კრილოვი თავისი ხერსონის პოლიციით გამოგზავნილი იყო კიევიდან გურიის დასაწყნარებლად. გურიას ვერა რას უხერხებდა ადგილობრივი ადმინისტრაცია და მიუსიეს კრილოვი თავისი პოლკით. კრილოვი დიდი ხნით ჩამოვიდა გემით ბათუმში. აქ იგი განსხვავებულად იქნა მიღებული, როგორც მხსნელი პირი. კრილოვი ცეცხლითა და მახვილით შევიდა გურიაში. ეს ტანმორჩილი, თხელი, შავგრემანი კაცი საოცარი სისასტიკის მატარებელი იყო თავის არსებაში. არავითარი შებრალება, არავითარი დაზოგვა მან არ იცოდა. მისი შეხედულებით აქ მტერი იყო და მტრულად უნდა მოქცეოდა. მრუდი, მართალი, უდანაშაულო - ყველა ერთია, ყველა ერთი აზრისანი არიან - გარჩევა საჭირო არაა. იქ ღმერთი გაარჩევს ბრალიანს და უბრალოს. კრილოვი კი წვავდა, ცეცხლს აძლევდა, სიკვდილს აყენებდა მარჯვნივ და მარცხნივ. საკმარისი იყო ჯაშუშის უბრალო ცნობა, რომ დასმენილის სახლ-კარს წაესმებოდა ფისი, ზედ დაესხმებოდა ნავთი და ავარდნილ ალში, მწარე ცრემლებით ხმამაღლა მოტირალთა ბღავილში იფერფლებოდა შენობა, იწვოდა, იღუპებოდა საქონელი, ნიავდებოდა მთელი ქონე...