Skip to main content

ოსმალეთის შემოჭრა გურიაში 1918

წინაპირობები

პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, 1918 წელს დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი. ზავის მიხედვით რუსეთის იმპერიას ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაებრუნებინა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რუსეთის იმპერიისგან და მას მართავდა ამიერკავკასიის სეიმი.

სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით. ამ მიზნით 1918 წლის მარტში დაიწყო მოლაპარაკებები ტრაპიზონში. ოსმალეთის მოთხოვნა, გარდა სამი ოლქის გადაცემისა, იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ამ მოლაპარაკებას თავდაპირველად დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ოსმალეთის არმიამ სადავო ტერიტორიების დასაკავებლად საომარი მოქმედებები დაიწყო. მარტში ოსმალეთის მე-9, მე-6 და მე-3 არმიებმა მეჰმედ ვეჰიბ-ფაშას სარდლობით კავკასიას შეუტიეს. ამ ბლოგში აღწერილია გურიის ფრონტზე მომხდარი მოვლენები მეტწილად გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და ნაწილობრივ ვალოდია გოგუაძის მოგონებებზე დაყრდნობით.

მდგომარეობა ფრონტის ხაზზე

1918 წლის 31 მარტს ოსმალებმა აიღეს ბათუმი. ქალაქში მდგარი მე-4 ქვეითი ლეგიონი (სარდალი წერეთელი) გაიქცა ოზურგეთში, მე-2 ქვეითი ლეგიონი კი (სარდალი ყარალაშვილი) გაიხიზნა ქობულეთში. ნოე ჟორდანიამ გიორგი მაზნიაშვილს დაავალა დაუყოვნებლივ წასულიყო სადგურ ნატანებში და ოსმალები არ შემოეშვა მდინარე ჩოლოქს აქეთ. 

ფრონტის ხაზის სიგრძე ნავსადგურ ნიკოლოზიდან (შეკვეთილი) სოფელ შემოქმედამდე იყო 24 ვერსი, მას საზღვრავდა მარჯვნიდან შავი ზღვა, მარცხნიდან კი აჭარა-გურიის მთები. მთელ სიგრძეზე, ზღვიდან ოზურგეთამდე მდინარეების ჩოლოქისა და ნატანების ნაპირები იყო თითქმის გაუვალი ჯარისთვის. იქ გავლა შეეძლოთ მხოლოდ ადგილობრივებს, რომლებმაც იცოდნენ ბილიკები. ამ მონაკვეთს ჰქონდა მხოლოდ ორი გასასვლელი: სარკინიგზო ხიდები ნატანებზე და ჩოლოქზე და შარაგზა ლიხაურის ხეობით ოზურგეთზე.

მაზნიაშვილმა შტაბის უფროსობა ჩაიბარა 1 აპრილს. მის განკარგულებაში იყო 4 ტყვიამფრქვევი, 6 ზარბაზანი, 4 ოფიცერი, 150 ჯარისკაცი, ასევე ჯავშნოსანი მატარებელი, რომლის უფროსი იყო  გურული ვალოდია გოგუაძე. 

მაზნიაშვილმა დაიწყო სოფლებში პარტიზანული რაზმების შედგენა. ამაში მას ძველი რევოლუციონერი ისიდორე რამიშვილი ეხმარებოდა. სოფლად იარაღი თითქმის ყველას ჰქონდა და ცოტა თოფი იყო საჭირო დასარიგებლად. შეგროვებული პარტიზნები ყველანი იყვნენ ახლო-მახლო სოფლებიდან და მაზნიაშვილს იმედი ჰქონდა, რომ იბრძოლებდნენ „საკუთარი ქოხებისა და მინდვრების დასაცავად“. 

მე-2 ქვეითი ლეგიონი პოლკოვნიკ ყარალაშვილის მეთაურობით ამ დროს ქობულეთში იყო ჩარჩენილი. ყარალაშვილის ლეგიონი ჯავშნოსანი მატარებლის რაზმმა გამოიხსნა.

