Skip to main content

1919 წლის აჯანყება გურიაში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს ბოლშევიკების მომხრეებს ჰქონდათ რამდენიმე აჯანყების მოწყობის მცდელობა. მათგან ყველაზე მასშტაბური იყო 1919 წლის შეიარაღებული აჯანყება.

გურიაში ბოლშევიკების აქტიურობა ჯერ კიდევ 1917 წლიდან იწყება. 1917 წლის მაისში დაარსდა მოსწავლეთა კლუბი, რომლის მიზანი იყო სოციალისტური ლიტერატურის შესწავლა. იმავე წლის 24 ნოემბერს ჩატარდა ბოლშევიკთა ოზურგეთის ჯგუფის კრება, რომელმაც მისალმება გაუგზავნა ლენინს და მიულოცა რევოლუციის გამარჯვება. 30 დეკემბერს მაშინდელი სამოქალაქო სასწავლებლის შენობაში გაიხსნა ოზურგეთის მაზრის ბოლშევიკების I კონფერენცია. ბოლშევიკთა პარტიაში ახალ წევრთა მიღება ოზურგეთში ორ ადგილზე წარმოებდა: ქალაქის აფთიაქის გამგე ფილიპე ცხომელიძესთან და მარო ლომინაძესთან სახლში, რომელიც იდგა მაშინდელი თეატრის გვერდით.

ბოლშევიკთა სიმრავლე იყო სოფელ ჯუმათში. 1918 წლის 18 იანვარს ჯუმათის ბოლშევიკური ორგანიზაციის კრებამ დიდი ზეიმით აღიარა საბჭოთა მთავრობა და გაკიცხა ამიერკავკასიის კონტრრევოლუციური კომისარიატი.

1919 წლის ნოემბერში ბოლშევიკებმა მოაწყვეს აჯანყება. აჯანყება ოპერატიულად აღკვეთა სახალხო გვარდიამ და არმიამ. აჯანყების ერთ-ერთი კერა გურიაშიც იყო. აჯანყება დაგეგმილი იყო ოქტომბრის რევოლუციის ორი წლისთავზე, 24-25 ოქტომბრისთვის. 

გურიაში აჯანყების ხელმძღვანელად მოვლენილი იყო ცნობილი ბოლშევიკი გიორგი სტურუა. ოზურგეთში შტაბის შეკრების ადგილი ექადიაზე პროკობი თავდუმაძის სახლი იყო. ამავდროულად გამოვიდა არალეგალური ხელნაწერი ჟურნალი „კომუნისტი“.



1919 წლის 1 მაისს ოზურგეთში ბოლშევიკთა ორგანიზებით მოეწყო მასობრივი გამოსვლები. 1919 წლის ზაფხულში სოფელ ფიჩხისჯვარში ჩატარდა გურიის ბოლშევიკთა საერთო კონფერენცია, სადაც დაიგეგმა აჯანყება. აჯანყების გეოგრაფია ასეთი იყო: იერიში უნდა მიეტანათ ოთხ სტრატეგიულ პუნქტზე: ოზურგეთზე, ჩოხატაურზე, ლანჩხუთსა და სუფსაზე. მთავარი ქალაქის, ოზურგეთისთვის უნდა შეეტიათ სამი მხრიდან: აღმოსავლეთიდან შემოქმედის რაზმს, დასავლეთიდან ხვარბეთისას, ხოლო ჩრდილოეთიდან ჯუმათ-სილაურისას. ჯუმათ-სილაურის რაზმებს აკეთის, მამათისა და ძიმითის რაზმები უნდა შეერთებოდა.

აჯანყებამდე ორი დღით ადრე, 22 ოქტომბერს გაიმართა სამხედრო-რევოლუციური შტაბის სხდომა თბილისში, რაც ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა და შტაბის წევრები დააპატიმრეს, მათ შორის დააპატიმრეს ოზურგეთის მაზრის სამხედრო კომისიის მთელი შემადგენლობა. ამის გამო აჯანყება რამდნიმე დღით გადაიდო, მაგრამ მითითებამ გადადების შესახებ გურიაში ყველა სოფლამდე ვერ მიაღწია, ამიტომ აჯანყება არაკოორდინირებულად მაინც დაიწყო 24 ოქტომბერს (ძვ. სტილით).

ახ. სტილით 8 ნოემბერს ქვაბღისა და ხევის რაზმებმა ძმები მამალაძეებისა და ჩანტლაძეების მეთაურობით იერიში მიიტანეს ჩოხატაურზე. ამავდროულად ჩოხატაურს დასავლეთიდან შეუტიეს ასკანის, ნაგომრისა და ხიდისთავის რაზმებმა. 9 ნოემბერს ჩოხატაური უკვე აჯანყებულების ხელთ იყო. მათ ასევე წარმატებას მიაღწიეს ლანჩხუთისა და სუფსის მიმართულებით და აიღეს ეს პუნქტები. ოზურგეთში კი ეს ვერ მოახერხეს. ხელისუფლებამ დაამარცხა როგორც შემოქმედის, ასევე ხვარბეთის რაზმები. ჯუმათ-სილაურის რაზმი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სევასტი სარიშვილი და ბესარიონ რუსიძე, 8-9 ნოემბერს დაიძრა ოზურგეთისკენ. თავდაპირველად აჯანყებულებმა სოფელში ხელისუფლების წარმომადგენლები განაიარაღეს და შემდეგ ოზურგეთზე მიიტანეს იერიში მაგრამ ადიდებული სუფსა დახვდათ წინ. გვარდიამ ზარბაზნებით საპასუხო დარტყმა მიაყენა მათ და ჯუმათი და სილაური დაიკავა.

