Skip to main content

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია. ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ.

ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება.

ქალაქის საწყისებთან

ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქალაქი იყო, რომელზეც ბევრი ცნობა არ მოგვეპოვება.  მეცხრამეტე საუკუნის დამდგეს მისი მოსახლეობა 1766 ადამიანი იყო.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია V გურიელის (1809-1826 წწ.) მცდელობებმა (მან ააშენებინა სასნეულო სახლი, ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას, გააშენებინა ქალაქის ბაღი, დანერგა ჩაის კულტურა და ა.შ) ქალაქის განვითრებას, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების გაცოცხლებას შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა, ქალაქის ოფიციალური სტატუსი ოზურგეთმა რუსეთის იმპერიაში გურის სამთავროს ინკორპორირების შემდეგ, 1846 წლის 14 დეკემბერს მიიღო.  1896 წელს ქალაქში შემოღებული იქნა თვითმმართველობა.

„საზოგადოდ, მთელ ქალაქსა ... დარაჯად უდგა ქალაქის თვითმმართველობა, შემოღებული 1896 წელს. ... ბევრი კითხვები აღძრა თვითმმართველობამ, რომელთაც სამაზრო მნიშვნელობაცა აქვთ. თვითმმართველობამ შეაფასებინა ქალაქის უძრავი ქონება შემოსავლის კვალობაზე. თვითმმართველობა ცდილობს ოზურგეთში სავაჟო პროგიმნაზია დააარსოს, თვითმმართველობამ გაუხსნა მკვიდრთ საჯარო წიგნთსაცავი, თვითმმართველობავე ცდილობს სამუდამო თეატრი შეაძენინოს ოზურგეთსა, ბოლოს, თვითმმართველობავე თავობს ოზურგეთში საექიმო თავშესაფარის დაარსებას და ექიმის მოწვევასა და სხვ...“[1]

            სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ოზურგეთში თანამედროვესთან მიახლოებული საქალაქო ცხოვრება: ჩნდება ურანული დღესასწაული „ალეგრო“, იზრდება ქალაქის მოსახლეობა, რომელმაც 1911 წელს 7341 ადამიანს მიაღწია, ვითარდება ეკონომიკა, ჩნდება ქუჩათა ქსელი. სწორედ ამ პერიოდიდან უნდა ვივარაუდოთ ქალაქის ახალშემოღებული თვითმმართველობის მიერ ქალაქის ქუჩების სახელდებაც.

პირველი ცნობები ოზურგეთის ქუჩათა შესახებ

ქალაქ ოზურგეთის გეგმაზე, რომელიც ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშია დაცული, 1905-1907 წლების ქუჩათა ქსელია ასახული. გეგმა დავით შარაშენიძის პირადი მეხსიერებითაა შედგენილი 1953-1959 წლებში. მასზე ჩანს, რომ ოზურგეთში 25-მდე ქუჩა, ჩიხი და შესახვევი იყო. ქალაქის ქუჩები იყო: ბაღის, პოლიციის, პროგიმნაზიის, სასამართლოს, ფოსტის, სობოროს, ბაზრის, სასაკლაოს (ან სასაფლაოს), მოედნის, სამხედრო, ლაშეს, მოიდანახეს, ქუთაისის, კვირიკეთის, ლიხაურის, ბაილეთის, ნატანების ქუჩები.

ამ სახელწოდებებიდან ჩანს ის მიდგომები, რომლებსაც ქალაქის მაშინდელი ხელისუფლება ქუჩების სახელდებისას იყენებდა. ქუჩებს სახელები ერქმეოდა: (1) მიმართულების, (2) ქალაქის უბნის, (3) მასზე განთავსებული დაწესებულების მიხედვით.

ქალაქიდან გასასვლელ-შემოსასვლელ გზებს იმ დასახლებების სახელები ერქვათ, საითკენაც ეს ქუჩები მიემართებოდნენ. ასეთი იყო ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გზა, ქუთაისის ქუჩა, რომელიც ცენტრალური მოედნიდან აღმოსავლეთით დვაბზუსკენ, უფრო შორს კი ჩოხატაურისა და ორპირის (საჯავახოს) გავლით გუბერნიის დედაქალაქ ქუთაისისკენ მიემართებოდა (დღეს დავით აღმაშენებლის ქუჩა). ქუთაისის ქუჩას მდინარე ნაბჟუარაზე (ბაზრისწყალი) გადებული ხიდით უკავშირდებოდა მათგან სამხრეთით მდებარე კვირიკეთის ქუჩა, რომელიც კვეთდა სერს და მიემართებოდა ქალაქის სახმრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, სოფელ კვირიკეთისკენ (კვირიკეთის ქუჩა დღევანდელი ნინოშვილის ქუჩაა, ხოლო მისი პირველი შესახვევი - დღევანდელი სანდრო ჟორჟოლიანის ქუჩა). ქალაქის ცენტრიდან სამხრეთისკენ მიდიოდა ლიხაურის ქუჩა (დღეს ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა). ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ ნატანების ქუჩა მიოდიოდა, რომელიც მდინარე ნატანებამდე აღწევდა (დღეს კოსტავას ქუჩა), ჩრდილოეთ ნაწილში იყო ბაილეთის ქუჩა, რომელიც დასავლეთით ერთი შესახვევით ნატანების ქუჩას უკავშირდებოდა, უკიდურესი მარჯვენა განშტოებით კი სასაფლაომდე მიდიოდა. მელექედურის ქუჩა ქალაქის ცენტრიდან ჩრდილოეთით მიემართებოდა, შემდეგ მართი კუთხით აღმოსავლეთისკენ უხვევდა, გადაკვეთდა მდინარე სკურჩას და ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ მელექედურის მიმართულებით მიდიოდა.

ქუჩების უმეტესობას სახელი მათზე მდებარე დაწესებულების მიხედვით ერქვა. ასეთი იყო ბაზრის ქუჩა, ასევე აბანოს ქუჩა, რომელიც ერთმანეთთან აერთდებდა ლიხაურისა და კვირიკეთის ქუჩებს. ერთმანეთის პარალელური იყო პროგიმნაზიის, სასამართლოსა და პოლიციის ქუჩები. პოლიციის ქუჩის პირველი შესახვევი დასავლეთით სასამართლოს ქუჩას, მეორე შესახვევი კი აღმოსავლეთით მელექედურის ქუჩას უერთდებოდა. ქალაქის ცენტრალური მოედნიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ მიემართებოდა სასაკლაოს ქუჩა (დღეს ნიკო ნიკოლაძის ქუჩა).

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა მოედნის ქუჩა, სამხედრო ქუჩა და ბაღის ქუჩა. ეს უკანასკნელი იყო ქუთაისის ქუჩის პარალელური ქუჩა, რომელიც  მამია გურიელის მიერ გაშენებულ ბაღს უვლიდა სამხრეთიდან  (დღევანდელი ფარნავაზ მეფე) იქვე იყო სობოროს ქუჩა, რომელიც ქალაქის ცენტრალური მოედნიდან მიემართებოდა ჩრდილოეთით და შემდეგ უხვევდა აღმოსავლეთით (დღევანდელი რამიშვილის ქუჩა და იოანე პეტრიწის ქუჩის ნაწილი, იუსტიციის სახლის წინ). სობოროს ქუჩის დასავლეთ გაგრძელებაზე იყო ფოსტის ქუჩა, რომელიც სობოროსა და სასამართლოს ქუჩებს აერთებდა. 

სამ ქუჩას ქალაქის უბნების სახელი ერქვა. ნატანების ქუჩიდან სამხრეთით მიემართებოდა ზვანის ქუჩა. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაჭიმული იყო მოიდანახეს ქუჩა. ლაშის ქუჩა (დღევანდელი რუსთაველი) კი ბაღის ქუჩის პარალელურად, მის ჩრდილოეთით მდებარეობდა.

