რუსული მმართველობის დამყარებამდე გურიაში გამოიყენებოდა ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, ასევე გავრცელებული იყო ჩვეულებითი სამართალი. სასამართლო წარმოებაში ფართოდ გამოიყენებოდა ორდალი, როგორც მტკიცებულების სახე. მას ერქვა „ღვთის მსჯავრი“, ეს იყო მდუღარითა და გახურებული რკინით ეჭვმიტანილის გამოცდა. შანთი და მდუღარე საყოველთაოდ გავრცელებული საშუალება იყო სერიოზული დანაშაულის, მკვლელობის, ტყვეთა სყიდვის და სხვათა გამოსამჟღავნებლად. ბრალდეულის ნება იყო, შანთს აირჩევდა თუ მდუღარეს. გამოცდის ამბავს წინასწარ მოახსენებდნენ მთავარს, ხოლო შემდეგ შეუდგებოდნენ თვით პროცესს. ბრალდებულს მისი მოძღვარი ზეთს უკურთხებდა, ესწრებოდა მის შვიდდღიან ლოცვას და აღსარებას ათქმევინებდა. თუ აღსარებისას იგი დანაშუალში გამოტყდებოდა, გამოცდა ზედმეტი იყო და დამნაშავე ისჯებოდა; მაგრამ თუ არ აღიარებდა, მაშინ ნიშნავდნენ გამოცდის ადგილს, მეტწილად იქ, სადაც იმჟამად მთავარი იმყოფებოდა: ოზურგეთში , შემოქმედში , ან დვაბზუში . გამოცდას ესწრებოდნენ, თუ მთავარი არა, სხვა თანამდებობის პირნი მაინც: მდივანბე...