აჯანყებაში მონაწილე სილაურელთა ჯგუფი

აჯანყება მთელ საქართველოში დამარცხდა და ფილიპე მახარაძე წერდა:

საერთო სიტუაცია მთელ საქართველოში იმ დროს უკვე არახელსაყრელი იყო აჯანყების გამარჯვებისთვის. ამაში იყო მთელი ტრაღიზმი ამ აჯანყებისა

აჯანყების დამარცხების შემდეგ ჩოხატაურში დააპატიმრეს 48, ხოლო ლანჩხუთში 300-ზე მეტი აჯანყებული. ისინი გაასამართლა სამხედრო-საველე სასამართლომ ოზურგეთში 21-23 ნოემბერს, ხოლო ლანჩხუთში 24-27 ნოემბერს. ლანჩხუთში დახვრეტა მიუსაჯეს 28 ადამიანს. 3 მათგანი მატარებლით გადაიყვანეს ნიგოითთან, „ჯიკის ტბასთან“ და იქ დახვრიტეს. რამდენიმე სიკვდილმისჯილმა გაქცევა მოახერხა.

ოზურგეთის სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა 8 აჯანყებულს. ესენი იყვნენ: პარმენ მამალაძე, თეოფილე თოდრაძე, ბენია ბერიძე, ტარასი მინდაძე, ფილიმონ (ფილარა) გოგუაძე, ავთანდილ მამალაძე, მიხაკო ბერძენიშვილი და ანდრო ახალაძე. გასამართლებულები სოფელ გურიანთაში, ვაშნარის ნაქალაქართან ახლოს დახვრიტეს.



1920 წელს ძველმა ბოლშევიკმა ნატალია ქიქოძემ და მისმა შვილებმა დახვრეტილ ბოლშევიკთა ძეგლის ფონდის სასარგებლოდ 10 000 მანეთი შესწირეს. ძეგლი 1950-იან წლებში დახვრეტის ადგილთან ახლოს, საავტომობილო გზის პირად აღმართეს. ობელისკზე იყო წარწერა: „1919 წელს აქ მენშევიკმა ჯალათებმა დახვრიტეს საბჭოთა ხელისუფლებისთვის მებრძოლი რვა კომუნარი“

1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ სიკვდილით დასჯა გააუქმა.

მასალები აღებულია გაზეთ „ლენინის დროშის“ არქივიდან, შესაბამისად ინფორმაცია დახვრეტების შესახებ შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს და პირველი რესპუბლიკის საწინააღმდეგო საბჭოთა პროპაგანდის ნაწილი იყოს.

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

შევარდნაძე გურიაში 1981 / Eduard Shevardnadze in Guria, 1981

1981 წელს მახარაძის რაიონს ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა. მან 18 დეკემბერს გახსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი. ამანამდე, სანამ ექვთიმეობა აღინიშნებოდა და ძეგლი გაიხსნებოდა, ლიხაურს ეწვია მაშინდელი საქ. კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1981 წლის დეკემბერში იყო ჩასული ქალაქ მახარაძეში მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის გასახსნელად. გარდა ლიხაურისა, შევარდნაძე სტუმრობდა ბახვს, სადაც ბახვის მანიფესტის მემორიალი გახსნა. შევარდნაძე ლიხაურში  მარცხნიდან მეორე გენადი კოლბინი - ცეკას მეორე მდივანი, ზურაბ პატარიძე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაკო ორაგველიძე, ედეუარდ შევარდნაძე, სოლიკო ხაბეიშვილი შევარდნაძე მარადიულ ცეცხლთან ლიხაურის ცენტრში შევარდნაძე ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან „ბახვის მანიფესტის მემორიალის გახსნა, მარცხნივ ედუარდ შევარდნაძე, მარჯვნიდან მეორე მამია კილაძე -  გაზეთ „ლენინის დროშის“ რედაქტორის მოადგილე, მარჯვნივ ოთარ თენეიშვილი მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი. ბახვი

როგორ მოხვდა ერეკლე II-ის ხმალი გურიაში

1770 წელს ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების შემდგომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ, ოდიშის მთავარ კაცია II დადიანს საჩუქრად ხმალი გაუგზავნა. საჩუქრის გაგზავნის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ კაცია დადიანი ერეკლე II-ის სიმამრი იყო, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც. რუსული წყაროების ცნობით, დადიანს საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში და ერეკლეს მხარი არ დაუჭირა და ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერეკლემ დადიანს ხმალი გამარჯვების ნიშნად გაუგზავნა. ასე იყო თუ ისე, 1770 წლიდან დადიანებთან ინახებოდა ფოლადის პირის მქონე (სიგრძე - 93 სმ, სიგანე - 3,5 სმ), ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი შემკული ხმალი, რომელსაც ვადასთან ახლოს პირის სიბრტყეზე ჰქონდა წარწერა „მეფემან ერეკლე დადიანს ვუძღვენი“ . ხმალი მემკვიდრეობით გადაეცემოდა დადიანებს, სანამ ის არ გახდა საკუთრება დავით დადიანისა, რომელიც იყო ოდიშის უკანასკნელი მთავარი 1840-1853 წლებში. ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ არსებობდა მაგრამ უკვე ...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...