Skip to main content

ოზურგეთის მაზრის ეკონომიკა

აქ თავმოყრილია რამდენიმე მონაცემი გურიაში XIX საუკუნეში არსებული წარმოების და ვაჭრობის მოცულობის, საქონლისა და მომსახურებების ფასების შესახებ.
რა თქმა უნდა, ეს ფაქტები ადგილობრივი ეკონომიკას სრულყოფილად ვერ ასახავს, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენას მაინც იძლევა. მონაცემების უმრავლესობა აღებულია თედო სახოკიას და დიმიტრი ბაქრაძის ცნობებიდან, ყოველწლიური Кавказский календарь-ის გამოცემებიდან, XIX საუკუნის პრესიდან.

სოფლის მეურნეობა

რუსეთის მიერ გურიის სამთავროს ანექსიამდე მოსახლეობა მხოლოდ სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. 1820-იან წლებში მამია V გურიელი ჯერ მხოლოდ იწყებდა მცდელობებს გურიაში ვაჭრობისა და მანუფაქტურის განვითარებისთვის. ჟაკ ფრანსუა გამბა, რომელმაც 1820-24 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, გვაწვდის ცნობას, რომ გურიაში იმ დროისთვის მისდევდნენ მევენახეობას, მოჰყავდათ სიმინდი, ფეტვი და თამბაქო, დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ ცვილსა და თაფლს. გამბას მიხედვით გურიაში ასევე აწარმოებდნენ ბამბასა და აბრეშუმს, თუმცა ისეთი მცირე რაოდენობით, რომ წარმოებული პროდუქცია მხოლოდ ადგილობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებდა და ექსპორტზე არ გადიოდა.

მევენახეობა-მეღვინეობა

როგორც უკვე ვთქვით, გურიაში ფართოდ მისდევდნენ მეღვინეობა-მევენახეობას, აქ ბევრი ჯიშის ვაზი ხარობდა და ყურძნის ხარისხით გურულებს მუდამ თავი მოჰქონდათ. მევენახეობა მესიმინდეობასთან ერთად გურიაში შემოსავლის ძირითადი წყარო იყო XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

ვაზის საუკეთესო ჯიშებად ითვლებოდა ჩხავერი, სხილათუბანი, მტევანდიდი, კაბისტონი, ჯანი, საკმიელა, კლარჯული. და სხვა. მევენახეობის ძირითადი კერა იყო სოფლები შემოქმედი, ლიხაური, ციხე, ოცხანა, ასევე ასკანის, ბახვისა და ერკეთის სასოფლო საზოგადოებები, გურიის საჯავახო. გურულ ღვინოებს უცხოელი მოგზაურები ფრანგულ (ბურგუნდიულ) ღვინოებს ადარებდნენ.

შემთხვევითი არ იყო, რომ გურიაში ჩამოსულმა შოტლანდიელმა აგრონომმა იაკობ მარმა დაინახა ადგილობრივი მეღვინეობის შესაძლებლობები და სწორედ ღვინის წარმოებას მოჰკიდა ხელი. დაბლაციხეში დასახლებული მარი 1841 წლისთვის საკუთარ მეურნეობაში აყენებდა საუკეთესო ხარისხის ღვინოებს ჯანიდან, სხილათუბნიდან და მტევანდიდიდან და წელიწადში 2000-2500 ფრანკის (52000-65000 ₾) ღირებულების ღვინოს ყიდდა.

1878 წლის მონაცემებით ოზურგეთის მაზრაში ვენახების ფართობებს ეკავა 4500 დესეტინა (4905 ჰა) მიწა, ერთ დესეტინაზე საშუალოდ მოდიოდა 300-400 ფუთი ყურძენი ,ანუ სულ გურიაში მოჰყავდათ 22-დან 30 ათას ტონამდე ყურძენი, ამზადებდნენ 930000 ლიტრ ღვინოს. 1 ვედრო (12,3 ლიტრი) გასაყიდი ფასი იყო 2,5 მანეთი (ეს იყო ყველაზე მაღალი ფასი მთელ კავკასიაში), ხოლო ერთი დესეტინა ვენახის ფართობის გასაყიდი ფასი მერყეობდა 75-დან 200 მანეთამდე (5000-13000 ₾).

1850-იან წლებში გავრცელებულმა ვაზის დაავადებებმა ვენახები თითქმის გაანადგურა. დაავადებების გავრცელებას გურიის ზღვასთან სიახლოვე უწყობდა ხელს. ამის გამო XIX საუკუნის მეორე ნახევარში გამო გურიაში ყურძნის რაოდენობა შემცირებული იყო და ის აჭარიდან შემოჰქონდათ. 1870-იანი წლების ბოლოს კი დაავადებებისადმი გამძლე ჰიბრიდის, ადესად“ ცნობილი იზაბელას გაშენება დაიწყო, თუმცა ღვინის დეფიციტის პრობლემა ვერ გადაწყვიტა. „ადესას“ ღვინოს უხარისხობის გამო დაბალი ფასი ჰქონდა. ქალაქში ფუთი ათ შაურად (30 ₾) იყიდებოდა, სოფლებში კი ამავე ფასად ორი ფუთიც მოდიოდა. 1890 წლისთვის ვენახის ფართობები 1240 დესეტინამდე (1350 ჰა) შემცირდა.

1900-იანი წლების დასაწყისში ოზურგეთის მაზრა მოწინავე იყო ყურძნისა და ღვინის მოსავლის მაჩვენებლებით მთელ კავკასიაში თელავის, სიღნაღისა და შორაპნის მაზრებთან ერთად. 1913 წლისთვის გურიაში 9502 ვენახი იყო აღრიცხული.

წელი            ვენახის ფართობი    ყურძნის მოსავალი      ღვინის მოსავალი 
                                   ჰა                                ტონა                      ათასი ლიტრი
1878                          4905                               56,01
1890                          1351,6
1901                          5863,11                       7037,4                              3474,6
1902                                                            17105,8                              8474,7
1908                          5316,54                       6751,9                              3802,5
1910                          5319,05                       7355,7                              3682,3
1911                          5323,56                       7043,4                              3517,8
1913                          4538,76                       2006,5                                934,5
1916                          4547,48                       1567,5                                666                     

სიმინდი და ღომი

XIX საუკუნის ბოლოსთვის წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა და მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო იყო სიმინდი. დიმიტრი ბაქრაძის ცნობით სიმინდის სამი გავრცელებული ჯიში იყო: ჯორიელი, რომელიც ადრე მწიფდება, დიდმაღალი, რომელიც 1-1,5 საჟენს იზრდებოდა და იგი საზღვარგარეთიდან 1856-57 წლებში შემოიტანეს და თეთრი სიმინდი. თუმცა მოსახლეობა სიმინდის სეზონურ ფასზე იყო დამოკიდებული. 1884 წელს ჩიოდნენ, ექვსი შაურიდან (19 ₾) ორ აბაზზე (25 ₾) ვერ ასულა ფუთი სიმინდის ფასიო. 1889 წელს 181219 ჩეთვერი (38 ტონა) სიმინდი მოიყვანეს, რაც ათჯერ აღემატებოდა იმავე წელს ფეტვის მოსავალს 18174 ჩეთვერს. სხვა მარცვლოვანი კულტურების რაოდენობა უმნიშვნელო იყო. 1890 წელს სიმინდის მოსავალი იყო 157759 ჩეთვერი (33 ტონა). 1892 წლისთვის სიმინდის ყანებს ეკავა 19 ათასი დესეტინა (21 ათასი ჰა), რაც მაზრის სახნავ-სათესი მიწების 80%-ს შეადგენდა. 1896 წელს 2 832 900 ქილა სიმინდი გაიყიდა ბაზარზე. სიმინდი მთავარი კულტურა იყო 1903 წელსაც. 1912 წელს სიმინდის მოსავალი იყო 792550 ჩეთვერი, 1915 წელს - 475614, 1916 - 60364. 

სიმინდმა ჩაანაცვლა მანამდე არსებული ტრადიციული კულტურა ღომი. გაზეთი „კვალი“ 1897 წელს წერდა „დედაბოძს გურიის ეკონომიკურს ცხოვრებისას შეადგენს სიმინდის წარმოებაო". მიწის ნაკვეთის უდიდეს ნაწილს გურული სიმინდს უთმობდა. 1892 წლის მონაცემებით წელიწადში 20 ათასი ფუთი ღომი იწარმოებოდა. 1896 წელს 176557 ქილა ღომი გაიყიდა. ქილა ღომის ფასი 1,2-2 მანეთი (81-135 ₾) იყო. 1912 წელს ოზურგეთის მაზრაში უკვე მხოლოდ 640 ჩეთვერი ღომი იყო მოყვანილი, 1914 წელს - 1303 ჩეთვერი, 1915 - 2040, 1916 - 368.

ქუთაისის გუბერნიის ფარგლებში საუკეთესო ღომი ოზურგეთის მაზრაში მოდიოდა და ის ბაზარზე გადიოდა „გურული ღომის“ სახელწოდებით. სახოკიას მიხედვით სიმინდის მიერ ღომის ჩანაცვლების მიზეზი იყო ის, რომ ღომს ოთხჯერ, ხუთჯერ მეტი მუშაობდა სჭირდებოდა, ვიდრე სიმინდს და თანაც გურული ქალები თაკილობდნენ ღომის ცეხვას. საუკეთესო ჯიშის სიმინდი და ღომი მოდიოდა შემოქმედში, გომსა და ლიხაურში. გურიაში გავრცელებული ღომის ჯიშები იყო: საადრო, დიდი, მთა-ველი და ძირ-დაბალა. 
ნალია (სასიმინდე)
მეჩაიეობა

მიუხედავად იმისა, რომ ჩაის პირველი ბუჩქები გურიაში 1809 წელს მამია V გურიელის ბრძანებით დაირგო, მეჩაიეობა მხარის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად 1900 წლისთვის იქცა. მანამდე კი მამია V გურიელის ჩაის ბაღი ყირიმის ომის დროს ოზურგეთში დაბანაკებულმა რუსმა სამხედროებმა აჩეხეს. 25-ოდე გადარჩენილი ბუჩქი იაკობ მარის რჩევით გადარგეს გორაბერეჟოულში, მიხეილ ერისთავის მამულში. ერისთავმა 1864 წელს გამოუშვა შინაურ პირობებში დამზადებული ჩაი. ერისთავის ჩაის კუსტარული წესით იყო დამზადებული, ადგილობრივებმა ჩაის ბუჩქის მოვლა და ჩაის დამზადების ტექნოლოგია არ იცოდნენ, ამიტომ პროდუქცია დაბალი ხარისხის გამოდიოდა.

ჩაის მოყვანა და წარმოება პოპულარული გახდა 1900-იან წლებში. ჩაის წარმოება თავიდანვე საბაზრო პროდუქციის დამზადებას ემსახურებოდა. პლანტაციები ჰქონდა და ამავე დროს თავად აწარმოებდა ჩაის თავადი მიხეილ ნაკაშიძე სოფელ ზედუბანში 2,18 ჰექტარზე. ქ. ოზურგეთში, ზვანის უბანში მდებარეობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის საცდელი პლანტაცია 1,09 ჰა. ასევე ჩაი ჰქონდათ გაშენებული გლეხებს სხვადასხვა სოფლებში (მაკვანეთი, კახური, ნიგოითი, ასკანა, ლიხაური, ციხე, ამაღლება, ჭალა, შემოქმედი, გომი, ვაკიჯვარი, ექადია, ზვანი, ბახვი, წყალწმინდა, უჩხუბი).

1908 წლისთვის ნაკაშიძეს სოფელ ზედუბანში მოწყობილი ჰქონდა ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი ფაბრიკა , ხოლო სახელმწიფო ნაკვეთთან ქ. ოზურგეთში ფაბრიკა აშენდა 1914 წელს. 1913-18 წლებში გურიაში ჩაის პლანტაციები ყოველწლიურად იზრდებოდა. 1918 წელს ოსმალეთის შემოჭრის გამო ჩაის წარმოება 50 პროცენტით დაეცა. 1921 წლის მონაცემით საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე იყო 500 კგ.

წელი                ჩაის ფართობი           ჩაის მოსავალი      
                                    ჰა                                ტონა                      
1905                             8,72                                6,22
1906                            10,9                               67,65
1907                            16,35                           132,9                              
1908                            19,62                             90,8 
1910                            21,8                             182,1
1911                            20,7                             194,7 
1912                            28,3                             258,8 
1913                            31,6                             373,3 
1914                            31,6                             417,7                          

მეთამბაქოეობა

თამბაქოს მოყვანას გურულები გულგრილად უყურებდნენ მანამ, სანამ 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომმა თამბაქოზე მოთხოვნა არ გაზარდა და მას ფასი არ აუწია. 1879 წელს გურიაში თამბაქოს 78 პლანტაცია იყო, აქედან ერთი მემამულის, 77 კი გლეხებისა, სულ ამ პლანტაციებს ეჭირა 300 დესეტინა (327 ჰა) ფართობი. 12 მანეთი  (783 ₾) იყო ფუთი თამბაქოს ჩასაბარებელი ფასი 1878 წელს.

