Skip to main content

სასოფლო საზოგადოებები გურიაში

ამ  პოსტში მოკლედ მოცემულია გურიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ისტორია.


გურია 1840 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მაზრის სახით შევიდა. მაზრა იყოფოდა ოზურგეთისა და აკეთის უბნებად. თითოეულ უბანს მართავდა ბოქაული (პრისტავი).  1847 წელს მაზრა დაიწყო ოთხ უბნად - გურიანთის, ბახვის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის. 1878 წლიდან უბნებში შემოღებულ იქნა ურიადნიკის თანამდებობა. ურიადნიკები პრისტავებს ექვემდებარებოდნენ, პრისტავი კი - მაზრის უფროსს. 1888 წლიდან დარჩა მხოლოდ გურიანთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის უბნები. უბნები როგორც მოსახლეობის, ასევე ტერიტორიის მიხედვით დაახლოებით თანაბრი ზომისა იყო.

რუსეთის იმპერიაში გატარებული საგლეხო რეფორმის შემდეგ 1865 წლის 11 აპრილს ჩამოყალიბდა სასოფლო საზოგადოებები. ამით გაჩნდა სოფლად საზოგადოებრივი თვითმმართველობის საწყისი. სასოფლო საზოგადოება აერთიანებდა ერთ დიდ ან რამდენიმე პატარა სოფელს. გურიაში ერთი საზოგადოება საშუალოდ სამიდან ხუთამდე სოფელს მოიცავდა.

თითოეულ სასოფლო საზოგადოებას გააჩნდა სოფლის კრება, ჰყავდა მწერალი და მამასახლისი. სოფლის კრებაში (ყრილობაში) მონაწილეობდა მხოლოდ გლეხობა და სხვა წოდებები (თავადაზნაურები, სამღვდელოება, ვაჭრები) მასში არ მონაწილეობდნენ.

სოფლის ყრილობა იკრიბებოდა საჭიროებისამებრ, მას იწვევდა სოფელი ან მამასახლისი. ხალხს ყრილობის შესახებ აფრთხილებდა გზირი. ყრილობაში მონაწილეობდა სოფელში მცხოვრები ოჯახიდან ერთი მამაკაცი, კომლის უფროსი. ქალები და ბავშვები არ დაიშვებოდნენ. ყრილობას  მოსახლეობის ნახევარზე მეტი უნდა დასწრებოდა და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით უნდა მიეღო. ყრილობას ხელმძღვანელობდა მამასახლისი და იწერებოდა ოქმი.  კრება წყვეტდა საკითხებს, რომლებიც უშუალოდ ეხებოდა სასოფლო საზოგადოებას:
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაგეგმვა
  • სოფლის კეთილმოწყობა
  • ხიდების და გზების შენახვა
  • ობლების მოვლა-პატრონობა
  • გადასახადების გაწერა და აკრეფა
  • სკოლის გახსნა (სასკოლო ოლქის ნებართვით)
მაგალითად 1890-იან წლებში ჯუმათის სასოფლო საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება სოფლის სასამართლოს შენობის კრამიტით გადახურვის შესახებ, გამოჰყო ადგილი სკოლისა და ბაღის შენობებისთვის, ოზურგეთის მაზრის უფროს ლაზარენკოს სთხოვა საზოგადოების ერთკლასიანი სკოლის გადაკეთება ორკლასიანად, მიმართა ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციას სკოლისთვის მასწავლებლის, დარაჯისა და გათბობის ფულის გამოყოფისთვის.
კრება ირჩევდა მამასახლისს, მის თანაშემწეს (ნაცვალს), გადასახადების ამკრეფს და მოსამართლეს სამი წლის ვადით. მამასახლისის საქმიანობა ანაზღაურებადი არ იყო, ის იღებდა მხოლოდ თანხას ბეჭდისთვის. სოფლის მიერ არჩეულ მამასახლისს ამტკიცებდა გუბერნატორი და მასვე ჰქონდა მამასახლისის გადაყენების უფლება.

