Skip to main content

ედუარდ იუონი: ერთი წელი ამბოხებულ გურიაში


1905 წელს გურიის დამსჯელ ექსპედიციაში იყო გერმანული წარმოშობის ედუარდ იუონი, რომლის წერილი „ერთი წელი ამბოხებულ გურიაში“ გადმობეჭდა 1907 წელს თბილისში არსებულმა გერმანულმა გაზეთმა „კაუკაზიშე პოსტმა“, რომელის რედაქტორი იყო არტურ ლაისტი. წერილი გერმანულიდან თარგმნა კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ. გამოქვეყნდა „24 საათში“.


    ვცხოვრობდით ჩვენთვის, მშვიდად პატარა საგარნიზონო ქალაქში თურქეთის საზღვართან, როცა ერთ მშვენიერ, თუ უბედურ დღეს ტელეგრაფით გვიბრძანეს: სასწრაფოდ დავძრულიყავით გურიაში დაწყებული მღელვარების ჩასახშობად. მეორე დღის ნაშუადღევს გავუდექით გზას და ხუთი დღის შემდეგ ჩვენი პოლკი უკვე გურიის საზღვარს მიადგა. 1905 წლის თებერვალი იდგა და კონტრასტი აქაურსა და იმ ამინდს შორის, უკან რომ ჩამოვიტოვეთ, ჯადოსნურად მოქმედებდა. თუმცა ჩვენი გარნიზონის ადგილსამყოფელი ბევრად უფრო სამხრეთით მდებარეობდა, იქ სასტიკი ზამთარი მძვინვარებდა (საგარნიზონო ქალაქი არარატის განშტოებაზეა განლაგებული ზღვის დონიდან ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე), ხოლო აქ, ნატანების მშვენიერ ველზე, გაზაფხულს მთელი თავისი მომხიბვლელობა გამოეფინა: მინდორი მწვანედ აბიბინებულიყო, ფილოდენდრონი ყვაოდა, აკაციებსა და მაგნოლიებსაც გამოეღოთ ნაზი ყლორტები. ნოტიო, თბილი ჰაერი იების სურნელით იყო გაჟღენთილი. ამ დიდებულმა გარემომ გადაგვავიწყა ყველა გაჭირვება, რაც ყოველთვის ახლავს თან მოზრდილი სამხედრო ნაწილების გადაადგილებას. ჯარისკაცები ბავშვებივით იქცეოდნენ: ხარობდნენ, მღეროდნენ და კარვებს აყვავებული რტოებით რთავდნენ.
    გურიის საზღვარზე, ზღვის სანაპიროზე მდებარე ნატანებში, გურულების დეპუტაცია შემოგვეგება და იქ დაგვატყვევა პირველად ყველანი იქაური ადამიანების სილამაზემ. ეს იყო ნამდვილი აღმოსავლური ფერადოვანი სანახაობა: დეპუტაცია ასამდე კაცისაგან შედგებოდა, ჭრელად მორთულ-მოკაზმულ სახედრებსა და ჯორებზე ისხდნენ და ნელი სვლით მოირწეოდნენ ჩვენსკენ. ესენი იყვნენ ნამდვილად ღირსეული ადამიანები, უმეტესობა ჭაღარა იყო, გრძელი კარგად მოვლილი წვერი ამშვენებდათ, მდიდრულად იყვნენ გამოწყობილი და კეთილშობილი, სერიოზული სახეები ჰქონდათ. დეპუტაციის მიზანი იყო სრული მორჩილება აღეთქვა ჩვენი უფროსებისათვის, სტუმართმოყვარეობის ნიშნად, რუსული წესის მიხედვით, პურითა და მარილით მივეღეთ და, რაც მთავარია, ეთხოვათ ზარალი არ მიგვეყენებინა, მათ ქვეყანაში ღრმად არ შევჭრილიყავით და საზღვართანვე დაგვებანაკა. წინსვლა სრულიად ზედმეტია, რადგან უკვე ყველგან სიწყნარე სუფევსო. ამ მიღებამ ჩვენს უფროსებზე ჩინებული შთაბეჭდილება მოახდინა და, მართლაც, ცდილობდნენ უხუცესთა აღთქმისთვის დაეჯერებინათ.
    ნატანებში დროებით კარვები გავშალეთ, თოთხმეტი დღის განმავლობაში თავს ისე ვგრძნობდით, როგორც ღმერთები საფრანგეთში, და გურიაც მშვიდად იყო. დამსჯელი კორპუსის შემადგენლობაში ჩვენ გარდა კიდევ ქვეითთა ერთი სხვა პოლკი, ქვეით კაზაკთა ერთი ბატალიონი, ერთი პოლკი ცხენოსანი კაზაკებისა და არტილერიის ორი ბატარეა შედიოდა. ასე რომ, კორპუსი სერიოზულ ძალას წარმოადგენდა. ის დაუქვემდებარეს შემდგომში სახელგანთქმულ გენერალ ალიხანოვს და "რიონის კორპუსი" შეარქვეს.
