აკადემიკოსი აკაკი შანიძე მის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ ის დაიბადა გურიაში, საჯავახოს მხარის სოფელ ნოღაში. სოფელი ნოღა დღეს სამტრედიის რაიონს ეკუთვნის, ხოლო 1887 წელს, აკაკი შანიძის დაბადების დროისთვის, ის ქუთაისის მაზრას ეკუთვნოდა. მაშ რა კავშირი აქვს საჯავახოს მხარეს გურიასთან? ჭილაძეების სათავადო საჯავახოს მხარეს XIII საუკუნემდე ფლობდნენ საჩინოს (დღევანდელი ვანისა და ბაღდათის რაიონები) ერისთავი ქვაბულისძენი (ქობულიძეები). ქობულიძეების საერისთავო ქუთაისიდან ქობულეთამდე გრძელდებოდა. ქობულეთის სახელწოდება ნიკო ბერძენიშვილის აზრით სწორედ ქობულიძეებიდან მოდის. XIII საუკუნიდან ქობულიძეების საერისთავოს ერთ ნაწილს ეპატრონებიან უფრო მცირე ფეოდალები, ჭილაძეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ქობულიძეების შთამომავლები იყვნენ. ჭილაძეთა სათავადო მოიცავდა დიდ ტერიტორიას მდინარე რიონის ორივე ნაპირზე (დღეს ეს ტერიტორია გადანაწილებულია აბაშის, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე). XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე, სამხრე...