იდეოლოგიზაციის პირველი ტალღა

1920-იანი წლები ინდუსტირული აღმავლობის პერიოდია. 1923 წლის 26 დეკემბერს ქალაქში შევიდა რკინიგზის ხაზი, რითიც ის დაუკავშირდა სადგურ ნატანებს. რკინიგზის შეყვანა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქალაქის ისტორიაში, რადგან ოზურგეთი ჩაერთო საერთო სარკინიგზო ქსელში და გაადვილდა ქალაქში წარმოებული პროდუქცის გატანა ბაზრებზე. 1926 წელს ქალაში გაიხსნა ერთ-ერთი პირველი მსხვილი საწარმო - აბრეშუმის ძაფ-საღებ საგრეხი ფაბრიკა, მოგვიანებით ამუშავდა ჩაის  ფაბრიკები.

სწორედ ამ დროს ჩნდება ახალი ქუჩები. რეკონსტრუქციას უკეთებენ, აფართოებენ და აასფალტებენ ძველ, ვიწრო და ტალახიან შარა-გზებს. ასეთია ქალაქის ისტორიული ცენტრიდან ახალ შენებულ რკინიგზის სადგურამდე გაყვანილი ორჯონიკის ქუჩა. მისი მოხაზულობა ნაწილობრივ ემთხვევა მანამდე არსებულ მელექედურის ქუჩას. 

1934 წელ ქალაქს, ისევე როგორც 1930 წელს შექმნილ ახალ ადმინისტრაციულ ერთეულ რაიონს, რომელიც ქალაქსა და მის ირგვლივ მდებარე სოფლებს აერთიანებს, ფილიპე მახარაძის პატივსაცემად მახარაძე ეწოდა. ამავე დროს იწყება ქუჩების სახელების იდეოლოგიზაცია. ბელადთთა სახელების ურბანონიმებად ქცევით მათი განდიდება და უკვდავყოფა ხდება.

ოზურგეთის, აწ უკვე მახარაძის ცენტრს ბოლშევიკური იდეოლოგიის ცენტრალური ფიგურები ქმნიან: ლენინი, სტალინი, მარქსი, კიროვი, ორჯონიკიძე, ბერია, მახარაძე. მახარაძის რაიონული გაზეთის, „ლენინის დროშის“ ადგილობრივი 1930-იანი წლების ნომრების ფურცლებზე ხშირია მოკლე „ნიუსები“ ქუჩათა ახალი სახელების შესახებ:

„ქალაქის ცენტრალურ ქუჩას ორჯონიკიძის ქუჩიდან ოქტომბრის ქუჩამდე ეწოდა კიროვის ქუჩა“

 „აკაკის ქუჩიდან სასაფლაოსკენ მიმავალ ქუჩას ეწოდა კოლექტივიზაციის ქუჩა. წულუკიძის ქუჩიდან სასაფლაოსკენ მიმავალს კი ეწოდა ტელმანის ქუჩა“

„დამთავრდა ლაშე-გაკირულში მახარაძის ქუჩის გაგრძელება.“[2]

ისტორიაში ალბათ იშვიათ შემთხვევათა რიცხვს განეკუთვნება ცოცხალ პიროვნებათა სახელების მინიჭება ქუჩებისთვის. ბერიას, სტალინის, მახარაძის, ორჯონიკიძის სახელები მათ სიცოცხლეშივე დაერქვა არამხოლოდ ოზურგეთის ქუჩებს, არამედ ქალაქებსაც კი.

საბჭოთა იდეოლოგიის ბურჯებს გვერდს ლოკალური, ადგილობრივი წარმოშობის გმირები უმაგრებდნენ. ბოლშევიკების, რევოლუციონერების, კომუნისტური პარტიის წევრების უკვდავსაყოფად მათი სახელები ქალაქის ქუჩებს ერქმევა. ასე მაგალითად, 1932 წელს გარდაიცვალა სკკპ წევრი ქრისტეფორე ვასაძე.[3] სამი წლის შემდეგ, 1935 წელს, ციხის დაღმართს დაერქვა ქრისტეფორე ვასაძის ქუჩა.1935 წელსვე სოფელ განახლებაში დაბადებული რევოლუციონერის, შემდგომში მახარაძის რაიაღმასკომის თანამშრომლის, სარდიონ ჯიბუტის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ჩნდება დასახელება „ჯიბუტის დაღმართი“. ასეთივე პერსონაა ვასილ აბაშიძე. ვასო გლახუნას ძე აბაშიძის სახლი იყო ბოლშევიკური ორგანიზაციის შეკრების ადგილი ოზურგეთში. ის 1919 წელს მონაწილეობდა გურიაში მენშევიკების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში. ლიხაურის ქუჩას, რომელზეც აბაშიძის სახლი იდგა, მისი სახელი მიეკუთვნა. გურულები უფრო შორსაც წავიდნენ და ქალაქის ერთ-ერთ დიდ ქუჩას (ყოფ. სასაკლაოს ქუჩა) 1923-24 წლბში გურიის ამწიოკებლის, კომისარ საშა ობოლაძის სახელი დაარქვეს. ისიც უნდა ითქვას, რომ ობოლაძის სახელმა ქალაქში დიდხანს ვერ გაძლო და უკვე 1945 წელს ამ ქუჩას სტახანოვის ქუჩა ერქვა.

საერთო ფონიდან ერთგვარ გამონაკლისებს წარმოადგენდა გურიის პროსპექტი და 1905 წლის ქუჩა. გურიის პროსპექტი ქალაქის ფეოდალური ხანის ცენტრალური მოედნისა და გურიელების ეზოს მიმდებარე ტერიტორიას ეწოდა და ის ერთადერთი იყო, რომელიც „პროსპექტად“ იწოდებოდა. 1905 წლის ქუჩა კი დაერქვა ქუთაისის ქუჩას, რომელსაც მანამდე მცირე დროით მახარაძის ქუჩა უწოდეს. ეს სწორედ ის ქუჩა იყო, რომელიც გადაწვა პოლკოვნიკ კრილოვის დამსჯელმა რაზმმა 1905 წელს გურიის აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ. ამავე ქუჩის დასაწყისში მოეწყო 1905 წლის სახელობის მოედანი. 1937 წელს მახარაძეში 86 ქუჩა და შესახვევი იყო.[4]

უკვე 1937 წელსვე ჩნდება პირველი ცვლილებები იდეოლოგიური თვალსაზრისით: მგალობლიშვილის ქუჩას ეწოდა ლენინგრადისა, შალვა ელიავას – მოსკოვი, მამია ორახელაშვილის ქუჩას კი  - ნასაკირალის. კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში არსებული იდეოლოგიური კონიუნქტურით განპირობებული ეს სახელები სიცოცხლისუნარიანი  არ აღმოჩნდა. მაგრამ სხვა ფიგურათა სახელები განაგრძობდნენ არსებობას მახარაძის ურბანულ სივრცეში და ქალაქის გაფართოების კვალდაკვალ მათ ახლებიც ემატებოდათ. ასე ჩნდება მაგალითად მოლოტოვის ქუჩა რკინიგზის საბარგო სადგურიდან სტალინის ქუჩამდე და 1905 წლის ქუჩამდე (დღევანდელი გურამიშვილი).

ამ პერიოდში ჩნდება ერთი საინტერესო ფენომენი, რაც შემდეგ ქალაქის სახელდების ლამის ძირითად მეთოდად იქცა, განსაკუთრებით კი 1980-იან წლებში. ესაა ქუჩის სახელწოდების მოძრაობა. 1937 წელს აკაკის ქუჩას ბაქრაძის ქუჩა ეწოდა, ხოლო აკაკის სახელი იმავე უბანში, მეზობლად მდებარე მნიშვნელოვან სამრეწველო ქუჩას (აქ განლაგებული იყო ფაფურის ქარხანა, ლუდის ქარხანა, რაისამრეწველო კომბინატი) უწოდეს. მოგვიანებით ბაქრაძეს ჩანჩიბაძე ჩაანაცვლებს, მაგრამ არც ბაქრაძე გაქრება, ისიც მხოლოდ სხვაგან გადაინაცვლებს.

გარდა ზემოთ უკვე ნახსენები ქუჩებისა, 1940-იან წლებში ქალაქში არის შემდეგი ქუჩები: კომინტერნის ქუჩა, ჩარკვიანის ქუჩა (ჩარკვიანის სახელი ამ ქუჩას მხოლოდ 1959 წლამდე შერჩება), ენგელსის ქუჩა და სხვები.

ქუჩებისთვის დასახლებათა სახელების დარქმევა არც საბჭოთა პერიოდში შეწყვეტილა. მაგრამ თუ მეფის რუსეთის დროინდელ ქალაქში ქუჩას იმ დასახლების სახელი ერქვა, საითკენაც ის მიემართებოდა, საბჭოთა დროს ეს პრინციპი დაირღვა და ბათუმის ქუჩა ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, ნატანების მიმართულებით აღმოჩნდა. ასევე შეუსაბამო ადგილას გაჩნდა თბილისისა და ქუთაისის ქუჩები, ასევე ჩოხატაურის ქუჩა, რომელიც სამრეწველო და სამშენებლო უბანს ემსახურებოდა. გაქრა სოფლების (კვირიკეთი, ბაილეთი, ლიხაური, მელექედური) სახელები. სოფელთანაგან მხოლოდ ნასაკირალს ხვდა პატივი, ქალაქში მისი სახელის მატარებული ქუჩა ყოფილიყო, ალბათ, ნასაკირალის ცნობილი ბრძოლის გამო, მას ხომ ბოლშევიკები მხოლოდ საკუთარ დამსახურებად მიიწერდნენ და საგულდაგულოდ შლიდნენ მენშევიკების, ანარქისებისა და თუ სხვების კვალს საბჭოთა წყობილების დამყარებამდე გურიაში არსებულ სოციალურ მოძრაობებში.

1945 წელს ქალაქის ქუჩების სრული ჩამონათვალი უბნების მიხედვით ასეთია:

ცენტრის უბანი: მოლოტოვი, ვოროშილოვი, ორჯონიკიძე, ბერია, ჯაფარიძე, ენგელსი, კიროვი, ოქტომბერი, სტალინი, ცხაკაია, 1905, ობოლაძე, კიროვის დაღმართი, ჯიბუტის დაღმართი. ზვანი: ბაქრაძე, ძნელაძე, კალინინი, ბარათაშვილი, შაუმიანი, კამო, კრუპსკაია, ჯორჯიაშვილი, ჩანჩიბაძე, ჭავჭავაძე, აკაკი. მოიდანახე: ბათუმი, ქუთაისი, დიმიტროვი, ლესელიძე, გორკი, კოლექტივიზაცია, ტელმანი, წულუკიძე, ლანჩხუთი, მარქსი, თბილისი. ლაშე: ჩოხტაური, ლენინგრადი, ნასაკირალი, კომკავშირი, შემოქმედი. სერი: მოსკოვი, ლუქსემბურგი, წითელი არმია, ცეტკინი, ნინოშვილი, რუსთაველი, კაგანოვიჩი, პუშკინი, კლდიაშვილი, აბაშიძე, ექდია, სტახანოვი, გურიის პროსპექტი.

სტალინიზმის შემდგომ

1950-იანი წლების შუა ხნებიდან, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მახარაძეს ქუჩათა სახელდების იდეოლოგიზაციის ახალმა ტალღამ ჩამოუარა. პიროვნების კულტის დაგმობა პრაქტიკაში არა კულტს, არამედ კონკრეტულ პიროვნებებს შეეხო, ძველ კერპთა ადგილები კი ახლებმა დაიჭირეს. ასე გაჩნდა მალენკოვის, ძერჟინსკისა და ჟდანოვის სახელები ქუჩებზე. ჟდანოვის ქუჩა ბერიას ქუჩის ახალი სახელი იყო. ბერიას სახელი საგულდაგულოდ წაიშალა როგორც ქუჩის, ასევე ქალაქის ცენტრში არსებული ერთ-ერთი ბაღის სახელწოდებიდანაც. 1920-იან წლებში გაყვანილ  აბრეშუმის ფაბრიკის მიმდებარე ქუჩას მოლოტვის სახელი „ჩამოართვეს“. საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი 1957 წელს ხრუშჩოვმა დაითხოვა. მისი ადგილი გურამიშვილმა „დაიკავა.“  იაკობ გოგებაშვილის სახელი მიენიჭა ბაქრაძის, ყოფილი კომინტერნის ქუჩას.[5]

არც ახალი კერპები გამოდგა გამძლე. სტალინის სიცოცხლის ბოლო წლებში მალენკოვი დაწინაურდა, რომელიც ბელადის სიკვდილის შემდეგ პარტიის ლიდერიც გახდა. მახარაძეშიც არ დააყოვნეს და 1952 წელს რევოლუციონერ აბაშიძის სახელობის ქუჩას მისი სახელი მიანიჭეს. 1957 წელს მალენკოვი პარტიიდან გარიცხეს, ქუჩას კი აბაშიძის სახელი დაუბრუნეს.[6] მოდიდან გადადის კლიმენტ ვოროშილოვი, რომის სახელობის ქუჩას 50-იან წლებში ძერჟინსკის სახელი მიენიჭა. 1951-54 წლებში გაყვანილ ნახევარკილომეტრიან ქუჩას ახალი ბელადის, ხრუშჩოვის სახელი მიენიჭა. ცხადია, ვერც მისმა სახელმა გასძლო დიდხანს.

 „რეპრესიებს“ გადაურჩა თავად სტალინის სახელი. მახარაძეში დარჩა მისი სახელობის ქუჩა, განსხვავებით მისი ძეგლისგან, რომელიც 1970-იან წლებში აიღეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი სიმშვიდისა და ეკონომიკური აღამვლობის პერიოდი ქალაქზეც აისახა. მოსახლეობის ზრდა ქუჩათა ქსელის ზრდას ნიშნავდა. 1954-1958 წლებში გაყვანილ იქნა ლერმონტოვისა და კეცხოველის ქუჩები. 1959 წელს ჩნდება გრიბოედოვის ქუჩა, ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელი ენიჭება ლაშეში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას[7].

ქალაქი ამ დროს არა მხოლოდ ინტენსიურად, არამედ ექსტენსიურადაც ვითარდებოდა და ახალ ტერიტორიებს ითვისებდა. ყოფილი სოფელი ექადია ექადიის ქუჩის სახით უკვე 30-იანი წლებიდან შედიოდა მახარაძის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მაგრამ მისი განაშენიანება საცხოვრებელი სახლებით და ქუჩების გაყვანა 1950-იანი წლების მეორე ნახევარში დასრულდა. ასე შეემატა ქალაქს ექადიის ჩკალოვის სახელობის კოლმეურნეობაში გაყვანილი ოთხი ახალი ქუჩა: კიკვიძის, ჩკალოვის, ხაჭაპურიძისა და ყაზბეგის ქუჩები.

ასე დაერქვა მდინარე ბჟუჟის ხიდიდან ანასეულამდე მიმავალ ქუჩას ნიკოლოზ ბულგანინის, საბჭოთა კავშირის მაშინდელი პრემირ-მინისტრის სახელი.[8] ბულგანინი სამ წელიწადში მოხსნეს, ქუჩას კი იმ დროისთვის ახალგარდაცვლილი საბჭოთა ისტორიკოსის, ჭანიეთში დაბადებული გიორგი ხაჭაპურიძის სახელი მიაკუთვნეს.

ჩკალოვის სახელი ექადიის ჩკალოვისვე სახელობის კოლმეურნეობის გვერდით მდებარე ქუჩას ეწოდა. ანასეულის ინტიტუტებისა და ფაბრიკის ტერიტორიიდან მარცხნივ მიმავალ ქუჩას ეწოდა ვასილ კიკვიძის სახელი. ბასრას უბანში, მდინარე ბჟუჟის ხიდიდან სოფ. მაკვანეთისაკენ მიმავალ ქუჩას ეწოდა ალექსანდრე ყაზბეგის სახელი.

1958 წელს დაიწყო გენიჩესკის ქუჩის გაყვანა. ამ დროს მახარაძის რაიონი დამეგობრებული იყო უკრაინის სსრ ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონთან. მახარაძის რაიონის სოფლები, ნატანები, სილაური და სხვ. ჩართულნი იყვნენ გენიჩესკის რაიონის კოლმეურნეობა „საქართველოსთან“ სოციალისტურ შეჯიბრებაში. 50-იან წლებში ქალაქ მახარაძეში სასტუმროს მარჯვნივ მდებარე სკვერში დაიდგა უკრაინელთა მიერ ნაჩუქარი მეგობრობის ძეგლი: ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პურის ძნა, ასევე ქართველ და უკრაინელ ხალხთა მეგობრობის ძეგლი, რომელიც ახლაც დგას კულტურისა და დასვენების პარკში.

რუსი (ან უკრაინელი) და ქართველი ხალხების მეგობრობა ინტერნაციონალიზმის დასადასტურებლად გამოიყენებოდა. ამის ლოგიკური შედეგი იყო გენიჩესკის ქუჩა: „მახარაძისა და უკრაინის სსრ გენიჩესკის რაიონების მშრომელთა მეგობრობის ნიშნად მახარაძის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით ერთ-ერთ ქუჩას, რომელიც მდებარეობს ლენინისა და გოგებაშვილის ქუჩებს შორის ქ. მახარაძეში, მიეკუთვნა სახელწოდება გენიჩესკი.“[9]

1959 წელს ქალაქში ჩნდება ტარას შევჩენკოს ქუჩა. შევჩენკოს, პუშკინისა და რუსთაველის ქუჩები ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობდნენ. სამი ხალხის სამი უდიდესი პოეტის ქუჩების ერთად თავმოყრა შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო, არამედ რუსი, უკრაინელი და ქართველი ხალხების ინტერნაციონალური ძმობის სიმბოლოდ უნდა ყოფილიყო აღქმული.

ეს არ იყო სხვადასხვა ქუჩების სახელების ურთიერთკავშირის ერთადერთი მაგალითი. ასეთი იყო ლენინისა და კრუპსკაიას ქუჩებიც, რომლებიც ერთმანეთს კვეთდნენ.

სწორედ ამ დროს, 50-იანი წლების მიწურულიდან იწყება ქუჩებისთვის ცნობილ ოზურგეთელთა სახელების მინიჭება. ქუჩას, სადაც ოზურგეთის მაზრის ექიმი და ქალაქის თავი დიმიტრი ერისთავი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, მისი სახელი მიენიჭა.[10] ერისთავისვე სახლის ტერიტორიაზე განთავსდა რაიონული საავადმყოფო. გაჩნდა ინიციატივა, რომ ერთ-ერთ ქუჩას პოეტ მამია გურიელის[11] სახელი მინიჭებოდა,[12] რაც მოგვიანებით განხორციელდა კიდეც. ეს პირველი შემთხვევები იყო, როცა ქუჩებს იმ პიროვნებათა სახელები მიენიჭა, რომლებიც გურიის წარსულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, მაგრამ სოციალისტურ მოძრაობებთან ან მუშათა და გლეხთა კლასთან არ ასოცირდებოდნენ.

1960-იანი წლებისთვის წელს ქალაქს ემატება გაგარინის და მაიაკოვსკისა ქუჩები. იმავე წელს დაიწყო ახალი, 200 მეტრიანი ქუჩის გაყვანა, რომელსაც ორჯონიკიძე და ძერჟინსკი უნდა შეეერთებინა (დღევანდელი იოსებ კეჭაყმაძის ქუჩა). 70-იან წლებში რამდენიმე ზოგადი დასახელების ქუჩა გაჩნდა. უნივერსიტეტის ქუჩა სამეცნიერო დასახლება ანასეულში, ჯანმრთელობის ქუჩა ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარედ და სხვ.

1979 წლის მდგომარეობით ქალაქის ქუჩათა სრული სია უბნების მიხედვით ასეთია: ცენტრი: 25 ოქტომბერი, ჭავჭავაძე, კიროვი, ერისთავი, მარქსი, ენგელსი, თბილისი, ორჯონიკიძე, ჯაფარიძე, ჟდანოვი, გურია, ვაჟა-ფშაველა, ძერჟინსკი, სტალინი, გურამიშვილი, ცხაკაია, გაგარინი; მოიდანახე: მეგობრობა, ლერმონტოვი, კეცხოველი, აკაკი, გუგუნავა, გენიჩესკი, ლალიონი, ბათუმი, დიმიტროვი, ქუთაისი, ლესელიძე, მაიაკოვსკი, გურიელი, ფილიმონ ქორიძე, სიმონ ჯანაშია, გორკი, ლანჩხუთი, ტელმანი, წულუკიძე, ნინო ნაკაშიძე, ჭოლა ლომთათიძე; სერი: წითელი არმია, ცეტკინი, მოსკოვი, შევჩენკო, პუშკინი, რუსთაველი, წიტაიშვილი, ანტონ ნაკაშიძე, კლდიაშვილი, ღლონტი, წუწუნავა, გოლიაძე, ნინოშვილი, ლუქსემბურგი, აბაშიძე, გრიბოედოვი, გრიშაშვილი; ლაშე: კომკავშირი, გოთუა, ლენინგრადი, ჩოხატაური, 1905, კალანდარიშვილი, ბესიკი, ნემიროვიჩ-დანჩენკო; ზვანი: შაუმიანი, კამო, ძნელაძე, ჯორჯიაშვილი, კალინინი, ლენინი, კრუპსკაია, ბარათაშვილი, გოგებაშვილი, სტახანოვი, ჯანმრთელობა; ექადია: კიკვიძე, ჩხკალოვი, ხაჭაპურიძე, ყაზბეგი, უნივერსიტეტი.

1980-იან წლების ბოლოსთვის ქალაქში უკვე 90-მდე დასახელების ქუჩა იყო.

