Skip to main content

ოზურგეთის მაზრის თვითმმართველობა

ოოზურგეთის მაზრის თვითმმართველობის საქმიანობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს. მომზადებულია მაზრის ერობის გამგეობის ოფიციალური გამოცემის, „გურიის ერობის მოამბის“ მიხედვით.


1918 წელს ჩატარდა საერობო რეფორმის პირველი ეტაპი და არჩევნები. (გარდა საომარი რეგიონებისა). 1919 წელს ამოქმედდა ადმინისტრაციული მოწყობის ახალი წესი, შეიქმნა მაზრის ერობა და სამაზრო გამგეობა. ერობებმა იმუშავეს 1921 წლამდე.

კარლ კაუცკის წიგნიდან „საქართველო: გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა - შთაბეჭდილებები და დაკვირვებები“: 

რევოლუციამ საქართველოს მაზრებისა და მუნიციპალიტეტების სრული თვითმმართველობა მოუტანა. ეს თვითმმართველობა უნდა შექმნილიყო de novo ცენტრალიზებული და ბიუროკრატიული სახელმწიფო მეურვეობის ნაცვლად. ის განიცდიდა გამოცდილებისა და ზოგიერთი აუცილებელი რესურსის ნაკლებობას. მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ ზოგი დიდი სასოფლო-სამეურნეო საწარმო გადაეცა მუნიციპალიტეტებს. ადგილობრივმა საკრებულოებმა შემოიღეს სამედიცინო მომსახურების რეგულაცია, დააარსეს ამბულატორიები, ფაბრიკები და საწარმოები ადგილობრივი ნედლეულის დასამუშავებლად, გასწიეს დრენაჟის და საირიგაციო სამუშაოები. ოცდაერთი საკრებულო გაერთიანებულია კავშირში, რომელიც ატარებს კონგრესებს ინფორმაციის შეგროვებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. კავშირს დანიშნული ჰყავს ექსპერტთა კომიტეტი, რომელიც ზედამხედველობს მუნიციპალიტეტების თითოეულ საწარმოს და სთავაზობს მათ რჩევებს.

ეს ინსტიტუტები მეტისმეტად ახლები არიან გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების მისანიჭებლად, მაგრამ უკვე იგრძნობა მათი ჯანსაღი გულისცემა და გზა, რომელსაც ისინი ადგანან, უკვე სავსებით იმედისმომცემია.

თვითმმართველობის სტრუქტურა

მაზრის დონე - ერობა 

ერობის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო იყო ერობის გამგეობა. გამგეობა შედგებოდა 5 წევრისგან: გამგეობის თავმჯდომარე (სიო ჭანტურიშვილი), თავმჯდომარის ამხანაგი და კიდევ სამი წევრი. გამგეობას ჰქონდა რამდენიმე განყოფილება, რომლებიც საკურატოროდ გადანაწილებული იყო გამგეობის წევრებს შორის. არსებობდა 11 განყოფილება:
  • საექიმო 
  • ადმინისტრაციული
  • საფინანსო -ბუღალტრული
  • სტატისტიკური. სტატისტიკის განყოფილებას 50 ათასი მანეთი ჰქონდა გამოყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის შესაგროვებლად
  • ტექნიკური. ტექნიკური განყოფილების გამგედ ითვლებოდა მაზრის ინჟინერი
  • სავაჭრო-სამრეწველო
  • სახალხო განათლების
  • სამხედრო. აწარმოებდა სამხედრო ვალდებულთა აღრიცხვას
  • სასურსათო
  • აგრონომიული. აგრონომიულ განყოფილებაში მუშაობდა 1 აგრონომი, 4 ინსტრუქტორი, 4 აგროტექნიკოსი, 1 მეაბრეშუმეობის ინსტრუქტორი, 1 შინამრეწვლებობის ინსტრუქტორი
  • სავეტერინარო. ამ განყოფილებაში მუშაობდა სამი ვეტერინარი და 5 თანაშემწე
განყოფილებების შტატებს და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებდა ერობის ყრილობა. 

ერობის შემოსავლის წყაროს შეადგენდა საერობო გადასახადი და ეკონომიკური საქმიანობა (ამაზე ქვემოთ). საერობო გადასახადს წარმოადგენდა სანიტარული გადასახადი. 1920 წელს ოზურგეთის მაზრაში უნდა აკრეფილიყო 1,729 მილიონი მანეთი სანიტარული გადასახადის სახით. სანიტარული გადასახადის ამოღებაზე პასუხისმგებელი იყო თემი. 1920 წელს სუფსის თემი ითხოვდა შემცირებას ამოსაღები სანიტარული გადასახადის რაოდენობისა, რაც 34 435 მანეთს შეადგენდა, თუმცა ერობამ უარი უთხრა.

ერობის წარმომადგენლობით ორგანოში შედიოდა 27 დეპუტატი. 18 დეპუტატი იყო მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, 5 სოციალისტ-რევოლუციონერთა, ხოლო 4 წევრი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან. 3 მათგანი ამავდროულად იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

ოზურგეთის სამაზრო ერობის ხმოსანთა სია

ქვედა დონე - თემი

მაზრაში ერთიანდებოდა თვითმმართველობის პირველადი ერთეული - თემი. თემები შექმნილი იყო რუსეთის იმპერიის პერიოდის სასოფლო საზოგადოებების საფუძველზე, თუმცა ზოგიერთი საზოგადოება დაიყო უფრო მცირე თემად. 1905 წლისთვის არსებული 25 სასოფლო საზოგადოების ნაცვლად 1920 წლისთვის არსებობდა 34 თემი:
  • უცვლელი იყო  მიქელგაბრიელის, ხვარბეთის, გურიანთის, შემოქმედის, აცანის, ჯუმათის, ხიდისთავის, ნანეიშვილისეულის, ჩიბათის, ამაღლების, ჩოხატაურის, ნიგოითის, ჯვარცხმის, ძიმითის თემები, 
  • უცვლელი იყო ბახვისა და დვაბზუს თემები, თუმცა შეიცვალა საზღვარი მათ შორის, ვაკიჯვრიდან დასავლეთით ტერიტორია გადაეცა დვაბზუს.
  • ასევე უცვლელი იყო ქალაქ ოზურგეთისა და ლიხაურის თემები, თუმცა აქაც შეიცვალა საზღვარი, სოფელი ექადია ლიხაურის თემის ნაცვლად შევიდა ქალაქის საზღვრებში. 
  • ასკანის თემი გაიყო ასკანისა და ნაგომრის თემებად
  • აკეთის თემი გაიყო აკეთისა და ჭანჭათის თემებად
  • საჭამიასერის თემი გაიყო საჭამისაერისა და ზემო ხეთის თემებად
  • ჯურუყვეთის თემი გაიყო ჯურუყვეთისა და ნიგვზიანის თემებად
  • ერკეთის თემი გაიყო ერკეთისა და ხევის თემებად
  • სურების თემი დაიყო სამ თემად: დიდივანის, შუა სურების და ზემო თავსურების
  • ლანჩხუთის თემი გაიყო ლანჩხუთისა და შუხუთის თემებად
  • ჩოჩხათის თემი გაიყო ჩოჩხათისა და სუფსის თემებად
თემებს შორის საზღვრებს, თემის ცენტრს და თემების გაუქმება/შეერთება/გაყოფის საკითხებს ადგენდა ერობა.  მაგ. სოფელ ბჟოლიეთს, რომელიც ერკეთის გაყოფის შემდეგ ხევის თემში მოხვდა, ერობამ უარი უთხრა ისევ ერკეთის თემზე მიწერაზე. ერობა წყვეტდა ასევე დავებს თემებს შორის. მაგ. მიქელგაბრიელის და ხვარბეთის თემები დაობდნენ, თუ რომელ თემს უნდა გაეკეთებინა ბოგა მდინარე ჭახვათაზე, რომელც ამ თემებს შორის საზღვარს წარმოადგენდა. 

