გურის სამთავროს რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიის შემდეგ, 1840 წელს, შეიქმნა გურიის მაზრა (1846 წლიდან ეწოდა ოზურგეთის მაზრა) და ოზურგეთი გამოცხადდა სამაზრო ქალაქად, მაგრამ თვითმმართველობის უფლება მას არ მინიჭებია. მაზრა იმართებოდა საპოლიციო წესით, მაზრის უფროსის მიერ, რომელსაც ხელისუფლება ნიშნავდა. 1870 წელს მიღებულ იქნა საქალაქო დებულება, რომლითაც იმპერიის ზოგ ქალაქს მიენიჭა თვითმმართველობის უფლება მაგრამ ეს არ შეეხო ოზურგეთს. ოზურგეთმა თვითმმართველობის უფლება მიიღო 1896 წელს, როცა მოქმედებდა იმპერატორ ალექსანდრე მესამის მიერ შეცვლილი ახალი საქალაქო დებულება, რომელიც 1870 წლის დებულებასთან შედარებით, უფრო ავიწროვებდა მოქალაქეთა საარჩევნო უფლებას და უფრო ზღუდავდა თვითმმართველობის უფლებებს. საქალაქო თვითმმართველობის პირველი არჩევნები ოზურგეთში ჩატარდა 1896 წელს. თვითმმართველობა შედგებოდა ქალაქის საბჭოსგან, სადაც შედიოდა 15 წევრი, ქალაქისთავისგან და მისი ამხანაგისგან. ქალაქისთავი საბჭოს მიერ აირჩეოდა და გადაყენებაც მასვე შეეძლო. საარჩევნო უფლება მინიჭებული ჰქონდა მხოლო...