხლს გადაუწვავს როგორც მათი ბინა, ისე მოგროვილი ჭირნახული და ყოველი სარჩო-საბადებელი. დღეს ის 46 მოსახლე გურული, თავის ცოლებითა და წვრილშვილით ცის ქვეშ მთეველად ღარიბ მეზობლების სარჩენად არიან დატოვებულნი ყოველგვარ სახსარს მოკლებულნი, ისინი, მკითხველო, ჩვენკენ გამოიყურებიან და იცოდე, უსიტყვოდ ჩვენგან თანაგრძნობასა და დახმარებას მოელიან.

დიაღ, მოელიან და მათ ამგვარ მოლოდინის უფლებაც აქვთ. გურია უდგა სათავეში იმ რევოლუციონურ მოძრაობას, რომელსაც ჩვენ ყველანი ვემხრობით, რომელმაც სძლია პოლიციურ რეჟიმს, გასტეხა მთავრობის წინააღმდეგობა. გურია იბრძოდა თავგამოდებით ყველა იმ მოქალაქეობრივ უფლებათათვის, რომელთა ცნობა და სახელმწიფს პოლიტიკურ წესწყობილებაში გატარება ძვირფასია ყველასთვის, განურჩევლად კლასისა და წოდებისა; გურია უნერგავდა და უნთებდა რევოლუციონურ ენერგიას საქართველოსა და კავკასიის სხვა ნაწილებს; იგი პირველობდა ბრძოლაში და მაგალითს აძლევდა სხვებს მოქმედებაში. ახლაც, როცა საერთო გაფიცვის გამო, იგი მოწყვეტილი იყო სხვა ნაწილებისაგან და გარედან არავითარი ცნობა არ მოსლოდა საერთო მოძრაობის შესახებ, მან, იმავე განმათავისუფლებელ მოძრაობის გულისათვის, ის ნაბიჯი წარსდგა, რომელსაც სისხლის ღვრა და 46 მოსახლის სახლ-კარისა და სარჩოს მოსპობა მოჰყვა შედეგად. გურულების სისხლის დაიღვარა და მათი სახლები დაიწვა არა მარტო გურულების საქმისთვის, არამედ ჩვენთვის ყველასთვის. და გურულებს აქვთ უფლება, დიაღ, აქვთ დამსახურებული უფლება, ჩვენ შემოგვხედონ და ზარალშიაც მონაწილეობის მიღება მოგვთხოვონ.

ეს არ არის, მკითხველო, ქველმოქმედება, - ეს არის ვალია, რომელიც უნდა გაასწოროს ყოველმა ჩვეგნანმა. დაზარალებულ გურულებისთვის დახმარების გაწევა წმინდა ვალი  ყოველ შეგნებულ და თავისუფლების მოყვარულ ადამიანისა; ეს ისეთი ვალია, რომელიც სიამოვნებით და სიხარულით უნდა შევასრულოთ ყველამ.

ფული! განა ფული უნდა დაგვენანოს იმ ხალხისთვის, რომელიც თავს სწირავდა თავისუფლებას, რომელიც სისხლით რწყავდა მიწას და თავგამოდებით ებრძოდა შავბნელ ძალას!? არა, - დღეს, როცა თავისუფლების პატარა შუქი ასე თუ ისე ყველამ სცადა და იგემა, შეუძლებელია იყოს კიდევ ვინმე ისე უგრძნობელი და ზნეობრივად გათახსირებული, რომ გაჭირვებულ გურულების მდგომარეობამ არ ააღელვოს და დასახმარებლად არ მოიწოდოს.

მაშ, მოქალაქენო, - თუ თქვენ, გუშინდელ მონებს, დღეს შეგიძლიათ თავის თავს მოქალაქენი უწოდოთ, ამ გადანათვლის პროცესში გურიას დიდი წვლილი უდევს - მიხედეთ გურიას და გაუწოდეთ დახმარების ხელი იმ 46 ოჯახს, რომელიც უბინაოდ და უსახსროდ დარჩა, ესაჭიროება ბინა, საჭმელ-სასმელი და ახალ მოსახლობის მოწყობა. ყველამ, - დიდმა და პატარამ, მდიდარმა და ღარიბმა - უნდა მივიღოთ ამ წმინდა ვალის გადახდაში მონაწილეობა. განსაკუთრებით თქვენ მშიშარა ბურჟუებო, გაშალეთ საფულე და დიდის მორიდებით უხვად შეეწიეთ გურიას, - იმ გურიას, რომელმაც თქვენს ლიბერალიზმს პრაქტიკულ მოქმედებისთვის ნიადაგი მოუმზადა.

და შენ მკითხველო ყველა შენს ნაცნობსა და უცნობს მიმართე ამ სიტყვებით: შეეწიეთ გურიას!

გურიის ამბები (15-დან 30 ოქტომბრამდე)
(საკუთარის კორესპონდენტისაგან)

შაბათს, 16 ოქტომბერს, მთელს გურიაში გამოცხადდა საყოველთაო გაფიცვა. არც ერთი დუქანი დაუკეტავი არ დარჩენილა, როგორ დაბა-ქალაქებში, ისე სოფლებშიაც. შეწყდა ეტლთა მსვლელობაც. ყოველსავე ამას მოჰყვა ათასგვარი ხმების გავრცელება; ვის რაც ეხასიათებოდა, ისეთ ჭორს ავრცელებდა. გავრცელდა ხმა, ვითომც ტფილისში საერთო შეტაკება დაწყებულიყოს, ბათომში კაზაკებს სროლაზე უარი განეცხადებინოთ და რა ვიცი, კიდევ, რამდენი ერთი ჩამოვთვალო. ერთის სიტყვით, გურულებმა შეადგინეს უტყუარი წარმოდგენა, რომ მთელ რუსეთში საერთო განმათავისუფლებელი მოძრაობა დაწყებულიყოს. ყოველივე ამის შემდეგ, რასაკვირველია, არც გურულები ჩამორჩებოდნენ საერთო მოძრაობას. 16 ოქტომბერს, კვირა დილით, ჩოხატაურში შეიარაღებული რაზმი თავს დაესხა ბოქაულის სადგომს და მოსთხოვა სტრაჟნიკებს, დაეყარათ იარაღი, მაგრამ იმათ ეს არ შეასრულეს და ორივ მხრივ სროლა ასტყდა.

ცხარე სროლის შემდეგ მოკლულ იქმნა ერთი სტრაჟნიკი და ერთიც მძიმედ დაჭრილი აღმოჩნდა. იგივე რაზმი თავს დაეცა ფოსტის მცველ სტრაჟნიკებს, ერთო მოჰკლეს და ერთი უბრძოლველად დანებდა. ფოსტისთვის არავის ხელი არ უხლია. რაზმის მიზანი იყო არა სისხლის ღვრა, არა ძარცვა-გლეჯა და სახელმწიფო ფულის მითვისება, არამედ იარაღის შეძენა, რაიცა კიდეც შეასრულეს; ხელთ იგდეს ყველა იარაღი და სასროლი მასალა, რაც კი დაბა ჩოხატაურში იყო.ერთი სტრაჟნიკი, ტომით ინგუში, დატყვევებულ იქმნა, ბოქაული კი გაანთავისუფლეს.

