Skip to main content

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი:

გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ.

თედო ჟორდანია

გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს.

ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების ბურთაობა, ფერხულის დაბმა და ნაირ-ნაირი ცეკვაობა დაირისა და სიმღერათა ხმაზე ხომ განთქმული იყო.

შემთხვევით ერთს ამგვარს თამაშობას დავესწარ, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დასტოვა ჩემს ცხოვრებაში: ვეებერთელა წრე ქალ-ვაჟებისა ისე მწყობრად ბრუნავდა, რომ გეგონებოდათ, აქ ერთი კაციაო. თვალთ წარმტაცი სურათი იყო, აუწერელი მშვენიერება!

ვლასა მგელაძე

საერთოდ გურული, შთაბეჭდილების ჩქარი მიმღებია, აქაურ მჩქეფარე მდინარეებსავით მკვირცხლია, მარა გამძლეობა და სიჯიუტე აკლია, ფაქიზი და სათუთი გრძნობების პატრონია... ნიგოითი, ლანჩხუთი, ჩიბათ-ჯუმათი, ლესა, სუფსა, ნატანები. ეს სოფლებ-ქალაქები ზოლად ჩასდევს ნიგოითის ქედს, საიდანაც ზურგი გამაგრებული აქვთ. წინ რიონის გაშლილი მდებარეობა, რომლის მდაბლობი, ქვიშიანი ნაპირები, კარგი მოსავლიანია

აპოლონ წულაძე:

ბედაური მათრახს არ დაირტყამსო" და გურულიც ბედაურობას ცდილობდა. მათრახს გაურბოდა. მათრახდარტყმულს, ,,გაროზგილს", პანღურნაკრავს თვალი არ ,,გაეჭყვირებოდა", თავს შეაკლავდა, თუ ამ განსაცდელს ვერ აიშორებდა... გურულის ამაყობა, გურულის სიცოცხლე, თოფის წამალივით აფეთქება, მისი ,,უცფათ გაკუჭება" ანეგდოტათ იყო გავრცელებული... გურულს ახირებულათ ,,ღვთის წყალობასაც" ვერ შეკადრებდნენ. ვინც გურულის ამბავი იცოდა, მისი დიდი შიში და რიდიც ჰქონდა. ტყუილად და უმიზეზოთ კი არ იტყოდენ ,,გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდაო". გურული უცხოს, სხვა მხრისას ვერ ეგუებოდა, ვერ ითვისებდა, პირიქით - ის სხვისაგან, უცხოსაგან მოითხოვდა შეგუებას და ხასიათის გასწორებას. ვისაც გურიაში დარჩენა უნდა, ის აუცილებლათ უნდა გაგურულდეს. თორემ მოსალოდნელია ,,გურიაში დატოვოს ტყავი". ან გაგურულება, ან მშვიდობით წასვლა, ამ ორში ერთი აუცილებელია. ახალციხიდან ჩამოსულმა ფრანგმა ქართველებმა: თუმანიშვილებმა, კალატოზიშვილებმა, დემურისშვილებმა და სხვა... არამც თუ შვილებმა, არამედ თვით ჩამოსულებმა მოასწრეს გაგურულება. ასეთივე ბედი ეწიათ უფრო გადამთიელებს, ქართული ენის უცოდინარ ნიკოლოზ პირველის ჯარისკაც რუსებს... ერთი სოფელი იყო ქ. ოზურგეთის მახლობლათ ,,სლაბოდა". მათ შვილებს გურულებისაგან მარტო გვარით განასხვავებ და მეტი ვერაფრით. ასე მოუვიდათ, აგრეთვე, ყველა ერებში, ყველაზე ჯიუტ ასიმილაციის (გადაგვარების) მოწინააღმდეგე ბერძნებსა და სომხებს. ეს მოვლენა, ჩემის რწმენით, იმის მღაღადებელია, რომ გურულ გლეხობას აქვს ,,ერთი კბილი და ერთი ღჯილი" - იცის ერთი მეორის აყოლა და სოლიდარობა.

მოსე გოგიბერიძე:

ნიგოეთის ქედის სამხრეთით მოთავსებული მწვერვალიდან უნდა შეხედოს გურიას მარცხენა თვალმა, მარჯვენა კი ბახმაროს მაღალი გადმოსახედიდან უნდა გაუსწორდეს მარცხენას, რომ ადამიანის სულმა ქვეცნობიერად ამოიკითხოს გურიის ლანდშაფტის თავისებურება

აღმოჩნდება, რომ გურია არის მესხეთის დასავლეთი კალთა, რომლის ფუძე ჭოროხსა და რიონს შორის მდებარე რელიეფით შედის შავ ზღვაში, ხოლო მისი ზეგნის მწვერვალი, საყორნიას მთაზეა მოთავსებული. აქ მოხაზული ლანდშაფტის სახე ერთ-ერთი ულამაზესია დედამიწის ზედაპირზე

ვისაც სურს მთლად ჩაისუნთქოს ეს მშვენიერება, იგი ოზურგეთიდან ტალახას ძირში გავლით მთა და მთა, ქედ და ქედ უნდა ჩავიდეს ბათუმში, ანდა ზოტიყელის მაღალი მწვერვალიდან ზოტამდე უნდა ჩაუყვეს ზღვისპირიდან ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე მოთავსებულ გუბაზეულის, ბჟუჟის, ნატანებისა და სუფსის ჭალებს რათა იხილოს ეს უსასრულო, უბოლვადო და ამაღელვებელი რძის ზღვა, დიდებული სურათი მისი მთისა და ბარის წალკოტისა, სურათი მთებიდან მოწყვეტილი და ზღვისკენ მიმქროლავი მდინარეების შთამბეჭდავი მუსიკისა

გრიგოლ რობაქიძე:

ძველი მესხეთის ნატეხია გურია. ამის ნიშანი ბევრი არის. თავდაპირველად ,,ქართული”. გურული ქართული ლაკონიურია რუსთაველის სამშობლოს სიტყვასავით. საქართველოს არცერთ კუთხეში ისე სხარტულად არ ლაპარაკობენ, როგორც გურიაში. გურული სინტაქსი უაღრესად ეპიგრამმატულია: მოკლე, მკაფიო, კეთილი, ჭდეული. თვითონ რუსთაველიც გურულებმა სხვადასხვა ქართველებზე უფრო იციან: გურიაში არის ოჯახები, სადაც ,,ვეფხისტყაოსნის” ზეპირი ცოდნა უბრალო ჩვეულებაა. გარდა ამისა ,,ვეფხისტყაოსნის” ზოგიერთი სიტყვები - რაიც საქართველოს სხვა კუთხეებისათვის გაუგებარია, გურიაში უბრალოდ მუსაიფის ჟამს გვხვდებოდა. კიდევ: ძველ მესხთა შაირობა ცნობილია, - გურიაში შაირობა თაობიდან თაობაზე გადადის: შაირობა გურულებისათვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საამო გასეირნება.

ამაყია გურული: გურიაში ძალზე არის განვითარებული გრძნობა თავის თავის ღირსების. არისტოკრატობა – ,,რჩეულობა” – გურულთა ,,რასის” მთავარი ნაკადია. ამ მხრივ თავადაზნაურობასა და გლეხობას შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არსებობს: ,,ყოველს გურულს უყვარს თავის გამოჩენა”. გურულებში ძალზე არის ნაგრძნობი ,,მანძილის პათოსი” (ნიცშესი). ამაყობა და გამორჩეულობა ,,რბილ” გურულს სასტიკად ხდის: ფირალად გავარდნა გურიაში ჩვეულებრივი მოვლენაა, - ფირალობას კი უმთავრესად ხასიათი უძევს საფუძვლად. გურულს გარეგნობაც რჩეული უყვარს: ძვირად თუ ვინმე სხვა ქართველი ისე ლამაზად ჩაცმული გამოვა, როგორც გურული. ცნობილია გურიის სიღარიბე, - მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ვერცერთ სხვა კუთხეში ვერ მონახავთ გურული ,,ოდის”-თანა კოხტაობას კეკლუცად მორთული ეზოთი

,ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე-გაშლილი სინთეზია: მოქნილი მთები, ბახმაროსაკენ თანდათან ზვიადობით ამართული, თვალუწვდენელი ჭალადი, სამეგრელოსაკენ ძლევამოსილებით გაფენილი. მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდნარი მუქი ზურმუხტი. გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი სამმუხოვან ლანდშაფტს ერთს ესტეტიურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით. განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: აქ ვერ მონახავთ ვერცერთს ,,მყვირალა” ფერს, იქ ვერ იხილავთ ვერც ერთ უხეშ ხაზს. იქ ყოველი ნაკვთი რბილია, ნაზი, მჩატე, ნარნარი. თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრი ნატეხობით კი არ არის ამართული, არამედ ხავერდოვანი სირბილით. განსაკუთრებით კეკლუცია ჩაქვისაკენ მახლობელი მიდამო, ხოლო ეს სიკეკლუცე უფრო რბილად მოდუნებულია, ვიდრე იმერული ხტომით ნაყარი

ამავე თემაზე:

დიმიტრი ბაქრაძე გურიის შესახებ



Comments

  1. მეგრელიშვილი გავარის შესახებ რა იცით. ძირითადად სოფელ სილაურის ძეგორაზე მაცხოვრებელთა შესახებ.

    ReplyDelete
    Replies
    1. მეხუთე თაობა ვარ გრიგორ მეგრელიშვილის

      Delete
    2. არ მაქვს ინფორმაცია, სამწუხაროდ. ვიცი, რომ ფარცხმაშიც არიან მეგრელიშვილები

      Delete

Post a Comment

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში არსებობის დროს, სამთავ

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc