Skip to main content

გურიის საჯავახო

აკადემიკოსი აკაკი შანიძე  მის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ ის დაიბადა გურიაში, საჯავახოს მხარის სოფელ ნოღაში. სოფელი ნოღა დღეს სამტრედიის რაიონს ეკუთვნის, ხოლო 1887 წელს, აკაკი შანიძის დაბადების დროისთვის, ის ქუთაისის მაზრას ეკუთვნოდა. მაშ რა კავშირი აქვს საჯავახოს მხარეს გურიასთან?

ჭილაძეების სათავადო

საჯავახოს მხარეს XIII საუკუნემდე ფლობდნენ საჩინოს (დღევანდელი ვანისა და ბაღდათის რაიონები) ერისთავი ქვაბულისძენი (ქობულიძეები). ქობულიძეების საერისთავო ქუთაისიდან ქობულეთამდე გრძელდებოდა. ქობულეთის სახელწოდება ნიკო ბერძენიშვილის აზრით სწორედ ქობულიძეებიდან მოდის. XIII საუკუნიდან ქობულიძეების საერისთავოს ერთ ნაწილს ეპატრონებიან უფრო მცირე ფეოდალები, ჭილაძეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ქობულიძეების შთამომავლები იყვნენ.

ჭილაძეთა სათავადო მოიცავდა დიდ ტერიტორიას მდინარე რიონის ორივე ნაპირზე (დღეს ეს ტერიტორია გადანაწილებულია აბაშის, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე). XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე, სამხრეთით - გურიის მთებამდე, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე გუბისწყალამდე. ჭილაძეები იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ მთავრის ტიტულის მოპოვება ცდილობდნენ.

„ცხენისწყლისა და რიონისაკენ არს საჭილაო, სამიქელაო და არს ადგილი ესე ფრიად ნაყოფიერი ყოველითვე. პირუტყვი მძოვარ არიან ზამთარ - ზაფხულ, ფრინველნი ურიცხვნი, თევზნი არასადა თვინიერ რიონისა. კირჩხიბი მრავალი, სახლობენ მთავარნი და აზნაურნი“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხეთში შემორჩენილია ჰიდრონიმები ჭილაძის წყალი, რომელსაც სოფლის ერთ-ერთ მცირე  მდინარეს ეძახიან და ჭილაძის სათევზავი - ამავე მდინარეზე მოწყობილი თლილი ქვით ნაგები კვადრატული ფორმის აუზი.

ჭილაძეები დადიანების ვასალები იყვნენ. ჭილაძეების სათავადო ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა XVI საუკუნის მეორე ნახევრამდე. XVI საუკუნეში ისტორიულ წყაროებში პირველად ჩნდება ტერმინი საჯავახო. სახელწოდება ჭილაძეების გვარის ერთ-წარმომადგენლიდან, ფეოდალის  ჯავახ I ან ჯავახ II  ჭილაძის სახელიდან უნდა მოდიოდეს.

წყარო: ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, თბილისი, 2013 წ.

ჭილაძეების სათავადოს ტერიტორია. რუკა მიახლოებითია და სიზუსტეზე პრეტენზია არ გააჩნია

საჯავახოს გამოყოფა საჭილაოსგან

1565 თუ 1568 წელს იმერეთის მეფე გიორგი II-მ იანეთთან ბრძოლაში დაამარცხა მის წინააღმდეგ აჯანყებული ლევან I დადიანი და მისი ვასალი ვარაზ ჭილაძე. იმერეთის მეფეს მხარს უჭერდა გიორგი II გურიელიც. მალევე, 1570-იანი წლების დასაწყისში გიორგი II-მ მასზე თავდასხმის ბრალდებით მოაკვლევინა ჯავახ II ჭილაძე და საჯავახოს თავად დაესაკუთრა.

საჯავახოს მხარის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ და მეფის გაძლიერების შიშმა მანამდე დაპირისპირებული ლევან I დადიანი და გიორგი II გურიელი ერთმანეთთან შეაკავშირა. დადიანის და გურიელის შერიგებას ოსმალეთის იმპერიაც უჭერდა მხარს. 1570-72 წლებში მათ შეერთებული ძალით წაართვეს იმერეთის მეფე გიორგი II-ს საჯავახო და შუაზე გაიყვეს. რიონის მარცხენა ნაპირი დაიკავა გურიელმა, მარჯვენა ნაპირი კი დადიანმა. აქედან მოყოლებული დადიანის მიერ დაკავებულ ტერიტორიას საჭილაოს სახელწოდება შემორჩა, საჯავახოდ კი მოიხსენიებოდა გურიელის მიერ დაუფლებული ტერიტორია.

1578 წელს გიორგი III დადიანს აუჯანყდა დათულია დადიანი, რომელმაც აჯანყება საჯავახოდან დაიწყო. გიორგი II გურიელმა იმერეთის მეფე გიორგის II-ის დავალებით დაამარცხა დათულია და საჯავახო თავად დაიკავა. (ამ დროს სამივე გიორგი ერთმანეთის მეკავშირე იყო). სხვათა შორის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გურიის სამთავროს ცენტრი ოზურგეთი წერილობით წყაროში იხსენიება.

„მაშინ გიორგი გურიელმან ყო ეგრეთ: დაიჭირა დათულია და დაატყვევა ოზურგეთს და საჯავახო თვითონ დაიპყრო“

ახალი ქართლის ცხოვრებაში, რომელიც XVIII საუკუნეშია შედგენილი, გურიელის სამთავროს საზღვრების აღწერისას მითითებულია, რომ რიონს გაღმა საჯავახოს გურიელი ფლობდა:


გურიელსა ეპყრა რიონს გაღმართი საჯავახო, იმას აქათი გამოსწურივ ღომისციხეს გადმოღმართი ერგე, აჭარა და ჭანეთი რიკის პალოს აქეთი


დავა საჯავახოს გამო

ამის შემდეგ იწყება საჯავახოს მხარის პერიოდული გადასვლა ხელიდან ხელში. გურიელმა მალევე დაკარგა საჯავახო და მას კვლავ იმერეთის სამეფო დაეპატრონა. 1661 წელს ვახტანგ V შაჰნავაზის იმერეთში ლაშქრობის დროს ვახტანგმა საჯავახო დემეტრე გურიელს უბოძა, მაგრამ გურიელმა წყალობა იმავე წელს დაკარგა და საჯავახო ისევ იმერეთის მეფის ხელში გადავიდა.

1732 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე V და მამია IV გურიელი პოლიტიკური კავშირის გამყარების მიზნით ერთმანეთს დაუმოყვრდნენ. ალექსანდრემ მამიას ცოლად გაატანა მისი ქალიშვილი როდამი და მზითვად გადასცა საჯავახოს მხარე. სანაცვლოდ გურიელმა ალექსანდრეს მხარი დაუჭირა ჩიხორთან თავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც მეფემ გაიმარჯვა. 1770-იან წლებში, როდამის გარდაცვალების შემდეგ იმერეთის მეფე სოლომონ I-მა უკან დაიბრუნა საჯავახო. ამის შემდეგ გურიელები მაინც აცხადებდნენ საჯავახოზე პრეტენზიას, რადგან ქართული ფეოდალური სამართლის მიხედვით მზითევი ქალის საკუთრება იყო, ქვრივი მამაკაცი კი ცოლის მემკვიდრედ ითვლებოდა. (ვ. მეტრეველი, საქართველოს სახელმწიფოს და სამართლის ისტორია თბილისი, 2003)

1787 წელს დავით II-მ საჯავახო შესაბამისი სიგელით უკან დაუბრუნა გურიის სამთავროს, თუმცა მისმა მომდევნო იმერეთის მეფე სოლომონ II-მ ეს მხარე ჩამოართვა გურიის სამთავროს და იმერეთის სამეფოს მიუერთა.

გურიისა და იმერეთის საჯავახო

1810 წელს იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიის შემდეგ საჯავახოზე პრეტენზია კვლავ გამოთქვეს გურიელებმა. იმპერიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საჯავახო, რომელიც ამ დროს დაახლოებით 30 სოფელს მოიცავდა, გაიყო გურიასა (ოზურგეთის მაზრა) და იმერეთს (ქუთაისის მაზრა) შორის და საზღვრად დადგინდა მდინარე ხევისწყალი. ქუთაისის მაზრის შემადგენლობაში შევიდა საჯავახოს  ტერიტორია ხევისწყლის მარჯვნივ, ხოლო ოზურგეთის მაზრაში საჯავახოს ტერიტორია ხევისწყლის მარცხნივ.

გურიის საჯავახო აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ 1873 წელს:

„ბუკისციხიდან სოფელ საყვავისტყეზე გავლით სოფელ ნანეიშვილებში გავემგზავრე. ჩემი გზა საწაბლიოს ქედის ქვემოთ გადიოდა. ეს ქედი ორი უბნის - საერისთაოსა და საჯავახოს საზღვარია. საჯავახოს მფლობელნი დიდი ხანია გადაეგნენ და მიუხედავად იმისა, რომ საჯავახო თითქმის მთლიანად გადავიდა ერისთავ შარვაშიძეთა ხელში, დღემდე არ დაუკარგავს თავისი ძველი სახელწოდება. საერისთაოს სახელით ცნობილია ადგილი გუბაზეულსა და საწაბლიოს ქედს შორის, ხოლო საჯავახოს სახელით - მიწის ნაკვეთი საწაბლიოსა და ვახუშტის საჯავახოსწყალს, ახლანდელ ხევისწყალს, ანუ როგორც მას აქ ეძახიან, ხეისწყალს შორის. წარსულში საჯავახო ხევისწყალს გაღმაც ვრცელდებოდა და თვით რიონის ნაპირებამდე უწევდა.“

ასევე ბაქრაძის ცნობით გურიის საჯავახო განთქმული იყო მეღვინეობით, კერძოდ კი საჯავახოს ღვინით, რომელიც სხილათუბანისა და მტევანდიდის შერევით მიიღებოდა.

1902 წლის მონაცემებით გურიის საჯავახო ორ სასოფლო საზოგადოებას მოიცავდა: ნანეიშვილები და ზემო ხეთი. ორივე სასოფლო საზოგადოებაში სულ 5937 ადამიანი ცხოვრობდა იმერეთის საჯავახოშიც ორი სასოფლო საზოგადოება იყო: აბაშისა და მუხაყრუს სასოფლო საზოგადოებები. იმერეთის საჯავახოს მოსახლეობა 1902 წლისთვის 9692 ადამიანი იყო. 1926 წლის მონაცემებით იმერეთის საჯავახოს ორ თემში (გომი და გამოჩინებული) შედიოდა 28 სოფელი, ცხოვრობდა 13 086 ადამიანი, ხოლო ფართობი შეადგენდა 121,4 კვადრატულ კილომეტრს.

1918-21 წლებში, პირველი რესპუბლიკის მიერ განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში განიხილებოდა მაზრების საზღვრების ცვლილებები და მათ შორის, საჯავახოს მხარის მთლიანად მოქცევა ოზურგეთის მაზრაში. პავლე ინგოროყვა, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიულ მოწყობაზე მუშაობდა, წერდა, საჯავახო გეოგრაფიულად გურიას ეკუთვნის და ოზურგეთთან უფრო ახლოა, ვიდრე ქუთაისთან, მაგრამ რადგან ქუთაისთან მას სარკინიგზო კავშირი აქვს, ოზურგეთში კი ჯერ რკინიგზა გაყვანილი არ არის, საჯავახოს ოზურგეთის მაზრისთვის გადაცემა ნაადრევიაო. (ი. ხვადაგიანი„თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში 1918“ თბილისი, 2017 წ.)

1929-30 წლებში საქართველოს სსრ-ს რაიონებად ერთეულებად დაყოფის შემდეგ საჯავახოს ნაწილი მოექცა სამტრედიის, ხოლო მეორე  ნაწილი ჩოხატაურის რაიონის დაქვემდებარებაში. ამგვარი ადმინისტრაციული დაყოფა შენარჩუნებულია დღემდე. ისტორიული საჯავახოს ტერიტორიაზეა სამტრედიის მუნიციპალიტეტის 6 თემი (გორმაღალი, გამოჩინებული, გომი, საჯავახო, ოფეთი, ტოლები; 26 სოფელი, 8243 მოსახლე) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამი თემი (ზემო ხეთი, კოხნარი, საჭამიასერი; 11 სოფელი, 2207 მოსახლე). მხარის დასახელება საჯავახო შემორჩა მხოლოდ მის ერთ-ერთ სოფელს.


საჯავახოს მხარე დღეს


Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...