Skip to main content

ოზურგეთის აბანოს ნაშთები

ქალაქ ოზურგეთში ძველი ნაგებობის, სავარაუდოდ აბანოს ნაშთები აღმოაჩინეს 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს. მაგრამ აბანოების ამ ადგილას არსებობის შესახებ მანამდეც ცნობილი იყო.

1812-14 წლებში ქალაქის ცენტრში, დაახლოებით დღევანდელი მუზეუმის ტერიტორიაზე მამია V გურიელმა გურიელთა ნასახლარზე, ძველი გალავნის შიგნით ახალი სასახლე ააგო. მანამდე მამია V გურიელი სოფელ უჩხუბში (დვაბზუს საზოგადოება) ცხოვრობდა. მანვე, სავარაუდოდ, სასახლის მახლობლად ააშენა ან განაახლა უკვე არსებული აბანო.

აბანო ჯერჯერობით ზუსტად დათარიღებული არ არის. არქეოლოგებმა ის სავარაუდოდ XVII საუკუნის დასაწყისს მიაკუთვნეს, თუმცა აბანოს შენობის სტრუქტურა (ანფილადური განლაგება) არ  ჰგავს საქართველოში არსებულ სხვა, XVII საუკუნის აბანოებს და ჰგავს გვიანი ანტიკური პერიოდისა (I-II სს) და ადრეფეოდალური ხანის (V-VI სს) აბანოებს. ამიტომ აბანოების ნაშთებს დამატებითი შესწავლა სჭირდება. ამ ნანგრევების ახალმა დათარიღებამ, შესაძლოა, გადაწეროს ოზურგეთის ისტორია.

გურიელის სიკვდილისა და გურიის რუსეთთან შეერთების შემდეგ ნახევარდ დანგრეული სასახლე დრუჟინამ დაიკავა. დრუჟინისთვის გალავანში ახალი შენობა აშენდა, აბანოს შენობა საკუჭნაოდ და შეშის საწყობებად იყო გადაქცეული. 1897 წლისთვის მხოლოდ სასახლის გალავნის ნანგრევები იყო შემორჩენილი. 1957 წლის ოქტომბერში ამ ადგილზე რესტორან „იზაბელას“ მშენებლობა გადაწყდა.

„იზაბელას“ (მარცხნივ) მშენებლობა
ბულდოზერებმა ჯერ კიდევ შემორჩენილი გალავნის ნაშთები მიწასთან გაასწორეს, მაგრამ მოულოდნელად მშენებლობისას აბანოს ნაშთებმა იჩინა თავი. 

ოზურგეთის მუზეუმის ფოტო
არქეოლოგიური ნაშთები ისტორიკოსმა ნინო ხოშტარიამ შეისწავლა: „ქალაქ მახარაძეში 400 კვადრატულ მეტრზე აღმოჩნდა ძველი ნაგებობის ნაშთი. შენობის დათვალიერებამ ცხადყო, რომ საქმე გვაქვს ძველი აბანოს ნაშთებთან, რომლის მსგავსი ცნობილია საქართველოში ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნიდან გვიანდელ დრომდე. ამ აბანოდან როგორც ჩანს, ყველაზე უკეთ შემორჩა ქვედა სართული – გასათბობი. ქ. მახარაძეში აღმოჩენილი აბანო, ისევე როგორც საქართველოში აღმოჩენილი სხვა აბანოები ორ იარუსიანია - ქვედა გასათბობი ადგილი და სააბაზანო, როგორც უკვე ანიშნული იყო, ამ ტიპის აბანოები საქართველოში გვხვდება ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან დღემდე (არმაზის ხევი, ბიჭვინთა, კახეთი, დმანისი, ქვემო ჭალა, ახალციხე.)“

1957 წელს აღმოჩენილ ნაშთები კვლავ მიწით დაიფარა და ხელახლა გამოვლინდა 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს. მიწის საფარველქვეში ამდენი წლის განმავლობაში უვნებლად შენახული აბანოს ნაშთები 2012 წლიდან აბანოები ღია ცის ქვეშ უპატრონოდაა მიტოვებული. 2012 წელს მას ბლოკის დაბალი კედელი დააშენეს, თითქოს შემოსაზღვრისა და დაცვის მიზნით. 
აბანოს ნაშთების შემჩნევა მარტივია. ის ქალაქის ცენტრში, იუსტიციის სახლის გვერდით, საპატრულო პოლიციის აღმნიშვნელი სვეტის ახლოსაა. შესაძლებელია პირველ სართულში ჩახედვაც. მიწის ზედაპირიდან კარგად ჩანს აბანოს ღუმელი თაღოვანი გადახურვით. 
პირველი სართული
კულტურის სამინისტროს დაკვეთით შემუშავებულია მისი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც „უფულობის“ გამო არ განხორციელებულა.







ჟამთა ცვლის კვალდაკვალ იცვლებიან დამაიმედებელი ნიუსები  და ოფიციალური პირები აბანოების ნაშთებთან გადაღებულ ფოტოებზე, მაგრამ უცვლელია საუკუნეების განმავლობაში მიწაში შემონახული აბანოების გაპარტახებული მდგომარეობა

მინისტრები ნ. რურუა, რ. ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვ. ჩიტაიშვილი, 2012 წ

მინისტრი გ. ოდიშარია, გამგებელი კ. შარაშენიძე, 2013 წ.

ქალაქის მერი ბ. სიორიძე 2015 წ.

Comments

Popular posts from this blog

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველო...

სტამბები გურიაში

„ოზურგეთის ისტორიაში საპატიო ადგილი ექნება დათმობილი სტამბის დაარსების ამბავს“ თედო სახოკია ქალაქი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს, მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი, აქვთ თავიანთი სტამბა და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ მარჯორი უორდროპი პირველი სტამბა შეკვეთილში საქართველოში, მათ სორის გურიაში 1870-იან წლებში ფართოდ გავრცელდა ხალხოსნური (ნაროდნიკული) მოძრაობა. ერთ-ერთი მთავარი ნაროდნიკული იდეა იყო განათლებისა და წიგნების გავრცელება. წიგნებისა და თარგმანების დასაბჭედად ნაროდნიკებს სჭირდებოდათ სტამბა. გურიაში მოღვაწე ნაროდნიკების ჯგუფმა არალეგალური სტამბისთვის შეარჩია მელიტონ ნაკაშიძის მამულში მდებარე საღარიბოს ტყე, შეკვეთილში. ორგანიზაციას განზრახული ჰქონდა შეეგროვებინა ფული, ეყიდათ საბეჭდი მანქანა შვეიცარიაში და ჩამოეტანათ ბათუმის ნავსადგურში. 1876 წლის ნოემერში ჟანდარმერიამ იპოვა ორგანიზაცია და გაანადგურა ის. ოზურგეთის სტამბა ოზურგეთის ლეგალური სტამბის გახსნის სათავეებთან იდგნენ ალფესი მიქელაიშვილი და კოწია თავართქილაძე. ალფესი მიქე...