მაგალითად  ხვარბეთის საზოგადოების მამასახლისი 1890-93 წლებში იყო ბ. მარგალიტაძე, რომლის მამასახლისობის დროს საზოგადოებაში გაკეთდა გზები, ორკლასიანად გადაკეთდა საზოგადოების სკოლა. 1899-1901 წლებში ამავე საზოგადოების მამასახლისად არჩეული იყო გ. ბარამიძე, რომელიც ნასწავლი ადამიანი იყო და მისი იმედი ჰქონდათ, მაგრამ არ გაამართლა და 1901 წელს ხელახლა აირჩიეს ბ. მარგალიტაძე. („ცნობის ფურცელი“, 1901, N1663)

სახელმწიფოს სოფლებზე ფართობის მიხედვით ჰქონდა დაწესებული გადასახადი ე. წ. ფოშტის ფული. ამ გადასახადის აკრეფას კომლებს შორის ანაწილებდა სოფლის კრება, კრება ათავისუფლებდა გაჭირვებულ ოჯახებს გადასახადისგან.

კრება ასევე ითავსებდა სასამართლოს ფუნქციას სამოქალაქო საქმეებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე, სასჯელის სახით იყენებდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასა და ფულადი ჯარიმებს. კრების მიერ არჩეულ მოსამართლეს შეეძლო გლეხთა შორის 100 მანეთამდე ღირებულების სამოქალაქო დავების გადაწყვეტა

ისიდორე რამიშვილი იხსენებდა, რომ გურიაში ხალხს ერობის შემოღება გააცნო მაზრის უფროსის მოადგილე ანტონ ნაკაშიძემ. სურების თემის პირველი მამასახლისი იყო მოსე მამუკას ძე რამიშვილი, რომელმაც საცალფეხო ბილიკის ნაცვლად სოფელში საცხენოსნო შარა გაიყვანა.

1883-1908 წლებში ოზურგეთის მაზრის სოფლები 25 სასოფლო საზოგადოებაში იყო გაერთიანებული.

საპოლიციო უბნები 1888 წ. სულ 76 სოფელი
  • გურიანთის: 28 დასახლება, 7 სასოფლო საზოგადოება,  18965 სული, 687,39 კვ.კმ
  • ლანჩხუთის: 19 დასახლება, 9 სასოფლო საზოგადოება, 26867 სული, 528,12 კვ.კმ
  • ჩოხატაურის: 29 დასახლება, 9 სასოფლო საზოგადოება, 28542 სული 931,41 კვ.კმ
საპოლიციო უბნები 1893 წ. სულ 76 სოფელი
  • გურიანთის: 29 დასახლება, 7 სასოფლო საზოგადოება,  19390 სული, 687,39 კვ.კმ
  • ლანჩხუთის: 18 დასახლება, 9 სასოფლო საზოგადოება, 26442 სული, 528,12 კვ.კმ
  • ჩოხატაურის: 29 დასახლება, 9 სასოფლო საზოგადოება, 28542 სული 931,41 კვ.კმ
საპოლიციო უბნები 1900 წ. სულ 78 სოფელი
  • გურიანთის: 32 დასახლება, 7 სასოფლო საზოგადოება,  23095 სული
  • ლანჩხუთის: 18 დასახლება, 9 სასოფლო საზოგადოება, 29124 სული
  • ჩოხატაურის: 28 დასახლება, 9 სასოფლო საზოგადოება, 35236 სული
საპოლიციო უბნები 1908 წ. სულ 128 სოფელი
  • გურიანთის: 35 დასახლება, 7 სასოფლო საზოგადოება,  19649 სული,  689,75 კვ.კმ
  • ლანჩხუთის: 31დასახლება, 9 სასოფლო საზოგადოება, 37159 სული, 528,81 კვ.კმ
  • ჩოხატაურის: 62 დასახლება, 9 სასოფლო საზოგადოება, 36349 სული, 942,37 კვ.კმ
საპოლიციო უბნები 1910 წ. სულ 128 სოფელი
  • გურიანთის: 35 დასახლება, 7 სასოფლო საზოგადოება,  20413 სული,  
  • ლანჩხუთის: 31დასახლება, 9 სასოფლო საზოგადოება, 40403 სული, 
  • ჩოხატაურის: 62 დასახლება, 9 სასოფლო საზოგადოება, 37246 სული,
საპოლიციო უბნები 1913 წ. სულ 146 სოფელი
  • გურიანთის: 39 დასახლება, 7 სასოფლო საზოგადოება,   
  • ლანჩხუთის: 41დასახლება, 9 სასოფლო საზოგადოება
  • ჩოხატაურის: 66 დასახლება, 9 სასოფლო საზოგადოება

ოზურგეთის მაზრის რუკა, რომაულად დანომრილია საპოლიციო უბნები, ხოლო არაბულად - სასოფლო საზოგადოებები

გურიანთის უბანი

1. ბახვის საზოგადოება
მოსახლეობა 1516 (1893 წ.) 4659 (1900 წ.) 3476 (1908) 3660 (1914)
სოფლები:  ბახვი, ვაკე-ჯვარი, უჩხუბი, ბაღდადი, ფამფალეთი
დღევანდელი ბახვი (ოქროსქედი-მშვიდობაურის გამოკლებით), ვაკიჯვარი, ცხემლისხიდი

ცნობილი იყო სკოლით, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსმა აქ 1880-იან წლებში გახსნა და სადაც გიგო შარაშიძე ასწავლიდა. ბახვის საზოგადოება ცნობილი იყო ასევე მეღვინეობით: მოდიოდა ჩხავერი და მტევანდიდი. ბახვის საზოგადოების წევრები მონაწილეობდნენ ნასაკირალის ბრძოლაში და აქაურმა გლეხებმა წარუდგინეს მთავრობას მოთხოვნები, რომლებიც ბახვის მანიფესტის სახელით გახდა ცნობილი.

2. გურიანთის საზოგადოება
მოსახლეობა 1895 (1902), 1311 (1908) 1655 (1914)
სოფლები: გურიანთა, ციხე, ბაილეთი, კახური, ახალსოფელი, ჭანიეთური
დღევანდელი გურიანთა, ბაილეთი, განთიადი

გურიანთის საზოგადოების ტერიტორიაზე იყო ვაშნარის ციხე-ქალაქი (VI ს.) და ჭანიეთურის მონასტერი (IX-X სს). 1885 წელს გურიანთის სასოფლო საზოგადოების ტერიტორიაზე დაასახლეს რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების შემდეგ დემობილიზებული ჯარისკაცები, რომლებმაც შექმნეს ურბანული დასახლება ეწერი (სოფ. ოზურგეთი).  სოფელი ჭანიეთური 1938 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გაჰყო სამ ნაწილად. ერთი დარჩა გურიანთის სოფსაბჭოს შემადგენლობაში, მეორე შევიდა გურიანთიდან გამოყოფილი განახლების სოფსაბჭოს შემადგენლობაში, ხოლო მესამე ნაწილი, მონასტრითურთ, განთიადის სახელით, გადაეცა კონჭკათის სოფსაბჭოს.

3. დვაბზუს საზოგადოება
მოსახლეობა 1270 (1893 წ.), 3527 (1900 წ.), 3917 (1908) 2518 (1914)
სოფლები: დვაბზუ, მელექედური, ბოხვაური, ჭალა, ექადია, ეწერი
დღევანდელი დვაბზუ, მელექედური, ნასაკირალი, ბოხვაური, სოფ. ოზურგეთი

დვაბზუს ტერიტორიაზე გაიმართა და ამ საზოგადოების წევრები მონაწილეობდნენ ნასაკირალის ბრძოლაში, რის გამოც სოფელი მეფის ჯარისკაცებმა გადაწვეს.

