Skip to main content

ოზურგეთის საქალაქო თვითმმართველობა

გურის სამთავროს რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიის შემდეგ, 1840 წელს, შეიქმნა გურიის მაზრა (1846 წლიდან ეწოდა ოზურგეთის მაზრა) და ოზურგეთი გამოცხადდა სამაზრო ქალაქად, მაგრამ თვითმმართველობის უფლება მას არ მინიჭებია. მაზრა იმართებოდა საპოლიციო წესით, მაზრის უფროსის მიერ, რომელსაც ხელისუფლება ნიშნავდა.  

1870 წელს მიღებულ იქნა საქალაქო დებულება, რომლითაც იმპერიის ზოგ ქალაქს მიენიჭა თვითმმართველობის უფლება მაგრამ ეს არ შეეხო ოზურგეთს. ოზურგეთმა თვითმმართველობის უფლება მიიღო 1896 წელს, როცა მოქმედებდა იმპერატორ ალექსანდრე მესამის მიერ შეცვლილი ახალი საქალაქო დებულება 1892 წლისა, რომელიც 1870 წლის დებულებასთან შედარებით, უფრო ავიწროვებდა მოქალაქეთა საარჩევნო უფლებას და უფრო ზღუდავდა თვითმმართველობის უფლებებს. საარჩევნო უფლება ჰქონდა ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომს, რომელიც ფლობდა 1500 მანეთის ღირებულების უძრავ ქონებას ან იყო I ან II გილდიის ვაჭარი. 
 
შეზღუდული იყო თვითმმართველობის კომპეტენციაც. არჩეულ პირებს ამტკიცებდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც შეეძლო, არ დაემტკიცებინა ის და სანაცვლოდ თავად, ან გუბერნატორს დაენიშნა სასურველი პირი. 1899 წლიდან კავკასიის მთავარმართებელს შეეძლო სათათბიროდან ან ქალაქისთავის თანამდებობიდან დაეთხოვა არაასურველი პირი და თავად დაენიშნა მისი ნაცვალი. თვითმმართველობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა დაემტკიცებინა გუბერნატორს. 
 
საქალაქო თვითმმართველობის პირველი არჩევნები ოზურგეთში ჩატარდა 1896 წელს. თვითმმართველობა შედგებოდა ქალაქის საბჭოსგან, სადაც შედიოდა 15 წევრი, ქალაქისთავისგან და მისი ამხანაგისგან. ქალაქისთავი საბჭოს მიერ აირჩეოდა და გადაყენებაც მასვე შეეძლო. საარჩევნო უფლება მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ მსხვილ სახლის პატრონებსა და მსხვილ ვაჭრებს. თვითმმართველობის უწყებაში შემავალი თანამდებობები იყო ბაზრის ზედამხედველი, ქალაქის ექიმი, ფელდშერი, გადასახადების ამკრეფი.

1896 

პირველი მოწვევის თვითმმართველობის საქმიანობაზე წერს თედო სახოკია:

საზოგადოდ, მთელ ქალაქსა და კერძოდ ამ „ამხანაგობათა“ და დაწესებულებათა დარაჯად უდგა ქალაქის თვითმმართველობა, შემოღებული 1896 წელს. ქალაქის თავად მოწვეული ჰყავთ ახალგაზრდა უნივერსიტანტი, ოზურგეთის მაზრისავე მკვიდრი. რაც აქამდე დააკლდა ქალაქს უპატრონობითა და მოუვლელობით, ახლა ცდილობს თვითმმართველობა, შეივსოს. მართალია, მთელი წლიური ბიუჯეტი ქალაქისა სამას-ოთხას თუმანს არ აღემატება, მაგრამ ამით გულს არ იტეხს თვითმმართველობა, გაორკეცებული მხნეობით ეკიდება ყოველსავე დაბრკოლებასა. ბევრი კითხვები აღძრა თვითმმართველობამ, რომელთაც სამაზრო მნიშვნელობაცა აქვთ. თვითმმართველობამ შეაფასებინა ქალაქის უძრავი ქონება შემოსავლის კვალობაზე. თვითმმართველობა ცდილობს ოზურგეთში სავაჟო პროგიმნაზია დააარსოს, თვითმმართველობამ გაუხსნა მკვიდრთ საჯარო წიგნთსაცავი, თვითმმართველობავე ცდილობს სამუდამო თეატრი შეაძენინოს ოზურგეთსა, ბოლოს, თვითმმართველობავე თავობს ოზურგეთში საექიმო თავშესაფარის დაარსებას და ექიმის მოწვევასა და სხვ...

სანუგეშო ის არის, რომ იმ დროს, როცა ჩვენი სამშობლოს სხვა ქალაქებსა, იმათაც კი, სადაც თვითმმართველობა არის შემოღებული, საღათას ძილითა სძინავთ, ოზურგეთი, ეს პატარა და ღარიბი ქალაქი, წელებზე ფეხს იდგამს, აწუხებს ცასა და ქვეყანას: ეს გვინდა, ეს გვესაჭიროება, ეს დაგვიარსეთო!... აქაც ყველაზე მეტად აშკარად ჩანს გურულის ცოცხალი ბუნება: ათასნაირ გზას ეძებს - გასაჭირს მოუაროს, ოღონდ კი ფონს გავიდეს სადმე. გულს იმედი გესახებათ, როცა იმათ უყურებთ...


თვითმმართველობა ქალაქისა ცდილობს ამ ბაღს ცოტა რიგიანი სახე მისცეს და მართლა ბაღს დაამსგავსოს, რომ ერთ დროს მაინც ოზურგეთელებს ერთი საზოგადო თავშესაფარებელი ადგილი ჰქონდეთ

ეს ახალგაზრდა უნივერსიტანტი, რომელსაც სახოკია ახსენებს, იყო ნიკოლოზ თავდგირიძე. გარდა იმ საქმეებისა, რასაც სახოკია იხსენებს, ქალაქის თვითმმართველობა, როგორც 1896 წლის, ასევე 1900 წლის მოწვევისა, აქტიურად ლობირებდა ოზურგეთში რკინიგზის შეყვანას, მუშაობდა ქალაქში გალობის შემსწავლელი კაბინეტის მოსაწყობად ეპისკოპოს ალექსანდრესთან ერთად. 1896 წლის მოწვევის ქალაქის საბჭოს წევრი იყო ალფესი მიქელაიშვილი, ოზურგეთის სტამბის დამაარსებელი.



ნიკოლოზ თავდგირიძე

1896 წელს  ქალაქის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 400 თუმანი იყო (270 000 ₾). ქალაქის ექიმი ამ დროს არის კვიროსი თოთიბაძე

1900

არჩევნები გაიმართა 1900 წლის 20 მარტს. არჩეულ იქნა საქალაქო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: (ცნობის ფურცელი N1084, 1900)
  1. თავადი ტიფო დიმიტრის ძე ნაკაშიძე, მომრიგებელი მოსამართლე
  2. ვასილ ხუნდაძე, პროვიზორი
  3. სამსონ ვაშაყმაძე, კბილის ექიმი
  4. გიორგი მარგალიტაძე, მასწავლებელი
  5. სოლომონ ჭეიშვილი, სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის გამგე
  6. პლატონ ბერიძე, ვექილი
  7. ანდრია ივანოვი, აქციზის მოხელე
  8. რაჟდენ წუწუნავა, მეეტლეთა ამხანაგობის თავმჯდომარე
  9. დომენტი შავიშვილი, კომერსანტი
  10. კონსტანტინე კვაშალი, აზნაური
  11. იაგორ ჭელიძე
  12. ალმასხან ურუშაძე,
  13. ილიკო გოგელია,
  14. ნიკო შარაშენიძე,
  15. სამოველ სიამაშვილი

1901

ქალაქის თავი 1901 წლიდან იყო დიმიტრი ზოსიმეს ძე ცეცხლაძე. მისი თანაშემწე ეგ. ჭელიძე.
 
დიმიტრი ცეცხლაძე
1901 წლის 8 დეკემბრის არჩევნები (გაზეთი კვალი N51, 1901)

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 205-მა ადამიანმა. დიმიტრი ცეცხლაძემ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა ნიკო თაყაიშვილს, რადგან გადახდილი არ ჰქონდა ქალაქის ვალი და ექიმ ივ. თიკანაძეს, რომელსაც არ ჰქონდა ცენზი. პლატონ ბერიძე მხარს უჭერდა თაყაიშვილის კანდიდატად დასახელებას. კონსტანტინე კვაშალის პირით ნიკო თავდგირიძემ უარი შემოთვალა კენჭისყრაზე.
  1. ს. გრიაზნოვი, კერძო სკოლის მასწავლებელი 195 
  2. დ. გოგავა, სამხედრო ექიმი 188
  3. ლომკაც აბაშიძე, შავქვაში ნოქრად ნამყოფი 188
  4. მანასე (მოსე) თოთიბაძე, ოზურგეთის მომრიგებელ სასამართლოს განყოფილების მოხელე 188
  5. ესტატე ანთაძე, შტაბსკაპიტანი 187 
  6. ექიმი თავადი დ. ერისთავი 185 ხმა
  7. ექიმი იაგ. თაყაიშვილი, 185 
  8. ტარასი ჭიჭინაძე, სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი, 184 
  9. გიორგი ბერიძე პოლკოვნიკი, აჭარის უფროსად ნამუშევარი 182 
  10. სერგია შავარდნაძე, აზნაური 168
  11. ა. მასალკინა, ნოტარიუსი, ქართულის არ მცოდნე 163 
  12.  ივლიანე სულუხია, ფართლის და პარკის მოვაჭრე, 162 
  13. ვ. ოქ. ურუშაძე, ინსტიტუტ დამთავრებული და უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი 
კანდიდატებად: თაყა სალუქვაძე, კოწია სიამაშვილი, თავ. მელქისედეკ ნაკაშიძე, თ. იორაშვილი, აზნაური მიხ. კობალაძე. არ აირჩიეს მხოლოდ მიხ. თმანიშვილი.

1904

ქალაქის საბჭოში არჩეული ხმოსნები: (ივერია N79, 2 აპრილი, 1904)
  1. ნიკოლოზ თავდგირიძე
  2. თეოფილე გოგიტიძე, ფოსტის მოხელე
  3. დომენტი შავიშვილი, მეორედ
  4. რაჟდენ წუწუნავა, მეორედ
  5. დიომიდე სალუქვაძე, 1927 წელს ხელი მოაწერა ყოფილი სოციალ-დემოკრატი გურულების განცხადებას მენშევიკების დაგმობის შესახებ),
  6.  სოლომონ ხონელია, ბათუმის ქალაქის თვითმმართველობაში ნამსახური
  7. მანასე (მოსე) თოთიბაძე, მეორედ
  8. ვასილ ხუნდაძე, მეორედ
  9. ომაინ ნაკაიძე, ვაჟთა საქალაქო სასწავლებლის სამხედროს მასწავლებელი
  10.  გრიგოლ თენიეშვილი, ვაჭარი
  11.  ნიკოლოზ ჩხაიძე, ვაჭარი
  12. პლატონ ბერიძე, ვექილი
  13. იოსებ ხომერიკი, ვაჭარი
  14. კონსტანტინე კვაშალი, მეორედ
  15.  ნიკოლოზ თაყაიშვილი, მილიციის პრაპორშიკი

კანდიდატები, რომლებიც არ აირჩიეს: კონსტანტინე სიამაშვილი, გიგილო გედევანიძე, გიორგი ჯინჭარაძე, მიხაკო კობალაძე, არსენ თავაძე

1905

დიმიტრი ცეცხლაძე და პლატონ ბერიძე 1905 წლის მარტში გამოვიდნენ გლეხების დასაცავი სიტყვით ქუთაისის გუბერნატორის ვიზიტის დროს. (მოგზაური, N11, 1905)
 
დიმიტრი ცეცხლაძის შემდეგ, 1905 წელს ქალაქისთავად იხსენიება ვასილ ხუნდაძე (ასახელებენ თენგიზ ჟღენტი და გრიგოლ დუმბაძე, ასევე გურიის რესპუბლიკის საქმის სასამართლო განხილვის  მასალები)

ქალაქის საბჭო დათხოვნილ იქნა 1905 წლის ნოემბერში, გურიის რესპუბლიკის დროს, ჩატარდა საქალაქო თვითმმართველობის არჩევნები საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე, სქესის განურჩევლად. ქალაქისთავად არჩეულ იქნა მიხაკო ახალაძე. ხმოსნებს შორის იყვნენ მოსე ტუღუში (303 ხმით), გიორგი მამულაიშვილი (413 ხმით)

1907

1907 წელს ქალაქის საბჭოს წევრები იყვნენ თეოფილე გოგიტიძე, რაჟდენ წუწუნავა, დიომიდე სალუქვაძე, მოსე თოთიბაძე, ომაინ ნაკაიძე, გრიგოლ თენიეშვილი, ნიკოლოზ ჩხაიძე, იოსებ ხომერიკი, ნიკოლოზ თაყაიშვილი, კონსტანტინე სიამაშვილი, გოგილო გედევანიძე, გიორგი ჯინჭარაძე, არსენ თავაძე.

1910

საბჭოს წევრები 1910 წელს:
  1. ბესარიონ კალანდაძე 
  2. თეოფილე გოგიტიძე, 
  3. სოლომონ ტუღუში  
  4. რაჟდენ წუწუნავა, 
  5. მასიკო სალუქვაძე
  6.  დიომიდე სალუქვაძე, 
  7. მოსე თოთიბაძე, 
  8. ვასილ ხუნდაძე, 
  9. ომაინ ნაკაიძე, 
  10.  ვლადიმერ თოთიბაძე 
  11. ნიკოლოზ ასათიანი
  12. სამუელ ჭყონია
  13. გიორგი თოთიბაძე 
  14. თედორე კვაშალი
  15. პორფილე ვაშალომიძე
ქალაქის თავი ამ დროს იყო პლატონ ბერიძე იყო

პლატონ ბერიძე

1911 წელს ქალაქის საბჭოს წევრები იყვნენ ბესარიონ კალანდაძე, თეოფილე გოგიტიძე, სოლომონ ტუღუში, რაჟდენ წუწუნავა, მასიკო სალუქვაძე, დიომიდე სალუქვაძე, ესტატე ტრაპაიძე, ვასილ ხუნდაძე, ომაინ ნაკაიძე, კონსტანტინე სიამაშვილი, იოსებ ხომერიკი, ლუკა შარაშიძე, სამსონ გოგიტიძე, თედორე კვაშალი, პორფილე ვაშალომიძე.