ბოქაულმა შეატყობინა თუ სხვა ვინმემ, ამას დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ვიცით, რომ კვირას მომხდარი ამბავი ოზურგეთის მაზრის უფროსმა ლაზარენკომ გაიგო და მეორე დღეს ჩოხატაურის ბოქაულს მისწერა, დაახლოვებით, შემდეგი შინაარსის წერილი: „მე მოწყვეტილი ვარ ქუთაისზე, შენი მდგომარეობა იქნება შენვე როგორმე აცნობო ქუთაისის გუბერნატორს. რაც მოხდა, ყოველივეს პასუხისმგებელი სტაროსელსკია, რომელიც რეპრესიულ ძალას არ ხმარობს, ჯარს იქ არ აგზავნის, საცა ეს საჭიროა, დათუ აგზავნის არა რეპრესიულ ზომების მისაღებად, არამედ ზნეობრივი გავლენის მოსახდენად. მე ბევრჯერ მივმართე და მოვახსენე ჩემი აზრი, რომ რეპრესიებია საჭირო, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია, დაე უმაღლესს მთავრობის წინაშე პასუხიც მან აგოს, - სწერდა ოზურგეთის მაზრის უფროსი ბ-ნი ლაზარენკო, ის ლაზარენკო, რომელიც ჯაფარიძის და მისი რეპრესიების მუდამ მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ ასე თურმე იმიტომ იქცეოდა, რომ ჯაფარიძე მისი მეტოქე იყო და, აკი, როცა ხელთ იგდო ჯაფარიძისეული მათრახი, ცეცხლად და მახვილად აქცია. მაგრამ სხვას ვის შერჩენია ორგულობა, რომ ოზურგეთის ბოგდიხანს შერჩენოდა. ეს მისი წერილი თავისი შიკრიკით დაჭერილ იქმნა.

რაკი ერთი მხრით ასე „გაჩისტა“ საქმე მაზრის უფროსმა, ახლა, მეორე მხრით. თავისი დიპლომატიური თვალები დასავლეთით ბათომსა და მის გუბერნატორს მიაპყრო. ერთი „კუდიანი უსტარი“ ბათომის გუბერნატორსაც გაუგზავნა, დაახლოვებით შემდეგი შინაარსისა ... „18 ოქტომბერი, ღამის 12 საათი. ოზურგეთის მაზრა მოწყვეტილია დანარჩენ კუთხეებს. მე ორჯერ ვცადე მეცნობებინა საქმის გარემოება ქუთაისის გუბერნატორისათვის, მაგრამ ჩემი გაგზავნილი კაცები ორივე დაჭერილ იქმნა - ახლა მეტი გზა არ დამრჩენია, აჭარის გზით ვგზავნი აჭარელ დემურალ-ჩახაღ-ოღლის და გთხოვ, აღმომიჩინოთ დახმარება. მთელი გურია დღეს მოცულია რევოლუციონურ მოძრაობით, დღეს გურიაში თავს ინახავს 300 გამოქცეული სალდათი. მე ჯარი ძრიელ ცოტა მყავს, სულ 700 შტიკი - გთხოვთ დაუყოვნებლივ მომაშველოთ 100 ცხენოსანი კაზაკი და ერთი „ვზვოდი“ სამთო ზარბაზნებით. ყოველივე ეს დაუყოვნებლივ უნდა აღმისრულოთ და სხვ. არც აქ გაუღიმა ბედმა  ბ-ნ ლაზარენკოს და ამ ეპისტოლეს შინაარსიც ხალხმა დაუყოვნებლივ გაიგო და ზომები იქმნა მიღებული.

ზევით დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ ლაზარენკო ატყობინებდა ბათომის გუბერნატორს, რომ ის მიდის ჩოხატაურში ასი კაზაკით სახელმწიფო დაწესებულებათა აღსადგენად და ნაწამების ბოქაულის გამოსახსნელად. 

დასწერა რა ეს ერემიადა პატივცემულმა მსახურმა ორთავა არწივისამ, თვითონ, ღამით, ქურდულად (18 ოქტომბერსავე) გამოიპარა თავისი ბაშიბუზუკებით ჩოხატაურში. მეორე დღეს გაიგეს თუ არა ჩოხატაურლებმა ჯარის მოახლოება, ბოქაული გაგუა დიდის ზრდილობით წაიყვანეს ცხენით მიყრუებულ ადგილას. 

შებრძანდა ჯარით დაბაში წესიერების დამცველი და, მისი აზრით, დაიპყრო მტრის მიერ დაპყრობილი ქვეყანა. ეს დაპყრობა გამოიხატებოდა ფოსტის ამანათების დაბეჭდვაში, მის თან წამოღებაში და ყველასაგან პატივცემულ მომრიგებელ მოსამართლის პეკარსკის და მისი ოჯახობის, მათის სურვილის წინააღმდეგ, ოზურგეთში წაყვანაში. მაზრის უფროსმა ჩოხატაურში ორი დღე დაჰყო და შემდეგ, არ ვიცი, რა მოსაზრებით, ყველა თავისი მხლებლებით ისევ ოზურგეთში დაბრუნდა.

ყოველივე ზემოდ მოყვანილი მიწერ-მოწერა ხალხმა სავსებით გაიგო და დიდად დააფიქრა, „ნუთუ მართლა ლაზარენკო მთელს მაზრას განადგურებას უპირობსო?“. ამბობდნენ, თუ კი საქმე ასეა, დასაკლავ ცხვარივით კისერს ხომ ვერ გავუწვდითო.

რაღა ბევრი გავაგრძელოთ, გადაწყვეტილ იქმნა, მოხერხებულ ადგილას, ნასაკირალის ქედზე, დახვდეს ხალხი ამ მცირერიცხოვან ჯარს (113 კაზაკს და 16 ცხენოსან სტრაჟნიკს) და წაართვას იარაღი. 20 ოქტომბერს, ხუთშაბათს, ღამის 9 საათზე, ნასაკირალის ქედს მიადგნენ ჩოხატაურიდან დაბრუნებულნი კაზაკები თავისი ბატონებით. ორი ვერსის მანძილზე მათ სულ-განაბული უცდიდა შეიარაღებული რაზმი. პირველად ცხენებით გამოაირეს სტრაჟნიკებმა. მათი განზრახვა იყო გზის დაზვერვა. მოაჭენებდნენ ცხენს და მოიძახოდნენ, ვითომდა ხალხის ერთგულნი, „ამხანაგებო, უკან ჯარი მოდისო“. ამ სიტყვებით უნდოდათ ჩასაფრებულები მოეტყუებინათ, მაგრამა ამაოდ, ხმა არავინ გასცა. იმათაც იმავე სიტყვების გამეორებით გასწიეს წინ. როცა ჯარი გაუთანასწორდა სამიზნე ადგილს, იგრიალა ყუმბარებმა და მათ მოძახილი მისცეს თოფებმა. იქვე უსულოდ დაეცა რამოდენიმე სტრაჟნიკი და კაზაკი. შეიქნა ცხენთა ჭიხვინი, დაჭრილთა ხრიალ-ღრიალი. ერთი წუთის შემდეგ, გადარჩენილმა პლასტუნებმაც ასტეხეს სროლა, მაგრამ უნაყოფოდ. ხალხის მხრივ არავინ მომკვდარა. ნახევარ საათის შემდეგ მეომარი ხალხი დაიშალა. მეორე დღეს, დილიდგანვე, ასტყდა კიდევ სროლა. დარჩენილ პლასტუნებს დილით ადრე დაეჭირათ ცხავათის გორა და იქიდან იცავდნენ ქვეით ცოცხლებს და დაჭრილებს. მეორე დღეს სროლა გაგრძელდა შუადღემდე. ხალხის მხრივ ნასაკირალზე მოჰკლეს ერთი, რომლის სიკვდილი არავის არ სწყენია, იგი მოჰკლეს იმ დროს, როდესაც მან დაარღვია მეომრის რაინდული წესი და მიცვალებულს ჩექმას ხდიდა. ბრძოლის ველს გარეშე დაჭრილ იქმნა კიდევ ორი გურული: ერთი სოფ. ძიმითში, 5-6 ვერსის მანძილზე, ამათში ერთი უკვე გარდაიცვალა. თუ რამდენი კაცი მოკვდა ღამით და მეორე დღეს მთავრობის მხრივ, ამის დაბეჯითებით თქმა არ შეგვიძლიან, რადგან გვეშინიან „ჩიფუს“ კორესპონდენტი არავინ გვიწოდოს.