4. ლიხაურის საზოგადოება
მოსახლეობა 2080 (1874 წ.) 1021 (1883 წ.) 1928 (1893 წ.), 3280 (1900 წ.) 2542 (1908) 3586 (1914)
სოფლები: ლიხაური, კვაჭალათი, ნიაბაური, აჭი ,ქაქუთი, ნაცხავატევი, ჭანიეთი, 
დღევანდელი ლიხაური, ჭანიეთი, ქაქუთი, ნარუჯა

საზოგადოება აერთიანებდა აჭისწყლის ხეობის სოფლებს. მდიდარი იყო სიმინდითა და ღომით, ისტორიული ძეგლებით - თამარის ციხით, აჭისა და რეხუელის ეკლესიებით.

5. მიქელგაბრიელის საზოგადოება
მოსახლეობა 3391 (1902), 2123 (1908) 3428 (1914)
სოფლები: მიქელგაბრიელი, ზედუბანი, სამხთო, ხრიალეთი, ვაკე 
დღევანდელი შრომა, ნატანები, ურეკი, ღრმაღელე, 

ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრული იყო მდინარეებით, სუფსითა და ნატანებით. დასავლეთიდან ეკვროდა შავი ზღვა, ხოლო აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ხვარბეთის საზოგადოებას. მიქელგაბრიელის საზოგადოების ტერიტორიაზე იყო ნიკოლოზის ნავსადგური (შეკვეთილი) და რკინიგზის სადგური ნატანები. იყო რევოლუციონერი გურულების სამშობლო და საუკეთესო თავშესაფარი თავისი ბუნებრივი ხშირი ტყეებისა და გურიის ზღვისპირეთთან ახლო მდებარეობის გამო.

1930-იან წლებში ცალკე გამოყვეს ღრმაღელის სოფსაბჭო და მიაკუთვნეს ლანჩხუთის რაიონს. ორად გაყვეს სოფელი ორმეთი, რომლის ნაწილი დატოვეს მახარაძის, ნაწილი კი ლანჩხუთის რაიონში.

6. ხვარბეთის საზოგადოება 
მოსახლეობა 1430 (1893 წ.), 2766 (1900 წ.) 2633 (1908) 2215 (1914)
სოფლები: ხვარბეთი, გოგორეთი, კონჭკათი, ახალსაყდარი
დღევანდელი მერია, კონჭკათის ნაწილი (განთიადის გამოკლებით), ლაითური, თხინვალი

ხვარბეთის საზოგადოების ცენტრი იყო სოფელი გოგორეთი, იქვე იდგა ხვარბეთის სკოლა, რომელიც 1883 წელს გაიხსნა და 1930-იან წლებში გადავიდა სოფელ მერიაში

7. შემოქმედის საზოგადოება
მოსახლეობა 1120 (1874 წ.) 1370 (1893 წ.), 3577 (1900 წ.) 3647 (1908) 4039 (1914)
სოფლები: შემოქმედი, გომი, გონებისკარი, წითელმთა, კვირიკეთი, მაკვანეთი, გოგიეთი ფატარი
დღევანდელი შემოქმედი, მაკვანეთი 

იყო ჯერ შემოქმედის ეპარქიის, შემდეგ კი გურიელების საკუთრება. ცნობილია საშემოქმედლოს გლეხთა აჯანყება 1850 წელს. მდიდარი იყო ღვინით, კერძოდ, ჩხავრით, ასევე სიმინდით, ღომით და სანთლის არყით.

ლანჩხუთის უბანი

1. აკეთის საზოგადოება
მოსახლეობა 1198 (1883 წ.), 1815 (1893 წ.), 4100 (1900 წ.) 4265 (1908) 4458 (1914)
სოფლები აკეთი, ჭანჭათი, ვანი, ზომლეთი, გაგური
დღევანდელი აკეთი, ვან-ზომლეთი

აკეთის საზოგადოების გლეხები იყვნენ 1841 წლის აჯანყების მოთავენი. ცნობილი იყო მეთუნეობითა და ქვევრების დამზადებით.