ვალოდია გოგუაძის მოგონებებიდან:

1918 წლის 2 აპრილს გენერალ გაბაშვილისაგან ცნობა მივიღე, რომ პოლკოვნიკ ყარალაშვილის ჯარი, რომელიც ჩაქვის თავზე გაჩიხულიყო, ოსმალებს გზა მოეჭრათ მისთვის და ტყვეობა მოელისო. მიბრძანებდა მივშველებოდი და ტყვეობიდან გამომეყვანა. ამ დროს ნატანებ-ოზურგეთის ხაზი ხელმძღვანელი იყო გენერალი მაზნიაშვილი. 2 აპრილს დილით ადრე ჯავშნოსანით გავემგზავრე. ქობულეთს რომ მივუახლოვდი, ოსმალოს ჯარები ქობულეთის აღმოსავლეთით გორებზე მოსჩანდნენ. დილის რვა საათი იყო. დილის 9 საათზე ჩაქვის სადგურზე ჩავედი. ჩაქვის სადგური ოსმალო ცხენოსან ათასეულს დაეკავებინა. ისინი ტყვიისმფრქვეველის ცეცხლით გავანადგურეთ. ოსმალები ჩაქვის მიდამოებშიც ყოფილან და ყოველი მხრიდან სროლა აგვიტეხეს. რკინის გზის გასწვრივ ქვეითი ჯარი გამაგრებულიყო, ყარალაშვილის შტაბი დაეპატიმრებინა და ამისი ჯარი ჩაქვის მთაზე იყო მიჩიხული. ჯავშნიანით ვერ მივუდექი. ამიტომ ჯავშნიდან 25 კაცი გადავსხი პორფირი გორგიშიძის მეთაურობით. შევუდექით ბრძოლას, რკინიგზა გავწმინდეთ; ამით ჩვენმა ჯარმა ისარგებლა და მცირე მსხვერპლით დაიხია უკან

მე-2 ლეგიონი შედგებოდა 500 დემორალიზებული ჯარისკაცისგან. მაზნიაშვილის აზრით მათ ომში გამოყვანას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მან ლეგიონი გაუშვა ლანჩხუთში, რეზერვში, რომელიც უნდა შევსებულიყო ისიდორე რამიშვილის პარტიზანებით. ოზურგეთს იცავდა ბათუმიდან გამოქცეული მე-4 ლეგიონი: მისი ერთი ათასეული იდგა ლიხაურში, ერთი შემოქმედის ბოლოში, ერთი ვაშნარში, გზატკეცილის გასწვრივ, ერთი კი საკუთრივ ოზურგეთში დგებოდა ასევე ისიდორე რამიშვილის რაზმებისგან. სადგურ სუფსაზე იდგა ცხენოსანი ბატარეა პორუჩიკი ყარაევის მეთაურობით, რომელიც მაზნიაშვილმა გაგზავნა ოზურგეთში.

2 აპრილის შემდეგ ყველა პოზიცია ნატანებიდან სოფელ ვაშნარამდე დაჭერილი იყო. 

ჩოლოქის ბრძოლა

5 აპრილს, საღამოს რვა საათზე მოვიდა ცნობა, რომ ოსმალეთის ჯარები მოდიან ოზურგეთზე, შარაგზით და უფრო მეტი ჯარი, 7000 კაცი, მოდის ლიანდაგის გავლით ნატანებისკენ. 

5 აპრილს ნატანებში ჩავიდნენ ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი, ვლასა მგელაძე და სხვები ნატანებში ბევრი გურული ჩავიდა და მიტინგზე ირაკლი წერეთელს სთხოვეს სიტყვა წარმოეთქვა. წერეთელმა უარი განაცხადა და მატარებლის უფროსს, ვალოდია გოგუაძეს სთხოვა შენ ელაპარაკე ხალხსო. გოგუაძემ მიტინგზე შეიარაღებულ გურულებს მოუწოდა ბრძლისაკენ. 

ოსმალებმა აჰყარეს ლინდაგი ოჩხამურის ხიდზე, რაც ადასტურებდა რომ მთავარ იერიშს სწორედ ნატანების მხრიდან აპირებდნენ. ლიანდაგის აყრით ისინი იმედოვნებნენ ქართული ჯავშნოსანი მატარებლის უფუნქციოდ დატოვებას. მაზნიაშვილმა ერთ დღეში ააგებინა ჩოლოქის ხიდიდან ტყეში შემავალი ლიანდაგი. 6 აპრილს ოსმალეთის ჯარი გამოსცდა ოჩხამურს, მაგრამ არ გამოდიოდა ველზე და თავს აფარებდა ტყეს ოჩხამურს და ჩოლოქს შორის. მაზნიაშვილმა ჯავშნოსანი მატარებლის უკან დახევა ბრძანა. ჯავშნოსანი არიერგარდში უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ მაზნიაშვილმა გაიზიარა ვალოდია გოგუაძის გეგმა: მტრის პოზიციებში შეჭრა და ბრძოლის გამართვა. ჯავშნოსანზე სულ 90 ადამიანი იყო.

ბრძოლა 7 აპრილს დილის ხუთ საათზე დაიწყო მაზნიაშვილის ბრძანებით საგანგებოდ აგებულ ლიანდაგზე დაიძრა ჯავშნოსანი, რომელიც ოსმალებმა შეაჩერეს დრეზინით. ქართული მხარე არ ხსნიდა ცეცხლს არც მატარებლიდან და არც სანგრებიდან, რადგან ასეთი ბრძანება ჰქონდა მიღებული. 

ოსმალები გამოვიდნენ ველზე, ჩათვალეს, რომ მატარებელი უკვე უვნებელი იყო და და დაიძრნენ მისკენ. მიაუხლოვდნენ თუ არა მატარებელს, გაიხსნა ცეცხლი. ქართველებმა ცეცხლი გახსნეს როგორც მატარებლიდან, ასევე თხრილებიდან და სანგრებიდან. გაშლილ ველზე აღმოჩენილი ოსმალო ასკერები მრავლად დაიხოცნენ. 11 საათვისთვის, ბრძოლიდან ექვსი საათის შემდეგ მათ მოახერხეს, რომ მატარებლის პირველი ვაგონი ლიანდაგიდან გადაეგდოთ და დასავლეთიდან წამოსული ახალი ათასეულით კიდევ ერთი იერიში მიიტანეს ჯავშნოსანზე. გოგუაძეს იმედი გადაწურული ჰქონდა და ხელი დააჭირა ღილაკს, რომლითაც 150 კილოგრამი პიროქსილისაგან დამზადებული ბომბი უნდა აფეთქებულიყო მატარებელში, რატა მტერს მხოლოდ რკინის ნამსხვრევები შერჩენოდა, მაგრამ პულტიდან ნაღმამდე მიმავალი მავთული გაწყვეტილი ყოფილიყო და ნაღმი მოქმედებაში არ მოვიდა. ამასობაში მაზნიაშვილთან მივიდა დამატებითი დახმარების სათხოვნელად გაგზავნილი აკაკი ურუშაძე და ბრძოლაში ჩაერთო ქართველთა დამატებითი 400 კაციანი რაზმი. ოსმალები საბოლოოდ გატყდნენ და დაიწყეს უკანდახევა. ქართველები ამოვიდნენ საგრებიდან და მისდიეს გაქცეულ მტერს ოჩხამურამდე.

ბრძოლაში ქართულ მხარეს მოკვდა 4, დაიჭრა 30 ადამიანი. ოსმალების მხარეს, მაზნიაშვილის ინფორმაციით დაიჭრა 600 და მოკვდა 500-დან 1000-მდე ჯარისკაცი.

ბრძოლაში გმირობა ბევრმა ადგილობრივმა გამოიჩინა: ლიხაურელი პორფილე და ალექსანდრე გორგოშიძეები გიორგის ჯვრით დაჯილდოვდნენ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის; გმირობა გამოიჩინა ობერკონდუქტორმა სიმონ სკამკოჩაიშვილმა, გადმოცემის მიხედვით დაზვერვაზე გასულმა ჯარისკაცმა ბოლქვაძემ, რომელსაც მოულოდნელად ოსმალო ასკერების ჯგუფი შეეჩეხა, 4 მოკლა და 4 ტყვედ აიყვანა და ა.შ. ვალოდია გოგუაძე გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ეროვნული გმირის წოდება მიიღო. პირველი რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში ეს წოდება აღარავის მიუღია. ბრძოლაში მონაწილეობდა დავით შარაშიძე, გიგო შარაშიძის შვილი, ქრისტინე შარაშიძის ძმა, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.
ჩოლოქის ბრძოლის ერთ-ერთი გმირი, ლიხაურელი პორფილე გორგოშიძე

ოზურგეთის ჩაბარება

ჩოლოქთან მიღწეული წარმატება მაზნიაშვილს წყალში ჩაუყარა ოზურგეთში დატოვებულმა შენაერთებმა. იმავე დღეს, ოზურგეთისკენ დაძრულ ოსმალების მცირერიცხოვან ჯარს (ერთი ბრიგადა არტილერიით) ლიხაურში დაბანაკებულმა ათასეულმა არ გაუწია წინააღმდეგობა, დატოვა პოზიციები და უკან დაიხია ქალაქისკენ.

ამან გამოიწვია პანიკა, ოზურგეთი მიატოვა ჯარმა, სახელმწიფო დაწესებულებებმა და დაიწყო უკან დახევა ჩოხატაურისკენ. მთელი ქალაქი გაიხიზნა ჩოხატაურში და ოსმალებმა თავისუფლად დაიკავეს მიტოვებული ქალაქი. ყარაევის ცხენოსანმა არტილერიამ ვერ ჩაასწრო ოზურგეთში, ქალაქთან მიახლოებულ ბატარეას ზვანის ჩაის პლანტაციებთან ცეცხლი გაუხსნეს უკვე ქალაქში შესულმა ოსმალებმა და ყარაევი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. ოსმალებმა დაიკავეს ჭანიეთი, ლიხაური, მაკვანეთი, წითელმთა, მელექედურის ნაწილი, წინ წაიწიეს ვაშნარის მიმართულებით. გაკირულიდან შეუტიეს შემოქმედს, მაგრამ შემოქმედში ვერ შევიდნენ მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო. 

ოზურგეთიდან ოსმალებს თავისუფლად შეეძლოთ დაძრულიყვნენ ხიდისთავი-ჩოხატაური-საჯავახოს მიმართულებით, მაგრამ დააყოვნეს, რასაც მაზნიაშვილი შეცდომად უთვლიდა.  ოსმალებმა დაიწყეს ადგილზე გამაგრება, რადგან ოჩხამურში შეტევას ვეღარ ბედავდნენ. მაზნიაშვილმა მოასწრო ლანჩხუთში მყოფი სათადარიგო ჯარის დაყენება ნაგომარსა და ნასაკირალზე და ჩოხატაურის გზის ჩაკეტვა.

ოზურგეთის აღების გეგმა

7-14 აპრილს საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა, ორივე მხარე ამაგრებდა საკუთარ პოზიციებს. ოსმალები ოზურგეთში აგრევდნენ სახლებს, ხმარობდნენ შეშად და კლავდნენ ვინც შეეწინააღმდეგებოდა. 

მაზნიაშვილმა მიზნად დაისახა ოზურგეთის აღება. გეგმის თანახმად მარჯვენა ფრთა რჩებოდა ადგილზე, რათა ოსმალებს არ გაებედათ კვლავ ჩოლოქიდან შემოტევა. სოფელ ვაშნარიდან ოზურგეთს შეუტევდა სახალხო გვარდიის რაზმი ყარაევის ბატარეის დახმარებით. მას უნდა დაეკავებინა პოზიციები ზვანის ჩაის პლანტაციებში. როგორც კი რაზმი პლანტაციებში გამაგრდებოდა, მარცხენა ფლანგი (ნასაკირალსა და ნაგომარში მდგარი მე-2 სარეზერვო ლეგიონი) გადავიდოდა შეტევაზე და აიღებდა ოზურგეთს. ქალაქის აღების შემდეგ ჩაიში გამაგრებული რაზმები დაედევნებოდნენ უკანდახეულ მტერს და მისდევდნენ ლიხაურამდე.

ოპერაცია დაიწყო 11 აპრილს სისხამ დილით. სახალხო გვარდიამ და ცხენოსანმა არტილერიამ პოდპოლკოვნიკი კოსტილის მეთაურობით ოსმალებს შეუტიეს და დაამარცხეს ვაშნარის ველზე გამართულ ბრძოლაში. ოსმალებმა უკან დაიხიეს ზვანის ჩაის პლანტაციებისკენ.

ოსმალებთან ბრძოლაში დაღუპულთა ძმური სასაფლაო ოზურგეთ-ვაშნარის გზაზე
ყველაფერი მაზნიაშვილის გეგმის თანახმად მიდიოდა, მაგრამ დილის 10 საათზე მან მიიღო ცნობა დროებითი ზავის შესახებ და აკაკი ჩხენკელის ბრძანება, შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები და დაბრუნებოდა დილის პოზიციებს. ჩხენკელის ბრძანებას რომ დაეგვიანა, ოსმალები ქალაქის დაცვლას აპირებდნენ. მანზნიაშვილის ცნობით 11 საათისთვის ოზურგეთიდან უკვე გასული იყვნენ ოსმალების სამნეო დაწესებულებები ბარგით და ლიხაურს გაცილებოდნენ. ზავის გამო ორივე მხარემ დაიკავა პირვანდელი პოზიციები.

ნატანებისა და ჩოლოქის სადგურებზე ჩამოვიდა გერმანელი ჯარის გუნდი ოფიცრების მეთაურობით, სადგურებზე აღიმართა გერმანიის დროშა, მაზნიაშვილმა შტაბი ნატანებიდან ლანჩხუთში გადაიტანა და 7 ივნისამდე დარჩა გურიაში.

ოსმალებმა ოზურგეთი ზავის პირობების მიხედვით ივნისის შუა რიცხვებში დაცალეს. მათ ქალაქის მთელი ქონება გაიტანეს, არცერთ სახლს კარ-ფანჯარა არ დაუტოვეს, მათ შორის წაიღეს ელექტროძრავები გერმანე გოგიტიძის მიერ მისივე კინოთეატრისთვის აგებული ელექტროსადგურიდან.

N3, 14 ივლისი, 1918 წ.

ჯერ კიდევ 1905 წლის მეფის დამქაშების მიერ აოხრებულ მხარეს სულის მობრუნება ვერ მოესწრო, რომ ბარბაროს ოსმალთა მსხვერპლი შეიქმნა ... თვე-ნახევარი ოსმალთა თარეში გურიაში მეტად ცუდ სურათს გვიხატავს: სურსათი სავსებით გაზიდული, მცხოვრებთა ბინები უკიდურესობამდე გაცარცვულ-გაპარტახებული, მინდვრები დაუთესავი; ერთი სიტყვით ყოველივე სახსარ-მოკლებული გურული კაცი იძულებულია საარსებო წყარო ეძიოს, მაგრამ სად? არც სიმინდი, არც ლობიო, არც ძროხა და არც არაფერი...დაუფიქრდით ახლა თქვენ ასეთ ულმობელ პირობებს და ნათლად წარმოვიდგენთ თუ რა უსაშინლეს ყოფაში გადაიჩიხა დღეს ეს ბედისგან გაწირული ხალხი
ვისთან და სად ეძებოს გურულმა კაცმა შველა, რით კვებოს წვრილი ცოლ-შვილი, რით გაუმკლავდეს საშინელ ხვედრს სიმშილით სიკვდილისა? - აი, დღიური კითხვები, რომლებიც სწვავს და მოსვენებას არ აძლევს გურულ გლეხს
მთავრობამ მიიღო ზომები ხალხის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ეს ცვარია ზღვაში
აბა რა უნდა უქნას კვირაში ერთი გლეხის ოჯახს 2 თუ 3 კგ ქერმა - ან სიმინდმა?
სხვა გვარი დახმარება ხალხს არ აქვს
ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში მას კიდევ ასულდგმულებს „ფოთიდან 5 დაზუპნული პარახოთი ფქვილი მუაო" - ინუგეშებს ის თავის თავს და მშიერი ელოდება დახმარებას
არც სასურსათო კომიტეტების გაუქმებამ უშველა ხალხს ... ერთი სიტყვით, მდგომარეობა მეტად დამაფიქრებელია... სიმშილის ნიადაგზე გადამდები სნეულება იკიდებს ფეხს და გურულ ხალხს, სწორედ რომ გადაგვარება მოელის, თუ დროზე არ მივეშველეთ

ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში დაცულია შემდეგი დოკუმენტები:

ცნობა
გაცემულია ლიხაურის საზოგადოების კომისარ ლ. სალუქვაძის მიერ

მოწმობა ეძლევა ლიხაურის საზოგადოების სოფელ ნიაბაურის მცხოვრებთა რწმუნებულს, ბებურ ელისბარის ძე გორდელაძეს, მას შინა, რომ სოფელი ნიაბაური მდებარეობს ბათომის ოლქის საზღვრად, შეიცავს მცხოვრებთა ას კომლზე მეტს, გასულ 1918 წელში ოსმალთა ჯარის შემოსევის დროს ეს სოფელი სხვებთან შედარებით ძლიერ დაზარალდა და განადგურდა, რის გამო მცხოვრები აღნიშნული სოფლისა განიცდიან უკიდურეს გასაჭირს ყოველ მხრივ, განსაკუთრებით კი სურსათის მხრივ, და რომ ის, რწმუნებული გორდელაძე მიდის სურსათის შესაძენად მცხოვრებთათვის, რისთვისაც ლიხაურის სოფლის სამმართველო სთხოვს სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებებს და პირთ რათა აღმოუჩინონ რწმუნებულს სოფელ ნიაბაურისა გორდელაძეს ყოველგვარი კანონიერი დახმარება სურსათის შეძენაში. რწმუნებული გორდელაძე ვალდებულია ყოველივე შენაძენის თუ ფულის ანგარიში წარუდგინოს ოზურგეთის ერობის გამგეობას, მოწმობა ეძლევა ლიხაურის სოფლის სამმართველოსაგან. აღნიშნული სოფლისთვის საჭიროა სიმინდი საჭმელი 3500 ფუთი და სათესლე 400 ფუთი

ოზურგეთის სამაზრო გამგეობის წერილი შსს-ს,
1919 წლის 4 ნოემბერი

ისე სწრაფად და მოულოდნელად მოხდა ოსმალთა გამოლაშქრება ქ. ოზურგეთზე 1918 წლის 7 აპრილს, რომ არამცთუ კერძო პირს არ ჰქონდა გათვალისწინებული ეს საშიში მდგომარეობა, რომ წინასწარი თადარიგით ცოტა რამ მაინც გადაერჩინა თავის ოჯახიდან, არამედ თვით სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებანიც კი დარჩნენ ოზურგეთში თავიანთი საქმეებით, ნივთებით, და ქონებით და ისე ჩაუვარდა მტერს ხელში. მტერი შემოესია ქალაქს ჯოჯოხეთური ცეცხლით ლიხაურის საზოგადოებიდან 7 აპრილს, ნაშუადღევის 4 საათზე და შეძლო ოზურგეთში შემოსვლა მხოლოდ 8 აპრილს განთიადისას. ამ ხნის განმავლობაში ოზურგეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გამოსავალი ყველა გზა სავსე იყო აუარებელი ლტოლვილებით. მირბოდნენ თავგამოდებით დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ვისაც როგორ მოესწრო. მტრის მიერ დაკავებულ ხაზში მოყვნენ ლიხაურის საზოგადოება ყველა სოფლით; მთელი ქალაქი ოზურგეთი განაპირა უბნებით; ნაწილი გურიანთის საზოგადოებისა, ხვარბეთის საზოგადოებიდან სოფ. ლაითური; დვაბზუს საზოგადოების სოფ. ბოხვაური, ექადია, ეწერი, გამოღმა მელექედურისა და სოფ. დვაბზუს ნაწილი; შემოქმედის საზოგადოების სოფლები კვირიკეთი, მაკვანეთი და წითელმთა.

1918 წლის ივნისის პირველ რიცხვებში ახ. სტილით, მოხდა აქ დასახლებულ სოფლებისა და ქალაქ ოზურგეთის ზარალის ცნობაში მოყვანა-რეგისტრაცია აღწერილობა და შეფასება თანახმად საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი მთავრობის განკარგულებისა. ზარალის აღწერა რეგისტრაცია და შეფასება მოახდინა ხალხის მიერ არჩეულ კომისიასთან ერთად მთავრობისა და გურიის დამხმარე კომიტეტის წარმომადგენლებმა. ამ უკანასკნელს ეს აღწერა უნდა წარედგინა მთავრობისთვის, რომელიც დაპირებული იყო მცხოვრებლებზე, რომ აუნაზღაურებდა მტრის შემოსევით მიყენებულ ზარალს, მაგრამ კომიტეტის ადგილობრივი განყოფილება დაიხურა და ყველა ეს საქმეები გადმოეცა...

ზემოხსენებულის გამო, რომ ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეს ომით განადგურებულ და მოუსავლობით გადაშენების გზაზე დამდგარ მცხოვრებთ დღევანდელი აუწერელი მდგომარეობა, ოზურგეთის სამაზრო ერობის გამგეობა უპატივცემულესად შუამდგომლობს ბ-ნ შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე, რათა სასწრაფოდ იქნას მიღებული ზომები, რომ სათანადო წესით აუნაზღაურდეს ზემოთ-დასახელებულ სოფლების და ქალაქის მცხოვრებთ ოსმალთა შემოსევით მიყენებული ზარალი, თანახმა ამასთანავე წარმოდგენილ აღწერილობითი უწყებებისა. მით უმეტეს, როცა დღევანდელი ფულის კურსით მაშინდელი შეფასების ანაზღაურება სამეოთხედოდაც ვერ აღადგენს ნამდვილ ღირებულებას.

ამასთანავე ირდგინება სია და უბნების აღწერილობა


Comments

  1. თანახმა ამასთანავე წარმოდგენილ აღწერილობითი უწყებებისა - ამაზე რამე დამატებითი ინფორმაცია არსებობს?

    ReplyDelete
    Replies
    1. ეგ დოკუმენტი არ მაქვს

      Delete

Post a Comment

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით

ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა“ XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების ექვსი გვარი იყო:
გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი, მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია, საბატონიშვილო - ლესა
ნაკაშიძე
გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი შუა საუკუნეებში გადაკეთდა ნაკაშიდ, გვიან შუა …

როგორ დაკარგა გურიამ ქობულეთი

გურია, ტრადიციულად, სამ ნაწილად იყოფოდა: ზემო, შუა და ქვემო გურიად. ქვემო გურია - ტერიტორია მდინარეებს, ჩოლოქსა და ჭოროხს შორის, დაახლოებით ემთხვევა დღევანდელი ქობულეთის რაიონს. ქვემო გურია გურიის სამთავროს ოსმალეთის იმპერიამ 1770-იან წლებში წაართვა და საზღვარმა მაშინ მდინარე ცხრაფონაზე გაიარა. ოსმალეთმა ეს ტერიტორია შეინარჩუნა ერთი საუკუნის განმავლობაში, 1878 წლამდე, მანამ, სანამ ის რუსეთის იმპერიამ ომის შედეგად არ დაიკავა.
1804 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო გურიის სამთავროთურთ მფარველობაში მიიღო. რუსეთს მაშინვე გაუჩნდა პრეტენზიები ბათუმზე. საქართველოს მთავარმართებელი პავლე ციციანოვი სწერდა რუსეთის ელჩს სტამბულში, ანდრეი იტალინკსკის, რომ ეზრუნა ბათუმის რუსეთისთვის შეერთებაზე, რადგან ბათუმი გურიის სამთავროს ეკუთვნოდა, გურიის სამთავრო კი ახლა რუსეთს ეკუთვნისო. გურიის სამთავროს საზღვრების შესასწავლად გურიაში ჩავიდა პიოტრ ლიტვინოვი, რომელსაც ქაიხოსრო და მამია გურიელებმა მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი გურიის სამთავროში შედიოდა. ლევან გურიელმა ლიტვინოვს უთხრა …

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი:
გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ.
თედო ჟორდანია

გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს.

ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების ბურთაობა, ფერხ…

გურული ფირალები

გურიაში ფირალობა ორ სხვადასხვა პერიოდში გავრცელდა, 1880-იან წლებში და 1900-იან წლებში. 1880-იანი წლების ფირალობა გაჭირვებისა და სიღარიბის შედეგი იყო. 1900-იანი წლების ფირალებს კი პოლიტიკური მიზნები ჰქონდათ, ზოგი მათგანი 1905 წელს ნასაკირალის ბრძოლაში მონაწილეობდა.
„არ არის არცერთი განათლებული ერი, რომ თავის განვითარებაში ყაჩაღობა არ გაევლოს“ გაზეთი „ივერია“

ალმასხან ბედინეიშვილის ისტორია
ალმასხან ბედინეიშვილი იყო წარმოშობით სურებიდან. მისი ბატონი იყო ზურაბ ერისთავი, გორაბერულის ერისთავების შტოდან.
ერისთავი მიაკითხავდა ბედინეიშვილს, როგორც სხვა გლეხებს, წამოწვებოდა მარანში და ითხოვდა მასვით და მაჭამეთო და სამ დღეზე ნაკლებს არ გაჩერდებოდა. უძლებდა ალმასხანი, მაგრამ ერთხელაც ბატონმა ქალები მოინდომა, ამოასხა ალმასხანს, შეუვარდა ერისთავს გორაბერეჟუოულის სასახლეში და მოკლა ლოგინში.
ბედინეიშვილმა 60 წელის გაატარა სურების ტყეში ფირალობაში.
სიმღერა ფირალ მეხუზლაზე

სიმღერა სისონა დარჩიაზე
 სიმღერა სისონა დარჩიაზე

„იცით, ვინ არიან ეს ფირალები? ცოლშვილიანი კაცები, რომლებიც გუშინ მშვიდი მიწის მუშა იყ…

ბახმარო: ძველი ფოტოები და ტურისტული ბილიკები

ბახმაროს ხედი პატარა ფაფარადან



აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. თითოეულ რუკაზე მარჯვნივ ზედა კუთხეში, ღილაკ wikiloc-ზე დაჭერით ნახავთ დეტალურ რუკას
ობოლი ქვა, დიდი ზომის ლოდი


ზოტიყელი, აჭარელთა საზაფხულო დასახლება ბახმაროსთან ახლოს. სამანქანო გზა


ზოტიყელი, საცხენოსნო და ქვეითთა ბილიკი



სილამაზის წყარო, ერთ-ერთი ყველაზე ცივი წყარო ბახმაროში


გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი. 2505 მ . სიმაღლის მთიდან კარგ ამინდში შესაძლებელია მზის ამოსვლის ნახვა


მზის ჩასავალი. მზის ჩასვლა ყოველთვის კარგი საცქერია, მოწმენდილ და ღრუბლიან ამინდშიც



ბილიკი ბახმარომდე სოფელ ვაკიჯვრიდან



ბილიკი ბახმარომდე სოფელ მთისპირიდან



გომისმთა. გურიის რიგით მეორე სამთო კურორტი ბახმაროდან არც ისე შორსაა. გასდასვლა ფეხით და ცხენებით შეიძლება