შუადღის შემდეგ მებრძოლი რაზმი ნადავლ თოფ-პატრონებით თავიანთ სახლებისკენ წავიდა. საღამო ჟამს ოზურგეთის გზაზე გამოჩნდა ოთხი პლასტუნი, ბრძოლის ველიდან ოზურგეთში მიმავალი, ისინი მიდიოდნენ ჯგუფით და ოთხივ კუთხივ განუწყვეტლივ ისროდნენ. მათ დაედევნა რამოდენიმე ახალგაზრდა და ერთი იმ პლასტუნთაგანი მილიციის პრაპორჩიკის აზნ. ჯარ. ღლონტის ეზოში მოჰკლეს და მისმა ამხანაგებმა მას ააცალეს თოფი, პატრონა და შეუწყვეტელ სროლით გასწიეს ოზურგეთში. როგორც გადმოგვცეს, გზაში მათ კიდევ დაუჭრეს ერთი პლასტუნი. პლასტუნებმა თავის მხრივ დასჭრეს თავის სახლში აივანზე მჯდომი თედ. ტრაპაიძე და ოთახში მყოფი ერთი მანდილოსანიც.

ამ დღეს მებრძოლ რაზმის მოხსნა გამოიწვია ერთის საიმედო ამხანაგის მიერ მოტანილმა ამბავმა. ეს ამხანაგი ფეხით ჩამოვიდა ქუთაისიდან და ჩამოიტანა მანიფესტის ამბავი. მანიფესტის შემდეგ ბრძოლის განგრძობა დროებით უმნიშვნელოდ იქმნა აღიარებული.საზოგადოდ ხალხი მანიფესტს გულგრილად შეხვდა. ზოგი ამბობდა: რევოლუციას ცივი წყალი გადაასხესო, უმეტესობა კი გაიძახოდა, ეს „პოჭოკია“, მაგრამ სულ უფეხობას „პოჭოკიც“ სჯობიაო. ასე ამრიგად მეორე დღე დასრულდა და მესამე დღეს თუ ცა წითლად შეირებებოდა, ფიქრადაც არავის მოსვლია.

შაბათს, 22 ოქტომბერს, დილით ადრე, ასორმოც და ათი პლასტუნი ოზურგეთიდან გაეშურა ნასაკირალისაკენ. ოზურგეთიდან ერთი ვერსის მანძილზე თავის ეზოში წყაროზე პირს იბანდა 65 წლის მოხუცი, კოჭლი პავლე დვალიშვილი. დვალიშვილი პლასტუნებს "ზდაროვო მალადცით" მიესალმა. "ნა შტიკი ეგო" - გაისმა ბრძანება და საბრალო მოხუცი 12 ხიშტნაკრავი უსულოდ დატოვეს გამარჯვებულმა მხედრებმა და არხეინად განაგრძეს გზა, მიუახლოვდნენ იმ სახლს (აზ. ჯარის. ღლონტისას), საცა წინა დღით ერთი პლასტუნი მოჰკლეს - დაამწყვდიეს სახლში თვით სახლის პატრონი, მილიციის პრაპორშჩიკი, ორი წმინდა გიორგის ჯვარის მქონე, 60 წლის მოხუცი ჯარისპანი და წაუკიდეს სახლს ცეცხლი – როგორც ოდას, ისე სამზად სახლს, სეფას და სასიმინდეს. შემდეგ ამისა კიდევ არხეინად განაგრძეს გზა. საბედნიეროდ, კაცმა გამოამტვრია ფანჯარა და თავს უშველა, მაგრამ ცეცხლს კი ვერაფერი ვერ გამოსტაცა. გამხეცებულმა პლასტუნებმა მთელი მისი სარჩო ცეცხლს მისცეს. 

ბრძოლის ველი ოზურგეთზე დაშორებული არის 9 ვერსტით. აი, ეს მანძილი გაიარეს პლასტუნებმა, მივიდნენ ნაომარ ადგილზე და თავისი თვალით ინახულეს ბრძოლის შედეგია. როგორც გადმოგვცეს, მკვდარ და დასახიჩრებულ ამხანაგებს "დააბღავლეს" თურმე თავზე, მოკრიბეს მკვდრები და დაჭრილები, პური აჭამეს ორი დღის დამშეულ ცოცხლებს და გამოსწიეს ოზურგეთისაკენ. ამბობენ, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, (თქვენც გირჩევთ, რომ არ დაიჯეროთ), ვითომც ყველა მკვდარი არ წამოეღოთ, არამედ ყუმბარისაგან დასახიჩრებულნი იქვე საკირეში დაეწვათ. ეს არ გვჯერა, მაგრამ ის კი სარწმუნო არის, რომ მოკლულ სალუქვაძის გვამი (მკვდარს რომ ჩექმას ხდიდა), საკირეში დასწვეს). გადარჩენილი ძვლები შემდეგ ჭირისუფლებმა მიწას მიაბარეს. დაჭრილების შესახებ შეგვიძლიან დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მარტო ცამეტი დაჭრილი აღმოჩნდა საფანტიანი იზლიანი თოფით. სად იყო ლაზარენკოს სამასი დეზერტირი თავისი ვინტოვკებით, არ ვიცით. ცხადია, სამასი გამოქცეული სალდათი რომ ყოფილიყო ბრძოლის ველზე ახალი სისტემის თოფით, იზლიან-კაჟიანი თოფები საჭირო არ იქნებოდა. 300 სალდათად ნამყოფი 130 კაზაკს თამამად მოერეოდა - მაგრამ ეს ხომ ტყუილია. შიშს დიდი თვალები აქვს და ლაზარენკოსაც ეპატიება 3 კაცის სამასად გადაქცევა.

დახოცილ დასახიჩრებულ-დაჭრილ-დამშეულების ნახვამ პლასტუნები უარესად გაამხეცა და, როცა ოზურგეთს დაბრუნდნენ, გზა-გზა 6 ვერსის მანძილზე, დიდი შარის პირად მცხოვრებთა ბინა და სარჩო ცეცხლს მისცეს.

დილით, როცა ღლონტის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, დამფრთხალი მცხოვრებლები სულ მტისკენ გადიხიზნენ. უმეტესობამ ვერაფრის წაღება ვერ მოასწრო, რაც ტანზე ეცვა, იმის მეტი. 

გადაწვის და განადგურების პროცესი ასე სრულდებოდა. წინ მირბოდა 20–30 პლასტუნი, სახლს თოფებს ესროდნენ, მერე შიგ შედიოდნენ და ამსხვრევნდნენ ყველაფერს, და რაც მოეწონებოდათ, თან მიჰქონდათ. მათ უკან მისდევდა მეორე ჯგუფი ნავთით, მაზუთით და სპიჩკით - იატაკზე შუაგულ სახლში აგროვებდნენ, საბან-ლეიბ-ბალიშებს, ასხამდნენ ნავთს და აძლევდნენ ცეცხლს. ყოველივე ეს ხდებოდა სწრაფად. 

არე-მარე მთლად კვამლში გაეხვია. ძაღლის ყმუილი, კატის კნავილი, ქათმების ფრთხიალი, არე-მარეს აყრუებდა.

ზოგიერთა გულადი სახლის პატრონი იქვეა ჩასაფრებული და უყურებს, როგორც იწვის მათი სიყრმის ნაშოვარი, იწვის მისი პატარა ბავშვის აკვანი, იწვის მისი ცოლის მზითევი, იწვის, რაც ყველაზე უფრო საშიშარია, წლის მოსავალი სარჩო–საკვები, იწვის ნალია სიმინდით, იწვის ბეღელი, ღომით სავსე, იწვის ზვინი, მისი კაბია-წაბლიას ზამთრის სარჩო. იწვის ყოველივე და მასთან იწვის მისი გულიც, ის მზად არის გააფთებულ-განადირებულ კაზაკებს თავი შეაკლას, მაგრამ რა ჰქნას - არ არღვევს საერთო გადაწყვეტილებას. ამხანაგობა კი მას ავალებს მოთმინებას, რადგან ახლა შეტაკება, თოფის სროლა არ არის ახლა საჭიროდ ცნობილი.