    ნატანები რკინიგზის სადგურია თბილის-ბათუმის ხაზზე, რომელიც რიონის ხეობას მისდევს და ამიერკავკასიის უმშვენიერეს ადგილს წარმოადგენს. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1877-78 წლებში, რიონს სისხლის ნიაღვარი ჩაჰქონდა შავ ზღვაში, რადგან ბათუმისათვის სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა ხმელეთსა და ზღვაზე; ბათუმი რუსეთს 1878 წელს მიაკუთვნეს ბერლინის კონგრესზე. ზღვა ჩვენი ბანაკიდან ერთი კილომეტრით იყო დაცილებული და მე ნეტარებით ვატარებდი მის ნაპირზე დროს საათობით, აღტაცებული შევყურებდი მას, რომელიც მაშინ, მართლაც, შავი აბობოქრებული სტიქიონი იყო; ხშირი ქარიშხლებისაგან აწრიალებული, ჰორიზონტთან საავდრო ღრუბლებში გახვეული, ის პირქუში და შიშის მომგვრელი ჩანდა.
    სულ სხვანაირია იგი ზაფხულში! იქიდან არც ისე შორს მდებარეობს კურორტი ქობულეთი, სადაც კოლორიტული, მწვანე და ყვითელი ფერებით განთქმული დაისით ტკბობა შეიძლება. ახლო მდებარე მეთევზეთა სადგურ ნიკოლოზის კონცხზე ვეცადე დავახლოებოდი იმ ხალხს, რომელთა დასაშოშმინებლადაც ჩვენ იქ მივედით. ჩვეულებრივ გულღია და თავაზიანი ადამიანები ჩვენ წინაშე, ჩვენი ფორმის შემხედვარე, გულჩათხრობილნი და მიუკარებელნი ხდებოდნენ. მე დიდი წვალებით, ჟესტებით, მიმიკითა და ამასობაში ნასწავლი ორი ღერი ქართულით ავუხსენი მათ განსხვავება კადრისა და თადარიგის ოფიცრებს შორის, განვუმარტე, რომ ომი არ იყო ჩემი ხელობა და რომ იქიდან შორს, შორს, რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით, მქონდა კერა და ოჯახი და იქ დაბრუნება ჩემი მგზნებარე სურვილი იყო. შემდეგ კი, არამარტო აქ, არამედ მივარდნილ სოფლებშიც, სადაც ჩვენ მისვლა გვიწევდა, ისწავლეს თადარიგის ოფიცრების ცნობა, და ვიდრე გამოგველაპარაკებოდნენ, ჯერ ალმაცერი მზერით სამხრეებს შეგიმოწმებდნენ.
    უფრო ადვილი იყო გურულებთან ნაცნობობის გაბმა ახლომდებარე ბათუმში, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ხშირად ვსტუმრობდით. ბათუმი გურიის უმნიშვნელოვანესი ქალაქია, მაგრამ ტიპური ეროვნული სახე დიდი ხანია დაკარგული აქვს. ის მშვენიერი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ნავსადგურია და წლინახევრის წინ ბევრ უცხოურ გემს მასპინძლობდა, მათ შორის-მრავალ გერმანულ სავაჭრო გემსაც. ამ ბოლო დროს კი ბათუმთან ვაჭრობა ნავსადგურის მუშაკთა მუდმივი გაფიცვების გამო მთლიანად პარალიზებულია. 1905 წლის ზაფხულში, გემ „პოტიომკინზე“ მომხდარი ამბოხების შემდეგ, უცხოეთის გემებმა სავსებით უარი თქვეს ბათუმზე. ნავთობის დიდმა ფირმებმა, ნობელმა და სხვებმა, დახურეს თავიანთი საწარმოები და ქალაქი ბედის ანაბარა მიატოვეს. უმუშევართა არმია მშვენიერი მასალა გამოდგა რევოლუციისთვის, რაც კარგად გამოიყენეს გურიის მოძრაობის მეთაურებმა. ყველა, ვინც ქალაქიდან არ გაქცეულა, რევოლუციონერი გახდა. ციხესიმაგრის მცირერიცხოვან ბატალიონშიც კი დაიწყო მღელვარება, ამიტომ, როცა ქალაქი სევასტოპოლის რევოლუციის დროს მთლიანად ამბოხებულთა ხელში გადავიდა და გარესამყაროს მოსწყდა, ვერ გაბედეს ციხესიმაგრის ქვემეხები ხალხისთვის მიეშვირათ. ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარე ციხესიმაგრე იზოლირებულ იქნა, ნავსადგურში მყოფი გემები დროებითმა ხელისუფლებამ მფლობელებს ჩამოართვა და სევასტოპოლისკენ გაგზავნა აჯანყებულ წითელ ადმირალ ლეიტენანტ შმიდტთან კავშირის დასამყარებლად. სევასტოპოლს რომ ერთი დღით მეტი გაეძლო, ბათუმი რუსულ რევოლუციაში ალბათ ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა. როცა მე 1905 წლის დეკემბერში უკანასკნელად ვნახე ბათუმი, რუსეთის ჯარის მიერ მისი სრული დაშოშმინების შემდეგ, იგი მეტად ნაღვლიანად გამოიყურებოდა. ქალაქში შიმშილი მძვინვარებდა. სახეგაფითრებულნი, მაგრამ ამაყად თავაღერილნი მიმოდიოდნენ ქუჩებში გურულები, თვით ისინიც, ვისაც მათი უკანასკნელი სიხარული - ტანსაცმელი - ტანზე ჰქონდა შემოფლეთილი. მათი მონათესავე, მაჰმადიანური რელიგიის აღმსარებელი აჭარლები კი მთიდან ქალაქში ჩამოვიდნენ და შეიარაღებული მილიცია შექმნეს. ამ სულმოკლეობას მათ გურული ადვილად ვერ აპატიებს.
    როცა ქუთაისი დავტოვე, ისიც ბათუმივით სრულიად განადგურებული იყო: ქალაქის ძველი ნაწილი გადაეწვათ, ასობით ადამიანი დაეპატიმრებინათ და გადაესახლებინათ, მათ შორის ყოფილი გუბერნატორი სტაროსელსკი და მისი თანაშემწე ყიფშიძე, რომელთაც მე ჯერ კიდევ წლების წინ გონიერ ლიბერალებად ვიცნობდი და რომლებიც გურულებს შორის უსაზღვრო სიმპათიით სარგებლობდნენ. ქალაქში ცხოვრება ჩამკვდარიყო, შორაპნის მაღაროებს მუშაობა შეეჩერებინათ და ამით გამოწვეული მარგანეცის ნაკლებობა უკვე იგრძნობა მთელ სარკინიგზო ინდუსტრიაში.
    ნამდვილი, შეურყვნელი სულიერი და ფიზიკური ცენტრი გურიისა, ერთადერთი ჭეშმარიტად გურული ქალაქი ეს არის ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, ხშირად ხსენებული სამაზრო ცენტრი ოზურგეთი. უახლოესი რკინიგზის სადგურიდან (ნატანებიდან) ოცი კილომეტრით დაშორებულმა, კავკასიონის დასავლეთ განშტოებებზე მდებარე, ყოველგვარ სავაჭრო და ინდუსტრიულ მნიშვნელობას მოკლებულმა ამ დასახლებამ მყუდრო ადგილმდებარეობის წყალობით შეძლო თავისი საკუთარი, იდილიურად მიმზიდველი სახის შენარჩუნება. 1905 წლამდე ოზურგეთს სამხედრო არც ენახა, მაგრამ ოზურგეთის სწორედ ეს, საქვეყნო ფაციფუცს განრიდებული მდგომარეობა, გამოიყენეს რევოლუციონერებმა და წყნარი, ხილის ბაღებსა და ვაზებში ჩაფლული ქალაქი რევოლუციის ციტადელად გადააქციეს. ოზურგეთი, როგორც გურიის ყველა დასახლებული პუნქტი, ფართო ტერიტორიაზეა განფენილი. ქუჩა, ჩვენებური გაგებით, მხოლოდ ქალაქის ცენტრშია, სადაც სავაჭროებია თავმოყრილი. სახლები საკარმიდამო ნაკვეთების შუაგულში დგას და ერთმანეთს მეტისმეტად არის დაცილებული ეზო-ბაღებით. ზაფხულში, როდესაც სუროებით, ლიანებითა და ხვიარა ვარდებით ტანშემოსილი ხეები ამწვანებულია, სახლები სულ აღარ მოჩანს, მით უფრო, რომ უმეტესად მომცრო ზომისა და ერთობ მსუბუქად ნაგებნი არიან. ეს გარემოება, სხვათა შორის, დიდად უწყობდა ხელს აგიტატორებს. მარდად მოივლიდნენ ხოლმე ქალაქს და სოფელს, შეუმჩნევლად შედიოდნენ სახლებში თავიანთი იდეების გასავრცელებლად. რაკი მწვანე საფარით შენიღბული სახლები შორიშორს იდგა, მათი მოქმედება არ იპყრობდა ისედაც მცირერიცხოვანი პოლიციის ყურადღებას. ასე შეუმჩნევლად მომზადდა აჯანყება. აქტიურ მოქმედებაზე გადასვლის წინ ხალხის მზადყოფნის შესამოწმებლად მიტინგი იმართებოდა. ხალხისათვის გადაწყვეტილების გაცნობა ხდებოდა საკმაოდ ოფიციალურად, მაგრამ ეჭვმიუტანელ ადგილზე - ოზურგეთის ძველი, ისტორიული ეკლესიის ეზოში.
