1905 წელს გურიის დამსჯელ ექსპედიციაში იყო გერმანული წარმოშობის ედუარდ იუონი , რომლის წერილი „ერთი წელი ამბოხებულ გურიაში“ გადმობეჭდა 1907 წელს თბილისში არსებულმა გერმანულმა გაზეთმა „კაუკაზიშე პოსტმა“, რომელის რედაქტორი იყო არტურ ლაისტი. წერილი გერმანულიდან თარგმნა კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ. გამოქვეყნდა „24 საათში“. ვცხოვრობდით ჩვენთვის, მშვიდად პატარა საგარნიზონო ქალაქში თურქეთის საზღვართან, როცა ერთ მშვენიერ, თუ უბედურ დღეს ტელეგრაფით გვიბრძანეს: სასწრაფოდ დავძრულიყავით გურიაში დაწყებული მღელვარების ჩასახშობად. მეორე დღის ნაშუადღევს გავუდექით გზას და ხუთი დღის შემდეგ ჩვენი პოლკი უკვე გურიის საზღვარს მიადგა. 1905 წლის თებერვალი იდგა და კონტრასტი აქაურსა და იმ ამინდს შორის, უკან რომ ჩამოვიტოვეთ, ჯადოსნურად მოქმედებდა. თუმცა ჩვენი გარნიზონის ადგილსამყოფელი ბევრად უფრო სამხრეთით მდებარეობდა, იქ სასტიკი ზამთარი მძვინვარებდა (საგარნიზონო ქალაქი არარატის განშტოებაზეა განლაგებული ზღვის დონიდან ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე), ხოლო აქ, ნატანების მშვენიერ ველზ...