მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე იყო შვეიცარიელი მოგზაური, რომელმაც საქართველოში და მათ შორის გურიაში 1831-34 წლებში იმოგზაურა. ტექსტი აღებულია აქედან ლიხაური . რაინეგსისა და გიულდენშტედტის მიერ ხოტბაშესხმული ეს ქვეყანა რომ მენახა, რამდენიმე ექსკურსია ჩავატარე. თავდაპირველად გადავწყვიტე მენახა ლიხაური, რომელიც აჭარის მთების მიმართულებით 8 ვერსზე, სიღრმეში მდებარეობს. გადავედით ბჟუჟზე და ლამაზ და მდიდარ ხეობას ავუყევით. იგი ფეტვისა და სიმინდის ყანებით და ვაზებმიშვებული ხეებით იყო დაფარული. აქ მოედინებოდა უამრავი პატარა ღელე, რომლებიც აჭისწყალში ჩაედინებიან. ასეთი რელიეფის მქონე მხარეს, მისი სიგანიდან გამომდინარე, შეიძლება ეწოდოს დაბლობი. აქ წინათ მოწყობილი იყო კარანტინი, რომელიც დღეს, ახალი წესდების თანახმად, გაუქმებულია. ლიხაურის ხეობის სამხრეთით აღმართულია გურიის მთები, რომელთა ძირითადი თხემებიც თოვლით არის დაფარული. მათ მომრგვალებული ფორმა აქვთ და შეფენილნი არიან ტყეებით; მხოლოდ ერთი მწვერვალი, ლიხაურის სამხრეთ-დასავლეთით, გამოირჩევა თავისი პირამიდისებური ფორმით. ეს არის დიდი, პ...