    ვინ მიიტანდა ეჭვს ღვთისმსახურებიდან გამოსულ ხალხზე, რომელიც კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში ეკლესიის წინ, მოედანზე ჩრდილში სეირნობდა და მუსაიფობდა. ენის უცოდინარი ამ თავყრილობებში ვერაფერს დაინახავდა საეჭვოს, ისე შეუმჩნევლად კეთდებოდა ეს ყოველივე. და გვიანღა მიხვდნენ (აბა, ამას ვინ იფიქრებდა!), რომ სწორედ ოზურგეთის ძველი ეკლესიის ეზოში გურიის რევოლუციისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ლამის საჯაროდ ქვეყნდებოდა. იმავე მოედანზე ოზურგეთში ჯარის შესვლის შემდეგ ბრწყინვალე აღლუმები იმართებოდა ძალის სადემონსტრაციოდ.
    როცა რიონის კორპუსის სადამსჯელო ექსპედიცია ჯერ კიდევ გურიის საზღვარზე, ნატანებში, იმყოფებოდა, ოზურგეთში ასეთი ამბავი მოხდა: ხალხისთვის საძულველი ქართველი თავადი ნაკაშიძე რომელსაც ზემოდან მფარველობდნენ და მომრიგებელი შუამავლის მოვალეობას ასრულებდა გურიაში, დღისით მზისით, თავისი სახლიდან გამოსვლისას ვიღაცამ თოფით მოკლა ქუჩაში. გვამი სამ დღეს ეგდო გარეთ, ვერავინ ბედავდა ხელის ხლებას, ხოლო პოლიცია ხალხმა, უბრალოდ, გარეკა. მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენი ჯარი ქალაქში უნდა შემოსულიყო, დათმეს ცხედარი, ოღონდ იმ პირობით, თუ მას ჩუმად დამარხავდნენ და თანაც - ეკლესიის გალავანს გარეთ.
    1905 წლის 12-13 მარტის ღამით ჩვენი კორპუსი ოზურგეთს მიადგა და იქ დაბანაკდა. ამით ერთბაშად დასრულდა ოზურგეთის იდილია. ერთი კვირის შემდეგ თავადის გვამი მის საგვარეულო სამარხში უნდა გადაესვენებინათ. ყველაფერი იღონეს მოსალოდნელი ძალადობის თავიდან ასაცილებლად და გვამის გადასვენების ცერემონიალი, რაც შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით უნდა ჩატარებულიყო. გატენილი თოფებით შეიარაღებული ორი ასეული და პოკის ორკესტრი გამოიყვანეს თავადისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად, სამგლოვიარო მუსიკა დააგუგუნეს და პროცესია ნელი გზით გაუყვა გზას.
    მე ცოტა ხნით ადრე ხელმღვანელობის ნებართვით კერძო ოთახი დავიქირავე ქალაქში, რათა რამდენიმე წერითი სამუშაო შემესრულებინა. სამგლოვიარო მუსიკა რომ გაისმა, ჩემთან ჩემი დიასახლისი მოვიდა და ჟესტებითა და მიმიკით მკითხა, ჯარისკაცი ხომ არ გარდაგეცვალათო. „ნაკაშიძე“, - ვუთხარი მე. უნდა გენახათ, რა დაემართა ქალს! გაფითრებულმა შეშლილი სახით შემორეკა შინ ბავშვები და მიიმალა. პროცესია ნელი რწევით მიიწევდა წინ; კუბოს მისდევდა ორი მოხუცი კაცი-მიცვალებულის ნათესავები, ორკესტრი და სამასი გულგრილი გამომეტყველების ჯარისკაცი. არცერთი სული ქალაქის მოსახლეობიდან! ქუჩის ბიჭებიც კი, სხვა დროს მხიარულად ჯგროდ რომ აედევნებოდნენ ხოლმე ორკესტრს, ახლა სადღაც გადამალულიყვნენ. ეს მოხდა დილის 10 საათზე.
    იმავე დღის ნაშუადღევს საზეიმოდ გამოწყობილი უამრავი ხალხი ჩვენი ქუჩის გავლით გავიდა ქალაქიდან. ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ შეძლო ამ უცნაური გასეირნების მიზეზის გამოცნობა. რამდენიმე ხნის შემდეგ, საპირისპირო მხრიდან სამგლოვიარო გალობა მოისმა და მთელი ეს ხალხი - დიდებული პროცესია - ქალაქში დაბრუნდა. წინ უბრალო ურემი მოუძღოდათ, რომელზედაც შეუღებავი ხის კუბო იდგა. როგორც შევიტყვეთ, ის, ვისაც ასეთი პატივი მიაგეს, ორი დღის წინ გარდაცვლილი ყველასათვის უცნობი უბრალო სოფლელი გლეხი ყოფილა, რომელიც ახლა ქალაქის ეკლესიის ეზოში უნდა დაეკრძალათ. ეს იყო დემონსტრაცია, ეშმაკურად მოფიქრებული, უწყინარი დემონსტრაცია, ისეთი მშვიდობიანი, რომ თვით კაზაკებმაც ვერაფერი იღონეს მის წინააღმდეგ.
