ნოე ჟორდანიას მოგონებებიდან, „ჩემი წარსული“, პარიზი, 1953 ჩემი ბავშვობის ხანაში ლანჩხუთის მცხოვრებთ, ალბათ მთელ გურიასაც, ქონდათ წარმოდგენა ქვეყნიერებაზე სავსებით ზღაპრულათ და სასწაულებრივათ. საერთო აზრი იყო: ქვეყანა დასახლებულია უჩინარი სულებით, რომლებიც ებრძვიან ადამიანებს და მათ გზას უბნევენ. ეს სულებია: ჭინკა, ქაჯი, ეშმაკი, დევი, კუდიანი, მზაკვავი და სხვ. ბავშვებს ჰყავთ მიჩენილი ჭინკა, ხოლო დიდებს ყველა დანარჩენი. ეს ჭინკა მაინც მუდამ მაგონდებოდა და სულს მიწუხებდა. ერთხელ ჩემი თამაშის ამხანაგი სამი დღის განმავლობაში მინდორში არ გამოჩენილა. შემდეგ მოვიდა და ჩემს შეკითხვაზე - თუ სად იყო ამდენ ხანს, მომიგო: დედა-ჩემმა წისქვილში გამგზავნა, შემოღამებული იყო, შევედი თუ არა წისქვილში, მომესმა ხმაურობა და ყვირილი - ვინ მოსულა, მოკიდეთ მას ხელი. უცებ კუთხეებიდან გამოვიდნენ ჭინკები და დამესია. მოვასწარი კუთხეში დადგომა, ამოვიღე ჯაყვა-დანა, ვიღრიალე ირგვლივ მათ მოსაგერიებლად. ენა დამება და ლოცვა ვეღარ ვთქვი, თუმცა დედამ დამაბარა ლოცვა არ დაგავიწყდეს, წისქვილმა ჭინკა იცისო. შემდეგ...