გახიზნულებმა მიაშურეს გომის მთასა და შემოქმედის მონასტრიდან დასცქერიან, თუ როგორ იწვის მათი სახლი. - ბევრი დედა კივის "ვაიმე, შვილებო, უმჭადო და უსახლკარო". წვრილშვილი კალთაზე ებღაუჭება და უარესად გულს უხეთქავს საბრალო დედას - "ნენა, ჩვენი სახლი დაწვეს" - "ნენა, ჩემი კაკანა", "ნენა, ჩემი ცინტალი". სურათი გულ შემზარავია. 

ურემი ურემს მოსდევს, ხიზანი ხიზანს ემატება. სოფ. გომში, ერთი მოსახლისას თოთხმეტმა ოჯახმა შეაფარა თავი. მასპინძლები გულღიად უხვდებიან, ნუგეშს არ აკლებენ.

ასეთი წვა გაგრძელდა დილის 12 საათ. ნაშუადღევის 4 საათამდე. როცა ასე ცეცხლით განათებული გზით ოზურგეთს მიუახლოვდნენ, ოზურგეთიდან ერთი კვირის მანძილზე (გაკირულის ხიდამდე), ოზურგეთიდან გამოეგება 80 სალდათი ბრძანებით, რომ შესწყვიტონ წვა - იქ ამ დაწვის გმირებმა გამარჯვების ზალპი გაისროლეს და დიდის ნადავლით ძლევა-მოსილნი ქალაქში შევიდნენ. ამ გზაზე გაძარცვეს და დასწვეს 7 დუქანი.

ამ "კონტრ-პაჟარნი კამანდას" თან ახლდა ბ-ნი ლაზარენკოც, რომელიც თურმე პილატესებრ ხელს იბანს. არ დატოვეს დაუწვავი არც დვაბზუის საზოგადოების სოფლის სასამართლო (კანცელარია), არც სოფლის სკოლა და არც გურიის სავაჭრო სამრეწველო ამხანაგობის "შუამავლის" პარკის საშრობი, ორი დიდი ფარდული, კანტორა და აბრეშუმის საქსოვი მანქანის სახლი თავისი მანქანებით. ნუთუ ლაზარენკომ არ იცოდა, რომ ყველა ეს საზოგადო დაწესებულება იყო (ორი სახელმწიფოც) და ნასაკირალის ამბავთან საერთო არაფერი ჰქონდა? იცოდა, როგორ არ იცოდა, მაგრამ, შურის ძიება მტყუან მართალს არ კითხულობს.

ორი დუქანი შემთხვევით გადაურჩენიათ მოკიდებულ ცეცხლისაგან, მაგრამ შიგ აღარა დაუტოვებიათ-რა, როგორც კაზაკების გულში არ მოიპოვება შებრალებისა და სინიდისის ნატამალი.

სულ დამწვარია 90-მდე შენობა, 46 მოსახლე მთლად უბინაოდ არის დარჩენილი. დიდ უმეტესობას სარჩოც დამწვარი აქვს. მეორე დღეს ბევრმა პატრონმა თავისი თვალით ნახა თავისი განადგურებული სახლი. გულსაკლავი სურათი იყო შინაურ საქონლის ცქერა. ბევრი ძაღლი გაცოფიანდა, ქათმები "დაფხუვდა."

ხალხი სულიერად მაინც არ გატეხილა, "ოღონდ სხვაფერ მშვიდობა იყოს და ჩვენი სახლები სანთელ-საკმეველი იყოსო" - ამბობდნენ. "ოღონდ სხვაფერ გადავრჩეთ და თქვენს ზარალს ერთი ორით ავაყენებთო" - ანუგეშებდნენ დამწვრებს მეზობლები. 

ზარალის შემფასებელი დამხმარებელი დროებითი კომისია დაარსდა.

როცა პლასტუნები ოზურგეთში ჩავიდნენ, უკვე საღამოს 5 საათი იყო. ახლო-მახლო მცხოვრებლები შიშის ზარმა შეიპყრო: ვაი თუ ღამით ან ხვალ დილით ისევ განაგრონ "საქმენი საგმირონიო". თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ ხალხი ჯარს ხელს არ ახლებს, თუ სროლის მიზეზს არ მისცემსო, მაგრამ თუ კიდევ განაახლებენ პლასტუნები თავიანთ შეუწყნარებელ საქციელს, მაშნ კი შეიარაღებული პასუხს  გასცემს - ქალი და კაცი ტავს შეაკვლენ და დაწვის ნებას კი აღარ მისცემენო.

იმ ღამესვე ყოველი ღონე მიღებულ იქმნა, რომ ოზურგეთიდგან ჯარი ჩუმათ სოფელს არ შესეოდა. მოწვეულ იქმნა ახლო-მახლო ადგილებიდგან შეიარაღებული რაზმი. გაჩნდა სახალხო პატრულები, ცოცხალი ტელეგრაფები და სხვები. მთელი სამი დღე და ღამე ასეთ გამოურკვეველ მდგომარეობაში გავატარეთ. მოიტანეს ამბავი. ვითომც პლასტუნების სარდალს ეთქვას - ჩვენ შურის-ძიება გავათავეთ, ახლა ხალხი თუ ხელს არ გვახლებს, ჩვენც ხელს არავის ვახლებთო; მხოლოდ სამი კაცი გვაკლია და ის ან ცოცხალი ან მკვდარი ჩაგვაბარეთო. დიდი ხნის თათბირის შემდეგ, გადაწყვეტილ იქმნა ტყვეების უთუოდ უკან გაგზავნა, მკვდრების კუბოში ჩასვენება, ქრისტიანული წესით, და ისე მიცემა. რამდენადაც ვიცი, დაუბრუნეს 8 ტყვე და ორი მკვდარი. 

ტყვეებს ხალხი დიდი ლმობიერებით ეპყრობოდ და ისინიც, თუ დაეჯერებათ, ხალხის კმაყოფილი იყვნენ. 

მათი მიცვალებულები სამხედრო პატივის-ცემით დაასაფლავეს 23 ოქტომბერს.

23 ოქტომბრის შემდეგ გურულების ცხოვრება თავის ნორმალურ კალაპოტში ჩადგა. მხოლოდ სხვა მხრიდან მოტანილი ამბები - ჯარს აგზავნიან გურიის ასაოხრებლადო - მყუდროებას არღვევდა. 

28 ოქტომბერს საჯაოხოს გზით ჩამოვიდა (უჯაროდ) ქუთაისის გუბერნატორი ბ-ნი სტაროსელსკი. ხალხმა იგი დიდის პატივისცემით მიიღო და დამცველები აახლა. სტაროსელსკიმ ინახულა ხალხის წარმომადგენელნი და ეთათბირა მათ. გურულები დათანხმდნენ სალდათის მიცემას და გადასახადის გადახდას იმ პირობით კი, თუ გაძლიერებული დაცვა მოხსნილ იქნება და ჯარს უკანვე წაიყვანენ. ჩოხატაურსა და ხიდისთავში ყოფნის შემდეგ სტაროსელსკი გაემგზავრა ოზურგეთში, ინახულა ის ადგილი - საცა შეტაკება მოხდა, შემდეგ გზა-გზა დაათვალიერა დამწვარი ოჯახები. როგორც დანამდვილებით გავიგეთ, ლაზარენკომ გუბერნატორს დათხოვნის ქაღალდი მიართვა. გურულების მიერ დადებულ პირობით კმაყოფილი სტაროსელსკი უკანვე ქუთაისში დაბრუნდა. გურულებმა იგი საჯაოხომდე მოაცილეს. 

ამ ამბავს უნდა დავსძინოთ ნატანებ-სუფსას შუა იმ დღეებში მომხდარი ამბავი. რკინის გზის ლიანდაგს ათვალიერებდა ხუთი პლასტუნი. უცბად ჩირგვებიდან დაახალეს თოფები. წაიქცა ხუთივე. ერთი თავდამსხმელთაგანი გადახტა იარაღის ასაკრეფად. ამ დროს ერთმა დაჭრილმა კაზაკმა ესროლა თოფი და იქვე მოჰკლა და თვითონაც მოკვდა. ეს მოკლული ხალხმა დიდის პატივის-ცემით დაასაფლავა. 