ეროვნულ მოტივებზე

1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან, ჯერ საჯაროობის, ხოლო შემდეგ გარდაქმნის ეპოქაში საზოგადოება აქტიურად იწყებს მსჯელობას ქალაქისთვის ისტორიული სახელის - ოზურგეთის დაბრუნების შესახებ.[13] ზოგი ავტორი ითხოვდა ქალაქს ისტორიულად დაუდასტურებული ტოპონიმი „ორზურგეთი“ დარქმეოდა. იწყება მსჯელობა სოფლების, კოლმეურნეობების, სკოლების და დაწესებულებების დასახელებებში განსახორციელებელ ცვლილებებზე. ძველი სახელწოდების დაბრუნება ახალ  მოდად იქცა. სოფელ მახარაძეს „აღუდგინეს ისტორიული სახელი“ ოზურგეთი, მაშინ, როცა ამ სოფლის ძველი სახელწოდება ეწერი იყო.[14]

დღის წესრიგში დადგა ქალაქის ქუჩათა დასახელებების შეცვლაც. 1988-89 წლებში ადგილობრივ პრესაში იწერება წერილები და მათზე გამოხმაურებები, გამოითქმება წინადადებები და მათი კრიტიკა მაგრამ საერთო იყო განწყობა, რომ საბჭოთა იდეოლოგიური ლიდერების სახელები უნდა შეეცვალათ. ქალაქის ქუჩებიდან (ალბათ, ხალხის მეხსიერებიდანაც) უნდა წაშლილიყო საბჭოთა მოღვაწეების (ჟდანოვის, ორჯონიკიძის და სხვათა) სახელები. სტატიებში მტკიცდებოდა მათი ცუდკაცობა, თუ სამშობლოს მიმართ ჩადენილი ღალატი. ხოლო რა პრინციპებს უნდა შერჩეული  ქუჩათა ახალი სახლები, აქ რამდენიმე მიმართულების გამოკვეთა შეიძლება[15]

* ქუჩებს ღირსეულთა სახელები. ქალაქის ქუჩათა სახელებმა ისტორიულ პირთა მიმართ დამოკიდებულება უნდა გამოხატონ. ქალაქში უნდა გაჩნდეს ქართველთათვის საამაყო პიროვნებების სახელობის ქუჩები. მათ კავშირს ოზურგეთთან ან გურიის წარსულთან მნიშვნელობა არ ჰქონდა. ასეთებად სახელდებოდნენ დავით აღმაშენებლი, თამარ მეფე, ნიკო ფიროსმანი, ზაქარია ფალიაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, აკაკი შანიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი სააკაძე, სულხან-საბა ორბელიანი.[16]

* მოძრაობა პერიფერიიდან ცენტრისკენ. ეროვნული მოძრაობის პერიოდის საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებს აწუხებდათ, რომ მახარაძეში სასიქადულო ქართველთა სახელობის ქუჩები (შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, აგრეთვე ნინო ნაკაშიძე, ფილიმონ ქორიძე, პორფილე ჩანჩიბაძე, მიხეილ ღლონტი) ქალაქის ცენტრში არ მდებარეობდნენ, არამედ „მოკლე და უხეირო“ ქუჩები ატარებდნენ მათ სახელს. შესაბამისად, საჭირო იყო მათი სახელობის ქუჩები ცენტრში ყოფილიყო, ხოლო პერიფერიული ქუჩებისთვის „პერიფერიული“ პერსონების სახელები მიენიჭებინათ. ერთ-ერთი წერილის ავტორი ითხოვდა, რომ ქალაქში შემოსასვლელი აბაშიძის ქუჩისთვის „უპირველესი ზნეობრივი გმირის“ ექვთიმე თაყაიშვილის სახელი მიენიჭებინათ, ხოლო რევოლუციონერ აბაშიძის მიმართ პატივისცემის გამოსახატად სხვა ქუჩისთვის ეწოდებინათ აბაშიძის ქუჩა.

* ქალაქ ოზურგეთის, ან გურიის მკვიდრი ეროვნული მოღვაწეების დაფასება. ამ მოსაზრების თანახმად ქალაქის ქუჩებს ოზურგეთის მკვიდრთა, ან ოზურგეთთან რაიმე ღირსშესანიშნავი საქმითა და მოვლენით დაკავშირებული ადამიანების სახელი უნდა მინიჭებოდა.  ასეთებად განიხილებოდნენ: ალექსანდრე წუწუნავა, გაბრიელ და გერონტი ქიქოძეები, ვიქტორ დოლიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, გერმანე გოგიტიძე, მოსე გოგიბერიძე, ნოდარ დუმბაძე, დიმიტრი შევარდნაძე, სესილია თაყაიშვილი, იოსებ იმედაშვილი, იაკობ შემოქმედელი, კიტა მეგრელიძე, საფო მგელაძე, სიმონ ესაძე და სხვანი. აგრეთვე სხელდებოდა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ვანო სერელისა თუ ისიდორე გვარჯალაძის სახელები.

* დისკუსია ზოგადი დასახელებების კონკრეტულით ჩანაცვლების შესახებ. დაწუნებულ იქნა ქალაქში ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის, მეგობრობის ქუჩების არსებობა. მათ ნაცვლად ქუჩებს კონკრეტული სახელები უნდა დარქმეოდა. არსებობდა საწინააღმდეგო აზრიც, რომელიც იწონებდა ამ სახელწოდებებს და აყენებდა წინადადებებს, ქალაქში ყოფილიყო 26 მაისის, აკადემიის, კონსერვატორიის, ერთგულების, მშვიდობის ქუჩები.[17] აგრეთვე არსებობდა იდეა, რომ მიზანშეუწონელი იყო ქალაქების დასახელებების (ლენინგრადი, თბილისი, ჩოხატაური და სხვ) ქუჩების სახელებად შენარჩუნება. იყო ორიგინალური იდეებიც, მაგ. დედა ენის სახელის მინიჭება ჟდანოვის ქუჩისთვის, რადგან ამ ქუჩაზე საშუალო სკოლა, საბავშვო ბაღი, სამუსიკო სკოლა, განათლების განყოფილება და ბიბლიოთეკა მდებარეობდა. ასევე იყო დასახელებული ცენტრალური ქუჩისთვის საქართველოს გამზირისა და რუსთაველის ქუჩის ახლოს „ვეფხისტყაოსნის“ ქუჩის დარქმევის იდეები.[18]

ქუჩათა სახელდების ახალ პრინციპებთან ერთად რამდენიმე სხვა საინტერესო მოზარებაც იყო გამოთქმული. ასეთი იყო აზრი, რომ დამზადებულიყო ქალაქის უბნების მანიშნებელი აბრები წარწერებით: ბასრა, ექადია, ლაშე, გაკირული, ზვანი, მოიდანახე, სერი.[19] ეს ქალაქის ტრადიციული ტოპონიმების აღდგენის პირველი მცდელობა იყო.

            საბჭოთა მოღვაწეთა სახელებზე მიტანილ იერიშში იგრძნობოდა ერთსულოვნება, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა. იცავდნენ კიროვის, წულუკიძის, ცხაკაიას სახელებს, უპირველეს ყოვლისა კი „ხალხთა დიდი ბელადის“, სტალინის სახელს. სტალინს ოზურგეთელთა რიგებში ბევრი დამცველი გამოუჩნდა. ისინი სტალინის ქუჩისთვის სახელის შეცვლას აპროტესტებდნენ.[20] მათ შორის მრავლად იყვნენ თავად ამ ქუჩის მცხოვრებნიც.[21] აგრეთვე იყო მცდელობები, შეენარჩუნებინათ აბაშიძის ქუჩის გაგრძელებისთვის გიორგი ხაჭაპურიძის სახელი.[22] 

            1989 წლის 3 ივნისს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომმა ქუჩებს სახელები შეუცვალა. ქუჩათა სახელდების ახალ ძირითად პრინციპად ეროვნულ მოღვაწეთა სახელების უკვდავყოფა იქცა: 1905 წლის ქუჩას დავით აღმაშენებლის ეწოდა, ძერჟინსკის - გოგებაშვილი;  სტალინს - რუსთაველი, ორჯონიკიძეს - ილია ჭავჭავაძე, კიროვს - იოანე პეტრიწი, ცხაკაიას - ფარნავაზ მეფის, ლენინს - მერაბ კოსტავას, ტელმანს - ინგოროყვა, კალინინს - ორბელიანი, ლენინგრადის ქუჩას - ივანე ჯავახიშვილის, სტახანოვს - ნიკო ნიკოლაძის, კიკვიძეს - იოსებ იმედაშვილის, გენიჩესკის - თამარ მეფის, და ა.შ.

