Skip to main content

დიმიტრი ბაქრაძე გურიის შესახებ

დიმიტრი ბაქრაძე იყო ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ბაქრაძემ გურიასა და აჭარაში იმოგზაურა 1873 წელს, მოინახულა შემორჩენილი ისტორიული ძეგლები, შეაგროვა სიგელ-გუჯრები და ნანახი აღწერა წიგნში „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“



გურიაში მოგზაურობაში დიმიტრი ბაქრაძეს, როგორც თითონ აღნიშნავს, დაეხმარნენ ეპისკოპოსი გაბრიელი, გრიგოლ დავითის ძე გურიელი და დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელი.

მარშრუტი: სამტრედია, ორპირი (საჯავახო), ოზურგეთი, ბათუმი, აჭარა, ჭვანა, ხინო, კობალაური, ტყემაკარავი, ჭახათი, ქაქუთი, ოზურგეთი, ლიხაური, ჭანიეთი, აჭი, ოზურგეთი, შემოქმედი, გონებისკარი, გომი, უჩხობი, ბაღდადი, ბახვი, ოქროსქედი, ასკანა (მთისპირი), ვანისქედი, ბასილეთი, ხიდისთავი, ერკეთი, იანეული, ბუკისციხე, ვანი, სურები, საყვავისტყე, ნონეიშვილები, ქვემო ხეთი, ზემო ხეთი, გორმაღალი, გამოჩინებული, გოგოლესუბანი, ამაღლება, სამება, აკეთი, აცანა, ნიგოითი, ჯუმათი, ბოგილი, ბაილეთი, ზედუბანი, ვაშნარი, ოზურგეთი, ნაგომარი, ჩოხატაური

გზების შესახებ


ქუთაისის-ოზურგეთის საფოსტო გზა გადიოდა სამტრედია-ორპირზე. ორპირზე რიონზე გადასასვლელი ხიდი არ არის, მხოლოდ ბორანი დადის. რიონი მდორედ მიედინება, წყალი სავსეა შლამით და მუდამ ამღვრეულია. მდინარეს დიდი სიღრმე და განი აქვს. გემები ფორტიდან თავისუფლად აღწევენ აქამდე.

საფოსტო გზა ორპირიდან ოზურგეთამდე მოხრეშილია; წვიმებისა და ნამზღვეველისგან იგი გაფუჭებული იყო მხოლოდ პირველ სადგურამდე ხევისწყლის ვიწრო ხობაში. სამტრედიიდან ოზურგეთამდე გზა 12 საათში გავიარე და მიუხედავად წვიმისა, ძალზე გამიტაცა ადგილმდებარეობამ. გურიის ბუნება იმერეთისაზე უფრო ლამაზი და მდიდარი მეჩვენა; მდინარეები, რომლებზეც ჩემი გზა გადიოდა, მთისაა და ამიტომ ანკარა და ბროლივით გამჭვირვალეა.

აცანიდან ჩემი გზა ჩახატაურის ქედის მეორე მხარეზე სოფელ ნიგოითში გადიოდა. თავდაპირველად შარაგზაზე გასვლამდე ძალზე ცუდი გზით ვმგზავრობდი. ეს გზა ამას წინათ გაიყვანეს ოზურგეთიდან. იგი უღრან ტყეში გადის. 

ნიგოითიდან დასავლეთით გავწიე ჩახატაურის სამხრეთ ფერდობის გაყოლებით. მე მიმეჩქარებოდა სახელგანთქმულ ჯუმათის ტაძარში, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანია არქეოლოგიური თვალსაზრისით. ჩემი გზა მეტწილად ჭაობიან ადგილებში გადიოდა, სოფლებზე - შუხუთი, ლანჩხუთი, ჯუნჯუათი, ზემო ჩიბათი, ბაღლები, ყელა, ჩოჩხათი და ბულუხვაური. გურიის ამ ნაწილში ჩახატაურის ქედის გადასავალი სამხრეთ ფერდობზე ძალზე ადვილი აღმოჩნდა. სუფსის ხეობაში დავეშვი საურმე გზაზე, რომელიც ჯუმათს მიდიოდა. 