საზოგადოდ, მანიფესტის გამოცხადების შემდეგ, გურიაში სიწყნარე ჩამოვარდა. სკოლებში სწავლის განახლებასაც კი ჰფიქრობენ, თუ ხელს არ შეუშლიან მოპოვებულ უფლებით სარგებლობაში და ამას რაც სხვებს დანაშაულად არ ეთვლება, გურულებს დანაშაულად არ ჩაუთვლიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გურული იძულებული იქნება უკან არ დაიხიოს, თუგინდ ეს სიცოცხლედაც დაუჯდეს. 

ანწლაძე

რადგანაც გურიაში მომხადრმა ამბებმა ბევრნი დიდად შეაძრწუნა და რადგანაც ბევრ სხვა მხარეს გარდახვეწილ გურულს თავისი ოჯახის ჯავრი ექმნება, აქვე მოგვყავს დაზარალებულთა სახელი და გვარი
მოკლულნი არიან: პავლე დვალიშვილი, ხიშტით; გიორგი ლომაძე, წისქვილში სიმინდი მიჰქონდა, 70 წლის მოხუცი; სოფრომ დოლიძე, მოხუცი თავის ეზოში მოჰკლეს; არსენ ხიფიშიძე  და ირაკლი ჯახუტაშვილი, სოფ. ძიმითში უცაბედად მოკლული; ამბაკო სალუქვაძე - ბრძოლის ველზე.
დაჭრილები არიან: თედ. ტრაპაიძე, სამსონ მამალაძე, კონსტანტინე ხომერიკი, სილიბისტრო ღლონტი, არც ერთი მათგანი შეტაკებაში არა ყოფილა, შეტაკების დროს ამხანაგისაგან უცაბედად დაიჭრა ბარამიძე.
გადასწვეს: ლუკა ტროპაიძე, გრიგ. ებრალიძე, ილიკო შაინოვი, ილიკო კონტრიძე, ჩხარტიშვილი სიო, ეგნატე და მიხეილ ზამბახიძე, ივანე ვადაჭკორია, ვასილ ჩიგოგიძე, აპოლონ წულაძე, სიმონ, ისიხი, ანტონ და სოლომონ მენაბდენი, იაკობ ჩავლეშვილი, დუქანი; ალმასხან  მენაბდე, დუქანი; ბარნაბ, ივლიანე, გაბრიელ, ივანე, ილარიონ, ლუკა და ნიკიფორე მენაბდენი; სილიბისტრო, დიმიტრი, ჯარისპან და ფარსადან, აზნაურნი ღლონტები; ანტონ ჩხარტიშვილი; გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა "შუამავალი"; გიორგი ღლონტი; ოქროპირ გოგოტიშვილი; მიხეილ და ლევან მამულაიშვილები; ალექ ხუჭუა, სოფლის სასამართლო, კანცელარია; ასლან, ილიკო, თეოფილე, იაგორ და მაქსიმე ღლონტები; ივანე ნიკოლაიშვილი; ანტონ ფიჩხაძე; ანდრია და მოსე ღლონტი; სიმონ, ალექსი და კონსტანტინე სკამკოჩაიშვილები, ვასილ, გიგო და გიორგი დათუნაიშვილები, გიორგი, ალექსი (მემკვიდრე) და ნინო ბერიძენი; ვასილ თავაძე, ივანე გოგვაძე, სარდიონ ღლონტი; ლუკა ღაჟონია, სტეფანე და მალაქია ღლონტი, ალექსი მაღლაფერიძე, ალექსი ცხომელიძე, არსენ ხინთიბიძე, ვატა ცხომელიძე, ივანე სალუქვაძე, პავლე მგელაძე, ივანე თავდიშვილი, თედორე, ალექსი და პორფილე რუხაძენი, საყვარელ რუსიეშვილი, მელიტონ სიმონისშვილი, მიხეილ, ივლიანე, ისაკ და ვალიკო რუსიეშვილები, კოსტა ფიფია, იორამ და გიორგი გოგვაძე, ანდრია და გიორგი დონდოლაძე, გიორგი და ანდრია რუხაძენი, ივლიანე ჩხაიძე, სამსონ მახარაძე, ამბაკო და კონსტანტინე რუხაძენი, იობი ერქომაიშვილი, სანდრო ჯაფარიძე, თეოფილე თავდიშვილი, გაბრიელ მელიქაძე, ნესტორ მახარაძე, ემელია ცხომელიძე, ექვთიმე ღლონტი, ერემია ცხომელიძე, მიხაილ ღაჟონია და სიმონ ჩხაიძე.

ანწლაძე. 

გურულების სასარგებლოდ

ერევანში მცხოვრებ ქართველებს 31 ოქტომბრის კრებაზე დაუდგენიათ: ნამესტნიკისა და გრაფ ვიტტეს დეპეშები გაუგზანონ და სთხოვონ გურიიდან ჯარის გამოყვანა. გრაფ ვიტტეს, სხვათა შორის, უნდა სთხოვონ, იხმაროს თავისი გავლენა და ნამესტნიკს გურიიდან ჯარი გამოაყვანინოს. ამავე დღეს ხელის მოწერა გაუმართავთ და დაზარალებულ გურულების სასარგებლოდ მოუგროვებიათ 105 მ., რომელიც ჩვენმა რედაქციამ უკვე მიიღო. 

ახალი ამბავი

ქუთაისის გუბერნატორი სტაროსელსკი, რომელიც გურიიდან დაბრუნდა, ნამესტნიკთან იყო და აუხსნა, რომ გურიაში არავითარი განსაკუთრებული მოძრაობა არ არის და რომ გურია თვით შემოიარა და ხალხი დაითანხმა მთავრობის წინადადებების შესრულებაზე, გარდა იმისი, რომ გამოქცეული ჯარის კაცები დაიჭირონ, რადგან ეს მათ ხელთ არ არის. ამის შემდეგ ნამესტნიკმა 2 ნოემბრის, საღამოს 6 საათისთვის კრება დანიშნა თავის თანაშემწეებისა, რომელზედაც თათბირი ექნებათ: გაუქმდეს თუ არა ქუთაისის გუბერნიაში სამხედრო წესებიო. დეპუტაცია, რომელიც ტფილისიდან გუშინ გურიაში უნდა წასულიყო ხალხის დასამშვიდებლად, ჯერ ისევ ტფილისშია. კრების დასკვნას უცდიან.

კახეთის სარჩლი გურიის საქმეში

კახეთი, დინჯი კახეთიც აამღელვარა თავისუფლებისათვის მებრძოლ გურიის განსაცდელმა.

კახეთმაც ხმა ამოიღო და ადგილობრივ მთავრობას გურულების საქმეში თავისი გადაჭრილი სარჩლი გამოუცხადა. სოფლების წარმომადგენლები ცხენდაცხენ ჩამოვიდნენ ტფილისში, თანაგრძნობა გამოუცხადეს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გურიის გამოსარჩლების საქმეში, მივიდნენ გაზ. "ვოზროჟდენიეს" და "ივერიის" რედაქციებში და მათ გურულების გამოსარჩლება დაავალეს, გამოცხადდნენ ნამესტნიკთან, რომლის მაგიერად დეპუტაცია მიიღო ნამესტნიკის თანაშემწემ სულთან კრიმ-გირეიმ, რომელმაც დაამშვიდა ჩამოსულები, გურიაში ერთი წვეთი სისხლიც არ დაიღვრებაო, აირჩიეთ თქვენში ხუთი კაცი და ნამესტნიკი საღამოს ხუთ საათზე მიგიღებთო სალაპარაკოდ. ცხენოსნები მაყრულის შემოძახილით გაემართნენ ავლაბრისაკენ, სადაც ბინა ჰქონიათ დამზადებული.

ამ დეპუტაციის მოთავე სოფ. ხაშმის მამასახლისი იოს. იმედაშვილი ყოფილა. მისის მოწოდებით სოფ. ხაშმში 31 ოქტ. თავი მოუყრიათ გარეთ კახეთის სოფლების წარმომადგენელთა და მამასახლისებს. კრებას დაუდგენია:

"17 ოქტომბრის მანიფესტის ძალით, ყოველი პიროვნება თაგისუფალი უნდა იყოს და მინიჭებული აქვს მოქალაქეობრივი უფლება. გამოცხადებულია აგრედვე პატარა ამინსტია პოლიტიკურ "დამნაშავეთა". ამიტომ ჩვენ გვაღელვებს და დიდად გვაწუხებს გაჭირვებული მდგომარეობა ჩვენის მოძმეების, თავისუფლებისათვის მოწინავე მებრძოლ გურულებისა. თავზარსა გვცემს უფრო მეტად ის, რომ მტავრობამ ამ ჟამად ჯარით გაავსო გურია და პატიოსან და შეგნებულ კუთხეს ჩვენის ქვეყნისას განადგურებასა და მიწასთან გასწორებას უპირებს. დღევანდელმა კრებამ მიიღო რა მხედველობაში გურიის ასეთი უნუგეში მდგომარეობა, დაადგინა, გარეთ-კახეთის სოფლების მამასახლისნი და თითო სოფლიდან ხუთ-ხუთი კაცი წარუდგნენ კავკასიის ნამესტნიკს ტფილისში და წარუდგინონ მოთხოვნილება, რომ გურია გაანთავისუფლონ ჯარებისაგან და ააცილონ მას მოსალოდნელი უბედურება-აწიოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გურიაში სისხლის ღვრა მოხდა, დარწმუნებული ვართ, მთლად ჩვენი მხრის ხალხი უკმაყოფილებას გამოაცხადებს. ეს დადგენილება გაეგზავნოს თელავისა და სიღნაღის მაზრებს, რომ მათაც ხმა ამოიღონ." ხელს აწერენ მამასახლისები: 

ხაშმისა - იოსებ იმედაშვილი, პატარძეულისა  – იაგორ ჯანდაგაშვილი, საგარეჯოსი – ალ. ესაიაშვილი, გიორგიწმინდისა – გიგო გოდერძიშვილი, მუღანლოსი – მურთუზ ბაირამ-ოღლი, სართიჭალისა – ნიკო ბარძიმაშვილი, ნინოწმინდისა – ივანე შიოშვილი, ლილოსი – ილია თეგიშვილი, მანავისა – ბეგლო ბურაშვილი, მარტყოფისა – ილია სახლთხუციშვილი, ნორიოსი – ნიკოლოზ ღონიაშვილი და სხვ. წარმომადგენელნი.

ივერია, 4 ნოემბერი

საზოგადოების მიმართ

ქართველ ქალთა კავშირის ბიურო მიმართავს ყველას საერთოდ და სთხოვს დახმარება აღმოუჩინონ შეძლებისა და გვარად ფულით, ტანისამოსით და ან სხვა საშუალებით უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილ გურულებს და სხვა საქართველოს კუთხეების ხალხს, რომელთაც ბევრი უბედურება გადახდათ ამ ბოლო დროს და ვისი ოჯახებიც სრულიად უნუგეშოდ არიან დარჩენილნი.

შემოწირულობა მიიღება ტფილისში: ანასტასია წერეთელთან ,,ჯეჯილის“ რედაქციაში (არტილერიის ქუჩა N5), ანასტასია გედევანიშვილთან (ყორღანოვის ქუჩა N20), მ. ჯავახიშვილთან („ცნობის ფურც“ რედ), ოზურგეთში: ნინა ნაკაშიძესთან.

გურულების სასარგებლოდ

რედაქციამ გურიაში დაზარალებულთა სასარგებლოდ მიიღო გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსისგან გიორგისგან 25 მან, წინეთ მიღებულთაგან სულ შემოსულია 130 მან.

კავკასიის ნამესტნიკის განკარგულება

რადგანაც ქუთაისის გუბერნატორის აღმასრულებელმა ოზურგეთის მაზრა დაიარა და გამოარკვია საქმის ნამდვილი მდგომარეობა გურიაში, რომელიც უკანასკნელ გაფიცვის დროიდან ყოველი კუთხიდან მოწყვეტილ იყო ტელეგრაფისა და რკინიგზის ლიანდაგის გაფუჭების გამო და მასთან ერთად გამოირკვა ქუთაისის გუბერნიის დანარჩენ მაზრების მდგომარეობაც, შესაძლოდ ვსცანი, ამ გუბერნიაში სამხედრო წესები ავხსნა და ამასთან ერთად გავაუქმო დროებითი გენერალ -გუბერნატორის თანამდებობა და გურიაში გასაგზავნად ჯარებისაგან შემდგარი რაზმი უკანვე გამოვიწვიო, რის გამო სათანადო განკარგულებანი უკვე მოვახდინე.,,

გურიაში აღარ მიემგზავრებიან საზოგადოებისგან ამორჩეულნი წარმომადგენლები და ნამესტნიკის მიერ დანიშნული გენერალ ლეინტენტი მალამა და ბატონი ვედენბაუმი, რადგანაც ქუთაისის გუბერნატორმა ბ-ნმა სტაროსელსკიმ დაარწმუნა ნამესტნიკი, რომ გურია ახლა სრულიად დამშვიდებულიაო. ბ-ნმა სტაროსელსკიმ დაბეჯითებითა სთხოვა გრაფ ვორონცოვ დაშკოვს, ქუთაისის გუბერნიაში ახლახანს შემოღებული ომიანობის დროის წესები გააუქმოს, რადგანაც მცხოვრებნი ძლიერ შეწუხებულნი არიანო და შესაძლოა ხალხმა ვეღარ მოითმინოს და რაიმე უბედურება დატრიალდესო. ნამესტნიკმა უკვე ბრძანება გასცა ომიანობის დროის წესების გაუქმების შესახებ.

გუშინ საგანგებო მატარებლით წავიდა ბათუმისკენ ქუთაისის გუბერნატორი ბ-ნი სტაროსელსკი, რომელსაც გაჰყვნენ მუშათა ორგანიზაციის წარმომადგენელნი, რათა რკინის გზის გაფიცულ მოსამსახურეებმა ამ მატარებელს გზა მისცენ და თავისუფლად გაატარონ ბათუმამდის.

განზრახვა არის, დაზარალებულ გურულთა სასარგებლოდ, ტფილისის სახაზინო თეატრში ქართული წარმოდგენა გამართონ.

მოგზაური, N39, 6 ნოემბერი

გურიას დღეს ასცდა განსაცდელი, მთელი სამხედრო რაზმი, რამდენიმე ჯარისკაცისგან შემდგარი, ზარბაზნებით, ტყვიის მტყორცნელთა მთელი როტით და ყოველგვარი საომარი წესის იარაღებით შეჭურვილი, რომლის უფროსს, ალიხანოვს, მინიჭებული ჰქონდა განსაკუთრებული უფლებები, დახვრეტა-ჩამოხრჩობამდის, ნაბრძანები ჰქონდა გურიაში ყოველივე მოესპო და გაენადგურებინა და რომელიც უკვე დიდი სისწრაფით მიეშურებოდა დანიშნულების ადგილისაკენ. აი ეს რაზმი, მთავრობისვე ბრძანებით ისევ უკან უნდა დაბრუნდეს. რა მოხდა? მთავრობამ კარგად იცის, რომ გურიაში რევოლუციის ცეცხლი არ ჩამქრალა, ეს ცეცხლი კიდევ უფრო გაძლიერდება ჯარის უკან გამოწვევით და თუ იგი ოფიციალურად აცხადებს, რომ ჯარს უკან ვაბრუნებთ, ვინაიდან გურია უკვე დამშვიდდა, ეს სიტყვის მასალაა და მეტი არაფერი. ჯარის დაბრუნება გამოიწვია ხალხის აღშფოთებამ... გურიის განსაცდელმა ფეხზე დააყენა მთელი კავკასიის მშრომელი ხალხი... ყოველ კუთხეში ელვასავით გაისმა ხმა, რომ გურიას, იმ გურიას, რომელმაც გაბედულად აღმართა ძმობის, თანასწორობის და თავისუფლების დროშა, ამოჟლეტას, მოსპობას და განადგურებას უქადიანო. ამ ამბების გამო ყველა ქალაქებში, დაბა-სოფლებში მიტინგები და კრებები გაიმართა და ყველგან თითქმის ერთნაირ გადაწყვეტილებებს ადგებოდნენ დაეხმარონ გურიას... მთავრობა დარწმუნდა, რომ იგი დაადგა მეტად სახიფათო გზას, მან დაინახა, რომ გურიაში ჯარების გაგზანივთ ფეხზე დააყენა მთელი მშრომელი ხალხი და ეს მის სასარგებლოდ აღარ გათავდებოდა, ამნაირად, როგორც ხედავთ გურიას დღეს ასცდა განსაცდელი, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რეოვლუციონურ მოძრაობასა და მთავრობას შორის რაიმე მორიგება მომხდარიყოს და ერთს ან მეორეს იარაღი დაეყაროს, პირიქით ეს მხოლოდ დროებითი ზავია

სხივი, N6, 6 ნოემბერი

გვაინტერესებს გურულების გმირული ბრძოლა თავისუფლებისთვის. აღტაცებას გამოვთქვამთ და თანაგრძნობას ვუცხადებთ გურულებს. ჩვენ ერთ-ერთი პატარა კომანდის სალდათები ამ წერილთან ერთად ვგზავნით ჩვენი ღარიბი ჯიბიდან მცირე თანხას, ამით ჩვენ იმდენად ნივთიერი დახმარება კი არ გვსურს აღმოუჩინოთ მათ, რამდენადაც სოლიდარობა გვინდა გამოუცხადოთ გმირულ გურულებს და საზოგადოდ თავისუფლებისთვის მებრძოლებს


მოცემულია ცნობები დაზარალებულ გურულთა დასახმარებლად გაკეთებული შეწირულობების, გამოცემების და დადგმული წარმოდგენების შესახებ


ცნობა დაზარალებულ გურულთა სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობების შესახებ. 
გაფიცვის შემდეგ ამუშავდა ფოსტა და 11 ფუთი წერილები მივიდა, მთელი დღე რიგდებოდა წერილები
ცნობა ლაზარენკოს სავარაუდო გადადგომის შესახებ
ცნობა სტაროსელსკის გურიაში ვიზიტის შესახებ


ცნობა დაზარალებული გურულების დახმარების შესახებ
ოზურგეთში დაბინავებული პლასტუნები აწუხებენ მოსახლეობას, დაგეგმილია მათი გადაყვანა ფოთში, ხოლო გურიაში განტავსდება ხერსონის პოლკის ბატალიონი
ნინო ნაკაშიძის ვრცელი წერილი ნასაკირალის ბრძოლის შესახებ

ცნობა დაზარალებულ გურულთა დახმარების შესახებ
გურიაში ჩასვლას აპირებს ვიცე-გუბერნატორი ყიფშიძე, გაჩერებულია ვყელა სახელმწიფო დაწესებულება

ცნობა დაზარალებული გურულების დახმარების შესახებ
სადგურ ლანჩხუთზე თოფი ესროლეს ბათუმის პოლიცმეისტერის თანაშემწეს. მსროლელი მიიმალა

ცნობა, რომ დაზარალებული გურულების დასახმარებლად თანხა გამოყო ტფილისის საქალაქო საბჭომ
ერთ კაზაკს და მღვდლის დენჩიკს უპივეს ოქრომჭედელ ბილიხოძესთან მოპარული ვერცხლეული


გაიმართება წარმოდგენა სევილიელი დალაქი დაზარალებული გურულების დასახმარებლად. 
ცნობები დაზარალებულ გურულთა დასახმარებლად გაკეთებული შეწირულობების შესახებ


ცნობები დაზარალებულ გურულთა დასახმარებლად გაკეთებული შეწირულობების შესახებ


ვეტცელის და ტფილისის სახაზინო თეატრები დგამენ წარმოდგენებს დაზარალებულ გურულთა სასარგებლოდ. 
ცნობები დაზარალებულ გურულთა დასახმარებლად შეგროვებული თანხების შესახებ. 

ცნობები დაზარალებულ გურულთა დასახმარებლად შეგროვებული თანხების შესახებ. 


ცნობები დაზარალებულ გურულთა დასახმარებლად შეგროვებული თანხების შესახებ. 


ლანჩხუთში რსდმპ -ის მიერ ორგანიზებული რამდენიმე ათასიანი მიტინგი ოქტომბრის მანიფესტის შესახებ
ცნობები დაზარალებულ გურულთა დასახმარებლად შეგროვებული თანხების შესახებ. 



გურია. ისეთი აღშფოთებული დრო დაგვიდგა გურულებს, რომ ყველაფრის აღწერა შეუძლებელია. მთელი გურია შეძრწუნებული იყო და ყოველ წამს ელოდა სრულ განადგურებას "სულიან-ხორციანა", როგორც აქ ამბობენ. ადამიანს ვერ ნახავდი, რომ კაცის ელფერი სდებოდ, რაღაც სტიქიურის ძალით დაგვესხნენ თავს და დაიწყო ყველაფრის განადგურება, წვა და ძარცვა-გლეჯა. ამით ისარგებლეს აქაურმა ბნელმა ძალებმაც და ყველაფრით ხელი შეუწყეს ჩვენის ქვეყნის განადგურებას. 

მაგრამ დავიწყოთ თავიდან. ჯერ კიდევ 10 იანვარს გავარდა ხმა, რომ ნატანებში ჯარი ჩამოსულა, იქაურობა გადაუწვავს და ეხლა აქეთ მოდის ზარბაზნებით და ტყვიის მტყორცნელებითაო. მაშინვე გაემართა იქითკენ ორი ადგილობრივი ბოქაული და მართლაც, როცა დაბრუნდნენ, სთქვეს, რომ ჯარი მოდის საომარ წესით, სხვა და სხვა მოთხოვნილებებითო. ამასთან უფროსი თხოულობს ოზურგეთიდან დეპუტაციას მოსალაპარაკებლად და ამას გარდა ბარგისათვის 12 ურემსაო. მეორე დღეს დილა ადრიანად გაუგზავნეს უფროსს ურმები და წავიდა დეპუტაციაც. გზაში შეხვდნენ ჯარს, რომელიც სრულის საომარის წესით მოდიოდა ოზურგეთისკენ. ჯარის უფროსი, პოლკოვნიკი კრილოვი მაშინვე შეჩერდა, მიიღო დეპუტაცია და წარუდგინა მოთხოვნილებანი, რაზედაც დეპუტაციამ უპასუხა, რომ ხალხი ეცდება, დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნილებანი, მხოლოდ გთხოვთ, მობრძანდეთ მშვიდობიანად და ყველაფერი გამოუცხადოთ ხალხსაო. კრილოვმა დეპუტაციას აღუთქვა, რომ დავიცავ სრულ მშვიდობიანობას, ნურაფრის შიში ნუ გექნებათო.