    მარტიდან აგვისტომდე მარტო მშვიდობიანი დემონსტრაციები იმართებოდა და დამსჯელი კორპუსის საქმიანობა მხოლოდ წმინდა პოლიციური ფუნქციებით შემოიფარგლებიდა: ომნიბუსებს ჩხრეკდნენ და იარაღს ეძებდნენ; ზოგჯერ ღამით რომელიმე სოფელს ალყას შემოვარტყამდით და ავაწრიალებდით ხოლმე. ასეთ დროს, როგორც შემდგომ არაერთგზის უთქვამთ ჩვენთვის, მოსახლეობა ყოველთვის შვებით ამოისუნთქავდა, როცა შეამჩნევდა, რომ მყუდრიების დამრღვევნი ინფანტერისტები იყვნენ და არა კაზაკები. ექვსი თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ წარმოიქმნა ჯარის ხალხთან შეტაკების საშიშროება, მაგრამ მაშინაც, თადარიგის ოფიცრების წყალობით, ინციდენტმა უსისხლოდ ჩაიარა. სხვა მხრივ, ურთიერთობა ხალხსა და სამხედროებს შორის გარეგნულად ნორმალური ჩანდა: ურმებით მოჰქონდათ გლეხებს ხილი და ყურძენი ჯარისკაცებისთვის და ესენიც რუსი ჯარისკაცისთვის დამახასიათებელი გულკეთილობით ცდილობდნენ, ადგილობრივი მოსახლეობის ადათ-წესების გათვალისწინებით მათთან კარგი ურთიერთობა დაემყარებინათ. სამხედროების სიმრავლემ ხალხს შემოსავლების ახალი, სოლიდური წყარო გაუჩინა, და როცა შემდეგ სამხედრო მდგომარეობის გაუქმებაზე დაიწყო ლაპარაკი, გაქნილმა ქართველმა ვაჭრებმა ხმები დაყარეს, თავდასხმები და შეთქმულებებია მოსალოდნელიო, და ჩვენი შეფი, გენერალი ალიხანოვი, ანონიმური წერილებით აავსეს. სრული სერიოზულობით ლაპარაკობდნენ, არის იმის მომასწავებელი ნიშნები, რომ გურიის ყოფილ მთავართა შთამომავლის, თავად გურიელის ძველ სასახლეში ღამღამობით საეჭვო ამბები ხდებაო. ასეთმა ჭორებმა მრავალი ზედმეტი უსიამოვნება, გაუგებრობა და მღელვარება წარმოშვა, ისე რომ, ბოლოს ყველას მართლა ნერვიული განწყობილება დაეუფლა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ წამოგვახტუნეს ღამით ცრუ განგაშის გამო. უკიდურესად დაძაბულნი ველოდით ერთ წვიმიან ღამით რაღაც საშინელებას, როცა შუაღამისას მთელი ბანაკი უეცრად გაანათა სინათლის სშრაფად მოძრავმა ჭავლმა და ეს რამდენჯერმე განმეორდა. ყველა რაზმი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს, ოთხივ კუთხივ პატრულები აფრინეს. სხვა რა უნდა ეფიქრა კაცს, თუ არა ის, რასაც ხშირად წინასწარმეტყველებდნენ: ალბათ, გურულებმა მთებში მიტრალოზები და ქვემეხები აზიდეს და ახლა პროჟექტორით ანათებენ ბანაკს, რათა ერთბაშად დაგვცხონო. დილითღა გაირკვა ამ „ტრაგიკული მოვლენის“ ფრიად კომიკური მიზეზი: ბათუმის დიდი საზღვაო პროჟექტორი იმ ღამით რატომღაც ხმელეთისკენ მოებრუნებინათ და ღრუბლების ხელსაყრელი განლაგების გამო მის შუქს დაახლოებით ორმოცი კილომეტრით დაშორებულ ჩვენს ბანაკამდე მოუღწევია... ჩვენი ნერვიული განწყობილება, რა თქმა უნდა, შორეული აღმოსავლეთიდან მოსულმა სამწუხარო ცნობებმაც გააძლიერა.
