პარკში მისასვლელად უნდა ჩახვიდეთ ჩაქვში, სადაც პარკის ადმინისტრაცია მდებარეობს. იქვე ხელმისაწვდომია რუკები და შესაძლებელია პარკის სერვისების საფასურის გადახდა (კარვის გაშლის გადასახადი 5 ლარი). პარკის ადმინისტრაცია ჩაქვიდან სოფელ ჩაქვისთავამდე, სადაც ვიზიტორთა ცენტრია, 17 კილომეტრია. აქედან 10 კილომეტრი ასფალტირებულია, შემდეგ კი გრუნტის, ცუდი გზაა. ჩვენი ტაქსისტი მირზა იმ 10 კილომეტრსაც ორ ნაწილად ყოფდა. ერთ ადგილას გვითხრა: „აქამდე მიშას გზაი იყო, აწი ბიძინაისააო“. ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს სოფელ ჩაქვისთავში, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. მისდევენ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას და მეფუტკრეობას. არის ორი საოჯახო სასტუმრო, რესტორანი, თავლა. ვიზიტორთა ცენტრი ჩვენ იქ საქმე არაფერი გვქონდა, მაგრამ მაინც შევჩერდით ორიოდე წუთით, რის გამოც სერიოზულად დავაფიქრეთ რეინჯერები: ჯერ, ალბათ, უცხოელები ვეგონეთ, შემდეგ, როცა ქართულად დავილაპარაკეთ, გვკითხეს, თბილისიდან ხართო? ოზურგეთლები ვართ მეთქი, რომ ვუთხარი, კითხვის ავტორი უტყვად გაგვშორდა (თითონ შემოქ...