2. აცანის საზოგადოება
მოსახლეობა 1183 (1874 წ.) 1123 (1883 წ.), 1555 (1893 წ.), 1672 (1902 წ.) 1696 (1908) 1775 (1914)
სოფელი აცანა
დღევანდელი აცანა

ცნობილი იყო მეთუნეობითა და ქვევრების დამზადებით.

3. ჯუმათის საზოგადოება
მოსახლეობა 1946 (1874 წ.) 1573 (1883 წ.), 2216 (1893 წ.), 2440 (1900 წ.) 2494 (1908) 1271 (1911) 2704 (1914)
სოფლები  ჯუმათი, სილაური, ლაშე, ქვედა მამათი, ნაურმევი, ბულუხაური
დღევანდელი ჯუმათი, სილაური, მამათის ნაწილი

ჯუმათის საზოგადოების ტერიტორიაზე იდგა ჯუმათის მონასტერი, რომელიც გურიის ეპარქიის ცენტრი იყო. ჯუმათში, სექტემბერში იმართებოდა 5 დღიანი ბაზრობა.

4. ჯურუყვეთის საზოგადოება
მოსახლეობა 1245 (1883 წ.), 1660 (1893 წ.), 3059 (1900 წ.) 3672 (1914)
სოფლები ჯურუყვეთი, ბაღლეფი, ხაჯალია, ყელა, ებალაური
დღევანდელი ჯურუყვეთი, ნიგვზიანი, ნინოშვილი


5. ძიმითის საზოგადოება
მოსახლეობა 1387 (1893 წ.), 3050 (1900 წ.) 3020 (1908) 3274 (1914)
სოფლები  ძიმითი, ზედა მამათი, კონჭკათი
დღევანდელი ძიმითი, მამათის ნაწილი

ცნობილი იყო მამათში არსებული სკოლა, სადაც გიგო შარაშიძე ასწავლიდა ბახვში გადასვლამდე. ძიმითი მდიდარი იყო სიმინდითა და ღომით.

6. ლანჩხუთის საზოგადოება
მოსახლეობა 2106 (1883 წ.), 5417 (1900 წ.) 6868 (1908) 7374 (1914)
სოფლები ჯუნჯუათი, ლანჩხუთი, შუხუთი
დღევანდელი ლანჩხუთი, შუხუთი, გვიმრალაური, მაჩხვარეთი

ლანჩხუთის საზოგადოებაში კარგად იყო განვითარებული მეაბრეშუმეობა.

7. ნიგოითის საზოგადოება
მოსახლეობა 1050 (1893 წ.), 2113 (1900 წ.) 3073 (1908) 3222 (1914)
სოფლები: ჭყონაგორა, ჩოლაბარგი, ჯაპანა, ქვიანი, ნიგოითი
დღევანდელი ნიგოითი

8. ჩოჩხათის საზოგადოება, 
მოსახლეობა 2405 (1883 წ.) 3509 (1893 წ.), 3863 (1900 წ.) 7863(1908) 8674 (1914)
სოფლები: ჩოჩხათი, ხორეთი, სუფსა, ახალსოფელი, ყელა, ჯიხანჯირი, ორმეთი, ხაჯალია, წიაღუბანი
დღევანდელი ჩოჩხათი, სუფსა

9. ჩიბათის საზოგადოება,
მოსახლეობა 2168 (1883 წ.) 3068 (1893 წ.), 3410 (1900 წ.) 4576 (1908) 4943 (1914)
სოფლები ჩიბათი, ლესა, ჭინათი, გომახური, ორაგვე
დღევანდელი ჩიბათი, ლესა

ცნობილი იყო სკოლით, რომელსაც გრიგოლ გურიელი მფარველობდა, რადგან ლესა გურიელების საუფლისწულო სოფელს წარმოადგენდა.