ოზურგეთის შესახებ


ოზურგეთის ცენტრში ერთადერთი და ძალზედ ბინძური სასტუმროა. ქუთაისელ ტუმანოვს ეკუთვნის

ოზურგეთს უჭირავს მდინარე ბჟუჟის შენაკადის, ბაზრისწყლის ორივე ნაპირი. მისი აღმოსავლეთ ნახევარი ოდნავ შემაღლებულია

ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით გადაშლილა ტალღოვანი ვაკე, ირგვლივ მთელი მიდამო დაფარულ ხშირი ტყეებით, შიგადაშიგ გაშენებულია ღომისა და სიმინდის ყანები.

ოზურგეთი ჰავის მიხედვით გურიის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. იგი გურიის მთავართა საზამთრო რეზიდენცია იყო. მათი ყოფილი სასახლე ახლა სამხედრო ლაზარეთს უჭირავს

ოზურგეთში საინტერესო ვერაფერი ვნახე: მისი ორი მართლმადიდებლური ეკლესია უბრალო ხუროთმოძღვრებაა გურიისთვის ჩვეულებრივი უშნო ხის გუმბათებით

ოზურგეთის შენობებიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მხოლოდ ერთი, სახელდობრ თავად დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელის ორსართულიანი სახლი, რომელიც ამ ბოლო დროს აუშენებიათ ევროპულ-თურქულ ყაიდაზე.

აჭარის შესახებ


გურიის საზღვრიდან ბათუმამდე მოსახლეობა მხოლოდ ქართული ელემენტისგან შედგება (ჩერქეზების გამოკლებით) და მათი ენა არაფრით განსხვავდება გურული კილოსაგან. მცხოვრებთა ტიპი, ტანსაცმელი, ზნე-ჩვეულება ასევე გურულია. ჩურუქსუელებს ძალიან კარგად ახსოვთ თავიანთი ქართული წარმომავლობა და თურქული სახელები ჰქვიათ, მაგრამ ამასთან კვლავ ხმარობენ თავის ძველ ქართულ გვარებს; თანაც ყველა მათგანს შეუძლია დაგვისახელოს თავისი სახლიკაცები გურიასა და იმერეთში, და ისლამმა მაინც უკვე დაასვა მათ თავისი დაღი, ქალს თვალს ვერსად მოჰკრავ; ისინი ჩაკეტილი არიან და გამოჩენას ვერ ბედავენ. ამ მხრიც ჩურუქ-სუ და, როგორც შემდეგ დავრწმუნდი, მთელი აჭარა მეზობელი გურიის სრული კონტრასტია. არც ეკონომიურად, არც ონებრივად ადგილობრივ მცხოვრებთ ნაბიჯიც არ წაუდგამთ წინ. ისინი, შეიძლება ითქვას, უარეს უმეცრებაში არიან, ვიდრე მათი წინაპრები იყვნენ, სანამ თურქები დაიპყრობდნენ. მათში უაღრესად მძვინვარებს შურისძიება, რისი კვალიც არც წინათ და არც ახლა არ ეტყობათ მათს მონათესავე გურულებს. აქ არის შეძლებული გვარები, როგორც, მაგალითად თავდგირიძეები და ბეჟანიშვილები, მაგრამ მათში არავინაა ისეთი, რომ შვილების აღზრდა შეეძლოს: მათ არა აქვთ არც ერთი სასწავლებელი, გარდა მეჩეთებთან არსებული უბადრუკი სკოლებისა. ერთი სიტყვით, განვითარების გზა მოჭრილი აქვთ

ჩურუქ-სუ, ანუ ქართული ქობულეთი წარსულში გურიის შემადგენლობაში შედიოდა და მისი მოსახლეობა, არც ისე დიდი ხანია, მოექცა მუსულმანობაზე.

