ბერლინის საზავო ხელშეკრულებით ბათუმის, როგორც თავისუფალი პორტის რუსეთისთვის დათმობამ ხალხის გაოცება გამოიწვია. ეს იყო ლორდ ბეკონზფილდის პოლიტიკის ტრიუმფი! ცნობისმოყვარეობამ და ამ ადგილის ნახვის სურვილმა წაგვიყვანა ჩვენ ფეოდოსიიდან თითქმის 300 მილის სამხრეთით. გავემგზავრეთ „პუშკინით“, ახალი, ჩინებული, მარმარილოს სალონებითა და მშვენიერი კაბინებით აღჭურვილი ხომალდით, რომელიც აგებული იყო ნიუკასლში რუსული კომპანიისთვის. ფეოდოსია დილით 7:30 ზე დავტოვეთ და ჩავედით დანიშნულების ადგილას შემდეგ დღეს.
შავი ზღვის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ზღვაში შეჭრილ დაბლობზე, რომელიც, სავარაუდოდ, ფორმირებულია რამდენიმე მილით სამხრეთით ზღვაში ჩამდინარე ჭოროხის მიერ, არის პატარა დასახლება ბათუმი.
ეს ველი გადაჭიმულია ერთი მილის სიგრძეზე ჩრდილო-აღმოსავლეთით გორაკების ძირებამდე. ის მოულოდნელად წყდება და ყურე აღმოსავლეთით კლდეებამდე იჭრება მასში. ადგილი ზღვით მარტივი მისადგომია, წყალი ღრმაა სანაპიროსთან. დიდ გემებს ნებისმიერ სეზონსა და ამინდში შეუძლიათ ამ ყურეში შესვლა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შავი ზღვის თითქმის ყველა ნავსადგური, გარდა ბათუმისა და სევასტოპოლისა, იკეტება ზამთრის ყინვის გამო. ამ სანაპიროზე საშიში მხოლოდ დასავლეთის გრიგალებია, რომელთაგანაც ნავსადგური დაცულია. ღუზის სადგომი კარგია და გემებს შეუძლიათ ნაპირიდან კაბელის სიგრძეზე გაჩერდნენ. მაგრამ ლორდი ბეკონზფილდი მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ აქ სივრცე მხოლოდ გემთა შეზღუდული რაოდენობისთვის არის. სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს ყურის გაღრმავებით შესაძლებელია ასეთივე კარგი ნავსადგურის მოწყობა გემების მიღების შეუზღუდავი შესაძლებლობით და შესაძლებელია შიდა არხის გაყვანა მდინარის ძველ ბუნებრივ კალაპოტში ძალიან მარტივად და უმცირეს ფასად. ამ რაიონში მშვიდობის დამყარებამდე რუსეთის ჯარს ჰქონდა მიცემული დავალება, აეღოთ ბათუმი ნებისმიერი რისკის ფასად. ბოლო მცდელობა ომის დასრულებამდე სამი დღით ადრე ჩავარდა. 3500 რუსია დამარხული ნავსადგურის საწინააღმდეგო მხარეს, რომელიც სანაპიროდან რამდენიმე მილზე მოსჩანს. ბრძოლის შემდეგ ზუსტი ციფრები არ დასახელებულა, მაგრამ ამბობენ, რომ ჯამში ბათუმზე შეტევებში 30 ათასი დაიღუპა. სისხლის მდინარეებისა და წარმატებული დიპლომატიით მათ დაისაკუთრეს ერთადერთი ღირებული პოზიცია და ნავსადგური შავ ზღვაზე. ახლა როგორ გამოიყენებენ მას?
პირველი ქმედება რუსებისა, ცხდია, იყო მისი შეიარაღება. ფრანგი ინჟინრების მიერ თურქებისთვის 1863 წელს აშენებული დიდი ფორტი, რომელიც აკონტროლებს კონცხზე შესასვლელს, სრულად აღიჭურვა. ფორტის შიგნით ბარაკები შეივსო ჯარისკაცებით. გორაკებზე, რომლებიც სრულად აკონტროლებენ ნავსადგურსა და ქალაქს, მოეწყო არტილერიით აღჭურვილი სანგრები. რკინიგზა, რომელიც შეაერთებს ბათუმს ფოთსა და თბილისთან, მალე დასრულდება და სანაპიროდან რამდენიმე მილის დაშორებით მოწყობილია დიდი სამხედრო საწყობი.
თავად ქალაქი მშრალ სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქსა და მთებს შორის ერთფეროვანი ჭაობია. სივრცე კორდონის შიგნით მონიშნულია გზით, რომელიც წრეს არტყამს მთების ძირას და მოიცავს დაახლოებით ათას აკრს. ქალაქში ყველაფერი უფასოა, მაგრამ უდიდესი განსხვავებაა ქალაქსა და მის შემოგარენს შორის. ნავსადგურში ან კორდონში შესვლისას ბარგი მოწმდება და ძალიან მაღალი გადასახადებია დაწესებული. ფაქტია, რომ ბათუმი დიდი საბაჟო და სავაჭრო პუნქტია და მისი გამოყენება, როგორც თავისუფალი პორტისა, უმნიშვნელოა. როდესაც ადგილობრივებმა გაიგეს ბათუმის თავისუფალი სტატუსის შესახებ, ისინი ქალაქს მიაწყდნენ, შეისყიდეს საქონელი იაფად, მაგრამ კორდონზე იმხელა გადასახადები გადაიხადეს, რომ ფასები ძველზე უფრო ძვირი გამოუვიდათ და წყევლა-კრულვა შეუთვალეს რუსებს.
გემები ნავსადგურში ყოველთვის თავისუფლად უნდა იყოს დაშვებული, მაგრამ ჩანს, რომ, არსებული რეგულაციებით, ამას სარგებელი რუსეთის მთავრობის გარდა არავისთვის მოუტანია. დავუშვათ, რომ საქონელი იაფია ბათუმში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ვინ ცხოვრობს, ან იცხოვრებს იქ? ესაა რთულად დასაშრობი, მეტისმეტად ბინძური და ციებ-ცხელების გავრცელების კუთხით ერთ-ერთი უარესი ადგილი მთელ ამ რეგიონში, რომელიც ცნობილია ამ დაავადებით. უკეთესი სამოსახლო ადგილები იოლი საპოვნელია ახლომდებარე გორაკებზე, მაგრამ ისინი თავისუფალი ნავსადგურის მიღმაა.
თავად ქალაქი მშრალ სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქსა და მთებს შორის ერთფეროვანი ჭაობია. სივრცე კორდონის შიგნით მონიშნულია გზით, რომელიც წრეს არტყამს მთების ძირას და მოიცავს დაახლოებით ათას აკრს. ქალაქში ყველაფერი უფასოა, მაგრამ უდიდესი განსხვავებაა ქალაქსა და მის შემოგარენს შორის. ნავსადგურში ან კორდონში შესვლისას ბარგი მოწმდება და ძალიან მაღალი გადასახადებია დაწესებული. ფაქტია, რომ ბათუმი დიდი საბაჟო და სავაჭრო პუნქტია და მისი გამოყენება, როგორც თავისუფალი პორტისა, უმნიშვნელოა. როდესაც ადგილობრივებმა გაიგეს ბათუმის თავისუფალი სტატუსის შესახებ, ისინი ქალაქს მიაწყდნენ, შეისყიდეს საქონელი იაფად, მაგრამ კორდონზე იმხელა გადასახადები გადაიხადეს, რომ ფასები ძველზე უფრო ძვირი გამოუვიდათ და წყევლა-კრულვა შეუთვალეს რუსებს.
გემები ნავსადგურში ყოველთვის თავისუფლად უნდა იყოს დაშვებული, მაგრამ ჩანს, რომ, არსებული რეგულაციებით, ამას სარგებელი რუსეთის მთავრობის გარდა არავისთვის მოუტანია. დავუშვათ, რომ საქონელი იაფია ბათუმში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ვინ ცხოვრობს, ან იცხოვრებს იქ? ესაა რთულად დასაშრობი, მეტისმეტად ბინძური და ციებ-ცხელების გავრცელების კუთხით ერთ-ერთი უარესი ადგილი მთელ ამ რეგიონში, რომელიც ცნობილია ამ დაავადებით. უკეთესი სამოსახლო ადგილები იოლი საპოვნელია ახლომდებარე გორაკებზე, მაგრამ ისინი თავისუფალი ნავსადგურის მიღმაა.
ბათუმი წვიმიანი ადგილია და მის ირგვლივ მიდამოები ნაყოფიერია. მიმდებარე გორაკებზე ჯანსაღი ჰავაა, მაგრამ უშუალოდ ქალაქში ისეთი ჰაერია, რომ უარესი არ შეიძლება იყოს. პირველი, რაც ქუჩაში შეგვხვდა, დაკრძალვა იყო. ჰოსპიტალები გადატვირთულია. ეს არაა გასაკვირი ცუდად ჩაცმული და კიდევ უარესად ნაკვები რუსი ჯარისკაცების და უბრალო ბიჭების ნახვის შემდეგ. ცარის მიერ დაქირავებული სამხედრო იღებს უბრალო რუხ პურს და ბოსტნეულის ზეთიან ბულიონს დღის თერთმეტ საათზე და კიდევ ერთ რუხ პურს ვახშამზე. ყველაზე ჩვეულებრივი პრევენციული ზომებიც კი არ მიიღება ციებ-ცხელების წინააღმდეგ. სამხედროებს სძინავთ ნესტიან მიწაზე და დილით მოწყობას იწყებენ საუზმის ან სასმელის გარეშე. არაა გასაკვირი, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯარისკაცებს შორის საშინლად მაღალია.
ქალაქში დგას რამდენიმე მომხიბვლელი, ძველი თურქული სახლი, რომელთა უმეტესობა მიტოვებული და დანგრეულია, ხოლო ფორტის უკან, ღია მოედანზე, დგას თვალწარმტაცი რვაკუთხედი მეჩეთი არაჩვეულებრივი მინარეთით. მეჩეთი ააშენა ვალიდე სულთანმა, სულთან აბდულ მეჯიდის, რომელსაც თურქები დიდებულ სულთანს უწოდებდნენ, დედამ. რუსებს აქვთ უცნაური კანონი, რომელიც მიხედვით ადგილობრივ მთავრობას კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის, მაგალითად გზის გასაყვანად და ა.შ. შეუძლია მიისაკუთროს კერძო მიწა, თუ მასზე შენობა არაა აღმართული. როცა ბათუმი რუსების გახდა, მთავრობამ თვალი დაადგა ბაზრებს, რომლებიც ფორტის ცენტრიდან სანაპირომდე ეშვებოდნენ, მაგრამ სირთულეს წარმოადგენდა ის, თუ როგორ გათავისუფლებულიყვნენ მათგან არსებული კანონის ფარგლებში. ამბობენ, რომ ხანძარი შემთხვევით არ გაჩენილა და არც ჩაქრობა უცდიათ, სანამ ბაზრების ორი მესამედი არ განადგურდა, დარჩა მხოლოდ გაშავებული ნანგრევები, მიწას მთავრობა დაეუფლა და ამჟამად ახალი ქუჩის მოწყობა მიმდინარეობს.
ლაზისტანის ქვეყანა ან ლაზიკა მუსლიმებით დასახლებული იყო. ის თავდაპირველად განვრცობილი იყო ტრაპიზონის სამხრეთიდან ფოთის ჩრდილოეთით, აფხაზეთის საზღვრამდე. ლაზები უნდა დარჩენილიყვნენ ან რუსეთის ქვეშევრდომებად ან გადასახლებულიყვნენ თურქეთის ტერიტორიაზე. ანუ ისინი ცხელი ტაფიდან პირდაპირ ცეცხლში უნდა გადავარდნილიყვნენ, რადგანაც მე გავიგე შემთხვევები, რომ თურქები ცდილობენ წინასწარ გაზარდონ სახელმწიფო საიჯარო გადასახადები ხუთი წლის ვადით. თურქეთში ცუდი მოპყრობის პერსპექტივის მიუხედავად, ადგილობრივები ელიან მათი სიმინდისა და მარცვლეულის მოსავლის აღებასა და დაბინავებას, რათა შემდეგ გადასახლდნენ თურქეთში. თუ რუსეთი დარჩენის შემთხვევაში ადგილობრივებს ათი წლით გაათავისუფლებდა სამხედრო სამსახურისგან, ამავდროულად შეუნარჩუნებდა საკუთრებას, ყველა ადგილობრივი, სავარაუდოდ, დარჩებოდა ქვეყანაში. მაგრამ აფსუს, რომ მოქმედების სხვა კურსი იქნა გატარებული. 3 წელიწადი, რომელიც ბერლინის ზავმა მისცა ადგილობრივებს, რომ ან გასულიყვნენ რუსეთის მიერ მიღებული ტერიტორიიდან, ან გამხდარიყვნენ ცარის ქვეშევრდომები, გადის შემდეგი წლის თებერვალში. ხელისუფლებებმა დააშამათეს საწყალი ხალხი და ახლა ისინი არიან მოუხერხებელ სიტუაციაში. მათ ეზიზღებათ რუსეთის ქვეშევრდომობა სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულების გამო და უდავოდ დატოვებენ ქვეყანას. სიძნელეები უკავშირდება მათი საკუთრებისა და ფერმების მიტოვებას. უცხოელებს არ აქვთ უფლება მათგან იყიდონ მიწა და რუსეთის ქვეშევრდომებსაც აკრძალული აქვთ კორდონის გარეთ არემარეში მიწის ყიდვა.. გრაფმა ს-მ, ვისი ფერმაც მე ვნახე, იყიდა ორი თუ სამი მამული, მაგრამ მთავრობა უარს ამბობს გარიგების დამოწმებაზე და ის ვერ შეინარჩუნებს საკუთრებას. ისე ჩანს მართლაც, რომ რუსებს დიდი სურვილი აქვთ, აიძულონ ადამიანები მიატოვონ მიწა ანაზღაურების მიღების გარეშე ან დარჩნენ მათ ქვეშევრდომებად და მდგმურებად, რაც შეუძლებელია დაუშვა, რომ ასეც მოხდება.
ძალიან რთულ ვითარებაში არიან აფხაზები. 16 თუ 17 წლის წინ მათმა დიდმა ნაწილმა მიატოვა სამშობლო, რომელიც ფოთის ჩრდილოეთით მდებარეობს, იქ მომხდარი აჯანყების გამო და გადავიდა თურქეთში. მათ ბათუმთან მდებარე დაბლობზე დაურიგეს მიწები იმ პირობით, რომ თუ ისინი გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დაამუშავებდნენ გამოყოფილ მიწებს, 20 წლის შემდეგ ეს მიწები საკუთრებაში გადაეცემოდათ. რუსები არ აღიარებენ ამ შეთანხმებას და ეუბნებიან მოსახლეებს, რომ კვლავ უნდა გადასახლდნენ, ან თუ დარჩებიან, უნდა გადაიხადონ მიწის იჯარა. აფხაზებმა და ლაზებმა აირჩიეს თითო წარმომადგენელი თითო დასახლებიდან პოტენციურ მყიდველებთან მოსალაპარაკებლად და მათი მიწების ერთ ლოტად გასაერთიანებლად, თუ შესაძლებელი იქნებოდა. უამრავი მყიდველი გამოჩნდა, მაგრამ ტრანზაქციები შეჩერდა გარიგებების დადასტურებაზე რუსეთის მთავრობის უარის გამო. რატომ არ იქნა აქ მიღებული ისეთივე გეგმა, რაც გასულ საუკუნეში, ყირიმში? ნუთუ ეკატერინე დიდი უფრო შემწყნარებელი მონარქი ვიდრე ამჟამინდელი? თუ რუსეთი ახლა ნაკლებად ცივილიზებულია ვიდრე 100 წლის წინ იყო? საჯაროდ გამოცხადდა, რომ ეს რაიონები დანაწილდა და საკუთრებაში გადაეცა მთავრობის სხვადასხვა ოფიციალურ პირებს, მაგრამ სად იპოვნიან მშრომელებს და მიწის მუშებს? უკვე ორმოცი ათასმა ლაზმა და აფხაზმა დატოვა ქვეყნის ეს ნაწილი და კიდევ ათასობით ემზადება წასასვლელად. ვინ შეცვლის მათ? რუსი უაზრო კოლონისტია და თუ ის ოდესმე უკეთესი გახდება - აქ არ მოვა. მას თავის ქვეყანაშიც უამრავი მიწა და საქმე აქვს. თუმცა არის გამონაკლისიც - მართლმადიდებლური ეკლესიიდან დეზერტირებული სექტა მოლოკნებისა. ისინი უარს ამბობენ ტაძრებში ხატებისა და სიმდიდრის გამოფენაზე და ლიტურგიის გამოყენებაზე, ჰგვანან პრესვიტერიანელებს, აქვთ თავისებური შეხედულებები საქორწინო ფიცზე და დაშვებული აქვთ განქორწინება, თუმცა პრაქტიკაში ეს იშვიათად ხდება. ისინი არიან სკურპულოზურად წესიერნი მათ ქმედებებში და ძალიან რელიგიური და წყნარი ხალხი. რუსეთიდან განდევნილებს მთავრობამ მისცა დასასახლებლად სხვადასხვა ადგილები კასპიის ზღვასთან ახლოს, საიდანაც პატარა კოლონა მოგვიანებით ქალაქ ბათუმის გარეთ მდებარე ჭაობში გადმოსახლდა. მათი ხის ქოხები მიწიდან სამი ფუტის სიმაღლეზე ხიმინჯებზეა აღმართული, ყველაფერი, რაც მათ ეკუთვნის, აკურატულად და სუფთად გამოიყურება. ისინი ძირითადად მუშებად არიან დასაქმებულები, მიწა ჯერ არ მიუღიათ. თუ შეხვდებით, მაშინვე გამოარჩევთ ჩვეულებრივი რუსისგან ბეჯითი მუშაობით და შედარებით უკეთესი გარეგნობით. მოლოკნები რუსეთიდან ალექსანდრე პირველი მეფობისას გამოუშვეს და ახლა თუ სურვილი აქვთ შეუძლიათ უკან დაბრუნდნენ. ისინი კარგი მოსახლეები არიან და საწყენია რომ ბევრნი აღარ არიან. როგორი სავალალოა რუსეთის პოლიტიკა! ის განდევნის მშრომელ მოსახლეობას მათი ჩანაცვლების პერსპექტივის გარეშე. ნაცვლად სხვადასხვა ხალხების შერიგებისა და შეერთებისა მთავრობის ქვეშ, ის აძლიერებს განსხვავებებს მათ შორის და აღვივებს სიძულვილს მუსლიმების მიმართ. ამას შედეგად ის მოჰყვება, რომ სამხედრო დესპოტიზმი დაეცემა მისივე მართულ უიმედო მიწაზე.
მეგობარი, რომელთან შეხვედრასაც ბათუმში ველოდი, მოულოდნელად გაიწვიეს, მაგრამ მან დაგვიტოვა შესანიშნავი შემცვლელი, ბატონი კ. რომელიც ძალიან მონდომებული იყო ეჩვენებინა მოძმე ინგლისელისთვის ყველაფერი, რაც შეეძლო. ერთადერთი კარეტა, რომელიც იშოვებოდა, იყო ტლანქი ტარანტასი, რომელიც ძალიან ჰგავდა ირლანდიურს, მაგრამ იყო უფრო გრძელი, იდგა ოთხ პატარა ბორბალზე და ჰქონდა ორმაგი ტახტის შესახედაობა. მისი ერთადერთი კარგი თვისება მისი დამტვრევის შეუძლებლობა იყო. ეს კარეტა იყო შვებულებაში გასული გენერლის საკუთრება და ბატონმა კ-მ ის ადიუტანტისგან ითხოვა. ჩვენი ოთხეული გაუდგა ე. წ. გზას (სინამდვილეში ესაა ნაკვალევი გრუნტზე უამრავი ტალახიანი ორმოთი, რომლებშიც გამუდმებით ვეფლობოდით), რომელიც ქმნის ბათუმის თავისუფალი ნავსადგურის საზღვარს. ქალაქიდან ერთი მილის მანძილზე არის ახალაშენებული, ცარიელი და გამოუყენებელი, ბარაკები. მათი პირველი სართულები წყლითაა დაფარული, ამიტომ ჯარისკაცები აქედან გადაიყვანეს ბათუმის ნავსადგურში ბრეზენტისა და წნელის ქოხებში. შეუძლებელი ჩანს იმის გაგება, რატომ დაუშვეს ასეთი წინასწარგანზრახული ზარალი საცხოვრებლების მშენებლობაში. დაბლობის აღმოსავლეთ საზღვარზე გადავკვეთეთ პატარა მდინარე და გორაკების ძირებს მივაღწიეთ. აქ აშენებულია დიდი ზომის ბარაკები და არტილერიის საწყობები. კიდევ მეტია მშენებლობის პროცესში. თბილისის რკინიგზის ძირითადი ხაზიდან ერთი განშტოება მოდის ბარაკებამდე და არტილერიის ფარდულებამდე. ჩვენ ავიარეთ დაახლოებით ერთი მილი მაღლობზე, რათა შევხვედროდით ბატონი კ-ს ნაცნობ აფხაზ ფერმერს. ბილიკს მივყავდით ტროპიკული ბუჩქების, როდოდენდრონების, ხეებში ჩაწნული კატაბარდების და სხვა ხვიარების ტევრში, აქა იქ სიმინდის მაღალი ღეროები აჩვენებდა ნიადაგის ნაყოფიერებას. ჩვენი მხედველობის არემარეში მოსახლეობა არ ჩანდა მანამ, სანამ არ ავედით ციცაბო აღმართზე და მოულოდნელად არ შევეჩეხეთ ქოხს. ფერმერი და მისი მოჯამაგირე მზად იყვნენ, გაგვმასპინძლებოდნენ. ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ ჩვენ მიგვიწვიეს ვერანდაზე დივანზე დასაჯდომად. ამის შემდეგ შევძელით დაგვენახა რა კარგი ხედი ჰქონდა ამ ადგილს, მაგრამ ის სრულად დაფარული იყო ფოთლებით. გორაკის მეორე მხარეს, სიმინდის ყანებში, მოსჩანდა მყუდრო პატარა ქოხები, მესაკუთრეები ეძახდნენ ერთმანეთს, ატყობინებდნენ ჩვენს ჩამოსვლას და მალე რამდენიმე ადამიანი მოვიდა, რათა ენახა „ინგლისელი". ფერმერმა, შუახნის მაღალმა, წარმოსადეგმა ადამიანმა, გაგზავნა მისი მსახური წყლის მოსატანად ახლომდებარე წყაროზე და ყველას გაგვიმასპინძლდა კიტრით. მასპინძელი შემოვიდა ცოცხალ დიალოგში, თუმცა ჩვენი საუბარი ნათარგმნი იყო და წარმოადგენდა მეტწილად კომპლიმენტების გაცვლა-გამოცვლას. ჩვენი თანმხლები ორი ქალბატონი მასპინძლის მეუღლემ სახლში შეიპატიჟა. შემდეგ ჩვენ გავემართეთ კიდევ ერთი გორაკის ძირამდე, სადაც აფხაზი დაგვემშვიდობა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივი იყო ჩვენთან შეხვედრა. ჩვენ მიერ ნანახი არცერთი ადგილობრივი მასპინძელი არ იყო შეიარაღებული, მაგრამ ვინც საკუთარი სახლიდან მოშორებით შეგვხვდა, უკლებლივ ყველა სრულად იყო აღჭურვილი. ლაზი რეგულარულად ატარებს ორ ხანჯალს ქამრით, ხშირად აქვს ჩამოკიდებული რევოლვერი ბუდით მარჯვენა მხარეს და ყოველთვის აქვს შაშხანა გადაკიდებული მხრებზე, ხელი კი კონდახზე უდევს, თითქოს მზად იყოს დაუყოვნებლივ მოქმედებისთვის. მათი სიარულის მანერა კარგად ეწყობა ამ ტომის რეპუტაციას, რომელიც ცნობილია უშიშრობითა და დამოუკიდებლობით და და ხშირ შემთხვევაში, თვითნებობითაც. ბატონი კ. ამტკიცებს, რომ გაძარცვის არავითარი ცდუნება არ გამოიწვევს მათ, შეგნებულად დაესხან ინგლისელს თავს. დავუბრუნდით ჩვენს ტარანტასს და გავემგზავრეთ ყველაზე უხეში სასაპალნე გზით სხვა ველამდე რომელსაც ერქვა „გოდრაკ“. ვიმგზავრეთ იმდენად შორს, რამდენადაც შეგვეძლო, დაახლოებით ორი მილი, შემდეგ გავიარეთ ერთი მილი ფერმამდე, რომელიც ამ ბოლო დროს იყიდა გრაფმა ს-მ და მადიანად წავიხემსეთ. ჰაერი იყო საშინლად ტენიანი და დამღლელი. ამ ფერმაში ბევრ ფუტკარია. ჩვენ ვნახეთ სკები, რომლებიც დამზადებულია სამიდან ოთხ ფუტამდე სიგრძის და 18 დუიმი დიამეტრის ხის ბლოკებისგან.
ბათუმში ჩვენი ვიზიტის მეორე დილით დაგეგმილი გვქონდა მეორე მოგზაურობა სოფელში ბატონ კ-სთან ერთად. ის მოვიდა დანიშნულ დროს პოლიციის შეფის შეტყობინებით, რომ ის ვერანაირად ვერ იქნებოდა ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი და რომ სოფლებში ექსკურსია, შესაძლოა, ძალიან საშიში ყოფილიყო. ამაზე კარგად გავიცინე და წავედი გუბერნატორთან შესახვედრად. მან ძალიან თავაზიანად მიმიღო და ბათუმის მომავალზე და კეთილმოწყობის გეგმებზე ისაუბრა. მე გავრისკე და გამოვხატე სერიოზული იმედი, რომ რუსები შეასრულებენ დაგეგმილ პროექტებს, რათა განავითარონ ასეთი ნავმისადგომით დაჯილდოებული ქვეყანა. აქ შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენმა ვიზიტმა დიდი მღელვარება გამოიწვია ბათუმის ხელისუფლებაში. ბატონ კ-ს მიაყარეს კითხვები ჩვენი მისვლის მიზეზების შესახებ, თუ რისი გაკეთება გვქონდა განზრახული და ა. შ. შევეცადე, რომ ყოველმხრივ დამეკმაყოფილებინა გუბერნატორის ცნობისმოყვარეობა. საზღვარზე ყველა რუს ჩინოვნიკს მტრად ეჩვენება ინგლისელი, რომელიც სტუმრობს მის ქვეყანას. ვერ შეგვაშინა რა პოლიციელის გაფრთხილებამ და უპირატესობა მივანიჭეთ რა ბატონი კ-ს მსჯელობას, ჩვენ 12 საათზე გავემგზავრეთ ჩვენი ტარანტასით, როგორც წინა ჯერზე, ოღონდ, ამჯერად პონების სხვა წყვილით და უარესი მეეტლით, რომელიც ტანჯავდა და უდიერად ეპყრობოდა ცხოველებს, რომლებსაც მართავდა, რადგან გვაჯაყჯაყებდა ყველა უხეშ ადგილზე, სადაც გავიარეთ, მანამ, სანამ ჩვენმა ყაყანმა არ აიძულა ის გამხდარიყო უფრო გულმოწყალე ცხოველებისადმი და ჩვენდამი.
გავიარეთ ქალაქი, ყურეს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოვუარეთ და გავედით გასწვრივ მშენებარე ლიანდაგისა, რომელმაც ბათუმი უნდა დააკავშიროს ფოთისა და თბილისის ხაზთან. მშვენიერი ტყით შემოსილი გორაკები ახლოა სანაპიროსთან და თითქოს ქმნიან გაუვალ ჯუნგლს, მაგრამ აქა იქ მწვანე მასაში წამიერად თვალს მოკრავთ ლაზის ქოხს. მარჯვნივ ჩვენ მოვიტოვეთ ცნობილი გორაკი რაღაც ნანგრევებით, რომელიც გადმოცემის თანახმად არის ქართველების დედოფალ თამარის ერთ-ერთი სავარაუდო დაკრძალვის ადგილი. ამჟამად ნანგრევებზე აშენებულია დინამიტების შესანახი ტლანქი შენობა. იქვე მასთან ახლოს არის თურქების ძველი საფორტიფიკაციო ნაგებობა. დაახლოებით 4 მილის გავლის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ დაბლობის ვიწრო ყელს, სადაც ჩამოვქვეითდით და ფეხით ვიარეთ სიმინდის შესანიშნავი ყანის გავლით წყარომდე, რომელიც, ჩვენი გიდის თქმით, ცნობილი იყო მისი სიცივის გამო. იქ დაგვხვდა ორი ადგილობრივი, რომლებიც ძალიან მწველ მზეს თხმელას ჩრდილში ემალებოდნენ, მაგრამ შევიწროვდნენ, რათა ჩვენთვის დაეთმოთ ადგილი. მალე ჩვენ შევექცეოდით ხემსს ამ სასიამოვნო ჩრდილში. საათის მხოლოდ მეოთხედის შემდეგ შემოგვიერთდა 4 სრულად შეიარაღებული და აღჭურვილი ლაზი. მათი ლიდერი სწრაფად დაწინაურდა და მსხლით სავსე დიდი ხილაბანდი დადო მიწაზე ჩემსა და ბატონ კ-ს შორის. შემდეგ ყველანი დასხდნენ ჩვენს უკან. ბატონმა კ-მ ოდნავ გვიან იცნო ის კაცი და მიესალმა მას. კაცი კმაყოფილი ჩანდა ამ შეხვედრით. ლაზი იყო პატარა ფერმერი ახლომდებარე ველიდან და საინტერესო იყო, როგორ გაიგო ჩვენი იქ ყოფნის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ გზაზე რამდენიმე ადგილობრივს შევხვდით, არსად გავჩერებულვართ და არავინ იცოდა ჩვენი ვიზიტის შესახებ. ჩვენმა კომპანიონმა, ბატონმა კ-მ, განაცხადა, რომ ადგილობრივებმა იციან ყველა გადაადგილების შესახებ და კვლავ დაადასტურა საკუთარი რწმენა ნებისმიერი ინგლისელის უსაფრთხოებაში. ჩვენ შევჭამეთ რამდენიმე მსხალი, ხოლო პური და ჩვენი ხემსის სხვა ნარჩენები დავუტოვეთ ჩვენს მეზობლებს, რომლებმაც ის ფრთხილად შეახვიეს. ისინი უზომოდ დაინტერესდნენ ჩვენი ხემსის კალათის შეფუთვით და დრო და დრო წარმოთქვამდნენ გაოცების წამოძახილებს. შემდეგ მე წარმადგინეს როგორც ინგლისელი. ისინი თავს მიკრავდნენ და იღიმებოდნენ. ჩვენ გამოვცადეთ მათი იარაღი. ერთს ჰქონდა დატენილი თოფი, რომლის ლულაზე მოვარაყებული კაპიტალური ასოებით კაშკაშებდა წარწერა „ლონდონი“; კიდევ ერთს ჰქონდა თურქული ყირიმული მედალი, რომელიც, როგორც მან ახსნა, მას მიენიჭა კომისარიატის დეპარტამენტში გაწეული სერვისებისთვის, მას არ უმსახურია რეგულარულ არმიაში, მაგრამ იყო სევასტოპოლში. ამ სიტყვის ხსენებაზე ყველას უკრთოდა თვალებში ვარსკვლავები.
ჩვენ ცერემონიულად და გადაპრანჭულად დავემშვიდობეთ ახალ მეგობრებს, ცხადი იყო რომ ჩვენმა ვიზიტმა მათ პატივი მიაგო. ბათუმში დაბრუნებულები შევეხმიანეთ ადმირალს და ქალბატონ გ-ს, რომელმაც ჩააქრო ჩვენი იმედები, გავმგზავრებულიყავით ფოთში შემდეგ დილით, წინასწარმეტყველებდა რა ქარსა და შტორმს, რომლის სულ უმცირესი რაოდენობაც კი საკმარისია, რომ ბრტყელძირიანი გემებიც კი ვერ შევიდნენ ფოთის ნავსადგურში. ადმირალს აბარია ბათუმის საზღვაო პორტი და აშკარად ესაა კარგი ადამიანი კარგ ადგილზე. მან გვაჩვენა გენერლის (რომელიც შვებულებაში იყო) ბაღები, სადაც სასათბურე მცენარეების ყველა სახეობა უხვად იყო წარმოდგენილი. განადიდებდა რა ბოტანიკურ მშვენებებს, ადმირალი გულწრფელად იწუნებდა ბათუმს, მის ცუდ სახლებს და ცუდ სანიტარიულ პირობებს. მაგრამ ამ პატარა ქალაქში რამდენიმე საგანძურიცაა. ორ ფრანგ ძმას აქვს პატარა, უპრეტენზიო, მაგრამ სუფთა სასტუმრო de France, სადაც ჩვენ შევჩერდით. სასტუმროში ყველაფერი კარგადაა მოწყობილი და უდიდესი სიამოვნებაა ფრანგული კერძის ჭამა ზეთიანი რუსული უმსგავსობების შემდეგ. დაე, დიდხანს შეინარჩუნოს მიუსიე ც-მ მისი დაწესებულება და შესანიშნავი სამზარეულო. ესაა ბათუმის ყველა რეზიდენტისა და ვიზიტორის სურვილი.
8 საათსა და 30 წუთზე ავედით გემზე, რომელიც შუაღამით უნდა გასულიყო. აღმოვაჩინეთ რომ გემი ხალხით იყო სავსე, მეკარეებს ამოჰქონდათ ბარგი, კაცები მღეროდნენ, ბავშვები ყვიროდნენ და წვიმა წკარუნობდა, დაძინება შეუძლებელი იყო.
ბათუმიდან დილის 6 საათამდე არ გავსულვართ და ფოთში 9 საათზე ჩავედით. ამასობაში დასველდა გემ „რიონის“ გემბანიცა და ბორტზე მყოფი ადამიანების უმრავლესობაც. გემი გადავსებული იყო ერთსა და იმავე გასაჭირში მყოფი ბედკრული ქართველი, თურქი,, სომეხი, ბერძენი და რუსი მოკვდავებით..
ერთი ჯენტლმენის (რომლის დაბეჯითებით მოსაზრებით ჩვენც ამავეს მოვიმოქმედებდით მისთვის ინგლისში) უხვი თავაზიანობის წყალობით ჩვენ მოგვცეს გემზე არსებული ერთადერთი კაბინა, რომელიც მას ჰქონდა დაჯავშნილი. ფოთი მდებარეობს მდინარე რიონის შესართავთან. ზღვის ოდნავი ღელვაც კი ხელს უშლის გემებს ნავსადგურში შესვლაში. წყნარი ამინდი იყო, მაგრამ ზღვა ლივლივებდა, ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით დავლოდებოდით უფრო პატარა გემს. როგორც იქნა, ის მოვიდა, მაგრამ ლივლივი მეტისმეტად დიდი იყო ამ გემებისთვის, რომ ბარგი და მგზავრები გადაეტვირთათ და ორივე გემს მოუწია გაეცურა ერთი მილით ჩრდილოეთით, ფოთის ახალი ნავსადგურისკენ. გაღიზიანება დაგვიანების გამო გააბათილა ნახვამ იმ სამუშაეობისა, რაშიც რამდენიმე ასეულობით ათასი გირვანქა გადაიყარა. ნავსადგურის დიზაინი წარმოადგენს მხოლოდ ორ დიდ ნახევრადწრიულ ჯებირს, რომლებიც იწყებიან ნაპირთან ერთმანეთიდან მეოთხედი მილის დაშორებით, გრძელდებიან სანაპიროდან პირდაპირი კუთხით დაახლოებით სამი-მეოთხედი მილის მანძილზე სიგრძით და ტოვებენ დაახლოებით ორასი იარდის სიგანის შესასვლელს ერთმანეთს შორის. ჯებირები აშენებულია დიდი ბეტონის ბლოკებისგან და მისი კედელი ხისაა. გვერდები ამოზნექილია და ჩანს რომ საშიშ მდგომარეობაშია. რუსმა ჯენტლმენმა გულუბრყვილოდ აღნიშნა, რომ თავიდან ხის უხარისხო მაასალა გამოიყენეს! მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ რუს ინჟინერს ან კონტრაქტორს თუ მოაფიქრდებოდა საერთოდ ხის გამოყენება. სხვა ადამიანმა შენიშნა რომ ვიღაცამ დიდი ფული გააკეთა ფოთის ნავსადგურის მოწყობაში და მე შემიძლია მხოლოდ დავეთანხმო მას! ამჟამად ინჟინრები ცდილობენ შეაკავონ ზღვის ძალა ჯებირის კედლების მიმაგრებით ბეტონის ბლოკებზე. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ კედლების დაცვაში, ნავსადგურს დასჭირდება ფსკერის გაღრმავება. თუმცა ამ ადგილმა შეასრულა ის დანიშნულება, რისთვისაც ჩვენ მივედით, წყნარ წყალში ჩვენი ბარგითურთ გადავსულიყავით უფრო პატარა გემზე.
მას შემდეგ, რაც ნახავს ფოთსა და მისი ნავსადგურის ლიმიტებს, არავის გაუკვირდება რუსების სურვილი, შეინარჩუნონ ბათუმი. ფოთი მდებარეობს მდინარიდან დაახლოებით ერთი მილით ზემოთ, მას ირგვლივ აკრავს შორს გადაჭიმული ალუვიური ჭაობი, ადამიანების უმრავლესობა ამ ადგილს აძაგებს ციებ-ცხელების გამო, მაგრამ, საბედნიეროდ, არიან ისეთებიც, რომლებიც იცავენ მის რეპუტაციას. ჩვენი კონსული, ბატონი გარდენერი, ვისი კეთილი ყურადღებითაც ვიყავით ჩვენ დავალებულები, არ იწუნებს მის. მიუხედავად იმისა, რომ ეთანხმება ბრალდებას ადგილის არაჯანსაღობის შესახებ, სჯერა, რომ შესაძლებელია ნავსადგურის კარგად გაკეთება ისე, რომ არ ეშინოდეს ბათუმთან კონკურენციის. უდავოა, რომ ერთ დროს რიონის შესართავი მარტივი მისაღწევი იყო ზღვიდან. ზოგს ჰქონია, რომ ზღვის უკან დახევამ შეცვალა ნასადგური და წყლის დონე მნიშვნელოვნად დაეცა მრავალი საუკუნის განმავლობაში. ეს ცვლილებები გეოლოგების აზრით, შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ მიწისძვრებს, რომლებიც მოხდა შავი ზღვის უბანში ოთხასი წლის წინ და რომელმაც გამოიწვია ვულკანური მოვლენები ყირიმის ნახევარკუნძულზე, ალუპკასა და სხვა ადგილებში და დაანგრია იალტა და რაიონის სხვა ქალაქები.
სხვანაირი ვითარება უნდა ყოფილიყო მაშინ, როდესაც იასონი და მისი თანამგზავრები შევიდნენ მდინარეში, იმ ეპოქის ცნობილ ფაზისში, ოქროს საწმისის საძებნელად. სპარსმა მონარქებმა, განსაკუთრებით ხოსრომ, ჩამოაყალიბეს გემების ფლოტი ფაზისზე, რათა ეკონტროლებინათ ვაჭრობა შავ ზღვაში. მეორე საუკუნეში არიანე ახსენებს, რომ შესართავი ძლიერად იყო გამაგრებული „რათა დაეცვა ყველა, ვინც ცურავდა მდინარეზე“ და მეთექვმეტე საუკუნეშიც კი თურქები ადვილად ახერხებდნენ მდინარეში შესვლას და ფართოდ იყენებდნენ მას. მიუხედავად ახლანდელი შეზღუდვებისა, ფოთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტია. რკინიგზამ, რომელიც აკავშირებს მას ქუთაისსა და თბილისთანმ ბევრი გააკეთა მისი განვითარებისთვის, მდინარეს კი იყენებენ კავკასიური ტყეების პროდუქტების, ძირთადად ბზის, კაკლისა და ბაძგის ხეების ტრანსპორტირებისთვის. ეს ხეები ფართოდ გააქვთ ექსპოტზე მარსელსა და ტექსტილის გადამამუშავებელ სხვა პორტებში.
ფოთიდან დაახლოებით 7 საათის ცურვის შემდეგ არის ქალაქი და ნავსადგური სოხუმ-კალე, მთავარი ქალაქი ქვეყნისა, რომელსაც აფხაზეთი ეწოდება. ამ მიდამოებში მცხოვრებმა ტომებმა რუსებს ბევრი თავსატეხი გაუჩინეს, ინარჩუნებენ რა მუდმივად საომარ მდგომარებას. ესაა ველური და მუხანათი ხალხი, რომელიც მზადაა, ნებისმიერს წაართვას სიცოცხლე რამდენიმე რუბლით გაძარცვის გამო. ქვეყანა მდიდარია ნაყოფიერი მცენარეულობით და მისი ექსპორტი ბზისა და კაკლის ხისა ძალიან მნიშვნელოვანია. სოხუმი დგას ანტიკურ ქალაქ დიოსკურიას ადგილზე. მას სახელი ერქვა დიოსკურების, კასტორისა და პოლუქსის მიხედვით, რომლებმაც სავარაუდოდ დააარსეს ის. ამბობენ, რომ დიოსკურია იყო საერთო ბაზარი შავი ზღვი აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ერებისთვის და ეს სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე, გაფანტულად მცხოვრები 70 ერი იკრიბებოდა აქ იმ მიზნით რომ ეყიდათ სამხრეთ რუსეთიდან იმპორტირებული მარილი. მოგვიანებით ეპოქებში აქ გენუელებს ჰქონდათ გაჩაღებული სასტიკი ვაჭრობა, ცვლიდნენ რა მარილს ჩერქეზ მონებზე რომლებიც მიჰყავდათ თურქეთისა და ეგვიპტის ბაზრებზე. უკანასკნელ ომში რუსეთსა და თურქეთს შორის, თურქებმა გადასხეს დესანტი სოხუმ-კალეზე და აიღეს ის..მათი მიზანი იყო ადგილობრივი ტომების ამხედრება რუსების ძალების ზურგში. მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შამილის (დიდებული ჩერქეზი ლიდერი) ვაჟები იყვნენ მათთან ერთად და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად დაგეგმეს, ეფექტიანად გადმოსხდნენ და მოწინააღმდეგეს ბევრი პრობლემა შეუქმნეს, ოპერაცია ცუდად განხორიელებული აღმოჩნდა და ჩავარდა.
ეს ქვეყანა მდიდარია წიფლის, წაბლისა და კაკლის ხე-ტყით, ფერმები გარშემორტყმულია ხილის (ვაშლი, მსხალი, ატამი, კომში, ლეღვი) ხეებით, რაც ამტკიცებს ამ მიწის ნაყოფიერებას. ტარანტასით კიდევ ერთი ჯანჯღარა მგზავრობის შემდეგ ჩვენ ბათუმში საღამოსთვის დავბრუნდით.
Comments
Post a Comment