ჩოხატაურის უბანი

1. ამაღლების საზოგადოება
მოსახლეობა 2212 (1883), 2892 (1893), 4215 (1900) 4230 (1908) 3247 (1911) 4501 (1914)
სოფლები ამაღლება, შუა ამაღლება, ზემო ამაღლება, ქვემო ამაღლება, სამება, ტობათი
დღევანდელი ამაღლება, შუა ამაღლება

მის ტერიტორიაზე მდებარეობდა გურიის უდაბნოს მონასტერი.

2. ასკანის საზოგადოება
მოსახლეობა 1641 (1893), 4056 (1900) 6159 (1908) 6262 (1914)
სოფლები: ფიჩხისჯვარი, ასკანა, გვაბრათი (732), ციხისუბანი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა, ეწერი, ნაგომარი
დღევანდელი ასკანა, მთისპირი, ბახვის ნაწილი (ოქროსქედი-მშვიდობაური), ნაგომარი

ცნობილი იყო მეღვინეობით. საზოგადოების ტერიტორიაზე იდგა ასკანის ციხე, რომელიც აკონტროლებდა გურიასა და აჭარას შორის გადასასვლელ გზებს. საზოგადოებას გააჩნდა მდიდარი ბიბლიოთეკა და სცენისმოყვარულთა დასი.

3. ბასილეთის საზოგადოება
მოსახლეობა 2800 (1874 წ.) 1944 (1883 წ.), 5434 (1900 წ.) 4250 (1908) 5939 (1914)
სოფლები: ბასილეთი, ოცხანა, მეწიეთი, ხიდისთავი, ქვენობანი, ბუკნარი, ჭაჭიეთი, ლაშე, პაიჭისეული, წიფნაგვარა, ეწერი, გომაული, მუღურუში,
დღევანდელი ხიდისთავი (ნაწილობრივ), ქვენობანი

საზოგადოების ცენტრი და უდიდესი სოფელი იყო ხიდისთავი (ოცხანა), რომელიც დიმიტრი ბაქრაძის ცნობით „უბანში ერთადერთია, რომელსაც ბაზარი აქვს და ამიტომ იგი გურიაში ცნობილია საერთოდ როგორც ქალაქი.“

4. ჯვარცხმის საზოგადოება
მოსახლეობა 4215 (1902), 2635 (1908) 3067 (1914)
სოფლები: გორა, ბერეჟოული, ჯვარცხმა, ინტაბუეთი, გუთური, ზენობანი, ახალშენი
დღევანდელი ჯვარცხმა, გორაბერეჟოული, გუთური, ხიდისთავი (ნაწილობრივ)

ყოფილი საერისთავო, ანუ ერისთავების კუთვნილი ტერიტორია. ერისთავებს სასახლე გორაში ჰქონდათ. ეს ადგილი გურიის მეჩაიეობის ერთ-ერთი პირველი კერა იყო.

5. ნანეიშვილისეულის საზოგადოება
მოსახლეობა 2205 (1874 წ.) 1247 (1893 წ.), 3288 (1900 წ.) 3090 (1908) 3251 (1914)
სოფლები : ნანეიშვილისეული, ბურნათი, ნოღა
დღევანდელი საჭამიასერი, კოხნარი

ნონეიშვილების საზოგადოება ზემო ხეთის საზოგადოებასთან ერთად მდებარეობდა მდინარე ხევისწყლის ხეობაში და შეადგენდა ე. წ. გურიის საჯავახოს. საჯავახოს მხარე განთქმული იყო მეღვინეობით, კერძოდ კი საჯავახოს ღვინით, რომელიც სხილათუბანისა და მტევანდიდის შერევით მიიღებოდა.

6. ფარცხმის საზოგადოება
მოსახლეობა 1283 (1893 წ.), 2349 (1900 წ.) 2623 (1908) 2768 (1914)
სოფლები: ფარცხმა, გოგოლესუბანი, ჩოხატაური, ეწერი
დღევანდელი ფარცხმა, გოგოლესუბანი, ჩოხატაური

7. სურების საზოგადოება
მოსახლეობა 2100 (1874 წ.) 2182 (1893 წ.), 3061 (1900 წ.) 1706 (1908) 3540 (1908) 3843 (1914)
სოფლები ტობახჩა, თავსურები, ზემო სურები, შუა სურები, ქვემო სურები,  
დღევანდელი ზემო სურები, შუა სურები, დიდივანი

მდებარეობდა სუფსის ხეობის ზემო წელში. ცნობილი იყო თაფლით, არყით, გაუვალი ტყით. სურებში დაიბადნენ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ცნობილი ლიდერები ისიდორე და ნოე რამიშვილები.

8. ზემო ხეთის საზოგადოება
მოსახლეობა 1346 (1883 წ.), 1795 (1893 წ.), 2649 (1900 წ.) 2881 (1908) 3137 (1914)
სოფლები თხილაგანი, გოგოური, ზემო ხეთი, წიაღუბანი, კალაგონი, აბუთვანი, ჩომეთი
დღევანდელი ზემო ხეთი 

ნანეიშვილისეულის საზოგადოებასთან ერთად მდებარეობდა მდინარე ხევისწყლის ხეობაში და შეადგენდა ე. წ. გურიის საჯავახოს. საჯავახოს მხარე განთქმული იყო მეღვინეობით, კერძოდ კი საჯავახოს ღვინით, რომელიც სხილათუბანისა და მტევანდიდის შერევით მიიღებოდა.

9. ერკეთის საზოგადოება
მოსახლეობა 2205 (1874 წ.) 1699 (1883 წ.), 2585 (1893 წ.), 5969 (1900 წ.) 7249 (1914)
სოფლები: ერკეთი, ნაბეღლავი, ონჭიქეთი, საყვავისტყე, ციხე, შუბანი, იანეული, ხევი, ქვაბღა, ბჟოლიეთი, ბუქსიეთი, თავპანტა, ბუკისციხე, გაგამერია
დღევანდელი ერკეთი, ბუკისციხე, დაბლაციხე, ხევი, ნაბეღლავი, ზოტი

1913 წელს რუსეთის იმპერიის ტერიტორიული ერთეულების აღწერის მიხედვით ოზურგეთის მაზრაში 23 სასოფლო საზოგადოება იყო დარჩენილი. ამ დროისთვის გაუქმებული იყო ჯურუყვეთის და ლიხაურის სასოფლო საზოგადოებები.

1919 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ მაზრებს თვითმმართველობა მიენიჭათ.  თვითმმართველობის პირველი დონე - სასოფლო საზოგადოებები - შენარჩუნებული იქნა, ხოლო მაზრა თვითმმართველობის მეორე დონეს წარმოადგენდა. 1920 წლისთვის ოზურგეთის მაზრა უკვე 33 სასოფლო საზოგადოებას მოიცავდა.

1930 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ სოფლად კოლექტივიზაციის პარალელურად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა შეცვალა. დარაიონება განხორციელდა რუსეთის იმპერიის დროინდელი საპოლიციო და არა სამოქალაქო მმართველობის ერთეულების (მაზრები და სასოფლო საზოგადოებები) მიხედვით. ოზურგეთის მაზრის ნაცვლად 1930 წელს შეიქმნა ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონები. 1930 წლიდან არსებული დაყოფა არ შეცვლილა, გამონაკლისი იყო მხოლოდ 1963-64 წლები, როდესაც გაერთიანებული იყო მახარაძისა და ჩოხატაურის რაიონები.



Comments

Popular posts from this blog

ბახვის მანიფესტი

1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის  ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა. კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან  1905

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ა;ვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „დილით ივანე ჯა

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა