Skip to main content

წიგნის კითხვამ გადარია გურულები

ქალაქი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს, 
მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი, 
აქვთ თავიანთი სტამბა 
და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ

„გურიაში ყოველ სოფელს აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა,
სახელმწიფო საფოსტო განყოფილებიდან
ყველაზე დაშორებულ სოფლებშიც კი
ყოველდღიურად ღებულობენ გაზეთებს
თბილისიდან, ბათუმიდან და რუსეთიდან“ 
ლუიჯი ვილარი, ცეცხლი და მახვილი კავკასიაში, 1906

გურიაში წიგნსაცავები, ბიბლიოთეკები და სამკითხველოები XIX საუკუნეში ფართოდ გავრცელებული და პოპულარული იყო. სწავლას გურული გლეხები ძალიან ეტანებოდნენ. მიუხედავად გაჭირვებისა, არავითარ ძალას არ ზოგავდნენ სკოლების, ბიბლიოთეკების და სამკითხველოების გახსნისთვის. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო არამხოლოდ მხატვრული ლიტერატურა, არამედ მაშინდელი ჟურნალ-გაზეთებიც და ალბათ ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს გურულების პოლიტიკური განათლების მაღალი დონე.

XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში სამკითხველოები თითქმის ყველა სოფელში გაიხსნა. პირველი იყო აკეთში, გურიის სახალხო ბიბლიოთეკა (1893), ასევე ბახვი (1893), ნაგომარი (1895), სუფსა (1896), ფარცხმა (1898), მამათი და დვაბზუ (1899), ჩიბათი და ლანჩხუთი (1900), ჩოხატაური (1901), მიქელგაბრიელი (1902), ხიდისთავი (1903), ქვიანი (1918), ჯუმათი და ციხისფერდი (1912), შემოქმედი, ამაღლება, შუხუთი, აცანა და ლესა (1914), ჭყონაგორა (1917).

1900-იანი წლების სოციალური მოძრაობის დროს მეფის რუსეთის ხელისუფლებამ ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება რაც მიიღო, გურიაში სამკითხველოების დახურვა იყო - გურულები წიგნის კითხვამ გადარიაო. მთავრობის ამ ზომამ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო - გლეხები ქოხებში გადავიდნენ და ფიჩხის ალზე კითხულობდნენ.

ოზურგეთი

პირველი ბიბლიოთეკა ოზურგეთში ქალაქის თვითმმართველობამ დააარსა 1895 წლის ზაფხულში. ბიბლიოთეკა ან წიგნსაცავი, როგორც მაშინ ეძახდნენ, აღწერილი აქვს თედო სახოკიას.

ოზურგეთმა ამ მხრივ, თბილისის და ქუთაისის შემდეგ, ყველა ჩვენს დაბა ქალაქებს გაუსწრო, თვით ბათუმსა და ფოთსაც კი, რომელთაც ოზურგეთი ქონებრივად ვერც კი შეედრება. წიგნთსაცავს ერთი კარგი მოზრდილი ოთახი აქვს დათმობილი ადგილობრივ კლუბში. წიგნსაცავი თვითმმართველობამ ქველმოქმედთა ფულით დააარსა. იმართებოდა წარმოდგენები და სალიტერატურო საღამოები მის სასარგებლოდ. იღებდა შეწირულობას სხვადასხვა კუთხიდან ფულის ან წიგნების სახით.

წიგნსაცავი შედგებოდა რუსული და ქართული განყოფილებებისგან. რუსულ განყოფილებაში ინახებოდა რუსი მწერლების ნეკრასოვის, გოგოლის, ლერმონტოვის, შჩედრინის, ტურგენევის, ლ. ტოლსტოის და სხვ. ბიბლიოთეკაში რამდენიმე სამეცნიერო წიგნი იყო რუსულ ენაზეც. ასევე გამოწერილი იყო კავკასიაში გამომავალი პერიოდული გამოცემები და რამდენიმე ჟურნალი და გაზეთი რუსეთიდან. ესენი იყო „ივერია“, „მეურნე“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „მოამბე“, „ჯეჯილი“, „მწყემსი“,, აკაკის „კრებული“, „ახალი მიმოხილვა“, „კავკაზი“, „ტფილისის ფურცელი“. სულ ბიბლიოთეკას გააჩნდა 600-ზე მეტი წიგნი.

წიგნები დაკაზმულია სადად და მაგრად და მოთავსებულია ორ განჯინაში. წიგნსაცავი ახალ-ახალ წიგნებსაც იძენს შეძლებისდაკვალად და აზრად აქვს ისეთნაირად მოეწყოს, რომ შიგ ინტელიგენტ კაცს ყოველგვარი წიგნის მოპოვება შეეძლოს.

ბიბლიოთეკა იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი, წიგნსაცავში შესვლა და კითხვა უფასო, ხოლო წიგნის ან გაზეთის სახლში წაღების შემთხვევაში დაწესებული იყო მცირე გადასახადი. საუცხოვო წესიერება ყოფილა წიგნის კითხვის დროს წიგნსაცავში. მკითხველები წიგნსაცავს არ აკლდა და მათი რიცხვი მატულობდა კიდეც. ამას ხელს უწყობდა წიგნების საჯარო კითხვის ტრადიციაც.

ამავე წიგნსაცავში ყოველკვირაობით შეკრებილ საზოგადოებას უკითხავენ ხოლმე სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებს, და ეს საქმე ჩაბარებული აქვთ აქაურ ქალებს. სხვა ქალაქებში მკვიდრთათვის ასეთი საქმე უცხოა. სწორედ სანუგეშო საყურებელი გახლავთ, როცა კვირაობით სახლიდან გამოსული ხალხი, ათასფრად მორთულ-მოკაზმული, ქალი თუ კაცი, სამკითხველოსკენ მიეშურება, წიგნი უნდა წაიკითხონო. 

წიგნსაცავს უვლიდნენ ქალები. შვიდ ქალს ჰქონდა ნაკისრი კვირაში ერთხელ მორიგედ ყოფნა. 

უეჭველია, თავის დროზე ეს ნორჩი დაწესებულება დიდ სამსახურს გაუწევს აქაურებს, განსაკუთრებით აქაური ვაჭრების ნოქრებს, რომელთაც აქამდე არ იცოდნენ თავისუფალი დრო რისთვის მოეხმარათ. წიგნსაცავს გავლენა ექნება აგრეთვე ყომარბაზობისა, სამიკიტნოებში ფუჭად დროების ტარების და ათასგვარ უწესოების შემცირებაზე.

1920 წელს ოზურგეთში ორი სამკითხველო იყო, ერობის და ქალაქის. ერობის ბიბლიოთეკაში ერთდროულად 500 მანეთი იყო შესატანი თანხა თვიურად 100. საქალაქო ბიბლიოთეკა ძველი სასტუმროს პირველ სართულზე მდებარეობდა, შემდეგ კი ქუთაისის (დღეს აღმაშენებლის) ქუჩის დასაწყისში შინსახკომის ყოფილი შენობა ეკავა.

ასკანა

1893 წლის 27 იანვარს მეღვინე სოლომონ ჭეიშვილის თაოსნობით სოფელ ასკანაში გაიხსნა ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის სამოთახიანი შენობა მდებარეობდა ამჟამინდელი სოფლის ცენტრში, სასაფლაოს მიმდებარე დიდ ჭადართან. 1898 წლისთვის გამოწერილი იყო რუსული და ქართული გამოცემანი სულ 142 მანეთისა.

ასკანის ბიბლიოთეკის შემოსავალი იყო საწევრო, შემოწირულობა, ალეგროდან აღებული თანხა. ბიბლიოთეკის წევრები იყოფოდნენ სამ რიგად: დამაარსებლები, ნამდვილი წევრი და საპატიო წევრი. ნამდვილი იყო ვინც ბიბლიოთეკის ფონდში იხდიდა აბაზს, საპატიო წევრი იყო ვინც იხდიდა არანაკლებ ათ მანეთს. ბიბლიოთეკის მოწყობასა და მუშაობაში ჭეიშვილს მხარში უდგნენ ექვთიმე თალაკვაძე, ბესარიონ ჯაველიძე და ივლიანე შევარდნაძე.

1901 წლის 1 აგვისტოს აღწერის მიხედვით ბიბლიოთეკა 903 დასახლების წიგნს ითვლიდა. მხატვრულის გარდა ინახებოდა პედაგოგიური ლიტერატურა. „ქართული არითმეტიკა“, „ქართული სწორმეტყველება“, „ქართული გრამატიკა“, „ახალი ქართული გრამატიკა“, „ბავშვების მოვლა“, „შვილის აღზრდა“ „სკოლა და ოჯახი“, „ყრმათა ფიზიკური აღზრდა“. ისტორიული წიგნები: „თამარ მეფე“, „ქართული ისტორიის წყაროები“, „წამება ქეთევან დედოფლისა“, „ქართველები სპარსეთში“. სეზონურად ბიბლიოთეკა მიჰქონდათ კურორტ ბახმაროზე. 1907 წელს, რეაქციის წლებში, მთავრობა ბიბლიოთეკა დახურა. მისი ხელახლა გახსნის უფლება ჭეიშვილს 1914 წლის 10 სექტემბერს მისცეს.

სუფსა

1901 წელს გაიხსნა სუფსაში ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელიც მღვდელმა ბართლომე ჩხარტიშვილმა გახსნა. სამკითხველოსთვის მიწა სუფსელმა თავადებმა ძმებმა გურიელებმა დათმეს. მიწის ეს ნაკვეთი 200 მანეთად იყო შეფასებული (დაახ. 13 ათასი ლარი) და მის მიმართ მაღალი კომერციული ინტერესი არსებობდა, მაგრამ მესაკუთრეებმა ნაკვეთი მაინც არ მიჰყიდეს დაინტერესებულ პირებს და ბიბლიოთეკას შესწირეს.


ლიხაური

1912 წელს ლიხაურში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალი, რომლის ხელმძღვანელი იყო ლიხაურის ტაძრის წინამძღვარი ნესტორ კონტრიძე. საზოგადოებამ გახსნა სამკითხველო, რომელსაც 404 ქართული და 302 რუსული წიგნი ჰქონდა, გამოწერილი ჰქონდა თითქმის ყველა ქართული და რუსული გაზეთი. სამკითხველო 790 ადამიანს ემსახურებოდა. 1918 წელს ოსმალების შემოსევის დროს განადგურდა ლიხაურის სამკითხველო. არ გადარჩა არცერთი წიგნი და ავეჯი. ამის გამო 1919 წლის 10 მაისს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ლიხაურში 500 მანეთის წიგნები გაგზავნა. 1920 წელს ლიხაურში გაუქმდა საზოგადოების ფილიალი, სამკითხველოს ხარჯების გაღება მთლიანად თემმა იკისრა.

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურია - ერმაკოვის ფოტოები / Photographs of Guria by Dmitri Yermakov

დიმიტრი ერმაკოვი, რუსი ფოტოგრაფი, რომელსაც თბილისისა და კავკასიის უამრავი საინტერესო ფოტო ეკუთვნის, 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს სტუმრობდა გურიას. მაშინ სწორედ გურიაში გადიოდა ფრონტის ერთ-ერთი ხაზი. ჯუმათის მონასტერი / 6402 Джуматы. Монастырь близъ гор Озургеты. въ Гурщ сер обр изоб Архангела Гаврила съ саблей მიქაელ მთავარანგელოზის ხატი ჯუმათიდან გურულები ეროვნულ სამოსში მოძრავი ტელეგრაფის სადგური ოზურგეთში / 2134 Озургеты. Походная телегр карета въ Озургетахъ ოზურგეთის ხედი 128 Озургеты. Общий видъ городка  გურული ჩავლადრები ომში ქართველთა რაზმი ხუცუბანთან რუსული არტილერია გვარასთან / 2043 Нижние-Гвари. Осадныя орудия (осаждали 29-го аяръля г Кобулетъ) Кобулетский отрядъ въ лагери у позиции Хуцъ-УбАни. Командиръ кап Кармаковъ, близъ г Озургетъ რუსული სამხედრო ბანაკი ციხისძირთან ციხისძირი ქობულეთლები ციხისძირში 41-ე საარტილერიო ბრიგადა ციხისძირში ქართველი ოფიცრები ციხისძირში გურულები ციხი...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქე მღვდლის დღიურიდან

ორი ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. გურიაში ხდება ეკლესიის საბოლოო ლიკვიდაცია, 1929 ამ თაობაზე მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი ამბები ჩამომივიდა ჩემი სოფლიდან „მთის-პირიდან“ ( ასკანის თემი ): მთის პირის სამრევლო ტაძარი ეს ერთი კვირაა სოფლის ხელისუფლებას დაუბეჭდია. ზარი ჩამოუხსნიათ სამრეკლოდან და გაუტანია „ციხის უბანში“, ტყეში და იქ „კვიჩილაურის“ ჩაის კოლექტივში ჩამოუკიდნიათ. ამ „კვიჩილაურზე“ (ადგილის სახელია) ჩაის პლანტაცია გაუშენებია 40 კაცისაგან შემდგარ კოლექტივს. ამათ უკვე დამუშავებული აქვს ოცდაათი ჰექტარი მიწა ჩაისათვის და სწარმოებს კიდევ დაუცხრომელი მუშაობა ამ საქმის უფრო გასაფართოებლად! იმ ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამორეკავენ თურმე და ამით მოუწოდებენ „კომუნარებს“ მუშაობაზე! თუ მესამე ზარის ჩამორეკაზე მუშა არ გამოცხადდა სამუშაოზე, მას უკვე დააჯარიმებენ! ამ კოლექტივში უმეტეს წილად შედიან ორი გვარის კაცები - თალაქვაძე-სიამაიშვილები. ის ზარი, რომელსაც საუცხოო რაკრაკი გაჰქონდა მთის-პირის წმინდა გიორ...