ნაშუადღევის ორი საათი იქნებოდა, როცა ჯარი ოზურგეთში შემოვიდა. შემოსვლა და სალდათების და პლასტუნების დუქანში შესევა ერთი იყო. მაშინვე დაატუსაღეს მოხუცებული ალექსანდრე თუმანიშვილი, ტიტიკო ჩხატარაიშვილი, ის. ჩხარტიშვილი  და სხვებიც. ჯარი შეცვივდა სახლებში და იწყეს დაბანაკება, განურჩევლად სცხოვრობდა ვინმე შიგ თუ ცარიელი იყო. ხალხი დაფრთხა და იწყო გაქცევა ურმით, ფეხით, ეტლით, ვინც როგორ შესძლო და მოახერხა. ქუჩები გაივსო სალდათებით, ვაჭრებმა დაჰკეტეს დუქნები, იფიქრეს ამით გადავრჩებით ძარცვა-გლეჯასაო, მაგრა ყველგან დაიმტვრა კლიტეები. ტაციობა საღამოს კიდევ უფრო გაცხოველდა. ღამის მეათე საათი იქნებოდა, როცა დუქნებს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც თავზარი დასცა ოზურგეთლებს და ახლო-მახლო მცხოვრებთ. ამ ღამეს დაიწვა ცხრა დუქანი. მეორე დღეს, დილით, ჩავედით ქალაქში. კაცი ვერ გამოსთქვამს, რა სანახავი იყო: არც ერთი დუქანი არ იყო გაუტეხელი, ყველა დაცლილი იყო, აქა-იქ ეყარა არყის ბოთლები. ქალაქი სალდათებითა და ხალხით იყო სავსე. შეშინებულ მცხოვრებთა დეპუტაცია წავიდა ბ-ნ კრილოვთან. დიდ ხანს დასჭირდა დეპუტაციას გარედ დგომა. ბოლოს გამოვიდა და როცა მოისმინა ერთის დეპუტატის სიტყვა, რომ სალდათები ურიგოდ იქცევიანო, დაიწყო ხმამაღლა ლაპარაკი, რომ ჩემი სალდათები აგრე თავის დღეში არ მოიქცევიან, ცრუობთ. ნურაფრის ნუ გეშინიათ, მე მივიღებ ზომებს, რომ წვა აღარ იყოსო. ცოტათი დაიმედებული ხალხი დაბრუნდა სახლში. მაგრამ რაც ამ ღამეს, ესე იგი 12 იანვარს, მოხდა ამან დაგვავიწყა ყველას წინა დღეინდელი შიში.

დაღამდა თუ არა, რვა საათიდან ხელახლა გაუჩნდა დუქნებს ცეცხლი. უზარ-მაზარ ცეცხლის გუგუნი დილამდის აღარ შეწყვეტილა. ენა ვერ იტყვის, რა განიცადეს ამ ღამეს ოზურგეთში დარჩენილმა ბავშვებიანმა  ოჯახებმა. ამასთან იყო ძარცვა-გლეჯაც. აქა-იქ დაესხნენ ქალებსაც. ხალხი სრულიად დაფრთხა, შეშინდა და გაიქცა მარტო ოზურგეთიდან-კი არა, ახლო-მახლო სოფლებიდანაც. იმალებოდნენ სადღაც ტყეებსა და ღრეებში, კარვებში და უკარვოდ ცის ქვეშ ჩვილის აკვნიან ბავშვებით, მშიერ მწყურვალნი.

კვირას, ე.ი. 15 იანვარს, გურიის ყველა კუთხიდან მოვიდნენ წარმომადგენლები და მამასახლისები მოთხოვნილებათა მოსასმენად. ხალხი შეიკრიბა მოედანზე წვიმაში. ჩაამწკრივეს წრედ მაზრის უფროსმა და ბოქაულებმა. ცოტა ხნის ცდის შემდეგ წრეში შევიდა ცხენით თითონ პოლკოვნიკი კრილოვი, რომელსაც მოჰყვა მთელი ჯგუფი აფიცერთა მხლებლებისა ფეხით. სალამის შემდეგ გამოუცხადა ხალხს შემდეგი მოთხოვნილებანი: დაუყოვნებლივ 18 იანვრის 3 საათამდი გურულებმა უნდა წარმოადგინონ სამი ათასი თოფი "ვინტოვკა", შვეიცარიისა და ბერდანის სისტემისა და ათასი რევოლვერი (ამის შესახებ ხალხმა სთხოვა ვადის გაგრძობა და მანაც ოცდახუთამდის გადასდო), გადაიხადოს ყველა გადასახადები 1 თებერვლამდის; მოიყვანონ ახალი სალდათები და აგრეთვე ძველები, გაქცეულებიც; წარმოადგინონ მეთაურები ათის თავებიდან დაწყებულნი; სალდათის სიკვდილისათვის უნდა აგოს პასუხი ყველამ, ხოლო პოლიციელის სიკვდილისათვის ათმა კაცმა ყოველ საზოგადოებიდან ამორჩეულმა და მერე საზოგადოებამ უნდა შეინახოს პოლიციელის ოჯახი.

ყოველივე გამოაცხადა კრილოვმა გადაწყვეტილის ხმით. გაუწყრა მაზრის უფროსს და თავად-აზნაურთა წინამძღოლის მოადგილეს, რომ ისინი არ აძლევდნენ ცნობებს გურიაში მომხდარ ამბების შესახებ, და წავიდა შინ. აქვე მოედანზე სოფლისა და ქალაქის წარმომადგენელთ აირჩიეს ექვსი კაცი და ხელ-ახლა გაგზავნეს კრილოვთან დაწვრილებით მოსალაპარაკებლად. რამდენსამე საათს დაჰყო დეპუტაციამ პოლკოვნიკთან. შედეგი იყო ის, რომ კრილოვმა უარ-ჰყო ზოგიერთი მოთხოვნილება, მაგ., თოფებს იმდენს აღარ თხოულობს და აგრეთვე გარდაწყვეტით არც დროს უნიშნავს. ათის და ასის თავების წარმოდგენა აღარ სცნო საჭიროდ და სხვა.

18 იანვრიდან იწყო ხალხმა ახლო-მახლო სოფლებიდან თოფებისა და რევოლვერების მოზიდვა. მოიტანეს ექადიიდან, მელექედურიდან, დვაბზუიდან, ლეხოურიდან, შემოქმედიდან და სხვა ადგილებიდან. ძარცვა-გლეჯამ, თუმცა ახლო-მახლო სოფლებში განაგრძობენ, მაგრამ მაინც იკლო. მხოლოდ შეშინებული, დამფრთხალი ხალხი ჯერაც ვერ დაბრუნებულა შინ. ბავშვები თითმის ყველანი ავად დახდნენ ტყეებში. ხალხს ჯერ კიდევ ეშინიან. თუმცა კრილოვი ყველას არწმუნებს, რომ არაფერი იქნება, მე ბრძანება გავეციო, მაგრამ სჩანს, რომ ან არ ასრულებენ იმის ბრძანებას, ან სხვა რაღაც მიზეზია. 

დღეს, 20 იანვარს, მოვიდნენ ახალი სალდათები. სოფლებში ჯერ-ჯერობით ჯარს არა ჰგზავნიან, მხოლოდ პლასტუნებმა გუშინ ნაციონალურისა და შავის ბაირაღით სიმღერით გაისეირნეს სოფლისაკენ, მაგრამ მშვიდობიანად დაბრუნდნენ. რაც ქალაქი გადაიწვა, მას შემდეგ გადაიწვა სოფელში მხოლოდ ორი სახლი. ერთი ამ სახლიდან ჩვენებურმა "ხუნხუზებმა" გადასწვეს. უნდა სთქვას კაცმა, რომ ჩვენებურმა ქურდ-ბაცაცებმა, ჩვენდა სამარცხვინოდ, თავი იჩინეს და წვის დროს, როგორც ამბობენ, ურმებით ეზიდებოდნენ თურმე ნაქურდალს. ხალხი ამ ბოლო დროს ცოტ-ცოტა მშვიდდება. ჯერ-ჯერობით აქედან, კეთილ საიმედო მოწმობა თუ არა აქვს კაცს, არსად უშვებენ.

დასმწრე.


ცნობები დაზარალებულ გურულთა დასახმარებლად გაკეთებული შეწირულობების შესახებ


ცნობები დაზარალებულ გურულთა დასახმარებლად გაკეთებული შეწირულობების შესახებ












Comments

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში არსებობის დროს, სამთავ