    თუ ურთიერთობა ხალხსა და ჯარისკაცებს შორის, როგორც უკვე ვთქვით, ასე თუ ისე გაიბა, ქალაქის ინტელიგენციასთან ოფიცერთა კორპუსმა ვერა და ვერ მოახერხა დაახლოება, თუმცა აშკარად გამოხატავდა თავის კეთილ ნებას ამ მიზნის მისაღწევად. ღია ცის ქვეშ მოწყობილი კონცერტები, რომლებიც, ჩვენი შეფის განკარგულებით, მეგობრული ურთიერთობების ლასამყარებლად იმართებოდა, გურულების მიერ დემონსტრაციულად ბოიკოტირებულ იქნა. გამოჩნდებოდნენ თუ არა საღამოობით ოფიცრები ქალაქის კლუბის დარბაზში, სადაც მათ, რა თქმა უნდა, ვერ აუკრძალავდნენ შესვლას, ქალაქის „კეთილგანწყობილი“ ელემენტები შენობას ტოვებდნენ. შეუზღუდავი უფლებების მქონე რევოლუციური კომიტეტისაგან ქალებსა და გოგონებს ეკრძალებოდათ სამხედროებთან არამარტო ურთიერთობა, არამედ მათი უბრალო გაცნობაც კი. ამ სტრიქონების ავტორი ერთერთი იმ მცირეთაგანი იყო, ვინც მოახერხა ქალაქის ინტელიგენტურ წრეებთან კონტაქტის დამყარება, და მათთან გატარებულ დროს ყოველთვის სიამოვნებით მოვიგონებ.
    ერთხელ, საყოველთაო გაფიცვისას, დავალება მივიღე, ნატანებიდან ოზურგეთში დაცვის თანხლებით ჩამეყვანა საქონლით დატვირთული ტრანსპორტი. როცა ჩემი რაზმით ნატანებში ჩავედი, სადგურზე ექვსიოდე ქალი დავინახე თორმეტამდე ბავშვითურთ, რომლებიც სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეტლებისა და ომნიბუსების მოძრაობა გაფიცვის გამო შეჩერებული იყო; რა ფულიც უნდა შეგეძლია, ეტლს კი არა, ცხენსაც ვერ იშოვიდი, რადგან გაფიცვის დამრღვევს სიკვდილი ემუქრებოდა. ორ დღეს ისხდა ეს ხალხი და ხმელი პურით იკვებებოდა, რადგან სურსათით ვაჭრობაც აკრძალული იყო. არც მატარებლები დადიოდნენ. ერთმა ხნიერმა ქალბატონმა შემომტირა, ბავშვებს ერთ-ერთ თქვენს ფურგონზე დავსხამთ, ჩვენ ფურგონს ფეხდაფეხ გამოვყვებით და ოზურგეთამდე ჩაგვიყვანეთო. ამისი უფლება არ მქონდა, მაგრამ უკეთესი გამოსავალი ვიპოვეთ: ორიოდე ჯარისკაცითურთ ომნიბუსების სადგურს მივადექი, ავარჩიე სამი საუკეთესო ეკიპაჟი, შევაბმევინე ცხრა საუკეთესო ცხენი, საფასური მაგიდაზე დავდე და ქალაქისაკენ გავაქროლებინე ჯარისკაცებს ომნიბუსები. ამ ყოჩაღ ცხენებს ეს მანძილი ასე სწრაფად, ალბათ, არასოდეს დაუფარავთ! ამრიგად, თუმცა გაფიცვა დავარღვიე, მაგრამ გაითვალისწინეს, რომ ეს არც უფროსების გულის მოსაგებად ჩამიდენია და არც ეგოისტური ინტერესების გამო, და ეს საქციელი არ ჩამითვალეს დანაშაულად, პირიქით: მე მოვახერხე (თანაც ისე, რომ არ დამჭირვებია ჩემი აზრი გამომეთქვა ჩვენი ოფიციალური პოზიციებიდან შეუწყნარებელი რევოლუციური მოძრაობის თაობაზე) შესაბამისი წრეების ისეთი სიმპათია და ნდობა მომეპოვებინა, რომ ერთხელ ნება დამრთეს გადაცმული დავსწრებოდი ერთ საიდუმლო, თუმცა საკმაოდ უწყინარ მიტინგს. როგორც შექმნილი ვითარების უკეთესი მცოდნე, ზოგჯერ შუამავლის როლს ვასრულებდი და ამით ჩემს უფროსობასაც ვუწევდი სამსახურს. ჩემ მიერ ოზურგეთში ჩაყვანილი ხალხი ავტორიტეტულ წრეს ეკუთვნოდა, რომელსაც რევოლუციური პარტიაც პატივს სცემდა. ერთ ახალშეძენილ მეგობართან ერთად ისეთ ადგილებსაც მოვინახულებდი ხოლმე, სადაც სხვები სამხედრო დაცვის გარეშე ვერ ბედავდნენ გავლას, მით უმეტეს, რომ რამდენჯერმა დაესხნენ თავს ჯარისკაცებს და განაიარაღეს. რა დამავიწყებს ფეხით გასეირნებას უძველესი, ველური რომანტიკით გარემოცული ნანგრევებისაკენ ლიხაურში, რომლის ისტორია ქრისტიანობის დასაწყისს სწვდება. ამ ნანგრევებზე ჩვენთან, ბანაკში, საშინელ ამბებს ჰყვებოდნენ: თითქოს მის ახლომახლო იარაღით სავსე სარდაფები იყო მოწყობილი; იმავე ნანგრევებთან, ეზოში, დადეს საზეიმო ფიცი მოძრაობის მეთაურებმაო, იქვე იკრიბება რევოლუციური საიდუმლო ტრიბუნალიც, რომელმაც ნაკაშიძეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანაო. მოკლედ, ამ ლიხაურს თანამედროვე რიუტლად წარმოსახავდნენ. მე იქ სხვა ვერაფერი ვნახე, გარდა ვეებერთელა, ძველი, მშვენიერი სუროებით გარშემორტყმული ნასახლარისა, რომელშიც ათასობით ღამურა ბუდობდა, ხოლო მისი ქონგურებიდან დიდებული სანახაობა იშლებოდა ზღვამდე.
    ძირძველი გურული ოჯახების ცხოვრებასაც გავეცანით (მე და ერთი ჩემი კოლეგა, რომელიც ახლა ცოცხალი აღარ არის). ბევრი რამ იყო იქ ჩემთვის უცხო და გაუგებარიც, მით უფრო, რომ ენა კარგად არ ვიცოდი; მაგრამ აქაც ყველგან იგრძნობოდა გურული ხასიათის თავისებურება: იშვიათი შერწყმა სიამაყისა და კეთილშობილებისა, ერთი მხრივ, და მსწრაფლაღგზნებადი, ფიცხი ტემპერამენტისა, მეორე მხრივ. და აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ლაღი, ხალისიანი, მზიური ტემპერამენტის გამო გურულები, უპირატესად ცხოვრების ხელოვანნი არიან. ოჯახში ქალი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, თავის ოთხ კედელს შორის იგი სრული მბრძანებელია, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც არაფრით დგას მამაკაცზე უკან - თვით კონსერვატიულ წრეებშიც კი, რომლებიც ახალ სოციალურ იდეებს არ თანაუგრძნობენ. ეს მით უფრო დასაფასებელია, რომ ეს ხალხი მუდამ მაჰმადიანებით გარშემორტყმული ცხოვრობდა და ახლაც მათი უშუალო მეზობელია. სახალხო განათლება უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე (სხვაგან) რუსეთის დიდ იმპერიაში, რისი გარეგნული გამოხატულება სოფლის სკოლათა მშვენიერი შენობებიც გახლავთ. მაგრამ, სამწუხაროდ, მოსწავლე-ახალგაზრდობაც პოლიტიკურ და იდეურ ბრძოლაშია ჩართული.
    აგვისტომდე ვიდექით ოზურგეთთან, ვიდრე, გუბერნატორ სტაროსელსკის დაჟინებული მოთხოვნით, არარატისკენ არ დაგვაბრუნეს, და საბრძოლო მდგომარეობა გურიაში გაუქმდა. გულისტკივილით დავშორდი ამ გულთბილ ქვეყანას. სამწუხაროდ, მშვიდობამ დიდხანს არ გასტანა: 20 აგვისტოს უკვე ჩვენს ყაზარმებში ვიყავით, 25 აგვისტოს კი ბრძანება მოვიდა, კვლავ გურიისაკენ დავძრულიყავით, სადაც გურიის რესპუბლიკა გამოცხადდა და ოზურგეთი რევოლუციური მთავრობის ადგილსამყოფელი გახდა! მაგრამ ოზურგეთამდე ვეღარ მივაღწიეთ: რკინიგზა დაზიანებული იყო და გზებს აჯანყებულები აკონტროლებდნენ. იძულებულნი გავხდით ქუთაისში დავრჩენილიყავით და ოზურგეთი მეტად აღარ მინახავს. მოგვიანებით სხვა ოფიცრებისაგან შევიტყვე, რომ რუსებს ქვემეხები აუტანიათ ქალაქის პირდაპირ მდებარე გორაკზე, სადაც ხის ძველი სამლოცველო იდგა, და ნახევარი ოზურგეთი მიწასთან გაუსწორებიათ. მრავალი კვირადღე გამიტარებია ამ მზიან გორაკზე, ბალახზე წამოწოლილი ვტკბებოდი მშვენიერი ხედებით, ხშირ სიმწვანეში მოელვარე ჭრელი სახურავების ცქერით. ზოგი ჩემი მეგობარი საველე სამხედრო სასამართლოს განაჩენით დაუხვრეტიათ, ბევრი მთებში გახიზნულა.
    ამჯერად ჩვენი ჯარისკაცების დამოკიდებულებაც მეამბოხეებისადმი სხვაგვარი იყო: მოსისხლე მტრებივით იდგნენ ისინი ერთმანეთის პირისპირ. ეს არც იყო გასაკვირი. ქუთაისში შესვლისთანავე აჯანყებულებმა ჩვენი ეშელონი ლიანდაგიდან გადააგდეს და საფარიდან დაუშინეს ტყვიები. ჩვენი ბატალიონის მეთაური, ვიცეპოლკოვნიკი ა., ძალიან საყვარელი ოფიცერი და რვა ჯარისკაცი დაიღუპა ამ დროს, ბევრი დაიჭრა. უნდა გენახათ, როგორ გამოიცვალნენ ჩვენი, ჩვეულებრივ, მშვიდი ჯარისკაცები! ისინი, ვინც მატარებელი გადააგდო, მიიმალნენ, მაგრამ მათ მაგივრად მათივე თანამემამულეებს უნდა ეზღოთ მწარედ. ამ მომენტიდან მოკიდებული ჯარისკაცები ისე ირჯებოდნენ, როგორც მტრის ქვეყანაში; ხშირად ჭირდა მათი შეკავება, რომ მეტისმეტად უსამართლოდ არ მოქცეულიყვნენ. სწორედ ამ დროს ოზურგეთთან, ჩემთვის კარგად ნაცნობ გზაზე, რომელიც სოფელ ჩოხატაურისკენ მიემართება, თვრამეტი კაცისაგან შემდგარ კაზაკთა პატრულს ჩაუსაფრდნენ და ერთიანად ამოჟლიტეს. მოგვიანებით სოფელი ჩოხატაური მიწასთან გაასწორეს. მოკლედ, ნამდვილი ომი დაიწყო. ასე რომ, გურიის ნაციონალურ არსებობას დიდი დღე აღარ უწერია. ამიტომ გადავწყვიტე ცოტა რამ მომეთხრო მკითხველისათვის ამ მამაცი, თავის თავში დარწმუნებული ხალხის ცხოვრებაზე.
    დეკემბერში თადარიგიდან გაწვეულები დაგვითხოვეს. თავისებური იყო ჩემი დაბრუნება შორეული სამხრეთიდან რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში. უმთავრესი სიძნელეები მაინც კავკასიაში შეგვხვდა. თბილისში მღელვარება სუფევდა, რკინიგზის სადგური სამხედროებს ეჭირათ და ქალაქში შეღწევა შეუძლებელი იყო. ბაქოში ცეცხლი ეკიდა ნავთობის შადრევნებს. ვაგონებს ლტოლვილი სომხები აწყდებოდნენ, მერე გაქანებულ მატარებელს ამბოხებულები უშენდნენ ტყვიას; როსტოვის მისადგომებთან შეჯახება ჩეჩნების მიერ გადაბრუნებულ, დალეწილ საფოსტო მატარებელთან, დახოცილებითა და დაჭრილებით რომ იყო სავსე; როსტოვში საბარიკადო ბრძოლები და ასე შემდეგ. მოსკოვის რევოლუციის გვერდის ავლით პერმისაკენ ავიღეთ გეზი. ხან თბილისში კანონიერად შეძენილ ბილეთებს ვიღებდით ჯიბიდან, ხანაც იძულებულნი ვიყავით საგაფიცვო კომიტეტის მიერ "სათადარიგოებზე" გაცემული ნებართვები წარგვედგინა.
    მაგრამ ამ ჭრელ და ამაღელვებელ ამბებს არ შეეძლო, ის ტკბილ-მწარე შთაბეჭდილებები წაეშალა, მე რომ ბედშავი, ლამაზი, ამაყი და ესოდენ დაჩაგრული გურიიდან სამუდამოდ გამომყვა.

Comments

Popular posts from this blog

ბახვის მანიფესტი

1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის  ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა. კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან  1905

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ა;ვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „დილით ივანე ჯა

გურულები - ძველი ფოტოები და ნახატები / Gurians in old photos and paintings

გურული მოლაშქრეები, 1880-იანი წლები შალვა ქიქოძე, გურული ქალი დოქით ხელში  თავადი ესე (იასე )გურიელი ქართველი მილიციელები ბათუმში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 1877-78 არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები  დათა გურიელი გურულების გუნდი თბილისში ვასილ დუმბაძე, მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819-1891) გენერალ-მაიორი, მამია V გურიელის ბიძაშვილი  ლევან გურიელი, გრიგოლ გურიელის ძმა გურული ქალები გურული მეომარი გურული თოფით კალათების გამყიდველი გურული  ვანო გურიელი ხუხუნაიშვილები აკეთიდან. მარცხნიდან სხედან სერაპიონ კუკულავა, კოწია და ალმასხან ხუხუნაიშვილები. დგანან ზაქარია ფაფიაშვილი, რაჟდენ, ბესარიონ და ესოფი ხუხუნაიშვილები ლანჩხუთელი აზნაური სიო ჭყონია სამი ძმანი გურულები: ფამფალეთელი სალუქვაძეები სამუელ ჩავლეშვილის გუნდი, გადაღებულია შრომაში ერმილე ნაკაშიძე