1914-1915

1914-1915 წლებში ქალაქის თავი იყო ალმასხან კალანდაძე, მისი ამხანაგი კი გიორგი სალუქვაძე. საბჭოს შემადგენლობა ასეთი იყო 
  1. დიმიტრი ერისთავი 
  2. გერმანე გოგიტიძე  
  3. მოსე თალაკვაძე 
  4. დომენტი თალაკვაძე  
  5. იგორ ლომინაძე 
  6. თაყა სალუქვაძე
  7. ანტონ მუჯირი  
  8. ქაიხოსრო ჯაყელი  
  9. ილია სვანიძე  
  10. ირაკლი ტუსკია 
  11. იასე ორაგველიძე 
  12. პავლე ქარცივაძე 
  13. მოსე ცომაია (მის სახლში 1905 წლის რევოლუციის დროს რევოლუციონერები უკანონოდ ამზადბდნენ იარაღს)

1916

1916 წელს ქალაქის საბჭოს წევრები იყვნენ ალმასხან კალანდაძე, გერმანე გოგიტიძე, მოსე თალაკვაძე, იაგორ ლომინაძე, თაყა სალუქვაძე, ანტონ მუჯირი, გიორგი სალუქვაძე, ირაკლი ტუსკია, იასე ორაგველიძე, პავლე ქარცივაძე.

ქალაქის საბჭოს წევრი და ქალაქის თავი იყო მაზრის ექიმი დიმიტრი ერისთავი. ერისთავი.  იყო ქალაქში საშუალო სასწავლების გახსნის ერთ-ერთი მოთავე. დახმარებას უწევდა ქალაქის თეატრისა და კინოს მუშაობას, ზრუნავდა ქალაქის კეთილმოწყობაზე. მისი მოადგილე იყო ქაიხოსრო ჯაყელი.

დიმიტრი ერისთავი

ბიუჯეტი

1911 წელს ქალაქის შემოსავლები იყო 9463,96 მანეთი  (640 000 ₾), 1914 წელს - 19921 მან. (1 140 000 ₾), 1916 წელს - 39200 მან. (2 625 000 ₾). ბიუჯეტის შემოსავლები ასეთი იყო:
  • 25% - ქალაქის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების გამოყენებიდან 
  • 15% - გადასახადები სხვა უძრავ ქონებაზე
  • 8% - სასაკლაო
  • 4% - მაღაზიები, ტრაქტირები, სასტუმროები
  • 2% - გადასახადები წარმოებიდან და სხვ.
ხარჯების სტრუქტურა 1914 წელს ასეთი იყო:
  • კანალიზაცია 60%
  • ტრანსპორტი 17%
  • ადმინისტრაციის შენახვა 12%
  • გარეგანათება 5%
  • პოლიციის შენახვა 4%
  • სკოლების შენახვა 3% და ა.შ.
1918 წლის აპრილში ქალაქის თავის ამხანაგი იყო მიხა საბაშვილი. იგივე პიროვნება იყო ოზურგეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე. 1918 წლის ზაფხულში ქალაქის საბჭოს დადგენილებით გადადგა ქალაქის თავი, მის ნაცვლად აირჩიეს გიორგი ექვთიმეს ძე მურვანიძე, მის ამხანაგად სიმონ ცხომელიძე. მურვანიძე ამავე დროს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

პირველი რესპუბლიკის დროს განხორციელდა საერობო რეფორმა. 1918 წელს ჩატარდა საერობო რეფორმის პირველი ეტაპი და არჩევნები. (გარდა საომარი რეგიონებისა). 1919 წელს ამოქმედდა ადმინისტრაციული მოწყობის ახალი წესი, შეიქმნა მაზრის ერობა და სამაზრო გამგეობა. ერობებმა იმუშავეს 1921 წლამდე.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ხელისუფლების ცენტრალიზაციის პირობებში თვითმმართველობაზე საუბარი ზედმეტია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ოზურგეთში საქალაქო თვითმმართველობის არჩევნები სამჯერ, 1998, 2002 და 2014 წლებში ჩატარდა. აქედან 1998 წელს მხოლოდ საკრებულო, 2002 და 2014 წლებში კი საკრებულოცა და მერიც პირდაპირ ხალხის მიერ იყო არჩეული.

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...