მეორე არჩევანი ქუჩებისთვის ოზურგეთთან დაკავშირებულ ცნობილ ადამიანთა სახელების მინიჭებაზე შეჩერდა: ყაზბეგი - დიმიტრი ერისთავი; აკაკი - ვიქტორ დოლიძე, აბაშიძე (ხაჭაპურიძის ქუჩასთან ერთად) - ექვთიმე თაყაიშვილი, ჟდანოვი - გაბრიელ ეპისკოპოსი, რუსთაველი - სანდრო ჟორჟოლიანი, დიმიტროვი - ნოდარ დუმბაძე, შაუმიანი - გერმანე გოგიტიძე, კრუპსკაიას - კიტა მეგრელიძე, ნემიროვიჩ-დანჩენკოს - არკადი ხინთიბიძე, ძნელაძეს - ძმები ერქომაიშვილები, კეცხოველს - საფო მგელაძე, ენგელსს - აპოლონ წულაძე, ცეტკინს- სიმონ ესაძე, ჯანმრთელობის ქუჩას, რომელზეც ცენტრალური საავადმყოფო მდებარეობდა, საქართველოში პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებლის, გურიაში დაბადებული ვლადიმერ ჟღენტის სახელი მიანიჭეს.

ძველი, ტრადიციული ტოპონიმებისა და სახელდების წესის აღდგენა ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდის პრიორიტეტებში ვერ მოხვდა. ქალაქის ქუჩები გამოჩენილ ქართველთა სახელების ფეტიშად იქცა. დაიკარგა ქალაქის უბნების დასახელებები, გურიის ტრადიციული სოფლების სახელები და სხვ.

ოზურგეთის ქუჩათა სახელდებისთვის დამახასიათებელ მოვლენად იმ პერიოდიდან იქცა ქუჩათა სახელების მოძრაობა. მოძრაობის არსი გამოჩენილ ქართველთა სახელების პერიფერიული ქუჩებიდან ცენტრში გადატანა იყო. ამის მაგალითებია რუსთაველის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს რამდენიმე ქუჩას ერქვა აკაკი წერეთლის სახელი, ორ სხვადასხვა ქუჩას კარლ მარქსის, დიმიტრი ერისთავის, იაკობ გოგებაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგისა და სხვათა სახელები.

საინტერესოა, რომ 1989 წლის ჯერ კიდევ არსებითად კომუნისტური ადგილობრივი ხელისუფლება შეეცადა „გადაერჩინა“ რამდნეიმე ისეთი დასახელება, რომლებიც პირდაპირ და მხოლოდ ბოლშევიკური შინაარსისანი არ იყვნენ. მათ ამ დასახლებებს „ადგილები შეუცვალეს“: 1905 წლის ქუჩის (რომელსაც აღმაშენებელი ეწოდა) სახელი კამოს ქუჩას ეწოდა, ხოლო კარლ მარქსისა (მარქსის ქუჩას აკაკის ქუჩა უწოდეს) - ერისთავის ქუჩას. ამ ტოპონიმებს გადაადგილებამ არ უშველა, მალე ერისთავის ქუჩამ ძველი სახელი დაიბრუნა ხოლო კამოს (შემდეგ კი 1905 წლის) ქუჩას დიმიტრი შევარდნაძის სახელი მიენიჭა.

ამავე დროს დამკვიდრდა ახალი, ქუჩებისთვის ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენის თარიღების სახელის მინიჭების, ტრადიცია: ქალაქის ორ ცენტრალურ ქუჩას 26 მაისისა (ყოფ. ჯაფარიძე) და 9 აპრილის (ყოფ. ოქტომბერი) ქუჩები ეწოდათ.

1989 წლის ცვლილებები კონცეპტუალურად გაუაზრებელი და ნაჩქარევი იყო. ეს შემდგომმა ცვლილებებმა დაადასტურა. მალევე ძველი სახელები დაუბრუნეს ერისთავის, გოგებაშვილის, ყაზბეგის ქუჩებს. გარდა ამისა, ერთმანეთთან შეუსაბამოდ აღმოჩნდნენ ნოდარ დუმბაძის ქუჩა და მისივე სახელობის სკოლა, ლესელიძის სახელობის სკოლა და მისივე სახელობის ქუჩა, 9 აპრილის ბაღი და 9 აპრილის ქუჩა, იური სიორიძის ქუჩა და მისივე ბიუსტი, ფილიმონ ქორიძის ქუჩა და მისივე ბიუსტი და ა.შ.

თანამედროვეობა

            დამოუკიდებლობის პერიოდს ოზურგეთის ქუჩათა სახელდებისთვის ახალი არაფერი შეუძენია. ინერციით გაგრძელდა 1980-იანი ბოლოდან ფესვმოკდებული პრინციპი ეროვნულ მოღვაწეთა სახელების უკვდავყოფისა. ამას დაემატა ახალგარდაცვლილი ოზურგეთელის სახელის მინიჭება ამა თუ იმ ქუჩისთვის. ასეთი პირველი მაგალითი ჯერ კიდევ 80-იანების ბოლოს განხორციელდა, როცა კომკავშირის ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ლიხაურელის, ნინო თოიძის სახელი მიენიჭა.  შემდგომ წლებში ამ მიდგომამ ფართო გასაქანი იპოვა და მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანის გარდაცვალებას ლამის უცილობლად მოჰყვებოდა მისივე სახლის მინიჭება ქუჩისთვის. ერთ-ერთი პირველი ნინო თოიძის ქუჩასთან ერთად იყო იური სიორიძის ქუჩა. 2013 წელს, გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში მიანიჭეს 26 მაისის ქუჩის დაბოლოებას იოსებ კეჭაყმაძის სახელი.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრის, ზაზა დამენიას სახელი მიენიჭა გერმანე გოგიტიძის (ყოფ. შაუმიანი) ქუჩას, ასევე ომში დაღუპული ზაურ თენიეშვილის სახელი გაგარინის ქუჩას; ახალგაზრდა ასაკში დაღუპული მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის სახელი სამთო ქიმიის ქუჩას.[23] ბედის ირონიით 90-იანი წლების ბოლოს აკაკი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ ბაქრაძის სახელი მანამდე ამავე მიდგომით სახელდებულ თოიძის ქუჩას დაარქვეს.

            ახალი დროის გმირების გაფეტიშება იქამდე მივიდა, რომ ქალაქში გაჩნდა სრულიად უცნობი ადამიანების სახელობის არაფრისმთქმელი ქუჩები: სეფერთელაძე, ტუღუში, ქადეიშვილი, ლომინაძე, გ. გიორგაძე, ბ. გორგაძე, მ. ქავთარაძე, კ. ინწკირველი, ს. ქობულაძე, ს. ჩხაიძე. ახალი ტოპონიმებიდან ბევრი მკვდრადშობილი აღმოჩნდა. დამოუკიდებლობის პერიოდში ჯორჯიაშვილის პირველი შესახვევისთვის მინიჭებული ვინმე სალუქვაძის სახელი მალე ჩაანაცვლეს ქრისტეფორე კასტელით.

წარსულის გადმონაშთებთან ბრძოლას შეეწირა ნესტორ კალანდარიშვილის ქუჩის სახელი. ამ ქუჩას, რომელიც ანარქისტი და რევოლუციონერი კალანდარიშვილის მშობლიური სოფლისკენ, კვირიკეთისკენ მიემართება, თავისუფლების ქუჩა უწოდეს, ქუჩის დასაწყისში მდგარი კალანდარიშვილის ძეგლი კი ჩამოაგდეს.

რამდნიმე ქუჩას, რომლისთვისაც წინა თაობებს სახელის შეცვლა „დაავიწყდათ“ ან „გამორჩათ“ XXI საუკუნეში შეუცვალეს სახელი. წითელი არმიის ქუჩას მხოლოდ 2012 მიენიჭა ლადო მალაზონიას, ოზურგეთელი მხატვრის, გურიისა და ოზურგეთის მრავალი ხედის ავტორის სახელი. მიუხედავად ამისა, ქალაქს მაინც შემორჩა რამდენიმე ძველი სახელწოდება: არსენ ჯორჯიაშვილის, მაიაკოვსკის, მოსკოვის ქუჩები.

2012 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, წესი.[24] ამ წესის მიხედვით განისაზღვრა, რომ სახელდების სამი პრინციპი შემდეგი რიგითობით:

ქალაქის ობიექტს შეიძლება მიენიჭოს

ა) სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირის სახელი, ამ პირის გარდაცვალების შემდგომ;

ბ) ქუჩის გეოგრაფიული მდებარეობის ან ისტორიული მოვლენის აღმნიშვნელი სახელი;

გ) ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის და სხვა დარგების განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის სახელი, ამ პირის გარდაცვალების შემდგომ.

            2014 წლისთვის ქალაქის ქუჩების სრული ჩამონათვალი ასეთია: ცენტრი: 9 აპრილი, 26 მაისი, სახოკია, პეტრიწი, გაბრიელ ეპისკოპოსი, დიმიტრი ერისთავი, ჭავჭავაძე, სიკო დოლიძე, ვიქტორ დოლიძე, აპოლონ წულაძე, ბ. გორგაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ვაჟა-ფშაველა, ფარნავაზ მეფე, მ. ქავთარაძე, გურამიშვილი, რუსთაველი, ზაური თენიეშვილი; ზვანი: კოსტავა, ზაზა დამენია, გ. დოლიძე, ნ. სეფერთელაძე, ბათუმი, ნოდარ დუმბაძე, კიტა მეგრელიძე, ი. ქადეიშვილი, ე. ტუღუში, დიმიტრი შევარდნაძე, გოგებაშვილი, ორბელიანი, კასტელი, ბარათაშვილი, ნიკო მარი, ნიკო ნიკოლაძე, ჟღენტი, ჯორჯიაშვილი, ლომინაძე, იონა მეუნარგია, იური სიორიძე, ექადია-ანასეული: იმედაშვილი, წმინდა გიორგი, თავართქილაძე, ყაზბეგი, უნივერსიტეტი;  სუბტროპიკები, მეცნიერება, ბზიავა; მოიდანახე: საფო მგელაძე, სიმონ გუგუნავა, გერონტი ქიქოძე, მაიაკოვსკი, ანდღულაძე, ძმები ერქომაიშვილები, აკაკი, თამარ მეფე, ქუთაისი, ლერმონტოვი, ლალიონი, ბათუმი, ლესელიძე, ინგოროყვა, გორკი, ლანჩხუთი, შემოქმედელი, ლომთათიძე, ქორიძე, ჯანაშია; სერი: თაყაიშვილი, სიმონ ესაძე, გრიშაშვილი, მოსკოვი, ნინოშვილი, ჟორჟოლიანი, შევჩენკო, წიტაიშვილი, პუშკინი, კლდიაშვილი, ღლონტი, წუწუნავა, ანტონ ნაკაშიძე, გოლიაძე, ს. ქობულაძე, სანაპირო, გრიბოედოვი, გ. სალუქვაძე; ლაშე-გაკირული: აკაკი ბაქრაძე, ჩოხატაური, ხვედელიძე, ბესიკი, გიორგაძე, ხინთიბიძე, ივანე ჯავახიშვილი, აღმაშენებელი, ვარლამ სიმონიშვილი, მოსე გოგიბერიძე, თავისუფლება, დიმიტრი ბაქრაძე, შავიშვილი, დიუნანი.

ახალი მოდის მოლოდინში

ოზურგეთის ქუჩების სახელებს ნაჩქარეობის, დროისადმი ბრმა დამოკიდებულების და კონკრეტულ პირთა გაკერპების ნიშანი აზის. დავიწყებულია ქუჩათა სახელდების ძველი მდებარეობის ან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის მიხედვით სახელდების პრინციპი და დაკარგულია ამ პრინციპის მიხედვით არსებული ძველი ტოპონიმები: ლაშეს, მოიდანახეს ქუჩები, 1905 წლის და ბაღის ქუჩები და სხვ.

ქალაქის ქუჩების არსებულ სახელწოდებები და მოსახლებოის მეხსიერებაში საკმარისზე მყარად შემორჩენილი ძველი სახელები ნათლად გვიხატავს ჩვენში ასე ღრმად გამჯდარ ძველის წაშლის და მასზე ახლის გადაწერის დაუცხრომელ ჟინს.


ოზურგეთის ძირითადი ქუჩების სახელწოდებები დღეს

საბჭოთა პერიოდის სახელწოდება

მეფის რუსეთის დროინდელი სახელწოდება

9 აპრილის

25 ოქტომბრის

სასამართლოს

26 მაისის

ჯაფარიძის

 

თედო სახოკიას

ჭავჭავაძის

 

იოანე პეტრიწის

კიროვის ქუჩა

სობოროს, ფოსტის

გაბრიელ ეპისკოპოსის

ჟდანოვის (1950-ნებიდან)

ბერიას (1930-იანებიდან

1950-იანებამდე)

პოლიციის

ჭავჭავაძის

ორჯონიკიძის

მელექედურის

ვიქტორ დოლიძის

მარქსის

სამხედრო აღმართი

აპოლონ წულაძის

ენგელსის

ბაზრის

კონსტანტინე გამსახურდიას

ძერჟინსკის (1950-იანებიდან)

ვოროშილოვის (1930-იანებიდან 1950-ნებამდე)

ბაღის ქუჩის შესახვევი

ფარნავაზ მეფის

ცხაკაიას

ბაღის ქუჩა

გურამიშვილის

გურამიშვილის (1950-იანებიდან)

მოლოტოვის (1930-იანებიდან

1950-ნებამდე)

 

რუსთაველის

სტალინის

ლაშეს

კოსტავას

ლენინის

ნატანების

ნოდარ დუმბაძის

დიმიტროვის

ბაილეთის

კიტა მეგრელიძის

კრუპსკაიას

 

გოგებაშვილის

დ. ბაქრაძის (1940-იანებიდან

1950-ნებამდე)

კომინტერნის (1930-იანებში)

 

ორბელიანის

კალინინის

 

ნიკო ნიკოლაძის

სტახანოვის (1940-იანებიდან)

მოლოტოვის (1930-იანებიდან 1950-იანებამდე)

სასაფლაოს

(ან სასაკლაოს)

წმინდა გიორგის

ჩკალოვის (1950-იანებიდან)

ექადიის (1950-იანებამდე)

ექადიის

საფო მგელაძის

კეცხოველის

 

თამარ მეფის

გენიჩესკის

 

ინგოროყვას

ტელმანის

 

იაკობ შემოქმედელის

წულუკიძის

მოიდანახეს

ექვთიმე თაყაიშვილის

აბაშიძის

ლიხაურის

სიმონ ესაძის

კლარა ცეტკინის

 

ნინოშვილის

ნინოშვილის

კვირიკეთის

ჟორჟოლიანის

რუსთაველის

კვირკეთის ქუჩის შესახვევი

აკაკი ბაქრაძის

 

თოიძის (1989 წლიდან)

კომკავშირის (1989 წლამდე)

 

არკადი ხინთიბიძის

ნემიროვიჩ-დანჩენკოს

 

ივანე ჯავახიშვილის

ლენინგრადის (1937 წლიდან)

მგალობლიშვილის (1937 წლამდე)

 

აღმაშენებლის

1905 წლის (1937 წლიდან)

მახარაძის (1930-იან წლებში)

ქუთაისის

თავისუფლების

კალანდარიშვილის

 

დიმიტრი ბაქრაძის

როზა ლუქსემბურგის

 

დიმიტრი ერისთავის

დიმიტრი ერისთავის

(1950-იანებიდან)

პროგიმნაზიის

მოსკოვის

მოსკოვის (1937 წლიდან)

შალვა ელიავას (1937 წლამდე)

 

ზაზა დამენიას

1905 წლის (1989 წლიდან)

კამოს (1989 წლამდე)

 

დიმიტრი შევარდნაძის

გერმანე გოგიტიძის (1989 წლიდან)

შაუმიანის (1989 წლამდე)

 

ჩანჩიბაძის

ჩანჩიბაძის (1940-იანებიდან)

ბაქრაძის (1937 წლიდან)

აკაკის (1937 წლამდე)

 

ზვანის

 



[1] თედო სახოკია, მოგზაურობანი: გურია აჭარა სამურზაყანო აფხაზეთი, - ბათუმი, "საბჭოთა აჭარა", 1985.

[2] ლენინის დროშა 1935, N25, გვ 4

[3] ქრისტეფორე ვასაძის ხსოვნას // კომუნისტი, 1932, N15. გვ.3

[4] დიდი ოქტომბრის 20 წელი, კირილე უჯმაჯურიძე, „ლენინის დროშა“ 1937, N94 გვ 5

[5] „ქუჩების ახალი სახელწოდებები“, „ლნინის დროშა“ N45 9 აპრილი, 1952 წ. გვ 3

[6] „ქუჩების ახალი სახელწოდება“ „ლენინის დროშა“ N45 გვ 3. 9 აპრილი 1952

[7] ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო (1858-1943) რუსი რეჟისორი და დრამატური შემოქმედში დაიბადა და 1983-90 წლებში მისი მუზეუმიც მოქმედებდა იქვე

[8] „ლენინის დროშა“ 23 მარტი, 1955, N35, გვ. 4

[9] გენიჩესკის ქუჩა ქ. მახარაძეში, „ლენინის დროშა“, 1958, N 13 გვ 1

[10] ტ. ღლონტი, ვ. სერელი, „დიმიტრი ერისთავი“, გაზეთი „ლენინის დროშა“, N21,  გვ 2, 1958 წ.

[11] პოეტი მამია გურიელი (1836-1891) არ უნდა აგვერიოს სტატიის დასაწყისში ნახსენებ გურიის უკანასკნელ მთავარ მამია V გურიელში (1789-1826)

[12] „ლენინის დროშა“,1958 წ., N13 გვ 4

[13]ენვერ გოგუაძე, „მიმდუმარებული სახელი ქალაქისა - ძველი ოზურგეთი“, „ლენინის დროშა“ 26 ოქტომბერი, 1988

[14] ბენიაბე წინწიბერაძე, „კოლმეურნეობა - გზა კომუნიზმისკენ“,//„ლენინის დროშა“ N45 გვ2. — 1952 წ.

[15]დავით ტაკიძე, „რომელ ქუჩაზე ცხოვრობ?“ „ლენინის დროშა“, 29 ნოემბერი1988 წ,  გვ 2

[16] დომენტი მჟავია, „საჯაროობის პირობებში“ 15 დეკემბერი, 1988 გვ. 2

[17] ნიკოლოზ ღლონტი, „შეცდომა უნდა გამოსწორდეს“ „ლენინის დროშა“ 20 დეკემბერი, 1988, გვ 4

[18] თამაზ ხარაიშვილი,„რას რა დავარქვათ“ „ლენინის დროშა“ 6 დეკემბერი, 1988 გვ. 4

[19] „ქუჩებს - ახალი სახელწოდებები, ღირსეულთა სახელები!“; „ლენინის დროშა“, 29 ნოემბერი, 1988 გვ. 2

[20] რევაზ ცქვიტინიძე, „არც ჩვენ ვეთანხმებით“„ლენინის დროშა“, 20 დეკემბერი, 1988 გვ. 4

[21] „არ ვეთანხმებით“„ლენინის დროშა“, 15 დეკემბერი, 1988 გვ. 2

[22] „ზოგი ქუჩის შესახებ“ „ლენინის დროშა“, 15 დეკემბერი. 1988 გვ. 2

[23] ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N9; 2014 წლის 14 მარტი  

[24] ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N18; 2012 წლის 16 მაისი  


Comments

  1. გადასარევადაა დასაბუთებული და ვეთანხმები

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

გურია - ერმაკოვის ფოტოები / Photographs of Guria by Dmitri Yermakov

დიმიტრი ერმაკოვი, რუსი ფოტოგრაფი, რომელსაც თბილისისა და კავკასიის უამრავი საინტერესო ფოტო ეკუთვნის, 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს სტუმრობდა გურიას. მაშინ სწორედ გურიაში გადიოდა ფრონტის ერთ-ერთი ხაზი. ჯუმათის მონასტერი / 6402 Джуматы. Монастырь близъ гор Озургеты. въ Гурщ сер обр изоб Архангела Гаврила съ саблей მიქაელ მთავარანგელოზის ხატი ჯუმათიდან გურულები ეროვნულ სამოსში მოძრავი ტელეგრაფის სადგური ოზურგეთში / 2134 Озургеты. Походная телегр карета въ Озургетахъ ოზურგეთის ხედი 128 Озургеты. Общий видъ городка  გურული ჩავლადრები ომში ქართველთა რაზმი ხუცუბანთან რუსული არტილერია გვარასთან / 2043 Нижние-Гвари. Осадныя орудия (осаждали 29-го аяръля г Кобулетъ) Кобулетский отрядъ въ лагери у позиции Хуцъ-УбАни. Командиръ кап Кармаковъ, близъ г Озургетъ რუსული სამხედრო ბანაკი ციხისძირთან ციხისძირი ქობულეთლები ციხისძირში 41-ე საარტილერიო ბრიგადა ციხისძირში ქართველი ოფიცრები ციხისძირში გურულები ციხი...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

როგორ დაკარგა გურიამ ქობულეთი

გურია, ტრადიციულად, სამ ნაწილად იყოფოდა: ზემო, შუა და ქვემო გურიად. ქვემო გურია - ტერიტორია მდინარეებს, ჩოლოქსა და ჭოროხს შორის, დაახლოებით ემთხვევა დღევანდელი ქობულეთის რაიონს. ქვემო გურია გურიის სამთავროს ოსმალეთის იმპერიამ 1770-იან წლებში წაართვა და საზღვარმა მაშინ მდინარე ცხრაფონაზე გაიარა. ოსმალეთმა ეს ტერიტორია შეინარჩუნა ერთი საუკუნის განმავლობაში, 1878 წლამდე, მანამ, სანამ ის რუსეთის იმპერიამ ომის შედეგად არ დაიკავა. 1804 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო გურიის სამთავროთურთ მფარველობაში მიიღო. რუსეთს მაშინვე გაუჩნდა პრეტენზიები ბათუმზე. საქართველოს მთავარმართებელი პავლე ციციანოვი სწერდა რუსეთის ელჩს სტამბულში, ანდრეი იტალინკსკის, რომ ეზრუნა ბათუმის რუსეთისთვის შეერთებაზე, რადგან ბათუმი გურიის სამთავროს ეკუთვნოდა, გურიის სამთავრო კი ახლა რუსეთს ეკუთვნისო. გურიის სამთავროს საზღვრების შესასწავლად გურიაში ჩავიდა პიოტრ ლიტვინოვი, რომელსაც ქაიხოსრო და მამია გურიელებმა მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი გურიის სამთავროში შედიოდა. ლევან გურიელმა ...