მესხეთის მფლობელს, აბდულ-აღას შეუყრია თავის მხედრობა, გადმოუტარებია აჭარის მთებზედ და შემოპარულა ს. ასკანაში , რომელიც მდებარეობს აკეთსა და აჭარის მთებს შუა. აქ ვერავინ უნახავს და ამიტომ გამოუშურებია ს. აკეთისკენ. ამ დროს აქ თავდგირიძეთაგანი არავინ არ ყოფილა შინ, სოფლელებს კი, უეცარის შემოსევისაგან თავზარ დაცემულებს, აუღიათ თავიანთი ბარგი-ბარხანა და აქვე მდებარე ტყეში შესულან, რათა თავისი ცოლშვილი და ბარგი გაეხიზნათ და მერმე უშიშრად შებმოდნენ თათრებს. უკანასკნელნი მოსდებიან სოფელს და მთლად აუოხრებიათ; ვინც უნახავთ, ზოგნი მოუკლავთ და ზოგნი ტყვედ წაუყვანიათ. მერმე შესულან ზემოხსენებულს მაცხოვრის ეკლესიაში, მაგრამ საეკლესიო ნივთეულობა არა დახვედრიათ-რა, მხოლოდ აუტეხნიათ შიგ თოფის სროლა და მთლად შეურყევიათ კედლები და გუმბათი. ამ დროს მოვარდნილა საიდგანღაც სარდალი მამუკა (?) თავდგირიძე, მოუგროვებია გაფანტული სოფლელები, მოუწოდებია სხვა ახლო სოფლელებისთვისაც და შეჰბმია თათრებს. ბრძოლის დროს თათრები დამარცხებულან და უკადრებიათ უკან გაქცევა, მაგრამ სოფლელები გამოსდგომიან უკან, დასწევიან...