Skip to main content

ჟაკ ფრანსუა გამბა გურიის შესახებ

ჟაკ ფრანსუა გამბა იყო ფრანგი მოგზაური, რომელმაც 1820-24 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, მათ შორის დასავლეთ საქართველოში

ფაზისის ხელმარცხნივ, დაახლოებით ერთ ვერსზე, განლაგებულია გურია; მას განაგებს რუსეთის ქვეშევრდომი, ან უფრო ზუსტად მისი მოხარკე მთავარი. ქვეყანა გამოირჩევა ნაყოფიერი მიწებითა და მდიდარი მცენარეულობით; მაგრამ ეს მხარე, ისევე როგორც სამეგრელო და იმერეთი, მთლიანად ტყითაა დაფარული; მხოლოდ ალაგ-ალაგ თუ ვნახავთ საუცხოო საძოვრებს და დამუშავებული მიწების პატარ-პატარა ნაკვეთებს. თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი დგას შემაღლებულ ადგილზე, საიდანაც შემოგარენი ხელისგულივით მოჩანს. ჰავა აქ უფრო ჯანსაღია, ვიდრე დაბლობში.

მე უკვე ვთქვი, რომ გურიის სანაპიროზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის ციხესიმაგრე რუსებმა 1820 წლიდან მიატოვეს. ახალციხელი თურქების თავდასხმებისაგან თავის დასაცავად მათ ამ სამთავროში ორი სხვა გამაგრებული ადგილი უჭირავთ.

გურიის სუვერენი ძალიან ცდილობს ევროპული ზნე-ჩვეულებების შეთვისებას. მას მოსწონს და სურვილიც აქვს შეიძინოს ევროპის მანუფაქტურული პროდუქცია. ეჭვგარეშეა, რომ იგი ერთ-ერთი იმათგანი იქნება, ვინც განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ევროპელებთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. მან მიწები და ყმა-გლეხთა ოჯახები უბოძა ერთ ინგლისელს - ბ-ნ მარს, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად (წარმოშობით ეს ქალი ესპანელია) აქ დასახლდა და ინდიგოს მოშენება განიზრახა.

გურიის მთავარი იმდენად იყო აღტაცებული გასულ ზაფხულს გერმანელი მუშაითების მიერ აქ გამართული წარმოდგენით, რომ მათ რამდენიმე არპანი მიწა და ყმა-გლეხთა ხუთი ოჯახი უბოძა იმ პირობით, რომ კვირაში სამჯერ მის კარზეც გაემართათ წარმოდგენები და რამდენიმე ყმისთვის მუშაითობა ესწავლებინათ.

გურიის ხალხი იმავე ენაზე ლაპარაკობს და აქვს იგივე ადათ-წესები, რაც სამეგრელოში მცხოვრებ ხალხს. აქაური ადათ-წესები არ არის მეტისმეტად მკაცრი და არც ხალხია ისეთი ზნედაცემული, როგორც ეს შარდენის დროს იყო. გურიის ხალხი ამ ხნის მანძილზე ძალზე გაკეთილშობილებულა.

გურიაში მისდევენ მევენახეობას, მოჰყავთ სიმინდი, ფეტვი, თამბაქო, ალაგ-ალაგ ბამბა, წარმოებენ მცირეოდენ აბრეშუმსაც. ბამბა და აბრეშუმი აქ ისეთი რაოდენობითაა, რომ მხოლოდ ადგილობრივ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და საექსპორტო საქონელთა შორის მათი ჩართვა შეუძლებელია.

გურიაში საკმაოდ დიდი რაოდენობით აწარმოებენ ცვილსა და თაფლს. ეს უკანასკნელი ორი სახისაა: ერთი წააგავს იტალიის საუკეთესო თაფლს, მეორე კი მათრობელაა და ამ თვისებას იგი იელის ყვავილისაგან იძენს, რომლითაც ფუტკრები იკვებებიან და რომლის ბუჩქებიც უხვადაა ზეგან ადგილებში. ქსენოფონტეს სწორედ ეს მათრობელა თაფლი აქვს მოხსენიებული, როცა მან ბერძენთა ათიათასიანი დაქირავებული ჯარით უკან დახევისას კოლხეთის მოსაზღვრე ქვეყანაზე გამოიარა.



Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

როგორ დაკარგა გურიამ ქობულეთი

გურია, ტრადიციულად, სამ ნაწილად იყოფოდა: ზემო, შუა და ქვემო გურიად. ქვემო გურია - ტერიტორია მდინარეებს, ჩოლოქსა და ჭოროხს შორის, დაახლოებით ემთხვევა დღევანდელი ქობულეთის რაიონს. ქვემო გურია გურიის სამთავროს ოსმალეთის იმპერიამ 1770-იან წლებში წაართვა და საზღვარმა მაშინ მდინარე ცხრაფონაზე გაიარა. ოსმალეთმა ეს ტერიტორია შეინარჩუნა ერთი საუკუნის განმავლობაში, 1878 წლამდე, მანამ, სანამ ის რუსეთის იმპერიამ ომის შედეგად არ დაიკავა. 1804 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო გურიის სამთავროთურთ მფარველობაში მიიღო. რუსეთს მაშინვე გაუჩნდა პრეტენზიები ბათუმზე. საქართველოს მთავარმართებელი პავლე ციციანოვი სწერდა რუსეთის ელჩს სტამბულში, ანდრეი იტალინკსკის, რომ ეზრუნა ბათუმის რუსეთისთვის შეერთებაზე, რადგან ბათუმი გურიის სამთავროს ეკუთვნოდა, გურიის სამთავრო კი ახლა რუსეთს ეკუთვნისო. გურიის სამთავროს საზღვრების შესასწავლად გურიაში ჩავიდა პიოტრ ლიტვინოვი, რომელსაც ქაიხოსრო და მამია გურიელებმა მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი გურიის სამთავროში შედიოდა. ლევან გურიელმა ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...