გურიის ვითარება იმ დროს, როცა კასპიის ზღვის პირას მდებარე ქალ. ბაქოში მომხდარ ამბების საზარელი სურათი ყველას თვალთ წინ გვიდგა, სწორეთ იმ დროს ჩვენში ხმა გავარდა, რომ კავკასიის მეორე დასამხარი, სახელდობ გურია, ანუ ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრა რაღაც მეტათ საშიშ მდგომარეობაში ვარდება და დიდი განსაცდელიც მოელისო. საქმე იმაში იყო, რომ როცა ბაქოში ორი მოძმე ერისგამხეცებული და გააფთრებული წევრები ერთიერთმანეთს მუსრს ავლებდენ და ადგილობრივი ადმინისტრაია კი ამის შემყურე განზე გამდგარიყო, იმავე დროს ოზურგეთის მაზრაში გაგზავნილ იქნა დიდძალი ჯარი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის უფროსობით, რომელსაც ამასთანავე განსაკუთრებული უფლებები ენიჭებოდა. ყოველივე ეს ყრუთ გაისმოდა ადგილობრივ საზოგადოებასა და პრესაში, და იმათზე, ვისაც ამაების ნამდვილი მნიშვნელობა ესმოდა, ეს ხმები მეტათ სამწუხარო შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ამბავი არა თუ ამ ერთი წლის წინეთ, არამედ ნახევარი წლის წინეთაც რომ მომხდარიყო, სრულებით შეუმჩნევლათ ჩაივლიდა, და ჩვენი საზოგადოება და პრესა მხოლ...