თემის მმართველი ორგანოები იყო თემის საბჭო და თემის გამგეობა, ორივე ორგანოს ჰყავდა თავმჯდომარე. თემის საბჭო იყო არჩევითი მოსახლეობის მიერ თემის ყრილობაზე. ასევე მოსახლეობა ირჩევდა თემის მილიციის უფროსს. თემში მინიმუმ სამი მილიციონერი უნდა ყოფილიყო.

თემის ბიუჯეტს წინასწარ ამტკიცებდა ერობა. მაგ. 1920 წელს ერობამ არ დაამტკიცა ჩოჩხათის თემის ბუჯეტი, რადგან ის 6-თვიანი იყო და მოითხოვა ერთწლიანი ბიუჯეტის წარმოდგენა. ცნობილია რამდენიმე თემის წლიური ბიუჯეტი 1920 წელს ხვარბეთის 122 820 მანეთი, სუფსის 886 410 მანეთი, აცანის 80 070 მანეთი, აკეთის 115 000 მანეთი, ერკეთის 165 130 მანეთი, ჩოჩხათის 391 882 მანეთი. თემს შეეძლო ერობისგან სესხის აღება. მაგ. ცნობილია, რომ სამაზრო ერობამ უარი უთხრა სუფსის თემს სესხის მიცემაზე.

თემს შეეძლო შემოეღო დამატებითი დაბეგვრა საკუთარი თემის ფარგლებში კლუბის, სკოლის, საექიმო პუნქტის მშენებლობისთვის. თემს შეეძლო ნატურალური ბეგარის შემოღება გზების და ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის. თემი წყვეტდა თემის შიდა გზების გაყვანის საკითხს, თემის ცენტრის, საექიმო პუნქტის ადგილმდებარეობის საკითხებს. მიქელგაბრიელის თემს სუფსის თემიდან მოწვეული ჰყავდა მომრიგებელი მოსამართლე საქმეების გასარჩევად და ფარავდა მის ხარჯებს.

1920 წლის გაზეთებიდან დგინდება მხოლოდ ოზურგეთის და ზემო სურების თემების ბიუჯეტები.

ზემო სურების წლიური ბიუჯტეი იყო 104 400 მანეთი, რომელიც ნაწილდებოდა შემდეგნაირად:
    *60 000 მანეთი გამგეობის შენობის ქირისა და მოწყობის ხარჯი
    *37 400 მანეთი ხელფასები (ამ თანხაში შედიოდა თემის გამგეობის თავმჯდომარის და მდივნის ხელფასი და ცხენის ქირა)
    *2 000 მანეთი გათბობის და განათების ხარჯი
    *5 000 მანეთი გაუთვალისწინებელი ხარჯი

ოზურგეთის თემის წლიური ბიუჯეტი იყო 168 400 მანეთი, რომელიც ნაწილდებოდა შემდეგნაირად:

* 126 000 ხელფასები:
    **48 000 გამგეობის თავმჯდომარის 
    **42 000 თავმჯდომარის მოადგილის
    **24 000 მდივნის
    **12 000 დარაჯის 
* 25 400 სასკოლო ხარჯები:
    **7 800 გაღმა მელექედურის სკოლისთვის 
    **7 800 სოფელ ოზურგეთის სკოლისთვის
    **7 800 ექადიის სკოლისთვის
*7 000 გათბობისა და განათების ხარჯები
*6 000 კანცელარიის ხარჯები
*5 000 შენობის ქირის ხარჯი
*5 000 საექიმო პუნქტის ხარჯი

სამაზრო ერობა აკონტროლებდა თემის გამგეობას. ერობას შეეძლო თემის კონტროლი როგორც მისი საქმიანობის კანონიერების, ასევე მიზანშეწონილობის მხრივ. თემი ზოგჯერ საკუთარ უფლებამოსილებასაც სცდებოდა, მაგ. ზემო სურების თემმა დანიშნა აპეკუნი ობლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს მომრიგებელი მოსამართლის კომპეტენცია იყო და არა თემის.

თვითმმართველობის საქმიანობა დარგების მიხედვით

სოფლის მეურნეობა

გამგეობამ მოიწვია აგრონომები ქუთაისიდან და ჩაატარა სამუშაო თათბირი, რომლის მიხედვით შეადგინეს პრიორიტეტული სასოფლო-სამეურნეო დარგები: მიწათმოქმედება და ერთწლიანი კულტურები, მესაქონლეობა, მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა, მებაღეობა და მებოსტნეობა.

განისაზღვრა პრიორიტეტული სასოფლო-სამეურნეო კულტურები: ჩაი, მანდარინი, ბამბუკი, დაფნა და თამბაქო; ასევე ტექნიკური კულტურები კანაფი, სელი და ჭინჭარი და სამკურნალო კულტურები ძაღლ-ყურძენა და კატაპრია.

მაზრის ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის მიზნებისთვის იყოფოდა შემდეგ რაიონებად:
  • რიონის დაბლობი და ზღვის სანაპირო - ნიგოითი, შუხუთი, ლანჩხუთი, ჩიბათი, ჯურუყვეთი, სუფსა და ნატანები - პრიორიტეტული კულტურა სიმინდი 
  • წითელმიწა ნიადაგების ზონა: მიქელ-გაბრიელი, ჩოჩხათი, ჯუმათი, აცანა და აკეთი - პრიორიტეტული კულტურები ჩაი, მანდარინი, ბამბუკი
  • გურიანთა, დვაბზუ, შემოქმედი, ლიხაური, ბახვი - ჩაი, მანდარინი, ბამბუკი, თხილი
  • ჩოხატაურის რაიონი - თამბაქო, ვენახი და ხეხილი
  • სურების და ბახმაროს რაიონი - პრიორიტეტი მესაქონლეობა
თითოეულ რაიონში უნდა დანიშნულიყო 1 აგრონომი, ორი აგრონომიური ინსტრუქტორი და სამი აგროტექნიკოსი

გარდა ამისა, ერობა აქტიურად მონაწილეობდა სასოფლო-სამეურნეო ოპერაციებში, საკუთარი სახსრებით ყიდულობდა სათესლე მასალებს, რომელიც მიაჩნდა გავრცელებისა და გაშენებისთვის ღირებულად:  შეუკვეთა აბრეშუმის თესლი: ყვითელი იტალიური ჯიში გრან-სასო, ასკოლი და პასკვალი და თეთრი „ბაღდადის“ ჯიში. ასევე შეიძინა სათესლე ხორვალი, შეიძინა სასოფლო-სამეურნეო მასალები შაბიამანი, გოგირდი, და სხვა.

აკეთში ერობამ მოაწყო საცდელი ნაკვეთი, სადაც 25 ქცევა მიწაზე გააშენა ხორბალი და ცდილობდა გურიის ჰავასთან მორგებული ხორბლის მოყვანას. 93 600 მანეთი იყო გამოყოფილი მაზრაში 4 ადგილას ხეხილის და კომერციული მნიშვნელობის მქონე კულტურების საჩვენებელი ნაკვეთების მოწყობისთვის.

500 ათასი მანეთი გამოყო ერობამ სიმინდის და ლობიოს შესაძენად.