1884 წელს „დროების“ კორესპოდენტის ცნობით თამბაქოსგან გურული გლეხი იღებდა 80-100 მანეთს (5000-6000 ₾), წლიურ შემოსავალს, ხოლო ზოგი 200 და 300 მანეთსაც (12000-18000 ₾) კი. ფუთი თამბაქოს ფასი „დროების“ მიხედვით 12-13 მანეთი იყო, თუმცა ვაჭრები ცდილოდნენ 7-8 მანეთად ეყიდათ. ამ მონაცემებით თამბაქო სიმინდთან შედარებით 6-7-ჯერ უფრო მომგებიანი კულტურა იყო.

1890 წლის მონაცემებით გურიაში წლიურად საშუალოდ 4500 ფუთი თამბაქო იწარმოებოდა, აღრიცხული იყო თამბაქოს 260 პლანტაცია, სულ 140 დესეტინა (150 ჰა) ფართობისა. 1893 წელს იყო 753 პლანტაცია 253 დესეტინაზე (275 ჰა), მიიღეს 10550 ფუთი (168000 კგ) მოსავალი. 1901 წლის მონაცემებით თამბაქოს პლანტაციებს გურიის 38 სოფელში ეჭირათ 84 დესეტინა, ხოლო მოსავალმა 3579 ფუთი შეადგინა. 1902 წლის მოსავალი კი 7846 ფუთი იყო. 1908 წელს მოქმედებდა თამბაქოს სახელმწიფო საცდელი მეურნეობა. 1916 წლის მონაცემებით გურიაში სულ 918 პლანტაცია იყო, რომელბსაც 311 დესეტინა (340 ჰა) მიწა ეჭირა და უმაღლესი ხარისხის თამბაქოს 15252 ფუთი (250 ტონა) იქნა მოწეული. თამბაქოს მოშენება შეწყდა 1920-იანი წლებიდან.

მეაბრეშუმეობა

მეაბრეშუმეობა გურიაში უხსოვარი დროიდან არსებობდა და წარმოადგენდა მეურნეობის ერთ-ერთ საუკეთესო დარგს. აბრეშუმის პარკის წარმოება ქალის საქმედ ითვლებოდა. ნაწარმ ძაფს მოიხმარდნენ ოჯახში, სხვადასხვა ქსოვილების დასამზადებლად, ასევე გაჰქონდათ ბაზარზე. ოჯახს აბრეშუმის პროდუქტის გაყიდვით საშუალოდ 30-დან 50 მანეთამდე შესდიოდა.

1890-იანი წლების ბოლოს და 1900-იანი წლების დასაწყისში სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის“ დამსახურებით მეაბრეშუმეობა მომგებიან საქმიანობად იქცა. „შუამავლის“ ჩამოყალიბებამდე აბრეშუმის ჭიის ფუთი პარკის ჩაბარების ფასი 4-5 მანეთი იყო (260 ₾). გადამყიდველები მოსახლეობისგან ჩაბარებულ პარკს ფუთს ხუთ თუმნად ყიდდნენ (3260 ₾). დაარსების პირველივე წელს, 1893 წელს, „შუამავალმა“ ფუთი პარკის ჩასაბარებელი ფასი 10 მანეთამდე ასწია (660 ₾) და მოსახლეობისგან 16000 მანეთის (1 033 442 ₾) პარკი ჩაიბარა. „შუამავლის“ წლიური მოგება 1893 წელს 1300 მანეთი (84 000 ₾), 1894 წელს 4000 მანეთი (270 000 ₾), ხოლო 1899 წელს 7555,69 მანეთი (501 790 ₾)) იყო. სოფელ ლანჩხუთში იმართებოდა აბრეშუმით ვაჭრობა.

სოფლის მეურნეობის სხვა დარგები

რაც შეეხება სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, ფუთი თაფლის სანთლის (ცვილი) ჩაბარების ფასი 18-22 მანეთს შეადგენდა (1100-1400 ₾), ფუთი თაფლისა 2,5-დან 3 მანეთამდე (130-200 ₾), ხოლო ფუთი თხილისა ექვსი აბაზიდან ცამეტ აბაზამდე იყო (87-175 ₾). მეფუტკრეობა ყველაზე მეტად სურებსა და ვაკიჯვარში იყო განვითარებული. თაფლი და სანთელი გურიის ფარგლებს გარეთაც გადიოდა გასაყიდად. რ,1 ჰა ეკავა ციტრუსებს.

გურიაში მოჰყავდათ ბრინჯი და ბამბაც, თუმცა მხოლოდ ოჯახისთვის საჭირო რაოდენობით. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან გავრცელებულმა ჩაიმ ეს კულტურები შეავიწროვა.

მესაქონლეობას გურულები თაკილობდნენ და ეს დარგი ნაკლებად იყო განვითარებული, ამ მხრივ გურია ქუთაისის გუბერნიაში ყველაზე უკან იდგა. ზრდასრული ღორის ფასი ოზურგეთის ბაზარში იყო 5-6 მანეთი (265-330 ₾)სულ მაზრაში 1892 წელს რეგისტრირებული იყო 43120 სული საქონელი (აქედან 2045 ცხენი), 1896 წელს კი 53 674 სული საქონელი:

წელი               1891            1896        1901        1912        1914        1915
ღორი               19 853       32 938     35 898     20 046     22 040     12 600
ხარ-ძროხა      21 207       13 451     22 185     23 877     24 609     48 000
ცხენი                 3 043         3 469       3 420       1 703       1 890       1 700
თხა                    4 525          3 435      1 366       2 254       4 038       2 240
კამეჩი                   217            139         353           398          630          810
ჯორი                                      139           10            47             33           39
ცხვარი                 265              66         714           337        1 012         500
სახედარი              93              37             7             34             30           47

1888 წლის მონაცემებით გლეხების საკუთრებაში არსებული მიწების საშუალო ფართობი იყო 2 დესეტინა (2 ჰა-ზე მეტი), ხოლო დესეტინა (1,09 ჰა) მიწის საშუალო ფასი იყო 86,5 მანეთი (5040 ₾). 1879-88 წლებში გლეხებმა მემამულეებისგან გამოისყიდეს 480 დესეტინა მიწა, სულ 225 ნაკვეთი.

სოფლის მეურნეობაში ძირითადი პრობლემა გლეხების მიერ მოყვანილი პროდუქტის ხელსაყრელ ფასში გაყიდვა იყო. ადგილობრივი ვაჭრები პროდუქციის გლეხობისგან ჩაბარების დაბალ ფასებს ინარჩუნებდნენ. ცნობილია ასეთი ფაქტები აბრეშუმისა და თამბაქოს ფასებთან დაკავშირებით. ამ პრობლემის გადაჭრას ადგილობრივი გლეხობა ამხანაგობებში გაერთიანებით ცდილობდა.

მოსავლის ასაკრეფად დღიური მუშის ანაზღაურება 1893 წლის მონაცემებით შეადგენდა 1 მანეთს (25 ₾)

მრეწველობა

ოზურგეთში აშენებული პირველი მსხვილი საწარმო იყო ერმილე ნაკაშიძის მიერ აშენებული ჩაის ფაბრიკა, რომელიც ნაკაშიძემ ზვანის თამბაქოს მეურნეობის ადგილზე ააშენა 1914 წელს. ეს იყო გურიაში პირველი სრულყოფილად მოწყობილი გადამამუშავებელი ფაბრიკა, რომელიც მოსახლეობისგან ჩაის ფოთოლს  იბარებდა, ტექნოლოგიურად ამუშავებდა, საბოლოო პროდუქტს ამზადებდა და ბაზარზე გაჰქონდა.

მანამდე კი პირველი ქარხნული წარმოება ოზურგეთში 1840-იან წლებში ჩნდება. 1847 წელს მოქმედებდა აგურის ერთი ქარხანა, და აგურისა და თიხის ჭურჭლის 2 საწარმო. აგურის ქარხანა უშვებდა 200 მანეთის, ხოლო აგურისა და თიხის ჭურჭლის საწარმოები უშვებდნენ 550 მანეთის პროდუქციას. 1855 წელს აგურის ქარხნების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ჯამში უშვებდნენ 20 000 აგურს, 640 მანეთის პროდუქციას. 1883 წელს ქალაქ ოზურგეთში აღრიცხული იყო აგურის ორი ქარხანა და ოთხი წისქვილი.

1885-1892 წლებში ელიზავეტოპოლის გუბერნატორი ალექსანდრე ნაკაშიძე ცდილობდა ნატანებში ნავთობის მოპოვებას. ამ საქმეში მას ამერიკელები ჰყავდა ჩართული. მოპოვებით სამუშაოებზე 100 ათასი მანეთის (5,6 მლნ ) ჰქონდათ დახარჯული.

მანუფაქტურა

მაგრამ გურიის ეკონომიკაში ქარხნულ წარმოებაზე უფრო მეტი წილი მაინც წვრილ ხელოსნურ წარმოებაზე მოდიოდა. 1845 წელს მაზრაში მუშაობდა 500-მდე ხელოსანი: მეტყავეები, მჭედლები, დურგლები, რკინის და სპილენძის ოსტატები, მექვაბეები, ზეინკლები, ფეიქრები, ვერცხლის და ოქროს ოსტატები. სულ უშვებდნენ 3700 მანეთის პროდუქციას.

1855 წლისთვის ქალაქში 10-მდე სამღებრო საწარმო მოქმედებდა. 1859 წელს ქალაქ ოზურგეთში აღწერილი იყო 41 დურგალი და 43 მჭედელი. 1862 წელს ქალაქში იყო სპილენძის 24 ხელოსანი, რკინის 12 ხელოსანი, 18 მეპურე, 10 ყასაბი,  8 მეწაღე, 7 მკერავი, 6 დურგალი, 17 სხვადასხვა სახის ხელოსანი. აღმავლობა იყო საფეიქრო წარმოებაში. გურიის მთისწინა სოფლებში მოსახლეობა მასობრივად ეწეოდა ხელოსნობას, ხის ჭურჭლისა და სხვა ნივთების დამზადებას.

1860-იანი წლების შუაში მაზრაში ხელოსნების რაოდენობა უკვე დაახლოებით 1000 მდე იყო, აქედან უშუალოდ ქალაქში 200-ზე მეტი ხელოსანი მუშაობდა. სულ უშვებდნენ 6330 მანეთის პროდუქციას.

ოზურგეთში წარმოებული მანუფაქტურული პროდუქციის მომხმარებელი ძირითადად იყო გურიის სოფლებისა და მაღალმთიანი აჭარის, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, მოსახლეობა. დიმიტრი ბაქრაძის (1873 წ.) ცნობით აჭარლები სომლიას უღელტეხილით ჩადიოდნენ ოზურგეთში და მიჰქონდათ რძე, ყველი, ყურძენი, ცხვარი და მსხვილფეხა საქონელი. ამავეს ადასტურებს გიორგი ყაზბეგი (1874 წ.), რომლის მიხედვით ღორჯომის და ჭვანის ხეობის მოსახლეობა ხინოს მთის აღმოსავლეთით მდებარე ჯვარისმინდორისა და ჯვარიუღვთოს გადასასვლელებით ჩადიოდა ოზურგეთში, ყიდდა პირუტყვს და რძის პროდუქტს და ყიდულობდა მანუფაქტურულ ნაწარმს. 1883 წლისთვის ქალაქ ოზურგეთში აღრიცხული იყო 151 სავაჭრო ობიექტი, 4 წისქვილი, აგურის 2 ქარხანა.

გურიის სოფლებში  კარგად იყო განვითარებული მეთუნეობა. ადგილობრივი საჭიროებისთვის მზადდებოდა ჭურები, კრამიტი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა შენობების გადახურვაში და სხვა კერამიკული საქონელი. მეთუნეობის განვითარებას გურიაში გავრცელებული ალიზა მიწა (თიხნარი ნიადაგი) უწყობდა ხელს. მეთუნეობის კრები იყო აკეთი, აცანა, ჯურუყვეთი, ჯუმათი.

არყისა და ღვინის წარმოება

1858 წელს ოზურგეთში ვაჭარმა მჭედლიშვილმა დააარსა არყის ქარხანა და წელიწადში ასხამდა 1300 ლიტრ არაყს. ასევე არყის წარმოების ერთ-ერთი პიონერი იყო გიორგი ბოლქვაძე, რომელიც ოზურგეთიდან ქუთაისში გადავიდა და იქ დააარსა არყის ქარხანა. ჰყავდა 30-მდე დაქირავებული მუშა და ოსტატი. 1864 წელს 30 000 მანეთი შემოსავალი მიიღო და სახელი გაითქვა მთელ ამიერკავკასიაში და რუსეთში.

1860-იან წლებში განსაკუთრებით განვითარდა არყის წარმოება საკუთრივ ოზურგეთის მაზრაში. არყის სახდელები მოეწყო ლიხაურში, გომში. 1893 წელს ლიხაურში გახსნა არყის სახდელი ედიშერ სალუქვაძემ. ვაზის ადგილობრივი ჯიშების დაავადებების გამო გლეხები მათგან ღვინოს ვეღარ წურავდნენ, ხოლო სანაცვლოდ გაშენებული ადესასგან უხარისხო ღვინო დგებოდა, რომლის ფასიც დაბალი იყო. არყის სახდელების გავრცელება დიდი შეღავათი იყო გურიის მოსახლეობისთვის, რომლებიც უკვე მექარხნეებს ხელსაყრელ ფასში აბარებდნენ ყურძენსა თუ ჭაჭას

1883 წელს ქალაქში აღრიცხული იყო ღვინის ერთი საწარმო. 1896 წლისთვის ოზურგეთის მაზრაზე მოდიოდა ქუთაისის გუბერნიაში არყის წარმოების 75% - გუბერნიაში რეგისტრირებული 399 არყის სახდელიდან 299 გურიაში მდებარეობდა. სანთლის არაყი ლიტრი მანეთად (65 ₾) იყიდებოდა, ხოლო ჭაჭის არაყი ლიტრი 9-10 შაურად (30 ₾). 1896 წლის მონაცემებით სულ 385 ადამიანი მუშაობდა არყის გამოხდაზე და წელიწადში 24 750 მანეთის (1 650 000 ₾) ღირებულების არაყს ხდიდა.

XX საუკუნის დასაწყისში ასკანელმა სოლომონ ჭეიშვილმა დაიწყო ღვინის ქარხნული წარმოება. მან მეღვინეობა საფრანგეთში, შამპანიასა და ბორდოში შეისწავლა. ბორდოდან ჩამოიტანა მანქანა-იარაღები და ხელსაწყოები, ოჯახში მიკრო-ქარხანა მოაწყო და „ასკანის ნატურალური ღვინოების“ ბრენდის ქვეშ ღვინის წარმოება დაიწყო.

ხე-ტყის წარმოება 

გურია ტყით მდიდარი მხარე იყო და რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ ამ სიმდიდრის გამოყენება ფართოდ დაიწყო. 1836 წელს დაიდო შეთანხმება ერთი მხრივ ადგილობრივ დიდგვაროვნებსა და მეორე მხრივ უცხოელ კომერსანტებს შორის, რომლის მიხედვითაც გურულებს 1841 წლამდე უნდა დაემზადებინათ და უცხოელებისთვის მიეყიდათ 50 ათასი მორი. რუსეთთან შეერთების პირველივე წლებში იმხელა მასშტაბები მიიღო გურიიდან ხე-ტყის გატანამ, რომ იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა ზემოთ აღწერილი კონტრაქტი გააუქმა და 1842 წელს დამატებით კაკლის ხის გატანაც აკრძალა.

1847 წელს აკრძალვა მოიხსნა და დაწესდა 2,5 კაპიკი ბაჟი შეკვეთილის პორტიდან გატანილ ფუთ კაკლის ხეზე.  თუმცა ხე-ტყის გატანა მხოლოდ იმპერიისვე შიდა პორტებში შეიძლებოდა. კაკლის ხესთან ერთად ექსპორტზე გადიოდა ბზის ხე. 1851 წლის მონაცემებით შეკვეთილიდან გავიდა:
  • 1848 წელს   5350 ფუთი ბზის ხე,   99252 ფუთი კაკლის ხე
  • 1849 წელს 13000 ფუთი ბზის ხე, 128369 ფუთი კაკლის ხე
  • 1850 წელს 84400 ფუთი ბზის ხე,   25756 ფუთი კაკლის ხე
  • 1851 წელს 75725 ფუთი ბზის ხე
მიუხედავად ხე-ტყის წარმოებისა, 1891 წლისთვის გურია ტყით მდიდარ რეგიონად რჩებოდა. ტყეს ეკავა 81000 დესეტინა მიწა (90 ათას ჰა-მდე), ანუ ოზურგეთის მაზრის ტერიტორიის 40%. გავრცელებული იყო წაბლი, ბაძგი, წყავი, ურთხელი, ბზა (ჩოლოქის ხეობაში), ძელქვა (ლანჩხუთთან). ტყეების 23% სახელმწიფო საკუთრებაში იყო. ხე-ტყის საწყობები მდებარეობდა ნატანებისა და სუფსის რკინიგზის სადგურებთან. 1892 წელს მაზრაში მოქმედებდა ხე-ტყის გადამამუშავებელი ოთხი ფაბრიკა, შეკვეთილში, გრიგოლეთსა და სუფსაში. 

1902 წელს სურების ტყით დაინტერესდა ინგლისელი ელიოტ სკოტი. მან ადგილობრივებისგან 6000 მანეთად (400 000 ₾) ტყე შეიძინა ნაძვის, ფიჭვისა და ცაცხვის მასალის წარმოებისთვის. სამუშაოებში 300-მდე ადგილობრივი გლეხი იყო დასაქმებული. სკოტის წარმოება ჩაშალა 1905 წლის მოვლენებმა.

1916 წლის მონაცემებით მაზრაში ტყეებს ეკავა 96639 დესეტინა (105 ათ. ჰა-ზე მეტი.)

სხვა ფაბრიკა-ქარხნები

მცირე ადგილი ეჭირა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას. 1890 წლის მონაცემებით ნარუჯაში მოპოვებული ჰქონდათ 11400 ფუთი ბიტუმიანი ქვიშა და 1200 ფუთი გუდრონი. წარმოება თავად ნაკაშიძეს ეკუთვნოდა და მასში 5 ადამიანი იყო დასაქმებული.


მომსახურება 
ვაჭრობა

გურიის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ვაჭრობა. XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში გურიას სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა იმერეთთან და ახალციხის საფაშოსთან. ვაჭრობის განვითარებას ხელს უწყობდა შეკვეთილის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ნავსადგური. 1831 წელს ოზურგეთში გაიხსნა საბაჟო. 1846-1849 წლებში ოზურგეთის საბაჟო შემოსავალი წლირად საშუალოდ 6 ათას მანეთს შეადგენდა. 1860-იან წლებში საბაჟო პუნქტები მოქმედებდა ოზურგეთსა და შეკვეთილში. 1883 წლის მონაცემებით გურიის მთავარი საექსპორტო საქონელი იყო ბზის ხე, სიმინდი და თაფლის სანთელი. ქვემოთ მოცემულია შეკვეთილის ნავსადგურიდან შემოტანილი/გატანილი საქონლის მოცულობა მაშინდელ მანეთებში:

1862 წ.:   9579  / 18514
1863 წ.: 25740  / 16651
1864 წ.: 14977  / 12247
1872 წ:  69423  / 32907
1873 წ:  74600  / 20057
1874 წ:  72517  /   3801
1875 წ:  84082  / 16132
1876 წ: 103373 / 11533
1877 წ:  18638  /   1103

შეკვეთილის ნავსადგური
ვაჭრობაში მნიშვნელოვანი წილი ეჭირა იარმარკებს, ანუ ბაზრობებს. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო მარიამობის ბაზრობა ნაგომარში, რომელიც ჯერ კიდევ მამია მეხუთე გურიელმა დააარსა და მას შემდეგ ტრადიციულად იმართებოდა. 1830-იან წლებში გურიაში ვაჭრობის ერთადერთი ადგილი დვაბზუ იყო. ბარონი გრიგოლ როზენი წერდა:

„გურიაში, დაბა დვაბზუს, არის ბაზარი და სწარმოებს ყოველკვირეულად ვაჭრობა, რომელზედაც მოდიან იმერლები, გურულები, ქობულეთელი თურქები და სხვა მოსაზღვრე ხალხნი“

დვაბზუში ვაჭრობის განვითარებას ხელს უწყობდა ის, რომ იქ ქართველ კათოლიკეთა 8 კომლი ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობა გურულებს ეთაკილებოდათ და ამ საქმიანობას იშვიათად ჰკიდებდნენ ხელს. პლატონ იოსელიანის მიხედვით ოზურგეთში გურულ ვაჭარს ვერ ნახავდით, ვაჭრობა ებრაელებისა და სომხების ხელში იყო, მაგრამ  XIX საუკუნის შუა წლებისთვის გურიაში აღარც სომეხი იყო დარჩენილი და აღარც ებრაელი, ვაჭრობა ეჭირათ ლაზებს, რომლებსაც ქალაქის ერთი უბანი ეჭირათ და ქართველ კათოლიკეებს. 1838 წელს მთავრობამ დვაბზუს ბაზარი დახურა და ის ოზურგეთში გადაიტანა. 1883 წელს ქალაქში 151 სავაჭრო ობიექტი იყო აღრიცხული. 

მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ბაზრობები, ე. წ. იარმარკები, მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ნაგომრის ბაზრობა, რომელიც ჯერ კიდევ მამია V გურიელმა დააარსა ოზურგეთის მაზრაში ბაზრობები იმართებოდა შემდეგ სოფლებში:
  • ასკანაში 10-14 აპრილს, 1850-იან წლებში
  • ოზურგეთში 21 აპრილს და 8 ნოემბერს, 1850-იან წლებში
  • აცანაში აღდგომიდან ოთხი ან ექვსი კვირის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში, 1850-60-იან წლებში
  • შუხუთში სექტემბერში ან ოქტომბერში ერთი კვირის განმავლობაში 1850-იან წლებში
  • ნაგომარში 17 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში, 
  • ბასილეთში (ოცხანაში) 15-18 აგვისტოს, 1850-იანი წლებიდან 1880-იანების ჩათვლით
  • ჯუმათში, სექტემბერში 5 დღის განმავლობაში, 1860-იანებიდან
  • ერკეთში 8-15 ნოემბერს, 1880-იან წლებში
  • ოჩეში (საჯავახოს მხარე) პეტრე-პავლობის ბაზრობა
1844-45 წლებში მაზრის ყველა ბაზრობის ბრუნვა შეადგენდა 20 ათას მანეთს. 1865 წელს ნაგომრის ბაზრობის ვაჭრობის მოცულობა იყო 7000 მანეთი, ბასილეთისა - 800, ხოლო ჯუმათისა - 600 მანეთი. 1895 წლისთვის ნაგომრის ბაზრობის ბრუნვა შეადგენდა 30 ათას მანეთს (2 026 000 ₾), ჯუმათისა 9700 მანეთს (655 000 ₾), ხოლო საჯავახოს ბაზრობისა კი 18000 მანეთს (1 215 000 ₾).

ძირითადი სავაჭრო საქონელი იყო შაქარი, ყავა, თამბაქო, ჩაი, მაგარი სასმელი, პური და პურეული, აბრეშუმის ქსოვილი, საპონი, სიმინდი, ფქვილი, დამუშავებული ტყავი, ხის და მინის ჭურჭელი

ტრანსპორტი

გურიაზე გადიოდა სამტრედია-ოზურგეთი-შეკვეთილის საფოსტო გზა. 1890-იან წლებში საგუბერნიო სამშენებლო განყოფილებას ექვემდებარეობდა საჯავახო-ოზურგეთისა (55 კმ.) და ოზურგეთი-ნატანების (19 კმ.) შოსეს და სად. სუფსა-ფოთის (15 კმ.) და სად. ნატანები-შეკვეთილის (3 კმ.) გრუნტის გზები. გზების სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო ბათუმი-ქობულეთი-ოზურგეთის გზა (66 კმ.).

1883 წლიდან  გურიაში გავიდა რკინიგზაც. რკინიგზის სადგურები იყო საჯავახო, ნიგოითი, ლანჩხუთი, ჯუმათი, სუფსა და ნატანები. ეს ორი უკანასკნელი დასახლება რკინიგზის სადგურის ირგვლივ განვითარდა.

სამტრედიასა და ოზურგეთს შორის დადიოდა ყოველდღიური საფოსტო ომნიბუსი, რომელსაც გაჩერებები ჰქონდა ხევისწყალზე, ჩოხატაურსა და ნაგომარში. 1881 წელს მგზავრობის ღირებულება ოზურგეთიდან ნაგომრამდე იყო 62 კაპიკი (40 ₾), ჩოხატაურამდე 1,13 მანეთი (73 ₾), ხევიწყლამდე 1,68 მანეთი (109 ₾), ხოლო სამტრედიამდე 2,3 მანეთი (150 ₾). ოზურგეთიდან სამტრედიაში ჩასვლას ომნიბუსი თითქმის 9 საათს უნდებოდა.

ბათუმის რკინიგზის გაყვანის შემდეგ ყოველდღიური საფოსტო ომნიბუსი ოზურგეთის მიმართულებით დადიოდა უკვე სადგურ ნატანებიდან. ომნიბუსით მგზავრობა ღირდა 0,9 მანეთი (58 ₾) და რომელსაც სჭირდებოდა 2 საათი ამ მანძილის დასაფარად. ფასში შედიოდა 20 ფუთამდე ბარგი, ხოლო ყოველ დამატებით ფუთზე ემატებოდა 18 კაპიკი. ეტლით მგზავრობა 1897 წელს ღირდა 10 შაური (32 ₾), ხოლო დილიჟანსით მგზავრობა 6 შაური (18 ₾). ეტლითა და დილიჟანსით მგზავრებს მომსახურებას უწევდა მეეტლეთა ამხანაგობა, რომლის საწევრო გადასახადი შეადგენდა წელიწადში 20 მანეთს (1300 ₾). 

1896 წელს შედგენილი პროექტი ითვალისწინებდა შეკვეთილი-ოზურგეთის რკინიგზის ხაზის მშენებლობას და მისი ბიუჯეტი იყო 30 000 მანეთი (2 მლნ ₾)

განათლება, კულტურა

1875 წელს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის წლიური ბიუჯეტი 5 ათასი მანეთი იყო. 1883 წელს თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებას შესწირა 100 მანეთი (6200 ₾) სკოლის გახსნისთვის. 1884 წელს გრიგოლ გურიელმა შესწირა ოზურგეთის სკოლას 620 მანეთი (40 000 ₾). 1890 წლიდან მეეტლეთა ამხანაგობა ქალთა სკოლას 120 მანეთს (8600 ) სწირავდა. 1891 წელს მაკვანეთში სკოლის ერთადერთი მასწავლებლის წლიური ხელფასი იყო 300 მანეთი (20 750 ₾).

1896 წლისთვის ქალაქის სამი სკოლის შენახვაზე სახელმწიფო წლიურად ხარჯავდა 20 725 მანეთს (1 380 000 ₾). 1895 წელს ქაქუთის სკოლას ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მიხეილ შერვაშიძემ შესწირა 5 მანეთი (340 ), 1899 წელს ბახმაროს დამსვენებლებმა ასევე ქაქუთის სკოლას შესწირეს 51,7 მანეთი (3400 ). 1900 წლიდან გაიცემოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ გურიის მასწავლებლებისთვის დანიშნული პრემია  სამი თუმანი (2000 ₾). 1903 წელს ხვარბეთის სკოლის წლიური ბიუჯეტი იყო 1150 მანეთი (76,6 ათასი ₾), საიდანაც 700 მანეთს (47 ათასი ₾) იხდიდა სასოფლო საზოგადოება, დანარჩენს კი მთავრობა.

1888 წლის დეკემბერში გამართულ თეატრალურ წარმოდგენაზე („ხანუმა“) გაყიდული ბილეთების ფასები იყო 0,5; 1,5 და 2 მანეთი (30, 90 და 120 ). სულ მოგებამ შეადგინა 8 თუმანი (4600 ) 1891 წელს დაარსდა ოზურგეთის სტამბა. წიგნის დაბეჭდვის ფასი იყო 25 კაპიკი (17 ₾) და იყიდებოდა ექვს შაურად (20 ₾). დასურათებულ წიგნს ემატებოდა ფასი 2 კაპიკი (1,5 ₾).

142 მანეთის (9400 ₾) წიგნი ჰქონდა ასკანის ბიბლიოთეკას 1898 წლისთვის, ხოლო 500 მანეთისა ლიხაურის ბიბლიოთეკას 1919 წლისთვის. ასკანის ბიბლიოთეკის საწევრო შენატანი წლიურად წევრისთვის აბაზი (6,5 ₾) ხოლო საპატიო წევრისთვის არანაკლებ ათი მანეთი (650 ₾) იყო. 300 მანეთი დასჭირდა კოწია გურიელს შემოქმედში ბიბლიოთეკის დასაარსებლად. 1901 წელს ძმებმა გურიელებმა სუფსის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს 200 მანეთის (13 000 ) ღირებულების მიწის ნაკვეთი. 1913 წელს ივანე გომართელმა ჩიბათის ბიბლიოთეკას შესწირა 340 მანეთი (22 700 )

ტურიზმი

ქალაქის ერთადერთი სასტუმროს მოწყობილი ნომერი მანეთად (65 ₾) ქირავდებოდა.  1888-89 წლებში აღმოჩენილი იქნა ბახმაროს ჰაერის სამკურნალო თვისებები და დაიწყო განვითარება, როგორც საკურორტო ადგილმა, სეზონი გრძელდებოდა დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, იწყებოდა 20 ივნისს და სრულდებოდა  აგვისტოს შუა რიცხვებში. სეზონზე ოთახის დაქირავების ფასი 20-25 მანეთი (1350-1700 ₾) იყო. 1895 წლისთვის ბახმაროში დაახლოებით ათასი დამსვენებელი იყო და დასაქირავებლად ოთახები აღარ იშოვებოდა.  მისივე ცნობით ოთხთვალი სახლის (სამზადითურთ) მშენებლობა 300 მანეთი ჯდებოდა (20000 ₾), ხოლო ორთვალი სახლისა (სამზადითურთ) 100--150 მანეთი (6700-10000 ₾).

სახელმწიფო მმართველობა

ქალაქ ოზურგეთის შემოსავალი 1840-იან წლებში იყო 948 მანეთი, გასავალი კი 1128 მანეთი, 1850-იანი წლების ბოლოს ქალაქი შემოსავალი გაორმაგებული იყო და 3330 მანეთს შეადგენდა. 1884 წელს ნატანები-ოზურგეთის შარა-გზის მშენებლობაზე გამოყოფილი იყო 40 ათასი მანეთი (2,5 მლნ ₾)

1896 წელს, საქალაქო თვითმმართველობის შემოღების დროს ქალაქის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 400 თუმანი იყო (270 000 ₾). 

1911 წელს ქალაქის შემოსავლები იყო 9463,96 მანეთი  (640 000 ₾), 1914 წელს - 19921 მან. (1 140 000 ₾), 1916 წელს - 39200 მან. (2 625 000 ₾). ბიუჯეტის შემოსავლები ასეთი იყო:
  • 25% - ქალაქის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების გამოყენებიდან 
  • 15% - გადასახადები სხვა უძრავ ქონებაზე
  • 8% - სასაკლაო
  • 4% - მაღაზიები, ტრაქტირები, სასტუმროები
  • 2% - გადასახადები წარმოებიდან და სხვ.
ხარჯების სტრუქტურა 1914 წელს ასეთი იყო:
  • კანალიზაცია 60%
  • ტრანსპორტი 17%
  • ადმინისტრაციის შენახვა 12%
  • გარეგანათება 5%
  • პოლიციის შენახვა 4%
  • სკოლების შენახვა 3% და ა.შ.
1895 წლის ქარიშხალმა გურიას 60000 მანეთის (4 მლნ ₾) ზარალი მიაყენა.

საფინანსო სექტორი

ფინანსებზე ხელმისაწვდომობისთვის არსებობდა შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობები, რადგან ბანკი გურიაში არ იყო. ყველა ასეთი ამხანაგობა წარმატებას ვერ აღწევდა, 1892 წლისთვის ასეთი დაწესებულებები მოქმედებდა ოზურგეთში, ბახვსა და ხიდისთავში. 1913 წელს საკრედიტო ამხანაგობები მოქმედებდა სოფლებში ამაღლება, ბერეჟოული, ჯურუვეთი, ბუკისციხე, მიქელ-გაბრიელი, ნიგოითი, სუფსა, ციხისფერდი, ჩიბათი და შუხუთი. სულ ამ ამხანაგობების წევრი 20 ათასამდე ადამიანი იყო. ქალაქ ოზურგეთში ორი ასეთი ამხანაგობა მოქმედებდა: ხელოსანთა და მებაღეთა საკრედიტო ამხანაგობები, თითოეული დაახ. 3000 წევრით

უძრავი ქონების ფასები:

1889 წელს ლანჩხუთში გაიყიდა მესამედი ქცევა მიწა (1200 კვ.მ.) 22 მანეთად (1440 ₾). 1891 წელს ნიგოითში დაიწვა თავად მაჭუტაძის სახლ-კარი, სადაც ზარალი 2000 მანეთად (1380 000 ₾) ფასდებოდა. 1910 წელს ჯვარცხმის სასოფლო საზოგადოების სოფელ გორაში სამი ქცევა (10800 კვ. მ.) სახნავი მიწა გაიყიდა 430 რუბლად (28,9 ათ ₾), მიწის ნაკვეთის საშუალო ფასი კვადრატულმეტრზე გამოდის 1,2-2,6 ₾ . 

1905 წლის მოვლენების დროს გურიის გლეხები ითხოვდნენ გადასახადისგან გათავისუფლებას იმ გლეხებისას, რომლებსაც წელიწადში 400-500 მანეთი (25600 ₾) ან ნაკლები შემოსავალი ჰქონდათ.


სხვადასხვა სურსათის, საქონლისა და მომსახურების ფასები:
  • შაქარი გირვანქა სამი შაური (9 ₾)
  • პური გირვანქა 6 კაპიკი (4 ₾)
  • ხორცი ოყა 20 კაპიკი (13 ₾)
  • სულგუნი 10-12 კაპიკი (9 ₾)
  • რძე ბოთლი 2 შაური (6 ₾)
  • სოფელ ვანში დამზადებული კეცი  3 აბაზი (25 ₾)
  • საბანი (ფასი განსხვავდებოდა მასალის მიხედვით ჩითის, სატინის, შალის, აბრეშუმის) 6-18 მანეთი (400-1200 ₾)
  • სამოვარი 12 მანეთი (800 ₾)
  • რკინის ლოგინი მატრასითურთ 33 მანეთი (2200 ₾)
  • მაგიდა, კომოდი  27-28 მანეთი (1800-1850 ₾)
ფასები ლარებში მიღებულია საიტის http://www.historicalstatistics.org/Currencyconverter.html მეშვეობით შესაბამისი რუსული რუბლის კონვერტირებით 2015 წლის აშშ დოლარში, ოქროს ფასის მიხედვით და შემდეგ ლარში (2015 წლის წლიური საშუალო კურსით 2.335).



Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ოზურგეთის ქუჩების უმრავლეობას სახელწოდებები 90-იანი წლების დასაწყისში შეეცვალა. სტალინი - რუსთაველი ცხაკაია - ფარნავაზ მეფე ლენინი - კოსტავა აბაშიძე - თაყაიშვილი 1905 - აღმაშენებელი გასაბჭოებამდე ოზურგეთში ბევრი ქუჩა არ იყო. იმ პერიოდში ქუჩების სახელდება ნაწილობრივ მათი მიმართულებების მიხედვით, ხოლო ნაწილობრივ ამ ქუჩაზე მდებარე დაწესებულების მიხედვით ხორციელდებოდა. ერთი მხრივ ლიხაურის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, ბაილეთის ქუჩა, ნატანების ქუჩა. ხოლო მეორე მხრივ პროგიმნაზიის ქუჩა, ბაღის ქუჩა, ფოსტის ქუჩა, სობოროს ქუჩა, პოლიციის ქუჩა. საბჭოთა პერიოდში ქუჩებისთვის სახელების მინიჭება ასე ხდებოდა: (ნაწყვეტი 1955 წლის 23 მარტის „ლენინის დროშიდან“ N 35, გვ. 4 ): ამიერიდან, მდინარე ბჟუჟის ხიდიდან ანასეულამდე მიმავალ ქუჩას ეწოდება ნ. ა. ბულგანინის სახელი.  ექადიის ვ. ჩკალოვის სახელობის კოლმეურნეობის გვერდით მდებარე ქუჩას ეწოდა ვ. ჩკალოვის სახელი. მის შესახვევებს და ჩიხს ჩკალოვის სახელობის 1-2-3 შესახვევები და ჩიხი. ანასეულის ინტიტუტებისა და ფაბრიკის ტერიტორიიდან მარცხნივ მიმავალ ქუჩას

გურული ფირალები

ფფოტოები და ციტატები ირაკლი მახარაძის წიგნიდან „გურული ფირალები“ „არ არის არცერთი განათლებული ერი, რომ თავის განვითარებაში ყაჩაღობა არ გაევლოს“   გაზეთი „ივერია“ კვაჭაძე, ერთ-ერთი პირველი ფირალი ალმასხან ბედინეიშვილის ისტორია ალმასხან ბედინეიშვილი იყო წარმოშობით სურებიდან. მისი ბატონი იყო ზურაბ ერისთავი, გორაბერულის ერისთავების შტოდან. ერისთავი მიაკითხავდა ბედინეიშვილს, როგორც სხვა გლეხებს, წამოწვებოდა მარანში და ითხოვდა მასვით და მაჭამეთო და სამ დღეზე ნაკლებს არ გაჩერდებოდა. უძლებდა ალმასხანი, მაგრამ ერთხელაც ბატონმა ქალები მოინდომა, ამოასხა ალმასხანს, შეუვარდა ერისთავს გორაბერეჟუოულის სასახლეში და მოკლა ლოგინში. ბედინეიშვილმა 60 წელის გაატარა სურების ტყეში ფირალობაში. სიმღერა ფირალ მეხუზლაზე   სიმღერა სისონა დარჩიაზე ნიკოლოზ მეხუზლა (მარცხნივ) და სისონა დარჩია (მარჯვნივ)  სიმღერა სისონა დარჩიაზე „იცით, ვინ არიან ეს ფირალები? ცოლშვილიანი კაცები, რომლებიც გუშინ მშვიდი მიწის მუშა იყვნენ, სახელმწიფო ბეგარას იხდიდნენ და თავის მოძმეებ