Skip to main content

ალიხანოვის კვალდაკვალ

რუსეთის იმპერიის გენერალი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი, ოზურგეთის პატარა ისტორიის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერსონაჟი, ე. წ. 9 აპრილის პარკის ერთი ნაწილის მონგრევამ გამახსენა. ამ ადგილის, ოზურგეთის ძველი საპარასკევოს პირველი მასშტაბური ნგრევის „შემოქმედი“ სწორედ ალიხანოვის სადამსჯელო რაზმი იყო.

მანამდე კი საპარასკევო ქალაქის გული იყო. ოზურგეთში, სხვა ფეოდალური ქალაქების მსგავსად, ქალაქის ცენტრს ფეოდალის სასახლის წინ მდებარე მოედანი წარმოადგენდა. გურიის მთავრების, გურიელების სასახლე ამჟამინდელი ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე იდგა, მის წინ კი გაშლილი იყო ქალაქის ცენტრალური მოედანი ე.წ. საპარასკევო, რომელიც ქალაქში შემომავალ ორ მთავარ შარაგზას: ქუთაისისა (დღეს აღამაშენებლის) და ლიხაურის ქუჩებს (თაყაიშვილი) აკავშირებდა. ეს ტერიტორია სწორედ დღევანდელი 9 აპრილის პარკია. ცხადია, ეს დუქნებითა და მაღაზიებით სავსე მოედანი არ იყო პარკი დღევანდელი გაგებით, მაგრამ საპარასკევო წარმოადგენდა  საჯარო სივრცეს, ქალაქის (და არა მხოლოდ ქალაქის) მცხოვრებთა თავშეყრის მთავარ ადგილს.

ქალაქის საზოგადოებრივი და კომერციული ცენტრის ფუნქცია საპარასკევოვ შეინარჩუნა რუსეთის იმპერიის მიერ გურიის სამთავროს დაპყრობის შემდეგაც, რადგანაც  მთავრების ყოფილ სასახელში დრუჟინა, ანუ ადგილობრივ გაწვეულთაგან შემდგარი ჯარი და მაზრის ხელისუფლება ჩადგა. 

მწერალი ნინო ნაკაშიძე (რომლის მოგონებები „გურიაში“ ხელნაწერის სახით დაცულია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებში, საქმე #533) ასე აღწერს 1905 წლის საპარასკევოს:

„მე გავიზარდე ქალაქ ოზურგეთში. ჩემი ბავშვობა და სკოლის წლები იქ გავატარე და ვფიქრობდი, ოზურგეთზე უკეთესი და ულამაზესი ქალაქი ქვეყანაზე არ იყო. ოზურგეთი სამაგალითო ქალაქად მიმაჩნდა... ციხეში, ჩემს მახსოვრობაში ყოველთვის ორი როტა რუსის სალდათი, თავის ოჯახით ბინადრობდა. ხალხს ეშინოდა მათი. ჩვენ, ბავშვები არ ვეკარებოდით ციხეს. მხოლოდ ვიცოდით, რომ ეს ციხე ძველად გურიის მთავრის, გურიელის სასახლე იყო და გურიელი ამ ციხიდან გადაცქეროდა „თავის ქალაქს“...მაგრამ ჩემს ყურადღებას უფრო დიდი ჭა იპყრობდა, რომელიც ჩოხატაურიდან მომავალი მოკენჭილი გზის ბოლოს, ქალაქის თავში იდგა და მაღალი ოწინარი ჰქონდა. ოწინარზე კი მაგარ რკინის ჯაჭვზე გამომბული დიდი კასრი ეკიდა, ჭის უკან ჩამწკრივებული იყო 6 სამჭედლო დუქანი... სამჭედლოს მოსდევდა „საპარასკევო.“ რატომ ეძახდნენ, მე არ ვიცი და მიკვირდა, რადგან საპარასკევოზე ვაჭრობა იყო, როგორც პარასკევობით, ისე კვირაობითაც და რა არ იყო პარასკევობით და კვირაობით აქ გასაყიდი. ყველაზე მეტად იყო ჭურჭლეულობა: ხის გობები, ჯამები, ციცხვები და სხვა. არანაკლებ იყო თიხის ჭურჭლეულობაც, სოფელ აკეთიდან შემოტანილი იქაური სოფლელების ნახელავი, ყველა ზომის ჭურები, კოკები, დოქები, ქოთნები, ხელადები და სტვირებიც კი. სხვადასხვა სოფლებიდან შემოჰქონდათ ხილეულობა, სანოვაგე, ფქვილი, ყველი უბრალო და სულგუნები ხის კასრებით, მწვანილი და სხვა. საპარასკევოზე იდგა განუწყნარებელი გუგუნი, სიცილი და კამათიც მყიდველ-გამყიდველს შორის. საპარასკევოს განაპირას, უფრო კვირაობით, იდგა ვინმე მოხუცი მესტვირე ან ბრმა მელექსე, რომელიც ლექსს ან ამბავს მოუთხრობდა ხალხს გაბმული სიმღერით. ასე ფულს შოულობდნენ. ხალხი ყოველთვის თავისი სავაჭრო გასაღების შემდეგ, სიამოვნებით უსმენდა მას და არ იშურებდა, გაენაწილებინა მათთვის მოსაგებიდან ცოტაოდენი პროცენტი. სამჭედლოების ქვემოთ, გზის მეორე მხარეს, საპარასკევოს გასწვრივ, პირდაპირ იყო სხვადასხვა საქონლით მოვაჭრე დუქნები, რასაკვირველია, იყო ფართლეულის დუქნებიც... მაღაზიების წინ ქუჩის ორივე მხარეს ქვაფენილზე დადიოდა სავაჭროდ და სასეირნოდ მოსული ხალხი. შუაზე კი მოემართებოდა მოკენჭილი სუფთა ქუჩა ურმების, ომნიბუსების და ეტლების სასიარულოდ, იქით და აქეთ ქუჩის პირას მირაკრაკებდა გაყვანილ თხრილებში ბაზრის წყალი და ცლიდა ბაზარს ნაგვისა და ჭუჭყისაგან... ქუჩა მუდამ სუფთად გამოიყურებოდა. დუქნების ბოლოს გამართული იყო ეტლებისა და დილიჟანსების დასაქირავებელი კანტორა, რომელიც დაარსებული იყო ამხანაგობის მიერ რაჟდენ წუწუნავას ხელმძღვანელობით.“

1906 წლის 11 იანვარს ქუთაისის გუბერნატორ ალიხანოვ-ავარსკის ბრძანებით გურიის სადამსჯელო რაზმის უფროსმა, პოლკოვნიკმა კრილოვმა ოზურგეთი გადაწვა. ქვემოთ, ფოტოზე გადამწვარი საპარასკევოა გამოსახული.

სახელგამი (წელი უცნობია - 2014) | ქვათა ღაღადი

მიუხედავად ამისა, საპარასკევო მალევე აღიდგინა ფუნქცია და შეინარჩუნა ის საბჭოთა მმართველობის ეპოქაშიც კი, როდესაც „სოციალისტური მახარაძის აღმშენებლობის“ მიზნით საპარასკევოს ჩრდილოეთით გურიელების სასახლის ბაღის ტერიტორიაზე 1930-იანებში დაიწყო და 1950-იანებში დასრულდა ქალაქის ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მოწყობა. მიუხედავად ამისა, საპარასკევო კვალვ ქალაქის კომერციული ცენტრი და ყველაზე ხალხმრავალი ადგილი იყო ავტოსადგურით, მუზეუმით, სამუსიკო სკოლით, პოლიციით, პროკურატურით, აფთიაქითა და სხვა მრავალი წვრილი სავაჭრო ობიექტით.



ასე იყო 1980-იან წლებამდე, სანამ ეს შენობები ხანძარმა არ გაანადგურა. ქვემოთ ნაჩვენებია დღევანდელი 9 აპრილის პარკის აღმოსავლეთ ბოლოს ფოტომონტაჟი. მარცხნივ 1960-იანი წლების, ხოლო მარჯვნივ - 2014 წლის ფოტო.


ხანძრის შემდეგ კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შენობების აღდგენის ნაცვლად ქალაქის მთავარ კომერციულ ზონაში გრძელი ბულვარი მოწყობილიყო. ისტორიული საპარასკევოს შუაგულში ბარაკების ნაცვლად სარეკრეაციო ზონის მოწყობას ქალაქგეგარებისა და მშენებლობის სპეციალისტები დადებითად აფასებდნენ. მაგ. ინჟინერ-მშენებელი თენგიზ კუნჭულია თავის წიგნში „ქალაქი და ტრადიციები“ წერდა:

„განსაკუთრებით ვითარდებოდა ქალაქის ტრადიციულად ჩამოყალიბებული სავაჭრო ზონა ე. წ. საპარასკევო, სადაც ადრეულ წლებში პარასკევობით დიდი ბაზრობა იმართებოდა. მეტად სასიკეთო ცვლილებებია კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ძველი, ამორტიზებული, მიხურულ-მოხურული დარაბების ადგილზე 1987-88 წლებში გაშენდა ბულვარი ახალი სატრანსპორტო ზოლით. აპოლონ წულაძის ქუჩაზე კი გაიხსნა სატროლეიბუსო მიმოსვლა.“

ტროლეიბუსი პარკის მიმდებარე გურიის (ამჟამად ჭანტურიას) ქუჩაზე
პარკი ჩაფიქრებული იყო როგორც სარეკრეაციო ზონა მის ირგვლივ მიმდებარე კომერციული უბნისთვის. საბჭოთა წყობის ბოლო წლებში ეწყობოდა სეირნობები, მუსიკალური ღონისძიებები და სხვ. ეს პარკი თავიდანვე პოპულარულ ადგილად ვერ იქცა, რადგან ჯერ-ერთი მაშინ პარკის ტერიტორია ჯერ კიდევ ტიალ მინდორს წარმოადგენდა და მეორეც, აქვე მდგარი პოლიციის შენობა, რომელიც მთელ სიგრძეზე პირდაპირ გადმოჰყურებდა პარკს, მიმზიდველობას უკარგავდა მას, როგორც დასასვენებელ ადგილს.

მაგრამ 2009 წელს პოლიცია ამ უბნიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე გადავიდა, ამასობაში კი აქ დარგული ჭადრები და ნეკერჩხლები გაიზარდნენ და მიუხედავად იმისა, რომ შექმნის შემდეგ პარკს ადგილობრივი ხელისუფლების სერიოზული ყურადღება არ ღირსებია, ის იქცა ძველ საპარასკევოში სავაჭროდ თუ სხვა მიზნით მისული ადამიანის მთავარ დასასვენებელ და სარეკრეაციო ადგილად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის სოფლების მოსახლეობისთვისაა, რადგან ერთმანეთს უსაფრთხო საფეხმავლო სივრცით დაუკავშირა ქალაქის ორი მნიშვნელოვანი ობიექტი: ავტოსადგური (ე. წ. კრუგი) და აგრარული ბაზარი.

ამიტომ გამოუჩნდა ამ მოუვლელ და გაუბედურებულ პარკს (თუმცა სადაა მოვლილი და ნაპატრონები საჯარო სივრცე ოზურგეთში?) ამდენი საჯარო თუ ფარული დამცველი. ისტორიას დასასრული არ აქვს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ არც პარკის წლევანდელი მოჭრა-მოასფალტება იქნება საპარასკევოს ამბის დასასრული.



Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...