Skip to main content

მევენახეობა-მეღვინეობა გურიაში

გურიის სოფლის მეურნეობისთვის ტრადიციულად დამახასითებელი იყო მევენახეობა და მეღვინეობა.  გურიაში დაფიქსირებულია ველური ვაზის საქართველოში ცნობილი შვიდი სახელწოდებიდან ერთი - მორცხულა. მევენახეობა მეაბრეშუმეობასთან და მეფუტკრეობასთან ერთად შედიოდა გურიაში ყველაზე მეტად გავრცელებულ სამ სასოფლო-სამეურნეო დარგს შორის. გურიაში ვაზის კულტურა რომ უძველესი დროიდან იყო გავრცელებული, ამის დამადასტურებელია გურიაში შემორჩენილი ქვევრები, ასევე ქვის საწნახელები და მეღვინეობასთან დაკავშირებული ტრადიციული რიტუალები. 

ვაზის ხისგან არის დამზადებულ ერკეთის მონასტრის აღსავლის კარები. სოფელ გონებისკართან, „მესხისეულ მამულში“ აღმოჩენილია ქვაში ნაკვეთი, ექვსმეტრიანი საწნახელი. ადგილის სახელწოდებიდან სავარაუდოა, რომ ის იმ დროს უნდა მიეკუთვნებოდეს, როცა გურიის ტერიტორიაზე მესხები სახლოდბნენ.

ქვასაწნახელი გონებისკარში

ქრისტიანობამდე ხანიდან მოდის ღვინის ღმერთის, აგუნას კულტი

აგუნა, აგუნა გამეიარეო
ბახვი, ასკანა მადმეიარეო
ჩვენს მამულში ყურძენიო
მტრის მამულში ფურცელიო

საკრალიზებული იყო მარანიც. (გურიაში მარანს ეძახიან ღია, ხეებით შემოფარგლულ ადგილს ეზოში, სადაც ჭურებია ჩაყრილი). ქალს, ისე, როგორც საკურთხეველში, ეკრძალებოდა მარანში შესვლა და ჭურიდან ღვინის ამოღება. კაცის არყოფნის დროსაც კი. ამ დროს ქალს მეზობლის კაცი უნდა მოეყვანა ჭურიდან ღვინის ამოსაღებად.

მთელი გურია შავი ზღვიდან სურების მთებამდე მაღლარი ვენახის ბაღი იყო. დაბლარი ვენახები არ იყო გავრცელებული სინესტის გამო. ვაზს დიდი შრომა არ სჭირდებოდა. ის გაშვებული იყო მაღალ ხეებზე (თხმელა, თუთა, ხურმა და სხვ), მხოლოდ თუ შემობარავდნენ და 5 წელიწადში ერთხელ ხეებს სხეპდნენ, გასხლავდნენ, თორემ სხვა მოვლა არ სჭირდებოდა.

ივანე ჯავახიშვილის მიხედვით გურიაში ვაზის 59 ადგილობრივი ჯიში იყო. მათგან ყველაზე ძვირფასად ითვლებოდა ჯანი, რომელიც დაბალმოსავლიანი ჯიშია, მაგრამ მაღალი ხარისხის ღვინო დგება და ჯანის მირთმევის ფუფუნება მხოლოდ გურიელებს ჰქონდათ. მაღალი ხარისხის ღვინოები დგებოდა შემდეგი ჯიშებისგან: ჩხავერი, საკმიელა, მტევანდიდი. საჯავახოს მხარეში (მდინარე ხევისწყლის ხეობა) სხილათუბანისა და მტევანდიდის შერევით ამზადებდნენ ღვინო „საჯავახოს“. 

გურიაში გავრცელებული ჯიშების სია: წითელი: ძელშავი, ხემხუ, აკიდო, მტევანდიდი, ჭუმუტა, კუმუშა, მცვივანი, ხარისთვალა, ღორისთვალა, ცხენისძუძუ, მტრედისფეხა, წითლიანი, შავყურძენა, ხარდანი, სამჭაჭა, ბადაგი, ალადასტური, შავი კამური, ოცხანური, ოფოურა, ორონა, კოლოში, კორძალა. თეთრი: დონდღო, თითა, მწვანე, თეთრიშა, სამაჭრე, ათინაური, კლარჯული, ზენათური, მაური, კაპისტონი.

ვაზი ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სოფლებში ციხე (გურიანთა), შემოქმედი, ლიხაური, ხიდისთავი, ერკეთი, დაბლაციხე, საჯავახოს მხარე, ბახვის ზონა (ბახვი, ასკანა, ბაღდადი). მექვევრეობის კერა იყო აცანა-აკეთის მხარე. ბახვის მხარეს ფეოდალურ ხანაში თავადი მაქსიმენიშვილები ფლობდნენ. მათ მოჰყავდათ მტევანდიდის ჯი­შის ყურძენი და აყენებდნენ მუ­ქი წი­თე­ლი ფე­რის, მა­გარ, სურ­ნე­ლო­ვან ღვი­ნო­ებს.

გურიაში ჩამოსულმა შოტლანდიელმა აგრონომმა იაკობ მარმა (ნიკო მარის მამა) დაინახა ადგილობრივი მეღვინეობის შესაძლებლობები. მარი პირველი იყო, ვინც გურიაში დაბლარი ვენახების გაშენება დაიწყო, თუმცა დაბლარმა არ ივარგა და მარიც დაუბრუნდა მაღლარ ვენახს. დაბლაციხესა და იანეულში მარი 1841 წლისთვის აყენებდა საუკეთესო ხარისხის ღვინოებს ჯანიდან, სხილათუბნიდან და მტევანდიდიდან და წელიწადში 2000-2500 ფრანკის ღირებულების ღვინოს ყიდდა. მარმა ღვინო გაიტანა რუსეთის ზღვისპირა და ევროპის ქალაქებში. მარს ეწვია და მისი ღვინო აღწერა დიუბუა დე მონპერემ.

 ფრანგი არქეოლოგი ჟოზეფ დე ბაი, ასე აღწერს რთველს გურიაში

„ჩვენი მოგზაურობა რთველს დაემთხვა. შეიძლება ითქვას, რომ გურიაში რთველი ნახევრად საჰაეროა. მაღალი და დატოტვილი ხის ძირში დარგული, თავის ნებაზე მიშვებული ვაზი გაბედულად მიცოცავს ზევით და ხის ფოთლებში ეხვევა. სწორედ ამიტომ ყურძნის მოსაკრეფად ხის კენწეროზეა ასვლა საჭირო.

ამ სამუშაოს შესასრულებლად ხეზე ცილინდრის ფორმის კალათა ააქვთ და ტოტზე ხის დიდი კაუჭით კიდებენ.

რაც უფრო მეტი მტევანია ზემოთ, მით უფრო სქელია ვაზის ძირი. არაფერია იმაზე თვალწარმტაცი სანახაობა, ვიდრე ვაზის გიგანტური ხვეულები საუკუნოვანი ხეების გარშემო, მათი გადასვლა ერთი ხიდან მეორეზე და ჩამოკიდებული მტევნების უთვალავი და მოხდენილი გირლანდა. 

აქ ვაზი მცენარეთა დედოფალია; ღვინისგან კი აქაურები ნამდვილ კულტს ქმნიან.

ღვინოს სახლის წინ უზარმაზარი მწვანე ხეების ძირში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში ინახავენ. აქ ყოველთვის სასიამოვნო ჩრდილია და ოჯახი სადილისათვის აქ იკრიბება. თავმოხდილი ამფორიდან ყველა თავისი სურვილისამებრ იღებს ღვინოს, ისე, რომ ადგილიდანაც არ იძვრის.

კავკასია, როგორც ამბობენ, ვაზისა და ღვინის სამშობლოა.“

1888 წელს გაზეთი „დროება“ (N263) წერდა გურიაში აღმოჩენილი ქვევრის შესახებ:

„ოზურგეთში, ალ. შევარდნაძის სახლის ქვეშ აღმოუჩენიათ გურიის მთავართა ნამარნევში ნამყოფი ერთი უშველებელი ქვევრი, რომელიც საგანგებოდ გაუკეთებიათ საღმრთო საწირავის საჭურჭლედ. ეს ქვევრი ყოფილა, როგორც ზეპირი გადმოცემა ამბობს, წლის სათვალავი, ესე იგი სამას სამოცდახუთი საწყავი ღვინო ისხმოდა შიგ. ეს ქვევრი ხელოვნურად შემოკირულია და გაკეთებულია. არავის არ ახსოვს, როდის გაკეთებულა და ჩადგმულა. თავადმა გრიგოლ გურიელმა მოინდომა ამ ქვევრის გატანა და სამი ოთხი დღე ათხრევინა მიწა ორმოცამდე მუშას. ამოსაღებად მოიწვია ადგილობრივი კამანდის 200 კაცი სალდათები და ძლივძლივობით ამოიღეს. თავად გრიგოლს ამ ქვევრის გადმოტანა ორ ქცევაზედ დაუჯდა 200 მანეთი ფული. ამბობენ, როდესაც მამია გურიელი საღმრთოს იქმდა აქ ერთ ორ ვერსტზე სუფრა იყო გამართული და უკანასკნელი 10 000 სულამდის ამ ჭურიდამ სვამდა ღვინოსო. ასე, რომ ერთი მეღვინე მეორეს მიაწოდებდა ამ ქვევრიდან ამოღებულს ღვინოს და ისე ხელის ხელ აძლევდნენო, მაგრამ ქვევრს მაინც ბევრი არ აკლდებოდაო“

ადგილობრივ ვაზს 1850-იან წლებში ჭრაქმა და ნაცარმა და 1890 წლიდან ფილოქსერამ დიდი დარტყმა მიაყენა. ეს დაავადებები შემოჰყვა ვაზის ჯიშებს, რომლებიც 1840-იან წლებში მთავარმმართებელ ვორონცოვის ინიციატივით ქალაქ ოდესიდან ჩამოიტანეს. ამ დაავადებების გავრცელების შედეგი იყო. ოდესიდან ჩამოტანილი „იზაბელა“ (გურულად ადესას) გაშენება. ამ ვაზის ნერგები და ოზურგეთის ბაღში საცდელად დარგეს. 1890-იანი წლებისთვის ადესას თითქმის განდევნილი ჰქონდა ძველი გურული ჯიშები. ადესის ყურძნისგან გურულები ხდიდნენ არაყს. 

თუმცა ჯერ კიდევ არსებობდნენ გურული მეღვინეები. მათ შორის იყო ასკანელი სოლომონ ჭეიშვილი. მან მეღვინეობა საფრანგეთში, შამპანიასა და ბორდოში შეისწავლა. საფრანგეთიდან დაბრუნებულმა დააარსა კომპანია ძმები ჭეიშვილები. მანქანა-იარაღები და ხელსაწყოები მან ბორდოდან ჩამოიტანა და ოჯახში მიკრო-ქარხანა მოაწყო. ღვინოს მუხის დიდ კასრებში 5 წლის მანძილზე აძველებდა, წელიწადში ორჯერ გადაღებით, შემდეგ ასხამდა სქელ ბოთლებში და ინახავდა გრილ მარანში. ღვინოები გამოირჩეოდა მაღალი გრადუსით, არომატით და სურნელით. ჭეიშვილის ღვინოები „ასკანის ნატურალური ღვინო“ ერქვა. 1911 წელს დონის როსტოვის მოწყობილ საიმპერატორო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მან 1903 წლის მოსავლის ასკანური ღვინო წარადგინა. ღვინოს ვერცხლის დიდი მედალი და სპეციალური დიპლომი მიენიჭა.

სოლომონ ჭეიშვილი
გურული ვაზის ჯიშების მოძიებით და გადარჩენით იყო დაინტერესებული გიგო შარაშიძე. მან სოფელ ბახვის სკოლის ეზოში საცდელი ნაკვეთი მოაწყო და დაწერა „ექვსი საუკეთესო გურული ყურძნის ჯიშის ამპეოლოგია“.

მეღვინე იყო წინამძღვრიანკარის სკოლის დირექტორი ერმილე ნაკაშიძე. ის ავტორია წიგნისა „მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში“. ნაკაშიძემ წინამძღვრიანთკარში აღზარდა მრავალი მეღვინე. მათ შორის იყო თადეოზ გაბრიელის ძე მეგრელიშვილი, სოფელ ფარცხმიდან. მან განათლება ჯერ არსენ წითლიძესთან მიიღო, შემდეგ წითლიძემ წაიყვანა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. მეგრელიშვილი შემდეგ სწავლობდა იალტაში, ნიკიტინის საიმპერიო საბაღოსნო სკოლაში მიიღო. შემდეგ თავად ასწავლიდა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. მას ქუთაისის მაზრაში საუფლისწულო ვენახები ებარა. მეგრელიშვილის თაოსნობით  1900 წელს ჩოხატაურში გაიხსნა მეღვინეობის შემსწავლელი სამეურნეო სკოლა. სკოლას ჰქონდა საკუთარი ნაკვეთი, ვენახი, ბოსტანი, სანერგე მეურნეობა.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ

გურიაში ვაზის კულტურა, შეიძლება ითქვას, მთლიანად განადგურდა. 1929 წლისთვის გაშენებული ვაზის 85% ეკავა ადესას. მასობრივად ხდებოდა ვაზის ჩანაცვლება ჩაით, ციტრუსებით. ყველა სახელმწიფო მეურნეობა მუშაობდა მეჩაიეობის განხრით. არსებობდა მხოლოდ ერთი სახელმწიფო ღვინის ქარხანა სოფელ საჭამიასერში, სადაც ისხმებოდა ჩხავერი და ცოლიკოური, მხოლოდ რამდენიმე კოლმეურნეობას (ბახვი, ბაღდადი) ჰქონდა მცირე ნაკვეთებზე ვაზი გაშენებული. მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთებში გაშენებული ჰქონდა უმეტესწილად ადესა და შედარებით ნაკლებად ცოლიკოური. 

1937 წლისთვის გურიაში ვენახის ფათობებს ეკავა 420 ჰა (ლანჩხუთი 185, ოზურგეთი 121, ჩოხატაური 114) (ჩოლაყაშვილი, 1937) 1945 წელს გურიაში დაბლარი ვაზების საერთო ფართობი იყო 1023 ჰა, რომლის ძირითადი ნაწილი მოდიოდა ჩოხატაურის (541 ჰა) და მხოლოდ მცირე მახარაძის (249) და ლანჩხუთის (276) რაიონებზე. ფართობების 95% ეკავა იმერულ ჯიშს ცოლიკაურს. 1948 წლის მონაცემებით გურიაში ფიზიკურად მოიპოვებოდა 20 ადგილობრივი ჯიში. (რამიშვილი, 1948)

ეს ტექსტი 1962 წელს ჩაიწერა გრიგოლ იმნაიშვილმა

ძველათ იყო ამ ადგილეფში ჩხავერი, ტევანდიდი, ჭუმუტაჲ, ტრედისფეხა. მერმეთ იყო ადესაჲ. მაგინი ხეებზე ადიოდენ. ყველას ჯობდა ჩხავერი. თოლჩი, ქრიშობისთვეში, ჩხავერი მოვკრიფეთ ოზდაათ ფუთზე მეტი. მახსოვს მე, თოლზე ვიდექი და მამაჩემს გიდელს უცლიდი. ჩხავერი ხეზე დიდხანს ძლებდა, ერი კაკალი არ ჩამუარდებოდა. ჩხავერს დავრგავდით თხმელაჲს ძირში. მერე გეიზდებოდა და მიედობოდა ზეთ. ჩხავერი წიფდებოდა წიფობისთვეში. მოკრეფა შეიძლებოდა წიფობისთვის დამლევს. რომ მოვკრეფდით, ჩავყრიდით საწნახელჩი, შეიკაზმებოდა. მერე დავჭნეხდით ფეხითაც და გობულითაც. მერე გარეცხდენ ჭურს და ჩუუშობდენ შით თეთრათ. ჩხავერს სულ თეთრათ იღებდენ. წვენი ბეური ქონდა და ჩუუშობდენ ჭურში. ჭურს დააკლებდენ ვერშოკნახევარს, რომ ღვინო გადაბრუნდეს. მერე ჭურს თავზე დაახურავდენ წაბლის როგოს და დაგოზვიდენ წითელი მიწით. ჭურს მისემდენ პატარა სასულეს. როგოს კიდეში ჯოხს დუუსობდენ და რომ დაგოზვიდენ, ჯოხს ამეიღებდენ. იქიდან მოდიოდა ღვინის ხაერი. თუ არ დავატანდით, მაშვინ ღვინო ამოდუღდებოდა მიწაში. დასალევათ ვარგოდა ათ დღეში. მერე მარტში გადიღებდენ ღვინოს ისთევლე ჭურეფში. ერი ჭურიდან მოორე ჭურში ჩუუშობდენ და დაგოზდენ. სუფთა ღვინო რაც იყო, ჩუუშობდენ. თხლე დარჩებოდა. ჩხავერს არ ქონდა ბეûრი თხლეი. ჩხავერს ერთის მეტი გადაღება არ უნდოდა, სუფთა იყო.

ჭუმუტაჲ შავია. რომ დადუღდება, შავია. ჭუმუტაჲს ღვინო მაგარი არაა. მაგარია ჩხავერი და ტევანდიდი. ჩხავერი წინ დგანა ტევანდიდზე, ჩხავერზე წინ არაფერი ღვინო არაა.

ახლა ჩხავერი გადივიდა, დაბერდა. ადესაჲ რომ შამევიდა, ჩხავერი წევიდა.

ახლა მეურნეობამ დეიწყო ჩხავერის მოშენება. ბახვს აქ შვიდი-რვაჲ გექტარი მოშენებული; ჩხავრის მეურნეობა ქვია იმას, მარტო ჩხავერია, სხვაი აფერი არაა.

ახალი ლერწი ჩამეიღეს ძველი ჩხავრიდან, დამყნეს და დარგეს. ხეზე არ გუუშვეს, დაბალ ფორჩხებზე გააშენეს. ხეზე ვერ შეწამლავდენ და იმიზა გააშენეს დაბალზე. წამალი რომ არ უქნა, მონაცრავს და გაფუჭდება.





Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქე მღვდლის დღიურიდან

ორი ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. გურიაში ხდება ეკლესიის საბოლოო ლიკვიდაცია, 1929 ამ თაობაზე მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი ამბები ჩამომივიდა ჩემი სოფლიდან „მთის-პირიდან“ ( ასკანის თემი ): მთის პირის სამრევლო ტაძარი ეს ერთი კვირაა სოფლის ხელისუფლებას დაუბეჭდია. ზარი ჩამოუხსნიათ სამრეკლოდან და გაუტანია „ციხის უბანში“, ტყეში და იქ „კვიჩილაურის“ ჩაის კოლექტივში ჩამოუკიდნიათ. ამ „კვიჩილაურზე“ (ადგილის სახელია) ჩაის პლანტაცია გაუშენებია 40 კაცისაგან შემდგარ კოლექტივს. ამათ უკვე დამუშავებული აქვს ოცდაათი ჰექტარი მიწა ჩაისათვის და სწარმოებს კიდევ დაუცხრომელი მუშაობა ამ საქმის უფრო გასაფართოებლად! იმ ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამორეკავენ თურმე და ამით მოუწოდებენ „კომუნარებს“ მუშაობაზე! თუ მესამე ზარის ჩამორეკაზე მუშა არ გამოცხადდა სამუშაოზე, მას უკვე დააჯარიმებენ! ამ კოლექტივში უმეტეს წილად შედიან ორი გვარის კაცები - თალაქვაძე-სიამაიშვილები. ის ზარი, რომელსაც საუცხოო რაკრაკი გაჰქონდა მთის-პირის წმინდა გიორ...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი

გურული ფირალები

ფოტოები ირაკლი მახარაძის წიგნიდან „გურული ფირალები“ კვაჭაძე, ერთ-ერთი პირველი ფირალი ალმასხან ბედინეიშვილის ისტორია ალმასხან ბედინეიშვილი იყო წარმოშობით სურებიდან. მისი ბატონი იყო ზურაბ ერისთავი, გორაბერულის ერისთავების შტოდან. ერისთავი მიაკითხავდა ბედინეიშვილს, როგორც სხვა გლეხებს, წამოწვებოდა მარანში და ითხოვდა მასვით და მაჭამეთო და სამ დღეზე ნაკლებს არ გაჩერდებოდა. უძლებდა ალმასხანი, მაგრამ ერთხელაც ბატონმა ქალები მოინდომა, ამოასხა ალმასხანს, შეუვარდა ერისთავს გორაბერეჟუოულის სასახლეში და მოკლა ლოგინში. ბედინეიშვილმა 60 წელის გაატარა სურების ტყეში ფირალობაში. სიმღერა ფირალ მეხუზლაზე   სიმღერა სისონა დარჩიაზე  სიმღერა სისონა დარჩიაზე ირაკლი კალანდარიშვილი თეოფილე მუხაშავრია და ლავრენტი გობრონიძე ვასილა ლომინაძის ლექსი  ჩვიდმეტი წლის რომ შევიქენ იარაღი შევიყვარე; მაუზერი და ლაგანა  ჯიბანებს ამოვიფარე. სალდათობამ მომიწია  პოლიციას დავემალე დედ-მამას დავემშვიდობე  რუსეთისკენ გავემგზავრე სა...