აჭარაში ქალების მდგომარეობა მშობლების ოჯახშიც და ქმრის ოჯახშიც ძალზე სავალალოა. მართალია, ოჯახი მის ხელშია: იგი ამზადებს საჭმელს, კერავს მუშაობს ყანაში, მაგრამ მაინც უუფლებო არსებაა, უუფლებო არა იმდენად ყურანის მოძღვრებით, რამდენადაც უმეცარი მოსახლეობის შეხედულებით

აჭარლებს რომ აკვირდებით, უნებლიედ გაოცებთ მათი წმინდა ქართული ტიპი. ამ მხირვ მე ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ გურულებისა და აჭარლების ფიზიონომიასა, აგებულებასა და ხასიათში. ისინი ტანადნი არიან, მკვირცხლნი და საზრიანები

როგოების წიფლის ხეებზე შედგმა, გარდა კინტრიშის ხეობისა, ჩვეულებად აქვთ აჭარასა და გურიაში. ასეთსავე ჩვეულებას აღნიშნავენ მცირე აზიის სხვა ადგილებშიც. 

[კინტრიშის] ხეობის მთელი მოსახლეობა ძალზე ღარიბად ცხოვრობს. აქ სახნავ-სათესი ისე მცირეა, რომ საწყალი ხალხი დიდი გაჭირვებით კაფავს სიმინდის საყანედ უღრან ტყეებს ციცაბო ფერდობებზე, ზოგჯერ სახლიდან 8-10 ვერსის დაშორებით. ამ სიღარიბემ აიძულა ჩურუქსუელები ხელში აეღოთ იარაღი და პროტესტი გამოეცხადებინათ მთავრობის განკარგულების წინააღმდეგ, - გაედიდებინათ გადასახადი ხაზინის სასარგებლოდ.

ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ


გურიის ფართობი ოთხი, ჩოხატაურის, ბახვის, გურიანთისა და ლანჩხუთის უბნებისგან შედგება.

სოფლები ლიხაური ჭანიეთითურთ, ქაქუთი, აჭი, ნაცხავატევი, კვაჭალათი და ნიაბაური ახლო-ახლოსაა აჭისწყლის დაყოლებაზე და ახლანდელი ადმინისტრაციული დაყოფით შეადგენს ერთ სასოფლო საზოგადოებას ერთი სასოფლო მმართველობით

შემოქმედის სასოფლო საზოგადოებაში 160 კომლია, რომლებიც განაწილებული არიან საკუთრივ შემოქმედში, გოგიეთსა, წითელმთასა და გორისფერდში. 

ბასილეთიდან გავემგზავრე ოცხანაში, ანუ ხიდისთავში. ეს სოფელი უბანში ერთადერთია, რომელსაც ბაზარი აქვს და ამიტომ იგი გურიაში ცნობილია საერთოდ როგორც ქალაქი. ხიდისტავი, ბასილეთი და მეწიეთი შეადგენს ერთ საზოგადოებას, სადაც 400 კომლი ცხოვრობს.

ნონეიშვილების საზოგადოებაში (140 კომლი) შედის სოფლები ქვემო ხეთი (117 კომლი) და ბურნათი (58 კომლი)

გურიის სოფლების შესახებ


შემოქმედი ერთი საუკეთესოთაგანია გურიაში როგორც ჰავით, ისე ნაყოფიერებით: ისევე როგორც ლიხაურში, აქაც საუკეთესო ჯიშის ღომი, სიმინდი და ყურძენი მოჰყავთ. როგორც ამბობენ, იგი განსაკუთრებით ცნობილია წვრილმარცვლიანი წითელი ყურძნის - ჩხავერის სიუხვით.

ოზურგეთიდან შემოქმედს მიმავალი გზა ... ბზუჯის მარჯვენა ნაპირს მიჰყვება სოფელ კვირიკეთზე გავლით, სადაც სხვა ვერაფერი ვნახეთ საინტერესო, გარდა ხის ეკლესიის გალავანში მდგარი დიდი ბზისა

უმნიშვნელო, ერთმანეთის ახლომდებარე სოფლებია გუნებისკარი, გომი, უჩხობი, ბაღდადი

სოფელი თავპანტა გუბაზეულის ხეობაშია, სოფელი ხევის ზემოთ. იგი ხშირი თავდასხმების გამო მიატოვეს და ახლა ისევ შენდებაო