გზები

ერობის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება იყო ადგილობრივი გზების გაყვანა. გზების მიმართულებებს ადგენდა მაზრის ერობა. 1920 წლის მდგომარეობით მაზრაში გაჰყავდათ ან იგეგმებოდა გაყვანა შემდეგი საავტომობილო გზებისა:
  • აკეთის გზა: აკეთის თემის კანცელარიიდან შუხუთამდე, სიგრძე 8 ვერსი; მშენებარე
  • აცანის გზა; მშენებარე
  • სუფსა-ოზურგეთის გზა: სუფსა-ორმეთი-სუსკურა-კონჭკათი-გურიანთა-ციხისფერდი-ოზურგეთი; 23 ვერსი; მშენებარე
  • მერია-ხვარბეთი; მშენებარე
  • ასკანის გზა: ფამფალეთი-მთისპირი-გვაბრათი-ბახვი; 8 ვერსი; პროექტირება 
  • მთისპირი-ვანისქედის გზა; 3 ვერსი; პროექტირება
  • გულიანი-ჩოჩხათი; 3 ვერსი; პროექტირება
  • ხორეთის სასოფლო გზა; პროექტირება
  • გომახური-ზემო ჩიბათი-ლანჩხუთი; პროექტირება
  • ამაღლება-ჩოხატაური პროექტირება
  • სურების გზა; პროექტირება
  • საჭამიასერის გზა ჩოხატაურის გზატკეცილზე გამოსვლით; პროექტირება
  • ხიდისთავი-სამება-ჯიხეთი-ქვიანი; პროექტირება
  • ლანჩხუთი-ჯურუყვეთი-ყელა, პროექტირება
  • ნიგოითი-ჭანჭათი-ნაგომარი; 7 ვერსი; დაგეგმილი
  • ლანჩხუთი-ჯუმათის მონასტერი-ოზურგეთის გზა; დაგეგმილი
ასევე დაგეგმილი იყო შემდეგი ხიდების მშენებლობა:
  • ლიხაურის ხიდი მდინარე ბჟუჟზე, პროექტი შედგენილი იყო 
  • მდინარე სუფსაზე სადგურ ჯიქურთან 
  • მდინარე გუბაზეულზე ხიდისთავში 
  • მდინარე სუფსაზე ნაგომარში, საფეხმავლო
გარდა საავტომობილო გზებისა, მიმდინარეობდა რკინიგზის მშენებლობის პროექტირება. ნატანები-ოზურგეთის რკინიგზის სამი სხვადასხვა პროექტი იყო მზად. მიმდინარეობდა ოზურგეთი-შემოქმედი კონკის გზის პროექტირება.

ჯანდაცვა  

ერობას ექვემდებარეობოდა საექიმო პუნქტები. საექიმო პუნქტში მსახურობდნენ ექიმი, ფერშალი და ბებიაქალი.

ექიმი უნდა ყოფილიყო ადგილზე 9-დან 2 საათამდე. ექიმობა იყო უფასო და ექიმს არ ჰქონდა საფასურის აღების უფლება. განსაზღვრული იყო, როდის შეეძლო ექიმს ავადმყოფთან სახლში მისვლა ადგილზე. ექიმი უწევდა რევიზიას საექიმო უბანში მდებარე აფთიაქებს. ექიმი წევდა პირველად და გადაუდებელ სასწრაფო მომსახურებას, საჭროების შემთხვევაში მიიღებდა მშობიარობას, იძლეოდა მიმართვას საავადმყოფოში დასაწოლად

მაზრა იყოფოდა 8 საექიმო უბნად: ლანჩხუთის, ჩოხატაურის, საჭამიასერის, სუფსის, სურების, ჩოჩხათის, ბახვის, ხიდისთავის. იგეგმებოდა სამი საექიმო უბნის დამატება. ასევე მოქმედებდა 23 საფერშლო პუნქტი, მათ შორის ერკეთში, აკეთში, ხვარბეთში და სხვა. ოზურგეთში, ხვარბეთსა და ჩოხატაურში გახსნილი იყო საერობო აფთიაქები, ბახმაროში მოქმედებდა სეზონური საერობო აფთიაქი. საერობო აფთიაქებისთვის წამლებს ყიდულობდა ერობა, ხოლო ფასს ადგენდა მთავრობა.

1920 წელს გაიხსნა ერობის საავადმყოფო ქალაქ ოზურგეთში. 10-10 საწოლიანი საავადმყოფოები იყო ასევე ჩოხატაურსა და ლანჩხუთში

განათლება

სამაზრო ერობა მართავდა მაზრაში არსებულ უმაღლეს დაწყებით და დაწყებით სკოლებს. მაზრაში მოქმედებდა 160 პირველდაწყებითი სკოლა (აქედან 128 ერობის) და 23 უმაღლესი დაწყებითი  სკოლა (აქედან 21 ერობის). უმაღლესი დაწყბითი სკოლის შენახვა წლიურად ჯდებოდა 75 ათასი მანეთი.

უმაღლესი დაწყებითი სკოლები მოქმედებდა სოფლებში: ლიხაური, საჭამიასერი, ჩოხატაური, ძიმითი, ხევი. დაწყებითი (4-კლასიანი) სკოლები მოქმედებდა სოფლებში: ამაღლება, ახალსოფელი, ახალშენი, ბჟოლიეთი, ბუკისციხე, ბურნათი, ბუქსიეთი, გორაბერეჟოული, დაბლაციხე, დიდივანი, ერკეთი, ზემო სურები, ზოტი, თავსურები, თხილაგანი, იანეული, კვირიკე-ზემოხეთი, მამათი, მეწიეთი, ნაბეღლავი, ნანეიშვილისეული, ონჭიკეთი, პაჭისეული, სამხთო, საყვავისტყე, ფარცხმა, ქვაბღა, ქვედა ძიმითი, შემოქმედი, შუასურები, შუბანი, ჩოლაბარგი, ჩომეთო-კალაგონი, ძიმითი, წითელმთა, წიფნაგვარა, ხევი, ხიდისთავი, ჯურუყვეთი, ჯვარცხმა.

ერობის ხარჯზე იქნა მიღებული ჩოხატაურის გიმნაზია და მას მიეცა 40 ათასი მანეთი.

სკოლის შენობის მშენებლობას ახორციელებდა თემი, თუმცა შენობის სტანდარტს ადგენდა ერობა, თემს შენობის ადგილის შერჩევა და მშენებლობა უნდა წარემართა ერობის განათლების და ტექნიკური განოფილებებთან შეთანხმებით.

სკოლის დირექტორი ინიშნებოდა ერობის მიერ. სოფლის მასწავლებლის თვის ხელფასი შეადგენდა 1700 მანეთს. სამაზრო ერობის განათლების განყოფილება აორგანიზებდა მასწავლებელთა სამთვიან გადამზადების კურსებს. 1920 წელს სამასწავლებლო კურსებს 130 მსმენელი გადიოდა. მაზრის განათლების განყოფილებას ჰქონდა მიზანი არცერთი წერა-კითხვის უცოდინარი 13-50 წლის ასაკის მოსახლეობაში.

ეკონომიკური საქმიანობა

ერობა ეკონომიკის განვითარებას ცდილობდა საწარმოების შექმნით. 1919 წელს ერობამ ფოთში კერძო მეწარმისგან 1 100 000 მანეთად იყიდა ხე-ტყის ქარხანა და გადაიტანა ნატანებში. ქალაქ ოზურგეთში გახსნა სადურგლო სახელოსნო, წიგნის მაღაზია, ფურნე. ნიგოითში იგეგმებოდა წისქვილის გახსნა. ამასთან ერობა ცდილობდა გაევითარებინა ისეთი მანუფაქტურული წარმოება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციულ ცოდნას შეესაბამებოდა: მეჭურჭლეობა, ჭილოფების დამზადება, კალათების ქსოვა და ა.შ.

გარდა ამისა, ერობა გასცემდა მიწებს იჯარით, მაგალითად ბახმაროში რესტორნების და სასაკლაოების მოსაწყობად სეზონურად გაიცემოდა მიწები იჯარით ასევე იჯარით გაიცემოდა ქალაქ ოზურგეთში მდებარე ლაშის აბანო.

ერობა ამტკიცებდა მის საკუთრებაში არსებული საწარმოების ბიუჯეტს. მაგ. ერობის სამჭედლოს ბალანსი  1919 წლის ბოლოს შეადგენდა 202,5 ათას მანეთს, მოგება 42 ათას მანეთს.

ერობა გასცემდა ოზურგეთი-ნატანების გზაზე ავტომობილით მგზავრობის ნებართვას და  ადგენდა მგზავრობის ფასს. ფასი ჯერ 130, შემდეგ კი 150 მანეთს შეადგენდა.

ერობას გაჰყავდა სატელეფონო ქსელი. იგეგმებოდა ჯერ ყველა თემის დაკავშირება ოზურგეთთან, შემდეგ კი ყველა სოფლისა საკუთარი თემის ცენტრთან.


Comments

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში არსებობის დროს, სამთავ