[ბუკის]ციხიდან სოფელ საყვავისტყეზე გავლით სოფელ ნონეიშვილებში გავემგზავრე. ჩემი გზა საწაბლიოს ქედის ქვეოთ გადიოდა. ეს ქედი ორი უბნის - საერისთაოსა და საჯავახოს საზღვარია. საჯავახოს მფლობელნი დიდი ხანია გადაეგნენ და მიუხედავად იმისა, რომ საჯავახო თითქმის მთლიანად გადავიდა ერისთავ შარვაშიძეთა ხელში, დღემდე არ დაუკარგავს თავისი ძველი სახელწოდება. საერისთაოს სახელით ცნობილია ადგილი გუბაზეულსა და საწაბლიოს ქედს შორის, ხოლო საჯავახოს სახელით - მიწის ნაკვეთი საწაბლიოსა და ვახუშტის საჯავახოსწყალს, ახლანდელ ხევისწყალს, ანუ როგორც მას აქ ეძახიან, ხეისწყალს შორის. წარსულში საჯავახო ხევისწყალს გაღმაც ვრცელდებოდა და თვით რიონის ნაპირებამდე უწევდა.

გურიის სიძველეების შესახებ


რაც შეეხება გურიას, საქართველოს ამ პატარა კუთხეს, მისმა არქეოლოგიური მასალების სიუხვემ გადააჭარბა, როგორც ჩემს, ისე ბროსეს მოლოდინს.

მართლაც, გურიის ისტორია თავს ვერ მოიწონებს სიძველით; აქ არ არის ხუროთმოძღვრების ძველი ძეგლები; მისი უძველესი ეკლესიები XI საუკუნეზე ადრეული არ არის, ამასთან ისინი გვანცვიფრებენ სტილის უაღრესი უბრალოებით

გურიის ძველი ეკლესიები, ჩემი აზრით, ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით სხალთის ტაძრის უხეირო მიბაძვაა

[შემოქმედის] ეკლესიების გარეგნობა სულაც არ შეეფერება მათს ისტორიულ მნიშვნელობასა და სიმდიდრეს. ეკლესიები არ არის ვრცელი, ამასთან დასახიჩრებულია გვიანდელი მინაშენებით და უხეირო ყავრის სახურავით

[გამოჩინებულის] მონასტერი ჩახატაურის ქედის ერთ-ერთ მაღლობზე დგას და ჯუმათის შემდეგ ყველაზე ვრცელი გადასახედი აქვს, ამიტომაც ჰქვია გამოჩინებული

უდაბნო მდებარეობს ამაღლების მთის ერთ-ერთ ციცაბო კალთაზე, სოფელ ამაღლების ზემოთ და ორპირიდან ოზურგეთს მიმავალ საფოსტო გზის მახლობლად. უდაბნოს აღმართი დამრეცი და ძნელია. იქიდან მშვენიერი სანახაობა იშლება. უდაბნოში უხვადაა ტყე და გემრიელი წყალი; ჰავაც მშვენიერია. მე აქ ვნახე 7 ბერი და ათამდე ბიჭი, რომლებიც ქართულ წერა-კითხვას სწავლობდნენ.

ნიგოითის წმ. გიორგის ეკლესია ძველი რომ უნდა იყოს, ამას თვით მისი შესსახედაობა ცხადყოფს, ხოლო თუ მისი წარწერების შინაარსს გავითვალისწინებთ, უეჭველი გახდება, რომ იგი ძალზე ძველ ეკლესიად უნდა ჩაითვალოს გურიაში, რადგან ფრესკების ასეთი ძველი წარწერები მე არსად შემხვედრია გურიელების სამთავროში

ჯუმათის ტაძარი ჩახატაურის დაბალი ქედის ერთ-ერთ თხემზე დგას. ეს მწვერვალი სიმაღლით ახლო-მახლო მწვერვალებიდან მხოლოდ სამებას ჩამოუვარდება. ჯუმათის ტაძარი 18 ვერსითაა დაშორებული ოზურგეთს, საიდანაც იქით მიმავალ გზას კვეთს მდინარეები ნატანები, სკურდები და სუფსა, საიდანაც ასე რვა ვერსი საკაოდ საგრძნობი აღმართია .... ზედ მწვერვალზე ჩემ წინ გადაიშალა დიდებული სანახაობა, რასაც არ ველოდი. ყოველ შემთხვევაში მე თითქმის მთელი მხარე მომივლია და უნდა გამოგიტყდეთ, რომ არსად მთელ კავკასიაში არ შემიძლია დაგისახელოთ ისეთი ფართო ჰორიზონტი, როგორსაც აქედან ვჭვრეტდი ორი დღის განმავლობაში

ბაილეთის შემდეგ მოსახილავი დამრჩა გურიის ორი ძეგლი, სახელდობრ ციხე და ვაშნარი, რომელთაგან პირველი გურიანთად წოდებულ უბანში მდებარეობს, ორივე თავად ნაკაშიძეს ეკუთვნის. გურიანთა მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, მთაგორიანი ადგილია, არა აქვს ხეირიანი გზები

ასკანის ციხე მდებარეობს მაღალ, ფრიალო კლდეზე ეკლესიის პირდაპირ, ბახვისწყალსა და მის მარჯვენა შენაკადს შუა. იქ ასვლა შეიძლება მხოლოდ კარგ ამინდში ბილიკით, რომელიც ჯერ ციცაბო ფერდობს უვლის, შემდეგ ვიწრო ქედს. ეს ციხე, რომელსაც ირგვლივ ტყე აკრავს, მრისხანედ გამოიყურება გადარჩენილი კოშკებითა და მაღალი სათოფურიანი კედლებით. შიგნით წყლის აუზია, გალავანს გარეთ კი წყაროს წყალი. მას გურიელი კაზემატად იყენებდა, სადაც დამნაშავეებს ყრიდა და კედელზე ჯაჭვით აბამდა. იგი აღჭურვილი იყო ქვემეხებით, რომლებიც 30-იანი წლების შემდეგ ოზურგეთში წაიღეს, და საიმედო სახიზნავად ითვლებოდა გარეშე თუ შინაური მტრის წინააღმდეგ. მის ძირში გადის გურიიდან ზემო აჭარაში მიმავალი ყველაზე მარჯვე გზა. იგი ბახვისწყლის ხეობით გადადის სომლიაზე. ამ გზით აჭარლები ამარაგებენ გურიას რქოსანი საქონლით, ერბოთი, ყველით და ყურძნით, რომელიც აჭარაში არაა დაავადებული, გურიაში და შავი ზღვის მთელ სანაპიროზე კი ძალზე ზიანდება

დიალექტის შესახებ


გურიაში, აჭარასა და ქობულეთში კიბეს ეძახიან დირეს, რომელზეც საფეხურები ამოჭრილი,ხოლო ორ დირეზე გადებულ ხარიხებიან კიბეს ბწკალას ეტყვიან

ჭიქა ძველი ქართული სახელწოდებაა, ამჟამად აღოსავლეთ საქართველოსა და იმერეთში ხმარებიდან გადავარდილია, იხმარება სტაქანი. ჭიქას იყენებენ გურიაში, ქობულურს და აჭარულში.

ძაღლს გურიაშის ა და აჭარაში კიდევ უძახიან ფინო, ბაჩაი, გონბაქი (ქართ. ქოფაქი)

სოფლის მეურნეობის შესახებ


პურეული მარცვლოვანებიდან გურიაში თითქმის ერთადერთია სიმინდი და ღომი, რომლებიც საუკეთესოდ ითვლება შავი ზღვის მთელ სანაპიროზე.

დასავლეთ საქართველოში, გარდა გურიისა ღომი უკვე განდევნა სიმინდმა. გურიაში ღომის ჯიშებია: საადრო, დიდი, მთა-ველი, ძირ-დაბალა. გურიაში სიმინდის სამი ჯიში ვნახე: ჯორიელი, რომელიც ადრე მწიფდება, დიდმაღალი 1-1,5 საჟენს იზრდება, იგი საზღვარგარეთიდან შემოიტანეს 1856-57 წ, და თეთრი სიმინდი

ჩურუქ-სუსა და გურიაში ვაშლის ჯიშებია: შაქარ-ვაშლი, ნეფის ვაშლი, პანტა ვაშლი, რკინა ვული, კოპიზური, 

შინდი გურიაში და აჭარაში ცოტაა, ამბობენ ქობულეთის მხოლოდ ქვემო ნაწილში ხარობსო

აქ ბევრი ჯიშის ვაზი ხარობდა და ყურძნის ხარისხით გურულებს მუდამ თავი მოჰქონდათ, მაგრამ, საუბედუროდ, თითქმის მთელი ვენახები დაიღუპა ვაზის დაავადებით, რომლებიც, როგორც ამბობენ, 1853 წლიდან მძვინვარებდა.

ყურძნის ჯიშები ჩურუქ-სუში: ჩხავერი, კლარჯული, თეთრუშა, სამარხი, ხოფათური. გურიაში გარდა ამ ჯიშებისა კიდევ არის: საკმეველა, ხემ-ხუ, ტრედის-ფეხა, ორონა, მსხილა-თაობანი, მტევან-დიდი, კაბისტონი, ჯაინი

საჯავახო მთელს იმერეთსა და გურიაში ცნობილია საუკეთესო ღვინოებით. აქ მრავალი ჯიშის ვაზი ხარობს. მე ჩემს დღიურში მხოლოდ რამდნიმე სახელის ჩაწერა მოვასწარი. ასეთებია: მსხილათობანი, საშუალო სიდიდის შავმარცვლიანი; მტევანდიდი, შავი, მსხვილმარცვლიანი, მას ფიდოს ეძახიან; კამური თეთრი და შავი, მსხვილმარცვლიანი, გრძელ მტევნიანი; კაბისტონი, თეთრი, მრგვალმარცვლოვანი; სხვაგან გურიაში მას თეთრყურძენას ეძახიან; ჩხავერი, იშვიათი ჯიშია, განსაკუთრებით ხარობს ლიხაურსა და შემოქმედში; კლარჯული, თეთრი და მსხვილი, ამბობენ, ქვემო გურიაში არ არისო. ამ სახელმა, რომელიც პირველად ჩურუქ-სუში გავიგონე, განმაცვიფრა: იგი გვიჩვენებს, რომ ვაზის ეს ჯიში ჩურუქ-სუსა და გურიაში შემოტანილია ჭოროხის აუზიდან უძველეს დროში, როცა იგი ცნობილი იყო კლარჯეთის საელით, და ეჭვი არ არის, რომ მას შემდეგ ვაზის ეს ჯიში ინარჩუნებს თავისი სამშობლოს სახელს; ჯაინი, შავი წვრილმარცვლიანი; საკმეულა, იშვიათია. საუკეთესო ღვინოს იძლევა ჯაინი, მსხილათობანი და ჩხავერი.

საგვარეულოების შესახებ


ასათიანები აზნაურები არიან. ეს გვარი, გურიის გარდა გვხვდება ლეჩხუმსა და იმერეთში. გურიაში ისინი მხოლოდ სოფელ ასკანაში ცხოვრობენ და როგორც ამბობენ, მემკვიდრეობით ჰქონიათ ასკანის ციხის მოურავობა.

უცნაურია, რომ მაჭუტაძეების საგვარეულოზე მეტ-ნაკლებად ადრინდელი ქართული მატიანეები არას იტყვიან; ვახუშტიც არ იხსენიებს მათ გურიის არც ძირძველ და არც ახალ საგვარეულოთა შორის. ეს მაშინ, როცა გურიის სიელებისა და წარწერების მიხედვით იგი გურიის ყველაზე საპატიო და ძველი გვარია. მაჭუტაძეები გურიის უძველესი სახლთუხუცესები არიან გურიელთა ხანისა

უკანასკნელი გურიელი დავითი ახულგოსთან მოკლეს 1839 წელს


Comments

Popular posts from this blog

ბახვის მანიფესტი

1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის  ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა. კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან  1905

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ა;ვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „დილით ივანე ჯა

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა